როგორ გავიმარტივოთ სურსათის მომარაგებისა და სადილის მომზადების პროცესი
Share:
ოჯახისთვის საჭირო სურსათის მომარაგება და ყოველდღიური რაციონის შედგენა დედებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საფიქრალი ბევრია: როდის მოვუმზადოთ პატარას ხორციანი კერძი, როდის შევთავაზოთ ბოსტნეული, როგორ დავაბალანსოთ რაციონი ისე, რომ ბავშვმა ყველა საჭირო ინგრედიენტი მიიღოს?
საქმის გაადვილება სწორ დაგეგმვასა და ორგანიზებას შეუძლია. გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რათა დროც დაზოგოთ, რაციონიც ჯანსაღი იყოს და იმავდროულად ბავშვსაც გაუჩინოთ ინტერესი ამ პროცესების მიმართ.
მენიუს შედგენა
- წინასწარ შეადგინეთ კვირის მენიუ, რათა პროდუქტები უფრო გააზრებულად და გამიზნულად შეიძინოთ.
- დააწესეთ თემატური დღეები, მაგალითად, ორშაბათი – ხორციანი კერძებისთვის, სამშაბათი – ბოსტნეულისთვის, ოთხშაბათი – წვნიანებისთვის და ა.შ.
- უმჯობესია, მოამზადოთ მარტივი, მაგრამ მრავალნაირი კერძი, ვიდრე ერთი-ორი სახეობის და რთული. სურსათი გამოიყენეთ ისე, რომ ნარჩენი სხვა კერძისთვის გამოგადგეთ (მაგალითად, მოხარშული ქათმის ხორცის ნარჩენისგან სალათის მოზადება შეიძლება).
- ჩართეთ პროცესში ბავშვი. დაგეგმეთ კერძები, რომლებიც ბავშვსაც უყვარს და შესთავაზეთ არჩევანის გაკეთება ორ საყვარელ კერძს შორის, მაგალითად: "დღეს კატლეტი მოვამზადოთ თუ პიცა?"
საყიდლებზე სიარული
დაგეგმეთ საყიდლები კვირის დღეების მიხედვით:
ორშაბათი: ხორცი – საქონლის ` ფრინველის ` თევზის (თუ გაყინვას აპირებთ, შეგიძლიათ, შეიძინოთ ერთი კვირის სამყოფზე მეტი);
სამშაბათი: მარცვლეული, ბურღულეული, მშრალი საკვები;
ოთხშაბათი: ხილი და ბოსტნეული;
ხუთშაბათი: რძის ნაწარმი და ისეთი საკვები, რომელსაც მაცივარი სჭირდება;
პარასკევი: ტკბილეული.
საყიდლებზე წასვლის წინ ჩამოწერეთ სია, მიეცით ბავშვს და სთხოვეთ, გადახაზოს ის პროდუქტები, რომლებსაც კალათში მოათავსებთ. ყიდვის პროცესიც უფრო ხალისიანად წარიმართება და არც არაფერი დაგავიწყდებათ.
გაეცანით მარკეტების შემოთავაზებებს – ზოგჯერ სწორედ იმ პროდუქტებზე აქვთ ხოლმე კარგი ფასდაკლება, რომელთა ყიდვასაც იმ დღეს გეგმავთ.
განაწილება და შენახვა
გასაყინავი პროდუქტები გარეცხეთ და გაანაწილეთ კონტეინერებში. დააწერეთ, რომელში რა დევს და როდის არის გაყინული.
გასაყინავად ვარგისია: ხორცი, თევზი, ბულიონი, ბოსტნეული.
რამდენ ხანს ინახება?
* ხორცი და თევზი – 3-6 თვე
* დაჭრილი ბოსტნეული – 1-2 თვე
* პელმენი, კატლეტი – 3 თვემდე
შეგიძლიათ, გაყინოთ მზა კერძებიც: კატლეტი, ხორცის რულეტი ან ბლინი, პელმენი. მოგვიანებით ამის წყალობით უამრავი დრო დაგეზოგებათ.
ბევრი დრო მიაქვს ხილისა და ბოსტნეულის დარჩევას, დარეცხვასა და დაჭრას. თუ დარეცხილს და დაჭრილს შეინახავთ, საქმესაც გაიადვილებთ და დროსაც დაზოგავთ.
ჰერმეტული კონტეინერით მაცივარში დიდხანს ძლებს სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, ყაბაყი.
შეგიძლიათ, სალათისთვის საჭირო ბოსტნეული ერთმანეთში აურიოთ და ისე შეინახოთ. ჰერმეტული პაკეტით ის მაცივარში რამდენიმე დღეს გაძლებს.
ხილისთვის ოპტიმალურია გაყინვა. ასე შეგიძლიათ შეინახოთ სეზონური ხილი და კენკრა, მაგალითად, მოცვი, ჟოლო, მარწყვი, რათა მთელი ზამთარი ისიამოვნოთ ხილის კოქტეილით და ნამცხვრებით.
საქმიანობაში ბავშვის ჩართვა
- შეგიძლიათ, ბავშვი არა მხოლოდ სურსათის შეძენასა და დახარისხებაში, არამედ სადილის მომზადებაშიც დაიხმაროთ. თქვენც შეგიმსუბუქდებათ საქმე და ბავშვიც შეიძენს ახალ უნარ-ჩვევებს.
- მიეცით ბავშვს საშუალება, კვირაში ერთ დღეს თავად შეადგინოს "საკუთარი" მენიუ, ოღონდ წინასწარ განუსაზღვრეთ, რომელი პროდუქტების გამოყენება შეუძლია.
- მიეცით პატარ-პატარა სახალისო დავალებები, მაგალითად, დაჭრილი ბოსტნეულის კონტეინერებში განაწილება, სტიკერებზე სახელების დაწერა და დაწებება.
- შეგიძლიათ, სადილის მომზადების პროცესი თამაშად აქციოთ, მაგალითად: "აბა, ვინ უფრო სწრაფად გარეცხავს სტაფილოს?" ან "ვინ უფრო მეტ ბროკოლის მოათავსებს კონტეინერში"
- ბავშვისთვის განკუთვნილი კერძის მომზადების პროცესში ბავშვიც ჩართეთ. მიეცით საშუალება, ფორმებით თავად ამოჭრას ხრაშუნა ნამცხვრის ცომი, მოზილოს პელმენის ცომი, შეღებოს საჭმელი თავის საყვარელ ფერებად.
რამდენიმე პრაქტიკული რჩევა დროის დასაზოგავად
* შეძლებისდაგვარად ეცადეთ, იქონიოთ სამზარეულოს დამხმარე ტექნიკა: ჩოფერი, ელექტროსახეხი, ხორცის საკეპი, ბლენდერი. ეს ნივთები საქმეს გაცილებით გაგიმარტივებთ. დროსაც დაზოგავთ და სადილის მომზადებაც ნაკლებად სტრესული იქნება.
* "ერთი ქვაბის" კერძები: ისეთი კერძები, როგორიცაა რიზოტო, პასტა, ე. წ. ტყუილი წვნიანი, შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე ერთ ქვაბში მოამზადოთ – ნაკლები ჭურჭელი დაისვრება, შესაბამისად, დასარეცხიც ნაკლები გექნებათ.
* დროის განაწილება: განსაზღვრული პროდუქტების წინასწარ მომზადებისთვის, მოხარშვისთვის, დაჭრისთვის შეგიძლიათ კონკრეტული დრო დათქვათ. მაგალითად, ხახვის ტაფაზე მოთავსებიდან 5 წუთში ვჭრით კარტოფილს. თუ თქვენთვის უფრო მოხერხებულია, შეგიძლიათ, წინასწარვე დაჭრათ და გაამზადოთ ყველა პროდუქტი და კონკრეტულ დროს მოათავსოთ სადილის ქვაბში.
საქმე უფრო მეტად რომ გავიმარტივოთ
* მოიშველიეთ ნახევარფაბრიკატები: ზოგჯერ მიეცით თავს დასვენების უფლება და შეუკვეთეთ შინ მოტანით პიცა ან ოჯახის საყვარელი სხვა კერძი.
* მოამზადეთ ბევრი: ზოგიერთი კერძი შედარებით მეტხანს ძლებს და შეგიძლიათ, იმდენი მოამზადოთ, რომ რამდენიმე დღე გეყოთ (მაგალითად, ბოსტნეულის წვნიანი, ბოსტნეულის სალათა).
* მოიმარაგეთ ინგრედიენტები სახელდახელო დესერტისთვის: წინასწარ გაყინული ხილისა და იოგურტისგან სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ ჯანსაღ დესერტს.
ლიკა ქათამაძე







