ბავშვი და ყურის ჯანმრთელობა
Поделитесь:
ბავშვის ყურის ჯანმრთელობა მშობლებს ხშირად უყურადღებოდ რჩებათ. ჯანმრთელი ყურები აუცილებელია სრულფასოვანი სმენისა და კომუნიკაციისთვის.
ყურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – ინფექციური ანთება, სმენის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება და სხვა – ბავშვებთან საკმაოდ ხშირად გვხვდება. ეს პრობლემები უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე. მათი ადრეული აღმოჩენა, სწორი მკურნალობა და პრევენცია მძიმე გართულებების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.
რა შეიძლება დაემუქროს ბავშვის ყურებს? რა სიმპტომები მოითხოვს ყურადღებას და როგორ გავუფრთხილდეთ სმენის ორგანოს?
ყურების დანიშნულება
ყურის ფუნქციაა ბგერების შეგროვება, დამუშავება და ტვინისკენ გაგზავნა, სადაც მათი აღქმა და ინტერპრეტაცია ხდება. სმენის ორგანო სამი ნაწილისგან შედგება: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან. სამივე მათგანის გამართული მუშაობა უზრუნველყოფს ხმოვანი სიგნალების სწორად გადაცემას.
გარეთა ყური ნიჟარისა და გარეთა სასმენი მილისგან შედგება. ნიჟარა აგროვებს ბგერებს, მილი კი მათ შუა ყურისკენ გზავნის. სასმენ მილში არსებული სპეციალური ჯირკვლები წარმოქმნის ყურის ცვილს/გოგირდს. ამ უკანასკნელს გარეთ გამოაქვს ჭუჭყი, მიკრობები და მავნე ნაწილაკები, იცავს ყურს ინფექციისგან და სასმენ მილს ტენიანობასა და სისუფთავეს უნარჩუნებს.
შუა ყური ჰაერით სავსე ღრუა, რომელშიც ხმოვანი ტალღები მექანიკურ ვიბრაციად გარდაიქმნება. სწორედ ეს ვიბრაცია გადაეცემა შიგნითა ყურს. შუა ყური გარეთა ყურისგან გამიჯნულია თხელი მემბრანით – დაფის აპკით. გარედან შემავალი ბგერები არხევს აპკს და მასზე მიმაგრებულ პატარა ძვალს – ჩაქუჩს. აქედან რხევა გადაეცემა კიდევ ორ ძვალს: გრდემლსა და უზანგს. უზანგს, გრდემლს და ჩაქუჩს სასმენ ძვლებს ვუწოდებთ.
დაფის აპკის ორივე მხარეს წნევა თანაბარი უნდა იყოს. გარედან აპკს აწვება ატმოსფერული წნევა, შიგნიდან კი წნევა ევსტაქის მილის საშუალებით რეგულირდება. ეს მილი ერთმანეთთან აკავშირებს შუა ყურს და ცხვირის უკანა მხარეს. ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე ატმოსფერული წნევა სხვადასხვაა. როდესაც ადამიანი სიმაღლეს იცვლის, მის სხეულზე მოქმედი ატმოსფერული წნევაც იცვლება, რასაც თან სდევს ყურების დაგუბება და ტკაცუნის მსგავსი ხმიანობა.
შიგნითა ყური, იგივე ლაბირინთი, შედგება კოხლეასგან, იმავე ლოკოკინასგან, და წონასწორობის სისტემისგან. ეს უკანასკნელი შეიცავს ორ სითხით სავსე აპკს და სამ ნახევარწრიულ არხს. უზანგიდან წასული რხევა შიგნითა ყურში ხვდება და ნერვულ სიგნალად გარდაიქმნება.
სმენისა და წონასწორობის სიგნალები ტვინამდე მიდის სმენის ნერვის გავლით, რომელიც ორი ნაწილისგან – კოხლეარული და ვესტიბულური ნერვებისგან შედგება.
ბავშვის ყური
ბავშვისა და მოზრდილის ყურები ანატომიურადაც და ფიზიოლოგიურადაც განსხვავდება ერთმანეთისგან:
* ბავშვს უფრო მოკლე და ფართო ევსტაქის მილი აქვს, რის გამოც ცხვირის ღრუდან შუა ყურში ინფექცია ადვილად ხვდება და ვითარდება ოტიტი – შუა ყურის ანთება. დაგროვილმა ჩირქმა შესაძლოა სმენის დროებითი დაქვეთება გამოიწვიოს.
* ბავშვის შუა ყურში ადვილად გროვდება სითხე, რაც ასევე შეიძლება სმენის დროებითი დაქვეითების მიზეზად იქცეს.
* სიმაღლის ცვლილებისას ბავშვის ევსტაქის მილი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს დაფის აპკის ორივე მხარეს წნევის გათანაბრებას, რაც ყურის დახშობას ან ტკივილს იწვევს.
ბავშვის დაფის აპკი უფრო თხელი და ბგერების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ ხმაურით ბავშვები მეტად წუხდებიან.
გამოკვლევის მეთოდები
ყურის მდგომარეობის შეფასების პირველი მეთოდია ოტოსკოპია. ოტოსკოპი განათების სისტემითა და გამადიდებელი ლინზით აღჭურვილი ხელსაწყოა. მისი მეშვეობით ათვალიერებენ სასმენ მილსა და დაფის აპკს. ექიმი ნაზად გადაწევს ყურის ნიჟარას, რათა სასმენი მილი გასწორდეს და ფრთხილად შეაქვს მასში ოტოსკოპის წვერი. ამ ხელსაწყოს მეშვეობით ფასდება არა მხოლოდ გარეთა, არამედ შუა ყურის მდგომარეობაც – დაფის აპკის ამობურცვა, შეშუპება, ჩრდილი შუა ყურში სითხის ან ჩირქის არსებობაზე მიანიშნებს.
ოტოსკოპით ყურის ყველა პრობლემას ვერ გამოავლენენ. შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა მეთოდების გამოყენებაც.
ტიმპანომეტრია აჩვენებს, როგორ მოძრაობს დაფის აპკი. ამ მეთოდით შეიძლება დადგინდეს შუა ყურში სითხის არსებობა ან დაფის აპკის პერფორაცია (გახვრეტა). ტიმპანომეტრიით იკვლევენ შუა ყურის მექანიკურ ფუნქციობას და აკუსტიკურ გამტარობას. ყურში ათავსებენ ტიმპანომეტრის პატარა ზონდს, რომელიც სასმენ მილში უშვებს ხმოვან სიგნალებს და ჰაერის ნაკადს. შედეგები აღირიცხება გრაფიკზე, რომელსაც ტიმპანოგრამა ეწოდება.
სმენას აუდიოლოგი იკვლევს. კვლევის მეთოდი ბავშვის ასაკზე, განვითარებასა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
მოვლის წესები
* ყურს აქვს თვითწმენდის უნარი. გაუწმინდეთ ბავშვს ყურის მხოლოდ გარეთა ნაწილი რბილი ქსოვილით ან ბამბით. არ შეიძლება სასმენ მილში ბამბის ჩხირისა თუ სხვა ნივთის შეყოფა – შესაძლოა, დაფის აპკი დააზიანოს და გოგირდიც უფრო ღრმად შეიტანოს ყურში. არც რამის ჩაწვეთება შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე.
* ასწავლეთ ბავშვს ცხვირის სწორად მოხოცვა (სასურველია, მანამდე, სანამ სურდო დაემართება). პირი მოკუმეთ, ცალ ნესტოზე თითი მიიჭირეთ, მეორით კი ნაზად ჩაბერეთ ცხვირსახოცში. შემდეგ ნესტო შეცვალეთ. აჩვენეთ ბავშვს, რას და როგორ აკეთებთ, მერე კი იგივე მოქმედებები მას შეასრულებინეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძლიერად არ ჩაბეროს, თორემ შესაძლოა, ლორწო ევსტაქის მილის გავლით შუა ყურში გადავიდეს და ანთება გამოიწვიოს.
* თუ ბავშვი პატარაა და თავად არ შეუძლია ცხვირის მოხოცვა, ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარი – ის ლორწოს დაარბილებს, მერე კი შეგიძლიათ, ასპირატორით გამოტუმბოთ.
* მოარიდეთ ბავშვი სიგარეტის კვამლს და დაბინძურებულ ჰაერს – მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისას შუა ყურის ანთების რისკი იმატებს.
* თუ ბავშვი ბევრს ცურავს და მიდრეკილება აქვს ყურის ინფექციისკენ, შესაძლოა, ექიმმა გირჩიოთ ყურის საცობების ან სპეციალური წვეთების გამოყენება, რომლებიც აჩქარებს ყურების გაშრობას ან მათ წყლისგან იცავს.
* კარგი იქნება, ჩვილს ექვსი თვე მაინც აწოვოთ ძუძუ. თუ ბავშვს ბოთლიდან კვებავთ, ჭამის დროს ისე დააწვინეთ, რომ თავი შემაღლებულზე ედოს.
* მოარიდეთ ბავშვები ხმაურს. ძლიერი ხმაურის (გაზონის სათიბი, სხვა ელექტროხელსაწყოები, მუსიკა კონცერტზე, მანქანაში, ყურსასმენებით) ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შესაძლოა სმენა დააქვეითოს. თუ გარშემო ხმაურია, ბავშვს ყურებზე დამცავი საშუალებები გაუკეთეთ. სახლში რაც შეიძლება დაბალ ხმაზე ამუშავეთ ტელევიზორი`რადიო`კომპიუტერი.
* თუ ბავშვი აუდიო– და ვიდეოკონტენტისთვის ყურსასმენებით სარგებლობს, აკონტროლეთ ხმის სიძლიერე.
* დროულად ჩაუტარეთ ბავშვს ყველა რეკომენდებული აცრა.
* ხელები იბანეთ ხშირად და კარგად და ბავშვიც იმავეს მიაჩვიეთ. ხელების ბანა ერთ-ერთი ნაცადი გზა იმ მიკრობების გავრცელების აღსაკვეთად, რომლებსაც ყურის ინფექციის გამოწვევა შეუძლია.
* გართულებების თავიდან ასაცილებლად დროულად უმკურნალეთ გაციებას და ალერგიას, რადგან ისინი ყურის პრობლემების გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია.
* ატარეთ ბავშვი ოტოლარინგოლოგთან პროფილაქტიკური შემოწმებისთვის. სმენის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დროულად მიმართეთ სპეციალისტს.
ფრენა და ყურები
ფრენის დროს ყურების დაგუბება ჩვეულებრივი ამბავია. ეს არასასიამოვნო შეგრძნება უკავშირდება დაფის აპკის შიგნით და გარეთ წნევის ცვლილებას. ბავშვებს შედარებით ვიწრო ევსტაქის მილი აქვთ და წნევის გათანაბრება უჭირთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მილი გაჭედილია ლორწოთი, დაბლოკილია გადიდებული ან შეშუპებული ადენოიდებით.
ატმოსფერული წნევა აფრენისას იკლებს, დაშვებისას კი იმატებს. მაღალი წნევა დაფის აპკს გარედან აწვება და ტკივილს იწვევს. სწორედ ამიტომ ტირიან ბავშვები ფრენის ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში. როგორც კი ევსტაქის მილები გაიხსნება, ტკივილი გაივლის.
თუ ბავშვს ყურის ინფექცია აქვს, შესაძლოა, ექიმმა მის გამოჯანმრთელებამდე ფრენის გადადება გირჩიოთ.
თუ დაფის აპკში ტიმპანოსტომიის მილია ჩადგმული, წნევა უფრო ადვილად თანაბრდება და ბავშვს ფრენა ნაკლებ დისკომფორტს უქმნის.
ტკივილის შესამსუბუქებლად:
* ფრენისას ბავშვს ასვით ბევრი წყალი: პირველი – ყლაპვის პროცესი ხსნის ევსტაქის მილებს; მეორე – როცა სხეულში წყლის სათანადო მარაგია, ლორწო თხელდება, თვითმფრინავის მშრალი ჰაერი კი ლორწოს ასქელებს და ევსტაქის მილების დახშობის ალბათობას ზრდის.
* თუ ელით, რომ თქვენს შვილს ფრენის დროს ყურები ეტკინება, მიეცით პარაცეტამოლი ან იბუპროფენი აფრენამდე ან დაფრენამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე.
* თუ ბავშვი სამ წელზე მეტი ხნისაა, დააღეჭვინეთ კევი.
* თუ ჩვილია, მიეცით საწოვარა, ძუძუ ან საწოვარიანი ბოთლი. ბოთლის მიცემისას გაითვალისწინეთ ბავშვის სხეულის პოზიცია.
* თუ ჩაეძინა, აფრენისა და დაფრენის დროს გამოაფხიზლეთ. ძილის დროს ადამიანი ნერწყვს არ ყლაპავს, ამიტომ შუა ყურში წნევის დარეგულირება ძნელია.
* მოზრდილ ბავშვებს შეასრულებინეთ სუნთქვითი ვარჯიშები: აფრენისა და დაფრენის დროს ჩავისუნთქავთ ნელა, ხელს ვიჭერთ ნესტოებზე და ფრთხილად ჩავბერავთ ცხვირით (პირი მოკუმული გვაქვს). საჭიროებისამებრ, ვიმეორებთ.
* თუ თქვენი შვილი იღებს ანტიჰისტამინურ საშუალებებს ან დეკონგესტანტების შემცველ მედიკამენტებს, ჰკითხეთ ექიმს, შეუძლია თუ არა მათი მიღება ფრენის დროს.
* თუ ტკივილი რამდენიმე საათამდე გაუხანგრძლივდა, შეგიძლიათ, ინსტრუქციისამებრ ტკივილგამაყუჩებლების მიცემა მის შემსუბუქებამდე გააგრძელოთ. თუ ტკივილი მეტხანს გაუგრძელდა, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
***
გარეთა ოტიტი – მოცურავის ყური
გარეთა ოტიტი სასმენი მილის ინფექციაა. ის ხშირად ემართებათ ბავშვებს, რომლებიც წყალში ბევრ დროს ატარებენ – როცა სასმენ მილში ჭარბი ტენია, კანი ღიზიანდება და მასში ადვილად იჭრებიან ბაქტერიები და სოკოები. ამიტომ არის, რომ გარეთა ოტიტი განსაკუთრებით ხშირია ზაფხულობით, როდესაც ბავშვები ბევრს ცურავენ, თუმცა მის განვითარებას ხელს უწყობს ყველა სხვა ფაქტორიც, რომელსაც სასმენი მილის კანის დაზიანება შეუძლია: სიმშრალე, ეგზემა, გაკაწვრა ბამბიანი ჩხირით, თმის სარჭით ან სხვა ნივთით... ისიც შესაძლოა, გარეთა ოტიტი შუა ოტიტის დროს დაფის აპკის პერფორაციის შედეგად შუა ყურიდან გადმოსულმა ჩირქმა გამოიწვიოს.
სიმპტომები
მოცურავის ყურის მთავარი ნიშანი ყურის ტკივილია. ის შეიძლება იყოს საკმაოდ ძლიერი, მოიმატოს ყურის გარეთა ნაწილზე შეხებისას, ღეჭვისას. ზოგ შემთხვევაში ტკივილის აღმოცენებას წინ უძღვის სასმენი მილის ქავილი.
სასმენი მილის შეშუპებამ შესაძლოა ყურის დაგუბება გამოიწვიოს.
ცვლილებები შესაძლოა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდეს: ყურის ნიჟარა წითელი და შეშუპებული იყოს, ხოლო ყურის ირგვლივ ლიმფური კვანძები – გადიდებული და მტკივნეული. ზოგჯერ სასმენი მილიდან გამონადენიც ჩნდება, როელიც თავდაპირველად გამჭვირვალეა, მერე კი შემღვრეული, მოყვითალო, ჩირქოვანი ხდება.
თუ ჩირქმა ან შეშუპებამ სასმენი მილი დაახშო, შესაძლოა, დროებით სმენაც დაქვეითდეს.
გარეთა ოტიტის დროს ბავშვების უმეტესობასთა სიცხე არ აქვს.
პრევენცია
მოცურავის ყურის თავიდან ასაცილებლად ცურვის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური ყურის წვეთების ჩაწვეთება, რომლებიც ძმარმჟავას ან სპირტის განზავებულ ხსნარს შეიცავს, ოღონდ მათი გამოყენება არ შეიძლება, თუ ბავშვს ჩადგმული აქვს ტიმპანოსტომიის მილი ან პერფორირებული აქვს დაფის აპკი.
მცირეწლოვან ბავშვებს ნუ მისცემთ ნებას, ყურები თავად გაიწმინდონ. გასაწმენდად ნუ გამოიყენებთ ბამბიან ჩხირებს. ყურები გააშრეთ ფენით. გრილი ჰაერის ნაკადი ყურიდან სულ მცირე, 30 სანტიმეტრზე დაიჭირეთ.
ცურვის დროს ბავშვს დაახურეთ საცურაო ქუდი ან გაუკეთეთ ყურის საცობები. თუ ყურში წყალი ჩაუვიდა, თავი გვერდზე გადაახრევინეთ და შეუმშრალეთ ყური პირსახოცით.
მკურნალობა
გარეთა ოტიტის მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავესა და ტკივილის სიძლიერეზე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთები და შეშუპების შესამცირებელი საშუალება. ყურის წვეთები გამოიყენება დღეში რამდენჯერმე 7-10 დღის განმავლობაში.
თუ სასმენი მილი ისეა შეშუპებული, რომ წვეთები კარგად ვერ ჩადის, შესაძლოა, ექიმმა მასში ჩადოს პაწაწინა ღრუბელი, ტამპონი, რომელიც წამლით გაიჟღინთება და ამგვარად, მის სასმენ მილში მოხვედრას შეუწყობს ხელს. წამალმა უკეთ რომ იმოქმედოს, ზოგიერთ შემთხვევაში ყურიდან იღებენ დაგროვილ მასას.
ძლიერი ინფექციის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს დასალევი ანტიბიოტიკები, ჩატარდეს ყურიდან გამონადენის მიკრობიოლოგიური ანალიზი გამომწვევის დასადგენად.
ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენება პარაცეტამოლი და იბუპროფენი.
მკურნალობის დაწყებიდან ერთი-ორი დღის შემდეგ ბავშვი თავს უკეთესად იგრძნობს, ხოლო 7-10 დღეში საბოლოოდ განიკურნება.
მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში ბავშვს ყურში წყალი არ უნდა ჩაუვიდეს, ამიტომ ბანაობის დროს ყურები დაუცეთ სპეციალური საცობებით ან ვაზელინიანი ბამბის ტამპონით; არ ჩაუშვათ აუზში, მდინარესა თუ ზღვაში.
***
გოგირდის საცობი
ყურის ცვილი, იგივე გოგირდი, წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება სასმენ მილში და თანდათანობით გარეთ გამოდის. ცვილი ატენიანებს სასმენ მილს, რითაც იცავს მას გამოშრობისა და ქავილისგან. ცვილი აკავებს მტვერსა და ჭუჭყს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ებრძვის ინფექციებს.
ბავშვების უმეტესობას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა ყურის ცვილის მოსაშორებლად. ყურების სისუფთავისთვის თავის რეგულარული ბანა საკმარისია. შეგიძლიათ, ყურის ნიჟარა პირსახოცით გაუწმინდოთ.
ზოგჯერ ცვილი ჭარბად წარმოიქმნება ან გროვდება და წარმოქმნის საცობს, რომელიც შემაწუხებელია, იწვევს ტკივილს და სმენაზეც მოქმედებს. მას ექიმი ამოქაჩავს სპეციალური ინსტრუმენტით ან ამორეცხავს თბილი წყლით. ზოგჯერ ცვილის დასარბილებლად წინასწარ საჭიროა სპეციალური წვეთების ჩაწვეთება. ნუ ეცდებით, თავად ამოიღოთ საცობი.
დაფის აპკის დაზიანება
დაფის აპკის ჯანმრთელობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბგერითი ტალღებით გამოწვეული მისი ვიბრაცია დიდ როლს ასრულებს ბგერების აღქმაში. გარდა ამისა, ის საიმედოდ იცავს შიგნითა ყურს.
დაფის აპკი შეიძლება დააზიანოს:
- ყურში შეყოფილმა უხეშმა, წვეტიანმა ნივთებმა და ბამბის ჩხირებმაც კი;
- ატმოსფერული წნევის უეცარმა ცვლილებამ, მაგალითად, თვითმფრინავით ფრენისას, მთაზე ასვლისას, ყვინთვისას (ბაროტრავმა);
- მაღალმა ხმამ (აკუსტიკური ტრავმა). მაგალითად, აფეთქებისას შესაძლოა წარმოიშვას იმდენად ძლიერი ბგერითი ტალღა, რომ დაზიანდეს დაფის აპკიც და კოხლეაც და დროებით ან სამუდამოდ დაქვეითდეს სმენა;
- თავის ტრავმამ;
- ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის პირდაპირმა ტრავმამ (ასეთი ტრავმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს, მაგალითად, ყურზე გაშლილი ხელის დარტყმისას);
- შუა ყურის ან შიგნითა ყურის ინფექციამ, რომლის დროსაც დაფის აპკის უკან ჩირქი ან სითხე გროვდება და აპკს ხეთქავს.
პერფორაციის ნიშნებია:
- ტკივილი (მსუბუქი ან ძლიერი), რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ძლიერდება, მერე კი ერთბაშად მცირდება;
- ყურიდან გამჭვირვალე, ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენი;
- სმენის დაკარგვა;
- ყურებში ზარის რეკვის მსგავსი ხმიანობა, შუილი ან ზუზუნი (ტინიტუსი);
- თავბრუ ან თავბრუხვევა (შეგრძნება, რომ ოთახი ტრიალებს);
- იშვიათად – სახის კუნთების სისუსტე
დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენს შვილს აქვს დაფის აპკის პერფორაციის რომელიმე სიმპტომი. მართალია, შემთხვევათა უმეტესობაში აპკი თავისთავად აღდგება, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ სმენის დაკარგვა დროებითია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს: ყურიდან სისხლიანი გამონადენი; ძლიერი ტკივილი; ცალ ყურში სმენის სრული დაკარგვა; თავბრუხვევა, რომელიც ღებინებას იწვევს.
მკურნალობა
პერფორირებული დაფის აპკი, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში თავისთავად აღდგება. ტკივილის შესამსუბუქებლად ექიმმი გამოწერს ურეცეპტოდ გასაცემ ტკივილგამაყუჩებლებს. ინფექციის თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ შესაძლოა დანიშნოს ანტიბიოტიკები – ტაბლეტების ან ყურის წვეთების სახით.
თუ დაფის აპკი რამდენიმე კვირაში თავისით არ შეხორცდა, შესაძლოა, ოტოლარინგოლოგმა დაფის აპკის ხვრელზე სპეციალური პლასტირის დადება შემოგთავაზოთ. შესაძლოა, ეს პროცედურა რამდენჯერმე გამეორდეს, სანამ დაფის აპკი საბოლოოდ არ შეხორცდება. თუ არც ეს მეთოდი აღმოჩნდა ეფექტური, შესაძლოა, ექიმმა გირჩიოთ ტიმპანოპლასტიკა. ამ ოპერაციის დროს აპკს უმეტესად სხეულის სხვა ნაწილებიდან აღებული ქსოვილით აღადგენენ.
სიფრთხილის წესები
ვიდრე დაფის აპკი პერფორირებულია
- ექიმის დანიშნულების გარეშე არ ჩააწვეთოთ ბავშვს ყურის წვეთები – შესაძლოა, შუა ყურში ან კოხლეაში მოხვდეს და პრობლემები გამოიწვიოს.
- ეცადეთ, სასმენი მილი ყოველთვის მშრალი ჰქონდეს. ბანაობის დროს ჩაუდეთ წყალგაუმტარი ყურსახშობები ან ვაზელინში ამოვლებული ბამბის ბურთები.
- გააფრთხილეთ, ცხვირი ნაზად მოიხოცოს – უხეში მოხოცვით დაფის აპკს უფრო მეტად დაიზიანებს.
პრევენცია
ინფექციით გამოწვეულ პერფორაციას თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, თუ ბავშვს ყურის ინფექციის ნიშნები აქვს.
არასოდეს არაფერი ჩაუყოთ ბავშვს ყურში, თუნდაც გაწმენდის მიზნით. თუ ყურში რამე ჩაუვარდა ან თავად ჩაიდო, ნუ ეცდებით, დამოუკიდებლად ამოუღოთ -ექიმს მიუყვანეთ.
თუ სადმე მიფრინავთ, ბავშვი კი გაციებულია ან სინუსური ინფექცია აქვს, უმჯობესია, ფრენა გადადოთ.
ნუ მისცემთ გაციებულ ბავშვს ყვინთვის უფლებას.
***
ოტიტი, შუა ყურის ანთება
ოტიტი, შუა ყურის ანთება, ვითარდება დაფის აპკის უკანა სივრცეში ვირუსების ან ბაქტერიების მოხვედრისა და გამრავლების შედეგად. შუა ყური ივსება სითხით ან ჩირქით. იმატებს ყურშიგა წნევა, სითხე დაფის აპკს აწვება, რამაც შესაძლოა ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.
სიმპტომები
შუა ყურის ინფექციის მთავარი ნიშანი ყურის ტკივილია. მას შესაძლოა თან ახლდეს:
* ცხელება;
* სმისა და ჭამის გაძნელება;
* ძილის დარღვევა;
* ტკივილის გაძლიერება ღეჭვის, წოვის ან წოლის დროს.
თუ ბავშვი ჯერ ვერ ლაპარაკობს, ყურის ტკივილზე მიგვანიშნებს ყურზე ხელის მიდება, გაღიზიანება, ჭირვეულობა, ჩვეულებრივზე მეტხანს ტირილი.
შუა ყურში ჭარბად დაგროვილმა სითხემ ან ჩირქმა შესაძლოა გახეთქოს დაფის აპკი. დაფის აპკის მთლიანობის დარღვევას პერფორაცია ეწოდება. ამ დროს შესაძლოა ყურიდან სითხემ ან ჩირქმა გამოჟონოს.
დაფის აპკის პერფორაციას თან ახლავს თავბრუხვევა, გულისრევა, ყურებში შუილი ან ზუზუნი.
როგორ ვითარდება
შუა ყურში წარმოქმნილი ლორწო ჯანსაღი ევსტაქის მილებით ყელში გადადის. გაციება, ყელის ინფექციური დაავადება, მჟავა რეფლუქსი, ალერგიული რეაქცია ევსტაქის მილების შეშუპებას იწვევს და ლორწოს ყელში გადასვლა ბრკოლდება. დაგროვილ ლორწოში ვირუსები ან ბაქტერიები მრავლდება და შუა ყურში გროვდება ჩირქი ან ანთებითი სითხე.
ვის ემუქრება
ბავშვებს (განსაკუთრებით – სიცოცხლის პირველი 2-4 წლის განმავლობაში) ყურის ანთება უფრო ადვილად ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს, რადგან:
- მათი მოკლე, ჰორიზონტალურად მდებარე და ვიწრო ევსტაქის მილები უფრო ადვილად იბლოკება და ვირუსები და ბაქტერიები ადვილად აღწევენ შუა ყურში.
- ბავშვებს აქვთ დიდი ადენოიდები – ცხვირის უკან მდებარე ჯირკვლოვანი სტრუქტურები, რომლებიც ხელს უწყობს ევსტაქის მილების ჩაკეტვას.
- ოტიტის განვითარების საფრთხეს ზრდის მეორეული მოწევა, ბოთლით კვება და ბაღში სიარული.
ინფექციური ოტიტი არ არის გადამდები, მაგრამ გადამდებია მისი გამომწვევი ვირუსული ინფექცია. ასეთი ინფექციები უმეტესად წელიწადის ცივ თვეებში ვრცელდება. ყურის ტკივილთან ერთად ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს გაციების სიმპტომებიც: სურდო, გაჭედილი ცხვირი, ხველა.
რამდენ ხანს გრძელდება
შუა ყურის ინფექცია ხშირად თავისთავად, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე გაივლის 2-3 დღეში, თუმცა შესაძლოა, შუა ყურში ამის შემდეგაც დარჩეს სითხე.
შუა ყურში არაანთებითი სითხის დაგროვებას ეწოდება სეკრეტორული ოტიტი ან ოტიტი ეფუზიით. ზოგჯერ ის უსიმპტომოა, ზოგჯერ კი ბავშვს ყურის დაგუბებისა და ტკაცუნის შეგრძნება უჩნდება. თუ სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა ასე, შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობა.
ყურის ტკივილის სხვა მიზეზები
ყურის ტკივილი ბავშვებთან საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. გარდა ინფექციური ოტიტისა, მას იწვევს:
- სითხე ყურში (სეკრეტორული ოტიტი);
- მოცურავის ყური;
- გოგირდის მყარი საცობი;
- ყურში ჩაჭედილი უცხო სხეული;
- სასმენი მილის დაზიანება;
- კარიესი ან კბილის ამოსვლა;
- ყელის ტკივილი.
მკურნალობა
მკურნალობის დანიშვნისას გასათვალისწინებელია:
* რა ტიპისა და რა სიმძიმისაა ინფექცია;
* რამდენად ხშირად სტკივა ბავშვს ყური ან რამდენად ხშირად აქვს ოტიტი;
* აქამდე რამდენ ხანს გრძელდებოდა ანთება;
* რა ასაკისაა ბავშვი და განიცდის თუ არა რომელიმე რისკფაქტორის გავლენას;
* მოქმედებს თუ არა ინფექცია სმენაზე.
ყოველგვარი ოტიტი არ მოითხოვს ანტიბიოტიკებით მკურნალობას. ვინაიდან ყურის ინფექციების უმეტესობა თავისთავად გაივლის, ბევრი ექიმი იყენებს დაკვირვების ტაქტიკას. თავდაპირველად ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში აძლევენ ტკივილგამაყუჩებელს ანტიბიოტიკის გარეშე, რათა ნახონ, გაუმჯობესდება თუ არა მდგომარეობა.
ანტიბიოტიკები ყოველთვის იმიტომ არ ინიშნება, რომ:
* არ მოქმედებს ვირუსულ ინფექციაზე;
* არ ათავისუფლებს შუა ყურს დაგუბებული სითხისგან;
* ზოგჯერ შეუძლია არასასურველი თანმხლები მოვლენების გამოწვევა;
* არ ხსნის ტკივილს პირველი 24 საათის განმავლობაში და ამის შემდეგაც სუსტად მოქმედებს.
ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება კი ხელს უწყობს წამლებისადმი მდგრადი, რეზისტენტული ბაქტერიების გამოზრდას. ასეთ მიკრობებთან ბრძოლა გაცილებით ძნელია.
თუ ექიმმა საჭიროდ მიიჩნია ანტიბიოტიკის გამოწერა, რეკომენდებულია, ჩატარდეს ათდღიანი კურსი. თუ ბავშვი 6 წელზე უფროსი ასაკისაა და არ აქვს მძიმე ინფექცია, შესაძლოა, 5-7–დღიანიც საკმარისი აღმოჩნდეს. თუ ინფიცირებული ყურიდან სითხე დის, შესაძლოა, ანტიბიოტიკების შემცველი ყურის წვეთებიც დაინიშნოს.
ანტიბიოტიკებს დაუყოვნებლივ უნიშნავენ ბავშვებს, რომლებიც:
* ხშირად ავადმყოფობენ ყურის ინფექციით;
* არიან მცირეწლოვნები და აქვთ მძიმედ გამოხატული ინფექცია;
* სარგებლობენ კოხლეარული იმპლანტით, აქვთ სასის ნაპრალი, დაუნის სინდრომი, იმუნური სისტემის დარღვევა.
თუ ბავშვს
* ხშირად ემართება ინფექციური ოტიტი,
* დიდი ხანია აქვს სმენის დაქვეითება ან
* აღენიშნება მეტყველების შეფერხება,
შესაძლოა, დასჭირდეს დაფის აპკში სადრენაჟო მილის ჩადგმა (ტიმპანოსტომია).
ტკივილის გასაყუჩებლად
არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვს ანტიბიოტიკით მკურნალობთ თუ არა – როდესაც სტკივა, უნდა მისცეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ასაკის შესაბამისი დოზით. არ მისცეთ იბუპროფენი 6 თვემდე ასაკის ჩვილს.
ტკივილს შესამსუბუქებლად შეგიძლიათ, ბავშვს ყურზე თბილი ქსოვილი დაადოთ, ძილის დროს თავი წამოაწევინოთ.
არ შეიძლება ყურში ტკივილგამაყუჩებლის ჩაწვეთება, როცა დაფის აპკის მთლიანობა დარღვეულია, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე ტკივილგამაყუჩებელ წვეთებს ნუ გამოიყენებთ.
მიმართეთ ექიმს
ხშირად განმეორებადმა ყურის ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებებიც, თუმცაღა იშვიათად. მიმართეთ ექიმს, თუ მიუხედავად მკურნალობისა, რამდენიმე დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ბავშვს ყური ისევ სტკივა ან დაგუბებული აქვს, ასევე მაშინ, როდესაც:
- ბავშვი კარგად ვერ სვამს სითხეს ან აღებინებს;
- ყურიდან სისხლი ან ჩირქი სდის;
- ყურის გარშემო ან მის უკან აღენიშნება შეშუპება და სიწითლე;
- მტკივანი ყურის ნიჟარა მეორეზე მეტად არის გამოწეული;
- ყურის ტკივილთან ერთად ბავშვს აქვს სიცხე, კისრის ტკივილი ან თავის ტკივილი.
გავლენა სმენაზე
ოტიტის დროს შუა ყურში დაგროვილი სითხე ბგერებსაც ახშობს, რამაც შესაძლოა სმენის დროებითი დაქვეითება გამოიწვიოს. ამაზე მიგვანიშნებს შემდეგი ნიშნები:
- ბავშვი არ რეაგირებს ხმადაბალ საუბარზე;
- ხმამაღლა უსმენს აუდიო– და ვიდეოკონტენტს;
- თავადაც ხმამაღლა ლაპარაკობს;
- სკოლაში თითქოს უყურადღებოდაა.
სეკრეტორული ოტიტით გამოწვეული სმენის დაქვეითება შესაძლოა მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი იყოს, ხოლო პერფორირებული აპკის შემთხვევაში ბავშვს შესაძლოა ყურში ხმაური ჩაესმოდეს და სმენის გაუარესების მიზეზადაც ეს იქცეს.
გართულებები
შუა ყურის ხანგრძლივმა ან ხშირმა ანთებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- შუა ყურის პოლიპები, კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც შუა ყურიდან დაფის აპკის ნახვრეტის გავლით გადადის სასმენ მილში;
- სასმენი ძვლების დაზიანება და შედეგად –სმენის დაქვეითება;
- ქოლესტეატომა – კეთილთვისებიანი წარმონაქმნი შუა ყურში. ქოლესტეატომამ შესაძლოა დააზიანოს მიმდებარე ძვლოვანი და რბილი ქსოვილები და გამოიწვიოს გართულება (სახის დამბლა, ტვინის აბსცესი და სხვა).
ტიმპანოსტომიის მილი
ტიმპანოსტომიისთვის იყენებენ ლითონის ან პლასტმასის სპეციალურ უმცირესი ზომის სადრენაჟო მილს. დაფის აპკზე კეთდება მცირე განაკვეთი და მილი ამ განაკვეთში იდგმება. მისი საშუალებით გარეთა და შუა ყურს შორის ჰაერიც მოძრაობს, რაც ხელს უწყობს წნევის გათანაბრებას და შუა ყურიც ადვილად თავისუფლდება დაგროვილი სითხისგან.
თუ ბავშვს ხშირად აქვს ყურის ინფექცია, რომელიც ძნელად იკურნება ან ყურის ინფექციები იწვევს სმენის დაქვეითებას და მეტყველების შეფერხებას, შესაძლოა, ექიმმა ტიმპანოსტომია შემოგთავაზოთ. ტიმპანოსტომიის მილი ბავშვს ყურის ყველა ინფექციისგან ვერ დაიცავს, მაგრამ შეამსუბუქებს და გააიშვიათებს მათ.
მილი ზოგადი ანესთეზიის ფონზე იდგმება. ეს ძალიან გავრცელებული და უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა ქირურგიულ ჩარევას, რისკებიც ახლავს (ინფიცირება, სისხლდენა, ანესთეზიის თანმხლები პრობლემები).
მილის ამოსაღებად ცალკე ოპერაციის ჩატარება უმეტესად არ არის საჭირო – როცა აპკი აღდგება (ამას 6–დან 18 თვემდე დრო სჭირდება), ის, წესისამებრ, თავისთავად ამოვარდება ყურიდან. თუ ასე არ მოხდა, 2–3 წლის შემდეგ ექიმი ქირურგიულ ჩარევას შემოგთავაზებთ.
იშვიათად მილის ამოვარდნის შემდეგ ხვრელი არ იხურება და საჭირო ხდება დაფის აპკის ქირურგიული აღდგენა.
***
სმენა და მისი დარღვევა
ადამიანს სმენა შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაუქვეითდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა თანდაყოლილი და ჩვილ ასაკში განვითარებული სმენის დაქვეითება. სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ტვინი განსაკუთრებული ინტენსივობით ვითარდება და მწიფდება, ბავშვი ამ პერიოდში სწავლობს ენასა და მეტყველებას, ამიტომ სმენასთან დაკავშირებული პრობლემის დროული აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. სმენის დაქვეითების მქონე იმ ბავშვებს, რომლებიც დროულად იღებენ დახმარებას, ენობრივი უნარები გაცილებით უკეთესად უვითარდებათ, ვიდრე მათ, ვისაც მოგვიანებით ეხმარებიან.
სმენის დაქვეითებას იწვევს ყურის ან სმენის სისტემის რომელიმე ნაწილის არასათანადო მუშაობა. მუშაობისთვის ხელის შემშლელი მიზეზი შესაძლოა აღმოჩნდეს გარეთა, შუა, შიგნითა ყურში, სმენის (აკუსტიკურ) ნერვში, ტვინში არსებულ სმენის ცენტრალურ ნაწილში.
სმენის დაქვეითების ალბათობას ზრდის გენეტიკური ფაქტორები. ჩვილებთან შემთხვევათა ნახევარი სწორედ გენეტიკურად არის განპირობებული. ასეთ ბავშვებს შესაძლოა ჰყავდეთ სმენადაქვეითებული ოჯახის წევრები. სმენის გენეტიკური დაქვეითების მქონე სამი ბავშვიდან ერთს აქვს რომელიმე გენეტიკური სინდრომი (დაუნის, აშერის ან სხვა).
ჩვილებთან სმენის დაქვეითების ყოველი მეოთხე შემთხვევა გამოწვეულია ორსულობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებით, მშობიარობის შემდგომი გართულებით ან თავის ტრავმით, ამიტომ ბავშვს განსაკუთრებულად უნდა დააკვირდნენ, თუ ორსულობისას დედამ გადაიტანა ინფექციური დაავადება, ახალშობილმა 5 დღე ან მეტი გაატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დასჭირდა სისხლის გადასხმა სიყვითლის გამო, აქვს რომელიმე გენეტიკური სინდრომისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები, ნევროლოგიური აშლილობის მსგავსი მდგომარეობა, გადაიტანა მენინგიტი ან თავის მძიმე დაზიანება, რომლის გამოც დასჭირდა საავადმყოფოში მკურნალობა.
ტიპები
განასხვავებენ სმენის დაქვეითების რამდენიმე ტიპს:
* კონდუქციური (გამტარებლობითი) სმენის დაქვეითება გამოწვეულია მიზეზით, რომელიც ხელს უშლის ბგერის შესვლას გარეთა ან შუა ყურში. ასეთი მიზეზებია გარეთა სასმენი მილის სტენოზი, ანთება, დახშობა, ოტიტი, დაფის აპკის პერფორაცია, სასმენი ძვლების პათოლოგია.
* სმენის ნეიროსენსორული (აღქმითი) დაქვეითება გამოწვეულია შიგნითა ყურის, კოხლეას რეცეპტორების ან სმენის ნერვის დაზიანებით. შესაძლოა, საფუძვლად ედოს გენეტიკური დარღვევა, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, ოტოტოქსიკური მედიკამენტებით მკურნალობა, ხანგრძლივი ძლიერი ხმაური.
* სმენის შერეული დაქვეითებისას შეცვლილია როგორც კონდუქციური, ისე ნეიროსენსორული სმენა.
* სმენის ნეიროპათიული დარღვევისას ბავშვს ესმის ბგერები, მაგრამ ტვინი ვერ აღიქვამს და ვერ აანალიზებს მიღებულ ხმებს.
ხარისხი
სმენა დეციბელებით იზომება. გამოყოფენ მისი დაქვეითების რამდენიმე ხარისხს, რომლებიც აგრეთვე დეციბელებით არის განსაზღვრული. კლინიკურად ისინი შემდეგნაირად ვლინდება:
* სმენის მსუბუქი დაქვეითება – ბავშვს შესაძლოა ესმოდეს საუბარი, მაგრამ უჭირდეს ჩურჩულის გაგება;
* სმენის ზომიერი დაქვეითება – ბავშვს შესაძლოა არ ესმოდეს ნორმალური საუბარი;
* სმენის მძიმე დაქვეითება – ბავშვს არ ესმის ნორმალური საუბარი, აღიქვამს მხოლოდ ხმამაღალ ბგერებს;
* სმენის ღრმა დაქვეითება – ბავშვს ესმის მხოლოდ ყვირილი.
სმენის დაქვეითება შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, თანდაყოლილი ან შეძენილი, პრელინგვური ან პოსტლინგვური (მეტყველების დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ განვითარებული), სიმეტრიული ან ასიმეტრიული (ორივე ყურში ერთნაირი ან განსხვავებული), პროგრესული ან მოულოდნელი (დროთა განმავლობაში დამძიმებული ან ერთბაშად განვითარებული), ცვალებადი ან სტაბილური.
სიყრუის შემთხვევაში ადამიანს არანაირი ხმა არ ესმის.
სიმპტომები
სმენის დაქვეითება ბავშვებთან სხვადასხვანაირად ვლინდება. თუ ოდნავ მაინც ეჭვობთ, რომ თქვენს შვილს სმენა აქვს დაქვეითებული, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სმენის სკრინინგული გამოკვლევა. თუ ბავშვს უკვე გავლილი აქვს სმენის სკრინინგი, დააკვირდით.
საყურადღებოა, როცა ბავშვი:
- არ რეაგირებს ხმამაღალ ბგერებზე;
- უკვე არის 6 თვის, მაგრამ არ ტრიალდება ხმის წყაროსკენ;
- უკვე არის 1 წლის, მაგრამ არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს ("დედა", "მამა" და ა.შ.);
- თქვენს დანახვაზე თავს ატრიალებს, მაგრამ დაძახებაზე არ იხედება;
- თითქოს ზოგი ბგერა ესმის, ზოგი – არა;
- აგვიანებს მეტყველების დაწყებას;
- გაუგებრად მეტყველებს;
- არ ასრულებს მითითებებს;
- ხშირად ამბობს: "ჰა?"
- ზედმეტად მაღლა უწევს ხმას ტელევიზორს, რადიოს, ხმის სხვა ელექტრონულ წყაროს.
დიაგნოსტიკა
სმენას ბავშვს, წესისამებრ, სამშობიარო სახლშივე უმოწმებენ. თუ რაიმე მიზეზით ეს ვერ მოხერხდა, სკრინინგი მოგვიანებით მაინც აუცილებლად უნდა ჩატარდეს, – სასურველია, სიცოცხლის პირველივე თვეს.
ბავშვისთვის სმენის შესამოწმებლად უმთავრესად ორ ტესტს იყენებენ: ოტოაკუსტიკურ ემისიას (OAE) და ტვინის ღეროს სმენით პასუხს (ABღ).
თუ სკრინინგის შედეგად გაჩნდა ეჭვი სმენის დაქვეითებაზე, ბავშვი რაც შეიძლება მალე უნდა შეამოწმოს აუდიოლოგმა, იდეალურ შემთხვევაში – 2-3 თვის ასაკში.
* აუდიომეტრია ქცევაზე დაკვირვებით (BOA) არის მეთოდი, რომლითაც მოწმდება, შეუძლია თუ არა ბავშვს ბგერების აღქმა და მათზე რეაგირება. ექიმი ბავშვს სხვადასხვა ხმოვან სტიმულს აწვდის და მის ქცევას აკვირდება. შესაძლო რეაქციებია თვალების მოულოდნელად გახელა ან დახუჭვა, ხმოვანი სტიმულისკენ ყურება, სახის გამომეტყველების შეცვლა, კიდურების ამოძრავება, ტირილის შეწყვეტა ან გაღიზიანება, რეფლექსური რეაქციები.
* ოტოაკუსტიკური ემისია (OAE) ადგენს, რამდენად კარგად მუშაობს კოხლეა. ბავშვის სასმენ მილში ათავსებენ რბილ ყურსასმენს, რომელიც გამოსცემს სხვადასხვა სიძლიერის ხმოვან სიგნალს. მათ საპასუხოდ შიგნითა ყურში წარმოქმნილი ტალღები აპარატით აღირიცხება.
* ტვინის ღეროს სმენითი პასუხის ტესტირება (ABR) – ამ გზით ფასდება სმენის ნერვი. ბავშვის სასმენ მილებში ათავსებენ ყურსასმენებს, ხოლო ყურების უკან და შუბლზე დაფიქსირებული ელექტროდების საშუალებით ამოწმებენ სმენის ნერვისა და ტვინის რეაქციას ბგერებზე.
უფროსი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებს სმენის გამოკვლევის მიზნით აუდიომეტრია უტარდებათ. ეს მეთოდი ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის სმენის დაქვეითების ხარისხისა და ტიპის შესახებ. გამოკვლევის დროს ბავშვი ყურსასმენებით ისმენს სხვადასხვა სიხშირისა და ტონალობის ხმებს. ბგერის გაგონებისას ის ხელის აწევით ან ღილაკზე თითის დაჭერით აფიქსირებს რეაქციას. ტესტის შედეგები აღირიცხება აუდიოგრამაზე – სპეციალურ გრაფიკზე, რომელიც ასახავს სმენის მგრძნობელობის ზღურბლს თითოეული სიხშირის ბგერისთვის და ექიმს სმენის დარღვევის დიაგნოსტირებაში ეხმარება.
სმენის დამხმარე საშუალებები
სმენადაქვეითებულ ბავშვს რაც შეიძლება მალე უნდა მივაშველოთ სმენის დამხმარე საშუალებები. იდეალურ შემთხვევაში, 3-დან 6 თვემდე. დამხმარე საშუალებები ინდივიდუალურად ირჩევა.
* სასმენი აპარატი ყურის უკან მაგრდება და ბგერებს უფრო ხმამაღალსა და მკაფიოს ხდის. მისი გამოყენება ერთი თვიდანვე შეიძლება სმენის დაქვეითების სხვადასხვა ხარისხის მქონე ბავშვებთან;
* კოხლეარული იმპლანტი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელსაც ყრუ ან ძლიერ სმენადაქვეითებულ ადამიანებს უნერგავენ. იმპლანტი ბგერებს ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის და შიგნითა ყურის არამუშა ნაწილის გავლით ტვინს აწვდის. კოხლეარული იმპლანტის გამოყენება ნებადართულია 9 თვიდან. ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია ორივე ყურთან თითო იმპლანტის ჩანერგვა.
სათანადო ტრენინგის შედეგად კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვები სწავლობენ ბგერების ამოცნობას და მეტყველების გაგებას. ბავშვები, რომლებსაც მცირე ასაკშივე უტარდებათ კოხლეარული იმპლანტაცია, ნორმალური სმენის მქონე თანატოლებივით ვითარდებიან.
* ხმის გამაძლიერებელი დამხმარე მოწყობილობები – წამოზრდილ ბავშვს სასმენ აპარატთან ერთად შესაძლოა სხვა მოწყობილობებიც დასჭირდეს. ზოგიერთი მათგანი მოსაუბრის მეტყველებას უფრო ხმამაღალს ხდის და ფონური ხმებისგან გამოყოფს, რაც ბავშვს უმარტივებს სასწავლო პროცესს, ზოგი აადვილებს პირისპირ საუბარს, ტელეფონით საუბარს ან ვიდეოს ყურებას. ეს მოწყობილობები ვერ ცვლის სმენის აპარატსა და კოხლეარულ იმპლანტს.
კომუნიკაცია
ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს შეუძლიათ კომუნიკაციის სწავლა. არსებობს სწავლების რამდენიმე სისტემა:
* აუდიოვერბალური მეთოდი მიზნად ისახავს მეტყველებისა და კითხვის უნარების გაძლიერებას ბუნებრივი სმენისა და სასმენი მოწყობილობების (სასმენი აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) გამოყენებით. ეს მეთოდი არ ითვალისწინებს ჟესტებით კომუნიკაციას.
* აუდიოორალური მეთოდი – ფოკუსირებულია მეტყველების განვითარებაზე და ბუნებრივ სმენასთან ერთად გამაძლიერებელ მოწყობილობებსაც იყენებს. ეს მიდგომა აგრეთვე მოიაზრებს "ტუჩებზე კითხვას" და ბუნებრივი ჟესტების გამოყენებას კომუნიკაციის პროცესში.
* მინიშნებული/კოდირებული მეტყველება (Crued speech) – მეტყველების პროცესში დამხმარე როლი ენიჭება სპეციფიკურ ჟესტებს, რომლებიც ცალკეულ ბგერებს გამოხატავს;
* ჟესტების ენა;
* კომბინირებული მიდგომა – ბავშვის უნარების, საჭიროებებისა და ოჯახის პრიორიტეტების მიხედვით, შეიძლება რამდენიმე მეთოდის კომბინაციის გამოყენება.
ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს დროული და სათანადო დახმარების შემთხვევაში აქვთ შანსი, მიაღწიონ აკადემიურ წარმატებას და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა







