შარდის ბუშტი - გავრცელებული პრობლემები

გააზიარე:

ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს ორგანიზმი შარდთან ერთად გამოდევნის. შარდის წარმოქმნას და გამოყოფას საშარდე სისტემა უზრუნველყოფს. ამ სისტემის თითოეულ ნაწილს თავისი განსაზღვრული ფუნქცია აქვს, მაგალითად, თირკმელები დღე-ღამეში ფილტრავს 120-დან 150 ლიტრამდე სისხლს, რის შედეგადაც საბოლოოდ 1-2 ლიტრი შარდი გამომუშავდება. კუნთოვანი მილების გავლით, რომლებსაც შარდსაწვეთებს ვუწოდებთ, შარდი თირკმელებიდან შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი ურეთრით, შარდსადენი მილით, გარეთ გამოიყოფა.

შარდის ბუშტი ამ სისტემაში ერთი შეხედვით არცთუ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ საკმარისია, მისი ფუნქცია დაირღვეს, რომ იწყება დისკომფორტი, შარდის ბუშტის ზოგიერთი დაავადება კი სერიოზულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

შარდის ბუშტი და მისი ჯანმრთელობა

შარდის ბუშტი მსხლის ფორმის ღრუ, კუნთოვანი ორგანოა, რომელიც მენჯის ღრუში, ბოქვენის უკან მდებარეობს. ის იოგებით ემაგრება სხვა ორგანოებს და მენჯის ძვლებს. მამაკაცის სხეულში შარდის ბუშტის უკან სწორი ნაწლავია მოთავსებული, ქალის სხეულში – საშო და საშვილოსნო.

ცარიელი შარდის ბუშტის დიამეტრი დაახლოებით 5 სმ-ია, ხოლო ავსებისას 15 სმ-საც კი აღწევს. შარდის ბუშტი დაახლოებით 500-700 მლ (ორ ჭიქა) შარდს იტევს, მაგრამ საკმარისია, მასში 200-350 მლ სითხე დაგროვდეს, ბუშტის ნერვები ტვინს გადასცემს სიგნალს, რომ საჭიროა მისი დაცლა. შარდის ბუშტის დაცლა ჩვენს ნებას ექვემდებარება. ამისთვის იკუმშება ბუშტის კუნთები, ხოლო ურეთრის სფინქტერის კუნთები დუნდება, რაც შარდს გარეთ გამოსვლას აიძულებს.

შარდის ბუშტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

* მწვერვალისგან, რომელიც ზემოთ და მუცლის კედლისკენ არის მიმართული;

* ძირისგან – შარდის ბუშტის ქვედა უკანა ნაწილისგან;

* სხეულისგან – მწვერვალსა და ფუძეს შორის არსებული ნაწილისგან;

* ყელისგან – ბუშტის ძირისკენ მდებარე კუნთების ჯგუფისგან, რომელიც პირდაპირ გადადის ურეთრაში. აქვე მდებარეობს მომჭერი კუნთი – სფინქტერი.

შარდის ბუშტის კედელს ქმნის სამი ძირითადი გარსი:

* უროთელიუმი – შარდის ბუშტის ამომფენი ლორწოვანი გარსი. აფერხებს შარდის სხეულში გაჟონვას;

* ლორწქვეშა გარსი (ლამინა პროპრია) – შემაერთებელი ქსოვილის თხელი ფენა, რომელიც მდიდარია სისხლძარღვებითა და ნერვებით. ის ქმნის მრავალრიცხოვან ნაოჭს და იმეორებს კუნთოვანი გარსის კონტურებს;

* კუნთოვანი გარსი – სქელი კუნთოვანი ფენა, რომელიც შედგება გლუვი კუნთების ერთმანეთში გარდამავალი სამი (გარეთა, შუა, შიგნითა) შრისგან.

სფინქტერი

საშარდე გზების სფინქტერები ხურავს შარდსადენს და შარდის შეკავებას უზრუნველყოფს. სანამ ბუშტი ივსება, მისი კედლის კუნთები მოდუნებულია, ხოლო სფინქტერებისა – შეკუმშული. როდესაც შარდის ბუშტი ნახევრად გაივსება, შარდის ბუშტის ყელის მიდამოში მდებარე შიგნითა სფინქტერი ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად იხსნება. ამ დროს დაგროვილი სითხის მთელი სიმძიმე შედარებით ქვემოთ მდებარე გარე სფინქტერს აწვება. მის შეკუმშვა-მოდუნებას ადამიანი აკონტროლებს.

როდესაც ბუშტი ივსება, ტვინისკენ გაგზავნილი სიგნალები იუწყება, რომ საჭიროა მოშარდვა. ტვინი ამ დროს სფინქტერებს მოდუნებას უბრძანებს, ხოლო შარდის ბუშტის კუნთოვან შრეს – შეკუმშვას.

როგორ ვიზრუნოთ

იმისთვის, რომ შარდის ბუშტისა და საშარდე გზების სიჯანსაღე შეინარჩუნოთ:

* სვით საკმარისი სითხე. თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ეცადეთ, ყოველდღე 1.8-2.4 ლიტრი მაინც მიიღოთ. თუ თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭები გაქვთ და ექიმიც გირჩევთ – უფრო მეტიც. მიღებული სითხის ნახევარი მაინც წყალი უნდა იყოს. თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს ექიმმა შესაძლოა წყლის ნორმა შეგიზღუდოთ.

* მოიწესრიგეთ ნაწლავების მოქმედება. ნაწლავის რეგულარული დაცლა მნიშვნელოვანია როგორც შარდის ბუშტის, ისე თვითონ ნაწლავის ჯანმრთელობისთვის. მისი მოქმედების მოსაწესრიგებლად მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონში სათანადო ადგილი დაუთმეთ ცილებს, მთლიან მარცვლეულს, ბოჭკოთი მდიდარ საკვებს, თხილეულს, ხილს, ბოსტნეულს. საკმარისად ბევრი იმოძრავეთ, ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, შეამცირეთ კოფეინის შემცველი საჭმელი და სასმელი, ნუ მოწევთ.

* მოშარდეთ, როდესაც მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. შარდის დიდხანს შეკავებამ შესაძლოა დაასუსტოს შარდის ბუშტის კუნთები და გაართულოს მისი მთლიანად დაცლა. როცა ბუშტში შარდი რჩება, იმატებს ბაქტერიების გამრავლებისა და საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკი.

* გამოიმუშავეთ ტუალეტის ჯანსაღი ჩვევები. საკმარისი დრო დაუთმეთ შარდის ბუშტის დაცლას. რეკომენდებულია მოშარდვა სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, რათა ჩამოირეცხოს ბაქტერიები, რომლებიც კონტაქტის დროს შესაძლოა ურეთრაში მოხვედრილიყო, ასევე – სასქესო ორგანოების დაბანა სექსის წინ და მის შემდეგ. ბაქტერიებისგან შარდსადენის დასაცავად ქალმა უნდა დაიბანოს წინიდან უკანა მიმართულებით, განსაკუთრებით – ნაწლავის მოქმედების შემდეგ.

* ჰარმონია დაამყარეთ თქვენს სხეულთან. დააკვირდით, რამდენად ხშირად გიჩნდებათ მოშარდვის სურვილი, ჩვეულებრივზე ხშირად ხომ არ შარდავთ, შარდი ხომ არ გეპარებათ, ხომ არ გიჭირთ მოშარდვის დაწყება, ხომ არ გეჩვენებათ, რომ შარდის ბუშტს ბოლომდე ვერ ცლით – ეს ცვლილებები შესაძლოა საშარდე გზების პრობლემის ადრეული ნიშნები იყოს, ამიტომ მათ შესახებ ექიმს უნდა აცნობოთ.

შეასრულეთ კეგელის ვარჯიშები. ეს მენჯის ფსკერის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშებია. მათი დახმარებით შეინარჩუნებთ შარდის ბუშტისა და ნაწლავების ჯანსაღ ფუნქციას.

კეგელის ვარჯიშები

მენჯის ფსკერის კუნთები აფიქსირებს და საყრდენს უქმნის შარდის ბუშტს, სწორ ნაწლავსა და საშვილოსნოს. ეს კუნთები ჰამაკივით არის გაჭიმული მენჯის წინა მხრიდან უკანა მხარისკენ და გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ შარდის, განავლის ან აირების გამოყოფა შეუფერებელ დროს.

მენჯის ფსკერის კუნთების დასუსტებას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – ორსულობა და მშობიარობა, ოპერაცია, სიბერე. კუნთების სისუსტე შარდის, განავლის, აირების შეუკავებლობას იწვევს.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კეგელის ვარჯიშები მხოლოდ შეუკავებლობის დროს კი არ არის სასარგებლო, არამედ სქესობრივ ფუნქციასაც აუმჯობესებს, თუმცა მათი შესრულება ყოველთვის არ არის რეკომენდებული, ამიტომ დაწყებამდე ექიმს უნდა გაესაუბროთ.

როგორ ვიპოვოთ

კეგელის ვარჯიშების არსი მენჯის ფსკერის კუნთების დაჭიმვა და მოდუნებაა, თუმცა შესაძლოა, საკმაო ძალისხმევა დაგჭირდეთ, სანამ ამას შეძლებთ.

ვარჯიშის შესრულებამდე საჭიროა მენჯის ფსკერის კუნთების პოვნა. ეს მათი დაჭიმვით არის შესაძლებელი. ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

* წარმოიდგინეთ, რომ აჩერებთ აირების გამოშვებას. დაჭიმეთ კუნთები, რომლებსაც ამისთვის გამოიყენებდით. თუ დაჭიმვამ გამოიწვია მოზიდვის შეგრძნება საშოს ან რექტალურ მიდამოში, კუნთები ნაპოვნია.

* შეეცადეთ, შეაჩეროთ მოშარდვა შუა ნაკადის დროს. კუნთები, რომლებსაც კუმშავთ შარდის დინების შესაჩერებლად, მენჯის ფსკერის კუნთებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ კუნთების პოვნის მარტივი გზაა, შარდვის დროს კეგელის ვარჯიშების რეგულარულად შესრულება არ შეიძლება – ამან შესაძლოა შეაფერხოს შარდის ბუშტის დაცლა და გაზარდოს მასში ინფექციის განვითარების რისკი.

* თუ ამ გზით მენჯის ფსკერის კუნთები ვერ იპოვეთ, შესაძლებელია მათი თითით მოძებნა. ამისთვის ქალმა თითი საშოში უნდა მოითავსოს, ხოლო მამაკაცმა – ანუსში და ისე მოუჭიროს, თითქოს შარდის შეკავებას ცდილობს. შესაბამისი კუნთების შეკუმშვა თითზე მოჭერას გამოიწვევს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ სწორ კუნთებს ავარჯიშებთ, უმჯობესია, ექიმს სთხოვოთ დახმარება. ის გასინჯვის დროს შეგასრულებინებთ კეგელის ვარჯიშს და ნახავს, იკუმშება თუ არა მენჯის ფსკერის კუნთები.

შესაძლოა, ექიმმა გირჩიოთ ბიოუკუკავშირის მეთოდი, ელექტროსტიმულაცია ან სპეციალური სიმძიმეების გამოყენება.

დამწყებთათვის

კეგელის ვარჯიშების შესრულება შეიძლება როგორც წოლის, ისე ჯდომისა და დგომის დროს. მისი მარტივი ვარიანტი ასეთია:

* შეკუმშეთ მენჯის ფსკერის კუნთები.

* დარჩით ასე 3 წამის განმავლობაში.

* მოადუნეთ კუნთები 3-5 წამით.

გაიმეორეთ 10-15-ჯერ.

სხვადასხვა საჭიროების გამო ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ვარჯიშის სხვადასხვა ვარიანტი, შეკუმშვის სხვადასხვა ხანგრძლივობა, გამეორებათა სხვადასხვა რაოდენობა.

მენჯის ფსკერის კუნთების შეკუმშვასთან ერთად არ დაჭიმოთ მუცლის, თეძოს და სხვა კუნთები – ამან შესაძლოა შარდის ბუშტზე ზედმეტი ზეწოლა, საბოლოოდ კი შარდის შეუკავებლობა გამოიწვიოს.

ყოველდღიური რუტინა

ჩართეთ ყოველდღიურ რუტინაში კეგელის ვარჯიშები. შეასრულეთ დღეში, სულ მცირე, სამჯერ. ეცადეთ, ივარჯიშოთ როგორც მწოლიარე, ისე მჯდომარე და მდგომარე პოზიციაში – სამივე პოზიციაში ვარჯიში უფრო მეტად აძლიერებს კუნთებს.

* პირველად ივარჯიშეთ დილით, საუზმის მომზადებისას.

* მეორედ – შუადღისას, სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას ან მანქანის მართვისას.

* მესამედ ვარჯიშები შეასრულეთ ძილის წინ, უკვე დაწოლილმა.

შეგიძლიათ, აწარმოოთ ვარჯიშის ჩანაწერიც – ეს განრიგის დაცვაში დაგეხმარებათ.

მოიკრიბეთ მოთმინება და არ დანებდეთ. ნებისმიერი ვარჯიშის მსგავსად, გარკვეული დრო დაგჭირდებათ კუნთების ძალისა და ამტანობის გასაზრდელად. მზად იყავით იმისთვის, რომ შედეგს მხოლოდ 3-6 კვირის შემდეგ დაინახავთ.

მნიშვნელოვანია ზომიერებაც. გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების დაჭიმვა მოშარდვისას ან ნაწლავების მოქმედებისას.

***

ცისტიტი - შარდის ბუშტის ინფექცია

საშარდე გზების ინფექციებიდან ყველაზე გავრცელებული სწორედ შარდის ბუშტის ინფექციაა. კვლევებმა აჩვენა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ქალების დაახლოებით ნახევარს ერთხელ მაინც ემართება შარდის ბუშტის ანთება, ხოლო მათ მეოთხედს –  მეორედაც, მაშინ როდესაც 50 წლამდე ასაკის მამაკაცებთან ცისტიტი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ვის ემუქრება

ქალებთან ცისტიტის მეტ სიხშირეს მათი სხეულის ანატომიური თავისებურება განაპირობებს: ქალებს აქვთ მოკლე ურეთრა, რომელიც ანუსთან ახლოს მდებარეობს, ეს უკანასკნელი კი ბაქტერიების წყაროა. ანუსიდან ბაქტერიები უფრო ადვილად ხვდებიან ქალის საშარდე გზებში და შარდის ბუშტის ინფექციას იწვევენ, თუმცა ცისტიტის განვითარებისგან არც მამაკაცები და ბავშვები არიან დაზღვეული.

შარდის ბუშტის ინფექციას ყველაზე ხშირად ბაქტერია იწვევს, შედარებით იშვიათად – სოკო. წესისამებრ, ორგანიზმი ინარჩუნებს ბალანსს საშარდე გზებში არსებულ ბაქტერიებს შორის. შარდისგან დაცლა ხელს უწყობს შარდის ბუშტში ნორმალური რაოდენობის ბაქტერიების შენარჩუნებას.

ცისტიტის განვითარების რისკი იმატებს:

  • სექსუალურად აქტიურ ქალებთან;
  • ქალებთან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში;
  • ქალებთან, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგოდ იყენებენ დიაფრაგმას ან სპერმიციდულ საშუალებებს;
  • მათთან, ვისაც ადრე ჰქონია საშარდე გზების ინფექცია;
  • პაციენტებთან, რომლებსაც მოშლილი აქვთ შარდის ბუშტის კონტროლი და უჭირთ მისი ბოლომდე დაცლა;
  • პაციენტებთან, რომლებსაც შარდის ბუშტის დასაცლელად ჩადგმული აქვთ ან ცოტა ხნის წინ ჰქონდათ ჩადგმული კათეტერი;
  • პაციენტებთან, რომლებსაც საშარდე გზები დაბლოკილი აქვთ თირკმლის კენჭებით ან გადიდებული პროსტატით;
  • პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ ვეზიკოურეთრული რეფლუქსი – შარდის ბუშტიდან შარდი უკან ბრუნდება ერთ ან ორივე შარდსაწვეთში;
  • დიაბეტის ან იმუნური სისტემის პრობლემების შემთხვევაში.

სიმპტომები

ცისტიტის სიმპტომებია:

* შარდვისას წვის შეგრძნება;

* მოშარდვის ხშირი ან ინტენსიური მოთხოვნილება, მაშინაც კი, როცა ბუშტში ცოტა შარდია;

* ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში;

* შემღვრეული, სისხლიანი ან მკვეთრსუნიანი შარდი.

გართულებები

დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში შარდის ბუშტის ინფექციების უმეტესობა არ იწვევს გართულებებს, მკურნალობის გარეშე კი ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ერთ ან ორივე თირკმელზე და საბოლოოდ მათი სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს. თირკმელების ინფექციის ნიშნებია ცხელება და შემცივნება, გულისრევა ან ღებინება, ტკივილი წელის ან საზარდულის არეში.

შარდის ბუშტის ინფექცია თირკმელებზე განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება ორსულობისას, ამიტომ ორსულებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ შარდის ანალიზი.

დიაგნოსტიკა

შარდის ბუშტის ინფექციის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის სამედიცინო ისტორია, გასინჯვა, ლაბორატორიული გამოკვლევები:

* შარდის საერთო ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია შარდში სისხლისა და ლეიკოციტების აღმოჩენა. შარდის კულტურა გულისხმობს მის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას: შარდს თესავენ ბაქტერიოლოგიურ ნიადაგზე, ადგენენ ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას და შეისწავლიან ანტიბიოტიკის ეფექტურობას. ამ გამოკვლევის შედეგების მიღებას რამდენიმე დღე სჭირდება. სისხლის ანალიზით არკვევენ, ხომ არ არის ინფექცია გავრცელებული თიკმელებში, როგორ მუშაობენ ისინი.

შარდის ბუშტის განმეორებითი ინფექციის დროს შესაძლოა ჩატარდეს გამოსახვითი გამოკვლევა (ექოსკოპია, რენტგენი, კტ, მრტ) თირკმლის კენჭების აღმოსაჩენად ან  ცისტოსკოპია ურეთრისა და შარდის ბუშტის შიგნიდან დასათვალიერებლად.

მკურნალობა

ბაქტერიულ ცისტიტს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. განკურნებას ხელს უწყობს ბევრი სითხის სმა. უმჯობესია, წყლის. ამ გზით საშარდე გზებიდან მეტი ბაქტერია გამოიდევნება. ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებლების, მაგალითად, იბუპროფენის ან პარაცეტამოლის მიღება (აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ). ტკივილს ამსუბუქებს წელზე ან მუცელზე სითბოს დადებაც.

ანტიბიოტიკი შეიძლება მგრძნობელობის მიხედვითაც შეარჩიონ. მისი მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, განმეორებადობაზე, სიმპტომების ალაგებისთვის საჭირო დროზე, საშარდე გზებში სხვა პრობლემების არსებობაზე. მამაკაცებს შესაძლოა უფრო დიდხანს დასჭირდეთ ანტიბიოტიკების მიღება, თუ ბაქტერიებმა წინამდებარე ჯირკვალში შეაღწია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება, თუნდაც სიმპტომები მალევე გაქრეს.

თირკმლის ინფექციის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა ანტიბიოტიკების გადასხმა დასჭირდეს.

პრევენცია

შარდის ბუშტის ინფექციის თავიდან ასაცილებლად:

  • სვით საკმარისი სითხე;
  • დაიბანეთ წინიდან უკან;
  • მოშარდეთ, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ;
  • ბოლომდე დაცალეთ შარდის ბუშტი;
  • ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი და ბამბის საცვლები, რომლებიც უზრუნველყოფს სიმშრალეს და ვენტილაციას – ზედმეტი ტენიანობა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ზრდის ინფექციის რისკს;
  • თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებთ დიაფრაგმას, პრეზერვატივს ლუბრიკანტის გარეშე, სპერმიციდს, შარდის ბუშტის განმეორებითი ინფექციის შემთხვევაში ექიმთან შეთანხმებით სხვა საშუალებით ჩაანაცვლეთ;
  • თუ იმყოფებით პერიმენოპაუზის ან მენოპაუზის პერიოდში და გაწუხებთ შარდის ბუშტის განმეორებითი ინფექცია, ექიმთან შეთანხმებით გამოიყენეთ დაბალდოზიანი ვაგინალური ესტროგენი. ის ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების მატებას და ინფექციის თავიდან აცილებას.

მკვლევართა აზრით, შარდის ბუშტის ინფექციის პრევენცია და მკურნალობა დიეტით და დანამატებით შეუძლებელია. სამაგიეროდ, სითხის (განსაკუთრებით წყლის) უხვი მიღება შესაძლოა დაგვეხმაროს ცისტიტის როგორც თავიდან აცილებაში, ისე მისგან თავის დაღწევაშიც.

*** 

ინტერსტიციული ცისტიტი - მტკივნეული შარდის ბუშტი

ინტერსტიციული ცისტიტი, იგივე შარდის ბუშტის ტკივილის სინდრომი, არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა სიმპტომებით გამოვლინდება. ის შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვობაშიც, მაგრამ უმთავრესად ზრდასრულებთან აღირიცხება, ქალებთან – ორჯერ უფრო ხშირად. ზოგიერთი კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ქალებს, რომლებმაც სექსუალური ძალადობა ან ფიზიკური ტრავმა გადაიტანეს, მისი განვითარების უფრო დიდი ალბათობა აქვთ.

ინტერსტიციული ცისტიტის მქონე ბევრ ქალს აღენიშნება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ალერგია,  ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება, ვულვოდინია (ვულვის ქრონიკული ტკივილი).

რა იწვევს

ინტერსტიციული ცისტიტის ზუსტი მიზეზები უცნობია. ცნობილია ფაქტორები, რომლებსაც უკავშირდება დაწყება ან გამწვავება. სიმპტომები მწვავდება:

  • სტრესულ სიტუაციაში, ისეთი ემოციების ფონზე, როგორიცაა ბრაზი ან სევდა;
  • სექსის შემდეგ;
  • მენსტრუაციის დროს;
  • საშარდე გზების ინფექციის დროს;
  • შარდის დიდი ხნით შეკავებისას;
  • შიმშილის, კვების გამოტოვების, გაუწყლოების ფონზე;
  • ამინდის სეზონური ცვლილებისას;
  • ალერგიის ფონზე;
  • როდესაც ადამიანი გადაადგილდება მკვეთრი, ბიძგისებური მოძრაობების თანხლებით;
  • იღებს განსაზღვრულ მედიკამენტებს ან ავიწყდება თავისი წამლების მიღება;
  • იცვამს ვიწრო შარვლებს და საცვლებს;
  • იყენებს განზაღვრული ქიმიკატების შემცველ სარეცხ საშუალებებს ან ცურავს აუზში, სადაც წყალი განსაზღვრული ქიმიკატებით არის დამუშავებული;
  • იყნებს რომელიმე კონკრეტული ბრენდის ტუალეტის ქაღალდს;
  • ასრულებს განსაზღვრულ მოძრაობებს: აწვება ან სწევს მძიმე საგნებს;
  • დიდხანს დგას;
  • იტარებს პაპ-ტესტს;
  • იღებს ანტიდეპრესანტებს, სინუსიტის დროს მისაღებ მედიკამენტებს ან ტკივილგამაყუჩებლებს.

თუ ადამიანმა იცის, რა იწვევს სიმპტომების გამწვავებას, შეუძლია, უბრალოდ თავი აარიდოს ასეთ ფაქტორებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში (სექსი, პაპ-ტესტისთვის ნაცხის აღება, განსაზღვრული მედიკამენტების მიღება) საჭიროა ექიმის კონსულტაცია და დახმარება.

სიმპტომები

ინტერსტიციული ცისტიტის დროს მუცლის ქვედა ნაწილსა და მენჯის არეში უჩივიან განმეორებად დისკომფორტს, ზეწოლის შეგძნებას, ტკივილისადმი მგრძნობელობას ან ტკივილს. სიმპტომები ზოგს მსუბუქად აქვს გამოხატული, ზოგს – ძლიერად, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი დროთა განმავლობაში იცვლება.

ტიპური ნიშნებია:

* მოშარდვის მყისიერი სურვილი. ასეთი შეგრძნება ნორმალურია, როცა ადამიანს ბევრი სითხე აქვს დალეული და რამდენიმე საათია, არ მოუშარდავს. ინტერსტიციული ცისტიტის მქონე ადამიანს კი მოშარდვის გადაუდებელი მოთხოვნილება შარდის ბუშტის ავსებამდე უჩნდება და ამ მოთხოვნილებას ხშირად თან ახლავს ტკივილი ან წვა.

* შარდვის გახშირება. პაციენტების უმეტესობა დღეში ოთხიდან შვიდჯერ შარდავს. დიდი რაოდენობით სითხის ან შარდმდენების მიღებამ შესაძლოა უფრო ხშირი შარდვა გამოიწვიოს. ინტერსტიციული ცისტიტის მქონე ზოგიერთ ადამიანს დღის განმავლობაში ძალიან ხშირად უჩნდება მოშარდვის ძლიერი, მტკივნეული სურვილი.

* ტკივილი. როდესაც შარდის ბუშტი ივსება, შესაძლოა თავი იჩინოს ტკივილმა, რომელიც ძლიერდება, სანამ ადამიანი არ მოშარდავს. შარდის ბუშტის დაცლა ტკივილს ამცირებს. ინტესტიციული ცისტიტის მქონე პირებს იშვიათად აწუხებთ შარდის ბუშტის მუდმივი ტკივილი. ტკივილის შეგრძნება შესაძლოა რამდენიმე კვირით ან თვით გაქრეს, მერე კი ხელახლა იჩინოს თავი. ზოგიერთი უჩივის ტკივილს მოშარდვის მყისიერი მოთხოვნილების ან შარდვის გახშირების გარეშე. ეს შეგრძნება შესაძლოა გამოწვეული იყოს მენჯის ფსკერის კუნთების სპაზმით. სპაზმის შედეგად ტკივილმა შესაძლოა იმატოს სექსის დროს.

გართულებები

ინტერსტიციული ცისტიტით გამოწვეულმა მოშარდვის მყისიერმა მოთხოვნილებამ, ხშირად შარდვამ, ტკივილმა შესაძლოა დააქვეითოს ადამიანის ფიზიკური და სოციალური აქტივობა და ცხოვრების ხარისხი.

მენჯის ტკივილის ან ვულვოდინიის მქონე ქალები ხშირად უჩივიან ტკივილს სქესობრივი აქტის დროს, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს და თვითშეფასებას. მამაკაცებსაც შეიძლება აწუხებდეთ მენჯის ტკივილი, რომლის გამოც სქესობრივი კონტაქტი არასასიამოვნო ან მტკივნეული ხდება. ზოგჯერ სექსი ახშირებს შარდის ბუშტის ტკივილის შეტევებს. ეს ყველაფერი ადამიანს ინტიმური ურთიერთობისგან თავის შეკავებას აიძულებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა დეპრესია და დანაშაულის შეგრძნება გამოიწვიოს.

ინტერსტიციული ცისტიტის მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ უძილობა შარდვის ხშირი მოთხოვნილების გამო, შფოთვა და დეპრესია.

ქალებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მენჯის ფსკერის კუნთების სპაზმი აქვს, მტკივნეულია მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა და პაპ-ტესტის ჩატარება.

დიაგნოსტიკა

ინტერსტიციული ცისტიტის დიაგნოზი დაისმის სამედიცინო ისტორიის, გასინჯვის და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე. ქალ პაციენტებს უტარებენ მენჯის ღრუს გამოკვლევას, ამოწმებენ, ტკივილის გამომწვევი რომელიმე სიმპტომი ხომ არ უკავშირდება მენჯის ფსკერის კუნთების სპაზმს. მამაკაცი შესაძლოა გაისინჯოს რექტალურად, შეფასდეს როგორც პროსტატის, ისე მენჯის ფსკერის კუნთების მდგომარეობა.

საყურადღებოა ტკივილი შარდის ბუშტის არეში ან მის მახლობლად, რომელსაც თან ახლავს შარდვის გახშირება და მოშარდვის მყისიერი მოთხოვნილება. უნდა გამოირიცხოს მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებები და მდგომარეობები: საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის კიბო, ენდომეტრიოზი, პროსტატიტი.

შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს შარდის ბუშტის ბიოფსია. ტარდება შარდის საერთო ანალიზი და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც. ცისტოსკოპიამ შესაძლოა აჩვენოს შარდის ბუშტის შეშუპება, სიწითლე, წყლული, კიბო ან ინფექციის ნიშნები.

მკურნალობა

ყველასათვის ეფექტური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. მკურნალობა ინდივიდუალურია და უმეტესად სიმპტომების შემსუბუქებისკენ არის მიმართული. გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი ან მათი კომბინაცია. მათ შორის:

* ცხოვრების წესის ცვლილება – კვებითი ჩვევების შეცვლა, საკმარისი სითხის მიღება, მოწევისთვის თავის დანებება, სტრესის შემცირება, მსუბუქი ფიზიკური აქტიურობა;

* შარდის ბუშტის ტრენირება – შარდის ცოტა მეტი ხნით შეკავება;

* ნაწლავის მოქმედების მოწესრიგება – კარგი იქნება, ნაწლავის მოქმედება ერთსა და იმავე დროს ხდებოდეს;

* ფიზიოთერაპია – განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს მენჯის ფსკერის კუნთების სპაზმი აქვს;

* წამლები – ძირითადად ტკივილგამაყუჩებლები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური საშუალებები და სხვა. შესაძლებელია ზოგიერთი წამლის შარდის ბუშტში შეყვანა;

* შარდის ბუშტის გაჭიმვა სითხით ანესთეზიის ფონზე;

* ქირურგიული ოპერაცია, როდესაც სხვა მეთოდები უეფექტოა, ხოლო სიმპტომები – ძალიან შემაწუხებელი. ოპერაციის მიზანია შარდის ბუშტის გადიდება, შარდისთვის ახალი გზის შექმნა ან ბუშტის ამოკვეთა.

კვება

ზოგჯერ სიმპტომები თავს იჩენს ან მძიმდება ყავის, ტკბილი გაზიანი, კოფეინიანი ან ალკოჰოლიანი სასმლის, პომიდვრიანი, ცხელი ან ცხარე საკვების, შოკოლადის, ციტრუსის წვენის, ხორცის, თევზის, კვერცხის, რძის ნაწარმის მიღებისას. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომებს ამძიმებს ხელოვნური დამატკბობლები ან მათი შემცველი პროდუქტები.

იმის დადგენას, რომელი საკვები იწვევს ან ამძიმებს სიმპტომებს, შესაძლოა გარკვეული ძალისხმევა დასჭირდეს, ამიტომ რეკომენდებულია კვების დღიურის წარმოება, რომელშიც შარდის ბუშტის ტკივილის დღეებსაც ჩაინიშნავენ. მაგალითად, დღიურმა შესაძლოა აჩვენოს, რომ სიმპტომები ყოველთვის მწვავდება პომიდვრის ან ფორთოხლის ჭამის შემდეგ.

ზოგიერთ ექიმს მიაჩნია, რომ ეფექტურია ჭამის დროს ანტაციდების, მჟავას დამთრგუნველი საშუალებების, მიღება.

 

*** 

შარდის ბუშტის კონტროლის მოშლა - შეკავება და შეუკავებლობა

შარდის ბუშტის კონტროლის მოშლა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს უმეტესად შეუკავებლობა ვითარდება, თუმცა არის შეკავების შემთხვევებიც.

შარდის ბუშტის კონტროლის მოშლა ქალების დაახლოებით ნახევარს აღენიშნება, თუმცა ქალისთვის ეს არც ბუნებრივი მდგომარეობაა და არც დაბერების თანმხლები გარდაუვალი მოვლენა.

მამაკაცებს შარდის ბუშტის კონტროლის მოშლა უმეტესად ასაკის მატებასთან ერთად პროსტატის გადიდების გამო უვითარდებათ.

მიზეზები

შარდის ბუშტის კონტროლის მოშლა შესაძლოა გამოიწვიოს დაბერებამ, შარდის ბუშტის ინფექციამ, ყაბზობამ, თანდაყოლილმა დეფექტმა, სიმსივნით ან თირკმლის კენჭით საშარდე გზების დაბლოკვამ, ქრონიკულმა ან ხანგრძლივმა ხველამ, შაქრიანმა დიაბეტმა, ჭარბმა წონამ, სიმსუქნემ, შარდსასქესო სისტემის ფისტულამ, მშობიარობის, პროსტატის ოპერაციის, კიბოს შედეგად შარდის ბუშტის ნერვების ან კუნთების დაზიანებამ, ინსულტმა, პარკინსონის დაავადებამ, გაფანტულმა სკლეროზმა, ალცჰაიმერის დაავადებამ, თავის ან ზურგის ტვინის ტრავმამ, შფოთვამ, მძიმე ლითონით მოწამვლამ.

შარდვის უეცარ ძლიერ სურვილს იწვევს წყლის სმა ან მისი შეხება, გამდინარე წყლის ხმის გაგონება, სიცივეში ყოფნა.

ხელშემწყობი ფაქტორებია ყაბზობის გამომწვევი კვების სტილი, ალკოჰოლიანი, კოფეინიანი და ტკბილი გაზიანი სასმელების ხშირი სმა, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, პასიური ცხოვრების წესი, მოწევა.

შარდის შეუკავებლობა ემუქრებათ:

* ქალებს;

* ასაკოვან პირებს – ასაკთან ერთად საშარდე გზების კუნთები სუსტდება, რაც შარდის შეკავებას ართულებს;

* ორსულებს, მშობიარეებს, ქალებს მენოპაუზის პერიოდში, პროსტატის პრობლემების მქონე  მამაკაცებს;

* დიაბეტის, სიმსუქნის, პარკინსონის დაავადების, გაფანტული სკლეროზის, ხანგრძლივი ყაბზობის მქონე პირებს;

* მწეველებს;

* საშარდე გზების სტრუქტურების თანდაყოლილი დეფექტების მქონე პირებს.

არსებობს რამდენიმე სახის შეუკავებლობა:

* სტრესული შეუკავებლობა – მას იწვევს შარდის ბუშტზე ზეწოლა ხველების, ცემინების, სიცილის ან ფიზიკური დატვირთვის დროს;

* ურგენტული შეუკავებლობა – ამ დროს ადამიანს უჩნდება მოშარდვის ძლიერი სურვილი და შარდს ტუალეტამდე ვერ იკავებს. კონტროლის მოშლის ამ ტიპს ზეაქტიურ ბუშტსაც ეძახიან. ამ ტიპის შეუკავებლობას იწვევს ნერვებისა და შარდის ბუშტის კუნთების არასწორი კოორდინაცია;

* შერეული შეუკავებლობა –  ადამიანს ერთდროულად აქვს გადაუდებელი და სტრესული შეუკავებლობა;

* რეფლექსური შეუკავებლობა – შარდი გამოიყოფა გაუფრთხილებლად ან მოშარდვის მოთხოვნილების გარეშე. ბუშტი შეუსაბამო დროს იკუმშება. ამ ტიპის შეუკავებლობა ხშირად ვითარდება გაფანტული სკლეროზის, ზურგის ტვინის ტრავმის გამო ან სხვა მიზეზით შარდის ბუშტის ნერვების დაზიანების შედეგად;

* გადავსებითი შეუკავებლობა – როდესაც ბუშტი ბოლომდე არ იცლება, მასში რჩება ნარჩენი შარდი. შეუკავებლობას ზედმეტად გადავსებული ბუშტი იწვევს;

* ფუნქციური შეუკავებლობა – ადამიანს ტუალეტამდე დროულად მისვლაში ხელს უშლის ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვა, მეტყველების დეფექტი, აზროვნების პრობლემა. მაგალითად, ეტლში ჯდომა, ართრიტი (რომლის გამოც უჭირს ღილების შეხსნა), ალცჰაიმერის დაავადება და სხვა;

* დროებითი ან გარდამავალი შეუკავებლობა – ის ხანმოკლეა და ვითარდება განსაზღვრული მედიკამენტების მიღების ან ავადმყოფობის, მაგალითად, საშარდე გზების ინფექციის ან ძლიერი ხველების შედეგად;

* ჩასველება – ღამის ენურეზი მხოლოდ ბავშვებთან არ გვხვდება. ზრდასრულ ასაკში ის შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, ძილის წინ კოფეინიანი ან ალკოჰოლიანი სასმლის მიღებამ, უშაქრო დიაბეტმა, საშარდე გზების ინფექციამ, თირკმლის კენჭებმა, გულის შეგუბებითმა უკმარისობამ, თირკმელების ქრონიკულმა დაავადებამ, პროსტატის გადიდებამ, ძილის ობსტრუქციულმა აპნოემ.

სიმპტომები

შარდის შეუკავებლობა შესაძლოა გამოვლინდეს:

  • შარდის გაპარვით სიმძიმის აწევის, დახრის, დახველების, ვარჯიშის დროს;
  • შარდის შეკავების შეუძლებლობით მოშარდვის უეცარი ძლიერი სურვილის გამო;
  • შარდის გაპარვით, რომელსაც წინ არ უძღვის მოშარდვის მოთხოვნილება;
  • ტუალეტამდე მისწრების შეუძლებლობით;
  • ძილის დროს ჩასველებით;
  • შარდის გაპარვით სექსუალური აქტივობის დროს.

მიმართეთ ექიმს, თუ უჩივით შარდვის გაძნელებას ან შეუკავებლობას, ღამით გაღვიძებთ მოშარდვის სურვილი, გაწუხებთ მცირე მენჯის ტკივილი ან უნებლიე შარდვა.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ ვერ გამოყოფთ შარდს ან ვერ ცლით შარდის ბუშტს, შარდავთ  მეტისმეტად ხშირად (დღეში რვაჯერ ან მეტჯერ), შარდში შეამჩნიეთ სისხლი, შარდვა მტკივნეულია.

გართულებები

ფიზიკური აქტივობის შემცირება -ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა, ადამიანს შეუკავებლობის პრევენციაშიც დაეხმაროს, თუმცა თავისთავად სირბილის, ხტუნვის ან სწრაფი სიარულის დროსაც მოსალოდნელია შარდის გაპარვა, რის გამოც ადამიანმა შესაძლოა თავი აარიდოს ფიზიკურ დატვირთვას.

თუ მკურნალობით შეუკავებლობას არ ეშველა, შეიძლება სპეციალური საფენების გამოყენება, რომელთა დახმარებითაც ადამიანი თამამად გააგრძელებს ფიზიკურ აქტიურობას.

ემოციური დისტრესი – შეუკავებლობამ შესაძლოა ადამიანს აიძულოს ცხოვრების წესის შეცვლა, უარი ათქმევინოს აქტივობებზე, რომლებიც წინათ სიამოვნებდა, შეაწყვეტინოს კულტურულ ღონისძიებებზე სიარული, სადაც წარამარა საპირფარეშოში სირბილი შეუძლებელია. ასეთმა სიტუაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია ან სოციალური შფოთვა.

სქესობრივი ცხოვრების პრობლემები – ზოგიერთი ადამიანი თავს არიდებს ინტიმურ ურთიერთობას, რადგან ეშინია, ამ დროს შარდი არ გაეპაროს.

შარდის ბუშტის სიმპტომები – შეუკავებლობას ხშირად ახლავს თან შარდვის გახშირება, ღამღამობით მოსაშარდად ადგომა, შარდვის გაძნელება, ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება), შარდის წვეთების გამოყოფა მოშარდვის დასრულების შემდეგ.

დიაგნოსტიკა

ექიმი გამოკითხავს და გასინჯავს პაციენტს. ჩაახველებინებს, როდესაც მას შარდის ბუშტი სავსე აქვს, რათა შეამოწმოს, ვითარდება თუ არა ამ დროს შეუკავებლობა. სასურველია, პაციენტმა აწარმოოს შარდის ბუშტის დღიური, რომელშიც ჩაიწერს, რა სითხეს სვამს, როდის და რამდენს, რა რაოდენობის შარდს გამოყოფს, რამდენად ხშირად ეპარება, უჩნდება თუ არა მანამდე მოშარდვის გადაუდებელი სურვილი, რას აკეთებდა, როდესაც უნებლიეთ მოეშარდა.

ტარდება შარდის ანალიზები ინფექციის, თირკმელების დაავადების, შაქრიანი დიაბეტის აღმოსაჩენად.

ელექტრომიოგრაფიით იკვლევენ, რამდენად კარგად მუშაობს შარდის ბუშტი, ურეთრა და სფინქტერები, ცისტოსკოპიით კი მას შიგნიდან ათვალიერებენ.

ტარდება გამოსახვითი გამოკვლევებიც.

მკურნალობა

პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ საკმარისია ცხოვრების სტილის შეცვლა:

* სვით საჭირო რაოდენობის სითხე საჭირო დროს. შესაძლოა, მოგიხდეთ სითხის მიღების შეწყვეტა დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი საჭმლისა და სასმლის შეზღუდვა, ფიზიკურად იაქტიურეთ, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ შეკრულობა, შეწყვიტეთ მოწევა, შეასრულეთ კეგელის ვარჯიშები, ეცადეთ, აკონტროლოთ შარდვა უეცარი სურვილის გაჩენისას.

თუ ცხოვრების წესის შეცვლამ შედეგი არ გამოიღო, დანიშნავენ წამლებს (ანტიქოლინერგიულ საშუალებებს, ბეტა-3 აგონისტებს და სხვა), დამხმარე საშუალებებს (კათეტერი, პესარი), სფინქტერის სიახლოვეს შეიყვანენ მოცულობის მოსამატებელ გელს, მოსინჯავენ ნერვის ელექტრულ სტიმულაციას, უკიდურეს შემთხვევაში ჩაატარებენ ოპერაციას.

***

ცისტოცელე – შარდის ბუშტის დაწევა

ცისტოცელე, იგივე შარდის ბუშტის დაწევა ან საშოს წინა კედლის პროლაფსი, მდგომარეობაა, როდესაც შარდის ბუშტისა და საშოს კედლის ირგვლივ ქსოვილები სუსტდება და იწელება, რის გამოც საშოს კედელი საშოსკენ იზნიქება და შარდის ბუშტი საშოსკენ გადაადგილდება.

ცისტოცელე მენჯის ორგანოთა პროლაფსის ყველაზე გავრცელებული სახეა. პროლაფსის დროს საშოს კედლები, საშვილოსნო ან ორივე  ერთად კარგავს ნორმალურ საყრდენს და პროლაფსირდება, საშოში შეიბურცება ან საშოს გავლით გარეთ გამოდის. მათთან ერთად შესაძლოა პროლაფსი განიცადოს სხვა ახლომდებარე ორგანოებმაც – შარდის ბუშტმა ან ნაწლავმა.

ცისტოცელეს ოთხ სტადიას განასხვავებენ. პირველი ყველაზე მსუბუქია,  მესამე და მეოთხე სტადიებზე შარდის ბუშტი და საშოს კედელი შესაძლოა საშოდან გამოვარდეს.

ექსპერტების შეფასებით, ნამშობიარები ქალების თითქმის ნახევარს აქვს მენჯის ორგანოთა პროლაფსი, თუმცა მათი დიდი ნაწილი არაფერს უჩივის ან არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას, ამიტომ ზუსტი გავრცელება უცნობია.

მიზეზები

ცისტოცელეს მიზეზია შარდის ბუშტისა და საშოს კედლის დამჭერი კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის დასუსტება ან დაზიანება, რასაც ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, მათ შორის:

  • ორსულობა და მშობიარობა, განსაკუთრებით – ბუნებრივი გზით;
  • ფაქტორები, რომლებიც ჭიმავს მენჯის არეს ან მასში წნევას ზრდის, მაგალითად, ძლიერი ყაბზობა, სიმსუქნე, სიმძიმეების აწევა, ქრონიკული ხველა;
  • მენჯის რეკონსტრუქციული ოპერაციები – ჰისტერექტომია ან მენჯის ორგანოს პროლაფსის აღდგენის ოპერაცია;
  • მემკვიდრეობა;
  • შემაერთებელი ქსოვილის დარღვევებით მიმდინარე მდგომარეობები, მაგალითად,  ელერს-დანლოსის სინდრომი. 

ვის ემართება

ცისტოცელე შესაძლოა დაემართოს ნებისმიერი ასაკის ქალს, მაგრამ ასაკთან ერთად მისი განვითარების ალბათობა იმატებს, რადგან სხეულის დაბერების კვალდაკვალ ხშირად სუსტდება კუნთები და სხვა ქსოვილები. რისკს ზრდის იგივე ფაქტორები, რომლებიც, ჩვეულებრივ, იწვევს პროლაფსს (ბუნებრივი მშობიარობა, მენჯის ღრუზე ოპერაციული ჩარევა, ჭარბი წონა ან სიმსუქნე) და მენჯის ორგანოთა პროლაფსის ოჯახური ისტორია.

სიმპტომები

ცისტოცელეს დროს ბევრი არაფერს უჩივის, მაგრამ რაც უფრო მეტად არის ჩამოყალიბებული ცისტოცელე, მით უფრო დიდია სიმპტომების გამოვლენის შანსიც. ეს სიმპტომებია:

* საშოს გამობერვა ან შეგრძნება, რომ საშოდან რაღაც ვარდება;

* ზეწოლის შეგრძნება საშოში ან მენჯის ღრუში.

სიმპტომები შესაძლოა დამძიმდეს გაჭინთვის, მძიმე საგნების აწევის, ხველების ან დიდხანს დგომის დროს, წოლის დროს კი, პირიქით, შემსუბუქდეს.

ცისტოცელეს დროს მოსალოდნელია:

* შარდის შეუკავებლობა;

* მოშარდვის წამოწყების გაძნელება;

* შარდის ნაკადის შენელება;

* შარდვის დამთავრების შემდეგ კვლავ მოშარდვის მოთხოვნილება;

* ხშირი ან მყისიერი შარდვა.

გართულებები

ცისტოცელე შესაძლოა დააწვეს ურეთრას ან გადაზნიქოს ის და გამოიწვიოს შარდის შეკავება – მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ბოლომდე ვერ ცლის შარდის ბუშტს. იშვიათად ცისტოცელე იწვევს შარდსაწვეთების გადაკეტვას და თირკმელში შარდის დაგროვებას, რაც თირკმელებს აზიანებს.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასასმელად ექიმი გამოიკითხავს სიმპტომებს, სამედიცინო ისტორიას, გასინჯავს პაციენტს. შესაძლოა, საჭიროდ მიიჩნიოს გამოკვლევა ნარჩენი შარდის გასაზომად და შარდის დინების შესაფასებლად.

მკურნალობა

ცისტოცელეს მკურნალობის არაოპერაციული მეთოდებია კეგელის ვარჯიშები და ვაგინალური პესარის ჩადგმა (სილიკონის მოწყობილობა, რომელიც იდგმება საშოში მისი კედლის გასამაგრებლად). პესარი პერიოდულად უნდა მოიხსნას და გასუფთავდეს.

თუ ეს მეთოდები უეფექტო აღმოჩნდა, პაციენტს ოპერაციას სთავაზობენ. ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა წინა კოლპორაფია. ამ დროს ქირურგი შარდის ბუშტს ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს, ხოლო მის დამჭერ კუნთებსა და ქსოვილებს ნაკერებით ამაგრებს.

ცისტოცელეს მკურნალობის კიდევ ერთი ქირურგიული ვარიანტია ობლიტერაციული ოპერაცია. ამ დროს ავიწროებენ ან ხურავენ საშოს. ამ ოპერაციის შემდეგ ქალს სქესობრივი კავშირის დამყარება აღარ შეუძლია.

პრევენცია

ცისტოცელეს პრევენცია შეუძლებელია. სიმპტომების შესამსუბუქებლად და მათი დამძიმების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კეგელის ვარჯიშები, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება ან მათი სწორად აწევა (როდესაც წელის ან ზურგის ნაცვლად იტვირთება ფეხები), შეკრულობის პრევენცია და მკურნალობა (რაციონში ბოჭკოს ჩართვა, ბევრი წყლის მიღება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა), ქრონიკული ხველის თავიდან აცილება და მკურნალობა.

 ***

შარდის ბუშტის კიბო

შარდის ბუშტის კიბო ვითარდება, როდესაც მისი უჯრედები უკონტროლოდ იწყებენ ზრდას. არსებობს შარდის კიბოს რამდენიმე ტიპი. ყველაზე ხშირია უროთელური კარცინომა. ის აღმოცენდება უროთელიუმის უჯრედებისგან, რომლებიც ამოფენს ურეთრას, შარდის ბუშტს, შარდსაწვეთებს, თირკმლის მენჯს და ზოგიერთ სხვა ორგანოს. უროთელურ უჯრედებს გარდამავალ უჯრედებსაც უწოდებენ, რადგან მათ შეუძლიათ ფორმის შეცვლა – გაჭიმვა, როცა ბუშტი სავსეა შარდით და შეკუმშვა მისი დაცლისას.

შარდის ბუშტის კიბოს სხვა ტიპები: ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ადენოკარცინომა, შარდის ბუშტის წვრილუჯრედოვანი კარცინომა, – იშვიათია.

შარდის ბუშტის კიბოს აღწერისას მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის კუნთოვან-ინვაზიური ანუ შეღწეული აქვს თუ არა შარდის ბუშტის კუნთოვან შრეში. შარდის ბუშტის სიმსივნეთა უმეტესობა ასეთი არ არის. 

რისკფაქტორები

შარდის ბუშტის კიბოს მრავალი რისკფაქტორი აქვს. მათი უმეტესობა პირდაპირ არ იწვევს კიბოს, მაგრამ ზრდის უჯრედის დნმ-ს დაზიანების ალბათობას, რაც, თავის მხრივ, სათავეს უდებს სიმსივნურ პროცესს. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქოს წევა, ასაკი, ოჯახური ისტორია, სქესი (უფრო ხშირია მამაკაცებთან), პროფესიული საქმიანობისას სხეულზე საღებავების, მეტალების ან ნავთობპროდუქტების ზემოქმედება, სხივური თერაპია, ციკლოფოსფამიდით ან იფოსფამიდით მკურნალობა, დარიშხანის ან ქლორის შემცველი წყლის სმა, პარაზიტ შცჰისტოსომა ჰაემატობიუმ-ით გამოწვეული შარდის ბუშტის ინფექცია, შარდის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება.

რისკფაქტორების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად დაემართება შარდის ბუშტის კიბო, ისევე როგორც მათი არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ არ დაემართება.

სიმპტომები

ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ჰემატურია – სისხლი შარდში. ის ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ზოგჯერ მხოლოდ ანალიზი გამოავლენს.

სხვა სიმპტომებია:

* ხშირი შარდვა;

* ტკივილი ან წვა შარდვის დროს;

* მოშარდვის მოთხოვნილება მაშინაც კი, როცა ბუშტი არ არის სავსე;

* ხშირი შარდვა ღამით.

თუ კიბო გაიზარდა ან სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა, შესაძლოა სხვა სიმპტომებიც გამოიწვიოს: შარდვის შეუძლებლობა, წელის ტკივილი ცალ მხარეს, ტკივილი მუცლის არეში, ძვლის ტკივილი, წონის უმიზეზო კლება, უმადობა, ფეხების შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება.

ხშირად ეს სიმპტომები შარდის ბუშტის სხვა პრობლემებით არის გამოწვეული, მაგრამ მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმთან მისვლა.

დიაგნოსტიკა და სტადია

კიბოს დიაგნოსტიკა ემყარება ბიოფსიას, რომელიც ტარდება ცისტოსკოპიის დროს. ბიოპტატს მიკროსკოპით შეისწავლიან. ბიოფსიის დროსვე შესაძლებელია მთელი სიმსივნის ამოკვეთაც. საჭიროებისამებრ, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), უროგრაფია ან ინტრავენური პიელოგრაფია (IVP).

შარდში მოწმდება სიმსივნის მარკერები, რაც შარდის ბუშტის კიბოს ზოგიერთი ტიპის დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

მკურნალობის დასაგეგმავად უნდა განისაზღვროს კიბოს სტადია. ის მიუთითებს, რამდენად გავრცელებულია კიბო ბუშტის გარეთ. არსებობს სტადიის განსაზღვრის რამდენიმე სისტემა. TNM კლასიფიკაციით, ნულოვან სტადიაზე კიბო შარდის ბუშტის კედელშიც კი არ არის შეჭრილი, ხოლო IVB სტადიაზე უკვე ფილტვებში, ძვლებში ან ღვიძლშია გადასული.

აგრესიულობის მიხედვით განასხვავებენ არადიფერენცირებულ, დაბალდიფერენცირებულ, საშუალოდიფერენცირებულ, მაღალდიფერენცირებულ ფორმებს. რაც უფრო მაღლია დიფერენცირების ხარისხი, მით უფრო აგრესიულია სიმსივნე.

სტადიის დასადგენად გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (MRI), გულმკერდის რენტგენოგრაფია, ძვლის სკანირება (ტარდება რადიაქტიური ნივთიერებით).

მკურნალობა

შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ზოგჯერ მათ კომბინირებულად იყენებენ. მათ რიცხვშია ოპერაცია, რადიაციული თერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგეტული (დამიზნებითი) თერაპია.

სკრინინგი

ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა კიბოს მკურნალობას აადვილებს. ადამიანებს, რომლებსაც მისი განვითარების მომატებული რისკი აქვთ, შესაძლოა, შარდის ბუშტის კიბოს სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდეთ. კერძოდ, ჰემატურიის ტესტი (შარდში ერითროციტების განსაზღვრა), შარდის ციტოლოგიური გამოკვლევა (შარდის ნიმუშის  მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერება), შარდის გამოკვლევა სიმსივნის მარკერებზე, ცისტოსკოპია. მათი დანიშვნისას ექიმი ითვალისწინებს სკრინინგული გამოკვლევების სარგებელსა და რისკს, ასევე იმას, რომ შესაძლოა, შედეგი ცრუ-დადებითი ან ცრუ-უარყოფითი აღმოჩნდეს.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: