ტკივილი გულმკერდის არეში

გააზიარე:

 

გულისმიერი ტკივილი

ფილტვებთან დაკავშირებული ტკივილი

სხვა მიზეზები

 

ტკივილი გულმკერდის არეში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო სიმპტომია. ხშირად სწორედ ის მიგვანიშნებს ინფარქტზე – მდგომარეობაზე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა სიკვდილით დამთავრდეს. საბედნიეროდ, ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს – გულმკერდის ტკივილი ისეთ დაავადებებსაც ახასიათებს, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ამის ცოდნა მოდუნების უფლებას არ გვაძლევს – გულმკერდში ტკივილის აღმოცენებისას სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მისი მიზეზის ძებნა.

***

გულისმიერი ტკივილი

ინფარქტი და სტენოკარდია

მიოკარდიუმის ინფარქტი გულის კუნთში მკვდარი, ნეკროზული უბნის წარმოქმნაა სისხლის ნაკადის მოულოდნელი დაბლოკვისა და ჟანგბადის დეფიციტის გამო. გულის იშემიური შეტევის დროულად დაწყებული მკურნალობით ხელს ვუშლით ინფარქტის განვითარებას ან დაზიანებული უბნის ზრდას, ამიტომ ადამიანს უნდა შეეძლოს გულის შეტევის ნიშნების ამოცნობა, რათა მათი აღმოცენებისას სასწრაფო დახმარება გამოიძახოს, თუნდაც დარწმუნებული არ იყოს, რომ მიზეზი გულია.

სიმპტომები

ინფარქტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

* გულმკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება – ის ხშირად ჩნდება გულმკერდის ცენტრში ან მის მარცხენა მხარეს და რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება. შესაძლოა, გაიაროს და ისევ იჩინოს თავი, ჰგავდეს ზეწოლას, მოჭერას, ტკივილს, გულძმარვის ან საჭმლის მონელების დარღვევით გამოწვეული დისკომფორტს.

* ჰაერის უკმარისობა – ზოგჯერ ის ინფარქტის ერთადერთი სიმპტომია. ტკივილთან ერთადაც შეიძლება იჩინოს თავი და მის დაწყებამდეც, როგორც მოსვენების, ისე ფიზიკური აქტივობის დროს.

* ტკივილი`დისკომფორტი სხეულის ზედა ნაწილში – ერთი ან ორივე მკლავში, ზურგში, მხრებზე, კისერზე, ყბაზე ან კუჭის ზედა ნაწილში.

შესაძლოა განვითარდეს სხვა სიმპტომებიც: გულზიდება, ღებინება, თავბრუხვევა, თავის სიმსუბუქე, ცივი ოფლის დასხმა. ქალები ზოგჯერ უმიზეზო დაღლილობას უჩივიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველას ერთნაირი ჩივილები არ აქვს: ზოგი მსუბუქ ტკივილს უჩივის, ზოგი – უფრო ძლიერს, ზოგი კი საერთოდ არაფერს. ზოგისთვის ინფარქტის პირველი ნიშანი შესაძლოა გულის უეცარი გაჩერება იყოს. რაც უფრო მეტია ნიშანი, მით უფრო დიდია ინფარქტის განვითარების საფრთხეც. ხშირად გამაფრთხილებელი ნიშნები ინფარქტამდე რამდენიმე საათით, დღით ან კვირით ადრეც კი იჩენს თავს. ყველაზე ადრეული სიგნალი შესაძლოა სტენოკარდია იყოს.

სტენოკარდია გულმკერდის მორეციდივე, გარდამავალი ტკივილი, დისკომფორტი ან შებოჭილობაა. ის სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. გულის კუნთი ამ დროსაც ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სისხლსა და ჟანგბადს. სტენოკარდიის სიმპტომები ინფაქრქტის სიმპტომებს ჰგავს.

სტაბილური სტენოკარდია უფრო გავრცელებულია. ის თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის (ვარჯიშის, აღმართზე ასვლის) ან ემოციური სტრესის დროს, როდესაც გულისცემა და არტერიული წნევა იმატებს და გულის კუნთი მეტ ჟანგბადს ითხოვს, დასვენებისას კი ქრება.

არასტაბილური სტენოკარდია, იგივე მწვავე კორონარული სინდრომი, ერთბაშად ვითარდება მცირე ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების ან ძილის დროს. ის შესაძლოა უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს.

როგორ ვიქცევით

ზოგი ვერ აცნობიერებს ინფარქტის ნიშნებს და რეაგირებას აგვიანებს.

თუ ინფარქტის სიმპტომებმა იჩინა თავი:

* გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ვინმეს სთხოვეთ, უახლოეს საავადმყოფოში წაგიყვანოთ.

* საჭესთან დაჯექით მხოლოდ მაშინ, თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ – მანქანის მართვისას თქვენი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს და საფრთხეში ჩააგდოთ საკუთარი თავიც და სხვებიც.

* ვიდრე სასწრაფო დახმარებას გაგიწევენ, მიიღეთ ნიტროგლიცერინი.

* მიიღეთ ასპირინი. ის ხელს უშლის სისხლის შედედებას, თუმცა ურთიერთქმედებს ზოგიერთ მედიკამენტთან, ამიტომ თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების პერსონალს დაეკითხეთ.

თუ უგონოდ მყოფ ადამიანს ხედავთ და ფიქრობთ, რომ შესაძლოა, გულის შეტევა ჰქონდეს, ჯერ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, მერე შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა და აქვს თუ არა პულსი. თუ არც სუნთქავს და ვერც პულსს პოულობთ, უნდა დაიწყოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია: გულმკერდზე 100-120 ზეწოლა წუთში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ტრენინგი გაქვთ გავლილი – სასუნთქი გზების გახსნაც.

მიზეზები

ინფარქტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კორონარული არტერიების დაავადებაა – არტერიების კედლებზე, შიგნიდან, ქოლესტეროლისა და სხვა ნივთიერებებისგან წარმოიქმნება ათერომები – ათეროსკლეროზული ფოლაქები, ცხიმისმაგვარი ჩანართები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება და სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, შესაძლოა გასკდეს და წარმოქმნას პატარა თრომბები და სისხლის კოლტი, რომელიც არტერიას დაახშობს.

საინტერესოა, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან როდესაც რომელიმე კორონარული არტერია ვიწროვდება და სისხლის ნაკადი მცირდება, საკომპენსაციოდ სხვა ახლომდებარე სისხლძარღვები ფართოვდება. ამას კოლატერალური სისხლის მიმოქცევა ეწოდება. ასეთი სისხლის მიმოქცევა შესაძლოა ინფარქტის შემდეგაც განვითარდეს, რაც გულის კუნთს აღდგენაში ეხმარება.

ინფარქტის დროს შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ იყოს დაბლოკილი კორონარული არტერია.

ინფარქტის ნაკლებად გავრცელებული მიზეზია კორონარული არტერიის ძლიერი სპაზმი. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც ნორმალურ,  ისე ათეროსკლეროზის გამო ნაწილობრივ დაბლოკილ სისხლძარღვებში. სიცოცხლისთვის საშიში სპაზმის გამოწვევა შეუძლია თამბაქოსა და ნარკოტიკების, მაგალითად, კოკაინის მოხმარებას.

გულის შეტევის იშვიათი მიზეზია კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია, მისი კედლის მთლიანობის უეცარი დარღვევა.

ინფარქტი ასევე შეიძლება განვითარდეს COVID-19 ინფექციით გულის დაზიანების შედეგად.

ინფაქრქტის რისკს ზრდის: ასაკი (45 წლიდან – მამაკაცებისთვის და 55 წლიდან – ქალებისთვის), როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველობა, Სისხლის მაღალი წნევა, სისხლში ქოლესტეროლის (განსაკუთრებით – დაბალი სიმკვრივის სახესხვაობის) ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ინფარქტის ოჯახური ისტორია, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, სტრესი, ნარკოტიკების მოხმარება, პრეეკლამფსია, რევმატოიდული ართრიტი, ლუპუსი.

დიაგნოსტიკა

იდეალურ შემთხვევაში ექიმი პაციენტს იკვლევს ფიზიკური დატვირთვის დროს. ინფარქტის აღმოსაჩენად ტარდება ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ),  სისხლის ანალიზები. ასევე შეიძლება ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ანგიოგრაფია (თხევადი საღებავი კათეტერით შეჰყავთ გულის არტერიებში და მის მოძრაობას აკვირდებიან), გულის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი გამოკვლევა.

მკურნალობა

ინფარქტის შემდეგ ყოველ წუთს უფრო და უფრო მეტი გულის ქსოვილი კვდება, ამიტომ აუცილებელია სისხლის ნაკადის სწრაფი აღდგენა. ამისთვის იყენებენ სისხლის გამათხელებლებს (ასპირინს, ჰეპარინს), თრომბის დამშლელ საშუალებებს, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს, რომლებიც თავიდან გვაცილებს ახალი თრომბების წარმოქმნას და უკვე არსებულთა გადიდებას, ტკივილგამაყუჩებლებს (შესაძლოა, მორფინიც გახდეს საჭირო), ნიტროგლიცერინს, რომელიც გულის სიხლძარღვებს აფართოებს და ამგვარად აუმჯობესებს მათში სისხლის მიმოქცევას, ბეტა ბლოკატორებს, რომლებიც ხელს უწყობს გულის კუნთის მოდუნებას, ანელებს გულისცემას და ამცირებს არტერიულ წნევას, რითაც გულს მუშაობას უადვილებს, აგფ ინჰიბიტორებს, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულზე სტრესს, სტატინებს, რომლებიც სისხლში ქოლესტეროლის დონის კონტროლში გვეხმარება.

შესაძლოა, საჭირო გახდეს კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება – არტერიის დაბლოკილ ადგილას იდგმება ლითონის ბადისებრი სტენტი და სისხლძარღვს შევიწროების საშუალებას აღარ აძლევს. თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ტარდება შუნტირება – ოპერაცია, რომლის დროსაც შევიწროებულ ადგილას სისხლძარღვების შემოვლითი გზა კეთდება.

ინფარქტის შემდეგ გულის კუნთში შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბური წარმოიქმნება. გამოჯანმრთელებას დაახლოებით რვა კვირა სჭირდება.

რეაბილიტაცია

გულის რეაბილიტაცია ფოკუსირებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე – მედიკამენტურ თერაპიაზე, ცხოვრების წესის შეცვლაზე, ემოციური პრობლემების მოგვარებასა და ჩვეულ საქმიანობასთან თანდათანობით დაბრუნებაზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან

ინფარქტის პრევენციაზე ზრუნვა, თუნდაც ის უკვე გქონდეთ გადატანილი, გვიანი არასოდეს არის. ამისთვის უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, პერიოდულად მდგომარეობა გადაამოწმოთ და მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს: შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, იკვებოთ სწორად, არ მოწიოთ, შეზღუდოთ ალკოჰოლი (ქალებმა – ერთ ჭიქამდე, მამაკაცებმა – ორ ჭიქამდე), რეგულარულად ივარჯიშოთ (მიზნად დაისახეთ კვირის განმავლობაში 150-წუთიანი ზომიერი აქტივობა, ორჯერ – 10-წუთიანი ძალისმიერი ვარჯიში და სამჯერ – გაჭიმვები ხუთი-ათი წუთის განმავლობაში), მართოთ სტრესი, აკონტროლოთ და დაარეგულიროთ წნევა, ქოლესტეროლი და დიაბეტი, ჩაიტაროთ გრიპის ყოველწლიური აცრა. 

***    

პერიკარდიტი

ტკივილი გულმკერდის არეში პერიკარდიტის, გულის პერანგის ანთების, ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. წესისამებრ, ტკივილი აღმოცენდება მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა მხარეს. შესაძლოა გავრცელდეს მარცხენა მხარსა და კისერზე, ხშირად მძაფრდება ხველის, წოლის, ღრმა სუნთქვის დროს, სუსტდება წამოდგომისას, წამოჯდომისას,  წინ გადახრისას. პერიკარდიტს შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ან ფეხის შეშუპება, ხველა, დაღლილობა, სისუსტე, დაბალი ცხელება, გულისცემის გახშირება, ქოშინი წოლისას.

მიზეზები

პერიკარდიტის მიზეზის დადგენა ხშირად ჭირს. ზოგჯერ ექიმები ვერც კი პოულობენ მიზეზს (იდიოპათიური პერიკარდიტი). ზოგჯერ ის ვითარდება ინფარქტის ან გულის ოპერაციის შემდეგ. მისი გამოწვევა ასევე შეუძლია ინფექციას, სისტემურ ანთებით დაავადებას (მაგალითად, წითელ მგლურას, რევმატოიდულ ართრიტს), გულმკერდის ტრავმას, თირკმლის უკმარისობას, შიდსს, ტუბერკულოზს, კიბოს.

როგორ ადგენენ

ექიმი პაციენტს გასინჯავს და სიმპტომებს გამოჰკითხავს. ფონენდოსკოპით მოსმენისას შესაძლოა გაიგონოს სპეციფიკური ხმა – პერიკარდის ხახუნი, რომელსაც პერიკარდის გარეთა და შიგნითა ფურცლების ერთმანეთზე შეხება იწვევს. ნორმაში მათ შორის სითხეა და ისინი თავისუფლად სრიალებენ.

სისხლის ანალიზები ტარდება ინფარქტის, ანთებისა და ინფექციის ნიშნების აღმოსაჩენად. საჭიროებისამებრ ატარებენ ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ), გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ექოკარდიოგრაფიას, გულის კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), გულის მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვით კვლევას.

მკურნალობა

ხშირად ინიშნება მედიკამენტები ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად: ასპირინი ან იბუპროფენი, კოლხიცინი, კორტიკოსტეროიდები. თუ პერიკარდიტი ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. თუ პერიკარდიტის ღრუში ჭარბი სითხეა დაგროვილი, შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიონ მისი დრენირება – სპეციალური კათეტერის ჩადგმა ღრუს სითხისგან დასაცლელად, ხოლო კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს, როდესაც პერიკარდიუმში ნაწიბურის მსგავსი ქოვილი წარმოიქმნება, შესაძლოა ის ქირურგიულად ამოკვეთონ.

აორტის განშრევება

აორტის განშრევება – სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია – ჩივილებით ძალიან ჰგავს მწვავე კორონარულ სინდრომს ანუ ინფარქტს და სტენოკარდიას, რის გამოც სწორი დიაგნოზის დასმა და ოპერაცია შესაძლოა დაგვიანდეს. შრევდება ანევრიზმა, აორტის პათოლოგიურად გაფართოებული უბანი. განშრევების სიმპტომებია:

* უეცარი ძლიერი ტკივილი გულმკერდის ან ზურგის ზედა ნაწილში, რომელსაც ხშირად აღწერენ როგორც გაგლეჯის, გახეთქვის შეგრძნებას. ვრცელდება კისერზე ან ზურგზე;

* უეცარი ძლიერი მუცლის ტკივილი;

* ცნობიერების დაკარგვა;

* ქოშინი;

* ინსულტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: მხედველობის უეცარი გაუარესება, მეტყველების გაძნელება და სისუსტე ან მოძრაობის უნარის დაკარგვა (დამბლა) სხეულის ერთ მხარეს;

* ცალ მკლავზე ან ბარძაყზე მეორესთან შედარებით სუსტი პულსი;

* ფეხის ტკივილი;

* სიარულის გაძნელება.

განასხვავებენ აორტის აღმავალ და დაღმავალ განშრევებას. პირველი უფრო სახიფათოა, თუმცა ორივე სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

აორტის განშრევება უმეტესად 60-70 წლის მამაკაცებს ემართებათ. მისი რისკფაქტორებია გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, აორტის ანევრიზმა, აორტის ბიკუსპიდური სარქვლის დეფექტი, აორტის თანდაყოლილი  შევიწროება, კოარქტაცია, ზოგიერთი გენეტიკური პათოლოგია. ამ რიგის ფაქტორებად განიხილავენ ნარკოტიკების მოხმარებას, ორსულობას, დიდი სიმძიმეებით ვარჯიშს – მაღალი ინტენსივობის ძალოსნობას.

პრევენცია

აორტის განშრევების თავიდან ასაცილებლად:

* იკონტროლეთ არტერიული წნევა;

* არ მოწიოთ;

* შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. დაიცავით ნაკლებმარილიანი და ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით მდიდარი დიეტა. რეგულარულად ივარჯიშეთ.

* ატარეთ უსაფრთხოების ღვედი – ის ამცირებს ავტოავარიის დროს გულმკერდის დაზიანების რისკს.

* ექიმთან მუდმივ კომუნიკაციას გირჩევთ, თუ გაქვთ აორტის დისექციის ოჯახური ისტორია, შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, აორტის სარქვლის პრობლემები, ანევრიზმა ან სხვა დარღვევები.

***

ფილტვებთან დაკავშირებული ტკივილი

გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა ფილტვებში იყოს საძიებელი. მისი გამოწვევა შეუძლია ფილტვის ემბოლიას, ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიას, პლევრიტს, ფილტვის კოლაფსს.

ფილტვის ემბოლია

ფილტვის ემბოლია ფილტვის ერთ-ერთი არტერიის დაბლოკვაა. მას ფეხების ან სხეულის სხვა ნაწილის ღრმა ვენებიდან წამოსული თრომბები იწვევს. ფილტვის ემბოლიის სიმპტომები ყოველთვის ერთნაირი არ არის – პროცესში ჩართული ფილტვების ფართობზე, თრომბის ზომაზე, თანმხლებ დაავადებებზეა დამოკიდებული. უმეტესად მას ახასიათებს:

* ქოშინი, რომელიც, წესისამებრ, მოულოდნელად იწყება და ვარჯიშის დროს ყოველთვის მძიმდება;

* ტკივილი (უმეტესად – მკვეთრი) გულმკერდის არეში, რომელიც ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება (ამის გამო ღრმა სუნთქვა შეუძლებელი ხდება), იგრძნობა ხველის, წელში მოხრის დროს;

* ხველა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს სისხლიანი ნახველი;

* სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;

* თავის სიმსუბუქე ან თავბრუხვევა;

* ჭარბი ოფლიანობა;

* ცხელება;

* წვივის ტკივილი და შეშუპება, რაც ღრმა ვენების თრომბოზით არის გამოწვეული;

* წებოვანი, უფერული კანი (ციანოზი).

ფილტვის ემბოლია ხშირად მრავლობითია, ხოლო ფილტვის ის ნაწილები, რომლებსაც დაბლოკილი არტერია სისხლით ამარაგებს, შესაძლოა მოკვდეს – განვითარდეს ფილტვის ინფარქტი, რაც სხეულის ჟანგბადით მომარაგებას გაართულებს.

რატომ ვითარდება

ზოგჯერ სისხლძარღვის ბლოკირებას იწვევს არა თრომბი, არამედ სხვა ემბოლი, მაგალითად ძვლის ტვინის ცხიმი, რომელიც სისხლძარღვში გრძელი ძვლის მოტეხილობის შედეგად ხვდება, სიმსივნის ნაწილი, ჰაერის ბუშტები.

დაავადების მთავარი რისკფაქტორია ფეხის ვენების თრომბოზი. რისკს ზრდის თომბოზის ოჯახური ან პირადი ისტორია, გულის უკმარისობა, თავის ტვინის, საკვერცხის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის, ფილტვის, თირკმელების, ძუძუს კიბოს ოპერაცია, სისხლის შედედების მემკვიდრეობითი თუ სხვა დარღვევები, ჩOVID-19.

სისხლი ადვილად დედდება ხანგრძლივი უმოძრაობის პერიოდში: წოლითი რეჟიმის დაცვისას, ქვედა კიდურების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერებისას, თვითმფრინავით ან მანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას.

სხვა რისკის ფაქტორებია მოწევა, ჭარბი წონა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება, ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია, რომელშიც ესტროგენიც შედის, ორსულობა – ამ დროს ნაყოფი მენჯის ვენებს აწვება, რაც ფეხებიდან სისხლის უკუდენას აფერხებს.

დიაგნოსტიკა, მკურნალობა

ფილტვის ემბოლიის დიაგნოსტიკა ადვილი არ არის, განსაკუთრებით – იმ პაციენტებთან, რომლებსაც გულის ან ფილტვის დაავადება აქვთ. იზომება სისხლში D დიმერის დონე, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ოდენობა, მოწმდება სისხლის შედედების მემკვიდრეობით დარღვევათა არსებობა-არარსებობა, ტარდება გამოსახვითი გამოკვლევები. მკურნალობა მიზნად ისახავს თრომბის ზრდის შეჩერებას და ახალი თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილებას. სერიოზული გართულებების და ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დროული მკურნალობა.

პრევენცია გულისხმობს საჭიროებისამებრ სისხლის გამათხელებლების მიღებას, კომპრესიული წინდების ტარებას, ფეხების მაღლა აწევას, ფიზიკურ აქტიურობას, ხანგრძლივი მგზავრობისას ბევრი სითხის მიღებას, პერიოდულად მოძრაობას, ტერფების ვარჯიშს და კომპრესიული წინდების ჩაცმას.

***

ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია

ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის დროს სისხლის წნევა მომატებულია ფილტვის არტერიაში, გულის მარჯვენა ნაწილში. სიმპტომები თანდათანობით ვითარდება, ამიტომ ავადმყოფმა შესაძლოა თვეობით და წლობითაც კი ვერ შეამჩნიოს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომები მძიმდება.

ეს სიმპტომებია:

* ქოშინი, თავდაპირველად – მხოლოდ ვარჯიშის, მერე და მერე კი დასვენების დროსაც;

* დაღლილობა;

* თავბრუხვევა, გულის წასვლა (სინკოპე);

* გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნება,  ტკივილი;

* შეშუპება ფეხებში და საბოლოოდ მუცელში (ასციტი);

* ტუჩებისა და კანის მოლურჯო ფერი (ციანოზი);

* სწრაფი პულსი, გულისცემის შეგრძნების გაძლიერება.

ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია შეიძლება იყოს მემკვიდრეობითიც და შეძენილიც – გამოწვეული ზოგიერთი წამლით, გულის თანდაყოლილი დაავადებით, აივ ინფექციით, ციროზით, სკლეროდერმიით, ლუპუსით, გულის მარცხენა მხარის დაავადებებით (მიტრალური ან აორტის სარქვლის მანკი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, ფილტვის ფიბროზით, ძილის ობსტრუქციული აპნოეთი, ფილტვის ემბოლიით, კოაგულაციის სხვა დარღვევებით, სისხლის დაავადებებით, ვასკულიტით, მეტაბოლური დარღვევებით, თირკმლის დაავადებებით, სიმსივნით.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ადრეული დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია იშვიათად ვლინდება რუტინული გამოკვლევით და მოგვიანებით გამოხატული სიმპტომებიც ისეთივეა, ოგორიც გულისა და ფილტვის სხვა დაავადებების დროს. მის გამოსავლენად ტარდება სისხლის ანალიზები და ინსტრუმენტული გამოკვლევები, შესაძლოა საჭირო გახდეს გულის მარჯვენა ნაწილის კათეტერიზაცია უშუალოდ ფილტვის არტერიაში წნევის გასაზომავად.

დიაგნოზის დადასტურების შემდეგ დგინდება დაავადების სიმძიმე:

I კლასი – ფილტვის ჰიპერტენზია დიაგნოზირებულია, მაგრამ აქტივობის დროს სიმპტომები არ შეინიშნება;

II კლასი – დასვენების დროს სიმპტომები არ შეინიშნება, მაგრამ დაღლილობა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი თავს იჩენს ფიზიკური აქტიურობის დროს;

III კლასი – დასვენების დროს პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ფიზიკური დატვირთვის დროს სიმპტომები ვითარდება;

IV კლასი – სიმპტომები ვლინდება როგორც ფიზიკური დატვირთვის, ისე დასვენების დროსაც.

ფილტვის ჰიპერტენზია არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების პროგრესირების შენელება. ხშირად გარკვეული დრო სჭირდება შესაფერისი კომპლექსური მკურნალობის შერჩევას.  სხვა მდგომარეობით გამოწვეული ფილტვის ჰიპერტენზიისას მკურნალობა ტარდება გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედების მიზნით. თუ პაციენტს მედიკამენტებმა შვება არ მოჰგვარა, შეძლება ჩატარდეს ოპერაცია.

ოპერაცია გულისხმობს წინაგულებს შორის ხელოვნური ხვრელის შექმნას ან ფილტვის`გულ-ფილტვის გადანერგვას, უწინარესად – იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ფილტვის არტერიის იდიოპათიური ჰიპერტენზია აქვთ.

 ***

პლევრიტი

პლევრიტი პლევრის, სეროზული გარსის ანთებაა. პლევრის ერთი ფურცელი გულმკერდს მჭიდროდ ეკვრის შიგნიდან, მეორე კი ფილტვებზეა გადაკრული. ამ ორ ფენას შორის არის სივრცე, რომელშიც ძალიან ცოტა სითხეა. მისი წყალობით პლევრის ფურცლები ერთმანეთზე ადვილად სრიალებს და სუნთქვისას ფილტვებს გაშლისა და შეკუმშვის საშუალებას აძლევს. პლევრიტის დროს პლევრა შუპდება და ანთებადი ხდება, სუნთქვისას მისი ფურცლები ერთმანეთს ეხახუნება და ტკივილს იწვევს. სუნთქვის შეკავებისას ტკივილი სუსტდება ან ქრება.

ტკივილს, გარდა სუნთქვისა, აძლიერებს ხველება, ცემინება. ავადმყოფი ცდილობს, იშვიათად ისუნთქოს, რაც სუნთქვის უკმარისობასა და ქოშინს იწვევს. პლევრიტს ზოგჯერ ხველა და ცხელებაც სდევს თან. მოსალოდნელია პლევრული გამონაჟონი (პლევრაში სითხის დაგროვება), ატელექტაზი (ფილტვის დაფუშვა), ემპიემა (პლევრული სითხის დაჩირქება).

პლევრიტი შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა, ბაქტერიულმა, სოკოვანმა ინფექციამ, ავტოიმუნურმა დარღვევებმა (რევმატოიდული ართრიტი, ლუპუსი), ფილტვის კიბომ, ფილტვის ემბოლიამ, ტუბერკულოზმა, ნეკნების მოტეხილობამ ან ტრავმამ, ზოგიერთმა მემკვიდრეობითმა დაავადებამ (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია), ზოგიერთმა მედიკამენტმა.

გარდა გამოსახვითი გამოკლვეებისა, პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს თორაკოცენტეზი – პლევრის ღრუდან სითხის გამოღება – ან თორაკოსკოპია – პლევრის ღრუს ენდოსკოპიური დათვალიერება.

პლევრიტის მკურნალობა უმთავრესად გამომწვევ მიზეზზეა ფოკუსირებული. ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკს გამოწერენ, ვირუსული პლევრიტი კი შესაძლოა თავისით ალაგდეს. ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ იყენებენ იბუპროფენს და მსგავს პრეპარატებს. ზოგჯერ სტეროიდული მედიკამენტებიც ინიშნება. შედეგი ძირითადი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუ მდგომარეობა, რომელმაც პლევრიტი გამოიწვია, დიაგნოზირებულია და მკურნალობაც დროულად დაიწყო, პაციენტი სავსებით გამოჯანმრთელდება.

 ***

პნევმოთორაქსი

პნევმოთორაქსი ჩაფუშული, კოლაფსირებული ფილტვია. ეს მდგომარეობა პლევრის ღრუში ჰაერის მოხვედრის შედეგია. კოლაფსი სრულიც შეიძლება იყოს  და ნაწილობრივიც. მისი ძირითადი სიმპტომებია გულმკერდის უეცარი ტკივილი და ქოშინი.

პნევმოთორაქსს იწვევს გულმკერდის ბლაგვი ან გამჭოლი დაზიანება, ზოგიერთი სამედიცინო პროცედურა,  ფილტვის დაავადება, ფილტვის მწვერვალზე წარმოქმნილი ჰაერის ბუშტუკების გახეთქვა, მართვითი სუნთქვა. შესაძლოა აშკარა მიზეზის გარეშეც განვითარდეს.

რისკის ფაქტორები

მამაკაცებს პნევმოთორაქსი ქალებზე ხშირად უვითარდებათ. პნევმოთორაქსის ტიპი, რომელიც ჰაერის ბუშტუკების გახეთქვით არის გამოწვეული, ყველაზე ხშირად 20-დან 40 წლამდე ასაკში გვხვდება, განსაკუთრებით – ძალიან მაღალ და მეტისმეტად მცირეწონიან პაციენტებთან. სხვა რისკფაქტორებია მოწევა, გენეტიკა, უკვე გადატანილი პნევმოთორაქსი.

პნევმოთორაქსი დიაგნოსტირდება გულმკერდის რენტგენით. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია. პრობლემის იდენტიფიცირება შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევითაც.

პნევმოთორაქსის მკურნალობის მიზანია ფილტვზე წნევის შემცირება, რაც მას ხელახლა გაფართოების საშუალებას აძლევს და რეციდივის თავიდან აცილება.

მკურნალობა მოიცავს დაკვირვებას, ნემსით ასპირაციას, გულმკერდის ღრუში სპეციალური მილის ან კათეტერის ჩადგმას, პლევრის ღრუს მთლიანობის არაქირურგიულ ან ქირურგიულ აღდგენას. ზოგჯერ ჰაერის რეაბსორბციისა და ფილტვების გაფართოების დასაჩქარებლად დამატებით ტარდება ჟანგბადით თერაპია.

დაკვირვებას იმ შემთხვევაში ამჯობინებენ, თუ ფილტვის მხოლოდ მცირე ნაწილია ჩაფუშული. ფილტვების სრულ გაშლას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. უფრო დიდი ნაწილის კოლაფსის დროს პლევრაში არსებულ ზედმეტ ჰაერის ნემსით იღებენ ან გულმკერდის ღრუში ჩადგმული მილით გამოაძევებენ. შეიძლება სპეციალური ნივთიერების გამოყენება ფილტვის ირგვლივ ქსოვილების გასაღიზიანებლად, რათა ისინი ერთმანეთს შეეწებოს და გაჟონვის ადგილი დალუქოს. კიდევ ერთი მეთოდია ბრონქოსკოპით ბრონქში ცალმხრივი სარქველის ჩადგმა, რაც ფილტვს ხელახლა გაფართოების საშუალებას აძლევს. ზოგჯერ საჭიროა ოპერაცია. ის უმეტესად ტარდება მცირე ჭრილობით, მცირე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კამერისა და ვიწრო, გრძელსახელური ქირურგიული ხელსაწყოების გამოყენებით. იშვიათად ქირურგს ნეკნებს შორის უფრო დიდი განაკვეთის გაკეთება უწევს.

პნევმოთორაქსის მკურნალობის შემდეგ პაციენტს შესაძლოა ზოგიერთ ისეთ აქტივობაზე უარის თქმა მოუხდეს, რომელიც ფილტვებზე ზეწოლას იწვევს. მაგალითად, ფრენაზე, ყვინთვაზე, ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრაზე.

სხვა მიზეზები

ტკივილი გულმკერდის არეში, გარდა გულისა და ფილტვებისა, შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის პრობლემებმა, ნეკნის ხრტილის ანთებამ, ჰერპეს ზოსტერმა ან სულაც პანიკურმა შეტევამ.

გულძმარვა

გულძმარვა არის წვისა და ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელსაც მჟავა რეფლუქსი – კუჭიდან საყლაპავში მჟავას ამოსვლა იწვევს. მისი მიზეზი, როგორც წესი, საყლაპავის ქვედა სფინქტერის, რგოლისებრი კუნთის, მოდუნება ან დასუსტებაა. გულძმარვა ხშირად ძლიერდება ჭამის შემდეგ, საღამოობით, წოლისას ან წინ დახრისას. ზოგჯერ თან ახლავს მწარე ან მჟავე გემო.

რისკის ფაქტორები

ზოგიერთ ადამიანში გულძმარვას იწვევს ცხარე საკვები, ხახვი, ციტრუსები, პომიდორი და მისი პროდუქტები, მაგალითად, კეტჩუპი, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, პიტნა, შოკოლადი, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ყავა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები, დიდი და ცხიმიანი ულუფებით კვება, ჭარბი წონა, ორსულობა.

თუ გულძმარვა ხშირია და ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, ის უკვე გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებად (გერდ) ითვლება. მის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები, სამედიცინო პროცედურები და ქირურგიული ჩარევაც კი. გერდმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს საყლაპავი და მასში კიბოსწინარე ცვლილებებიც კი გამოიწვიოს (ე.წ. ბარეტის საყლაპავი).

გერდის დასადგენად ტარდება რენტგენოგრაფია, ენდოსკოპიური გამოკვლევა (საჭიროებისას ამავე გამოკვლევის პროცესში იღებენ ქსოვილის ნიმუშს), კუჭის PH-მონიტორინგი, იზომება საყლაპავში არსებული წნევა.

გულძმარვის შესამსუბუქებლად გამოიყენება ანტაციდები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ლანსოპრაზოლი, ომეპრაზოლი). ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა. ეცადეთ:

* შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა. ჭარბი წონა ზრდის მუცელშიდა წნევას და კუჭს ქვემოდან აწვება, რაც მჟავას საყლაპავში დაბრუნებისკენ უბიძგებს;

* არ ჩაიცვათ მჭიდრო ტანსაცმელი, რომელიც მუცელსა და საყლაპავის ქვედა სფინქტერზე დაგაწვებათ;

* მოერიდოთ საკვებს, რომელიც გულძმარვას გაწყებინებთ;

* ჭამის შემდეგ არ დაწვეთ, სულ ცოტა, სამი საათი;

* არ ჭამოთ გვიან საღამოს;

* თუ გულძმარვა რეგულარულად გაქვთ ღამღამობით ან ძილის დროს, ასწიოთ საწოლი თავის მხარეს. დამატებითი ბალიშის დადება უეფექტოა;

* ერიდოთ თამბაქოს და ალკოჰოლს – ისინი ხელს უშლიან საყლაპავის ქვედა სფინქტერის ფუნქციობას;

* არ მიირთვათ დიდი ულუფები, ჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა.

ყლაპვის გაძნელება

დისფაგია, ყლაპვის გაძნელება, არის მდგომარეობა, როდესაც პირიდან კუჭში საკვების ან სითხის გადასვლას ნორმაზე მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ყლაპვა  შესაძლოა მტკივნეული იყოს, ზოგჯერ – შეუძლებელიც კი. დისფაგიას ასევე ახასიათებს ლუკმის გაჭედვის შეგრძნება ყელში, გულმკერდში ან მკერდის ძვლის უკან, გაძლიერებული ნერწყვდენა, ხმის ჩახლეჩა, საკვების უკან ამოტყორცნა (რეგურგიტაცია), ხშირი გულძმარვა, კუჭის წვენის საყლაპავში ამოსვლა, წონის კლება, ყლაპვისას ხველება ან ღებინება.

დისფაგია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი იმ მდგომარეობის ფონზე, რომელიც ასუსტებს ან აზიანებს ყლაპვაში მონაწილე კუნთებსა და ნერვებს ან იწვევს ხახის უკანა ნაწილის ან საყლაპავის შევიწროებას.

საყლაპავისმიერი დისფაგიის ტიპური მიზეზებია:

* აქალაზია – საყლაპავის ქვედა სფინქტერი სათანადოდ არ დუნდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საკვების უკან ამოსვლა, დროთა განმავლობაში კი – საყლაპავის კედლის დასუსტება;

* დიფუზური სპაზმი – საყლაპავის არაკოორდინირებული შეკუმშვები. იწვევს ტკივილს, რომელიც ძალიან ჰგავს სტენოკარდიულს;

* საყლაპავის სტრიქტურა (შევიწროება);

* საყლაპავის სიმსივნეები;

* უცხო სხეულები;

* შაცკის რგოლი – ბეჭდისებური სქელი ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც შიგნიდან ეკვრის საყლაპავ მილს და ავიწროებს;

* გერდი;

* ეოზინოფილური ეზოფაგიტი, რომელიც შესაძლოა საკვებისმიერ ალერგიასთან იყოს დაკავშირებული;

* სკლეროდერმია;

* რადიაციული თერაპია.

პირხახისმიერი ანუ ოროფარინგეალური დისფაგიის დროს დასუსტებულია ყელის კუნთები, რაც ართულებს პირიდან საკვების ყელსა და საყლაპავში გადატანას. ყლაპვის დაწყებისას  ჩნდება ხრჩობის შეგრძნება, იწყება ხველა, შესაძლოა, საკვების მასა ტრაქეაში გადავიდეს  და პნევმონია გამოიწვიოს.

ოროფარინგეალური დისფაგიის მიზეზებია:

* ნევროლოგიური დარღვევები –  გაფანტული სკლეროზი, კუნთოვანი დისტროფია, პარკინსონის დაავადება, ინსულტი;

* ფარინგოეზოფაგური დივერტიკული – პატარა ჯიბე, რომელშიც გროვდება საკვების ნაწილაკები;

* ზოგიერთი კიბო, რადიაციული მკურნალობა.

დისფაგიის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რენტგენი კონტრასტით (ბარიუმის ფაფით), საყლაპავის ვიზუალური გამოკვლევა (ენდოსკოპია), მანომეტრია – საყლაპავის კუნთების შემუმშვისას მათი წნევის გაზომვა, კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა

დისფაგიის მკურნალობა ყლაპვის დარღვევის ტიპსა და მიზეზზეა დამოკიდებული. ოროფარინგეალური დისფაგიის დროს შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური ვარჯიშები ყლაპვის რეფლექსის აღსადგენად. საყლაპავის გასაფართოებლად მიმართავენ ენდოსკოპიას, ზოგჯერ ოპერაციაც ტარდება, გამოწერენ მედიკამენტებს კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად და სხვა. შესაძლოა, სპეციალური დიეტაც დაინიშნოს.

კოსტოქონდრიტი

კოსტოქონდრიტი ნეკნისა და მკერდის ძვლის დამაკავშირებელი ხრტილის ანთებაა. ის უმეტესად გამოიხატება მკერდის ძვლის მარცხენა მხარეს მკვეთრი, ზეწოლითი ტკივილით, რომელშიც ჩართულია ერთზე მეტი ნეკნი და მძაფრდება ღრმა სუნთქვის ან ხველების დროს.

კოსტოქონდრიტს, როგორც წესი, არ აქვს აშკარა მიზეზი, თუმცა ისიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს ტრავმით, ფიზიკური დატვირთვით (სიმძიმის აწევა, ძლიერი ხველა) ართრიტით, სახსრების ინფექციით, სიმსივნით. ის უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ქალებთან აღირიცხება. მის დასადასტურებლად სპეციფიკური ლაბორატორიული თუ გამოსახვითი მეთოდები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება დაინიშნოს გამოკვლევები სხვა პათოლოგიების, უწინარესად ინფარქტის გამოსარიცხად. გასინჯვისას ექიმმა შესაძლოა შეამჩნიოს მკერდის ძვლის გასწვრივ მგრძნობელობის მომატება ან შეშუპება.

კოსტოქონდრიტი თავისთავად გაივლის, თუმცა შესაძლოა რამდენიმე კვირას ან მეტხანსაც გაგრძელდეს. მკურნალობა ფოკუსირებულია ტკივილის შემსუბუქებაზე. გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვა ტკივილგამაყუჩებლები. მიმართავენ გაჭიმვით ვარჯიშებს, ნერვის სტიმულაციას, თუ კონსერვატიულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო, შეიძლება მედიკამენტის პირდაპირ მტკივან სახსარში შეყვანა.

რეკომენდებულია დღეში რამდენჯერმე ცხელი კომპრესის ან ყინულის დადება, მტკივანი სახსრის მოსვენება.

ფიბრომიალგია

ფიბრომიალგიას ახასიათებს მუდმივი შემაწუხებელი გავრცობილი კუნთოვანი ტკივილი, რომელიც გრძელდება მინიმუმ სამ თვეს და მოიცავს სხეულის ორივე მხარეს და წელის როგორც ზემოთა, ისე ქვემოთა ნაწილებს. ფიბრომიალგიის მქონე ადამიანები ხშირად იღვიძებენ დაღლილები, მაშინაც კი, როდესაც დიდხანს სძინავთ. ძილს ხშირად არღვევს ტკივილი. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ძილის აპნოე. თან ახლავს მეხსიერების, შემეცნებისა და განწყობის პრობლემებიც. სიმპტომების გაჩენას ხშირად წინ უძღვის ფიზიკური ტრავმა, ოპერაცია, ინფექცია ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი.

ფიბრომიალგია ქალებთან მამაკაცებზე ხშირად აღირიცხება. ბევრ პაციენტს აღენიშნება დაძაბულობის თავის ტკივილი, შაკიკი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შფოთვა, დეპრესია.

ფიბრომიალგიის დიაგნოსტიკისთვის საჭირო მთავარი ნიშანია გავრცობილი ტკივილი მთელ სხეულში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად პაციენტს ტკივილი ჩამოთვლილი ხუთი რეგიონიდან ოთხში მაინც უნდა აღენიშნებოდეს:

. მარცხენა ზედა რეგიონი მხრის, მკლავის ან ყბის ჩათვლით;

. მარჯვენა ზედა რეგიონი მხრის, მკლავის ან ყბის ჩათვლით;

. მარცხენა ქვედა რეგიონი თეძოს, დუნდულას ან ფეხის ჩათვლით;

. მარჯვენა ქვედა რეგიონი თეძოს, დუნდულას ან ფეხის ჩათვლით;

. აქსილარული რეგიონი, რომელიც მოიცავს კისერს, ზურგს, გულმკერდს ან მუცელს.

მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე სხვა მდგომარეობათა გამოსარიცხად სათანადო გამოკვლევა ტარდება.

ტკივილგამაყუჩებლებით, ანტიდეპრესანტებით, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით შესაძლებელია ტკივილის შესუსტება და ძილის გაუმჯობესება. რეკომენდებულია ძალის, მოქნილობისა და გამძლეობის გასაზრდელი ვარჯიშები, ვარჯიშები წყალში, ოკუპაციური თერაპია. გადამწყვეტია სტრესის მართვა, ძილის ჰიგიენა. მნიშვნელოვანია დატვირთვისას ზომიერების შენარჩუნება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: სწორი კვება, თამბაქოზე უარის თქმა, კოფეინის შეზღუდვა. 

ნეკნების დაზიანება

ნეკნის მოტეხვის ან გაბზარვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია გულმკერდის ტრავმა დაცემის, ავტოსაგზაო შემთხვევის ან სპორტული ასპარეზობისას დარტყმის შედეგად. გაბზარული ნეკნიც მტკივნეულია, თუმცა არა ისეთი საშიში, როგორიც მოტეხილი, რომლის წვეტიანმა კიდემ შესაძლოა დააზიანოს მსხვილი სისხლძარღვები (მათ შორის – აორტაც), ფილტვები (გამოიწვიოს მათი კოლაფსი) ელენთა, ღვიძლი, თირკმელი. მოტეხილი ნეკნით გამოწვეული ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, დაზიანებულ ადგილზე ზეწოლისას, მოხრისას, გადატრიალებისას.

მოტეხილობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დამცავი აღჭურვილობის გამოყენება კონტაქტური სპორტისთვის, საშხაპეში რეზინის ხალიჩის დაგება დაცემის რისკის შესამცირებლად, სახლის სათანადო განათება, ძვლების გამაგრება საკმარისი კალციუმისა და D ვიტამინის მიღებით (ზრდასრული ადამიანისთვის დღე-ღამეში რეკომენდებულია დაახლოებით 1200 მგ კალციუმი და 600 ს.ე. D ვიტამინი)

მოტეხილობის დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვას, ძვლის სკანირებას

მოტეხილი ნეკნები უმეტესად თავისთავად აღდგება. ამას ექვსი კვირა სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში საჭიროა ტკივილის ადეკვატური კონტროლი, რათა ადამიანმა შეძლოს ღრმა სუნთქვა და თავიდან აიცილოს პნევმონია. შესაძლოა დაინიშნოს სუნთქვითი ვარჯიშებიც. რაც შეეხება კომპრესიულ სახვევს, ის აღარ გამოიყენება, რადგან ხელს უშლის სუნთქვას და ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს.

ჰერპეს ზოსტერი

ჰერპეს ზოსტერი ჩუტყვავილას ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ტანის ცალ მხარეს, უმთავრესად ერთ ზოლზე, მტკივნეული ბუშტუკოვანი გამონაყარით. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსი ნერვულ ქსოვილში იმალება და წლების შემდეგ შესაძლოა ხელახლა გააქტიურდეს როგორც ზოსტერი.

ტკივილი, როგორც წესი, ზოსტერის პირველი სიმპტომია. ზოგიერთ შემთხვევაში ის ძალზე ინტენსიურია. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა შეცდომით გულის, ფილტვების ან თირკმელების დაავადდების სიმპტომად ჩაითვალოს. ზოგ ადამიანს მხოლოდ ტკივილი აწუხებს, გამონაყარი კი არ აქვს. ზოგს ის გამონაყარის ალაგების შემდეგაც რჩება (პოსტჰერპესური ნევრალგია).

ზოსტერს შესაძლოა თან ახლდეს ცხელება, თავის ტკივილი, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, დაღლილობა.

სანამ ბუშტუკები არ გაქრება, ავადმყოფი გადამდებია და უნდა მოერიდოს ფიზიკურ კონტაქტს ყველასთან, ვისაც ჯერ არ გადაუტანია ჩუტყვავილა ან არ ჩაუტარებია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა, განსაკუთრებით – სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, ორსულებსა და ახალშობილებს.

დაავადების რისკფაქტორებია 50 წელზე უფროსი ასაკი, ამა თუ იმ მიზეზით დასუსტებული იმუნური სისტემა. რეკომენდებულია 50 წელს გადცილებული ადამიანებს აცრა ჰერპეს ზოსტერის ვაქცინით (შინგრიქსით).

ზოსტერისგან განსაკურნებელი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ანტივირუსულმა პრეპარატებმა (აციკლოვირი, ვალაციკლოვირი, ფამციკლოვირი) შესაძლოა დააჩქაროს ბუშტუკების მოშუშება და შეამციროს გართულებების რისკი. ძლიერი ტკივილის დასაამებლად შეიძლება გამოიყენონ კაპსაიცინის პლასტირი, ანტიკონვულსანტები, ანტიდეპრესანტები, ლიდოკაინი, კოდეინი, კორტიკოსტეროიდებისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ინექციები.

ჰერპესი, ჩვეულებრივ, ორიდან ექვს კვირამდე გრძელდება. ადამიანთა უმრავლესობას ის მხოლოდ ერთხელ ემართება, ზოგს კი შესაძლოა ორჯერ ან მეტჯერაც გაუმეორდეს.

პანიკური შეტევა

პანიკური შეტევა არის ძლიერი შიშის უეცარი ეპიზოდი, რომელიც მოულოდნელად ვითარდება  რეალური საფრთხისა და აშკარა მიზეზის არარსებობისას და მძიმე ფიზიკურ რეაქციებს იწვევს. პანიკური შეტევისას ადამიანს შესაძლოა ეგონოს, რომ კარგავს კონტროლს, აქვს გულის შეტევა ან კვდება. სიმპტომები პიკს წუთებში აღწევს. ტიპობრივია მოსალოდნელი საფრთხის განცდა, სწრაფი, მკვეთრი გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, ქოშინი, ყელის დაჭიმულობა, შემცივნება, გულისრევა, მუცლის ჭვალი, გულმკერდის ტკივილი, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, თავის სიმსუბუქე ან სისუსტე, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, არარეალურობის ან განცალკევების განცდა.

ბევრს ცხოვრებაში სულ ერთი ან ორი პანიკური შეტევა თუ გადააქვს. თუ შეტევებმა განმეორებითი ხასიათი მიიღო, შესაძლოა, პანიკური აშლილობის დიაგნოზი დაისვას.

მკურნალობა ხელს უწყობს პანიკური შეტევების ინტენსივობისა და სიხშირის შემცირებას. ტარდება ფსიქოთერაპია, საჭიროებისამებრ ინიშნება მედიკამენტები, თუმცა მათი ეფექტი შესაძლოა მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გახდეს აშკარა.

მარი აშურაშვილი

გააზიარე: