როგორ შევარჩიოთ წნევის აპარატი

გააზიარე:

არტერიული წნევის კონტროლი სიცოცხლისთვის საშიში მრავალი დაავადების პრევენციის საშუალებაა. სპეციალისტების რეკომენდაციით, სამი წლიდან მოყოლებული, ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს წნევა, განურჩევლად იმისა, უჩივის თუ არა რამეს. ვინაიდან არტერიულ ჰიპერტენზიას სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს, ბევრმა არც კი იცის, რომ მაღალ წნევას ატარებს. ამის დადგენის ერთადერთი გზა წნევის გაზომვაა. პროცედურა, ერთი შეხედვით, მარტივია, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნია.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ინტერვიუს ექიმსა  და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტ დავით ბერუაშვილთან, რომელიც აგვიხსნის, რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ წნევის აპარატი და როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა სწორად:

პირველი ნაბიჯები

– არტერიული წნევის ცვალებადობა ინგლისელმა ბოტანიკოსმა, ქიმიკოსმა და გამომგონებელმა სტივენ ჰეილსმა აღმოაჩინა 1733 წელს. მან ცხენის არტერიული წნევა პირდაპირი მეთოდით ანუ უშუალოდ სისხლძარღვში ჩადგმული მინის მილით შეაფასა. მკვლევარი აკვირდებოდა გამჭვირვალე მილში სისხლის დონის აწევ-დაწევას და დაასკვნა, რომ ეს მოვლენა არტერიებში წნევის მერყეობით იყო გამოწვეული. სამწუხაროდ, ჰეილსის აღმოჩენა ადამიანის სისხლის წნევის შესწავლის საშუალებას არ იძლეოდა, რადგან პროცედურა მაღალინვაზიური იყო და ყოველი ცდა ცხოველის სიკვდილით მთავრდებოდა.

ადამიანის არტერიული წნევა პირველად ლიონელმა ქირურგმა ჟან ფეივრიმ გაზომა 1856 წელს. ქვედა კიდურის ამპუტაციის შემდეგ მან პაციენტის ბარძაყის არტერია სპეციალური მილით დაუკავშირა ვერცხლისწყლის მანომეტრს და ასე შეაფასა სისხლძარღვში გამავალი სისხლის წნევა (120 მმ ვწყ სვ).

1881 წელს ავსტრიელმა ექიმმა სამუელ რიტერ ფონ ბაშმა შექმნა პირველი სფიგმომანომეტრი (ვერცხლისწყლიანი წნევის საზომი აპარატი), თუმცა მისმა ქმნილებამ იმ ეპოქის სამედიცინო საზოგადოების ნდობა ვერ დაიმსახურა.

1896 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იტალიელმა ექიმმა სციპიონე რივა-როჩიმ აღწერა თავისი გამოგონება – პორტატიული წნევის საზომი აპარატი, რომელიც შედგებოდა მხრის არტერიაზე შემოსახვევი მანჟეტისგან (ამ დანიშნულებით რივა-როჩი ველოსიპედის კამერას იყენებდა), რეზინის ბურთისგან, რომლის შეკუმშვა მანჟეტის გაბერვას უზრუნველყოფდა და ვერცხლისწყლიანი მანომეტრისგან. მანჟეტის გაბერვის შემდეგ არტერიაზე პულსი ქრებოდა, მანჟეტის მოშვებისას კი კვლავ ჩნდებოდა. ამ ფენომენზე დაყრდნობით განსაზღვრავდა რივა-როჩი არტერიულ წნევას, თუმცაღა მხოლოდ სისტოლურს, რაც ხელსაწყოს მთავარი ნაკლი გახლდათ.

წნევის აპარატის შემდგომი გაუმჯობესება და თანამედროვე საზომის შემუშავება 1905 წელს მოხდა, როდესაც რუსმა ექიმმა ნიკოლაი კოროტკოვმა "კოროტკოვის ბგერების" აღმოჩენის შემდეგ დაადგინა განსხვავება სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის და დიასტოლური არტერიული წნევა გაზომა.

2009 წლის 17 თებერვალს ევროპარლამენტმა ვერცხლისწყლის შემცველი აპარატები მათი მაღალი ტოქსიკურობის გამო აკრძალა.

მექანიკური თუ ელექტრო

– ციფრული ტენოლოგიების განვითარებასთან ერთად მედიცინაშიც გამოიკვეთა ადამიანზე ნაკლებად დამოკიდებული აპარატურის შექმნის საჭიროება. თუ წინათ ოქროს სტანდარტად მექანიკური აპარატები იყო მიჩნეული, 2023 წლის გაიდლაინში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ისინი ციფრული მოდელებით შეცვალა. მეტსაც გეტყვით: დიდ ბრიტანეთში მხოლოდ იმ სამედიცინო პერსონალს აქვს მექანიკური წნევის აპარატის გამოყენების უფლება, რომელიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სპეციალურ სერთიფიკატს ფლობს. ალბათ გაგიკვირდებათ, წნევის გაზომვას რა განსაკუთრებული ცოდნა უნდაო. მექანიკური აპარატების გამოყენებისას მცდარი შედეგი ყველაზე მეტად სუბიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. პაციენტისგან ხშირად გამიგონია, საერთოდ არ მჭირდება ფონენდოსკოპი, თვალით ვაკონტროლებ ისარს და თამაშს რომ დაიწყებს, უკვე ვიცი, წნევა რამდენი მაქვსო. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულების გამოა ქვეყანაში საგანგაშო სტატისტიკა: ავადმყოფობით გარდაცვალების ყოველი ასი შემთხვევიდან სამოცდაათი ინსულტისა და ინფარქტის წილად მოდის.

მაშასადამე, მექანიკური წნევის აპარატის გამოყენებისას მნიშვნელოვანია გამზომავის სმენა და მხედველობა. რაც უნდა აბსოლუტური სმენა ჰქონდეს ადამიანს, ის ვერასოდეს "გაიგონებს" არტერიული წნევის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა, მაგალითად 143`86 მმ ვწყ სვ ან 128`72 მმ ვწყ სვ. კვლევების თანახმად, ადამიანის სმენასა და ელექტროაპარატის სენსორის მგრძნობელობათა შორის შეფარდებაა 1:100, რაც ნიშნავს, რომ ელექტროაპარატის სენსორი 100 ყურის სიზუსტით აღიქვამს პულსურ დარტყმას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მექანიკური აპარატის ნაწილების მდგომარეობა: მოგეხსენებათ, თანამედროვე მანომეტრებში ვერცხლისწყლის სვეტი ზამბარიანი მექანიზმით არის ჩანაცვლებული. ზუსტი შედეგის მისაღებად ეს დეტალი ხარისხიანი ლითონისგან უნდა იყოს დამზადებული, რომელსაც თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს. შეუძლებელია, ზამბარის დაჭიმულობის კოეფიციენტი ერთნაირი იყოს მანომეტრის შეძენიდან პირველ, მეხუთე და მეათე წელს. შესაბამისად, უხარისხო ან ძველი მანომეტრით წნევის გაზომვისას მცდარ შედეგს მიიღებთ.

არ შეიძლება მექანიკური აპარატით წნევის თვითგაზომვა, რადგან – ისევ და ისევ სუბიექტური მიზეზების გამო – მიღებული რიცხვები მცდარი იქნება.

პაციენტები, განსაკუთრებით – ასაკოვნები, ხშირად თავს არიდებენ წნევის გაზომვას, რადგან მტკივნეულ პროცედურად აღიქვამენ. ეს ზედმეტად გადაბერილი მანჟეტის ბრალია. არ შეიძლება, მაღალწნევიან და დაბალწნევიან ადამიანს მანჟეტი ერთნაირად, 200-250 ერთეულამდე გაუბერო. მანჟეტის გაბერვა პულსაციის გაქრობიდან 30-40 ერთეულის შემდეგ უნდა შეწყდეს, რათა არტერიის ზედმეტი კომპრესიით გამოწვეული დისკომფორტი და მცდარი შედეგი არ მივიღოთ.

მანჟეტი მხრის ანატომიურ ფორმას უნდა იმეორებდეს, რათა სწორად მოერგოს კიდურს. ადამიანის მხარს კონუსისებრი ფორმა აქვს: ზემოთ ფართოა, ქვემოთ – შედარებით ვიწრო, – ამიტომ პარალელურკიდეებიანი მანჟეტი მკლავს სწორად ვერ ერგება, ქვედა კიდესთან ყოველთვის რჩება ცარიელი ადგილი. ასეთი მანჟეტის გაბერვისას ზედა კიდე მჭიდროდ ეკვრის მხარს, მაგრამ ქვედა იმავე კომპრესიას ვერ ახორციელებს და არაზუსტი მონაცემების მიზეზად იქცევა, ამიტომ კომპანია "ომრონმა" შექმნა მარაოს ფორმის მანჟეტი, რომელიც ზუსტად იმეორებს მხრის ფორმას და მჭიდროდ ეკვრის მას. მანჟეტში ჩატუმბული ჰაერი მკლავს თანაბრად აწვება, არ იწვევს დისკომფორტს და შედეგიც სანდოა.

– რა უპირატესობა აქვს ელექტროაპარატს?

– როგორც მოგახსენეთ, განვითარებულ ქვეყნებში წნევის საზომ მექანიკურ აპარატებს ფაქტობრივად აღარ იყენებენ. ისინი შეცვალა ელექტრონულმა მოწყობილობებმა, რომლებიც აღჭურვილია ინტელექტუალური მგრძნობელობის ტექნოლოგიით. ეს უკანასკნელი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს მანჟეტში ჩასატუმბავი ჰაერის მოცულობას და გამორიცხავს არტერიის ზედმეტ კომპრესიას წნევის გაზომვის დროს. წნევის ელექტრონული აპარატები განსაკუთრებით მოხერხებულია მარტოხელა ასაკოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც წნევის რეგულარული კონტროლი სჭირდებათ.

ბოლო თაობის წნევის აპარატები აღჭურვილია ე.წ ჭკვიანი მანჟეტებით. როგორც უნდა შემოიკრათ ასეთი მანჟეტი მხარზე (არ არის აუცილებელი, მილი იდაყვის ფოსოს პროექციაზე იყოს), 360-გრადუსიანი სენსორი მაინც აღიქვამს პულსურ ტალღას და სწორად გაზომავს წნევას.

თანამედროვე აპარატებს დამატებითი ფუნქციებიც აქვს, მაგალითად, არტერიული წნევის მონაცემების დამახსოვრება და არარეგულარული გულისცემის გამოვლენის შემთხვევაში ხმოვანი ან ვიზუალური გამაფრთხილებელი სიგნალის გამოცემა. ზოგიერთი აპარატი აღჭურვილია მოციმციმე არითმიის დეტექტორით, ანუ შეუძლია დაადგინოს, ხომ არ არის გამოწვეული გაზომვის დროს გამოვლენილი გულის რიტმის დარღვევა წინაგულთა ფიბრილაციით. ამ დროს წინაგულები ვერ ახერხებენ პარკუჭებში სისხლის გადასროლას და იქმნება წინაგულებში სისხლის შეგუბებისა და თრომბის წარმოქმნის პირობები. შესაძლოა, მოხდეს წინაგულიდან თრომბული მასის გადასროლა და რომელიმე ორგანოს არტერიის დახშობა, რაც იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგალითად, ინსულტს.

მაჯის აპარატები უმეტესად მაშინ გამოიყენება, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ვერ ხერხდება მხრის აპარატის მორგება, თუმცა სპეციალისტები 55 წელს გადაცილებულ პაციენტებთან პერიფერიულ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების მაღალი ალბათობის გამო მაჯის აპარატების გამოყენებას არ გვირჩევენ. ასეთი აპარატის მომხმარებლებმა წნევის გაზომვის დროს მაჯა გულის დონეზე უნდა ასწიონ, სხვაგვარად მიღებული მონაცემები არასწორი იქნება.

მომხმარებლის კომფორტისთვის “ომრონის” მაჯის აპარატებს აქვს გულის დონის აღმომჩენი ფუნქცია და მხოლოდ ხელის სწორას მოთავსებისას ზომავს წნევას.

როგორ გავიზომოთ სწორად

– სწორი მონაცემები რომ მიიღოთ, წნევის გაზომვისას აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

  • წნევის გაზომვამდე ნახევარი საათის განმავლობაში არ ივარჯიშოთ, არ ჭამოთ, არაფერი დალიოთ, მით უმეტეს – კოფეინიანი (ჩაი, ყავა) ან ალკოჰოლიანი სასმელი, არ მოწიოთ სიგარეტი.
  • ეცადეთ, სავსე არ გქონდეთ ნაწლავები და შარდის ბუშტი.
  • წნევის გაზომვამდე, სულ ცოტა, ხუთი წუთით ადრე დაჯექით კომფორტულ, მყარზურგიან სკამზე და მოეშვით.
  • ტერფები იატაკზე დადგით, ფეხები არ გადააჯვარედინოთ.
  • არ ილაპარაკოთ ხუთი წუთი წნევის გაზომვამდე, არც უშუალოდ გაზომვის დროს.
  • გაითავისუფლეთ მკლავი მანჟეტისთვის – ის შიშველ კანზე უნდა გაკეთდეს და არა ტანსაცმელზე.
  • მანჟეტი კარგად უნდა იყოს შეკრული, არც მეტისმეტად მჭიდროდ და არც ხალვათად.
  • შეწყვიტეთ მანჟეტის გაბერვა პულსაციის გაქრობიდან 30 ერთეულის შემდეგ, რათა შემთხვევით არ დააზიანოთ არტერია.
  • ხელი დაბლა არ დაუშვათ – მაგიდაზე დადეთ მკერდის სიმაღლეზე, ისე, რომ მანჟეტი გულის დონეზე მოხვდეს.
  • სასურველია, წნევა ორივე მკლავზე გაიზომოთ, მომდევნო გაზომვისთვის კი ის აირჩიოთ, რომელზეც უფრო მაღალი აჩვენა.
  • ეცადეთ, არტერიული წნევა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაიზომოთ.
  • გაიზომეთ მინიმუმ ორჯერ 1-2-წუთიანი ინტერვალით.

მარი მარღანია

გააზიარე: