ტურიზმის უჩვეულო სახეობები
გააზიარე:
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ წელზე ნაკლები ხნით დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნით, გარდა სამუ-შაოს ძიებისა, ტურისტი ეწოდება.
ტურიზმი დასვენების, განტვირთვის, ყოველ-დღიური რუტინისგან თავის დაღწევისა და, იმავდროულად, შემეცნების ყველაზე პოპუ-ლარული ფორმაა. სტრესის მოხსნასა და და-დებითი ემოციებით დამუხტვასთან ერთად, მოგზაურობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ზრდის სხეულის გამძლეობას.
მაგრამ დასვენება ყველასთვის შეზლონგზე კოქტეილით ხელში წოლას ან უცხო ქვეყნების ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებას როდი ნიშნავს.
თანამედროვე ცხოვრების ყოველდღიური ტემპით დაღლილი ადამიანი ცდილობს, დროებით მაინც აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, სადაც ნერვული სისტემის მაქსიმალურ განტვირთვას და ფიზიკური ძალების სწრაფ აღდგენას მოახერხებს. ამ მიზნის მისაღწევად ყველას მოქმედების თავისეული ალგორითმი აქვს. ზოგს მთა იზიდავს,ზოგს – ტბა, ზოგს – ბარი, ზოგს – ურბანული ხმაური, ზოგს კი – სოფლის იდილია. კაცია და გუნება! ამიტომ თანამედროვე ტუროპერატორები ტრადიციულთან ერთად დასვენების სპეციფიკურ მიმართულებებსაც გვთავაზობენ.
ფერმერული, სასოფლო და აგროტურიზმი
ტურიზმის ეს სახეობები ძალიან პოპულარულია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ტურისტებს განათავსებენ ფერმებში, რანჩოებსა და პლანტაციებში. მათ საშუალება ეძლევათ, ერთდროულად დააკვირდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ან უშუალო მონაწილეობა მიიღონ მათში. ამ მიზნით ფერმერები თავიანთ ტერიტორიაზე აწყობენ კემპინგებს, ტურისტებს საკუთარი ტერიტორიის საზღვრებში ნადირობისა და თევზაობის ნებას რთავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ვფიქრობ, სოფლად გატარებული რამდენიმე დღეა, სადაც გათენებას ტელეფონის მაღვიძარა კი არა, მამლის ყივილი გაუწყებთ, ქალაქის ხმაურს კი საბალახოდ გარეკილი საქონლის ეჟვნების ჟღარუნი ჩაანაცვლებს.
აგროტურიზმის მიზანია, ურბანიზებული გარემოს მუდმივმა მაცხოვრებელმა გაიცნოს სოფლის ყოფა, შეითვისოს ხალხური ტრადიციები, იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მიიღოს ბუნებრივი სურსათი. ტურიზმის ამ მიმართულებას ყველანაირი გემოვნების ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია. არჩევანი დიდია – მესაქონლეობა, მებაღეობა, მეყვავილეობა...
სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეარჩიოთ მესაქონლეობის ტური ავსტრალიაში ან იტალიური ტოსკანის რომელიმე მინიფერმაში. ისრაელის ტუროპერატორები შემოგთავაზებნ ტურებს მეფუტკრეობისა და თევზაობის თავისებურებათა შესწავლით და სხვა.
თუ გსურთ, საერთოდ მოსწყდეთ ცივილიზაციას და თავი ამოყოთ პირველყოფილ ბუნებაში, ინდოეთის ღრმა პროვინციაში გაემგზავრეთ.
გასტროტურიზმი
ასეთ ტურებში გაეცნობით სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს თავისებურებებს და ამა თუ იმ კერძის მომზადების გასტრონომიულ ნიუანსებს. თუ ხართ გურმანი და გსურთ, გასინჯოთ ბოლონიური ლაზანია იტალიის ჩრდილოეთში ან დააგემოვნოთ ფრანგული ყველი და ღვინო ნორმანდიასა და ბურგუნდიაში, ტურიზმის ეს მიმართულება თქვენთვისაა შექმნილი.
თუ ღვინოს ნატურალურ ჩაის ამჯობინებთ, გაემგზავრეთ მის სამშობლოში – ჩინეთში, სადაც ამ მატონიზირებელი სასმლის დაყენების საიდუმლოს გაგანდობენ.
საფესტივალო ტურიზმი
მსოფლიოში უამრავი ფესტივალი იმართება – მუსიკალური, თეატრალური, ტექნოლოგი-ური... მაგალითად, ბელგიის ქალაქი ბომი ცნობილია ელექტრონული მუსიკის საკულტო ფესტივალით – Tomorrowland-ით. ეს გრანდიოზული სანახაობა ყოველწლიურად EDM (Electronic dance music) ჟანრის ოთახი ათასამდე მოყვარულს უყრის თავს.
შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი ყოველი წლის აგვისტოში თეატრალურ ფესტივალ “ფრინჯს” (Fringe) მასპინძლობს. სექტემბერში კი საფესტივალო ესტაფეტას ირლანდიური დუბლინი იბარებს.
ამ დროს ტურისტების რიცხვი საგრძნობლად იმატებს, ამიტომ სასტუმროს დასაჯავშნად თადარიგის დაჭერას გირჩევთ.
განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს კარნავალებზე. მათ შორის ყველაზე ცნობილია რიო-დე-ჟანეიროსა და ვენეციის კარნავალები, თავისი განუმეორებელი ნიღბებითა და ფერადი კოსტიუმებით.
ჯაილოო-ტურიზმი
ტურიზმის ეს სახეობა ყირგიზეთში დაიბადა. “ჟაილოო” ყირგიზულად მთის საძოვარს ნიშ-ნავს. მოგზაურობის ამ სახეობის მიმდევრები სანახავად ისეთ ადგილებს ირჩევენ, სადაც ადამიანს ჯერაც არ დაუდგამს ფეხ-ი. ასეთია, მაგალითად, ისიქ-ქოლის ტბა ჩრდილოეთ ტიან-შანში. ის ყირგიზეთის მყინვარებსა და მაღალ მთებს შორის არის მოქცეული. მიუხედავად ამისა, ტბა არასოდეს იყინება. ყირგიზულად ადგილის სახელი “ცხელ ტბას” ნიშნავს. მაისიდან სექტემბრამდე პერიოდი ამ სილამაზის სანახავად საუკეთესოა.
ჯაილოო-ტურიზმის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს აფრიკის ნაკრძალები და ამერიკის ჯუნგლებიც. დაივიწყეთ სასტუმროს კომფორტი და გაატარეთ რამდენიმე დღე ტანზანიის ან ინდონეზიის ცივილიზაციას მოწყვეტილ სოფლებში, ეზიარეთ იქაური მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადათ-წესებს. მერწმუნეთ, ეს თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.
ინდუსტრიული ტურიზმი
შენობა-ნაგებობების სახურავებსა და სხვენებში ძრომიალი, მიტოვებული ქალაქების მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალიერება და ქალაქ-მოჩვენებების უკაცრიელ ქუჩებში ხეტიალი – ყველაფერი ეს ინდუსტრიული ტურიზმია.
თუ გიყვართ რისკი, გაუთვალისწინებელი სიტუაციები და ხართ კარგ ფიზიკურ ფორმაში, ტურიზმის ეს სახეობა თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.
ინდუსტრიული ტურიზმის ნაირსახეობაა ატომური ტურიზმი.
იაპონიაში, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში, შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ 1945 წელს ბირთვული იარაღის აფეთქების დღემდე წარუშლელი კვალი.
არ აკლია ტურისტი არც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარე უკრაინულ ქალაქ პრიპიატს. აქ 1986 წელს მომხდარი ავარიის შედეგად ატმოსფეროში გამოიფრქვა მავნე და სიცოცხლისთვის საშიში რადიაქტიური ნივთიერებები. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და მას შემდეგ ქალაქში აღარავინ ცხოვრობს.
კინოტურიზმი
კინოტურიზმი თანამედროვე ტურიზმის შედარებით ახალი მიმართულებაა და იმ ადგილების მონახულებას გულისხმობს, სადაც ამა თუ იმ ფილმისა თუ სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა. ეს შეიძლება გეოგრაფიული ობიექტი, კონკრეტული შენობა ან სულაც მთელი ქალაქი იყოს.
ტუნისში “ვარსვლავური ომების” გმირების კ-ვალდაკვალ იმოგზაურებთ, ახალ ზელანდიაში – “ბეჭდების მბრძანებლის”, დიდ ბრიტანეთში, მაროკოსა და ესპანეთში “ჰარი პოტერის”, “შერლოკისა” და “დინასტიათა თამაშების” გადასაღებ მოედნებსა და პავილიონებს ესტუმრებით.
კინოტურიზმის გეოგრაფია საკმაოდ ვრცე-ლია და ყველა კონტინენს მოიცავს.
ქარავანინგი ანუ ტურიზმი ავტოსახლით
ქარავანინგი კომფორტული მიკროავტობუსე-ბით ხანგრძლივ მოგზაურობას გულისხმობს. ამ ბორბლებიან სახლში არის ყველაფერი, რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება – სამზარეულო და დასასვენებელი სივრცე, სველი წერტილები და ბარგისა და პროდუქტის შესანახი სათავსოები.
ტურიზმის ეს სახეობა აშშ-ში წინა საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაშიც და კომფორტულთან ერთად უდავოდ რომანტიკულიცაა.
რელიგიური ტურიზმი
რელიგია კარგა ხანია მოგზაურობის ერთ-ერთ ძირითად მოტივატორად იქცა. ძველად სხვადასხვა აღმსარებლობის პილიგრიმები ფეხით დადიოდნენ სიწმინდეების მოსალოცად. დღეს მომლოცველობამ უდიდესი მასშტაბები შეიძინა. მილიონობით ადამიანი მოგზაურობს სალოცავების, უძველესი და თანამედროვე საკულტო დანიშნულების ადგილების მოსანახულებლად.
იერუსალიმი (ისრაელი), მექა (საუდის არაბე-თი), ვატიკანი (იტალია) წლე-ბია დიდი პოპულარობით სარგებლობს რელიგიური ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს შორის.
ასევე შეგიძლიათ, მოინახულოთ ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის უძველესი ტაძრები – მშვიდი გარემო და იოგას რამდენიმე მარტივი ილეთი საკუთარ თავში გარკვევაში დაგეხმარებათ.
მისტიკური ტურიზმი
უმბერსტონისა და სანტა-ლაურას გვარჯილის ქარხანა ჩილეში, “ჩონჩხების ტბა” ინდოეთში, “სიკვდილის ველი” კალიფორნიაში (აშშ), დრაკულას სასახლე რუმინეთში... თუ მისტიკის მოყვარული ბრძანდებით, არჩევანში ნამდვილად არ იქნებით შეზღუდული. ეს ადგილები თავისი განუმეორებელი ისტორიითა და ჯერაც აუხსნელი იდუმალი მოვლენებით იზიდავს ტურისტებს.
კოსმოსური ტურიზმი
ეს ტურიზმის ყველაზე ძვირად ღირებული სახეობაა და მხოლოდ ძალიან შეძლებული ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი.
პირველი კოსმოსური ტურისტი იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი დენის ტიტო გახლდათ. მან ამ პირველობაში 2001 წელს 20 მლნ ამერიკული დოლარი გადაიხადა.
მომავალ სუბორბიტალურ ფრენებზე ბილეთების დაჯავშნა და შეძენა უკვე შესაძლებელია. გაგიკვირდებათ და მსურველი არც ისე ცოტაა. კოსმოსში გატარებული 150 წუთის ფასი 95-დან 250 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
სადაც არ უნდა გაემგზავროთ, გახსოვდეთ მთავარი – ნუ დატოვებთ თქვენ შემდეგ ნურავითარ კვალს, გარდა ფეხის ანაბეჭდისა. სახსოვრად მხოლოდ ფოტოები წამოიღეთ.
ირაკლი კარტოზია