კომუნიკაცია სტრესის დროს

გააზიარე:

რა არის კომუნიკაცია

ადამიანებს შორის ურთიერთობა გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ კომუნიკაციის პროცესს ნაწილებად დავშლით, აღმოვაჩენთ, რომ ის მრავალ კომპონენტს მოიცავს: როგორ გადმოვცემთ ინფორმაციას, რა ინფორმაცია გვინდა გადმოვცეთ, როგორ იღებს და იგებს მას მსმენელი და რა ინტერპრეტაციას აძლევს ჩვენს ნათქვამს.

ინფორმაციის გაზიარება ხდება ვერბალურად (მეტყველების მეშვეობით) და არავერბალურად (სხეულის ენით). ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია: ინტონაცია, საუბრის სიჩქარე, ჟესტები, პოზა.

არ დაგვავიწყდეს, რომ ზეპირზე არანაკლებ მნიშვნელოვანია წერითი კომუნიკაცია, რომელიც სიტყვებთან ერთად სასვენ ნიშნებს, სიმბოლოებსა და ემოჯიებსაც მოიცავს – ეს ყველაფერი საკმაოდ ცვლის გადაცემული ინფორმაციის ტონს.

კომუნიკაცია მშვიდობიან დროს

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვცდილობთ, სტრესს თავი ავარიდოთ, ჩვენს ცხოვრებაში მაინც ხდება ისეთი მოვლენები, რომელთა დროსაც კომუნიკაცია რთულდება. სტრესული სიტუაციების მართვის საუკეთესო სტრატეგია მშვიდობიან დროს ურთიერთობის გამართვაა. თუ სიმშვიდის ჟამს ჩვენი კომუნიკაცია ნათელი და მისაღებია, მას სტრესულ პერიოდშიც უფრო ადვილად გავართმევთ თავს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ნაკლებად პროგნოზირებად სიტუაციებშიც სიმშვიდე შევინარჩუნოთ, სასურველია, დროდადრო გადავამოწმოთ, რამდენად ჯანსაღად ვახერხებთ კომუნიკაციას ყოველდღიურ რეჟიმში, მაგალითად:

  • რამდენად ნათლად გადმოვცემ სათქმელს?
  • გამოვხატავ თუ არა, როდესაც რამე მაწუხებს?
  • ვუტოვებ თუ არა თანამოსაუბრეს საკმარის სივრცეს საკუთარი აზრის გამოსახატავად?
  • თანამოსაუბრეს იმისთვის ვუსმენ, რომ ვუპასუხო თუ იმისთვის, რომ გავუგო?

ისიც გვახსოვდეს, რომ კომუნიკაცია ცალმხრივი არ არის. იმასთან ერთად, ჩვენ როგორ ჩამოვაყალიბებთ სათქმელს, მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებს მას მსმენელი. როგორც ჩვენზე, ისე მსმენელზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის წინარე გამოცდილება, ინფორმაციასთან დაკავშირებული ემოციები, კომუნიკაციის სტილი, გარემო (თუნდაც ის, რამდენად წყნარია საკომუნიკაციო სივრცე).

კომუნიკაცია სტრესის დროს

ნათელი კომუნიკაცია

ზოგიერთს მიაჩნია, რომ რაც უფრო ბუნდოვნად გადმოსცემს აზრს, მით უფრო ღრმა გამოჩნდება. სინამდვილეში სიღრმე ყველაზე უკეთ კამკამა წყალში ჩანს. როდესაც უსიამოვნო საკითხზე გვიწევს საუბარი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უნდა განვსაზღვროთ, რაზე ვაპირებთ საუბარს.

ერთი განხილვა მხოლოდ ერთ თემას დაუთმეთ და მოლოდინიც შესაბამისი გქონდეთ. მაგალითად, თუ მეგობრის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ გსურთ საუბარი, მხოლოდ ამ კონკრეტული შეცდომის განხილვით შემოიფარგლეთ და ნუ წალეკავთ მსმენელს ყველა შეცდომის გახსენებით, რაც კი ოდესმე მოსვლია. ორივეს საბოლო მიზანი მორიგებაა, რაც თითქმის შეუძლებელია, როდესაც დავა მრავალ საკითხს ეხება. ყურადღება კონკრეტულ საკითხზე გაამახვილეთ და ეცადეთ შეთანხმდეთ, რას გააკეთებთ მომავალში, რომ იგივე შეცდომა არ განმეორდეს.

დრო

დაფიქრდით, რამდენად შესაფერისი დროა ამა თუ იმ საკითხის განსახილველად. კონფლიქტის დასაწყისშივე მოგვარება, როგორც წესი, საუკეთესო სტრატეგიაა, თუმცა ხანდახან განხილვის გადადება ჯობია. დააკვირდით როგორც თქვენი, ისე მსმენელის ენერგიის დონესა და გაგებისთვის მზაობას და ისე გადაწყვიტეთ, როდის დაიწყოთ სტრესული საკითხის განხილვა.

მაგალითად, საღამოს, როდესაც ერთი თქვენგანი (ან სულაც ორივე) დაღლილია, ზოგიერთ საკითხზე მსჯელობის დრო ნამდვილად არ არის. თუ რომელიმეს ცუდად გეძინათ, გშიათ, ოჯახის რომელიმე წევრი ავად გყავთ, გარემოში მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს, კონფლიქტურ თემებზე საუბარს შეძლებისდაგვარად ერიდთ.

საკითხზე ფოკუსირება

როდესაც კონკრეტულ საკითხს განიხილავთ, ნუ გასცდებით ამ საკითხის ფარგლებს და ნუ გადასწვდებით თანამოსაუბრის პიროვნულ თვისებებს. მაგალითად, თუ თქვენმა თანამშრომელმა ანგარიშის დაწერა დააგვიანა, განხილვა ანგარიშის დაგვიანებას მიუძღვენით და არა, საზოგადოდ, თანამშრომლის პუნქტუალურობას. თავი არიდეთ ფრაზებს: "შენ ყოველთვის...", "შენ არასდროს..." პრობლემური საკითხის პიროვნულ ჭრილში გადატანა მის მოგვარებას ხელს არ უწყობს, თანამოსაუბრე თითქმის ყოველთვის თავდაცვით პოზიციაში დგება და კონფლიქტი ღრმავდება.

ფოკუსირდით პრობლემაზე და არა ადამიანზე. არავინ არის ვალდებული, პიროვნულად შეიცვალოს, რათა უკეთ მოგვერგოს. ადამიანი ან საკუთარი ნებით იცვლება, ან საერთოდ არა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არა სხვისი "გამოსწორება", არამედ მისი კონკრეტული შეცდომის შესახებ საუბარი და გამოსავლის ძიებაა.

ისუნთქეთ

საუბრის დაწყებამდე სამ-ოთხჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, ემოციები და აზრები დაალაგეთ და მშვიდად ჩაერთეთ დისკუსიაში. ნელი, ღრმა ჩასუნთქვა ანელებს გულისცემას, სხეულის ენა უფრო მშვიდი ხდება (მაგალითად, დაძაბული ყბა მოეშვება, მუშტად შეკრული ხელები გაიშლება, მეტყველება შენელდება), ემოციების მართვაც ადვილდება. 

მოუსმინეთ

კომუნიკაცის დროს მნიშვნელოვანია, თანამოსაუბრე გენდობოდეთ, სჯეროდეს, რომ ყურადღებით უსმენთ და ცდილობთ, გაუგოთ. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ კომუნიკაციის თითქმის 70% არავერბალურია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შინაგანად განვეწყოთ მოსმენისთვის, რასაც ჩვენი სხეულიც აირეკლავს. არ არის საჭირო თავის მოჩვენება, თითქოს თანამოსაუბრეს ყურადღებით უსმენთ. თუ გააცნობიერებთ, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ორივე მხარის მოსმენაა საჭირო, რომ თანამოსაუბრის ნდობის მოპოვება გამოსავლის პოვნას გაგიადვილებთ, რომ როგორც არ უნდა ცდებოდეს მეორე ადამიანი, მას თავისი სიმართლე აქვს და რომ, უბრალოდ, ყველა იმსახურებს ბაზისურ პატივისცემას, თქვენი სხეული თავად გადავა აქტიური მოსმენის რეჟიმში: თქვენი მიმიკა თანამოსაუბრის ემოციების შესაბამისი იქნება, მისკენ გადაიხრებით, თავს დაუქნევთ.

ვერბალურად კი შეგიძლიათ მოკლედ შეაჯამოთ თანამოსაუბრის ნათქვამი, მაგალითად: "თუ სწორად გავიგე, არ მოგწონს, როდესაც ყოველღამე გვიან ვწვებით, იღლები, გამოძინებას ვერ ახერხებ და მეორე დღეს გაღიზიანებული ხარ". ეს თანამოსაუბრეს დაანახებს, რომ ხედავთ და აღიარებთ მის აზრებსა და ემოციებს.

აღიარეთ საკუთარი სისუსტეები

იმის გაცნობიერება, რომ სტრესულ სიტუაციაში კარგი კომუნიკაცია არ გამოგვდის, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. შესაბამისად, ეცადეთ, წინასწარ მოემზადოთ საუბრისთვის, რომ მოწყვლად მდგომარეობაში იმპროვიზაცია არ მოგიწიოთ.

რაც უფრო უკეთ იცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო გაცნობიერებულად გააკეთებთ არჩევანს, როგორ აწარმოოთ კომუნიკაცია.

მაგალითად, მე მახასიათებს ძლიერი პირველადი ემოციური რეაქცია, რომელიც მალევე გაივლის, თუ მისი გაზიარების საშუალება მომეცა, ამიტომ სტრესის დროს ჯერ ახლობელს ვესაუბრები და მერეღა ვიწყებ საქმიან მოლაპარაკებას. ჩემი სუსტი მხარის გააზრება საშუალებას მაძლევს, მივაგნო რესურსს, რომელიც ხელის შემშლელ ფაქტორს გაანეიტრალებს.

შეისწავლეთ  საკუთარი ემოციები

დააკვირდით საკუთარ პოზას, ხმის ტემბრს, იმას, რას გრძნობთ, რა გამოძრავებთ, როდესაც სტრესულ დიალოგს იწყებთ. რაც უფრო უკეთ გაიცნობთ თქვენს თავს, მით უფრო ნაკლებად აჰყვებით ემოციებს და მით უფრო გულახდილად და ეფექტიანად შეძლებთ სათქმელის მსმენელამდე მიტანას.

თუ ხშირად ხვდებით სტრესულ სიტუაციაში, შევიძლიათ, წესად შემოიღოთ ყოველდღე რამდენიმე წუთის განმავლობაში სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება. თუ ძლიერ ემოციურ რეაქციას განიცდით, შეჩერდით, ათამდე დაითვალეთ და მერე ჩაებით დისკუსიაში.

დასკვნა

საგულისხმოა, რომ სტრესის დროს კომუნიკაცია ნაკლებად გულისხმობს თანამოსაუბრის აზრების, ემოციების, მოტივაციის ამოცნობას და მეტად – საკუთარი თავის შეცნობას. ეფექტური კომუნიკაციის პრინციპი მარტივია: ჩვენ ვერ ამოვიცნობთ თანამოსაუბრის აზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ის იმდენად ახლობელია, ამოცნობა მართლაც არ გვიჭირს, მაინც იქნება ისეთი შემთხვევები, როდესაც არასწორ ინტერპრეტაციას მოვახდენთ და ამით კონფლიქტს გავაღრმავებთ. მცდარი ინტერპრეტაციის შანსი იზრდება, როდესაც თანამოსაუბრე ნეიტრალური ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ერთ სიტუაციაში ვიცნობთ. მაგალითად, ჩვენ არ ვიცით, როგორია ჩვენი თანამშრომელი შინ, შვილთან, ზღვაზე დასვენებისას, არ ვიცით, რა გზა გაიარა, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა. მისი ამოცნობის მცდელობა სარისკო და არაფრის მომცემია. ნაცვლად ამისა, უმჯობესია, ვეცადოთ, ისე მოვიქცეთ, რომ თავადვე გაგვიზიაროს, რაც აწუხებს.

მეორე მიზეზი, რატომაც უნდა ვიმუშაოთ, უპირველესად, კომუნიკაციის ჩვენეული სტილის გაუმჯობესებაზე, ის გახლავთ, რომ სხვისი შეცვლა თითქმის წარმოუდგენელი ამოცანაა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის განვითარება შეგვიძლია და ესეც კი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, არადა საკუთარ თავს ყველაზე უკეთ ვიცნობთ. ამიტომ უმჯობესია, მთელი ენერგია საკუთარი კომუნიკაციური უნარების დახვეწას მოვახმაროთ და არა თანამოსაუბრის "გამოსწორებას".

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: