პედიატრიული ტრავმა: როდის გვჭირდება და როდის არა ოპერაცია
გააზიარე:
ბავშვები ხშირად იღებენ ტრავმას. შესაძლოა, მოსტყდეთ ძვალი, დაეჭიმოთ კუნთი ან მყესი, ამოუვარდეთ სახსარი. იმის გასაგებად, რა სახის ტრავმის დროს არ არის საჭირო ქირურგიული ჩარევა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ბიძინა კანაშვილს ვესტუმრეთ.
– ექვს წლამდე ასაკის ბავშვთა ტრავმების სტატისტიკაში მოტეხილობებს მეორე ადგილი უკავია ნაკაწრების შემდეგ. ბავშვს, ისევე როგორც ზრდასრულს, ნებისმიერი ძვალი შეიძლება მოსტყდეს, თუმცა ყველაზე ხშირად წინამხრის, მხრის ქვედა ბოლოსა და ფალანგების მოტეხილობები აღირიცხება. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანს სტატისტიკა შეიცვალა – მარტივი მოტეხილობების ნაცვლად იმატა რთული მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობების რიცხვმა (ამგვარი დაზიანებები უმეტესად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს და სიმაღლიდან, მაგალითად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობიდან, გადმოვარდნის შედეგად ვითარდება). გახშირდა ელექტროსკუტერით მიღებული ტრავმებიც.
_ რა თავისებურებები ახასიათებს ბავშვთა ასაკის მოტეხილობებს?
_ მცირე ასაკში მოტეხილობის სიმპტომები ზოგჯერ სუსტად არის გამოხატული, რასაც სხეულის ასაკობრივი თავისებურებები განაპირობებს: მოზარდი ძვლები უფრო მოქნილი და დრეკადია და სქელი ძვლისაზრდელათია დაფარული, რომელიც, ძვლის კორტიკული ნაწილის მოტეხილობის შემთხვევაშიც კი, ყოველთვის არ ზიანდება, დაუზიანებელი ძვლისაზრდელა კი კლინიკური სურათის შენიღბვას იწვევს.
მოტეხილობა სხვადასხვა ტიპისაა. ბავშვებთან ყველაზე ხშირად აღირიცხება ე.წ. მწვანე ტოტისებრი მოტეხილობა, როცა ძვალი ნაწილობრივ ტყდება და ატკეჩილი ყლორტივით იზნიქება. ძვლისაზრდელას მთლიანობა ამ დროს დარღვეული არ არის, მხოლოდ კორტიკული ფენის მთლიანობა ირღვევა. გვხვდება ბალთისებრი მოტეხილობაც – ძვალი ცალ მხარეს გატეხილია, მეორე მხარეს კი დაუზიანებელი. ასეთი მოტეხილობები საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ადვილად ხორცდება. მოტეხილობა სრულია, როცა ძვალი მთელ სისქეზე ზიანდება.
მკურნალობის კურსის შერჩევისას გასათვალისწინებელია,მოტეხილობა ღიაა თუ დახურული, ცდომის გარეშე თუ ცდომით. ღია ეწოდება მოტეხილობას, როდესაც გატეხილი ძვალი გლეჯს კუნთებს და კანს და ჭრილობაში მისი ფრაგმენტები მოჩანს. დახურულია მოტეხილობა, როდესაც კანის მთლიანობა დარღვეული არ არის. ცდომითი კი ისეთ მოტეხილობას ეწოდება, როდესაც მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს დაშორებული და აცდენილია. როცა მოტეხილი ძვალი ორ ნაწილად იყოფა, მარტივ მოტეხილობაზე ვსაუბრობთ, როცა რამდენიმე ნაწილად – რთულზე.
გართულებები და შორეული შედეგები
_ მართალია, მოტეხილობის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, მაგრამ არც გართულებაა გამორიცხული:
* მოტეხილმა ძვალმა შესაძლოა ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილები დააზიანოს, რაც დამატებითი ტრავმისა და სისხლდენის წყაროა.
* თუ მოტეხილობის შედეგად ნერვული უჯრედები დაზიანდა, შესაძლოა, დამბლა განვითარდეს.
* ინფექცია მოტეხილობის თანმხლები კიდევ ერთი საფრთხეა, ამიტომ ღია მოტეხილობა ზედმიწევნით უნდა გასუფთავდეს.
როგორც აღვნიშნე, პედიატრიული ასაკის მოტეხილობათა უმრავლესობას კეთილსაიმედო გამოსავალი აქვს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მეტაეპიფიზური (გრძელი ლულოვანი ძვლების ზედა და ქვედა სასახსრე ბოლოების) მოტეხილობები, რომლებსაც შეუძლია, გამოიწვიოს ძვლის შემდგომი განვითარების შეფერხება. ვინაიდან ბავშვის ორგანიზმი მოზარდია, მოტეხილობამ შესაძლოა კვალი დააჩნიოს მის ძვლოვან სისტემას. ლულოვან ძვლებს თავი და ბოლო დაფარული აქვს ხრტილოვანი ფირფიტებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ სიგრძეში ზრდას. თუ ეს ფირფიტები დაზიანდა, ანუ განვითარდა საზრდელი ზონის მოტეხილობა, პრობლემა წარმოიშობა – თუ ხრტილი კარგად არ შეხორცდა, შესაძლოა, დაზიანებული ძვალი სხვებთან შედარებით ნელა ან სხვა კუთხით გაიზარდოს, თანაც ეს ყველაფერი წლობით შეუმჩნეველი დარჩეს და დიაგნოზი მეტისმეტად გვიან დაისვას.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
_ კვლევის რომელ მეთოდებს იყენებთ?
_ ერთი შეხედვით ყოველთვის ვერ იტყვით, ძვალი მოტეხილია თუ არა, ხოლო თუ ბავშვმა ჯერ არ იცის ლაპარაკი, შესაძლოა, იმასაც კი ვერ მიხვდეთ, რა სტკივა.
მოტეხილობას ახასიათებს შეშუპება, მოძრაობისას ან შეხებისას ტკივილი; ბავშვს უჭირს ან ტკივილის გამო არ სურს მოტეხილი კიდურის ამოძრავება. უტყუარი დიაგნოზის დასმა მხოლოდ კვლევის ვიზუალური მეთოდების (მაგალითად, რენტგენის, ულტრაბგერის) გამოყენებით არის შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერულ და მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიებსაც ვიყენებთ.
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მოტეხილობის ლოკალიზაციაზე, ტიპზე, პაციენტის ასაკსა და თანმხლებ დაავადებებზე.
თუ მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები აცილებულია ერთმანეთს, მაგრამ ჭრილობა ღია არ არის, შესაძლოა, ძვლის ჩასწორება დახურული წესითაც მოხერხდეს. პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, ამიტომ პაციენტს წინასწარ სედაციურ საშუალებას აძლევენ. გარეგანი ჩასწორების შემდეგ ძვლის სწორი მიმართულებით ზრდას უზრუნველყოფს თაბაშირი, რომელიც მას მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.
თუ საქმე გვაქვს ღია მოტეხილობასთან ცდომით, ღია წესით ოპერაციას ვამჯობინებთ. ასეთ დროს მოტეხილი ფრაგმენტების სწორი პოზიციის შესანარჩუნებლად სხვადასხვა საფიქსაციო საშუალებას: მეტალის ძაფებს, სახრახნებს, ჭანჭიკებს, ღეროებს და ფირფიტებს, – ვიყენებთ. აღნიშნული პროცედურა ზოგადი ანესთეზიის ფონზე ტარდება. საფიქსაცო საშუალებების ამოღება ძვლის შეხორცების შემდეგ ხდება.
სანამ ძვალი კარგად შეხორცდება, მოტეხილობის ადგილას მაგარი კორძი ჩნდება. ის განსაკუთრებით შესამჩნევია ლავიწის ძვალზე. კორძი შესაძლოა მგრძნობიარე ან ოდნავ მტკივნეულიც იყოს, მაგრამ ძვლის შეხორცებიდან რამდენიმე თვეში ის გაქრება.
ბავშვის ძვლები, განურჩევლად დაზიანების სიმძიმისა, სწრაფად და კარგად ხორცდება. ეს, ერთი მხრივ, კარგია – პაციენტი ნაკლებ ხანს განიცდის ტკივილს და იმობილიზაციით გამოწვეულ დისკომფორტს, თუმცა შეხორცების პროცესზე დასაკვირვებლად აუცილებელია რენტგენოგრაფიული კონტროლი.
_ რა ნაკლი აქვს არაოპერაციულ მკურნალობას?
_ მართალია, მოტეხილობის კონსერვატიული მკურნალობა პაციენტისთვის დამზოგველია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. მცირე ასაკის გამო ბავშვი ხშირად ვერ გაიაზრებს საკუთარ მდგომარეობას და არ იცავს სიფრთხილის წესებს, რის გამოც უწყინარი შემთხვევა შესაძლოა გართულდეს და ქირურგიული ჩარევა გახდეს აუცილებელი.
მკურნალობისას მშობელი ექიმის თანამოაზრე და დამხმარე უნდა იყოს. დაუშვებელია პაციენტის არასათანადო ფიზიკური დატვირთვა. თაბაშირის ან სხვა საფიქსაციო საშუალების მოშვების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მისვლა და მისი შესწორება ან გამოცვლა. მკურნალობის პროცესში მოტეხილობა უნდა გაკონტროლდეს რენტგენოლოგიურად, რათა მეორეული შეცილების შემთხვევაში მოხდეს დროული და ადეკვატური ჩარევა.
ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ თაბაშირის დადების შემდეგ ტკივილმა იმატა ან კიდური შეშუპდა, კანი გალურჯდა, პაციენტი თითებს ვერ ამოძრავებს ან დაბუჟების შეგრძნება აქვს – შესაძლოა, მჭიდროდ დადებული თაბაშირი ნერვს ან სისხლძარღვს აწვებოდეს. ექიმი ნახვევს შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში ახლით შეცვლის.
არის შემთხვევები, როდესაც მოტეხილობის მკურნალობისას გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს თანმხლები დაავადება. მაგალითად, ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებთან მოტეხილობის კონსერვატიული მკურნალობის უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ კიდურის შეხორცება უმეტესად არასწორად ხდება (კუნთოვანი ტონუსის დარღვევის გამო). გართულებულია საფიქსაციო ნახვევის მოვლაც. ასეთ დროს პაციენტისა და მისი ახლობლებისთვის ქირურგიული ჩარევა მეტად მისაღებია, თუმცა გასათვალისწინებელია ოპერაციის მსვლელობისას და პოსტოპერაციულ პერიოდში მოსალოდნელი გართულებების მაღალი ალბათობა.
_ რას გვეტყვით მოტეხილობის მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებზე?
_ ტრადიციული მედიცინა საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას ეფუძნება. მკურნალობის სწორად წარმართვაზე პასუხისმგებელნი არიან კლინიკა და ექიმი. ლოგიკურია: ამხელა გამოცდილების ფონზე დღეს შეუძლებელია, ცალკეულმა ადამიანმა დამოუკიდებლად მოაგროვოს უფრო მეტი გამოცდილება და შეიმუშაოს მკურნალობის უკეთესი მეთოდი. თუ ასეთი შემთხვევა აღირიცხა, მას განიხილავენ და ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ მეთოდს ტრადიციულ მედიცინაში დანერგავენ.
არატრადიციულ მედიცინაში გვხვდება წარმატებით მართული შემთხვევებიც, თუმცა ექიმბაში ხშირად ვერ ერკვევა დიაგნოსტიკაში და თავის შემუშავებულ მეთოდს ბრმად, ყოველგვარი პათოლოგიის სამკურნალოდ იყენებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მკურნალობის საბოლოო შედეგზე ექიმბაში ვერ იქნება პასუხისმგებელი, ვინაიდან არ მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში და არ აქვს ლიცენზია, რომლის მიხედვითაც დგება იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი. მაგალითად, მსხვილლულოვანი ძვლების მოტეხილობის შემთხვევაში ძვალთან ერთად ზიანდება რბილი ქსოვილებიც – ირგვლივ მდებარე სისხლძარღვები და ნერვები. არაპროფესიონალური ჩარევის შედეგად შესაძლოა მოტეხილობა არასწორად შეხორცდეს ან ჩამოყალიბდეს შეუხორცებელი მოტეხილობები და უფრო რთული ჩარევა გახდეს საჭირო. პირადად მე მქონია შემთხვევები, როდესაც არატრადიციული მეთოდებით ნამკურნალევ უკმაყოფილო პაციენტს ვერ დავხმარებივარ არსებული გართულების ხასიათისა და ხანდაზმულობის გამო.
ცხოვრება მოტეხილობის შემდეგ
_მოტეხილობა, ხასიათისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, სხვადასხვა სიჩქარით ხორცდება. ვადა დაახლოებით 3-დან 6 კვირამდეა. სრულფასოვანი მკურნალობის წყალობით ძვლოვანი ქსოვილის დაზიანება უკვალოდ აღმოიფხვრება და პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ხშირად მშობელი უსაფუძვლოდ უზღუდავს ბავშვს ფიზიკურ აქტივობას იმის შიშით, რომ ისევ არ მიიღოს ტრავმა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამით ბავშვს არათუ ვერ ვიცავთ, არამედ ფიზიკური დაზიანებებისადმი მეტად მოწყვლადსაც კი ვხდით. ძვლოვანი ჩონჩხისა და კუნთების სრულფასოვანი ფორმირებისთვის აუცილებელია ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფერისი ზომიერი ფიზიკური აქტივობა. უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვარგოთ სპორტი ბავშვს და არა ბავშვი სპორტს, რაშიც შესაბამისი განათლების მქონე ინსტრუქტორი და ბავშვთა ორთოპედი დაგვეხმარებიან. მართალია, ფიზიკური აქტივობა ზრდის ტრავმის ალბათობას, მაგრამ არააქტიური ბავშვები სპორტით დაკავებულ თანატოლებთან შედარებით მოუქნელები არიან და ძვლის სიმკვრივეც გაცილებით ნაკლები აქვთ.
მარი მარღანია