ბადრი ყაველაშვილი: თუ მიღწეულით კმაყოფილი ხარ, წერტილიც უნდა დასვა
გააზიარე:
ნიჩბოსნობა ჩვენს ქვეყანაში სპორტის არცთუ ისე პოპულარული სახეობაა, ვერც სავარჯიშო ინფრასტრუქტურით მოვიწონებთ თავს, თუმცა ბადრი ყაველაშვილმა, კაიაკით ცურვაში ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ორასმეტრიან დისტანციაზე მოასპარეზე სპორტსმენთა მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა წელსაც არავის დაუთმო და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს დროშაც არაერთხელ აღმართა მაღლა. როცა მიზანი გაქვს და მზად ხარ, ამ მიზნისთვის ყველაფერი დათმო, აუცილებლად გაიმარჯვებო, ამბობს ბადრი.
– სპორტსმენს ზოგჯერ გამართლებაც სჭირდება. მე იღბალი არასოდეს მანებივრებდა, პირიქით, ყოველთვის დიდი კონკურენციის დაძლევა და ბევრი ბარიერის გადალახვა მიწევდა. იყო დრო, როდესაც ტურნირში მონაწილეობისთვის საჭირო ინვენტარიც კი არ გვქონდა, თუმცა საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაცია, მისი პრეზიდენტი ზაზა ნადირაძე და მწვრთნელები ზოგჯერ შეუძლებელსაც აკეთებდნენ, რომ ჩვენთვის ელემენტარული სავარჯიშო პირობები შეექმნათ. ჩემი წარმატებაც ჩემი შრომის და მათი მხარდაჭერის შედეგია.
პირველი გამარჯვება
ნიჩბოსნობით თორმეტი წლის ასაკში დაინტერესდა. მამასთან ერთად ბავშვობიდან დადიოდა ჯომარდობაზე:
– მამამ აქტიურ სპორტს ძალიან ახალგაზრდამ დაანება თავი, რადგან 90-იან წლებში ვარჯიში და შეჯიბრებებში მონაწილეობა ძვირი სიამოვნება იყო. ოცნება ჩემით აიხდინა – რაფტინგი შემაყვარა. ნავში პირველად რომ ჩავჯექი, მივხვდი, რომ ამ გრძნობაზე უარს ვეღარასოდეს ვიტყოდი.
თბილისის ზღვაზე, მტკვარზე, მცხეთის მონაკვეთზე ვვარჯიშობდი. ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ იყო, დღესაც ძალიან რთულია პროფესიონალურ დონეზე მომზადება, თუმცა მამამ მალევე შემატყო, რომ პოტენციალი მქონდა.
2009 წელს საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ძლიერი მეტოქეები არ მყოლია და მამაც დარწმუნებული იყო ჩემს გამარჯვებაში, მაგრამ მაინც მოულოდნელი სიხარული და სიამაყე დამეუფლა, იმედი რომ გავამართლე, შრომა რომ დამიფასდა... მახსოვს, მამამ მითხრა, ეს არ არის ის ასპარეზი, რისთვისაც ემზადები, უფრო დიდი მიზანი უნდა დაისახო, რასაც აუცილებლად მიაღწევო.
მას შემდეგ იყო ბევრი გამარჯვებაც და ბევრი იმედგაცრუებაც. 15 წლისამ, მსოფლიო ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის მეთვრამეტე ადგილი დავიკავე.
მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენების გვერდით ასპარეზობამ და ფინალში მოხვედრამ კიდევ უფრო ამიმაღლა მოტივაცია, თუმცა მამისგან ქებას ვერც ამჯერად ვეღირსე. 2019 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოვიპოვე, დიდი სიხარულით შემეგება, მომილოცა და მაშინვე იმ შეცდომების განხილვა დაიწყო, რომლებიც მომდევნო ასპარეზობამდე უნდა გამომესწორებინა.
უნდა ვაღიარო, რომ მისი კრიტიკა გამარჯვების უფრო მეტი ჟინით მანთებს...
არა მხოლოდ სპორტში, ცხოვრებაშიც ერთი პრინციპი მოქმედებს: თუ გინდა, მიზანს მიაღწიო, თავი უნდა გადადო, ყველაფერი გაიღო ამ მიზნისთვის. მეც მიწევს მკაცრი რეჟიმისა და დიეტის დაცვა, თავდაუზოგავი ვარჯიში, მწვრთნელებთან ინტენსიური მუშაობა, ტექნიკური დეტალების დახვეწა... თუ ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაშინ წერტილიც უნდა დავსვა, ამიტომ თავადაც კრიტიკული თვალით ვაფასებს ჩემს ყველა გამოსვლას და ნაკლოვანებებზე უფრო ვამახვილებ ყურადღებას, ვიდრე მიღწევებზე. საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის თასისა და ევროპის ოლიმპიადის ოცდაათამდე ფინალში მოვხვდი, თუმცა ისევ და ისევ ვმუშაობ საკუთარ თავზე, ამჯერად – 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
ფსიქოლოგიური მზაობა
– სპორტში მოგება და წაგება ერთმანეთთან ახლოს არიან, მაგრამ ნიჩბოსნობაში ეს მანძილი კიდევ უფრო მცირეა. ნავზე ნაკაწრსაც კი შეუძლია, შედეგზე გავლენა მოახდინოს, ამიტომ ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც გჭირდება. წაგების ალბათობას გონებაში წუთით თუ მაინც დაუშვებ, შესაძლოა, პირველიდან მეექვსე ადგილზე აღმოჩნდე. საბრძოლო განწყობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნო, არ უნდა გატყდე. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორასმეტრიან დისტანციაზე 195 მეტრი გამოკვეთილი ლიდერი ვიყავი და ბოლო 5 მეტრში ჩამოვრჩი მეტოქეს – მისი გამარჯვება წამის მეასედმა განსაზღვრა.
როდესაც ვიცი, რომ მომზადების პროცესში მაქსიმალურად დავიხარჯე, თავდაუზოგავად ვივარჯიშე, დიდ დატვირთვებს გავუძელი, ფსიქოლოგიურად უფრო მტკიცედ ვგრძნობ თავს და საკუთარი თავის რწმენაც მემატება. ძალას მმატებს ოჯახი და დედა. დედის და მისი პედაგოგი კოლეგების სახით გულშემატკივართა დიდი და ერთგული გუნდი მყავს. ვცდილობ, იმედი გავუმართლო და ჩვენი ქვეყნის დროშა კვარცხლბეკიდან ყველაზე მაღლა ავწიო. როცა ვარჯიში მეზარება, ასე შევუძახებ ხოლმე თავს.
ბადრი ყაველაშვილს კიდევ ერთი დიდი მიზანი აქვს – სურს, თბილისში ნიჩბოსნობის განვითარებას შეუწყოს ხელი, სპორტის ამ სახეობით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს და სავარჯიშო ინფრასტრუქტურა შექმნას, რომ მომავალ ჩემპიონებს საქართველოდან უფრო ნაკლები დაბრკოლება შეხვდეთ და უფრო უკეთესად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ამ მიზნით თბილისის რეგიონული ფედერაცია დააარსა და უცხოელი მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით იდეას თანდათან ასხამს ხორცს.
განტვირთვისთვის დრო იშვიათად მრჩებაო, ამბობს. სამოყვარულო რაფტინგსა და მთაში ლაშქრობასაც დასვენებას არქმევს, თუმცა ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩემპიონატისთვის მზადებას ემსახურება.
სწავლობს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე, და სამომავლოდ საკუთარი საქმის წამოწყებას გეგმავს.
ბევრს მოგზაურობს. თავს ისე არსად გრძნობს, როგორც სამშობლოში, თუმცა მიაჩნია, რომ ევროპასთან ბევრი საერთო ღირებულება გვაკავშირებს და დასავლეთის ქვეყნებთან მეტი კონტაქტია საჭირო, თუნდაც იმისთვის, რომ საქართველოში ნიჩბოსნობა სათანადოდ განვითარდეს და ქართველი სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულ მეტოქეებად მიიღონ.
თამარ ციბალაშვილი