თავის ტკივილის მრავალსახეობა - რა იწვევს, როგორ გავუმკლავდეთ
გააზიარე:
თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ის ნევროლოგიური სიმპტომების ტოპსამეულში შედის. მთელ მსოფლიოში თავის ტკივილს უჩივის ათიდან ოთხი ადამიანი.
თავის ტკივილი აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ხელს გვიშლის ყოველდღიურ საქმიანობაში, აზიანებს ოჯახურ თუ სოციალურ ურთიერთობებს, იწვევს შფოთვას და დეპრესიას.
თავის ტკივილის შესამსუბუქებლად და მის სამართავად უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ მათი სწორად გამოყენება რომ შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, რა წარმოშობისაა, რა ტიპისაა თავის ტკივილი.
პირველადი თავის ტკივილი
პირველად თავის ტკივილს იწვევს ტკივილისადმი მგრძნობიარე სტრუქტურების მომატებული აქტივობა ან დაზიანება. ტკივილის განვითარებაში თავის როლს ასრულებს თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები, თავის ქალაზე არსებული ნერვები და სისხლძარღვები, თავისა და კისრის კუნთები, გენეტიკა.
პირველადი თავის ტკივილის ნაირსახეობებია:
* კლასტერული თავის ტკივილი
* შაკიკი;
* დაძაბულობის თავის ტკივილი;
* ტრიგემინული (სამწვერა) ავტონომიური ცეფალალგია (TAC).
სიტყვა "პირველადი" ნიშნავს, რომ თავის ტკივილი სხვა დაავადებისგან დამოუკიდებლად ვითარდება, მაგრამ ისიც შესაძლოა, მისი თითოეული ნაირსახეობა სხვა დაავადების სიმპტომად მოგვევლინოს. ასეთია, მაგალითად, ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი, ხველისმიერი, ვარჯიშისმიერი, სქესობრივი აქტივობით გამოწვეული თავის ტკივილი.
პირველადი თავის ტკივილის აღმოცენების მიზეზად შესაძლოა იქცეს:
- ალკოჰოლი, განსაკუთრებით – წითელი ღვინო;
- შაშხი, ლორი და სხვა ისეთი ხორცპროდუქტები, რომელთა წარმოებაში გამოყენებულია ნიტრატები;
- ძილის დარღვევა, ძილის უკმარისობა;
- არასწორი პოზა, რომლის დროსაც იძაბება ზურგი, კისერი და მხრები;
- კვების გამოტოვება;
- სტრესი.
მეორეული თავის ტკივილი
მეორეული თავის ტკივილი ვითარდება, როდესაც შინაგანი ან გარეგანი ფაქტორები ააქტიურებს თავის ტკივილისადმი მგრძნობიარე ნერვებს. ამ ფაქტორთა ჩამონათვალშია:
- დეჰიდრატაცია;
- ჩაფხუტის ან სათვალის ზეწოლა;
- მწვავე სინუსიტი;
- გრიპი ან სხვა ვირუსული ინფექცია;
- შუა ყურის ანთება, ოტიტი;
- სტომატოლოგიური პრობლემები;
- ძალიან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
- პანიკის შეტევა, პანიკური აშლილობა;
- გლაუკომა;
- მენინგიტი, ენცეფალიტი, ტვინის შერყევა, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა;
- ინსულტი, თრომბოზი, ანევრიზმა, არტერიოვენური მალფორმაცია;
- თავის ტვინის სიმსივნე;
- სამწვერა ნერვისა და სახის სხვა ნერვების ნევრალგია;
- ტოქსოპლაზმოზი;
- ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა;
- ზოგიერთი მედიკამენტი.
გარდა ამისა, არსებობს ნაყინის თავის ტკივილი, ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილი, თავზურგტვინის სითხის წნევის ან მოცულობის შემცირებით გამოწვეული თავის ტკივილი, ჭექა-ქუხილის თავის ტკივილი...
როგორ ამოვიცნოთ
თავის ტკივილის ხასიათი რომ განვსაზღვროთ, უნდა დავაკვირდეთ:
* როგორია მისი ხასიათი (მფეთქავი, უწყვეტი, ყრუ, მკვეთრად გამოხატული, მძაფრი);
* როგორია მისი ინტენსივობა (გვიშლის თუ არა ხელს მუშაობაში, დაძინებაში, ხომ არ გვაღვიძებს);
* სად არის ლოკალიზებული (მთელ თავში, თავის ცალ მხარეს, კეფაზე, შუბლზე, თვალების უკან).
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან გვერდით მყოფ ადამიანს გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი:
* უეცარი ძალიან ძლიერი თავის ტკივილი;
* თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ცხელება, კისრის რიგიდულობა (დაჭიმულობა), გონების არევა, კრუნჩხვა, მხედველობის გაორება, სისუსტე, დაბუჟება ან მეტყველების დარღვევა;
* ტკივილი თავის ტრავმის შემდეგ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ტკივილი ძლიერდება);
* ქრონიკული თავის ტკივილი, რომელიც იმატებს ხველების, ფიზიკური დატვირთვის, გაჭინთვის, უეცარი მოძრაობის დროს;
* თავის ტკივილი, რომელმაც პირველად 50 წლის შემდეგ იჩინა თავი.
თავის ტკივილის სერიოზული მიზეზების (სიმსივნის, ინსულტის, ტვინში სისხლდენის, ინფექციის და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების) გამოსარიცხად ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).
***
დაძაბულობის თავის ტკივილი
დაძაბულობის ტკივილი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა. ადამიანი მას ისე აღიქვამს, თითქოს თავზე სალტე აქვს შემოჭერილი. დაძაბულობის თავის ტკივილის განვითარების მექანიზმი ბოლომდე არ არის ნათელი. ერთხანს ვარაუდობდნენ, რომ მას იწვევდა სახის, კისრისა და თავის კანის კუნთების შეკუმშვა ემოციის, დაძაბულობის ან სტრესის შედეგად. დღეს ეს ჰიპოთეზა უაყოფილია.
ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი აწუხებთ, მომატებული აქვთ მგრძნობელობა ტკივილის მიმართ. ტრიგერად, ანუ ტკივილის გამშვებად, სტრესი გვევლინება.
სიმპტომები
ცხოვრების განსაზღვრულ მომენტებში დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი ადამიანების უმეტესობას აღენიშნება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ის უფრო ხშირად აქვთ ქალებს. დაძაბულობის ტიპის ტკივილი ვლინდება თავის ყრუ ტკივილით, შუბლზე, საფეთქლების ან კეფის არეში დაჭიმულობის ან მოჭერის შეგრძნებით, თავის კანის, კისრისა და მხრების კუნთების მტკივნეულობით.
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი შეიძლება იყოს ეპიზოდური ან ქრონიკული.
ეპიზოდური ტკივილი უმეტესად 40-დან 50 წლამდე ადამიანებთან აღირიცხება. ეპიზოდები 30 წუთიდან ერთ კვირამდე გრძელდება, ტკივილის დღეები არ აღემატება თვეში 15-ს და ასეა, სულ მცირე, სამი თვე. ეპიზოდური ტკივილი შესაძლოა გაქრონიკულდეს.
ქრონიკული ტკივილი საათობით, უწყვეტად გრძელდება. ტკივილის დღე თვეში 15 ან მეტია და ასეა, სულ მცირე, სამი თვე.
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის გასაყუჩებლად კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გჭირდებათ წამლის მიღება, ტკივილი აფერხებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს ან მისი ხასიათი შეიცვალა.
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის ეპიზოდების სიხშირე, მით უმეტეს ქრონიკული ტკივილისა, აქვეითებს ადამიანის შრომის ნაყოფიერებას და ცხოვრების ხარისხს.
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილს ძნელად ასხვავებენ შაკიკისგან. ზოგჯერ ადამიანს ერთდროულად ორივე ტიპის თავის ტკივილი აქვს. შაკიკის ზოგიერთი ფორმისგან განსხვავებით, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი არ იწვევს მხედველობით სიმპტომებს, გულისრევას და ღებინებას. გარდა ამისა, ფიზიკური აქტიურობა აძლიერებს შაკიკის შეტევას, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილზე კი გავლენას არ ახდენს.
მკურნალობა
ბევრი ცდილობს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ტკივილს, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა, გადაჭარბებულმა გამოყენებამ შესაძლოა თვითონვე გამოიწვიოს თავის ტკივილი.
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს გამოიყენება ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, კომბინირებული მედიკამენტები (ასპირინი, პარაცეტამოლი კოფეინით ან სედაციური საშუალებით), ტრიპტანები, რომლებიც ეფექტურია შაკიკისა და დაძაბულობის ტიპის ეპიზოდური ტკივილის შემთხვევაში. ოპიოიდებს იშვიათად იყენებენ, რადგან ახასიათებს გვერდითი ეფექტები და არსებობს მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების საფრთხე.
ზოგჯერ ინიშნება პრევენციული მედიკამენტები. მათი მიზანია თავის ტკივილის სიხშირის ან ინტენსივობის შემცირება. ესენია:
* ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, პროტრიპტილინი) – ამ პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა, ძილიანობა და პირის სიმშრალე;
* სხვა ანტიდეპრესანტები (ვენლაფაქსინი, მირტაზაპინი), რომლებიც ეფექტურია დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის პრევენციისთვის;
* კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები და მიორელაქსანტები.
პრევენციული მედიკამენტების სხეულში დაგროვებას და ეფექტის გამოვლენას შესაძლოა რამდენიმე კვირა და მეტიც კი დასჭირდეს. მათ მოქმედებას შესაძლოა ხელი შეუშალოს მკურნალობის პროცესში სხვა ტკივილგამაყუჩებლების ჭარბმა მოხმარებამ, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ გადააჭარბოთ გამაყუჩებლის ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას.
დამხმარე მეთოდები
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს აკუპუნქტურა, მასაჟი, ღრმა სუნთქვა, ბიოუკუკავშირი, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია.
ეპიზოდური ტკივილის მოსახსნელად ზოგჯერ საკმარისია დასვენება, თავზე ყინულის დადება, ხანგრძლივი ცხელი შხაპი.
ქრონიკული ტკივილის შესამსუბუქებლად მნიშვნელოვანია:
- სტრესის დონის მართვა. სტრესის შემცირების ერთ-ერთი გზაა დღის წინასწარ დაგეგმვა და ორგანიზება, ასევე – დასვენებისთვის მეტი დროის გამოყოფა.
- ცხელი და ცივი კომპრესები. შეგიძლიათ, ამავე დანიშნულებით გამოიყენოთ ცხელი წყლით სავსე ბოთლი, ცხელი აბაზანა, შხაპი, შეფუთული ყინული, გაყინული ხორცი ან ბოსტნეული.
- გაიუმჯობესეთ ტანდეგობა. დგომისას მხრები უკან გასწიეთ, თავი მაღლა ასწიეთ, შეისუნთქეთ მუცელი, შეკუმშეთ დუნდულები. ეცადეთ, ჯდომისას ბარძაყები იატაკის პარალელურად გქონდეთ განლაგებული, თავი გამართული გეჭიროთ, ნუ დახრით.
პრევენცია
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის თავიდან აცილებაში რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ. ამავე მიზნით იყენებენ:
. კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპიას (CBT). ეს მეთოდი მოიცავს ფიქრებისა და ქცევის კონტროლს, რაც ადამიანს ტკივილის კონტროლსა და შესუსტებაში ეხმარება. ჩBთ ასწავლის ადამიანს სტრესის ამოცნობას და მართვას, უარყოფითი ან სტრესული აზრების შეცვლას, ჯანსაღ ქცევას.
. რელაქსაციის ტექნიკები. ყველაფერი, რაც მოდუნებაში გეხმარებათ, შეიძლება შვების მომგვრელი აღმოჩნდეს თავის ტკივილის დროს: ღრმა სუნთქვა, იოგა, მედიტაცია, კუნთების თანმიმდევრული მოდუნება, ვიზუალიზაცია (მშვიდი, სასიამოვნო სიტუაციის წარმოდგენა), მაინდფულნესი (ცნობიერების ფოკუსირება, საკუთარ ფიქრებსა და ემოციებზე დაკვირვება), თავისა და კისრის თვითმასაჟი.
. ბიოუკუკავშირის მეთოდი. მისი დახმარებით ადამიანი აკონტროლებს თავისი სხეულის ფუნქციებს და მათ სასურველი მიმართულებით ცვლის. სპეციალური მოწყობილობების საშუალებით პაციენტი იღებს უკუკავშირს კუნთების დაძაბულობის, გულისცემის, სუნთქვის სიხშირისა და არტერიული წნევის შესახებ. ეს მას საკუთარი რეაქციების გააზრებასა და მართვაში ეხმარება. მაგალითად, სწავლობს კუნთების დაძაბულობის შემცირებას, გულისცემისა და სუნთქვის შენელებას, რაც, თავის მხრივ, ასუსტებს ტკივილს და სტრესს.
თითოეული ეს მეთოდი შედეგიანია დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს, თუმცა გაცილებით ეფექტურია მათი გამოყენება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, კომბინირებულად.
რა თქმა უნდა, თავის ტკივილის პრევენციისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:
- იძინეთ საკმარისად, მაგრამ არ გადააჭარბოთ.
- არ მოწიოთ.
- იყავით ფიზიკურად აქტიური.
- ჭამეთ რეგულარულად და დაბალანსებულად.
- სვით ბევრი წყალი.
- ერიდეთ ალკოჰოლს, კოფეინს და შაქარს.
***
შაკიკი
შაკიკი არის მფეთქავი ტკივილი ან პულსაციის შეგრძნება, როგორც წესი, თავის ცალ მხარეს. მისი შეტევები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. ტკივილი შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს, რომ ადამიანმა ყოველდღიური საქმიანობის უნარი დაკარგოს.
ტრიგერები
მიუხედავად იმისა, რომ შაკიკის განვითარების მექანიზმი ბოლომდე ნათელი არ არის, დადგენილია, რომ მასში დიდ როლს ასრულებს გენეტიკა და გარემო ფაქტორები, კერძოდ:
* ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები – დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან, ორსულობასთან, მენოპაუზასთან. ჰორმონული პრეპარატების, მაგალითად, ორალური კონტრაცეპტივების მიღებამ შესაძლოა დაამძიმოს შაკიკის მიმდინარეობა, თუმცა ზოგიერთ ქალს მათი მიღების დროს შეტევები, პირიქით, უფრო იშვიათად აწუხებს;
* ალკოჰოლიანი (განსაკუთრებით – ღვინო) და კოფეინიანი სასმელები;
* სტრესი;
* სენსორული სტიმულები – კაშკაშა ან მოპულსირე ნათება, ხმაური, სუნამოს, საღებავების გამხსნელის სურნელი, სიგარეტის მეორეული კვამლი;
* ძილის ნაკლებობა ან სიჭარბე;
* ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის –სექსუალური აქტივობა;
* ამინდის ან ატმოსფერული წნევის ცვლილება;
* მედიკამენტები – ორალური კონტრაცეპტივები, ვაზოდილატატორები (ნიტროგლიცერინი);
* საკვები – დავარგებული ყველი, მარილიანი, კონსერვანტებისა სხვა ქიმიური დანამატების შემცველი საკვები;
* საკვებდანამატები – ასპარტამი, მონონატრიუმის გლუტამატი (MშG).
შაკიკისადმი მიდრეკილებას ზრდის:
* ამ ავადმყოფობის ოჯახური ისტორია (შაკიკით დაავადებული ოჯახის წევრი);
* ასაკი – ხშირად შაკიკი პირველად მოზარდ ასაკში იჩენს თავს, პიკს აღწევს 30-დან 40 წლამდე, თანდათან მსუბუქდება და იშვიათდება;
* სქესი – ქალებთან სამჯერ უფრო ხშირად აღირიცხება;
* ჰორმონული ცვლილებები – თავის ტკივილი შეიძლება დაიწყოს მენსტრუაციის დროს ან მის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე. შეტევების ხასიათი შესაძლოა შეიცვალოს ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდშიც. მენოპაუზის შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება.
სიმპტომები
შაკიკის შეტევის ოთხ სტადიას განასხვავებენ, თუმცა ყველა არ გაივლის ოთხივეს. აურაც, შაკიკის მომასწავებელი ან თანმხლები სიმპტომი, ყველასთან არ ვლინდება. შეტევა ზოგს რამდენიმე თვეში ერთხელ აქვს, ზოგსაც – თვეში რამდენჯერმე.
შაკიკის სტადიებია:
* პროდრომული სტადია – თავის ტკივილის დაწყებამდე ერთი ან ორი დღით ადრე ადამიანმა შესაძლოა შეამჩნიოს მცირე ცვლილებები, რომლებიც შაკიკის შეტევის მოახლოებაზე მიანიშნებს. მაგალითად, ყაბზობა, განწყობის ცვალებადობა დეპრესიიდან ეიფორიამდე, ზოგიერთი საკვებისადმი განსაკუთრებული ლტოლვის გაჩენა, კისრის დაჭიმულობა, შარდვის გახშირება, სითხის შეკავება, ხშირი მთქნარება.
* აურა – აურა ზოგჯერ წინ უძღვის, ზოგჯერ კი თან სდევს შაკიკის შეტევას. ის მოიცავს ნერვული სისტემისმიერ სიმპტომებს, უმეტესად – მხედველობითს, რომლებიც შესაძლოა 60 წუთამდე გაგრძელდეს. აურის მაგალითებია მხედველობის არეში ლაქების, ფერადი ზიგზაგების გაჩენა, სინათლის ან შავი ლაქების ციმციმი, მხედველობის დაკარგვა, კიდურებში ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე ან დაბუჟება სახის ან სხეულის ცალ მხარეს, მეტყველების დარღვევა.
* შეტევა (თავის ტკივილი) – მკურნალობის გარეშე შაკიკის შეტევა 4-დან 72 საათამდე გრძელდება. მოპულსირე ტკივილი უმეტესად თავის ცალ მხარეს არის ლოკალიზებული, იშვიათად – ორივე მხარეს. მომატებულია მგრძნობელობა სინათლის, ხმის, ზოგჯერ – სუნისა და შეხების მიმართ. თან ახლავს გულისრევა და ღებინება.
* პოსტდრომული (ტერმინალური) – შაკიკის შეტევის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში მოსალოდნელია გამოფიტულობა, დაბნეულობა, სისუსტე, თუმცა არიან პაციენტები, რომლებიც, პირიქით, აღტაცებას, აღფრთოვანებას გრძნობენ. თავის სწრაფმა მოძრაობამ შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს ხანმოკლე ტკივილი.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ შაკიკის სიმპტომები რეგულარულად გაწუხებთ, მაგრამ დიაგნოზი არ დაუსვამთ, გირჩევთ, გააკეთოთ ჩანაწერები შეტევებისა და მათი მკურნალობის შესახებ და ამ ჩანაწერებით მიმართოთ ექიმს. ექიმთან ვიზიტი საჭიროა მაშინაც, თუ თავის ტკივილის ბუნება შეიცვალა.
მკურნალობა
შაკიკის სამკურნალოდ მრავალი მედიკამენტი არსებობს. მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომების ალაგებას და შემდგომი შეტევების პრევენციას. ამის კვალობაზე, წამლებიც ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
* ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც მიიღება უშუალოდ შეტევის დროს. მათი მიზანია სიმპტომების მოხსნა. ისინი შაკიკის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მივიღოთ. მათ მიეკუთვნება ასპირინი, იბუპროფენი, კომბინირებული (კოფეინთან, პარაცეტამოლთან) საშუალებები, ტრიპტანები, დიჰიდროერგოტამინი, ლასმიდიტანი, გეპანტები, ინტრანაზალური ზავეგეპანტი, ოპიოიდები, გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები;
* პრევენციული მედიკამენტები, რომლებიც მიიღება რეგულარულად, ხშირად ყოველდღიურადაც და რომელთა მიზანი შეტევების ინტენსივობის ან სიხშირის შემცირებაა: არტერიული წნევის დამწევი საშუალებები (პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი), კალციუმის არხის ბლოკატორები (ვერაპამილი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (ვალპროატი, ტოპირამატი). პრევენციისთვის ასევე გამოიყენება ბოტოქსის ინექციები, კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდები (ჩGღP), მონოკლონური ანტისხეულები.
მკურნალობა დამოკიდებულია:
- თავის ტკივილის სიხშირესა და სიმძიმეზე,
- იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს გულისრევა და ღებინება,
- რამდენად არღვევს შაკიკი მის ყოველდღიურ ცხოვრებას,
- აქვს თუ არა სხვა სამედიცინო დიაგნოზი და ა.შ.
მხოლოდ ექიმს შეუძლია, ამ პარამეტრების ურთიერთშეჯერებით ზუსტად განსაზღვროს, როგორი მკურნალობა შეეფერება კონკრეტულ პაციენტს. ზოგიერთი წამალი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ამიტომ თუ ქალი ორსულად არის ან გეგმავს ორსულობას, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ისინი არ უნდა გამოიყენოს.
სახლში
როდესაც შაკიკის შეტევა იწყება, შედით წყნარ, ჩაბნელებულ ოთახში, წამოწექით, თვალები დახუჭეთ და დაისვენეთ ან დაიძინეთ. შუბლზე დაიდეთ ქსოვილში გახვეული ყინულის პაკეტი და დალიეთ ბევრი წყალი.
ტკივილი შესაძლოა დაგიამოთ რელაქსაციური ტექნიკის გამოყენებამ, ბიოფიდბექმა.
შეიმუშავეთ ძილისა და კვების რეჟიმი. არ იძინოთ არც მეტისმეტად ბევრი, არც მეტისმეტად ცოტა. დაიცავით დაძინებისა და გაღვიძების მწყობრი რეჟიმი. ეცადეთ, ჭამოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
სვით ბევრი სითხე, განსაკუთრებით წყალი.
აწარმოეთ თავის ტკივილის დღიური, ჩაიწერეთ სიმპტომები. შემდგომში ამ ჩანაწერების ანალიზი დაგეხმარებათ იმის დადგენაში, რა იწვევს შეტევას და რომელი მკურნალობაა ყველაზე ეფექტური, ხოლო ექიმი მათ საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
რეგულარულად ივარჯიშეთ. სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა შაკიკის შეტევების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ვარჯიშის წინ გახურდით, რომ უეცარმა, ინტენსიურმა დატვირთვამ თავის ტკივილი არ გამოიწვიოს.
შესაძლოა, შვება მოგგვაროთ ალტერნატიულმა მეთოდებმაც: აკუპუნქტურამ, CBT-მ, მედიტაციამ, იოგამ. ვარაუდობენ, რომ რიბოფლავინის (ვიტამინ B2-ის) დიდი დოზა ამცირებს ტკივილების სიხშირესა და სიმძიმეს. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, კოენზიმ Q10-ის დანამატებიც აიშვიათებს შაკიკის შეტევებს.
***
კლასტერული თავის ტკივილი
კლასტერული თავის ტკივილი შედარებით იშვიათია (1000-დან 1 ადამიანი უჩივის), მაგრამ ძალიან ძლიერი. მას ახასიათებს თავის ტკივილის დღეში რამდენიმე ხანმოკლე, უკიდურესად ძლიერი შეტევა, რომლებსაც კლასტერებს უწოდებენ. ტკივილი, წესისამებრ, ცალ თვალში ან მის გარშემოა ფოკუსირებული.
მიზეზები
კლასტერული თავის ტკივილის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. ტკივილის კლასტერული ბუნება მიუთითებს მის კავშირზე ჰიპოთალამუსთან – ტვინის იმ უბანთან, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად ორგანიზმის ბიოლოგიური საათის გამართულ მუშაობასაც უზრუნველყოფს. კლასტერული თავის ტკივილის ტრიგერი, გამშვები ფაქტორი, უმეტესად ალკოჰოლური სასმელია. ასევე ტრიგერებად მიიჩნევა ამინდის ცვლილება, ზოგიერთი მედიკამენტი.
კლასტერული თავის ტკივილის რისკფაქტორებია:
* სქესი – მამაკაცებთან ის ექვსჯერ უფრო ხშირად აღირიცხება;
* ასაკი – უმეტესად 20-დან 50 წლამდე ასაკში ვითარდება;
* მოწევა – მრავალი მათგანი, ვისაც კლასტერული თავის ტკივილი აქვს, მწეველია, თუმცა მოწევისთვის თავის დანებება ტკივილს არ აქრობს;
* ალკოჰოლის მოხმარება – კლასტერულ პერიოდში ალკოჰოლის მიღება ზრდის შეტევის რისკს;
* ოჯახური ისტორია – როდესაც მშობელს ან და-ძმას აღენიშნება კლასტერული თავის ტკივილი.
სიმპტომები
კლასტერული თავის ტკივილი სწრაფად, გაუფრთხილებლად აღმოცენდება, თუმცა შეტევის დაწყებამდე ზოგიერთს აქვს ისეთივე გულისრევა და აურა, როგორიც შაკიკისთვის არის დამახასიათებელი.
კლასტერული თავის ტკივილის სიმპტომებია:
* მკვეთრი, მძაფრი ტკივილი, წესისამებრ, ცალი თვალის უკან ან მის გარშემო. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს სახის, თავისა და კისრის სხვა უბნებზე. ერთი კლასტერის დროს ტკივილი თავის მხოლოდ ცალ მხარეს ვითარდება. სხვა კლასტერის შემთხვევაში შესაძლოა მეორე მხარეს განვითარდეს;
* მოუსვენრობა;
* ცრემლდენა;
* შუბლის ან მთელი სახის ოფლიანობა;
* მტკივან მხარეს – თვალის ჩაწითლება, ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, კანის ფერის შეცვლა, თვალის ირგვლივ ქსოვილთა შეშუპება, ქუთუთოს დაშვება.
ძლიერი ტკივილის დროს ბევრი ბოლთას სცემს ან დამჯდარი წინ და უკან ქანაობს.
კლასტერული პერიოდები
- კლასტერულ პერიოდში თავის ტკივილი თითქმის ყოველდღე ვითარდება, ხშირად – დღეში რამდენჯერმე.
- შეტევა შესაძლოა 15 წუთიდან სამ საათამდე გაგრძელდეს. უმეტესად გრძელდება 30-45 წუთს.
- ხშირად შეტევა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვითარდება.
- შეტევა უმეტესად ვითარდება ღამით, დაძინებიდან 1-2 საათის შემდეგ.
- ტკივილი ისევე მოულოდნელად გაივლის, როგორც იწყება. შეტევების შემდეგ ადამიანების უმეტესობას ტკივილი აღარ აწუხებს, მაგრამ დაღლილია.
კლასტერული პერიოდი გრძელდება ერთი ან რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. შესაძლოა, ერთ წლამდეც კი. ისინი შესაძლოა დაიწყოს წელიწადის დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, ყოველ გაზაფხულზე ან ყოველ შემოდგომაზე, და დაახლოებით ერთი და იმავე ხანგრძლივობისა იყოს.
კლასტერულ პერიოდს მოსდევს რემისია –სამთვიანი ან უფრო ხანგრძლივი უტკივილო პერიოდი. თუ რემისია სამ თვეზე მეტხანს გრძელდება, ასეთ კლასტერულ ტკივილს ეპიზოდური ეწოდება. თუ კლასტერული პერიოდი წელიწადზე მეტია გრძელდება, ხოლო რემისიული ფაზა ერთ თვეზე ხანმოკლეა, საქმე გვაქვს ქრონიკულ კლასტერულ თავის ტკივილთან.
მკურნალობა
კლასტერული თავის ტკივილი არ იკურნება. მკურნალობის მიზანია ტკივილის შესუსტება, კლასტერული პერიოდის შემცირება და ახალი შეტევების თავიდან აცილება. ვინაიდან კლასტერული თავის ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება და მალევე გაივლის, მკურნალობა საჭიროა სწრაფმოქმედი საშუალებით, რომელიც ტკივილს დაწყებისთანავე შეაჩერებს. ასეთია:
* ჟანგბადი. სუნთქვის დაწყებიდან მაქსიმუმ 15 წუთში ადამიანი შვებას გრძნობს. ჟანგბადს არ ახასიათებს თანმხლები მოვლენები, მაგრამ არ გამოიყენება ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებთან.
* ტრიპტანები. კეთდება სუმატრიპტანის (იმიტრექსის) ინექცია. შეიძლება ცხვირის სპრეის სახით გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეფექტი შედარებით გვიან დადგება. სუმატრიპტანი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც მაღალი წნევა ან გულის დაავადება აქვს.
* ოქტრეოტიდი. ეს არის ტვინის ჰორმონ სომატოსტატინის მსგავსი ნივთიერება. შესაძლოა, დაუნიშნონ მას, ვიზეც ტრიპტანებმა არ იმოქმედა.
* ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. ლიდოკაინის ცხვირში შესხურებამ შესაძლოა გამაყუჩებელი ეფექტი გამოიწვიოს.
* დიჰიდროერგოტამინი. ის ვენიდან შეჰყავთ და ზოგიერთ პაცეინტთან ეფექტურია. არ არის დადასტურებული მისი ცხვირით შესასუნთქი ფორმის ეფექტურობა.
კლასტერული პერიოდის დაწყებისთანავე, შეტევების შეჩერების მიზნით, იწყება პრევენციული თერაპიაც. ის მოიცავს კალციუმის არხის ბლოკატორებით (ვერაპამილი), კორტიკოსტეროიდებით (პრედნიზონი), გალკანეზუმაბით (ემგალია), ლითიუმით, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (ტოპირამატი) მკურნალობას, ვაგუსის ნერვის არაინვაზიურ სტიმულაციას, ნერვულ ბლოკადას (ტკივილგამაყუჩებელი შეჰყავთ თავის უკანა ნაწილში, კეფის ნერვის სიახლოვეს).
თუ ჩამოთვლილმა საშუალებებმა ადამიანს შვება არ მოჰგვარა, შესაძლოა, ჩატარდეს ოპერაცია, რომლის მიზანი ტკივილის აღმვძრელი ნერვების დაზიანებაა, თუმცა ამ ოპერაციების გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით შეუსწავლელია და გართულებებიც საკმაოდ სერიოზულია (ყბის კუნთების სისუსტე, სახისა და თავის ზოგიერთ ნაწილში შეგრძნებების დაკარგვა).
კლასტერული თავის ტკივილის შეტევების შემსუბუქებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ჰორმონ მელატონინის მიღებამ, კაპსაიცინის (წიწაკა ჩილისგან მიღებული ქიმიკატის) ინტრანაზალურმა გამოყენებამ (ცხვირში შეტანამ) და სხვა.
ცხოვრების წესი
კლასტერული შეტევის თავიდან ასაცილებლად კლასტერული პერიოდის განმავლობაში დაიცავით ძილის მწყობრი რეჟიმი. არ შეცვალოთ ძილის დრო და ხანგრძლივობა. ერიდეთ ყოველგვარ ალკოჰოლურ სასმელს.
***
ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი
ხანგრძლივი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის: სირბილის, ცურვის, ძალოსნობაში ვარჯიშის, ჩოგბურთის თამაშის, ნიჩბების მოსმის – დროს ან მისი დასრულებისთანავე ზოგ ადამიანს თავის ტკივილი ეწყება.
განასხვავებენ ვარჯიშისმიერი თავის ტკივილის ორ ტიპს – პირველადს და მეორეულს.
პირველადი ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი, წესისამებრ, უვნებელია. მისი უშუალო მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ინტენსიური ვარჯიშის დროს ფართოვდება თავის ქალას სისხლძარღვები და სწორედ ეს იწვევს ტკივილს.
მეორეულ ვარჯიშისმიერი თავის ტკივილს ხშირად სერიოზული პრობლემა უდევს საფუძვლად, მაგალითად, თავის ტვინში სისხლდენა, სიმსივნე, კორონარული (გულის კუნთის მკვებავი) არტერიის დაავადება, ტვინის მკვებავი სისხლძარღვების, თავის, კისრის ან ხერხემლის სტრუქტურული ანომალია, სინუსური ინფექცია. მეორეული ვარჯიშისმიერი თავის ტკივილის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ვარჯიშის დროს თავის ტკივილის განვითარების რისკი იმატებს, როცა ადამიანი ვარჯიშობს სიცხეში, დიდ სიმაღლეზე, აქვს შაკიკის პირადი ან ოჯახური ისტორია.
როგორ ვლინდება
პირველადი ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი მფეთქავია, უმეტესად ორმხრივი. წესისამებრ, გრძელდება ხუთი წუთიდან 48 საათამდე.
მეორეული ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი პირველადს ჰგავს, ოღონდ ამ დროს ტკივილს შესაძლოა დაერთოს ღებინება, ცნობიერების დაკარგვა, მხედველობის გაორება, კისრის რიგიდულობა (სიხისტე, გახევება). გრძელდება, სულ მცირე, ერთი დღე, ზოგჯერ – მეტიც.
თუ ვარჯიშის დროს ან მისი დასრულებისთანავე თავი აგტკივდათ, მიმართეთ ექიმს. დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ თავის ტკივილი მოულოდენელად, მწვავედ დაიწყო ან ეს ვარჯიშისმიერი თავის ტკივილის პირველი შემთხვევაა.
მკურნალობა
პირველად ტკივილს მკურნალობენ ინდომეტაცინით – ანთების საწინააღმდეგო საშუალებით – ან პროპრანოლოლით, არტერიული წნევის წამლით. ზოგიერთი პაციენტისთვის ეფექტურია ნაპროქსენი, ფენელზინი, დიჰიდროერგოტამინის მეზილატი. ჩამოთვლილი საშუალებებიდან ზოგიერთის დანიშნულება ტკივილის მყისიერად მოხსნაა, ზოგისა – პრევენცია.
თუ გამოცდილებით იცით, რომ ფიზიკური დატვირთვა თავს აგატკივებთ, შეგიძლიათ, მიიღოთ მედიკამენტი დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებამდე (ჩოგბურთის მატჩი, მთაში ლაშქრობა) ერთი ან ორი საათით ადრე. თუ ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი ხშირი ან არაპროგნოზირებადია, ექიმი წამლების ყოველდღიურ მიღებას გირჩევთ.
პრევენცია
თუ ვარჯიშისმიერი თავის ტკივილისკენ გაქვთ მიდრეკილება, ერიდეთ სიცხეში, ნოტიო გარემოში ან დიდ სიმაღლეზე ვარჯიშს. თუ ტკივილი მხოლოდ განსაზღვრული ტიპის აქტივობის დროს გეწყებათ, ასეთ აქტივობებზე უარი თქვით. დაგეხმარებათ ვარჯიშის წინ კარგი გახურებაც.
***
ხველისმიერი თავის ტკივილი
ხველისმიერ თავის ტკივილს უწოდებენ თავის ტკივილს, რომელიც მოჰყვება ხველებას ან სხვაგვარ დაძაბვას: ცემინებას, ცხვირის ღონივრად მოხოცვას, სიცილს, ტირილს, სიმღერას, წინ დახრას, ნაწლავის მოქმედებას. ამ ტიპის თავის ტკივილი საკმაოდ იშვიათია.
პირველადი ხველისმიერი თავის ტკივილი, წესისამებრ, უვნებელია და მალე თავისთავად გაივლის. მისი მიზეზი უცნობია. პირველადი ხველისმიერი თავის ტკივილის დიაგნოზი ისმება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი სხვა მიზეზებს გამორიცხავს.
მეორეული ხველისმიერი თავის ტკივილის ტრიგერი ხველაა, მაგრამ ნამდვილი მიზეზებია თავის ტვინის, ხერხემლის ან მათი მიმდებარე სტრუქტურების პათოლოგიები, ანევრიზმა, სიმსივნე, თავ-ზურგტვინის სითხის გაჟონვა. მეორეული ხველისმიერი თავის ტკივილი ზოგჯერ სერიოზულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს, რომელსაც ქირურგიული მკურნალობა სჭირდება.
ყველამ, ვინც პირველად შეაწუხა ხველისმიერმა თავის ტკივილმა, ექიმს უნდა მიმართოს. ის დაადგენს, ტკივილი ხველამ გამოიწვია თუ სხვა მიზეზმა.
სიმპტომები
* თავის ტკივილი უეცრად იწყება ხველების ან სხვაგვარი დაძაბვის დროს;
* გრძელდება, წესისამებრ, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – ორ საათამდეც;
* ტკივილი მკვეთრია, მძაფრი, ინტენსიური, თითქოს თავი სკდება;
* უმეტესად იგრძნობა თავის ორივე მხარეს, შესაძლოა, უფრო ძლიერი იყოს კეფაში;
* შესაძლოა, დატოვოს ყრუ ტკივილი, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდება.
მეორეული ხველისმიერი თავის ტკივილიც უმეტესად ამავე სიმპტომებით ვლინდება, მაგრამ შესაძლოა, ამ დროს ტკივილი უფრო მეტხანს გაგრძელდეს, დაერთოს თავბრუხვევა, გულის წასვლა, ყურების შუილი ან სმენის დაქვეითება, ბუნდოვანი ხედვა ან მხედველობის გაორება, ტრემორი.
ხველისმიერი თავის ტკივილი ვითარდება უშუალოდ ხველების ან სხეულის სხვა ამგვარი დაძაბვის შემდეგ. თუ თავის ტკივილი ხველის დაწყებამდეც გქონდათ, ის ხველისმიერ თავის ტკივილად ვერ ჩაითვლება. მაგალითად, შაკიკით დაავადებულს შესაძლოა თავის ტკივილი გაუძლიერდეს ხველის დროს, მაგრამ ეს ხველისმიერი თავის ტკივილი არ იქნება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ უეცრად გტკივდებათ თავი ხველის შემდეგ. განსაკუთრებით მაშინ, როცა:
- ტკივილი ახალია;
- ტკივილი ხშირი ან ძლიერია,
- უჩივით წონასწორობის დარღვევას,
- გაქვთ ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა;
- გაქვთ სხვა საყურადღებო სიმპტომი.
პრევენცია
ხველისმიერი თავის ტკივილის პრევენცია გულისხმობს:
- ბრონქიტის ან ფილტვის ინფექციის მკურნალობას;
- იმ მედიკამენტების მიღებისგან თავის შეკავებას, რომელთა თანმხლები ეფექტია ხველა;
- გრიპის ყოველწლიურ აცრას;
- ნაწლავის შიგთავსის დამარბილებლის გამოყენებას ყაბზობის თავიდან ასაცილებლად;
- სიმძიმის აწევის ან მოხრის ხანგრძლივობის მინიმუმამდე შემცირებას.
მკურნალობა
პირველადი ხველისმიერი თავის ტკივილის დროს შესაძლოა დაგჭირდეთ პრევენციული მედიკამენტების მიღება. ასეთებია: ინდომეტაცინი (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი), პროპრანოლოლი (არტერიული წნევის შემამცირებალი), აცეტაზოლამიდი (შარდმდენი, ამცირებს ზურგის ტვინის სითხის რაოდენობას, რამაც შესაძლოა, დასწიოს თავის ქალასშიდა წნევა) და სხვა.
მეორეული ხველისმიერი თავის ტკივილის დროს ხშირად საჭიროა ოპერაცია ძირითადი პრობლემის მოსაგვარებლად.
***
სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული თავის ტკივილი
იშვიათად თავის ტკივილის მიზეზია სექსუალური აქტივობა. ამ ტიპის ტკივილი უმეტესად საშიში არ არის, მაგრამ შესაძლოა, მიუთითებდეს ანევრიზმაზე, არტერიოვენურ მალფორმაციაზე, ინსულტზე, კორონარული არტერიის დაავადებაზე და სხვ. ამ ტიპის ტკივილისკენ უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ კაცებს და შაკიკის მქონე ორივე სქესის ადამიანებს.
სიმპტომები
განსხვავებენ სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული თავის ტკივილის ორ ტიპს:
. ყრუ ტკივილს თავისა და კისრის არეში, რომელიც აღმოცენდება და ძლიერდება სექსუალური აგზნების მატებასთან ერთად;
. უეცარ, ძლიერ თავის ტკივილს, რომელიც ვითარდება ორგაზმის წინ ან უშუალოდ ორგაზმის მომენტში.
გვხვდება ამ ორი ტიპის კომბინაციაც.
ტკივილი უმეტესად რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა აღრიცხულია შემთხვევები, როდესაც მან საათობით და 2–3 დღეც კი გასტანა.
სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული თავის ტკივილი ბევრს რამდენიმე (საშუალოდ ექვსი) თვის განმავლობაში კლასტერულად აქვს. ამას მოჰყვება ტკივილისგან თავისუფალი პერიოდი – ერთი წელი ან მეტი. ზოგ ადამიანს შესაძლოა მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთი შეტევა ჰქონდეს.
მიმართეთ ექიმს, თუ სექსუალური აქტივობის დროს თავი აგტკივდათ, განსაკუთრებით – თუ ტკივილი უეცრად დაიწყო.
მკურნალობა
სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული თავის ტკივილი ზოგჯერ ისე სწრაფად გაივლის, რომ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებას ვერ ასწრებს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტები პრევენციის მიზნით. ყოველდღიურად მისაღები წამლებია ბეტა-ბლოკერები (პროპრანოლოლი და სხვა) და კალციუმის არხის ბლოკატორი (ვერაპამილი და სხვა). ისინი წნევის სამკურნალო მედიკამენტებს მიეკუთვნება. მას, ვისაც შაკიკი აქვს, შესაძლოა შაკიკის საპროფილაქტიკო მედიკამენტები გამოუწერონ.
ერთჯერედად, სქესობრივ კონტაქტამდე ერთი საათით ადრე მისაღები წამლებია ინდომეტაცინი და შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებები – ტრიპტანები.
ტკივილის თავიდან აცილება შესაძლებელია ორგაზმის წინ სექსუალური აქტივობის შეწყვეტით. სექსის დროს პასიური როლის შესრულება მისი განვითარების ალბათობას ამცირებს.
***
მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი
მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი უკავშირდება თავის ტკივილის სამკურნალოდ ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივ მოხმარებას. საინტერესოა, რომ ის არ ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც ანამნეზში არ ჰქონიათ თავის ტკივილი, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებს რეგულარულად იღებდნენ სხვა დაავადების, მაგალითად, ართრიტის, გამო.
მიზეზები
უცნობია, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ თავის ტკივილის წამლების უმეტესობას შეუძლია, თავის ტკივილი გამოიწვიოს. მათ ჩამონათვალშია:
* მარტივი ტკივილგამაყუჩებლები: ასპირინი, პარაცეტამოლი (განსაკუთრებით მაშინ, როცა იღებთ რეკომენდებულ დღიურ დოზაზე მეტს). იბუპროფენის, ნაპროქსენის შემთხვევაში ტკივილის განვითარების ალბათობა მცირეა.
* კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც შეიცავს კოფეინს, ასპირინს და პარაცეტამოლს (მაგალითად, ციტრამონი). ამავე ჯგუფში მოიაზრება სედაციური ბუტალბიტალის შემცველი მედიკამენტები. მათ მიღებას თავის ტკივილის დიდი რისკი ახლავს;.
* შაკიკის წამლები: ტრიპტანები და სხვა მედიკამენტები (ერგოტამინი). შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული გეპანტები თავის ტკივილს არ იწვევს.
* ოპიოიდები – თავის ტკივილის რისკი მათი მოხმარების შემთხვევაშიც მაღალია. ოპიოიდებს მიეკუთვნება კოდეინისა და პარაცეტამოლის კომბინაციები.
თავის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს კოფეინმაც, რომელსაც ადამიანი იღებს ყავიდან, გაზიანი სასმელებიდან და სხვა პროდუქტებიდან. კოფეინის დოზას რომ არ გადააჭარბოთ, წაიკითხეთ სურსათის ეტიკეტი.
მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის განვითარების რისკის ფაქტორებია:
* უწყვეტი თავის ტკივილის, განსაკუთრებით – შაკიკის, ისტორია;
* თავის ტკივილის სამკურნალო საშუალებების (განსაკუთრებით – კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლების, ოპიოიდების, ერგოტამინის, ტრიპტანების) გამოყენება თვეში ათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან მარტივი ტკივილგამაყუჩებლებისა – თვეში 15 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ სამ თვეზე მეტია იღებთ;
* ალკოჰოლზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება.
პრევენცია
მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად:
- მიიღეთ თავის ტკივილის წამალი დანიშნულებისამებრ;
- დაუკავშირდით ექიმს, თუ თავის ტკივილის წამალი კვირაში ორ ჯერზე მეტად გჭირდებათ;
- აუცილებლობის გარეშე არ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ბუტალბიტალს ან ოპიოიდებს;
- ნუ გამოიყენებთ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლებს თვეში 15 დღეზემეტ ხანს;
- შეზღუდეთ ტრიპტანების ან კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება თვეში ცხრა დღემდე.
მკურნალობა
ტკივილგამაყუჩებლების შეწყვეტის შემდეგ მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი გაივლის. ექიმი გირჩევთ წამლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ან დოზის თანდათანობით შემცირებას. შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები: შფოთვა, გულისრევა, ღებინება, უძილობა, ყაბზობა), რომლებიც საშუალოდ 2-დან 10 დღემდე გაგრძელდება, ხანდახან – რამდენიმე კვირაც. ამ შემთხვვვაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებები, კორტიკოსტეროიდები, ნერვული ბლოკადა და სხვა. ზოგჯერ უმჯობესია, პაციენტმა ეს პერიოდი კლინიკაში გაატაროს.
მოხსნის სინდრომის შესამსუბუქებლად ასევე უნიშნავენ პრევენციულ მედიკამენტებს (ანტიკონვულსანტს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტს, ბეტა ბლოკერს და სხვა). ბოტულინოტოქსინის ინექციებმა შესაძლოა გააიშვიათოს თავის ტკივილები, მაგრამ თავად ტკივილის შეგრძნება გააძლიეროს.
***
ალკოჰოლი და თავის ტკივილი
ზოგს თავის ტკივილი ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ ეწყება. უმეტესად ეს არის შაკიკის შეტევა ან კლასტერული ტკივილი. ტკივილი სხვადასხვა სიმძიმისაა. დალევიდან ტკივილის აღმოცენებამდე რამდენიმე წუთი ან მეტი ხანიც გაივლის. ზოგს ერთი ჭიქაც ჰყოფნის.
ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:
* ეთანოლის`სპირტის სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი, განსაკუთრებით მათთან, ვისაც მიდრეკილება აქვს თავის ტკივილისკენ ან შაკიკისკენ;
* ალკოჰოლური სასმელების სხვა კომპონენტები, მაგალითად, კონგენერები, ჰისტამინი (ის განსაკუთრებით ბევრია წითელ ღვინოში);
* თავის ტკივილის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი ეთნოსისადმი კუთვნილება, გენეტიკური მიდრეკილება, სქესი (ქალებთან უფრო ხშირია), მცირე წონა, დეჰიდრატაცია.
როგორ ვიქცევით
ალკოჰოლთან დაკავშირებული თავის ტკივილის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა სასმელზე უარის თქმა. დასაშვებ რაოდენობად მიიჩნევა მამაკაცებისთვის დღეში ორი ჭიქა, ქალებისთვის – დღეში ერთი.
ალკოჰოლის მოხმარებისას მნიშვნელოვანია სხეულის გაუწყლოების თავიდან აცილება, ამიტომ სასმლის მიღებამდეც, მიღების პერიოდშიც და შემდეგაც ბევრი წყალი უნდა სვათ.
რეკომენდებული არ არის დალევის შემდეგ ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებლის მიღება – შესაძლოა, დამატებით ტვირთად დააწვეს ღვიძლს ან გააღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი.
ტკივილი, როგორც წესი, თავისთავად გაივლის. თუ მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა ან გაძლიერდა, მიმართეთ ექიმს.
ნაბახუსევი დალევის შემდეგ განვითარებული უსიამოვნო სიმპტომების ერთობლიობაა. თავის ტკივილთან ერთად ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს ძლიერ დაღლილობას, სისუსტეს, წყურვილს, პირის სიმშრალეს, გულისცემის აჩქარებას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, კუნთების ტკივილს, ძილის დარღვევას, სინათლისა და ხმაურის აუტანლობას, თავბრუხვევას, ოთახის ტრიალის შეგრძნებას, კანკალს, ოფლიანობას, კონცენტრირების ან მკაფიოდ აზროვნების შეუძლებლობას, დეპრესიას, შფოთვას, გაღიზიანებას.
ამ დროს მნიშვნელოვანია, არ გამოგვეპაროს ალკოჰოლური მოწამვლის ნიშნები: კრუნჩხვა, სუნთქვის შენელება (წუთში რვაზე ნაკლები ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა), არარეგულარული სუნთქვა (სუნთქვის გარეშე პერიოდი 10 წამზე მეტია), გულისცემის შენელება, სველი, ოფლიანი, ნაცრისფერი კანი და სხვა. თუ ადამიანი ვერ იღვიძებს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
ნაბახუსევი, წესისამებრ, თავისთავად გაივლის, თუმცა შესაძლოა, 24 საათამდე გაგრძელდეს.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა