იოდი და სხვა მიკროელემენტები ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის

გააზიარე:

ბოლო ხანს აქტუალურ პრობლემად იქცა მიკროლემენტების თვითნებური მიღება. ეს, ერთი მხრივ, პანდემიის შემდეგ მოზრდილებსა და ბავშვებში მიკროელემენტების ფართოდ გავრცელებულ დეფიციტს უკავშირდება. იმის გასაგებად, რამდენად მაღალია ამ დეფიციტის მიმართ ადამიანის ორგანოთა სისტემების მგრძნობელობა, “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგს, ევროპის ბავშვთა ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრს მაია რეხვიაშვილს მივმართეთ.

– სამყაროს ბაზისურ ინგრედიენტებად აღიარებული მიკრო- და მაკროელემენტები ადამიანის ორგანიზმში 50 000-მდე ბიოქიმიურ პროცესს არეგულირებს და მოიცავს მისი სასიცოცხლო აქტივობის ყველა რგოლს – ფიზიკურ, მოტორულ, სოციალურ-ემოციურ, კოგნიტიურ სფეროებს, სენსორულ უნარებს და ქცევას.

განვითარების პროცესზე, რომელიც, ჩასახვიდან მოყოლებული, მთელი სიცოცხლე მიმდინარეობს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქიმიური ელემენტების (განსაკუთრებით – ესენციური მიკროელემენტების) უკმარისობა და მძიმე მეტალებით დაბინძურება. ეს დისბალანსი ყველაზე მეტად ბავშვის ფიზიკურ და ნეიროქცევით განვითარებაზე აისახება. ასეთი ზემოქმედების მიმართ ადრეული ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან და განსაკუთრებული რისკის ჯგუფს შეადგენენ.

დეიფიციტის მიზეზები

– მინერალური ნივთიერებების, მათ შორის – მიკროელემენტების მოთხოვნილებას, ჩვეულებრივ, საკვები პროდუქტებით ვიკმაყოფილებთ (დაბალანსებული კვების პირობებში), მაგრამ მიკროელემენტებით ღარიბი საკვები, საწარმოო ტოქსინებით გაჯერებული გარემო და, იმავდროულად, ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა (ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, არასწორი კვება) შესაძლოა მიკროელემენტური დეფიციტისა და დისბალანსის მიზეზად იქცეს.

ჩემთვის როგორც ენდოკრინოლოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იოდის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობაა. მოგეხსენებათ, საქართველო იოდდეფიციტური ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. მარილებისა და ნაერთების სახით იოდი პრაქტიკულად ყველგანაა, მათ შორის – ჰაერშიც, მაგრამ ბუნებაში მისი ძირითადი წყარო ზღვის წყალია. ზღვის დონიდან დაშორებულ რეგიონებში ნაკლები იოდია მიწაში და, შესაბამისად, ადგილობრივ პროდუქტებშიც. ამით აიხსნება არასახარბიელო სტატისტიკა: მსოფლიოს მოსახლეობის  დაახლოებით მესამედი იმაზე ნაკლებ იოდს მოიხმარს, ვიდრე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, თითოეულმა ჩვენგანმა დღე-ღამეში 150-250 მკგ იოდი უნდა მიიღოს.

რაში სჭირდება ორგანიზმს იოდი

– იოდი შეუცვლელი ნივთიერება. ადამიანის ორგანიზმში ის არ წარმოიქმნება – უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით ვიღებთ. იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, კერძოდ, ჰორმონების თიროქსინისა (FT4) და ტრიიდიოთირონის (FT3) წარმოებისთვის. მისმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი – დაავადება, რომელის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი იმაზე ნაკლები ოდენობის ჰორმონებს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროა. იოდის ნორმალური რაოდენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა და ბავშვებისთვის. მაგალითად, მისი დეფიციტი იწვევს გონებრივი განვითარების სერიოზულ დარღვევას.

როდის და როგორ ვლინდება იოდის დეფიციტი

– თუ ორგანიზმმა საკმარისი იოდი ვერ მიიღო, დროთა განმავლობაში განვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს დაუდებს სათავეს. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება – ვითარდება ჩიყვი. ჩიყვის ჩამოყალიბებას იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება. იოდდეფიციტი და თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა ხელს უწყობს იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს პათოლოგიებს, გამოვლენილს ადამიანის სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე, მუცლადყოფნის პერიოდიდან ღრმა სიბერემდე.

ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მის ჩასახვამდე იწყება. ფარისებრი ჯირკვალი (ისევე როგორც ყველა სხვა ენდოკრინული ორგანო) ორსულობის დროს 30-50%-ით მეტ სამუშაოს ასრულებს. ჯანმრთელ ორგანოს საამისო რეზერვი აქვს და ახალ გარემოებებთან შეგუებას თავადვე ახერხებს, მაგრამ ფარისებრ ჯირკვალს ამ პროცესში მეტი საშენი მასალა – ამინმჟავა თიროზინი და მიკროელემენტი იოდი სჭირდება, ვინაიდან სწორედ მათგან წარმოიქმნება ტეტრაიოდთირონინი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი). ამასთან, ნაყოფი დედისგან იღებს იოდს, რომლის მეშვეობითაც თავისთვის საჭირო თიროქსინს წარმოქმნის. ამის კვალობაზე, ორსულისთვის ყოველგვარი წინასწარი კვლევისა და დიაგნოზის გარეშე აუცილებელია იოდის დამატებით მიღება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ანამნეზში თირეოტოქსიკოზით მიმდინარე ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე დაავადებაა აღრიცხული).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალმა მთელი ორსულობის განმავლობაში, მერე კი ლაქტაციის პერიოდშიც, დღე-ღამეში 200-250 მკგ იოდი უნდა მიიღოს.

საფრთხე ნაყოფისთვის

– დედის უმართავი ჰიპოთირეოზი ნაყოფს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებების მიზეზად ექცეს. ორსულობასთან დაკავშირებულმა იოდდეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები, ანომალიები. საშუალო ხარისხის იოდდეფიციტს დაბალ ინტელექტთან მივყავართ, მძიმე იოდდეფიციტის დროს კი ვითარდება კრეტინიზმი, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, ზრდის შეფერხება, სიყრუე, მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეები.

მშობიარობის შემდეგ ჩვილი საჭირო რაოდენობის იოდს პირველი 6 თვის განმავლობაში დედის რძით იღებს. ამდენად, მეძუძური დედა ყურადღებას უნდა აქცევდეს თავის რაციონს.  სწორ კვებაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დედის რძის რაოდენობა და ხარისხი. თუმცა, ენდოკრინოლოგების აზრით, ქალმა ძუძუთი კვების დროს დამატებითაც უნდა მიიღოს განსაზღვრული რაოდენობის იოდი, რათა მისი სადღეღამისო მოხმარება დედისა და ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებებს შეესაბამებოდეს. ამ რაოდენობას ექიმი ინდივიდუალურად, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს.

იოდი თუ ჰორმონი

– ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვალი ადრეული ბავშვობიდანვე დირიჟორის როლს ასრულებს ორგანოთა ყველა სისტემის მუშაობასა და  ნივთიერებათა ცვლაში. აქვე აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ყურადღება ბავშვებსა და მოზარდებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამომწვევ ფაქტორებზე. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური არასრულფასოვნება ყოველთვის არ არის დაკავშირებული იოდის დეფიციტთან – ზოგიერთ შემთხვევაში ბრალი მიუძღვის ორგანიზმში მიმდინარე  ქრონიკულ აუტოიმუნურ პროცესებს, რომლებსაც, თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტთან მივყავართ.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის ან მოზარდის ფიზიკური განვითარების შეფერხება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, სიცივის აუტანლობა, ადვილად დაღლა და ხშირი ძილიანობა, ყაბზობა დროულად შეფასდეს ბავშთა ენდოკრინოლოგის მიერ, ადრეულ ეტაპზე მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესწავლა და გაირკვეს, მხოლოდ იოდითაც შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება თუ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება.

იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკა

– ენდემური ჩიყვის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადების. იოდდეფიციტის სავალალო შედეგების პროფილაქტიკისთვის არსებობს ძალზე მარტივი და იაფი გზა. ეს არის იოდდეფიციტის კერებში მცხოვრები მოსახლეობის იოდით გამდიდრებული სურსათით უზრუნველყოფა. სწორედ ამ გზით მოგვარდა აღნიშნული პრობლემა შვეიცარიაში, ავსტრიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში.

მასობრივი პროფილაქტიკა გულისხმობს მოსახლეობის მომარაგებას იოდიანი მარილით, პურით, რძით, ზეთით, წყლით, შაქრით... დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობისთვის იოდის ძირითად წყაროს რძის პროდუქტები წარმოადგენს, ვინაიდან საქონლის საკვების იოდირებას კანონი ითხოვს. დადგენილია, რომ რაციონში იოდიანი სურსათის ჩართვით 100-150 მკგ იოდის ყოველდღიურ მიღებას მოსწავლეებში ენდემური ჩიყვის 50-60%-ით შემცირებამდე მივყავართ.

ჩვენს ქვეყანაში იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის უპირატესობა ენიჭება იოდიან მარილს, ვინაიდან ის ერთადერთი მინერალია, რომელიც საკვებს სპეციალური ქიმიური დამუშავების გარეშე ემატება. ამასთანავე, მას მოიხმარს მოსახლეობის ყველა ფენა, განურჩევლად სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა. მისი დღიური ნორმის დიაპაზონი (საშუალოდ 5-10 გრამი) მცირეა და არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, წელიწადის დროზე. იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის მარილის მოხმარების გაზრდა არ არის საჭირო. მისი იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250 მკგ იოდის მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, სხვებთან ერთად – მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება. მოსახლეობას მხოლოდ იოდიანი მარილის შეძენა და მოხმარება ევალება.

ფრთხილად, საშიშია!

– დღეისთვის ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილია 80-ზე მეტი ელემენტი, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია აქვს. თუ ზოგი მათგანის დეფიციტი უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებვაზე, ზოგიერთი ორგანიზმში მოხვედრისას თვითონვე იწვევს პათოლოგიას და უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ტყვიითა და მძიმე მეტალებით ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ამ ნივთიერებათა ზემოქმედება ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია და ჰიპოთეტურად  სხვადასხვა დაავადების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნული საკითხები პედიატრების, ენდოკრინოლოგებისა და ტოქსიკოლოგების მუშაობის დღის წესრიგში დგას და მისი აქტუალობა დღითიდღე იზრდება.

მრავალი მკვლევარი აღნიშნავს ბავშვის ორგანიზმის ტყვიით დაბინძურების კავშირს ხაზოვანი ზრდის არასახარბიელო მაჩვენებლებთან. ტყვიამ შესაძლოა გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების  შეფერხება, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. ორსულებთან ტყვიის დიდი დოზების ზემოქმედება მუცლის მოშლასთან, მკვდრადშობადობასთან, ნაადრევ მშობიარობასთან არის ასოცირებული.

გარდა ამისა,  უკანასკნელ ხანს აქტიურად განიხილება ადრეული ასაკის ბავშვების მენტალური ჯანმრთელობისა  და ქცევის დარღვევები გარემოს დაბინძურების მატების ტენდენციის და  ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე. არსებობს კვლევები, რომლებიც ბავშვის ჰიპერაქტიურობას მის ორგანიზმში რკინის დეფიციტს უკავშირებს. ვერცხლისწყლით კონტამინაცია ემოციურ არასტაბილურობასთან, გაღიზიანებადობასთან, მეხსიერების, სწავლის უნარის დაქვეითებასა და ქცევის დარღვევებთან ასოცირდება. ყურადღება მახვილდება აუტიზმსა და ტოქსიკური მეტალებით ორგანიზმის დაბინძურების ხარისხს შორის მჭიდრო კავშირზე, რაც იმთავითვე ესენციური ელემენტების დისბალანსს გულისხმობს და ა.შ.

ასე რომ, მიკროელემენტები  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების სრულყოფაში და მისი განვითარების მძლავრ ინდიკატორს წარმოადგენს.

მარი მარღანია

გააზიარე: