შინაური ცხოველი: მეგობარზე მეტი

გააზიარე:

ოჯახში ახალი, ფუმფულა წევრის მობრძანება ამაღელვებელი მომენტია ბავშვისთვის. მხიარული ოთხფეხა მეგობარი ხომ არასდროს ამბობს უარს თამაშზე. მშობლის უპირველესი მიზანიც სწორედ პატარასთვის სიხარულის მინიჭებაა. ცოტამ თუ იცის, რომ ეს საყვარელი არსებები დადებით გავლენას ახდენენ ბავშვის სოციალურ, ემოციურ, მოტორულ და კოგნიტიურ განვითარებაზე.

რატომ არ უნდა ვუთხრათ პატარას უარი შინაური ცხოველის მოყვანაზე და რა წვლილი შეაქვს მას ბავშვის პიროვნულ განვითარებაში?

ემოციური და სოციალური უნარები

შინაური ცხოველები ბავშვებს ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებიან, დარდს უმსუბუქებენ და მათი კარგი "მსმენელები" არიან. ცხოველის გვერდით ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რადგან ის ყოველთვის მის გვერდითაა და არასოდეს უცრუებს იმედს. ბავშვები, რომლებსაც სახლში ცხოველი ჰყავთ, ისე მძიმედ არ განიცდიან მშობლების დაშორებას და მშობლის დაკარგვის შიშს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბავშვები საუკეთესო მეგობრებად თავიანთ ცხოველებს მიიჩნევენ, ენდობიან მათ, კითხვაზე, პრობლემების მოსაგვარებლად, უპირველესად, ვის მიმართავდნენ, სწორედ ცხოველებს ასახელებენ.

ემოციური სტაბილურობა  დადებითად აისახება აკადემიურ მოსწრებაზეც. ბავშვები, რომლებსაც შინ ოთხფეხა მეგობარი ჰყავთ, უფრო ყურადღებიანები არიან, აქვთ  უკეთესი მეხსიერება.

შინაური ცხოველები მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას კი არ უწევენ პატარებს, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური უნარების ჩამოყალიბებაშიც ეხმარებიან. მაგალითად, ბავშვები, რომლებსაც შინ ცხოველი ჰყავთ, გაცილებით უკეთესად ახერხებენ არავერბალურ კომუნიკაციას, სკოლაშიც უფრო კომუნიკაბელურები, ნაკლებად აგრესიულები არიან, უკეთ უმკლავდებიან მარცხს, არ ერთვებიან კამათში, პირიქით, სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

გარდა ამისა, ძაღლის გასეირნება შესანიშნავი გზაა ახალი მეგობრების შესაძენად.

ცხოველების წყალობით მარტოობას ნაკლებად განიცდიან დედისერთებიც.

სტრესთან გამკლავება

ბავშვები ყოველდღიურად ძლიერ სტრესს განიცდიან. მაღალ აკადემიურ მოთხოვნებს, კლასგარეშე აქტივობებს, მედიის უარყოფით გავლენას ისიც ემატება, რომ  მშობლები ხშირად სამუშაოთი არიან დატვირთული და ნაკლებ დროს უთმობენ შვილებთან ურთიერთობას. ამ დროს ძაღლი, კატა, თუნდაც ზაზუნა ბავშვის უნებლიე მსმენელი  და საუკეთესო მეგობარი ხდება. მართალია, ისინი რეალურ პრობლემებს ვერ აგვარებენ, მაგრამ მათი სიახლოვე, შეხება, მათზე ზრუნვა, მათთან თამაში ამცირებს სტრესს და ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

თავდაჯერება

ოჯახებში, სადაც ცხოველები ჰყავთ, მშობლები, ადასტურებენ, რომ მათი პატარები ხშირად ესაუბრებიან თავიანთ ფუმფულა მეგობრებს, უყვებიან ამბებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კითხვებსაც კი უსვამენ. ცხოველებთან ურთიერთობას ადამიანებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს: ისინი არ განსჯიან, არ აკრიტიკებენ, არ დასცინიან გარეგნობის, ჩაცმულობის, ცუდი ნიშნების გამო. ცხოველებს უპირობოდ უყვართ პატრონები – სწორედ ისეთები, როგორებიც არიან.

ამას კარგად გრძნობენ ბავშვები. მათ იციან, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მეგობარი არ უღალატებთ, რაც თავდაჯერებას მატებთ, მაღალი თვითშეფასება კი მათ გამოწვევების დაძლევაში ეხმარება, სწავლას უადვილებს და მოტივაციას უმაღლებს.

სხვაზე ზრუნვის უნარი

შინაურ ცხოველზე ზრუნვა პასუხისმგებლობის გრძნობას უღვივებს ბავშვს და მცირე ასაკიდანვე უვითარებს თანაგრძნობის უნარს, რაც ზრდასრულ ასაკში მნიშვნელოვანი სოციალური კაშირების დამყარებაში ეხმარება.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სამი წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვები შინაურ ცხოველებზე ზრუნვას გაცილებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე თამაშს ან უმცროსი და-ძმების მოვლას.

როცა ბავშვი ცხოველის შეძენამდე აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ამიერიდან დაეკისრება, იცის, რომ შინაური ცხოველის ყოლა არა მხოლოდ მასთან თამაშს, არამედ გასეირნებას, ყუთის გაწმენდას, გამოკვებასაც გულისხმობს, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მის პიროვნულ განვითარებაზე.

დიდია მშობლების როლიც. მათ კი არ უნდა აარიდონ შვილები ამ საპასუხისმგებლო საქმეს, არამედ, პირიქით, მთლიანად მათ გადააბარონ, ხოლო თუ ბავშვს ასაკი ხელს არ უწყობს, თავად დაეხმარონ.

ცხოველები და ნეიროგანვითარების დარღვევები

ცხოველებთან ურთიერთობა განსაკუთრებით სასარგებლოა აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებისთვის.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს საკუთარი ცხოველის ყოლა, მასთან ერთად დროის გატარება და მასზე ზრუნვა სოციალური უნარების გაუმჯობესებაში, ინტერაქციასა და გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.

ცხოველზე ზრუნვა ხელს უწყობს თვითდისციპლინისა და ყოველდღიური ჩვევების ჩამოყალიბებას, კონცენტრაციის გაუმჯობესებას,  რაც ძალიან სჭირდებათ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს.  ცხოველების მოვლის რუტინაში (ჭამა, დასუფთავება, სეირნობა) ჩართვა მათ ამშვიდებს და კონცენტრირებაში ეხმარება.

მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება თერაპიული ტექნიკები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ცხოველების დადებით გავლენას ეფუძნება. მაგალითად, ბავშვთა კლინიკებში სულ უფრო ხშირად იყენებენ ძაღლებს შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ბავშვების (გონებრივი ჩამორჩენილობა, აუტიზმი და სხვა) სამკურნალოდ, ხოლო ცხენით სეირნობა შესანიშნავი სარეაბილიტაციო საშუალებაა კუნთების დაავადებების მქონე, მათ შორის – ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის.

მართალია, შინაური ცხოველისთვის თქვენი ძვირფასი დროის გარკვეული ნაწილის დათმობა მოგიწევთ, მაგრამ ვიდრე შვილს უარს ეტყვით, დაფიქრდით იმაზე, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის შინაურ ცხოველს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: