ორთქლის უთო - კლასიფიკაცია და სასარგებლო რჩევები

Share:

დაუთოება შრომატევადი საქმეა. მის გასაადვილებლად მწარმოებლები უთოს ნაირ-ნაირ ფუნქციას ამატებენ. მაგალითად, დაორთქვლას.

რა შეუძლია ორთქლის უთოს და ნამდვილად ღირს თუ არა მისი შეძენა?

როგორ მუშაობს

ორთქლის უთო, როგორც მისი სახელწოდებიდანვე ჩანს, ქსოვილს ორთქლის მეშვეობით ასწორებს.

უთოს ქვედა ნაწილში წყლის ავზია – მოდელის მიხედვით, მოსახსნელი ან უძრავი. წყალს აცხელებს სპირალი, რომელიც მოწყობილობის ზედა ნაწილშია ჩამონტაჟებული. ის ხელსაწყოს მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად წარმოიქმნება ორთქლი. ელექტროტუმბოს საშუალებით წყალი ავზიდან სპირალისკენ მიემართება და ორთქლდება. ორთქლი არხების საშუალებით თანაბრად ნაწილდება და გარეთ გამოიყოფა.

როდის არის გამართლებული ორთქლის უთოს შეძენა

ორთქლის უთო იდეალურია ტანსაცმლის, ფარდების, გადასაფარებლების გასასწორებლად, როცა დრო ძალიან ცოტა გაქვთ, მაგალითად, სამსახურში გაგვიანდებათ. მოდელების უმეტესობას სულ 10-დან 60 წამამდე სჭირდება გასაცხელებლად. არც საუთოო მაგიდა დაგჭირდებათ – შეგიძლიათ, პერანგი პირდაპირ საკიდზე გააუთოოთ.

ორთქლის უთოთი ასევე შეიძლება რბილი ავეჯის, პლუშის სათამაშოების, ფარდების, ხალიჩების, ლეიბების დეზინფექცია. ზოგიერთ მოდელს მოჰყვება სპეციალური ჯაგრისი, რომელიც რბილ ზედაპირს ადვილად აცილებს თმას, ბუსუსებს, ცხოველის ბეწვს.

მცირე ზომისა და მცირე წონის წყალობით ორთქლის უთო მოხერხებულია მოგზაურობისას თან სატარებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებით და მუდამ ფორმაში უნდა იყოთ.

მისი კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ უსაფრთხოა მგრძნობიარე ქსოვილებისთვის – აბრეშუმისთვის, ტულისთვის, ქაშმირისთვის და სხვა.

შეუძლია თუ არა ორთქლის უთოს ჩვეულებრივის შეცვლა?

რა თქმა უნდა, არა. ორთქლის უთო ერთგვარი დამხმარე აქსესუარია, რომელიც ერთი ან ორი ხელი ტანსაცმლის სწრაფად გასაუთოებლად ან იმწუთას ჩასაცმელ სამოსზე რამდენიმე ნაკეცის გასასწორებლად გამოგადგებათ. ძლიერ დაჭმუჭნილ ქსოვილს ის ვერ მოერევა. მთელი ოჯახის ტანსაცმლისა და ტექსტილის ორთქლის უთოთი გაუთოებას კი მეტისმეტად დიდხანს მოუნდებით – აქ ჩვეულებრივი უთო ჯობია, რომელსაც ფართო ძირი და დიდი წონა აქვს.

რომელი ქსოვილებისთვის გამოდგება

ორთქლის უთოთი თითქმის ყოველგვარი ქსოვილის გაუთოება შეიძლება. ჩვეულებრივი უთოსგან განსხვავებით, ქსოვილს ის არ წვავს, რადგან უშუალოდ არ ეხება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ სელისა და ბამბის (ჯვალოს, მიტკლის, ჯინსის და ა.შ.), არამედ ისეთი სათუთი ბუნებრივი და სინთეტიკური ქსოვილების დასაუთოებლადაც, როგორიცაა:

  • აბრეშუმი;
  • ტული;
  • შალი;
  • ქაშმირი;
  • პოლიესტერი;
  • ნეილონი.

ოღონდ წინასწარ შეამოწმეთ, სადამდე აცხელებს ორთქლს კონკრეტული მოდელი – სათუთი ქსოვილი შესაძლოა ორთქლის მეტისმეტად ცხელმა ნაკადმაც დააზიანოს. თავი რომ დაიზღვიოთ, თავდაპირველად მცირე ფართობზე მოსინჯეთ, სამოსი კი შიგნითა მხრიდან გააუთოეთ.

ორთქლის უთოს გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ტყავის, სპორტული (თერმული) ქსოვილებისა და სითბოსადმი მგრძნობიარე სხვა მასალისთვის.

ორთქლის უთოს ტიპები

არჩევანის გაკეთება კომპაქტურ ანუ ხელში დასაჭერ და სტაციონარულ უთოებს შორის მოგიწევთ.

კომპაქტური, ე.წ. ხელის ორთქლის უთო რამდენიმე წამში ცხელდება, რადგან სპირალიც და ავზიც პატარა აქვს.  მსუბუქია, შესაბამისად, კომფორტულიც, თუმცა ორთქლის შედარებით სუსტ ჭავლს უშვებს, ამიტომ ნაკლებეფექტურია ძლიერ დაჭმუჭნილი ქსოვილების გასასწორებლად.

სტაციონარული ტიპის უთო პროფესიონალებისთვისაა და უმთავრესად ტანსაცმლის სალონებსა და ატელიეებში შეხვდებით. დიდი სიმძლავრის მქონე სტაციონარული მოდელი ერთი შეხედვით მტვერსასრუტს წააგავს. აქვს დიდი ზომის ავზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლე ხანში ბევრის დაუთოება შეუძლია. ორთქლი მაღალი წნევით ხვდება ქსოვილს და ღრმა ნაკეცებს ასწორებს. მოდელების უმრავლესობა აღჭურვილია ორთქლის რეგულატორებით, რათა ორთქლის მიწოდების სიმძლავრე ქსოვილის ტიპს მოვარგოთ. შესაძლებელია დგამის სიმაღლის რეგულირებაც.

გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

უპირველეს ყოვლისა, შეარჩიეთ უთოს ტიპი. ხელის უთო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსუბუქი და მოხერხებულია, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორი ხელი ოდნავ დაჭმუჭნილი ტანსაცმლის სახელდახელოდ გასაუთოებლად. თუ ჩვეულებრივი უთოს ალტერნატივას ეძებთ, სტაციონარული მოდელი უფრო გამოგადგებათ.

სიმძლავრე და ორთქლის ძალა

დენის მოხმარება მიუთითებს, რამდენად დიდია სპირალი, რამდენად სწრაფად ცხელდება წყალი და რამდენად მძლავრია ორთქლის ჭავლი. ხელის უთოსთვის ნორმალურია 1000-დან 2000 ვატამდე სიმძლავრე, თუმცა ყველაზე კომპაქტურ მოდელებს 600-1000 ვატიც ჰყოფნის.

ორთქლის ნაკადის ძალა გვიჩვენებს, რა მოცულობის ორთქლს უშვებს უთო წუთში. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ეფექტურად მუშაობს ხელსაწყო. ხელის უთოსთვის ორთქლის ნაკადის ძალა 20 გ`წთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, სტაციონარული მოდელებისთვის კი 30-დან 40-მდეა ოპტიმალური. რაც უფრო მაღალი წნევით გამოისვრის უთო ორთქლის ჭავლს, მით უფრო ღრმად აღწევს ის ბოჭკოებში და მით უფრო სწაფად სწორდება ქსოვილის ნაკეცი.

გაცხელების დრო

სასურველია იმის ცოდნაც, რამდენი ხანია საჭირო ორთქლის წარმოსაქმნელად. ხელის უთოსთვის, სასურველია, ეს დრო არ იყოს ერთ წუთზე მეტი. შედარებით მეტი ხანი – წუთ-ნახევრამდე – სჭირდება გასაცხელებლად სტაციონარულ მოდელებს.

ავზის მოცულობა

კომპაქტური მოდელებისთვის, რომლებსაც 5-7 წუთის განმავლობაში ამუშავებთ, 100 მლ ტევადობის ავზი საკმარისია. თუ 15-20 წუთით გჭირდებათ, 200-დან 300 მლ-მდე ტევადობის ავზი უნდა ჰქონდეს. სტაციონარულ მოდელებს 3 ლიტრამდე ტევადობის ავზი აქვს და 2 საათამდე მუშაობს.

უსაფრთხოების ზომები

ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოების ზომებს, რადგან ელექტროენერგია და წყალი ერთად საშიში კომბინაციაა.

1. თუ ავზი ცარიელია, უთო ავტომატურად უნდა გაითიშოს. ეს მექანიზმი იცავს ხელსაწყოს გადახურებისგან და სპირალს - დაზიანებისგან.

2. ექსპლუატაციის დროს სპირალი განსაზღვრულ ტემპერატურამდე უნდა გაცხელდეს. მისი უკონტროლო გაცხელების შემთხვევაში ხელსაწყო შესაძლოა გადახურდეს და მწყობრიდან გამოვიდეს. თუ უთო ზომაზე მეტად გაცხელდა, დაცვის სპეციალური მექანიზმი მას ავტომატურად გათიშავს.

3. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების, მაგალითად, დენის ცვალებადობის ან მაღალი ძაბვის შემთხვევაში დამცავმა მექანიზმმა ხელსაწყო ავტომატურად უნდა გათიშოს.

დაცვის მექანიზმი აქტიურდება მაშინაც, როცა უთო დიდი ხანია ჩართულია, რათა ის გადახურებისგან დაიცვას.

რას მივაქციოთ ყურადღება გამოყენებისას

* პირველ გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და გაითვალისწინეთ მწარმოებლის მითითებები.

* ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ, დაზიანებული ხომ არ არის უთო.

* ავზი მაქსიმალურ ნიშნულამდე შეავსეთ.

* ნუ ჩაასხამთ წყალში სურნელოვან ნივთიერებებს ან ეთერზეთებს – ისინი ხელსაწყოს აზიანებენ.

* უთოობის დაწყებამდე წაიკითხეთ ტანსაცმლის ეტიკეტი. მგრძნობიარე და დაპრინტული ქსოვილები შიგნითა მხრიდან დაამუშავეთ, უთო კი განსაზღვრულ მანძილზე გეჭიროთ.

* ცალი ხელით ქსოვილი დაჭიმეთ, ხოლო მეორით ორთქლი ნელა ჩამოატარეთ ზემოდან ქვემოთ. თუ ქსოვილის შემადგენლობა ამის უფლებას გაძლევთ, უმჯობესია, უთოს თავი ოდნავ ეხებოდეს ქსოვილს. ნუ მიმართავთ ორთქლის ნაკადს საკუთარი თავისკენ.

* ღრმა ნაკეცების გასასწორებლად ქსოვილი ორივე მხრიდან გააუთოეთ.

* რეგულარულად შეამოწმეთ წყლის ოდენობა, რადგან ავზის დაცლის შემდეგ ყველა მოდელი ავტომატურად არ ითიშება.

* ნუ დაიუთოებთ ტანსაცმელს ტანზე – ორთქლის ტემპერატურა ზოგჯერ 110 გრადუსსაც კი აღწევს და შესაძლოა, დაგწვათ.

როგორ მოვუაროთ

  • გაწმენდის წინ შეამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ უთო დენის წყაროდან გამორთულია.
  • გამოყენების შემდეგ უთო კარგად გაამშრალეთ ხელსახოცით ან მშრალი ქსოვილის ნაჭრით, წყლის წვეთები რომ არ შერჩეს.
  • ავზისა და ნასვრეტების ნადებისგან გასაწმენდად მიჰყევით მწარმოებლის მითითებებს. თუ საჭირო ინფორმაცია ინსტრუქციაში არ არის მოყვანილი, შეგიძლიათ, უთო ნადების მოსაცილებელი სპეციალური საშუალებით ან ლიმონმჟავათი გაწმინდოთ.
  • გამოყენების შემდეგ, უთოს შენახვამდე, ავზი დაცალეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: