როდის გავაუქმოთ კონტროლი ბავშვის ელექტრომოწყობილობებზე
გააზიარე:
მშობლის კონტროლი გულისხმობს იმ ინსტრუმენტების, ფუნქციებისა და პროგრამული პარამეტრების ერთობლიობას, რომლებიც ეხმარება მშობლებს, თვალყური ადევნონ შვილების წვდომას ციფრულ მოწყობილობებზე, ინტერნეტსა და სხვადასხვა კონტენტზე. მშობლის კონტროლის უპირველესი მიზანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნა, მათი დაცვა პოტენციურად მავნე ან ასაკისთვის შეუსაბამო შინაარსისგან, ეკრანთან გატარებული დროის მართვა და პასუხისმგებლობიანი ციფრული ქცევის ხელშეწყობა.
მშობლის კონტროლის ფუნქცია შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მოწყობილობაზე, მათ შორის – კომპიუტერებზე, სმარტფონებსა და პლანშეტებზე. ეს ფუნქცია ყველაზე ხშირად შემდეგი დანიშნულებით გამოიყენება:
* შინაარსისა და თამაშების/აპლიკაციების გაფილტვრა;
* დროის შეზღუდვა;
* ონლაინ ქცევის მონიტორინგი;
* ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
გაჯეტების უკონტროლო გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის ნაადრევი პრობლემები, ემოციური გადატვირთვა, სოციალიზაციის სირთულეები, ვარჯიშის ნაკლებობა, ჯანმრთელობის პრობლემები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რეალური ცხოვრების ვირტუალურით ჩანაცვლება. ასეთი დამოკიდებულებით დაავადებულ ადამიანს ავიწყდება ჭამა, სმა და ძილი, უქვეითდება იმუნიტეტი, თანდათან უფასურდება სხვა ინტერესები და ღირებულებები, ბავშვი თანდათან ზარმაცდება და წყვეტს სწავლას.
მშობლის კონტროლის ფუნქციის გათიშვა კონკრეტულ ასაკს არ ებმის. ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მოდი, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება მიხვდეს მშობელი, რომ დროა, ნელ-ნელა შეამსუბუქოს და ბოლოს სულმთლად გათიშოს კონტროლი ბავშვის ელექტრომოწყობილობებზე.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
დაიწყეთ სულ თავიდან, გაიხსენეთ, რა ასწავლეთ ბავშვს, სანამ ელექტრომოწყობილობების გამოყენებას დაიწყებდა; იცის თუ არა, რომ ინტერნეტში ბევრი სახიფათო ინფორმაციაა, ბევრი ტყუილია, რომ შესაძლოა ფინანსური მაქინაციების მსხვერპლი გახდეს, რომ უცხო ადამიანებს არ უნდა ეკონტაქტოს, არ გააზიაროს პირადი ინფორმაცია და დაუყოვნებლივ გაცნობოთ, თუ ვინმე საეჭვო პირი დაეკონტაქტა; აკონტროლებს თუ არა გაჯეტებთან გატარებულ დროს; შეუძლია თუ არა, თავად შეწყვიტოს თამაში და დაიწყოს მეცადინეობა.
თუ ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, შეგიძლიათ, ნელ-ნელა შეასუსტოთ კონტროლი. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად გარკვეული ცვლილებების შეტანა ისედაც მოგიწევთ, რადგან თუ 4-5 წლის ბავშვისთვის აკრძალულია ზოგიერთი აპლიკაცია და თამაში, 8-9 წლისას უკვე თავისი ასაკისთვის შესაფერის კონტენტზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი, მოგვიანებით 12-13 წლის მოზარდისთვის ნებადართულ კონტენტზე უნდა გადავიდეს და ასე შემდეგ.
როგორ დავიწყოთ
პირველი, რაზეც შეიძლება უარის თქმა, დროის კონტროლია. თუ ხედავთ, რომ ბავშვი არ არის დამოკიდებული გაჯეტებზე და დროის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – ამოწურვამდეც, თავად ანებებს თავს ელექტრომოწყობილობას, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ის უკვე მზადაა, თავად განსაზღვროს გაჯეტებთან გასატარებელი დრო. შეაქეთ და უთხარით, რომ თავისი ქცევით ამ კონტროლის გაუქმება დაიმსახურა. ბავშვი მეტ თავისუფლებას იგრძნობს და იმასაც მიხვდება, რომ თქვენი მიზანი არა მისი შეზღუდვა, არამედ მხოლოდ მისი უსაფრთხოებაა და თუ ასე განაგრძობს, ნელ-ნელა კონტროლის სხვა ასპექტებიც მის ხელში გადავა.
ონლაინ აქტივობა
ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ონლაინ აქტივობა. ერთია თამაში, რომელსაც ერთხელ თავადაც ითამაშებთ და გაარკვევთ, რა ხდება, რასთან აქვს ბავშვს საქმე, და სულ სხვაა ონლაინ პლატფორმა, სადაც ბავშვი გამუწმებით აწყდება ნაირ-ნაირ, ხშირად ასაკისთვის შეუსაბამო კონტენტს. არასასურველი გვერდები და რეკლამები შეიძლება დაბლოკოთ და ამგვარად ააცილოთ თავიდან ბავშვს მათი გავლენა. ამ ფუნქციის გათიშვა სრულწლოვნებამდე არ არის რეკომენდებული.
რაც შეეხება ონლაინ თამაშებს, სადაც ბავშვი სრულიად უცხო ადამიანებს ეთამაშება და ჩატის მეშვეობითაც ეკონტაქტება, აქ მეტი ყურადღება გმართებთ. აუცილებლად უნდა შეუთანხმდეთ, რომ მიმოწერა არ წაშალოს, რათა ყოველთვის იცოდეთ, ვის და რაზე ესაუბრება. თუ ბავშვმა იცის უსაფრთხოების ნორმები, შეუძლია თავის დაცვა, არ აზიარებს პირად ინფორმაციას, შეგიძლიათ, ნელ-ნელა ეს ფუნქციაც გააუქმოთ.
ასევე მოიქეცით სოციალურ პლატფორმებზე – ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტიკ–ტოკზე კონტროლი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეთ, რაც დარწმუნდებით, რომ ბავშვი მზადაა, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ონლაინ მახეებს, გადაამოწმეთ მისი ტიკ-ტოკის ფიდი (სიახლეთა ველი), ნახეთ, რა ტიპის ვიდეოებს უგდებს ალგორითმი და ადვილად მიხვდებით, რა აინტერესებს, რითი ერთობა, შეეფერება თუ არა მის ასაკს მისი ფიდის შინაარსი. თუ ამ კითხვებზეც დადებითი პასუხი მიიღეთ, შეგიძლიათ, კონტროლი ამ აპლიკაციებზეც შეასუსტოთ.
მთავარი ბავშვის ნდობის მოპოვებაა. როდესაც შვილი გენდობათ, ყველა ახალმიღებულ ინფორმაციას თქვენთან ამოწმებს, აზუსტებს, სიმართლეა თუ არა, რაც ინტერნეტში ნახა და მოისმინა, გითანხმებთ, რას ყიდულობს და რა ფასად, სწორად და ვერიფიცირებულ საიტზე რიცხავს თანხას, გატყობინებთ, თუ ვინმე საეჭვო ადამიანმა მისწერა, გიზიარებთ ეჭვებსა და გულისტკივილს, მაშინ კონტროლის შესუსტება და გაუქმებაც კი გაცილებით მარტივი იქნება და ამის დროც უფრო მალე დადგება, ვიდრე მაშინ, როდესაც ბავშვი საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ამ შემთხვევაში კონტროლის გათიშვა უნდა გადადოთ, ხელახლა ასწავლოთ ბავშვს ონლაინ უსაფრთხოება და დაელოდოთ, როდის მიაღწევს იმ ასაკს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ონლაინ სივრცეში უსაფრთხოდ ყოფნა.
ლიკა ქათამაძე