როგორ ჩავერთოთ ბავშვის აღზრდის პროცესში - რჩევები ახალბედა მამებს

გააზიარე:

ბავშვის აღზრდა გამოწვევებით სავსე პროცესია. მასში მამების მონაწილეობა ნელ-ნელა უფრო და უფრო ბუნებრივად აღიქმება და აღარ წარმოადგენს ისეთ იშვიათობას, როგორსაც ადრე. მეტი და მეტი მამა აცნობიერებს, რომ შვილის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობა არ არის და რომ ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში მამის როლი ძალიან დიდია. როდესაც მამა აქტიურად არის ჩართული შვილის ყოველდღიურობაში, ეს ბავშვის ჯანსაღ განვითარებას უწყობს ხელს და ოჯახურ ურთიერთობებსაც განამტკიცებს.

მაგრამ არიან ისეთი მამებიც, რომლებსაც უჭირთ საკუთარი როლის დანახვა და ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართვა. სწორედ ამ თემას განვიხილავთ სტატიაში და მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ახალი როლის მორგებაში დაგეხმარებათ.

1. პირველივე დღიდანვე დაამყარეთ მჭიდრო კავშირი ბავშვთან. ბავშვი დაბადებისთანავე იწყებს სამყაროს გაცნობას და მშობლებთან კავშირის დამყარებას. ამ პერიოდში ხშირად ესაუბრეთ პატარას, აიყვანეთ ხელში, ჩაეხუტეთ, ასეირნეთ, უკითხეთ ზღაპრები, ეცადეთ, ხშირად ესმოდეს თქვენი ხმა, გრძნობდეს თქვენს სითბოს. მამის სიახლოვე და ყურადღება ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ განვითარებას.

2. მიიღეთ მონაწილეობა ბავშვის კვებაში. თუ პატარა ძუძუს წოვს, ცხადია, მთავარი როლი ამ პროცესში დედას დაეკისრება, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ, მაგალითად, ჭამის შემდეგ ხელში აიყვანოთ ჩვილი და ამოქარვებაში დაეხმაროთ. თუ ხელოვნურ კვებაზეა, პროცესში მამის ჩართვა უფრო მარტივია: შეიძლება, ხან დედამ გამოკვებოს, ხან თქვენ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ როცა ბავშვს მამა აჭმევს, დედა ამ წუთებში ფიზიკურად და ემოციურად ისვენებს, თავად ბავშვისთვის კი როლების ასეთი განაწილება ორმაგად სასიამოვნოა, რადგან გრძნობს, რომ ორივე მშობელი ერთნაირად ზრუნავს მასზე.

3. იზრუნეთ ბავშვის დედაზე. ჩვილის მოვლა რთული და ემოციური პროცესია. ახალბედა მამების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია ამ რთულ პერიოდში დედის მხარდაჭერაა, რათა მან ფსიქოლოგიური წონასწორობა შეინარჩუნოს და ბავშვიც მშვიდ, სტაბილურ გარემოში გაიზარდოს.

4. გაინაწილეთ მოვალეობები. ბავშვის მოვლა დიდ ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებს შორის პასუხისმგებლობის სწორად განაწილება. არ ვგულისხმობთ მხოლოდ ბავშვის გართობას და ძილის წინ ზღაპრების მოყოლას – საჭიროა ისეთ ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობაც, როგორიცაა საფენის გამოცვლა, დაბანა, ვიტამინების მიცემა, ჩაცმა და სხვა. ამ ყველაფერში დახმარებით ბავშვის დედას საგრძნობლად შეუმსუბუქებთ დედობის ტვირთს. ისიც უფრო მალე დაიბრუნებს ფიზიკურ ფორმას და სულიერ წონასწორობას და პარტნიორების სიახლოვეც უფრო მალე აღდგება.

5. ხარისხიანად გაატარეთ დრო ბავშვთან ერთად. დროის ხარისხიანად გატარება ბავშვის საჭიროებებსა და განვითარებაზე ფოკუსირებას ნიშნავს. ნუ გეგონებათ, რომ პატარას მხოლოდ ძილი და კვება სჭირდება – თამაში და სოციალური ინტერაქციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის. მშობლებთან ერთად თამაში, სიმღერა, ცეკვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ და ემოციურ განვითარებას. უფრო მეტიც: მიიჩნევა, რომ მამასთან ერთად გატარებული დრო გაცილებით კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს  ბავშვის სოციალურ უნარ-ჩვევებზე.

6. მოიძიეთ ინფორმაცია და გაიფართოეთ თვალსაწიერი. მამობის პირველი თვეები შესაძლოა რთული და დამაბნეველი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თქვენი პირველი შვილია. ბავშვის განვითარების ეტაპების ცოდნა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რა სჭირდება თქვენს შვილს და მომზადებული შეხვდეთ სირთულეებს. ბევრი იკითხეთ ბავშვის ჯანმრთელობის, კვებისა და უსაფრთხოების შესახებ, თუ კითხვები გაგიჩნდათ, კონსულტაცია სთხოვეთ სპეციალისტებს, ბავშვის დედასთან ერთად განიხილეთ რთული საკითხები, ეცადეთ ერთად, ურთიერთშეთანხმებით მიაგნოთ პასუხებს.

7. იყავით მომთმენი. მუდამ გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მყისიერად არ ხდება და ზოგიერთი ეტაპი შესაძლოა ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, როგორც მამა, თავიდანვე შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია და შვილის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე შესაძლოა განსხვავებულ სირთულეებს შეეჯახოთ. გავა დრო, გამოცდილებას მიიღებთ და სირთულეებიც გადაილახება. სიტუაციას უკეთესად გაართმევთ თავს, თუ მოთმინებას არ დაკარგავთ და გამოწვევებს მშვიდად შეხვდებით.

8. მიეცით კარგი მაგალითი. ალბათ გაგიგონიათ, ბავშვი ოჯახის სარკეაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვევების უმეტეს ნაწილს შვილი სწორედ თქვენგან იღებს. ეცადეთ, მისცეთ კარგი მაგალითი. დაანახეთ მზრუნველობითა და სიყვარულით სავსე ურთიერთობა დედასთან, დაანახეთ, როგორ უდგახართ ერთმანეთს გვერდით. ეს ბავშვს მტკიცე თვითშეფასებისა და ემოციური სტაბილურობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი პიროვნული განვითარებისთვის.

9. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. იდეალური მშობელი არ არსებობს. თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარათ, იგრძენით, რომ მოთმინებას კარგავთ, მოგეჩვენათ, რომ რთულ ვითარებას კარგად ვერ ართმევთ თავს, აუცილებლად გაესაუბრეთ ბავშვის დედას, მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვისი დახმარებისა და რჩევების იმედიც გაქვთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და არ არის აუცილებელი, ის მარტომ იპოვოთ, ახლობლების დახმარებით სირთულეს უფრო მალე და უმტკივნეულოდ გადალახავთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: