ფთორი და ფთორიდები - რაში გვჭირდება და როდის ხდება საშიში

გააზიარე:

ფთორის შესახებ ექიმებისა და მეცნიერების აზრი ორად იყოფა. ზოგი მას მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს და რეკომენდაციას უწევს კბილის პასტის, სუფრის მარილის ან მინერალური წყლის ფთორით გამდიდრებას, ზოგი კი კრიტიკულად უყურებს ამ მოსაზრებას და ფიქრობს, რომ ჯანმრთელ ადამიანს ფთორის დამატებითი დოზა არ სჭირდება, რადგან მის სიჭარბეს გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე დეფიციტს.

საერთოდ რა საჭიროა ფთორი ორგანიზმისთვის და როდის შეიძლება ის საწამლავად იქცეს? ამ და სხვა კითხვებზე “ავერსის კლინიკის” ექიმმა სტომატოლოგმა სოფიო საბანაძემ გვიპასუხა.

– რა არის და რისთვის იყენებს ფთორს ორგანიზმი?

– სუფთა ფთორი ტოქსიკური აირია, მაგრამ ამ ფორმით ის ბუნებაში თითქმის არ გვხვდება. ფთორი სწრაფად შედის რექციაში სხვა ელემენტებთან და წარმოქმნის ფთორიდებს, მაგალითად, კალციუმის ან ნატრიუმის ფთორიდს. მისი ნაერთები, კერძოდ, ნატრიუმის მონოფთორფოსფატი, ამინის ფთორიდი და კალის ფთორიდი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტომატოლოგიაში. ფთორიდები ფთორივით ტოქსიკური არ არის, თუმცა გააჩნია ოდენობას.

ადამიანის ორგანიზმში ორიდან ხუთ გრამამდე ფთორია. მისი ხუთი პროცენტი კანში, ფრჩხილებსა და თმაში იყრის თავს, დანარჩენი კი ძვლებსა და კბილებში ნაწილდება, სადაც მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს: 

  • მონაწილეობს ძვლების შენებაში;
  • ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცესა და გამძლეობას, განსაკუთრებით – ზრდის ფაზაში;
  • თრგუნავს ბაქტერიების მიერ მჟავას წარმოქმნას პირის ღრუში (შეგახსენებთ: მჟავა შაქრის მოლეკულებთან ერთად შლის კბილის მინანქარს და ხელს უწყობს კარიესის განვითარებას);
  • ლაგდება კბილის სტრუქტურაში, ამკვრივებს მინანქარს და იცავს მას გარეგანი ზემოქმედებისგან;
  • ხელს უწყობს კბილის რემინერალიზაციას, რის შედეგადაც კბილის მინანქარზე მცირე დეფექტები სწრაფად აღდგება და კბილების დაზიანების რისკი იკლებს.

– რამდენი ფთორია საჭირო დღე-ღამეში?

– ფთორის სადღეღამისო ნორმა ზუსტად არ არის განსაზღვრული. გერმანიის კვების საზოგადოება (DGE) რეკომენდაციას უწევს შემდეგ ოდენობებს:

4 თვემდე – 0.25 მგ

4-დან 12 თვემდე – 0,5 მგ

1-დან 4 წლამდე – 0.7 მგ

4-დან  10 წლამდე – 1.1 მგ

10-დან 13 წლამდე – 2.0 მგ

13-დან 15 წლამდე

მამაკაცებისთვის – 3.2 მგ, ქალებისთვის – 2.9 მგ

15-დან 19 წლამდე

მამაკაცებისთვის – 3.2 მგ, ქალებისთვის – 2.9 მგ

19 წლიდან

მამაკაცებისთვის – 3.8 მგ, ქალებისთვის – 3.1 მგ

ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის – 3.1 მგ

რისკჯგუფები

– ფთორის ბალანსს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებთან:

* ჩვილებსა და ბავშვებთან – სათანადო ოდენობის ფთორი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ზრდისა და განვითარებისთვის;

* ორსულებთან – მათთვის ფთორის დამატებითი დოზა არ არის რეკომენდებული, მაგრამ ექიმები ხშირად ურჩევენ ორსულებს ამ ელემენტის საღეღამისო ოდენობის გაზრდას ნაყოფის ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის და საკუთარი რეზერვების უზრუნველსაყოფად. იმავდროულად, კვლევებმა აჩვენა, რომ ფთორის სიჭარბე ხელს უშლის ბავშვის ტვინისა და ინტელექტის ნორმალურ განვითარებას;

* ოსტეოპოროზის მქონე პირებთან, ვინაიდან ფთორი D ვიტამინსა და კალციუმთან ერთად პასუხს აგებს ძვლების სიმკვრივეზე.

– როგორ მივიღოთ საჭირო ოდენობის ფთორი?

– ფთორი არცთუ ისე ბევრ საკვებშია და სადაც არის, იქაც საკმაოდ დაბალი კონცენტრაციით, ამიტომ მრავალ ქვეყანაში ფთორს სასმელ წყალს ამატებენ, თუმცა საქართველოში სასმელი წყალი ფთორით არ მდიდრდება. ზოგიერთ ქვეყანაში ფთორით ამდიდრებენ სუფრის მარილს, რაც ამ ელემენტის სადღეღამისო ნორმით მოსახლეობის უზრუნველყოფის ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა.

ფთორით გამდიდრებული სუფრის მარილი გრამზე დაახლოებით 0,25 მგ ფთორს შეიცავს. დღეში საშუალოდ 2 გრამი მარილის მოხმარებით 0,5 მგ ფთორს მიაწვდით ორგანიზმს.

ფთორის წყაროდ მიიჩნევა  ფთორის შემცველი პირის ღრუს მოვლის საშუალებებიც. ფთორიანი შეიძლება იყოს კბილის პასტა, სავლები, ფლოსი, გელი, ფთორლაქი.

კბილების პროფესიული გაწმენდის შემდეგ რეკომენდებულია მათი ფთორირება.

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ფთორის დანამატების მიღებაც, რა თქმა უნდა, არა თვითნებურად, არამედ სტომატოლოგის დანიშნულებით, თუმცა აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზედმეტი ფთორი, პირიქით, ვნებს კბილებს.

სიჭარბე და დეფიციტი

– რომელი ნივთიერებები აფერხებს და რომელი ხელს უწყობს ფთორის შეწოვას?

– ფთორის შეწოვას ხელს უშლის ერთჯერადად დიდი რაოდენობით კალციუმის, მაგნიუმის ან ალუმინის მიღება, ხოლო მიკროელემენტი მოლიბდენი აუმჯობესებს.

–  საშიშია თუ არა ფთორის დეფიციტი?

– ზოგიერთი ექიმი და მეცნიერი მიიჩნევს, რომ ფთორის დეფიციტს შეუძლია, გამოიწვიოს კბილების დაზიანება, ხელი შეუწყოს ოსტეოპოროზის განვითარებას, არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩალაგებას. ისინი გვირჩევენ, ვსვათ ფთორირებული მინერალური წყალი, გამოვიყენოთ ფთორით გამდიდრებული მარილი და პირის ღრუს მოვლის საშუალებები. სხვები ამას საჭიროდ არ მიიჩნევენ, რადგან სასმელი წყლისა და საკვების საშუალებითაც თავისუფლად შეიძლება საკმარისი ოდენობის ფთორის მიღება, დოზის გადაჭარბება კი უფრო სახიფათოა, ვიდრე  დეფიციტი.

– რა შეიძლება გამოიწვიოს ფთორის სიჭარბემ?

– ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანისთვის 5 მგ-მდე ფთორის ყოველდღიური მიღება არ არის საშიში, ხუთი მილიგრამი სხეულის ყოველ კილოგრამზე კი უკვე ტოქსიკურ დოზად ითვლება.

ფთორით ძლიერი მოწამვლის დროს შეინიშნება:

* გულისრევა;

* ღებინება;

* დიარეა;

* მუცლის ტკივილი;

* პარესთეზია (ანომალიური შეგრძნებები – ჩხვლეტა, დაბუჟება);

* ნერწყვდენა ან წყურვილის შეგრძნება.

დღეში 10 მგ-ზე მეტი ფთორის  სისტემატური მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჩონჩხის ფლუოროზი, თავდაპირველად – შესამჩნევი პათოლოგიური ცვლილებების გარეშე, ჩონჩხის ქრონიკული ფლუოროზის ჩამოყალიბებისთვის კი საჭიროა ყოველდღიურად 20 მილიგრამზე მეტი ფთორის მიღება  დაახლოებით 10-20 წლის განმავლობაში. ის გამოხატება ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერებული წარმოქმნით, რაც იწვევს ძვლის სიმკვრივის მატებას (ოსტეოსკლეროზი) სახსრების ან ხერხემლის სრულ გამკვრივებამდე. ირღვევა კუნთებისა და თირკმელების ფუნქციაც.

ბავშვებთან, განსაკუთრებით – რვა წლამდე, კბილების ინტენსიური მინერალიზაციის პერიოდში, დღეში ორიდან ოთხ მილიგრამამდე ფთორის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა დენტალური ფლუოროზი გამოიწვიოს. პარადოქსულია, მაგრამ ამის შედეგად კბილის მინანქარი რბილდება და სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, ამასთან, კბილებზე ჩნდება თეთრი ან მოყვითალო ლაქები. შესაძლოა, მინანქარმა ფერი იცვალოს და  უფრო მგრძნობიარე  გახდეს კარიესის მიმართ.

თანამედროვე კვლევები მოწმობს, რომ ფთორის გადაჭარბებული მიღება მხოლოდ ძვლებსა და კბილებს კი არ აზიანებს, არამედ საფრთხეს უქმნის სხვა ორგანოების ჯანმრთელობასაც.

ფთორიდები და დიაბეტი

– ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ფთორიდების სიჭარბე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის ცვლის დარღვევასა და დიაბეტის განვითარებაში. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მომატებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინრეზისტენტობა – დიაბეტი ტიპი-2-ის წინამორბედი მდგომარეობა. ვარაუდობენ, რომ ინსულინრეზისტენტობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს  0,07-0,4 მგ ფთორიდის  მიღება წონის ყოველ კილოგრამზე. გარდა ამისა, დიაბეტიანი ადამიანის ორგანიზმი ფთორიდებს უფრო ნაკლებად გამოყოფს.

ფთორიდები და ტვინი

– ამერიკის ეროვნული კვლევითი საბჭოს (US National Research Council) ანგარიშსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ მეტაანალიზში კვლევების საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომ ფთორიდების ზედმეტი დოზა აფერხებს ტვინის განვითარებას. ბავშვებში ის IQ-ს დაქვეითებას იწვევს. ბავშვის ტვინს განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ორსულობისას დედის მიერ დიდი დოზებით მიღებული ფთორი.

გარდა ამისა, აღმოაჩინეს კავშირი ფთორიდების მაღალ დონესა და დემენციის განვითარებას შორის.

ზედოზირება

– არსებობს თუ არა ფთორის ზედოზირების საფრთხე პირის ღრუს მოვლის ფთორირებული საშუალებების გამოყენებისას?

– პირის ღრუს მოვლის საშუალებების სწორად გამოყენების შემთხვევაში ნორმის გადაჭარბება შეუძლებელია. კბილის პასტაში ფთორის შემცველობა უმნიშვნელოა. ნორმას რომ გადააჭარბოთ, ამისთვის რამდენიმე ტუბი კბილის პასტის შეჭმა მოგიწევთ. სიჭარბე შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ფთორის შემცველი კბილის პასტის გამოყენებასთან ერთად ფთორის დანამატების მიღებამ, ამიტომ დღეს დანამატებს თითქმის აღარავინ გამოწერს.

– როგორია თანამედროვე რეკომენდაციები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის პირის ღრუს მოვლის ფთორირებული საშუალებების გამოყენების შესახებ?

– მოზრდილებმა კბილები დღეში სამჯერ უნდა გაიხეხონ ფთორირებული კბილის პასტით. ბავშვებისთვის ფთორის შემცველი პასტის გამოყენება ორ წლამდე არ არის რეკომენდებული, ორი წლის შემდეგ კი უმჯობესია ვუყიდოთ საბავშვო პასტა ფთორის დაბალი შემცველობით – ზრდასრულებისთვის განკუთვნილში ფთორის შემცველობა გაცილებით მაღალია (1000-1500 ppmF).

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ბავშვი კბილის პასტას არ გადაყლაპავს, ჯაგრისზე ძალიან ცოტა დაუდეთ.

ფთორის შემცველი სავლების გამოყენება 6 წლამდე არ არის რეკომენდებული.

– როგორ მოვიქცეთ, თუ ფთორირებული მოვლის საშუალებების გამოყენება არ გვინდა?

– შეძენისას შეამოწმეთ ეტიკეტი, რომ მოვლის საშუალება ფთორს არ შეიცავდეს ან იხმარეთ სპეციალური ჯაგრისი, რომელსაც კბილის პასტა არ სჭირდება. ამასთან, ზედმიწევნით იზრუნეთ კბილებზე. შეძლებისდაგვარად უარი თქვით ლიმონათზე, წვენებსა და მშრალ ღვინოზე, რათა კბილებზე  მჟავების ზემოქმედება თავიდან აიცილოთ. ერიდეთ შაქრის შემცველ პროდუქტებს. კბილების გასაწმენდად სისტემატურად მიმართეთ სპეციალისტს.

შევაჯამოთ

– ფთორი, ოღონდ ზომიერი ოდენობით, მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუ რაციონი დაბალანსებული და მრავალფეროვანია, ფთორით გამდიდრებული მარილის, სასმელი წყლისა თუ სხვა საკვების საშუალებით ფთორის დამატებითი მიღება ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება, ფთორის შემცველი პირის ღრუს მოვლის საშუალებები კი რეკომენდებულია არაჯანსაღი და კარიესისადმი მიდრეკილი კბილებისთვის.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: