ციკლური ღებინების სინდრომი

გააზიარე:

ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, გულისრევას ერთხელ მაინც რომ არ შეეწუხებინოს. ღებინება უამრავი დაავადებისა თუ სამედიცინო მდგომარეობის თანმხლები სიმპტომია, ინფექციური გასტროენტერიტიდან ნებისმიერი სახის ინტოქსიკაციის ჩათვლით. თუმცა ისეც ხდება, რომ ძლიერი ღებინების შეტევები ერთი შეხედვით უმიზეზოდ იწყება და ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აქვეითებს.

ციკლური ღებინების სინდრომზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს, ენდოსკოპისტ თამთა ნიკოლაიშვილს ვესაუბრეთ:

– ციკლური ღებინების სინდრომისთვის დამახასიათებელია ძლიერი, მწვავე ღებინების ეპიზოდები, რომლებსაც აშკარა მიზეზი არ აქვს. ღებინება, წესისამებრ, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. შეტევას უსიმპტომო პერიოდი მოსდევს. თითოეული ეპიზოდი ხანგრძლივობითა და მიმდინარეობით წინას წააგავს, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში იწყება და წინამორბედის მსგავსი სიმპტომებით ვლინდება.

– რა იწვევს?

– ციკლური ღებინების სინდრომის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის გენეტიკურ მუტაციებს, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევას, ნერვული სისტემის პათოლოგიებს და ჰორმონულ დისბალანსს. მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

* გაციება, ალერგია, სინუსიტი (ცხვირის დანამატ ღრუებში მიმდინარე ანთებითი პროცესი);

* ემოციური სტრესი, აღგზნება, განსაკუთრებით – ბავშვებთან;

* შფოთვა, პანიკის შეტევა, განსაკუთრებით – ზრდასრულებთან;

* ზოგიერთი საჭმელი (შოკოლადი, ყველი) და სასმელი (ალკოჰოლი, კოფეინი);

* ჭარბი კვება, ძილის წინ ჭამა;

* გარემოს მაღალი ტემპერატურა;

* ფიზიკური გადაღლა;

* მენსტრუაცია;

* ზღვის ავადმყოფობა.

თუ ღებინების ეპიზოდების მაპროვოცირებელი ფაქტორები გვეცოდინება, სინდრომის მართვა გაგვიადვილდება.

რისკფაქტორები

– წინათ ციკლური ღებინების სინდრომს ბავშვთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, ახლა კი დადგენილია, რომ ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება, თუმცა უმეტესად 3-7 წლიდან იწყება და 100 000-დან დაახლოებით 3 ბავშვს უვლინდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ციკლური ღებინების სინდრომი შაკიკთან არის დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ უამრავ ბავშვს, რომელიც შაკიკით იტანჯება ან ამ დაავადების ოჯახური ანამნეზი აქვს, ასაკთან ერთად ციკლური ღებინების სინდრომი უვითარდება. შაკიკის პირად ან ოჯახურ ანამნეზთან კავშირი ზრდასრულებთანაც დადასტურებულია.

ციკლური ღებინების სინდრომთან დაკავშირებული ერთ-ერთი ფაქტორია მარიხუანას (Cannabis sativa) ქრონიკული მოხმარება. ზოგიერთი ადამიანი კანაბისს გულისრევის შესამსუბუქებლად იყენებს, მაგრამ მისმა რეგულარულმა და ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა თავად გამოიწვიოს შეუჩერებელი გულისრევა. ამ მდგომარეობას კანაბინოიდური გულისრევის სინდრომს უწოდებენ და უმეტესად 50 წლამდე ასაკის პირებთან აღირიცხება ძლიერი თავბრუხვევის, გულისრევისა და ღებინების ციკლური ეპიზოდებით. გულისრევით გამოწვეული გაუწყლოება ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, ადამიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდეს.

ციკლური ღებინებისა და კანაბინოიდური გულისრევის სინდრომების დიფერენცირებისთვის საჭიროა, პაციენტმა ორი კვირით შეწყვიტოს მარიხუანას მოხმარება. თუ ღებინების ეპიზოდები გაგრძელდა, ესე იგი ციკლური ღებინების სინდრომთან გვაქვს საქმე.

გამოვლენა

ციკლური ღებინების სინდრომის გამწვავების პერიოდი სამ ფაზად იყოფა. ესენია:

* პროდრომული პერიოდი – ღებინებამდე რამდენიმე წუთით ან საათით ადრე (უმეტესად დილიდან) ვითარდება ძლიერი გულისრევა და ოფლიანობა;

* ღებინების ფაზა – ღებინება შესაძლოა საათში რამდენიმეჯერ განმეორდეს და რამდენიმე საათი და დღეც კი გაგრძელდეს. ღებინების ეპიზოდები  დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იწყება და ერთნაირი ხანგრძლივობისაა.

* გაუმჯობესების ფაზა – ღებინების სიხშირე იკლებს, ეპიზოდებს შორის ინტერვალი უსიმპტომოა, პაციენტს ამ პერიოდში არაფერი აწუხებს;

შესაძლოა, თავი იჩინოს სხვა სიმპტომებმაც, მაგალითად:

  • მუცლის ტკივილმა;
  • დიარეამ;
  • თავბრუხვევამ;
  • სისუსტემ;
  • სიფითრემ;
  • სინათლისა და ხმაურის მიმართ მგრძნობელობის მომატებამ;
  • თავის ტკივილმა.

გართულებები

– ციკლური ღებინების სინდრომი შესაძლოა გართულდეს:

* დეჰიდრატაციით. მრავალჯერადი ღებინების დროს ორგანიზმი ძალიან სწრაფად კარგავს წყალს. გაუწყლოებაზე მიუთითებს: ძლიერი წყურვილი, სისუსტე, თავბრუხვევა, ადინამია, შრომისუუნარობა, პირის სიმშრალე, შარდვის შემცირება, შარდის გამუქება, კანის სიმშრალე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სითხის მიღება. სითხე, სითხე და კვლავ სითხე – ასეთია დეჰიდრატაციის მართვის მთავარი პრინციპი. უმადობა საგანგაშო ნიშანი არ არის, მაგრამ თუ სითხესაც ვერ იღებთ, სერიოზულ პრობლემასთან გვქონია საქმე. მძიმე დეჰიდრატაციის დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.

* საყლაპავის დაზიანებით. ღებინების დროს კუჭის მჟავა საყლაპავის კედლებს აზიანებს, ხშირად – ისე ძლიერ, რომ სისხლდენასაც კი იწვევს.

* კბილების დაზიანებით. მუდმივი ღებინების შედეგად პირის ღრუში ჭარბად ხვდება კუჭის წვენი, რომელსაც კბილის მინანქრისა და ღრძილების დაზიანება შეუძლია.

– როგორ სვამთ დიაგნოზს?

– სინდრომის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ღებინება არაერთ პათოლოგიურ მდგომარეობას ახლავს თან.

ექიმთან მისვლამდე სასურველია:

* დაწვრილებით აღწეროთ და ჩამოწეროთ არსებული სიმპტომატიკა, მიუთითოთ, რამდენად ხშირია ღებინების ეპიზოდები, რამდენ ხანს გრძელდება თითოეული, ხომ არ შეგიმჩნევიათ კონკრეტული გამღიზიანებელი, რომელიც პროვოცირებას უწევს შეტევას, მაგალითად, საკვები ან მოქმედება;

* გაიხსენოთ გადატანილი დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;

* ჩამოწეროთ ყველა ის მედიკამენტი თუ საკვებდანამატი, რომელსაც ამჟამად იღებთ;

* გაიხსენოთ თქვენს (ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში – მის) ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები და პოზიტიური თუ ნეგატიური ცვლილებები, გადატანილი სტრესი და სხვა;

* ჩაინიშნოთ კითხვები, რომლებიც გსურთ დაუსვათ ექიმს.

ანამნეზის შეკრებისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს:

* გამოსახვითი კვლევა  (ენდოსკოპიური, ექოსკოპიური ან კომპიუტერული ტომოგრაფია) – საჭმლის მომნელებელ გზებში არსებული დაბრკოლების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადების გამოსავლენად;

* ნაწლავის მოტორიკის (ნაწლავის კედლის მოძრაობის) გამოკვლევა – საჭმლის მომნელებელ გზებში საკვების გადაადგილების შესამოწმებლად;

* ლაბორატორიული ტესტები – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ან სხვა მეტაბოლური დარღვევის გამოსავლენად;

* თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა თავის ტვინის სიმსივნის ან ნერვული სისტემის სხვა პათოლოგიის გამოსარიცხად.

მკურნალობა და პრევენცია

– ციკლური ღებინების სინდრომის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, პაციენტს მხოლოდ სიმპტომების მართვა შეუძლია, რაშიც დაეხმარება ექიმის მიერ გამოწერილი:

* ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები;

* დამამშვიდებელი (სედაციური) საშუალებები;

* კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატები;

* ანტიდეპრესანტები.

ეს წამლები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ციკლური ღებინების ხშირი და ხანგრძლივი ეპიზოდები აქვს.

სიმპტომებზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი. ციკლური ღებინების სინდრომის მქონე პაციენტებს, უწინარეს ყოვლისა, სრულფასოვანი ძილი სჭირდებათ. შეტევის დაწყებისას ისინი წყნარ, ბნელ ოთახში უნდა დარჩნენ და იძინონ.

ღებინების ფაზის გავლის შემდეგ აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების მარაგის შევსება, ზოგიერთ შემთხვევაში – ინტრავენური ინფუზიით.

ზოგს ღებინების შეწყვეტისთანავე შივდება, ზოგს კი – არა. მათ თავდაპირველად სითხის მიღებაც ეყოფათ, მერე კი ნელ-ნელა მსუბუქი საკვებიც უნდა დაამატონ.

ციკლური ღებინების სინდრომის დროს ძალიან შედეგიანია ალტერნატიული მედიცინა:

* სტრესის მართვის ტექნოლოგია, რადგან შეტევას ხშირად სტრესი უწევს პროვოცირებას;

* L-კარნიტინის მიღება. ეს ნივთიერება ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში, ხელს უწყობს ცხიმის წვას და ენერგიად გარდაქმნას;

* კოენზიმ Q10-ის (უბიქინონის) მიღება. ეს ნივთიერებაც ორგანიზმშივე წარმოიქმნება და ძირითად უჯრედულ პროცესებში მონაწილეობს.

L-კარნიტინი და კოენზიმ Q10 ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება. ენერგია მიტოქონდრიებში წარმოიქმნება. ზოგი მკვლევარი ციკლური ღებინების სინდრომისა და შაკიკის შესაძლო მიზეზად სწორედ მიტოქონდრიულ დისფუნქციას მიიჩნევს.

ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული დოზა უვნებელია როგორც თქვენი, ისე თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის. გაეცანით იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელთა მიღება ამ დანამატებთან ერთად უკუნაჩვენებია. L-კარნიტინისა და კოენზიმ Q10-ის მიღებისას ზოგჯერ თავს იჩენს ციკლური ღებინების სინდრომის მსგავსი გვერდითი მოვლენები – გულისრევა, დიარეა, გემოვნების დაქვეითება.

ამ დიაგნოზით ცხოვრება ადვილი არ არის, რადგან ღებინების ფაზების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ადამიანს შიში და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის კომპლექსი ეუფლება. ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, გაეცნონ ამავე სინდრომის მქონე სხვა ადამიანებს, რეგულარული ურთიერთობა იქონიონ მათთან, გაუზიარონ ერთმანეთს პათოლოგიის მართვის გამოცდილება. ყოველივე ეს პრობლემასთან ბრძოლას გააადვილებს.

პაციენტების ნაწილი მაპროვოცირებელ ფაქტორს პოულობს და მისთვის თავის არიდებით ახერხებს შეტევების გაიშვიათებას.

თუ შეტევა თვეში ერთზე მეტია, ექიმი აუცილებლად შესთავაზებს პაციენტს პრევენციის სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს:

  • საკმარის ძილს;
  • ემოციების კონტროლს;
  • შოკოლადისა და ყველისთვის თავის არიდებას;
  • მცირე ულუფებით მრავალჯერად კვებას.

როგორ უკვე ვთქვით, ციკლური ღებინების სინდრომის დიაგნოზით ცხოვრება ძნელია, მაგრამ ექიმთან მჭიდრო კომუნიკაცია და მისი რეკომენდაციების შესრულება ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მარი მარღანია

გააზიარე: