ახსოვთ თუ არა ჩვილებს მუცლად ყოფნის პერიოდი
Share:
რას გვეუბნება მეცნიერება პრენატალურ მოგონებებზე
წარმოიდგინეთ, რომ თბილ, მყუდრო სივრცეში დაცურავთ, სადაც მხოლოდ მშვიდი ხმები და რიტმული გულისცემა გესმით, მერე კი მოულოდნელად ხვდებით კაშკაშა, ხმაურიან სამყაროში, სადაც ყველაფერი უცნობია. ხომ დრამატული სცენარია? მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ სცენარში ის არის, ახსოვთ თუ არა ჩვილებს მუცლად ყოფნის პერიოდი.
ცხადია, ახალშობილი ვერ მოგიყვებათ, რომელი მუსიკა მოსწონდა ყველაზე მეტად მუცლად ყოფნის თვეებში და როგორი გემო აქვს ამნიონურ სითხეს, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გარკვეულ გამოცდილებას ნაყოფი მუცლად ყოფნის პერიოდში ნამდვილად იღებს. ახსოვს თუ არა მას ეს გამოცდილება დაბადების შემდეგ? მოდი, ვნახოთ, რას გვეუბნება მეცნიერება პრენატალურ მოგონებებზე და როგორ შეიძლება იმოქმედოს მუცლად ყოფნის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე.
მეხსიერება დაბადებამდე
შეგიმჩნევიათ, რომ ახალშობილები დედის ხმაზე უცბად მშვიდდებიან? ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ბავშვი გენეტიკურად არის მიჯაჭვული მშობელს – კვლევები აჩვენებს, რომ ჩვილები დაბადებისთანავე ცნობენ დედის ხმას, რადგან სწორედ ეს ხმა ჩაესმოდათ თვეების განმავლობაში მუცლად ყოფნის დროს. დედის ხმა პირველი ნაცნობი რამაა მათთვის ამ უცნაურ ახალ სამყაროში.
იდეა, რომ ჩვილებს შესაძლოა მუცლად ყოფნის პერიოდი ახსოვდეთ, არც ისეთი არარეალისტურია, როგორადაც ჟღერს. მეცნიერებმა წლები დაუთმეს იმის შესწავლას, შეუძლია თუ არა ნაყოფს ხმების ამოცნობა, სტიმულებზე რეაგირება და თუნდაც ელემენტარული მოგონებების ფორმირება დაბადებამდე. აქვე გეტყვით, რომ შეუძლია.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კვლევა ამ თემაზე ნიდერლანდებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულობის დაახლოებით 30-ე კვირას ნაყოფს "დასწავლის" ელემენტარული უნარი უკვე აქვს. როდესაც დედის მუცელთან ხმა ან ვიბრაცია ისმოდა, ნაყოფი თავდაპირველად რეაგირებდა მოძრაობით ან გულისცემის გახშირებით, მაგრამ განმეორებითი ცდის დროს მისი რეაქცია თანდათან ქრებოდა, თითქოს მუცლად მყოფი პატარა ფიქრობდა: "ისევ ეს ხმა? რა მოსაწყენია, რამე ახალი მოიფიქრეთ და ისე გამართეთ!"
34-ე კვირას ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდა: დაკვირვების ქვეშ მყოფმა იმავე ნაყოფებმა განმეორებადი ხმები უფრო სწრაფად ამოიცნეს და უფრო სხარტად რეაგირებდნენ მათზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პატარა, განვითარებადი ტვინი უკვე ინახავს სპეციფიკურ ინფორმაციას.
ასე რომ, შესაძლოა, თქვენს პატარას არ ახსოვდეს, როდის გაიგონა პირველად თქვენი ხმა, მაგრამ ფაქტია, რომ ის დედის მუცელშივე იწყებს სამყაროს თავისებურად აღქმას და შესწავლას.
1. ლიტერატურული ინტერესები
ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჩვილი იმ ამბების მოსმენას ამჯობინებს, რომლებსაც დედა მუცლად ყოფნის პერიოდში უყვებოდა. ასე რომ, თუ ორსულობისას პატარას "ჰარი პოტერს" უამბობდით, მოემზადეთ, რომ თქვენი შვილი დაბადებიდანვე მაგიური სამყაროს მოყვარული იქნება.
2. მუსიკალური გემოვნება
მართალია, ვერავინ დაგპირდებათ, რომ მუცლად ყოფნის თვეებში მოცარტის მოსმენა პატარას გენიოსად აქცევს, მაგრამ თუ ორსულობისას ნაყოფს ჯაზს ასმენინებდით, დიდია ალბათობა, მისი საყვარელი იავნანა სწორედ ჯაზი იყოს.
3. გემოების შეგრძნება
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამნიონური სითხე სავსეა იმ საკვების გემოებით, რომელსაც დედა მიირთმევს. ასე რომ, ჩვილი მუცელშივე "უსინჯავს გემოს" ზოგიერთ საკვებს და გარკვეული წარმოდგენა აქვს მათზე დაბადების შემდეგ.
კვლევები აჩვენებს, რომ ნაყოფის მიერ მუცელში აღქმული გემოები გავლენას ახდენს მის მომავალ გემოვნებაზე, ამიტომ თუ ორსულობისას უმეტესად მჟავე და სუნელებით შეზავებულ საჭმელს მიირთმევდით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მყარ საკვებზე გადასვლის შემდეგ პატარაც მას მიანიჭებს უპირატესობას.
მოდი, დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას – ახსოვთ თუ არა ჩვილებს მუცლად ყოფნის პერიოდი?
მართალია, ნაყოფი მუცლიდანვე სწავლობს და იმახსოვრებს ხმებს, გემოებსა და რიტმებს, მაგრამ მისი მეხსიერება ჩვენსას არ ჰგავს. ე.წ. ექსპლიციტური მეხსიერება – მეხსიერების ის ტიპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავიხსენოთ სკოლის პირველი დღე ან ბავშვობის საყვარელი სათამაშო – დაბადების შემდეგ, ჩვილ ასაკში იწყებს განვითარებას. ნაყოფის მოგონებები კი იმპლიციტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გავლენას ახდენენ ინტერესებსა და ქცევებზე, მაგრამ არ ქმნიან ცნობიერ მოგონებებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პატარა უცბად მოტრიალდება დედის ხმაზე, გაუღიმებს მას, დამშვიდდება, მაგრამ ვერ გაიხსენებს, რას ეუბნებოდა ეს ხმა მუცლად ყოფნის პერიოდში.
ადრეული მოგონებების საიდუმლო
მიუხედავად იმისა, რომ მუცლად ყოფნის დროს ჩამოყალიბებული მოგონებები, ნაწილობრივ მაინც, საიდუმლოდ რჩება, ერთი რამ ცხადია: ყველა ბოლოდროინდელი კვლევა მოწმობს, რომ ჩვილები გაცილებით ცნობიერნი და გონიერნი არიან, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ეგონათ. ამ თემაზე ჩატარებული ყოველი ახალი კვლევა ახალ გასაოცარ შედეგს იძლევა.
ამრიგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედის მუცელი არ არის მხოლოდ მოსაცდელი ოთახი, სადაც ჩვილი დაბადებას ელის – ეს არის ადგილი, სადაც პატარა პირველ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს იღებს, უსმენს, სწავლობს და რეალურ სამყაროსთან შესახვედრად ემზადება.
ლიკა ქათამაძე







