პნევმონია ბავშვთა ასაკში

გააზიარე:

ზამთარი ისე როგორ ჩაივლის, ბავშვს არ წამოახველოს ან სიცხემ არ აუწიოს, თუმცა რამდენიმედღიანი ბანალური ავადმყოფობა ზოგჯერ არცთუ ბანალურ შედეგებს იწვევს. ვირუსები ყველაზე ხშირად სასუნთქ სისტემას აყენებს დარტყმას – არასწორად ნამკურნალები ან სულაც ნებაზე მიშვებული ინფექცია შესაძლოა პნევმონიაში გადაიზარდოს.

რა არის

პნევმონია – ასე ეწოდება მედიცინის ენაზე ფილტვების ანთებას. ამ დროს ალვეოლები, ფილტვის სტრუქტურული ერთეულები, სითხით ან ჩირქით ივსება. სითხეს კი იქ არაფერი ესაქმება – ნორმაში ალვეოლები ჰაერით უნდა იყოს სავსე. პნევმონიის სიმპტომები სწორედ ჰაერის სითხით ჩანაცვლების შედეგია. მათი სიმძაფრე არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

დღეს პნევმონიისა ძველებურად აღარ გვეშინია, თუმცა ის მაინც ხშირად იქცევა მძიმე გართულებისა და სიკვდილის მიზეზად. ფილტვების ანთებით მსოფლიოში ყოველწლიურად 150 მილიონამდე ბავშვი ხდება ავად. პნევმონია პირველ ადგილს იკავებს ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების ჩამონათვალში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადებით ყოველწლიურად 725 ათასზე მეტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი კვდება. მათ შორის 190 ათასამდე ახალშობილია.

რა იწვევს

ხუთ წლამდე პნევმონიას ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექცია იწვევს. ანთების მიზეზად შესაძლოა იქცეს ნებისმიერი ვირუსი, რომელიც სასუნთქ სისტემას ესხმის თავს, მაგალითად, გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური. ვირუსული პნევმონია მსუბუქად მიმდინარეობს და ხშირად თავისთავად გაივლის.

პნევმონიის გამოწვევა ბაქტერიებსაც შეუძლიათ. ხშირად ისინი ვირუსული ინფექციით დასუსტებულ ფილტვებს უტევენ. ბაქტერიული პნევმონია, წესისამებრ, ცალ ფილტვს აზიანებს. მისი გამომწვევები უმეტესად მიკოპლაზმა და პნევმოკოკი არიან.

ჩვილს შესაძლოა დაემართოს ასპირაციული პნევმონია – საკვების გადაცდენის შედეგად გამოწვეული ფილტვის ქსოვილის ანთება. უცხო სხეულებისა თუ ნივთიერებების გამოძევებას და ჰაერგამტარი გზების გაწმენდას ხველის რეფლექსი უზრუნველყოფს, მაგრამ ახალშობილებს ის სუსტად აქვთ განვითარებული; გარეშე ნაწილაკები ფილტვებში რჩება და პათოლოგიურ პროცესს იწვევს.

ეტიოლოგიური ფაქტორი ხშირად ინფიცირების ადგილსა და პირობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საზოგადოებაში  შეძენილი პნევმონია (ფილტვების ანთების ყველაზე გავრცელებული ტიპი) უმეტესად streptococcus pneumoniae-თია გამოწვეული. ეს არის პნევმონია, რომელიც გრიპის ან გაციების გართულებაა. ფართო გავრცელების გათვალისწინებით, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში, ამ ტიპის პნევმონიის თავიდან ასაცილებლად პნევმოკოკის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ტარდება.

ცალკე გამოყოფენ საავადმყოფოში შეძენილ პნევმონიას. ის ჰოსპიტალიზაციიდან 48-72 საათის განმავლობაში ვითარდება. მას საავადმყოფოში მობინადრე მიკრობები იწვევენ. ასეთი მიკრობები, წესისამებრ, მრავალი ანტიბიოტიკის მიმართ არიან რეზისტენტულნი, ამიტომ ჰოსპიტალური პნევმონია ძნელი სამკურნალოა. არც ის არის გამორიცხული, ინფექცია მიკრობთა ასოციაციის შედეგი იყოს, რაც მკურნალობას უფრო მეტად ართულებს.

რა ახასიათებს

ბავშებთან პნევმონიის სიმპტომები და მიმდინარეობა გამომწვევსა და ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ზოგჯერ, განსაკუთრებით – მცირეწლოვნებთან, დაავადების კლინიკური სურათი არ არის მკაფიო და მოიცავს ისეთ ზოგად სიმპტომებს, როგორიცაა საერთო სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მომატება,  მუცლის, კუნთების ან თავის ტკივილი, ღებინება, თუმცა პნევმონიის მთავარი ნიშნები სასუნთქი სისტემის დაზიანების გამომხატველია: ხველა, სუნთქვის გაძნელება და გახშირება, გულმკერდის ტკივილი, მძიმე შემთხვევებში – სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა. ფილტვების ანთებაა საეჭვო მაშინაც, თუ ვირუსული ინფექციის მეოთხე-მეხუთე დღეს ბავშვის საერთო მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ცხელებამ და ხველამ არ გაიარა.

ფილტვების ანთება შესაძლოა დაიწყოს მშრალი, შემაწუხებელი ხველით, რომელიც მოგვიანებით ნახველიანი ხდება. რაც უფრო ხანგრძლივია ხველა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და გახშირება, მით უფრო დიდია ალბათობა, მიზეზი პნევმონია იყოს.

ცხელება  ფილტვების ხშირი, მაგრამ არა აუცილებელი სიმპტომია, ავადმყოფობა შესაძლოა ნორმალური ტემპერატურის ფონზეც მიმდინარეობდეს.

ფილტვების ანთება ზოგჯერ ისეთი მსუბუქია, რომ ბავშვს ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს არც კი უშლის. ამ ფორმას “მოსიარულე პნევმონიას” უწოდებენ. უმეტესად ასეთია მიკოპლაზმით გამოწვეული შემთხვევები. მოსიარულე პნევმონიის დროს ხშირად ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვი ავადაა და მასთან კონტაქტს არ ერიდებიან, რაც ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

პნევმონიის გამომწვევი ადამიანისგან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. როცა ავადმყოფს ახველებს ან აცემინებს, ჰაერში მიკრობების შემცველი წვეთები გამოიფრქვევა. თუ ასეთი წვეთებით გაჯერებული ჰაერი ახლოს მყოფმა შეისუნთქა, შესაძლოა, ისიც დაავადდეს. თუ ბაქტერია ხელზე მოხვდა, მერე კი ბავშვმა ხელი პირზე, ცხვირზე ან თვალზე მოისვა, შესაძლოა, მიკრობი ლორწოვანის გავლით შეიჭრას სხეულში. ავადმყოფი გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან მათ გაქრობამდე. 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თავდაპირველად ექიმი გამოგკითხავთ, რას უჩივის ბავშვი და რამდენი ხანია; ხომ არ ჰქონია კონტაქტი ინფიცირებულთან. გაუზომავს სიცხეს, პულსს და სუნთქვის სიხშირეს, მოუსმენს ფილტვებს. გამოცდილ ექიმს ამ გზით მიღებული მონაცემებიც ეყოფა დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასაწყებად. თუ დიაგნოზის სიზუსტე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ჩატარდება დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებული გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა. ის დაადასტურებს პნევმონიის არსებობას და აჩვენებს მის მასშტაბს. სისხლის საერთო ანალიზი, ცრც (ჩ რეაქტიული ცილის) დონის განსაზღვრა, – დამატებითი სადიაგნოზო მეთოდებია, რომლებიც ავსებს საერთო სურათს და ექიმს დაავადების სიმძიმის შეფასებაში ეხმარება. საჭიროების შემთხვევაში სისხლის ან ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც ტარდება.

ბაქტერიული და ვირუსული პნევმონიები, მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა, სრულიად სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს. ბაქტერიული ანთების დროს ანტიბიოტიკები ინიშნება. სიმპტომების უმეტესობა რამდენიმე დღეში გაივლის, მაგრამ ხველა შესაძლოა რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.

ზედმიწევნით შეასრულეთ დანიშნულება! არ შეიძლება ანტიბიოტიკის თვითნებური შეწყვეტა, ისევე როგორც მათი მიღება უექიმოდ.

გახსოვდეთ, ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციაზე არ მოქმედებს. ვირუსს ისინი ვერაფერს აკლებს, სამაგიეროდ, შესაძლოა, თანმხლები მოვლენებით უფრო მეტად დაამძიმოს მდგომარეობა და წამლისადმი რეზისტენტობაც კი გამოიწვიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში, როცა ანტიბიოტიკი მართლა დასჭირდება ბავშვს, ის აღარ იმოქმედებს.

ვირუსული პნევმონიის მკურნალობის მთავარი მიზანი სიმპტომების მოხსნაა. წამლები დასწევს სიცხეს, შეასუსტებს ტკივილს, შეამსუბუქებს ხველას. მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ხველა განსაზღვრულ დონემდე სასარგებლოა – ფილტვებს ნახველის მოცილებაში ეხმარება, ამიტომ მისი დათრგუნვა ყოველთვის არ არის რეკომენდებული. ამის საჭიროებაც ექიმმა უნდა შეაფასოს.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბაქტერიული პნევმონიის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს რეკომენდებულია დასალევი ანტიბიოტიკების გამოყენება, რომლებიც  ისევე ეფექტურია, როგორც კუნთებში შეყვანილი. ანტიბიოტიკი დაავადების სიმძიმის, გამომწვევისა და ბავშვის ასაკის მიხედვით შეირჩევა. მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა  ორ კვირას გაგრძელდეს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზოგჯერ პირველი ორი დოზის მიღებაც საკმარისია. 72 საათის შემდეგ წამლის ეფექტიანობის დასადასტურებლად ტარდება გამოკვლევა. ხდება ისეც, რომ ექიმის გამოწერილი პრეპარატი ანთებას ვერ ერევა. ამ შემთხვევაში მას ცვლიან ან დამატებით უნიშნავენ სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკს.

ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან ერთად ბავშვმა უნდა სვას ბევრი სითხე. ის ნახველს დაარბილებს და ხელს შეუშლის ორგანიზმის გაუწყლოებას მაღალი სიცხით და ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული ნაწლავთა ხშირი მოქმედების გამო. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. საავადმყოფოში გადაყვანა უმეტესად სჭირდებათ სუსტი იმუნური სისტემის ან თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებს. კლინიკაში ანტიბიოტიკი ვენაში შეჰყავთ. პარალელურად ტარდება დამხმარე თერაპია ჟანგბადით.

ერთი სიტყვით, პნევმონია ის შემთხვევაა, როდესაც ექიმმა უნდა შეაფასოს ვითარება და დანიშნოს მკურნალობა. მშობლის თვითშემოქმედება ამ დროს შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

პრევენცია

რეკომენდებულია გრიპის ყოველწლიური აცრა, რადგან ეს ვირუსული დაავადება ხშირად რთულდება სხვა ინფექციით, მათ შორის – პნევმონიით. ამასთან ერთად, პრევენცია გულისხმობს იმ რისკფაქტორების გავლენის შემცირებას, რომლებიც დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის. ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ძლიერი იმუნიტეტი კი ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებთან გამკლავებას აადვილებს.

ბავშვები უნდა მოვარიდოთ პნევმონიით დაავადებულებთან ახლო კონტაქტს და რეგულარულად ვბანოთ ხელები. ავადმყოფმა, თავის მხრივ, ხველებისა და ცემინების დროს ცხვირ-პირი ქსოვილით ან ქაღალდის ერთჯერადი ცხვირსახოცით უნდა დაიფაროს, რადგან ჰაერწვეთოვანი გადაცემა ინფექციის გავრცელების ძირითადი გზაა.

პნევმონიით დაავადებული ბავშვი თავადაც საშიშია გარშემო მყოფთათვის, განსაკუთრებით – მცირეწლოვანთათვის, ამიტომ ფილტვების ანთების დროს ოჯახის წევრები (გარდა მომვლელისა) მასთან კონტაქტს უნდა მოერიდონ.

მარი მარღანია

გააზიარე: