ივანე თიკანაძე – მეცნიერული მეანობის ფუძემდებელი საქართველოში
გააზიარე:
1915 წელს თბილისში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომლის მიზანი საქართველოში მოღვაწე ექიმთა გაერთიანება და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მედიკოსებთან კავშირის დამყარება იყო. 1919 წლის 9 აპრილს პროფესორთა საბჭოზე განიხილეს სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის გაყოფის საკითხი და ამ საზოგადოების წევრების ძალისხმევით სამკურნალო ფაკულტეტი დამოუკიდებელ ფაკულტეტად ჩამოყალიბდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს სამედიცინო განათლებას.
მათ შორის, ვინც სამედიცინო ფაკულტეტის დაფუძნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, იყო ივანე თიკანაძეც. მისი ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგეს და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს გია ლობჟანიძეს.
ივანე ელიშუქის ძე თიკანაძე 1868 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში შეძლებული გლეხის ოჯახში დაიბადა. მარიამ ქარცივაძემ მარტომ გაზარდა ნაადრევად დაობლებული ხუთი შვილი. დედამ ივანე ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგაც თიკანაძემ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო სწავლა.
ობლობაში გაზრდილ ივანეს ოჯახის დატოვება ეძნელებოდა, თუმცა ამანაც ვერ გადააფიქრებინა პეტერბურგში წასვლა. სწავლას მოწყურებულ ქართველს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაბარება უნდოდა, მაგრამ არ მიიღეს, რადგან ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს ის პოლიტიკურად არასაიმედო პირად ჰყავდა დახასიათებული. ივანე თიკანაძე იძულებული გახდა, ვარშავის უნივერსიტეტში ეცადა ბედი, სადაც ჩაირიცხა კიდეც. მოგვიანებით გენერალ ნაკაშიძისა და პეტერბურგში მცხოვრები სხვა ქართველების დახმარებით მან სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გადასვლა მოახერხა, სადაც ჯერ კერძო, მერე კი სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნა.
ოზურგეთიდან პეტერბურგში და უკან
მომავალმა ექიმმა სამეცნიერო მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. მისი პირველი სტატია "ბრტყელი ჭიები" (ბრანტის სამეცნიერო ნაშრომის თარგმანი) 1891 წელს თბილისში გამოქვეყნდა. მეხუთე კურსზე იყო, როდესაც პროფესორმა სერგეი შიდლოვსკიმ, რუსეთში ჰიგიენური მეცნიერების ერთ-ერთი მიმართულების ფუძემდებელმა, ჰიგიენის კათედრის ლაბორატორიაში ღომის ქიმიური შემადგენლობისა და კვებითი ღირებულების შესწავლა დაავალა. კვლევა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მკვლევარი პეტერბურგის ექიმთა საზოგადოების სამეცნიერო სხდომაზე მოხსენებით წარდგა, მერე კი მისი ნაშრომი სამედიცინო გაზეთშიც გამოაქვეყნეს.
1894 წელს, პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის დასრულების შემდეგ, პროფესორმა შიდლოვსკიმ საყვარელ მოსწავლეს ჰიგიენის კათედრაზე ასპირანტად დარჩენა შესთავაზა. სამხედრო ვალდებულების გამო ივანეს ამ წინადადებაზე უარის თქმა მოუხდა, თუმცა სამხედრო სამსახურის დაწყებამდე სადოქტორო გამოცდების ჩაბარება მოასწრო.
ოზურგეთში განლაგებული სამხედრო ნაწილის საავადმყოფოში მუშაობის პარალელურად ივანე გატაცებით მუშაობდა დისერტაციაზე. კითხულობდა ლიტერატურას, ნაყოფიერად იყენებდა საავადმყოფოს ლაბორატორიას და საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მოპოვებულ მასალას.
ოზურგეთში გატარებული ცხრა წლის განმავლობაში მის ხელში უამრავმა ავადმყოფმა გაიარა. ახალგაზრდა ექიმს ხშირად უხდებოდა სამსახურიდან დროებით დათხოვნილი ან საბოლოოდ გათავისუფლებული ჯარისკაცების შემოწმება. მათი დიდი ნაწილი ტუბერკულოზით იყო ავად. ივანემ ავადმყოფები აღრიცხა და უფროს ექიმს განცხადებით მიმართა, რომელშიც ითხოვდა შუამდგომლობას, საქართველოს მკვიდრ ახალგაზრდობას სამხედრო ბეგარა საქართველოს ფარგლებშივე მოეხადა, ვინაიდან, ზომიერი კლიმატის პირობებში გაზრდილები, რუსეთის ცივ ჰავას ვერ ეგუებოდნენ და ავადდებოდნენ.
1897 წელს ივანე თიკანაძე პეტერბურგში გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო პროფესორ ფიოდორ პასტერნაცკის კლინიკურ ლაბორატორიაში, სადაც პროფესორ ნიკოლაი ვაგნერის ხელმძღვანელობით თავისი სადისერტაციო ნაშრომის ექსპერიმენტული ნაწილის დამუშავებას შეუდგა. იმავე წლის 12 მაისს მან სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში დისერტაცია დაიცვა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა.
დიდი სურვილის მიუხედავად, ივანემ პეტერბურგში დარჩენა ვერ მოახერხა და ისევ ოზურგეთს დაუბრუნდა, სადაც ადრინდელ სამსახურში აღადგინეს. პარალელურად მუშაობდა ქალაქის ამბულატორიასა და სასულიერო სასწავლებელშიც (უსასყიდლოდ).
მეანობა-გინეკოლოგიაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ასამაღლებლად 1907 წელს ივანე თიკანაძე ორწლიანი სამეცნიერო მივლინებით კვლავ პეტერბურგს ესტუმრა. იქ გამოჩენილ მეცნიერებთან მუშაობდა, რომელთა შორისაც იყვნენ სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პროფესორი და სამეანო კლინიკის დირექტორი ალექსეი ლებედევი, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, ოჯახის მეან-გინეკოლოგი დიმიტრი ოტი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კლინიკური მეანობისა და ქალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი პოპოვი.
პეტერბურგში ივანე თიკანაძე დიდი ინტერესით ისმენდა ქირურგიის რუსული სკოლის ფუძემდებლის სერგეი ფიოდოროვის ლექციებს. ის დარწმუნებული იყო, რომ გინეკოლოგიურ ქირურგიაში მომუშავე სპეციალისტს სრულყოფილად უნდა სცოდნოდა ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია. ივანე თიკანაძის პირად ჩანაწერებში აღწერილია დიდი ქირურგის ნიკოლაი პიროგოვის ვიზიტი პარიზში, სადაც მას თავისი თვალით უნახავს, როგორ იდგა თეორეტიკოსი წიგნით ხელში დასტაქრის გვერდით და ოპერატორს აჩვენებდა, სად გაეტარებინა განაკვეთი. რუსეთში დაბრუნებულ პიროგოვს საფუძვლიანად შეუსწავლია ტოპოგრაფიული ანატომია და შემდეგ მოსწავლეებისგანაც, მათ შორის გინეკოლოგებისაგანაც, იმავეს მოითხოვდა.
მივლინების დასრულების შემდეგ ივანე თიკანაძე თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროს ორდინატორად დაინიშნა. 1808 წელს გახსნილი ეს ორასსაწოლიანი სამკურნალო დაწესებულება ამიერკავკასიაში პირველი სტაციონარი გახლდათ.
პირველი მსოფლიო ომის წლებში ივანე თიკანაძე ჯერ გერმანიის, მერე კი თურქეთის ფრონტზე მოხვდა, დიდი სახელი მოიხვეჭა და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა. ომის დამთავრების შემდეგ ის თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ, მერე კი შეთავსებით ამავე ჰოსპიტლის მთავარ ექიმადაც დაინიშნა. იმხანად ეს ქართველი ექიმისთვის მეტად საპატიო თანამდებობა იყო. თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში მასთან ერთად მუშაობდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დასტაქარი ალექსანდრე მაჭავარიანი, თერაპევტი ნიკოლოზ მახვილაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ღულაძე, დიმიტრი ახვლედიანი, კონსტანტინე ტყეშელაშვილი და სხვანი.
დარგის განვითარებისთვის
თბილისში დაბრუნებული ივანე თიკანაძე ჩვეული ენერგიით ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. როგორც ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების სწავლული მდივანი და შემდეგ თავმჯდომარე, ის 1918 წლის 19 ივნისს თბილისის უნივერსიტეტის გამგეობაში სამკურნალო ფაკულტეტის მოსაწყობად მიიწვიეს. ფაკულტეტის გახსნისთანავე ჯერ სამეანო კლინიკის გამგედ, ხოლო 1919 წლის 10 ივნისს სამეანო კათედრის გამგედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა.
ივანე თიკანაძემ წარმოუდგენლად მოკლე ხანში შექმნა მეანობის სკოლა. ტერმინი "მეანობაც" მანვე შეიმოღო. მეცნიერი დიდი გულმოდგინებით ზრდიდა და წვრთნიდა ექიმებს და საშუალო სამედიცინო პერსონალს. ერთ-ერთ ლექციაზე მან ასე მიმართა სტუდენტებს: "გაუფრთხილდით ექიმის სინდისს, გაამართლეთ თქვენდამი სახელმწიფოს დიდი ნდობა, იყავით ეპოქისა და თქვენი დიდი ხალხის ღირსეულნი... დიდი შესაძლებლობები დიდ მოთხოვნილებებს გვიყენებს. ამ მოთხოვნილებების სიმაღლეზე უნდა იდგეს ჩვენი დროის სპეციალისტი".
კლინიკაში ივანე თიკანაძემ დანერგა ორსულთა ტოქსიკოზების საწინააღმდეგო, სამეანო ტრავმატიზმის, ლოგინობის ხანისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების პრევენციისა და მკურნალობის წესები. ამასთან ერთად, შეისწავლიდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და მათი ოპერაციული მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოთა სიმსივნეების მიზეზებსა და მკურნალობას, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემას და სხვ. ყოფილ საბჭოთა კავშირში ფართოდ იყენებენ საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ მის მიერ შემუშავებულ წესს. თიკანაძემ საქართველოში დანერგა მრავალი სამეანო-გინეკოლოგიური ოპერაცია; გაბრიელ ღამბარაშვილთან ერთად მან პირველმა გამოიყენა რენტგენის სხივები გინეკოლოგიაში, ნიკოლოზ კახიანსა და გრიგოლ მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია.
ივანე თიკანაძის ადრეული სამეცნიერო ნაშრომები ეხება სამხედრო მედიცინის სხვადასხვა საკითხს, მალარიის, ტუბერკულოზისა და სხვა გადამდებ დაავადებათა გავრცელების გზებს, პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მალარიის დროს ფსიქოზის განვითარება რუსეთში პირველად ივანე თიკანაძემ აღწერა. ქართველი ექიმი დიდ ყურადღებას უთმობდა მალარიითა და ტუბერკულოზით დაავადებულ ორსულთა მკურნალობას. სწორედ მან შემოიღო საქართველოში ორსულთა და მშობიარეთა მკურნალობა ქინაქინით, აკროქინით, პლაზმოციდით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მუცლის მოწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, საშვილოსნოდან სისხლდენის, მკვდრადშობისა და ახალშობილთა სიკვდილის შემთხვევები. მოგვიანებით ივანე თიკანაძის მეცნიერული ინტერესები სასქესო ორგანოების განვითარების მანკებსა და ანომალიებს, მათი გამოსწორების ოპერაციული გზების ძიებასა და პრაქტიკაში დანერგვას დაუკავშირდა.
კლინიკის დაარსების პირველ წლებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მშობიარობის რაციონალურად ჩატარება იყო, რისთვისაც კლინიკის მთელი კოლექტივი საქართველოში მცხოვრები ქალების მენჯის ანატომიურ თავისებურებათა შესწავლას შეუდგა. ორსულთა პათოლოგიების პროფილაქტიკის მიზნით მეანობის კათედრის ბაზაზე თბილისში პირველი ქალთა საკონსულტაციო კაბინეტი გაიხსნა. 1939 წელს კათედრა-კლინიკა გაფართოების მიზნით ქალაქის მეორე სამშობიარო სახლში გადაიტანეს, სადაც მას 100 საწოლი დაეთმო. კოლექტივის ნაყოფიერმა მუშაობამ კლინიკას მალევე გაუთქვა სახელი. პალატები მუდამ გადატვირთული იყო მშობიარეებით თუ გინეკოლოგიური პაციენტებით. მაღალი დონის მკურნალობის წყალობით შემცირდა გართულებები და ლეტალობა, ორსულთა ტოქსიკოზი, მშობიარეთა ტრავმატიზმი, ნაყოფთა და ახალშობილთა ასფიქსია.
ნოვატორი
ივანე თიკანაძეს კარგად ესმოდა, რა დიდი როლი აკისრია სამშობიარო დახმარების ორგანიზაციაში საშუალო სამედიცინო პერსონალს, ამიტომ საშუალო განათლების მეანებისა და ექთანების მომზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში კლინიკაში ყოველწლიურად ასზე მეტი ექთანი მზადდებოდა.
ოპერაციები ავადმყოფის ყოველმხრივი შესწავლისა და ზუსტი ჩვენების მიხედვით კეთდებოდა. სამეანო მაშის გამოყენების შემთხვევები არ აღემატებოდა 2%-ს. ივანე თიკანაძემ მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურის გაცნობისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე აკრძალა მეანობაში მაღალი მაშის გამოყენება, რადგან ის ძლიერ ტრავმას აყენებდა როგორც ნაყოფს, ისე დედას.
იმხანად საბჭოთა კავშირის სტაციონარებში მშობიარეთა გაუტკივარებისთვის სკოპოლამინს იყენებდნენ. ქართველმა ექიმმა შეისწავლა ნაყოფზე ამ მედიკამენტის უარყოფითი გავლენა და თამამად გაილაშქრა მისი გამოყენების წინააღმდეგ. თავისი დასაბუთებული მოსაზრება ივანემ მოსკოვისა და ლენინგრადის მეან-გინეკოლოგების საზოგადოებას გააცნო, რის საფუძველზეც, ჯანმრთელობის საკავშირო კომისარიატის ბრძანებით, მშობიარობის გაუტკივარების მიზნით სკოპოლამინის გამოყენება აიკრძალა.
ქართველმა მეანმა აბორტის წინააღმდეგ პირველმა აიმაღლა ხმა. ჯერ კიდევ 1925 წელს ის წერდა: "ჩანასახი არ შეადგენს დედის სხეულის ნაწილს, არც მის საკუთრებას. იგი ცალკე არსებაა და წარმოადგენს სახელმწიფოებრივი ღირებულების საგანძურს, ამიტომ მისი სიცოცხლის მოსასპობად მიმართული ყოველგვარი მოქმედება დანაშაულად უნდა ჩაითვალოს". ივანე თიკანაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ მასთან მისული პაციენტებისთვის აეხსნა აბორტის თანმხლები საფრთხე. გადმოცემის თანახმად, რამდენჯერმე ჯოხითაც კი გამოჰკიდებია გაჯიუტებულ პაციენტებს, რომლებსაც მამაშვილური საუბრით ვერაფერი შეასმინა.
ივანე თიკანაძე საბავშვო ჟურნალებთანაც თანამშრომლობდა. "ჯეჯილსა" და "ნაკადულში" ის ბეჭდავდა სამეცნიერო-პოპულარულ წერილებს ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, უფასოდ ასწავლიდა ჰიგიენას განათლების სკოლაში. მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა ბავშვთა სახლი. გაბრიელ ღამბარაშვილთან ერთად თიკანაძემ საქართველოს ექიმთა საზოგადოებასთან დააარსა მეანობა-გინეკოლოგიის სექცია, რომელიც შემდეგ სამეანო-გინეკოლოგიურ საზოგადოებად გადაკეთდა. მისი უცვლელი ხელმძღვანელი თავად ივანე თიკანაძე იყო.
ქართველი ექიმი ზედმიწევნით იცნობდა მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურას. შრომისმოყვარეობასთან ერთად, მას ფენომენალური მეხსიერებაც ჰქონდა. ქირურგი ნიკოლაი ვესელოვ-ზოროვი, რომელიც პეტერბურგში, ბოტკინის საავადმყოფოში, ივანე თიკანაძესთან ერთად მუშაობდა, ამბობდა, რომ ქართველ ექიმს "მოსიარულე ენციკლოპედიას" ეძახდნენ – ვინმეს ძნელად საპოვნელი სამედიცინო წყარო თუ დასჭირდებოდა, ივანეს მიმართავდა.
სიცოცხლის მიწურულს დიდ ქართველს კიდურების კანკალი დაეწყო, მისი მტკიცე ნაბიჯი მოკლე ნაბიჯებმა შეცვალა. თავადაც აღნიშნავდა, ფეხები არ მემორჩილება, მხედველობა და აზროვნება კი საღი მაქვსო.
ივანე თიკანაძე უეცრად გარდაიცვალა 1943 წლის 22 დეკემბრის საღამოს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.
მარი მარღანია











