კოსმეტიკური პროცედურები ულტრაბგერით

გააზიარე:

ულტრაბგერას დღეს ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ კოსმეტოლოგიაშიც. მისი კანის გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი უკვე მრავალგზის არის დადასტურებული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ულტრაბგერითი ტექნოლოგიის რეგულარულ გამოყენებას გრძელვადიან პერპექტივაში სახის ლიფტინგის ეფექტიც ექნება.

რა არის ულტრაბგერა, როდის არის რეკომენდებული ულტრაბგერითი პროცედურები და რას უნდა მიავქციოთ ყურადღება პროცედურის დაწყებამდე?

რა არის ულტრაბგერა

ულტრაბგერა ბგერითი ტალღაა, რომლის სიხშირე ადამიანის სმენის დიაპაზონს აღემატება. ასეთი ტალღები ბუნებრივადაც წარმოიშობა გარემოში – მათ კომუნიკაციისთვის იყენებენ, მაგალითად, ღამურები და დელფინები, ხელოვნურად გენერირებული ულტრაბგერა კი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება – მედიცინაში, მრეწველობაში, კოსმეტიკაში და სხვა.

ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი კარლ დუსიკი იყო პირველი, ვინც დიაგნოსტიკური კვლევისთვის ულტრაბგერითი ტალღების გამოყენება სცადა. ეს მოხდა 1938 წელს. დღეს ულტრაბგერას ფართოდ იყენებენ ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად და არამხოლოდ.

ულტრაბგერა კოსმეტოლოგიაში

კოსმეტოლოგიაში ულტრაბგერითი ტალღების გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ულტრაბგერას შეუძლია, გამოიწვიოს ვიბრაცია და წარმოქმნას სითბო.

თითებით მასაჟთან შედარებით მისი უპირატესობა ის არის, რომ ულტრაბგერის ნაზ და დელიკატურ რხევებზე ქსოვილის ყველა ფენა, ყველა უჯრედი განსაკუთრებული სიზუსტით რეაგირებს. სითბო კი სისხლის ნაკადს აუმჯობესებს, რითაც აჩქარებს კანის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლას და უჯრედების რეგენერაციას.

რა მიზანი აქვს ულტრაბგერით პროცედურას

ესთეტიკურ-კოსმეტიკური ულტრაბგერითი პროცედურის მიზანია კანის სტრუქტურის გაუმჯობესება ულტრაბგერის ენერგიის საშუალებით. ის კანში მიმდინარე პროცესებს სამი სხვადასხვა მექანიზმით ასტიმულირებს:

* მიკრომასაჟით;

* სითბური ზემოქმედებით;

* კანის საჭიროებათა მიხედვით შერჩეული აქტიური ნივთიერებებით.

ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა, რომელიც შედარებით დაბალი სიხშირის ტალღებს გამოსცემს, ვიდრე დიაგნოსტიკური დანიშნულების ულტრაბგერითი აპარატი. ტალღები უშუალოდ მოქმედებს კანზე შესაბამისი საკონტაქტო ნივთიერების გამოყენებით. საკონტაქტო ნივთიერებას უწოდებენ კანის ამა თუ იმ პრობლემას მორგებულ აქტიურ ნივთიერებას ან ნივთიერებათა ჯგუფს (ხშირად ეს არის ჰიალურონის მჟავას გელი), რომელიც ულტრაბგერითი ტალღების წყალობით კანის ღრმა შრეებში აღწევს. ამას განაპირობებს ულტრაბგერის მექანიკური და თერმული ეფექტი. წამში ორ მილიონამდე ვიბრაციით ულტრაბგერითი ტალღები იწვევს არა მხოლოდ კანის შემაერთებელი ქსოვილის ზედა და ქვედა ფენების მექანიკურ რხევას, არამედ ლოკალიზებულ თერმულ შეკუმშვასაც შემაერთებელი ქსოვილში, რისი წყალობითაც კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და აქტიურ ნივთიერებას ადვილად შეიწოვს. პროცედურის დროს წარმოქმნილი სითბო კი ხელს უწყობს ფორების გაფართოებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამრიგად, ულტრაბგერითი ტალღების ეფექტი ერწყმის აქტიური ნივთიერების ეფექტს.

კოსმეტიკური ულტრაბგერითი აპარატები ერთმანეთისგან განსხვავდება სხივების სიხშირით, ზემოქმედების სიღრმით, ინტენსივობით, ხანგრძლივობით და იმპულსების რაოდენობით.

სხვადასხვა ტექნიკის წყალობით ულტრაბგერითი აპარატი საშუალებას გვაძლევს,  აღმოვფხვრათ ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული კანის არასასურველი ცვლილებები. ტალღების სიხშირე, ინტენსივობა და ტიპი  დასამუშავებელი არეალისა და პროცედურის მიზნის მიხედვით განისაზღვრება.

როგორ მუშაობს

კოსმეტიკური ულტრაბგერითი აპარატები სამედიცინო ულტრაბგერითი აპარატების მსგავსად მუშაობს, თუმცა, როგორც გითხარით, უფრო დაბალი სიხშირის ტალღებს აგენერირებს.

პროცედურის დროს სპეციალისტი ნელა, თანაბრად, მსუბუქი ზეწოლით ამოძრავებს სახის ან სხეულის დასასამუშავებელ უბანზე ე.წ. გადამყვანს, რომელიც ულტრაბგერით ტალღებს გამოსცემს. პროცედურა უსაფრთხო და უმტკივნეულოა. შესაძლოა, დასამუშავებელ ადგილას იგრძნოთ სითბო და მექანიკური რხევები, რაც ზოგიერთს სასიამოვნოდაც კი მიაჩნია.

ულტრაბგერის ეფექტი

* ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას;

* ხელს უწყობს ფორების გაფართოებას, რის შედეგადაც აქტიური ინგრედიენტები უკეთესად აღწევს კანის ღრმა ფენებში;

* აუმჯობესებს უჯრედთა მეტაბოლიზმს;

* ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს;

* ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას;

* ამცირებს სიწითლეებს კანზე, აბაცებს მკვეთრად გამოხატულ სისხლძარღვებს;

* ასტიმულირებს მიკროცირკულაციას და ლიმფის მოძრაობას;

* სიღრმისეულად ასუფთავებს კანს;

* ამშვიდებს კანს. 

კანის რომელი პრობლემების აღმოსაფხვრელად მიმართავენ ესთეტიკურ პროცედურებს ულტრაბგერით?

* წვრილი ნაოჭების შესამცირებლად;

* მოდუნებული და დაშვებული კანის გასამკვრივებლად;

* მშრალი კანის ღრმად დასატენიანებლად;

* პიგმენტური ლაქების გასაბაცებლად;

* მუწუკებისადმი მიდრეკილი კანის სამკურნალოდ;

* აკნეს სამკურნალოდ;

* კუპეროზის (ხილული კაპილარული ქსელის) სამკურნალოდ.

შედეგად:

* იმატებს კანის ელასტიკურობა;

* უმჯობესდება კანის ტურგორი;

* კანი უკეთესად არის დატენიანებული;

* მცირდება ან ქრება შეშუპებები კანზე;

* კანი იბრუნებს ჯანსაღ იერს.

ეფექტი უმეტესად რამდენიმე პროცედურის შემდეგ ხდება შესამჩნევი, თუმცა, გარდა პროცედურების რაოდენობისა, დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც:

* კანის ინდივიდუალურ სტრუქტურაზე;

* ასაკზე;

* კანის რეგენერაციის უნარზე;

* მოვლაზე;

* არასასურველ ზემოქმედებაზე (სიგარეტი, სოლარიუმი, მზის აბაზანები და სხვა).

უკუჩვენება

პროცედურის წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მას უნდა აცნობოთ, თუ გაქვთ:

* მწვავე ცხელება;

* მწვავე ანთება;

* მწვავე ჰერპეს სიმპლექსი დასამუშავებელ ზონაზე;

* იმპლანტირებული ინსულინის ტუმბო;

* გულ-სისხლძარღვთა დაავადება, არითმია, კარდიოსტიმულატორი;

* სისხლის შედედების დარღვევა;

* ბაქტერიული ინფექცია (მაგალითად, ფურუნკული), ღია ჭრილობა დასამუშავებელ ზონაზე;

* ცოტა ხნის წინ ჩატარებული რენტგენოთერაპია;

* სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: