იდაყვის ტკივილი - რა მოსდევს სახსრის გადატვირთვას
გააზიარე:
საოჯახო თუ პროფესიული საქმიანობა, სპორტი თუ ჰობი ზოგჯერ ზემო კიდურის განმეორებით მოძრაობებს მოითხოვს. იდაყვის სახსრის გადაჭარბებულმა დატვირთვამ შესაძლოა, ანთებითი პროცესი და ტკივილი გამოიწვიოს. ასეთი რამ ჯანსაღი ძვალსახსროვანი სისტემის მქონე ადამიანებსაც ემართებათ. დაზიანების ფორმა იმაზეა დამოკიდებული, სახსარში შემავალი რომელი სტრუქტურა დაიტვირთება ყველაზე მეტად.
როგორ სვამენ დიაგნოზს
იდაყვის ტკივილის გამო მასთან მისულ პაციენტს ექიმი გასინჯავს, გამოკითხავს, დაუნიშნავს რენტგენოლოგიურ, მაგნიტურ-რეზონანსულ ან ელექტრომიოგრაფიულ გამოკვლევას და ლაბორატორიულ ანალიზებს, რათა ართრიტი, ნერვის კომპრესია (ნერვზე ზეწოლა) და სხვა ძვალსახსროვანი პათოლოგიები გამორიცხოს.
ბურსიტი
ბურსიტი სასახსრე ჩანთის ანთებაა. სასახსრე ჩანთა წარმოადგენს ქსოვილოვან გარსს, რომელიც სახსარში შემავალ ძვლებსა და მყესიოგოვან აპარატს ფარავს. ის ამოვსებულია სასახსრე სითხით, რომელიც ამცირებს ხახუნს სახსრის წარმომქმნელ ძვლებს შორის.
ბურსიტის სიმპტომებია: სიწითლე, შესივება, ტკივილი მოძრაობისას ან ხელის დაჭერისას, შებოჭილობისა და მოუქნელობის შეგრძნება. სათანადო მკურნალობის, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების კურსის ან კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ინექციის შედეგად ბურსიტით გამოწვეული ტკივილი რამდენიმე კვირაში გაივლის, თუმცა დაავადებას ახასიათებს რეციდივი.
დაჭიმულობა
სახსრისმიერი ჩივილების კიდევ ერთი მიზეზია დაჭიმულობა. ძვლები ერთმანეთს იოგების მეშვეობით უკავშირდება. გამონაკლისი არც იდაყვის ძვალია, რომელიც კომპლექსურ სახსარს ქმნის მხრისა და სხივის ძვლებთან. იოგის დაჭიმვა ან ტრავმის შედეგად ნაწილობრივი გაგლეჯა შესაძლოა ძლიერი ტკივილის მიზეზად იქცეს. დაჭიმულობას ახასიათებს ტკივილი, შეშუპება, ჩალურჯება, მოძრაობის შეზღუდვა და ტრავმის მიღების მომენტში ტკაცუნისმაგვარი ხმა.
მკურნალობა იწყება ყინულის კომპრესებით და კიდურის დასვენებით. რთულ შემთხვევებში, როცა ზემოხსენებული მეთოდები უშედეგოა, ხდება ქირურგიული ჩარევა.
ტენდინიტი
ტკივილით გამოხატული კიდევ ერთი პათოლოგიაა ტენდინიტი. ამ დროს მყესში – სტრუქტურაში, რომლის მეშვეობითაც კუნთი ძვალს უკავშირდება – ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ხანგრძლივად მიმდინარე ანთებამ შესაძლოა ისე დაასუსტოს მყესოვანი სტრუქტურა, რომ მისი გაგლეჯისთვის მსუბუქი დატვირთვაც საკმარისი აღმოჩნდეს.
მყესის ძვალთან მიმაგრების ადგილას შეინიშნება ტკივილი, შეშუპება, სიმხურვალე.
ტენდინიტის მკურნალობა დასვენებით, ფიზიკური თერაპიით და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებითაც შესაძლებელია. გაგლეჯის შემთხვევაში ოპერაცია ტარდება.
ეპიკონდილიტი
ეპიკონდილიტი იდაყვის სახსართან დაკავშირებული კუნთებისა და მყესოვების რეგულარული გადაძაბვის შედეგია. ხშირად კავშირშია მტევნისა და წინამხრის განმეორებით მოძრაობებთან. მის განვითარებას ხელს უწყობს არასწორი ტექნიკა ჩოგბურთის თამაშისას, ბექჰენდის ან ტოპსპინის ჭარბი გამოყენება, ზედმეტი წონის ჩოგნით თამაში, ბეისბოლის ან სოფტბოლის თამაშის დროს კიდურის არასწორი მოქნევა. რისკის ფაქტორებია ასევე მშვილდოსნობა, შუბისა და ბადროს ტყორცნა, გოლფის თამაში. ეპიკონდილიტი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან.
იმ პაციენტთა უმრავლესობა, ვისაც ლატერალური (გარეთა) ეპიკონდილიტის, ე.წ. ჩოგბურთელის იდაყვის დიაგნოზს უსვამენ, სულაც არ თამაშობს ჩოგბურთს, მაგრამ აქვს ისეთი პროფესია, რომელიც ზემო კიდურის ყოველდღიურ დატვირთვას მოითხოვს. ტკივილი უმთავრესად ვლინდება იმ წერტილში, სადაც წინამხრის კუნთები მყესების მეშვეობით უკავშირდება მხრის ძვალზე არსებულ ლატერალურ ანუ გარეთა ბორცვს. დასვენებისას ტკივილი შესაძლოა იდაყვის სახსრიდან ხელის მტევანს გადაეცემოდეს, ხოლო მკლავის გაშლისას ძლიერდებოდეს. ეპიკონდილიტი აღირიცხება უმეტესად 40-დან 60 წლამდე და უმეტესად ქალებთან.
მედიალური (შიგნითა) ეპიკონდილიტი, რომელსაც გოლფის მოთამაშის იდაყვს ეძახიან, თავს იჩენს იმ ადგილის ტკივილით, სადაც წინამხრის მომხრელი კუნთების მყესები მხრის ძვლის შიგნითა ბორცვზეა მიმაგრებული. ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია ტკივილის გავრცელება წინამხარსა და მაჯაზე. მიზეზი იგივეა, რაც ჩოგბურთელის იდაყვის შემთხვევაში, ოღონდ სხვა ადგილი იტვირთება.
შიგნითა ეპიკონდილიტის სიმპტომებია ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა, მუშტის შეკვრის გართულება, დაბუჟების შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება ძირითადად მეოთხე (არათითი) და მეხუთე (ნეკა) თითებში, ტემპერატურა, შესივება, სიწითლე. კლინიკიური ნიშნები უმეტესად ვითარდება, როდესაც დატვირთვა გრძელდება დღეში, სულ მცირე, ერთ საათს რამდენიმე თვის განმავლობაში.
ეპიკონდილიტის მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდით, რომელიც შემთხვევათა 80-90%-ში შედეგიანია. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სახსარზე დატვირთვის შემცირებას ან მოხსნას, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღებას ან სტეროიდების ადგილობრივ ინექციებს ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად, ფიზიოთერაპიას კუნთების სტიმულაციისთვის, ლატერალური ეპიკონდილიტის შემთხვევაში – სპეციალური სამაგრის ტარებას, რომელიც ამცირებს დატვირთვას და შვებას ჰგვრის სახსარს, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (ე.წ პლატელეტ-რიცჰ პლასმა (PღP)) ინექციებს. ასეთი პლაზმა მიიღება მცირე რაოდენობის სისხლის ცენტრიფუგირების შედეგად. ცენტრიფუგირების პროცესში თრომბოციტები, სისხლის ფორმიანი ელემენტები, ილექება. სწორედ ამ კონცენტრირებულ მასას უშვებენ სხეულში. თრომბოციტები მდიდარია ზრდის ჰორმონით, რისი წყალობითაც ხელს უწყობს ქსოვილთა აღდგენას და მათ შემდგომი დაზიანებისგან იცავს.
ოპერაციული ჩარევა რეკომენდებულია, თუ მკურნალობის დაწყებიდან 6-12 თვეში სიმპტომებმა უკუგანვითარება არ განიცადა.
ქირურგიული მკურნალობა ღია ან ართროსკოპიულ ოპერაციით ტარდება. რეაბილიტაცია იწყება მსუბუქი დატვირთვით და ვარჯიშებით. 4-6 თვეში სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდება. ათიდან 8-9 შემთხვევაში ოპერაცია ეფექტურია.
თუ ადამიანს აქვს ეპიკონდილიტის რისკფაქტორები, პრევენციისთვის წინამხრის კუნთები უნდა გაიძლიეროს. ვარჯიში იწყება მსუბუქი წონით, რომელიც თანდათან იზრდება. ვარჯიშის დაწყებამდე კუნთების გასახურებლად რეკომენდებულია რამდენიმე წუთი ფეხით სიარული ან სირბილი, ნაზი გაწელვა. ფიტნესინსტრუქტორმა უნდა შეაფასოს ინდივიდის შესაძლებლობები და ასწავლოს სწორად ვარჯიში, რათა კუნთებს ჭარბი დაძაბვა აარიდოს.
აუცილებელია სათანადო აღჭურვილობაც. მაგალითად, ჰანტელების ან შტანგის აზიდვისას – მაჯის ფიქსაცია, რათა იდაყვზე დატვირთვა უფრო ნაკლები იყოს. თუ იდაყვის ტკივილი განმეორდა, დატვირთვა დროებით უნდა შეწყდეს და სახსარმა დაისვენოს.
თინათინ ხაინდრავა