როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს კომბაინი
გააზიარე:
სამზარეულოს კომბაინი თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობას არის მორგებული. ეს მრავალფუნქციური ხელსაწყო სწრაფად და მოხერხებულად ასრულებს სხვადასხვა დავალებას: ზელს ცომს, თქვეფს და კუწავს ინგრედიენტებს, ჭრის, ხეხავს და წურავს ხილსა და ბოსტნეულს, ფქვავს მარცვლეულსა და თხილეულს, ატარებს ხორცს...
კომბაინები ერთმანეთისგან ტექნიკური მონაცემებითა და ფუნქციებით განსხვავდება. მათი ცოდნა დაგვეხმარება, შევარჩიოთ მოდელი, რომელიც საუკეთესოდ ესადაგება ჩვენს საჭიროებებს.
ფუნქციები
კომბაინის მთავარი ნაწილია დგამი (კორპუსი), რომელშიც ძრავაა მოთავსებული. კორპუსზე მაგრდება ინგრედიენტებისთვის განკუთვნილი კონტეინერი (თასი) და მოსახსნელი დანართები (ცომის საზელი კავები, საჭრელი და სახეხი დანები, ბლენდერის ჭიქა, ხორცის საკეპი და სხვა). ამ დანართების წყალობით კომბაინს შეუძლია, შეცვალოს რამდენიმე ხელსაწყო: მიქსერი, ჩოფერი, ხელის წისქვილი, ბლენდერი, ხორცსაკეპი.
ზოგიერთი მოდელს დამატებით აღჭურვილობასაც ატანენ, მაგალითად, შხეფებისგან დამცავ თასის სახურავს. იშვიათად მოჰყვება სარეზერვო თასი და ცომის შპატელი.
კლასიკური კომბაინი უმთავრესად მიქსერის ფუნქციას ასრულებს, მაშასადამე, შეუძლია ათქვეფა, მორევა, მოზელა და მხოლოდ პურის ან ნამცხვრის ცომისა და კრემის მოსამზადებლად გამოდგება.
გაუმჯობესებულ მოდელებს აქვს დამატებითი ფუნქციები:
- დაბლენდერება. კორპუსზე მაგრდება ე.წ. ბლენდერის ჭიქა სმუზის, კრემსუპის, ბოსტნეულის პიურეს მოსამზადებლად.
- ხილის, ბოსტნეულის, ყველისა და ძეხვის დაჭრა ან გახეხვა. ზოგიერთ მოდელს ქარხნიდანვე მოჰყვება სპეციალური დანართი სახეხი და საჭრელი დისკოებით, ზოგიერთისთვის კი მათი ცალკე შეძენაა შესაძლებელი. თუ მეორე ვარიანტი გირჩევნიათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ხელსაწყოს ჰქონდეს სპეციალური ადგილი ამ აქსესუარების დასამაგრებლად.
- თხილის, ყავის, სანელებლების დაფქვა. ზოგიერთ მოდელს მარცვლეულის დაფქვის ფუნქციაც აქვს. საფქვავი კორპუსზე მაგრდება, რის შემდეგაც თქვენ მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერა მოგეთხოვებათ.
- ხორცის გატარება, რასაც ასევე კორპუსზე დასამაგრებელი დანართი უზრუნველყოფს. თუ ხორცსაკეპის ფუნქციის მქონე კომბაინის შეძენას აპირებთ, უმჯობესია, ძრავა მაღალი სიმძლავრისა შეარჩიოთ.
- მაკარონის მომზადება. ზოგიერთ კომბაინს მოჰყვება მაკარონის ცომის საჭრელი სპეციალური დანართი. მისი გამოყენებისას აუცილებლად გაეცანით მწარმოებლის ინფორმაციას ცომის იმ მაქსიმალური ოდენობის შესახებ, რომლის გატარებაც შეიძლება მაკარონის პრესში.
- საწური ხილის, ციტრუსების, ბოსტნეულის წვენის მოსამზადებლად.
- სასწორი. თუ კომბაინს ინტეგრირებული სასწორი აქვს, ინგრედიენტების ცალკე აწონა აღარ დაგჭირდებათ – შეგიძლიათ, ისინი თასშვე აწონოთ, რაც ძალიან მოხერხებულია.
- დნობა. ამ ფუნქციის მქონე მოდელები კონტეინერს ოდნავ აცხელებს, მაგალითად, შოკოლადის გასალღობად.
- ზოგიერთ მოდელს აქვს ინგრედიენტების ნაზად შერევის ფუნქცია ჰაეროვანი ცომისა და დესერტების მოსამზადებლად.
- ზოგიერთ მულტიფუნქციურ მოდელში ინტეგრირებულია ინდუქციური ქურის ზედაპირი ცხელი კერძის მოსამზადებლად.
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები
კომბაინის ტიპი – რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს კომბაინს, მით უფრო ძვირია ის, ამიტომ წინასწარ მოიფიქრეთ, რომელი ფუნქციებია თქვენთვის პრიორიტეტული. მაგალითად, თუ სანელებლებს და ყავას დაფქულს ყიდულობთ, მაშინ წისქვილის ფუნქციით ზედმეტად ნუ დატვირთავთ ხელსაწყოს; თუ შინ მხოლოდ დესერტების მომზადებას აპირებთ, კლასიკური კომბაინი საუკეთესო არჩევანია.
სიმძლავრე – სამზარეულოს ტექნიკისთვის სიმძლავრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია. ის განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს მოწყობილობა დავალებას. თუმცა აუცილებელი არ არის, ყველა კომბაინს დიდი სიმძლავრის ძრავა ჰქონდეს. მაგალითად, ნამცხვრის ცომისა და კრემის მოსამზადებლად 450-800 ვატიც საკმარისია, მყარი ინგრედიენტების დაჭრას, დაფქვას ან პურის მძიმე ცომის მოზელას კი 1000 და მეტი ვატი სიმძლავრის მანქანა უკეთ გაართმევს თავს.
გახსოვდეთ: რაც უფრო დიდია თასი, მით უფრო მძლავრი უნდა იყოს ძრავა.
შერევის სისტემა – ეს კომბაინის ხარისხის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თუ შემრევი მხოლოდ თასის შუაგულში ტრიალებს, ინგრედიენტები თასის კიდეებს მიეკრობა და ერთმანეთს კარგად ვერ შეერევა, ამიტომ მწარმოებლები თავს არ ზოგავენ ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად. პლანეტარული და 3D შერევის სისტემების წყალობით შესარევი მასა კიდეებზე არ ჩერდება და გამუდმებით ბრუნდება თასის შუაგულში, რაც ინგრედიენტების საფუძვლიან და თანაბარ შერევას უზრუნველყოფს.
წონა და ზომა: მცირე ზომის, მსუბუქი კომბაინის გადაადგილება, მართალია, უფრო ადვილია, მაგრამ მაღალ სიჩქარეზე მუშაობისას ძლიერი ვიბრაციის გამო შესაძლოა სამუშაო ზედაპირზე მოცურდეს და გადმოვარდეს. მძიმე მოდელები 10 კილოგრამზე მეტს იწონის, მაგრამ მათი უპირატესობა ის არის, რომ მაგარი ცომის მოზელისას სტაბილურად დგას ზედაპირზე და არ მოძრაობს.
კონტეინერის მოცულობა – თასების უმეტესობას 4-დან 6 ლიტრამდე ტევადობა აქვს, მაგრამ არსებობს უფრო პატარა– და დიდთასიანი მოდელებიც:
* 1-2 ლიტრი – პატარა ოჯახისთვის ან მარტოხელებისთვის;
* 3-4 ლიტრი – საშუალო ზომის ოჯახისთვის;
* 5 ლიტრი და მეტი – დიდი ოჯახისთვის.
ხელსაწყო ოპტიმალურად მუშაობს, როდესაც თასში შესარევი მასის რეკომენდებული მინიმუმია. დიდ თასში მცირე ულუფების დამუშავება ძნელია და შედეგიც – არც ისე კარგი.
დამატებითი კონტეინერები 1,5-დან 2 ლიტრამდე მოცულობისაა.
გაწმენდა: კომბაინის გაწმენდა ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ წინასწარ გაარკვიეთ, მარტივია თუ არა მისი დაშლა-¬აწყობა, სად შეიძლება დაგროვდეს საკვების ნარჩენები, შეიძლება თუ არა კონტეინერებისა და აქსესუარების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩაწყობა.
სიჩქარე: მაღალი ხარისხის მოდელებს სიჩქარის რამდენიმე დონე აქვს, მარტივ მოწყობილობებს – ორი-სამი. კომპლექსურ მოდელებს შესაძლოა სიჩქარის 15 დონეც კი ჰქონდეთ. სიჩქარის რაც უფრო მეტი დონე აქვს კომბაინს, მით უფრო ადვილად მიიღებთ საჭირო კონსისტენციისა და ტექსტურის პროდუქტს.
მართვა: მართვა შესაძლებელია მექანიკურად ან ციფრული პანელით. თუ მოწყობილობას აქვს ტაიმერი, სამუშაოს კონტროლი და დაგეგმვა ინდივიდუალურად არის შესაძლებელი. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოხერხებულია, თუ ხშირად ამზადებთ კერძებს, რომლებსაც დიდხანს უნდა ურიოთ: შეგიძლიათ, დააყენოთ სასურველი დრო ტაიმერზე, თავად კი სხვა საქმით დაკავდეთ.
მასალა: ბაზარზე შეგხვდებათ როგორც პლასტმასის, ისე უჟანგავი ლითონის კომბაინები. ბევრი მწარმოებელი ამ ორ მასალას აერთიანებს კიდეც. უჟანგავი ლითონი პლასტმასაზე გაცილებით გამძლეა და ვიზუალურადაც უფრო ეფექტური.
ავტომატური პროგრამები: ზოგიერთი თანამედროვე მოდელი ავტომატური პროგრამით არის აღჭურვილი. მაგალითად, ნაღების ასათქვეფად ან ცომის მოსაზელად საკმარისია დააყენოთ შესაბამისი პროგრამა, რომელიც დროსა და სიჩქარეს თავად განსაზღვრავს.
პულსი: ამ ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ, კომბაინი ამუშაოთ მაქსიმალური სიჩქარეზე ხანმოკლე შესვენებებით – ასეთი რეჟიმი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კარგ შერევას, მეორე მხრივ კი ძრავის გადახურებისგან გვაზღვევს.
უსაფრთხოება: ავტომატური გამორთვა კომბაინს გადახურებისგან იცავს. თუ ძრავა გადახურდა, მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია მზარდი სტარტით: სიჩქარე თანდათან იმატებს, ვიდრე მაღალ ნიშნულს არ მიაღწევს.
თუ თასი კარგად არ არის დამაგრებული კორპუსზე ან კომბაინი არასწორად არის აწყობილი, მოწყობილობა არ ჩაირთვება. ამას უზრუნველყოფს ე.წ. გაჩერების ფუნქცია. ძრავა ასევე ავტომატურად უნდა გაითიშოს შემრევის აწევისას. სხვაგვარად არსებობს საშიშროება, თითები სწრაფად მბრუნავ შემრევში მოხვდეს.
რეზინის ფეხები ან ჩამკეტი მექანიზმი ხელს უშლის სამუშაო ზედაპირზე კომბაინის სრიალს, დანის დამცავს კი ორი ფუნქცია აქვს: თქვენ თითის გაჭრისგან დაგიცავთ, დანის პირს კი ზედმეტი კონტაქტისგან, სწრაფად რომ არ დაბლაგვდეს.
განათება: მაღალი ხარისხის მოდელებს შესაძლოა ჰქონდეთ თასის განათება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დელიკატური საკონდიტრო ნაწარმის მომზადებისას, რათა უკეთ დაინახოთ და შეაფასოთ მასის კონსისტენცია.
ხმაურის დონე: მოდელები ხმაურის დონითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგი თუ საკმაოდ ხმამამაღალია – 90-100 დეციბელი, ზოგი შედარებით ჩუმად, 60-70 დეციბელის ფარგლებში ხმაურობს.
ჯილდა გაჩეჩილაძე











