არასასურველი ქცევის მიზეზები და მართვა
Share:
დაუსრულებელი წუწუნი, ტანტრუმი, ხელის დარტყმა, კბენა... ბავშვის პრობლემური ქცევის მართვის გასაღები ამ ქცევის გამომწვევი მიზეზის დადგენაა. ამისთვის ქცევის მართვის სპეციალისტები ხშირად მიმართავენ ფუნქციური ქცევის ანალიზს (Functional Behavior Analysis, FBA). ეს მეთოდი მშობლებსაც დიდ დახმარებას გაუწევს, ამიტომ მოდი, ვნახოთ, რაში მდგომარეობს ის.
ქცევის ანალიზი
ქცევის რეალური მიზეზის დასადგენად ვიყენებთ შემდეგ სქემას:
* წინაპირობა (antecedent) – რა მოხდა არასასურველ ქცევამდე?
* ქცევა (behavior) – სახელდობრ, რა არასასურველ ქცევას ჰქონდა ადგილი?
* შედეგი (consequence) – რა შედეგი მოჰყვა ამ ქცევას?
ქცევის ოთხი ფუნქცია
ფუნქციური ქცევის ანალიზზე საუბრისას სიტყვა "ფუნქცია" გულისხმობს ქცევის მოტივაციას ან მიზანს. ეს უკანასკნელი ყოველთვის აშკარა არ არის. ისიც შესაძლოა, ქცევას ერთზე მეტი მიზეზი ჰქონდეს. ასე რომ, მშობლებს დეტექტივის როლის მორგება მოგიწევთ: მიჰყევით ქრონოლოგიურად და გაიხსენეთ, რა მოხდა ტანტრუმამდე, რას შეიძლება მოეხდინა ბავშვზე ასეთი გავლენა, გამოეწვია მისი არასასურველი ქცევა.
ქცევას ოთხი ფუნქცია აქვს:
1. არასასურველი სიტუაციისგან გაქცევა ან მისი გადავადება;
2. სასურველი ნივთის მიღება;
3. ყურადღების მიღება;
4. სენსორული სტიმულაცია.
უნდა განსაზღვროთ, ამ ოთხიდან რომელი უდევს საფუძვლად თქვენს შემთხვევას და ამის შემდეგ სცადოთ არასასურველი ქცევის მართვა.
მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული მათგანი.
1. არასასურველი სიტუაციისგან გაქცევა ან მისი გადავადება
ბავშვებს არ უყვართ, როდესაც რამეს აიძულებენ, უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ შესაძლოა, ეს მათთვისვე იყოს კარგი (მაგალითად, ბოსტნეულის ჭამა, ოთახის დალაგება, საშინაო დავალების შესრულება…). არასასურველი ქცევით ისინი უფროსის ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობენ.
იყო ასეთი შემთხვევა: მოსწავლე ბიჭმა მათემატიკის გაკვეთილის დაწყებისას ჩაარტყა თანაკლასელ გოგოს, რისთვისაც მასწავლებელმა ის კლასიდან გააძევა. ქცევას მარტივი მიზეზი აღმოაჩნდა: მათემატიკის გაკვეთილის გაცდენის სურვილი.
როგორ შევუცვალოთ ბავშვს ამ მიზეზით გამოწვეული არასასურველი ქცევა?
* მაქსიმალურად შეუმსუბუქეთ სიტუაციის ტვირთი: შეუმცირეთ იმ საკვების ულუფა, რომელიც არ უყვარს, დაეხმარეთ მათემატიკის უკეთ გაგებაში და ა.შ.
* აჩვენეთ, რომ გაქცევა გამოსავალი არ არის. თუ ზამთარში შინიდან გასვლის წინ პალტოს ჩაცმაზე უარს ამბობს, შესთავაზეთ სხვა ვარიანტი – მაგალითად, ქურთუკი – ან ვარიანტები, საიდანაც აირჩევს სასურველს. თბილი ზედა ჩასაცმელის გარეშე შინიდან გასვლა ამ ვარიანტებს შორის არ განიხილება.
* პატარ-პატარა დავალებების შესრულებისთვის შეაქეთ.
2. სასურველი ნივთის მიღება
შესაძლოა, მიზანი იყოს არა კონკრეტული ნივთი – სათამაშო ან ტკბილეული, არამედ სასურველ აქტივობაზე, მაგალითად, ეზოში მეტხანს დარჩენაზე, პლანშეტზე მეტხანს თამაშზე, უფროსების დაყოლიება. ვითარების არსი ამით არ იცვლება.
მიზანი ხან აშკარაა, ხან – არა. მაგალითად, როცა ბავშვი გაუთავებლად ითხოვს სუპერმარკეტში რამის ყიდვას, მზად ხართ, თქვენი ტელეფონი დაუთმოთ სათამაშოდ, ოღონდ კი გაჩუმდეს და აზრადაც არ მოგდით, რომ მისი მიზანი იმთავითვე სწორედ გაჯეტის ხელში ჩაგდება იყო.
როგორ შევუცვალოთ არასასურველი ქცევა?
* ეცადეთ, პოტენციური პრობლემები წინასწარ მოაგვაროთ. მაგალითად, სუპერმარკეტში შესვლამდე შეუთანხმდით, რომ მხოლოდ ერთ ნივთს უყიდით, ამიტომ კარგად აარჩიოს ან, თუ მშვიდად დაგაცდით შოპინგის დასრულებას, გამოსვლისას ერთ მისთვის სასურველ ნივთს უყიდით.
* მოაშორეთ ნივთი თვალსაწიერიდან: როდესაც ბავშვი მას ვერ ხედავს, ისე ძალიან აღარ უნდება. თუ მაინც მოითხოვა, – მაგალითად, პლანშეტი, – დაუსახელეთ კონკრეტული დრო და ვადა – როდის და რამდენი ხნით ათხოვებთ.
3. ყურადღების მიღება
ამ დროს ბავშვს უბრალოდ ყურადღება სურს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოფერება იქნება ეს თუ დატუქსვა, მთავარია, ყურადღება იყოს მკაფიო და მყისიერი.
როგორ შევუცვალოთ არასასურველი ქცევა?
* დაასაქმეთ. თუ ბავშვი ხშირად ითხოვს ყურადღებას, თქვენ კი ყოველთვის არ გცალიათ, ორად გახლეჩას სჯობია, სანამ საქმეს დაასრულებთ, ისიც რაიმე საქმიანობით დააკავოთ. მაგალითად, თუ სადილს ამზადებთ, კვერცხის ათქვეფა სთხოვეთ. ერთადაც იქნებით და ისიც საჭიროდ იგრძნობს თავს.
* რეგულარულად გამოიჩინეთ დადებითი ყურადღება. ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად აღნიშნოთ და შეუქოთ კარგი ქცევა.
4. სენსორული სტიმულაცია
ამ შემთხვევაში ბავშვი ცუდად იქცევა, რადგან სიამოვნებს ან უბრალოდ ენერგიას ხარჯავს.
სენსორული სტიმულაციით გამოწვეული ქცევები განსაკუთრებით ხშირია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათთან, ვისაც სენსორული პროცესირების პრობლემები აქვთ.
როგორ შევუცვალოთ არასასურველი ქცევა?
* შესთავაზეთ უსაფრთხო ალტერნატივა. მაგალითად, თუ ბავშვი ნერვიულობის გამო ფრჩხილებს იკვნეტს, შესთავაზეთ ისეთი აქტივობა, რომ ხელები დააკავოს. მაგალითად, დააწებეთ ხელებზე პატარ-პატარა სტიკერები, რომლებსაც აიძრობს და ისევ დაიწებებს. ამ საქმიანობას იგივე ეფექტი ექნება მისთვის, რაც ფრჩხილების კვნეტას ჰქონდა.
* შეიტანეთ ცვლილებები გარემოში – უყიდეთ ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები, ჩააცვით კომფორტული ტანსაცმელი, ყოველთვის თან იქონიეთ ნერვების დამამშვიდებელი სქუიში (ხელში საჭყლეტი რბილი სათამაშო).
იმის შესამოწმებლად, რამდენად ეფექტურად მუშაობს სტრატეგია, რეგულარულად ჩაიწერეთ და გააანალიზეთ მიღებული შედეგები. თუ ქცევა არ იცვლება, შესაძლოა, არასწორად განსაზღვრეთ მოტივაცია ან ქცევას ერთზე მეტი ფუნქცია აქვს.
თუ არასასურველმა ქცევამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ იჩინა თავი, თავიდან დაიწყეთ მასზე მუშაობა, ეძებეთ სხვა მოტივატორები, რადგან ბავშვის ზრდასთან ერთად ქცევის მოტივაციაც იცვლება.
ლიკა ქათამაძე







