ალექსანდრე მთვარაძე - ნიჭიერი ექიმი, რომელმაც სპორტულ კარიერას მედიცინა ამჯობინა

გააზიარე:

ექოსკოპია დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მთელ მსოფლიოში. ის არაინვაზიური, უმტკივნეულო და უსაფრთხოა, თანაც ძალიან ინფორმაციული. საქართველოში ამ მეთოდის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ალექსანდრე მთვარაძეს, ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანს, რომელიც ქართველ ულტრასონოგრაფისტთა პირველი თაობის აღმზრდელია.

ალექსანდრე მთვარაძის შესახებ ცნობები მოგვაწოდა მედიცინის ისტორიის მკვლევარმა, ექიმმა გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ დიდი ექიმის ქალიშვილი ყოფილა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ულტრაბგერის განყოფილების გამგე ნანა მთვარაძე, რომელმაც მამის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტები გაგვიზიარა.

გენეტიკური ხაზი

ნანა მთვარაძე:

- მამაჩემი ალექსანდრე (ალეკო) 1941 წლის 25 იანვარს თბილისში, სტანისლავ გიტლინგის ოჯახში დაიბადა. ბაბუა სპორტსმენი იყო, სწავლობდა სპორტის უმაღლეს სასწავლებელში (ამჟამად - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი). უფროსი ალექსანდრე სტანისლავის ძე გიტლინგი, მამაჩემის ბაბუა, გერმანელების გადმოსახლების დროს აღმოჩენილა თბილისში და ცოლად შეურთავს თამარ ნათაძე. გერმანული წარმომავლობის გამო ის აბსურდული ბრალდებით დაუპატიმრებიათ 1937 წელს და მას შემდეგ გაუჩინარებულა. ოჯახს ყაზახეთში ეგონა გადასახლებული, რადგან არავითარი ცნობა დახვრეტის შესახებ არ მიუღია. თავს დატეხილმა უბედურებამ ბაბუაჩემი შეაშინა და გვარი შეიცვალა, დედის გვარზე (ნათაძე) გადავიდა. წლების შემდეგ შვილიშვილებმა სოდ-ში მოვიძიეთ ინფორმაცია გაუჩინარებული დიდი ბაბუის შესახებ და შევიტყვეთ, რომ "მოქალაქე ალ. სტანისლავის ძე გიტლინგს (დაბადებულს 1878 წელს) საბჭოთა კავშირის "ტროიკის" (შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, პარტიული მდივნის და სსრკ-ს პროკურორის) 1937 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, რომელიც სისრულეში 1938 წლის 4 იანვარს მოიყვანეს. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ალექსანდრე გიტლინგი რეაბილიტირებულია".

ბებია ბარბარე (ბაბე) საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. მამამისი ალექსანდრე ფირანის ძე მთვარაძე ცნობილი მეცენატი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება საგარეჯოში წყლის გაყვანა. მუნიციპალიტეტის ცენტრში დღესაც დგას წყარო ა. ფ. მთვარაძის ინიციალებით - ლომის თავის ქანდაკება, რომელიც მისი შეკვეთით იტალიიდან საგანგებოდ ჩამოიტანეს. ბებია ომის პერიოდში სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში და ექსტერნად მოუხდა სასწავლებლის დამთავრება. ამის შემდეგ 1921 წელს დაარსებულ რენტგენოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. 1938 წლიდან კათედრა გადაკეთდა კურსად და მის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა პროფესორი ალექსანდრე კვალიაშვილი. სწორედ მან შეარჩია ბებია როგორც მონდომებული, მცოდნე და შესაფერისი კადრი. ბარბარე მთვარაძე წლების განმავლობაში კათედრის დამსახურებული დოცენტი იყო და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას. მომავალი მეუღლე მან სკოლაში გაიცნო (კლასელები იყვნენ). სწავლა რომ დაასრულეს, შეუღლდნენ, თუმცა შვილის დაბადებიდან გარკვეული ხნის შემდეგ დაშორდნენ, რის გამოც უმცროსი ალექსანდრე გიტლინგი სკოლის დამთავრების შემდეგ დედის გვარზე გადავიდა და ალექსანდრე მთვარაძე გახდა.

სპორტიდან მედიცინამდე

პატარა ალექსანდრე სასწავლებლად თბილისის 39-ე სკოლაში (ახლანდელი 50-ე საჯარო სკოლა) შეიყვანეს. გერონტი ქიქოძის სახელობის ქუჩაზე აღმართულ ისტორიულ შენობაში წინათ სათავადაზნაურო გიმნაზია იყო, რომლის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს. სხვადასხვა დროს ამ სასწავლებელში იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი და აკაკი შანიძე მოღვაწეობდნენ.

ნანა მთვარაძე:

- მეც ეს სკოლა დავამთავრე. ყველა როგორც გიტლინგის შვილს ისე მიცნობდა. მახსოვს, მასწავლებლები ხშირად იხსენებდნენ მამას. მათგან გამიგონია, რომ ნიჭიერი, მოწესრიგებული, ზრდილობიანი და წარჩინებული ბავშვი ყოფილა. სწავლის პარალელურად იტაცებდა სპორტი, განსაკუთრებით უყვარდა კალათბურთი. არაერთი ჯილდოც მიუღია. ჩვენს ოჯახში დღემდე ინახება მისი პირველი წარმატების დამადასტურებელი დიპლომი, ტექსტით: "კალინინის რაიონის (ახლანდელი სოლოლაკი) რაიონულ შეჯიბრში პირველი ადგილის პრიზიორი".

სპორტში წარმატების მიუხედავად, ექიმი დედის გავლენამ მაინც თავისი ქნა და სკოლის დასრულების შემდეგ ალეკო სპორტსმენთა სიით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. 1966 წელს, სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ფლუროგრაფიული ცენტრის რენტგენოლოგად დაიწყო მუშაობა. 1972–1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული მედიცინის კათედრის ასისტენტობის პარალელურად - რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის თანამშრომელიც. იმხანად რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრას განაგებდა პროფესორი კონსტანტინე (კუკური) გიორგაძე, რომელიც შემდგომში ალექსანდრეს საკანდიდატო დისერტაციის თემას ხელმძღვანელობდა.

ხუტა პაჭკორია:

- ბატონი ალეკო სპორტული მედიცინის კათედრაზე გავიცანი, ჩემი ჯგუფის ასისტენტი გახლდათ. კომუნიკაბელური, ინტელიგენტური, თბილი და სტუდენტების მოსიყვარულე. მისი პრაქტიკული მეცადინეობები გაჯერებული იყო საკუთარი თუ ცნობილი ათლეტების სპორტული მიღწევების მაგალითებით. გვიყვებოდა როკი მარჩიანოსა და კასიუს კლეის წვრთნის თავისებურებებზე. თავისუფლად მსჯელობდა არა მხოლოდ სპორტული მედიცინის ვიწრო ჩარჩოებში, არამედ მთლიანად შინაგანი სნეულებების (პულმონოლოგია, კარდიოლოგია...) საზღვრებს მიღმაც. განსაცვიფრებელი იყო მისი სიღრმისეული ცოდნა და ანალიზის უნარი. სწორედ ამიტომ ვცემდით დიდ პატივს სტუდენტები და ცხოველი ინტერესით ველოდით მის ყოველ პრაქტიკულ მეცადინეობას.

ბავშვობიდან ექიმების წრეში იზრდებოდა, ფაქტობრივად სკოლის ასაკიდან ეზიარა მედიცინას. ხშირად ახსენებდა სპორტული კარდიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, გამოჩენილ თერაპევტს ალექსანდრ დემბოს, რომლის ასპირანტი იყო და რომელთან მუშაობის პატივიც ხვდა წილად.

ალექსანდრეს დედა ბაბე მთვარაძე, რენტგენოლოგიური კათედრის თანამშრომელი, ჩვენი კლინიკის მშვენება იყო. თავად ბატონ ალეკოსაც კინომსახიობის გარეგნობა ჰქონდა.

ნანა მთვარაძე:

- საბოლოოდ მამამ სპორტულ მედიცინაზე უარი თქვა და ოთხმოცდაათიან წლებში მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების კომპლექსური რენტგენორადიოლოგიური კვლევა". თან ვახლდი და მახსოვს, ზუბოვსკიმ მოწონების ნიშნად რომ უთხრა, იმდენად ვრცელი თემაა, მომავალ წელს სადოქტოროზე გელოდებითო.

რუსეთიდან დაბრუნებული, ახალი იდეებით აღსავსე ალექსანდრე მთვარაძე 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა, 2000 წელს კი კათედრის გამგედ აირჩიეს.

მუდამ სიახლის ძიებაში

ალექსანდრე მთვარაძემ მთელი თავისი დრო და ენერგია რენტგენოლოგიის განვითარებას შეალია. საკმაოდ ცნობისმოყვარე და მიზანდასახული იყო, ყველაფერი აინტერესებდა, რაც მისი პროფესიის გარშემო ხდებოდა. დიდი ყურადღება დაუთმო რადიოლოგიის თანემედროვე მიდგომების შესწავლას და კლინიკურ პრაქტიკაში მათ დანერგვას. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში პირველი ექოსკოპიის აპარატი სწორედ მისი დიდი ძალისხმევით დაიდგა. 1991-1992 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის პირველი მოადგილე მერაბ კვიტაიშვილი ალექსანდრეს მეგობარი ყოფილა. მისი თანადგომით ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი რამდენიმე აპარატიდან ერთ-ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდა. სწორედ იმ დროიდან დაიწყო საქართველოში ულტრაბგერითი კვლევის დანერგვა, რომლის პიონერები და მომდევნო თაობების აღმზრდელები ბატონი ალექსანდრე და ??? მიზანდარი იყვნენ.

მისი 41 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც სხივური დიაგნოსტიკის მეთოდებს ეხება, დიდი მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულებით გამოირჩევა, რის გამოც რადიოლოგების სამაგიდო წიგნად ითვლება.

2016-2018 წლებში დასრულდა მუშაობა და გამოიცა რადიოლოგიის სახელმძღვანელო სახელწოდებით "სამედიცინო რადიოლოგია", ნაწილი 1 (მე-3 კურსის სტუდენტებისთვის) და "სამედიცინო რადიოლოგია" ნაწილი მე-2 (მე-6 კურსის სტუდენტებისთვის). მისი ავტორები იყვნენ აკადემიური დოქტორი ალექსანდრე მთვარაძე, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ურუშაძე და ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი გრიგოლ ნემსაძე.

ხუტა პაჭკორია:

- ძალიან უყვარდა კითხვა, მუდამ ცდილობდა, მსოფლიო მედიცინის სიახლეთა კურსში ყოფილიყო. დღე არ გავიდოდა, თავისი დარგის სპეციალურ ლიტერატურას არ გასცნობოდა. ავადმყოფობის დროსაც კი მნახველებს სამედიცინო სიახლეების შესახებ ეკითხებოდა, რამდენიმე კვირაა არაფერი წამიკითხავს და არ მინდა, რამე მნიშვნელოვანი გამომრჩესო.

ოჯახი

მომავალ მეუღლეს სკოლის მერხიდან იცნობდა. ლიანა მაისურაძე მისი ყრმობის სიყვარული და ცხოვრების შეუცვლელი თანამგზავრი იყო. ორი შვილი შეეძინათ. გიორგი და ნანა მთვარაძეებიც ოჯახურ პროფესიას დაეუფლნენ, თუმცა მხოლოდ ქალიშვილი გაჰყვა ბოლომდე ბებიისა და მამის გაკვალულ გზას - ასპირანტურის დამთავრების შემდეგ რენტგენოლოგიის კათედრაზე მოწვეულ პედაგოგად დარჩა, პარალელურად კი რესპუბლიკური საავდმყოფოს ულტრაბგერის განყოფილების გამგეა.

ნანა მთვარაძე:

- მამას ძალიან უყვარდა მეგობრები, მათ სტუმრობას, დახვედრას და გამასპინძლებას მთელი ოჯახისთვის დიდი სიხარული მოჰქონდა. მისი ინსტიტუტის უახლოესი მეგობარი იყო ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ვირსალაძე (სამწუხაროდ, ისიც, მამასავით, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა). ასევე მრავალი წლის ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჩემს ნათლიასთან, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ომარ ხუჯაძესთან. ამ ურთიერთობას მამას გარდაცვალების შემდეგაც ვინარჩუნებთ და ვუფრთხილდებით.

აქვე, მინდა, ალექსანდრე მთვარაძის ღირსეული კოლეგებიც ვახსენო: რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ოთარ ურუშაძე, საქართველოში ინტერვენციული რადიოლოგიის ფუძემდებელი, პროფესორი მალხაზ მიზანდარი, მედიცინის დოქტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მთავარი სპეციალისტი გრიგოლ ნემსაძე. ფასდაუდებელია მათი თანადგომა. ჭირსა თუ ლხინში მუდამ ერთად მიიკვლევდნენ გზას. იყვნენ საუკეთესო კოლეგები, რომლებსაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდათ.

მარი მარღანია

გააზიარე: