სპლიტ-სისტემის კონდიციონერი

გააზიარე:

რას მივაქციოთ ყურადღება კონდიციონერის შეძენისას? ეს კითხვა წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია, რადგან სპლიტ-სისტემის კონდიციონერს, იმავე კედლის კონდიციონერს, ჰაერის გაგრილებაც შეუძლია და გათბობაც. სწორად შერჩეული ელექტრომოწყობილობა კი ნიშნავს მაქსიმალურ კომფორტს, დენის მინიმალურ დანახარჯს და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

რა არის

სპლიტ–სისტემის კონდიციონერის მთავარი ელემენტებია შიგა და გარე ბლოკები, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

არსებობს ორი ტიპის სპლიტ-სისტემა – მონო და მულტი. ეს ტიპები შიგა ბლოკების რაოდენობით განსხვავდება ერთმანეთისგან. მონობლოკურ სპლიტ-კონდიციონერს ერთი გარეთა და ერთი შიგა ბლოკი აქვს, ხოლო მულტი-სპლიტ-კონდიციონერის გარე ბლოკთან დაკავშირებულია რამდენიმე შიგა ბლოკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ გარე ბლოკს რამდენიმე ოთახში შეუძლია ტემპერატურის რეგულირება.

შიგა ბლოკის ყველაზე გავრცელებული ტიპია კედელზე დასამაგრებელი, თუმცა გვხვდება ჭერზე ან იატაკთან ახლოს დასამონტაჟებელიც.

როგორ მუშაობს

კედლის კონდიციონერს სითბო შიგნიდან გარეთ გააქვს. ამას ემსახურება მაცივარი აგენტი – სპეციალური ნივთიერება, რომელიც ჩაკეტილ წრეში, შიგა და გარე ბლოკებს შორის ცირკულირებს. სითბოს ცვლას განაპირობებს მისი თხევადიდან აირულ ან, პირიქით, აირულიდან თხევად მდგომარეობაში გადასვლა. ეს პროცესი კონდიციონერში წნევის გაზრდის ან შემცირების გზით მიიღწევა.

შიგა ბლოკში თხევადი აგენტი აირულ მდგომარეობაში გადადის. ამ დროს მისი ტემპერატურა ეცემა და სიგრილე შიგა ბლოკში არსებული ვენტილატორის საშუალებით ოთახში გამოიყოფა. გარე ბლოკში მაცივარი აგენტი კომპრესორის საშუალებით თხევად მდგომარეობას უბრუნდება და სითბოს გარეთ გამოყოფს. ამის შემდეგ ციკლი თავიდან იწყება.

პლუსები და მინუსები

სპლიტ–სისტემის კონდიციონერს ოთახის გაგრილების სხვა მეთოდებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს, თუმცა ურიგო არ იქნება, მისი ნაკლოვანებებიც ვიცოდეთ.

პლუსები

* ეფექტურად აგრილებს

* შეუძლია რამდენიმე ოთახის ერთდროულად გაგრილება

* ოთახებში ტემპერატურის მართვა შესაძლებელია ინდივიდუალურად

* დაბალია ხმაურის დონე

მინუსები

* ძვირია

* მოითხოვს სპეციალურ მონტაჟს, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული

* აუცილებელია კედლის გაბურღვა

* რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ჰაერის ფილტრი

სიმძლავრე

კონდიციონერის შეძენისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ სიმძლავრეს. სწორედ მასზეა დამოკიდებული მოწყობილობის ეფექტურობა. სიმძლავრე გვაწვდის ინფორმაციას იმ დატვირთვის შესახებ, რომელსაც კონდიციონერი უძლებს.

სიმძლავრე  მოცემულია კილოვატებში. ზოგიერთი მწარმოებელი მას ბრიტანულ თერმულ ერთეულებში (BTU) უთითებს. ერთი BTU საათში 0,29371 ვატს შეესაბამება.

შესაბამისი სიმძლავრის კონდიციონერის შესარჩევად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ:

1. ოთახის ზომა: რაც უფრო დიდია ოთახი, მით უფრო მეტი ენერგიაა საჭირო მის გასაგრილებლად. ამ დროს მთავარია ოთახის არა ფართობი, არამედ მოცულობა. მაგალითად, ერთი და იმავე ფართობის მაღალჭერიან ოთახში კონდიციონერს მეტი ჰაერის გაგრილება მოუწევს, ვიდრე დაბალჭერიანში.

2. ფანჯრების`შემინული ადგილების ფართობი: თუ შემინულ ადგილს დიდხანს ადგას მზე, მით უმეტეს, თუ მას ჟალუზი არ აქვს, ჰაერი მეტისმეტად გათბება და კონდიციონერი მის გასაგრილებლად მეტად დაიტვირთება.

3. სხვენის სიახლოვე: სხვენში ან სახურავის ახლოს მდებარე ბინაში უფრო მეტად ცხელა, ვიდრე სარდაფის ახლოს. თუ სახურავი ცუდად არის იზოლირებული, ზაფხულობით სახლში ტემპერატურამ შესაძლოა ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს. ასე რომ, ზედა სართულებზე გაცილებით მეტი სიმძლავრის კონდიციონერი დაგჭირდებათ, ვიდრე ქვედაზე.

4. იზოლაცია: რაც უფრო უკეთესად არის იზოლირებული სახლი, მით უფრო ნაკლებად თბება ის ზაფხულში და მით უფრო ნაკლებად ცივდება ზამთარში. არასაკმარისი იზოლაცია ნიშნავს, რომ მეტი სიმძლავრეა საჭირო.

5. ელექტრომოწყობილობები: კომპიუტერი, ტელევიზორი, ნათურაც კი სითბოს გამოყოფს. თუ ოთახში რამდენიმე ელექტრომოწყობილობაა ჩართული, კონდიციონერიც უფრო მაღალი სიმძლავრისა უნდა შეარჩიოთ.

6. ადამიანების რაოდენობა: რაც უფრო მეტი ადამიანია ოთახში და რაც უფრო მეტხანს, მით უფრო იმატებს ტემპერატურა. შესაბამისად, მით უფრო მაღალი სიმძლავრის კონდიციონერია საჭირო.

7. ღიობები: თუ კარ-ფანჯარა მჭიდროდ არ იხურება, ზაფხულსა თუ ზამთარში კონდიციონერი მეტად დაიტვირთება.

დისტანციური მართვა

დისტანციური მართვის პანელის საშუალებით კონდიციონერის მართვა ძალიან მოხერხებულია. ზოგიერთი მოწყობილობის მართვა სმარტფონით, შესაბამისი აპლიკაციითაც არის შესაძლებელი.

რეჟიმები

სპლიტ-სისტემის კონდიციონერის მთავარი ამოცანა ოთახის გაგრილებაა, თუმცა ზოგიერთ მოდელს დამატებითი ფუნქციებიც აქვს, მაგალითად, გათბობის რეჟიმი. ეს რეჟიმი შეიძლება ავტომატურიც იყოს. ამ შემთხვევაში კონდიციონერი ოთახის ტემპერატურის მიხედვით ავტომატურად რთავს საჭირო რეჟიმს. ზოგიერთი კონდიციონერი აღჭურვილია ვენტილატორით. ამ დროს მუშაობს მხოლოდ ვენტილატორის ფრთები, რომლებიც ჰაერს ატრიალებს და გაგრილების ეფექტს ქმნის. ზოგჯერ ეს საკმარისია, გაგრილების რეჟიმის ჩართვა შესაძლოა აღარც კი დაგჭირდეთ. ზოგიერთ მოდელს აქვს ტენიანობის შემცირებისა და გაზრდის ფუნქციაც.

თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ტაიმერით. მისი წყალობით სისტემა შეიძლება ისე დარეგულირდეს, რომ სამსახურიდან დაბრუნებისას სახლი უკვე კარგად გაგრილებული დაგხვდეთ. ზოგიერთ მოდელს სპეციალური  ყოველდღიური ან ყოველკვირეული პროგრამები აქვს. ეს საშუალებას მოგცემთ, დღე-ღამის კონკრეტული მონაკვეთისთვის კონკრეტული ტემპერატურა დააყენოთ. არსებობს ძილის რეჟიმით, ეკონომიური რეჟიმით,  გარედან ჰაერის შემოტანის ფუნქციით აღჭურვილი მოდელებიც.

ეფექტურობა

კონდიციონერის ეფექტურობის განმსაზღვრელია SEER და SCOP მაჩვენებლები. SEER მაჩვენებელი ენერგოეფექტურობის ეტიკეტზეა მითითებული. მაღალი SEER მაჩვენებელი კონდიციონერის  მაღალ ეფექტურობაზე მიუთითებს. სასურველია 7 ან 8.

SCOP მაჩვენებელი გვაწვდის ინფორმაციას კონდიციონერის ეფექტურობაზე გათბობის რეჟიმში მუშაობისას. კონდიციონერზე შესაძლოა აღმოაჩინოთ არა ერთი, არამედ სამი SCOP მაჩვენებელი სხვადასხვა კლიმატური ზონისთვის. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი კლიმატური ზონის შესაბამის მაჩვენებელს. რაც უფრო მაღალია SCOP , მით უკეთესი. მაღალი ეფექტურობის კონდიციონერს SCOP მაჩვენებელი, სულ მცირე, 4 ან 5 უნდა ჰქონდეს.

ენერგოეფექტურობა

თუ არ გინდათ, ელექტროენერგიის გადასახადმა თვის  ბოლოს სახტად დაგტოვოთ, შეძენამდე კონდიციონერის ენერგოეფექტურობაც შეამოწმეთ.

კონდიციონერი ბევრ ენერგიას მოიხმარს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ენერგოეფექტურობის კლასს. ის ლათინური ანბანის ასოებით აღინიშნება – A-დან G-მდე. A (A+, A++) ყველაზე ეკონომიური ენერგოკლასის მაჩვენებელია, ყველაზე მაღალ ენერგომოხმარებას კი G ასო აღნიშნავს. რაც მეტი პლუსი ახლავს A-ს, მით ნაკლებ დენს ხარჯავს მოწყობილობა.

ხმაურის დონე

ხმაურმა რომ არ შეგაწუხოთ, კონდიციონერის შიდა ბლოკის ხმაურის დონე არ უნდა აღემატებოდეს 35-40 დეციბელს. რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი, მით უკეთესი. უნდა გაითვალისწინოთ გარე ბლოკის ხმაურის დონეც. მეზობლები ძალიან რომ არ შეაწუხოთ მისი ხმაურის დონე უმჯობესია 55 დეციბელს არ აღემატებოდეს.

მაცივარი აგენტი

ყურადღება მიაქციეთ, რომელ მაცივარ აგენტს იყენებს კონდიციონერი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია GPჭ-ს მნიშვნელობა, რომელიც კონდიციონერის გლობალური დათბობის პოტენციალზე (Gლობალ ჭარმინგ Pოტენტიალ) მიუთითებს. მაცივარი აგენტი ღ32 შედარებით უსაფრთხოა გარემოსთვის. განსაკუთრებით საზიანოა ის მაცივარი აგენტები, რომლებსაც 750-ზე მაღალი GPჭ აქვს. ევროკავშირში მათი გამოყენება 2025 წლიდან იკრძალება.

მონტაჟი

სპლიტ-სისტემის კონდიციონერი აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დაამონტაჟოს. ზოგიერთი მოდელის ინსტალაცია მარტივია, მაგრამ იმისთვის, რომ არც გარემოს მივაყენოთ ზიანი და არც საკუთარ თავს, მაიც გირჩევთ, სისტემის დამონტაჟება ანდოთ სპეციალისტს, რომელიც კარგად იცნობს სტრუქტურულ რეგულაციებს.

გაწმენდა და მოვლა

სპლიტ-სისტემის კონდიციონერი დიდხანს რომ გემსახუროთ, რეგულარულად უნდა წმინდოთ. ჰაერის ფილტრი იდეალური ადგილია სოკოების, ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების გასამრავლებლად. ასე რომ, გაწმენდა არა მხოლოდ მოწყობილობის გამართულ ფუნქციობას უზრუნველყოფს, არამედ ჩვენს ჯანმრთელობასაც აზღვევს.

როგორ გავწმინდოთ ჰაერის ფილტრი

თუ კონდიციონერი უწყვეტად მუშაობს, ჰაერის ფილტრი კვირაში ერთხელ უნდა გაიწმინდოს.

ამისთვის:

* გამორთეთ კონდიციონერი დენის წყაროდან.

* მტვერსასრუტის სპეციალური წვრილი თავის საშუალებით მოაცილეთ გისოსებს მტვრის გროვები.

საფუძვლიანი წმენდისთვის:

* ინსტრუქციის მიხედვით ამოიღეთ მოწყობილობიდან ჰაერის ფილტრი.

* ჩაასხით თასში თბილი საპნიანი წყალი და ფილტრი კარგად გაწმინდეთ.

* კარგად  გააშრეთ, უმჯობესია, ჰაერზე.

* ბოლოს ისევ თავის ადგილას დაამაგრეთ.

წელიწადში ერთხელ მაინც კონდიციონერს დეზინფექციაც უნდა ჩაუტაროთ. დეზინფექცია მყისვეა საჭირო თუ ის უსიამოვნო სუნს გამოსცემს. სპეციალურ სადეზინფექციო საშუალებებს შესაბამის მაღაზიებში ან დიდი მარკეტების შესაბამის განყოფილებაში ნახავთ.

დეზინფექცია ასე ჩაუტარეთ:

* გამორთეთ კონდიციონერი.

* იატაკის დასაცავად დაუფინეთ ქვეშ მუყაო ან გაზეთი.

* გაიკეთეთ დამცავი სათვალე და ნიღაბი.

* ინსტრუქციის მიხედვით ამოიღეთ მოწყობილობიდან ფილტრი.

* სადეზინფექციო საშუალება პირდაპირ მილში შეასხურეთ.

* ჩართეთ კონდიციონერი და დააყენეთ მაქსიმალურ დონეზე.

* 12-15 წამის შემდეგ ისევ შეასხურეთ  მილში სადეზინფექციო საშუალება.

* მთელი ეს პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ.

* დახურეთ კარ-ფანჯრები და ათი წუთით თქვენც გადით ოთახიდან.

* გააღეთ კარ-ფანჯრები.

* ოთახი კარგად რომ განიავდება, კონდიციონერი გამორთეთ და ფილტრი ისევ დაამონტაჟეთ.

უმჯობესია, დეზინფექცია სპეციალისტმა ჩაატაროს. მანვე უნდა გამოცვალოს მაცივარი აგენტიც.

პრაქტიკული რჩევები

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც სასიამოვნო შიდა კლიმატის შექმნასა და ელექტროენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ:

* ჩართვამდე ყურადღებით გაეცანით მოწყობილობას და მწარმოებლის ინსტრუქციას.

* დახურეთ კარ-ფანჯრები, როცა კონდიციონერი მუშაობს.

* ოთახის განიავებისას  გამორთეთ კონდიციონერი.  რეგულარულად ანიავეთ ოთახი, სადაც კონდიციონერია დამონტაჟებული. განიავება ჯობია დილით ადრე ან გვიან საღამოს.

* როცა გარეთ ძალიან ცხელა, კონდიციონერზე ავტომატურად ვწევთ დაბლა ტემპერატურას. სპლიტ-სისტემის კონდიციონერი ძალიან სწრაფად აცივებს, ასე რომ, ტემპერატურას უმჯობესია ნელ-ნელა დაუწიოთ და არა ერთბაშად.

* შიგა ბლოკისთვის  ისეთი ადგილი შეარჩიეთ, რომ პირდაპირ არ უბერავდეს იმ კუთხისკენ, სადაც ბევრ დროს ატარებთ – ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

* მოდელების უმეტესობას ზაფხულის ცხელ დღეებში შეუძლია, 24 საათი უწყვეტად იმუშაოს, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი  მუშაობის მაქსიმალურ ხანგრძლივობად 10 საათს უთითებს.

* გაგრილების პროცესში წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც შეუფერხებლად უნდა გაედინებოდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, კონდენსაციის მილს ჰქონდეს სათანადო დახრილობა და მოკეცილი არ იყოს.

* თუ კონდიციონერის შიგა ბლოკიდან წყალი წვეთავს, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ შიგა ბლოკი ჰორიზონტალურად აბსოლუტური სიზუსტით არ არის ჩამოკიდებული, რის გამოც კონდენსაციის მილი ან მოკეცილია, ან საკმარისად არ არის დახრილი, კონდენსატი თავისუფლად ვერ გაედინება და წყალი სხვა გამოსავალს პოულობს. იგივე მოხდება, თუ კონდენსაციის მილი გაბიდნულია.

* კომფორტული ტემპერატურა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. კონდიციონერით გაგრილებისას რეკომენდებულია, ოთახის ტემპერატურა 23-დან 26 გრადუსამდე იყოს. რაც შეეხება ტენიანობას, იდეალურად მიიჩნევა 50-60 პროცენტი. გარე და შიდა ტემპერატურებს შორის სხვაობა, სასურველია, არ აღემატებოდეს 3-5 გრადუსს.

* თუ კონდიციონერს გასათბობად იყენებთ, სისტემა ისე უნდა დაამონტაჟოთ, რომ ტენიანობამ არ დაიკლოს. თუ კონდიციონერს დატენიანების ფუნქცია აქვს, შეუძლია, საკმარისად მაღალი ტენიანობა უზრუნველყოს, რაც მნიშვნელოვანია ლორწოვანი გარსების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: