რჩევები ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის
გააზიარე:
ემოციური ინტელექტი ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვისა და მართვის უნარია. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევასა და გადაწყვეტილებებზე.
ემოციური ინტელექტი გულისხმობს ემპათიას და ეფექტურ კომუნიკაციას. ამ უნარების ფლობა მნიშვნელოვანია ბავშვის მომავლისთვის, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ახერხებს ადამიანი სოციალური ურთიერთობების დამყარებას, სტრატეგიების მართვას, კონფლიქტების მოგვარებას, იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომლებსაც მრავლად ეჯახება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერულ კიბეზე.
ფსიქოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი არ არის თანდაყოლილი უნარი, ის ისწავლება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვითარდება შეძენილი გამოცდილების საფუძველზე.
მშობლებს შეგვიძლია, დავეხმაროთ შვილებს ამ უნარის გამომუშავებასა და დახვეწაში:
* ნუ მოერიდებით ბავშვის თანდასწრებით ჯანსაღი ემოციების გამოხატვას. ბავშვმა უნდა გაითავისოს, რომ სევდა, ბრაზი, წყენა, მონატრება, იმედგაცრუება ნორმალური გრძნობებია, რომ ამ გრძნობებს უფროსებიც განიცდიან და არც მას უნდა შერცხვეს ემოციების გამოხატვის, თქვენთვის გაზიარების.
* თუ ტირით, მისთვის გასაგები ენით აუხსენით, რა გატირებთ. დაარქვით ემოციას სახელი: სევდა... ბრაზი... მონატრება... ესაუბრეთ იმაზე, რას აპირებთ, როგორ ჯობია ამ ემოციასთან გამკლავება, რათა ბავშვმა გაიგოს, რომ უსიამოვნო ემოციები დროებითია და საუბრით, ახლობლისთვის გაზიარებით მათი გადალახვა შესაძლებელია.
* ასწავლეთ ემოციების ამოცნობა – გრძნობის იდენტიფიცირება მასთან გამკლავებას გაუადვილებს. მაგალითად, თუ გაბრაზებული ან მოწყენილია, მიმართეთ ასე: “გაბრაზდი, როდესაც ჯგუფელმა სათამაშო წაგართვა?” ან “ალბათ იმიტომ ხარ მოწყენილი, რომ მამიკო მოგენატრა...” ამგვარად ბავშვი ისწავლის ემოციების გარჩევას და თითოეული მათგანის “მოსათვინიერებლად” გამოიმუშავებს საკუთარ მეთოდს.
* უკითხეთ წიგნები, კითხვისას ერთად განიხილეთ, რას გრძნობს პერსონაჟი, რატომ მოიწყინა, რატომ სდის ცრემლი... რატომ უცემს გული სწრაფად? - იმიტომ, რომ იცის, მალე საყვარელ მეგობარს ჩაეხუტება...
* აჩვენეთ ემოციებთან გამკლავების გზები. ემოციური ინტელექტი ემოციების არა მხოლოდ ამოცნობას, არამედ სწორ მართვასაც მოიცავს. მაგალითად, თუ ბავშვი ბრაზობს ან ნერვიულობს, შეგიძლიათ ასწავლოთ ღრმა სუნთქვის ტექნიკა: “მოდი, ათამდე დავითვალოთ და ღრმად ვისუნთქოთ, მერე კი ვნახოთ, ისევ ასე იქნები გაბრაზებული თუ ცოტათი ნაკლებად”. ეს ტექნიკა მას მომავალშიც დაეხმარება უარყოფითი ემოციების დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში.
* ემპათია ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასწავლეთ ბავშვს, რომ სხვისი გრძნობებიც მისი გრძნობებივით მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ სათამაშო მოედანზე სხვა ბავშვი წაიქცა და ტირის, ჰკითხეთ თქვენს პატარას: “როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ის?” ან “რას იტყვი, რით შეგვიძლია მისი დახმარება? მოდი, ავაყენოთ და ვეთამაშოთ, გავამხიარულოთ!" ასე თანდათან ბავშვს გამოუმუშავდება თანაგრძნობის უნარი და ისწავლის სხვისი ემოციების მიღებას და გაზიარებას.
* წაახალისეთ პრობლემის მოგვარება დიალოგით, აგრესიის გარეშე. მიეცით მაგალითი. მეუღლისგან რამე გეწყინათ? – ესაუბრეთ, უთხარით, რამ გაგანაწყენათ, მოისმინეთ მისი აზრიც, თუ საჭიროა, მოიხადეთ ბოდიში, აჩვენეთ ბავშვს, რომ დიალოგს თითქმის ყოველთვის შეუძლია, სწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს.
* ასწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა. აუხსენით, რომ ზოგჯერ ადამიანები იმდენად ძლიერ ემოციებს განიცდიან, დრო სჭირდებათ, რომამ განწყობას თავი დააღწიონ და უწინდებურად შეძლონ სხვებთან ურთიერთობა. მაგალითად, თუ მამა სამსახურიდან ძალიან ცუდ ხასიათზე დაბრუნდა და შვილთან სათამაშოდ ნერვები არ ჰყოფნის, უთხარით პატარას, რომ მამას ისევე სურს მასთან თამაში, როგორც ყოველთვის, უბრალოდ, ცოტა ხანს თავი უნდა დავანებოთ, რომ ემოციებს მოერიოს, მერე კი ისევ ითამაშებენ ერთად.
* შეაქეთ ბავშვი, თუ დაინახეთ, რომ ემპათია გამოამჟღავნა ან ვისიმე დახმარება სცადა. ქება მას იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ სწორად მოიქცა და მომავალში მეტი თავდაჯერებით გააკეთებს იმავეს.
* ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული მშობლებთან მის ურთიერთობაზე. როცა ბავშვი გრძნობს, რომ მშობლები ყურადღებით უსმენენ და იღებენ მის ემოციებს, თავს საჭიროდ, მნიშვნელოვნად და დაფასებულად გრძნობს და თავდაჯერება ემატება.
თუ მოწყენილი ხართ და ბავშვი ჩაგეხუტათ, მოგეფერათ, აუცილებლად აღნიშნეთ, რა ბევრს ნიშნავს თქვენთვის მისი მხარდაჭერა, უთხარით, რომ მისმა ჩახუტებამ ძალა შეგმატათ და ახლა უფრო ადვილად გაუმკლავდებით უარყოფით ემოციებს.
* ემოციური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა როლური თამაშებია. ეთამაშეთ პატარას ექიმობანა, სადაც პაციენტს ეშინია და ექიმი ამშვიდებს, სკოლობანა, სადაც პირველკლასელი ნერვიულობს და მასწავლებელი ამშვიდებს... დათუნია თუ "წაიქცა", "ფეხი იტკინა" და “ტირის”, იმსჯელეთ, როგორ შეიძლება მისი "დამშვიდება" და "დახმარება". ასეთი თამაშები ბავშვს სხვისი ემოციების აღქმასა და გაცნობიერებაში ეხმარება.
* გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. როდესაც მშობელი შვილს თავის მიერ განცდილსა და გამოცდილზე უყვება, მათ შორის კავშირი მტკიცდება. ბავშვს თავდაჯერებას მატებს იმის გააზრება, რომ თქვენც გაქვთ ხოლმე მომენტები, როდესაც ემოციების მოთოკვა გიჭირთ.
თუ სირთულეს წააწყდით ან ემოციებით დატვირთული სიტუაცია გაქვთ, შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვს, როგორ მართეთ ეს ემოცია და რა დაგეხმარათ ამაში. ეს პრაქტიკული მაგალითები დაეხმარება ბავშვს გაიგოს, რომ რთული პერიოდები ყველასთან დგება, მთავარია მათი სწორად მართვა ვიცოდეთ.
ლიკა ქათამაძე