სათესლე ჯირკვლების ტრავმული დაზიანება
გააზიარე:
ორგანოთა უმეტესობისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლებს ისეთი ანატომიური მდებარეობა აქვს, რომ ტრავმისგან დაუცველია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაზიანების დროული შეფასება და სათანადო მკურნალობა.
სათესლე ჯირკვლების ტრავმების შესახებ გვესაუბრება "ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი ეკა უგლავა:
– სათესლე ჯირკვლები წყვილი ორგანოა. მათში წარმოიქმნება სპერმა და მამაკაცის სასქესო ჰორმონები. თითოეული ჯირკვალი გარშემორტყმულია მყარი ბოჭკოვანი ფენით, სათესლის თეთრი გარსით, და მოთავსებულია სკროტუმში – კანისგან შექმნილ ტომარაში, სათესლე პარკში. მასშივე, სათესლე ჯირკვლის უკან, მდებარეობს სათესლე ჯირკვლის დამანატი, რომელშიც სპერმატოზოიდები ყოვნდება და მწიფდება.
ტრავმის მიზეზები
– სათესლე ჯირკვლის ტრავმას იწვევს გარეგანი ძალის ზემოქმედება: ჩხვლეტა, გაჭრა, გაგლეჯა (დანით, ცეცხლსასროლი ან სხვა იარაღით მიყენებული დაზიანება), ძლიერი დარტყმა (ფეხით, ბურთით და სხვა). ტრავმის მიღება ასევე შესაძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (მანქანით, მოტოციკლეტით, ველოსიპედით), დაკბენის შედეგად.
დანამ ან ტყვიამ შესაძლოა ოდნავ გაჭრას სათესლე პარკი, მაგრამ სერიოზულად დააზიანოს სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვები. ძლიერმა დარტყმამ შესაძლოა გამოიწვიოს თეთრი გარსის ან მისი სისხლძარღვების გახეთქვა. დაზიანებული სისხლძარღვებიდან სისხლი შესაძლოა სათესლე პარკში ჩაიღვაროს და სათავე დაუდოს ძლიერ ტკივილს, შეშუპებას, ინფექციას.
მძიმე ტრავმის ან მისი გართულებების შედეგად მამაკაცმა შესაძლოა მთლიანად დაკარგოს სათესლე ჯირკვალი.
სათესლე ჯირკვლის ტრავმის ტიპებია:
* კონტუზია – სათესლე ჯირკვლის დაჟეჟილობა რბილი ქსოვილის მთლიანობის დარღვევის გარეშე. სისხლძარღვების დაზიანების შედეგად შესაძლოა გაჩნდეს სისხლჩაქცევა (ჰემატომა);
* სათესლის შემოგრეხა – სათესლე ჯირკვალი ტრიალდება თავისი სიხლძარღვოვანი ფეხის ირგვლივ, სისხლძარღვები იჭლიტება და სათესლე ჯირკვლის ქსოვილებს სისხლის მიწოდება უწყდება. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს;
* გახეთქვა – ტრავმა იწვევს სათესლის თეთრი გარსის გახეთქვას, რის შედეგადაც შესაძლოა, სათესლე ჯირკვლის შიგთავსი გარეთ გამოვიდეს;
* სათესლე პარკის დაზიანება – მძიმე ტრავმის შედეგად (ავტოსაგზაო ან საწარმოო შემთხვევის დროს) სათესლე ჯირკვალს მთლიანად ან ნაწილობრივ აეფცქვნება კანი;
* დისლოკაცია – სათესლე ჯირკვალი იცვლის ადგილმდებარეობას;
* მოცილება, განცალკევება – სათესლე ჯირკვლის სრული მოწყვეტა
სიმპტომები
– სათესლე ჯირკვლისა და სათესლე პარკის ტრავმის პირველი ნიშანი ძლიერი ტკივილია.
ტკივილი ასევე თან ახლავს სათესლე ჯირკვლის ინფექციას და სათესლე დანამატის ანთებას – ეპიდიდიმიტს. სათესლე ჯირკვლის დანამატს ძალიან თხელი კედელი აქვს, ამიტომ ინფექციის ან ტრავმის შედეგად ადვილად შუპდება. თუ ეპიდიდიმიტი მკურნალობის გარეშე დარჩა, შესაძლოა, სათესლე ჯირკვალს სისხლის მიწოდება შეუწყდეს და შეუქცევადად დაზიანდეს, ამიტომ სათესლე ჯირკვლების მცირე ტრავმის შემთხვევაშიც კი საჭიროა უროლოგის კონსულტაცია.
მსუბუქი ტრავმის შემთხვევაში ტკივილმა ერთ საათში უნდა იკლოს. მანამდე შეგიძლიათ დაწვეთ, დალიოთ გამაყუჩებელი, დაიდოთ ყინულის პაკეტი, ჩაიცვათ ბანდაჟი. კარგი იქნება, ტრავმის შემდეგ რამდენიმე დღე თავი არიდოთ დაძაბულ აქტივობას.
ექიმს დროულად უნდა მიმართოთ, თუ:
- გრძნობთ ძლიერ ტკივილს, რომელიც ერთი საათის განმავლობაში არ შემსუბუქდა;
- გაქვთ სათესლე პარკის ღია ჭრილობა (ნაჩხვლეტი, ნაკვეთი);
- სათესლე ჯირკვალზე გაქვთ სისხლჩაქცევა ან`და შეშუპება;
- არ გაგიარათ ტრავმის დროს დაწყებულმა გულისრევამ და ღებინებამ;
- შარდში გაქვთ სისხლი ან გიჭირთ მოშარდვა;
- სათესლე ჯირკვლის დაზიანების შემდეგ დაგეწყოთ ცხელება.
სათესლე ჯირკვლის ტრავმა მის სიმსივნეს არ იწვევს, თუმცა ხშირად ტრავმის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე ჯირკვალში უმტკივნეულო, მყარ წარმონაქმნს. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი სათესლე ჯირკვლის კიბო, როგორც წესი, ადვილად იკურნება.
დიაგნოსტიკა
– გასინჯვით ადგენენ, რამდენად მძიმეა სათესლე ჯირკვლის დაზიანება. ექიმი გამოიკითხავს ტრავმის გარემოებებს, დაინტერესდება პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობით.
სათესლე ჯირკვლის გარსი, სათესლე ჯირკვლის დანამატი, სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვები და თესლის გამომტანი სადინარი უმეტესად ხელითაც შეიძლება შეფასდეს. თუ გასინჯვისას აშკარა დაზიანება არ გამოვლინდა, შესაძლოა, დაინიშნოს მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი – პარაცეტამოლი ან იბუპროფენი – და პაციენტს რეკომენდაცია მიეცეს სპეციალური ბანდაჟის ტარების თაობაზე. ბანდაჟი სათესლე პარკს ერთ მდგომარეობაში აფიქსირებს, ამცირებს შეშუპებას, ტკივილს და სათესლე ჯირკვალს დამატებითი ტრავმისგან იცავს.
უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევაც ტარდება. ამ უსაფრთხო მეთოდით ზედმიწევნით ფასდება სათესლე პარკის შიგთავსი, სათესლე დანამატი და სისხლძარღვები. იშვიათად შესაძლოა ულტრაბგერითი გამოკვლევა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც (MRI).
მკურნალობა
– სათესლე ჯირკვლის მძიმე დაზიანებისას, წესისამებრ, ტარდება ქირურგიული ჩარევა. დაზიანებულ ჯირკვალს, თუ მისი აღდგენა შესაძლებელია, ანესთეზიის ფონზე აღადგენენ. ზოგიერთ შემთხვევაში ჭრილობაში დროებით ტოვებენ დრენაჟს, საიდანაც გადმოდის ჭრილობაში დაგროვილი სისხლი და სხვა სითხეები.
თუ დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ სათესლე ჯირკვლის შენარჩუნება შეუძლებელია, ექიმი მას ამოკვეთს. ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცი უნაყოფო გახდება – შვილოსნობისთვის ერთი ჯანმრთელი სათესლე ჯირკვალიც საკმარისია.
თუ ტრავმის შედეგად განვითარდა ეპიდიდიმიტი, მკურნალობა, სავარაუდოდ, ოპერაციის გარეშე ჩატარდება. ამ შემთხვევაში დაინიშნება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, საჭიროებისამებრ – ანტიბიოტიკიც, და პაციენტს ურჩევენ, გააგრძელოს ბანდაჟის ტარება. შეშუპების ბოლომდე დაცხრობას 6-8 კვირა სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში შესაძლოა რამდენჯერმე მოგიწიოთ ექიმთან ვიზიტი მდგომარეობის გადასამოწმებლად.
ტრავმის პრევენცია
– სათესლე ჯირკვლის ტრავმის რისკის შესამცირებლად რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ:
- ავტომობილის მართვისას ყოველთვის გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედი.
- თუ მუშაობთ დანადგართან, რომელსაც აქვს ღია ჯაჭვები ან მოძრავი ნაწილები, დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი კარგად გაქვთ ჩატანებული და თავისუფლად არ გაქვთ ჩამოკიდებული ქამარი ან სხვა აქსესუარი, რომელიც შეიძლება მექანიზმში გაიჭედოს.
- სპორტული აქტივობის დროს ჩაიცვით სათესლე პარკის დამცავი ბანდაჟი.
- სპორტის იმ სახეობებში, რომლებიც უხეშ ფიზიკურ კონტაქტს გულისხმობს (ფეხბურთი, ხელბურთი, კარატე და სხვა საბრძოლო ხელოვნებები), გაიკეთეთ სათესლე ჯირკვლის დამცავი ფარი.
მარი აშუღაშვილი











