ჭურჭლის სარეცხი მანქანა: რა უნდა ვიცოდეთ

გააზიარე:

მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანია "მილემ" 1929 წელს პირველი ელექტრონული ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოუშვა, დიასახლისების ამ ფასდაუდებელმა დამხმარემ ბევრი სახეცვლილება განიცადა, თუმცა ძირითადი იდეა, ჭურჭლის ხელით რეცხვა ავტომატურ პროცესს ჩაენაცვლებინა, იგივე დარჩა. დღეს ჭურჭლის სარეცხი მანქანის უპირველესი ამოცანაა, დაგვაზოგვინოს ძვირფასი დრო, თუმცა თანამედროვე მანქანებს სხვა ღირსებებიც აქვს.

ბონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად,  ჭურჭლის მანქანით რეცხვისას საშუალოდ ორჯერ ნაკლები წყალი და მეოთხედით ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე ხელით რეცხვისას. მანქანით რეცხვის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ხელით რეცხვაზე გაცილებით ჰიგიენურია, რადგან მაღალი ტემპერატურის წყალი უფრო მეტ მიკრობს ანადგურებს. ამასთან, სამზარეულოში მეტი წესრიგია და ხელის კანიც იზოგება.

თუმცა ჭურჭლის სარეცხ მანქანას ნაკლიც აქვს – მასში ყველანაირ ჭურჭელს ვერ შეაწყობთ. ვერც ნამწვს მოაშორებს, თუ ჭურჭელი წინასწარ არ ჩაალბეთ. და კიდევ – მეტი ქიმიური საშუალება იხარჯება, ვიდრე ხელით რეცხვისას.

თუ მისი შეძენა მაინც გადაწყვიტეთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

მოდელი

ბაზარზე უმთავრესად სამი ტიპის ჭურჭლის სარეცხ მანქანებს შეხვდებით. ესენია:

* ცალკე მდგომი – მისი დადგმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება;

* ნაწილობრივ ჩასაშენებელი – ის სამზარეულოს კარადაში იდგმება და მხოლოდ წინა მხარე უჩანს;

* მთლიანად ჩასაშენებელი – ამ ტიპის მანქანები მთლიანად იმალება სამზარეულოს ფასადში. ზოგიერთ მოდელს მართვის პანელიც უხილავია, რადგან კარის ზედა მხარეზეა განლაგებული.

ზომა და მოცულობა

ზომისა და მოცულობის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი მანქანები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: სტანდარტული ანუ სრული მოცულობის, ვიწრო და კომპაქტური.

სტანდარტული მოდელების სიგანე ძირითადად 60 სმ-ია, სიმაღლე კი 81-დან 86 სმ-მდე მერყეობს. ასეთ მანქანაში 12-14 კომპლექტი ეტევა.

ცნობისთვის – ერთ კომპლექტში შედის: ერთი ცივი კერძის, ერთი წვნიანის და ერთი დესერტის თეფში, ფინჯანი ლამბაქით, წყლის ჭიქა, ჩანგალი, დანა, წვნიანის, ჩაისა და დესერტის კოვზი. თუ ოჯახში სამი ან მეტი წევრია, არჩევანი ამ მოდელზე უნდა შეაჩეროთ.

ეგრეთ წოდებული ვიწრო ანუ მინი მოდელების სიგანე 45 სმ-ია. მათში 8-9 კომპლექტი თავსდება. ასეთი მოდელი ოპტიმალურია მცირე ზომის სამზარეულოსა და მაქსიმუმ ორსულიანი ოჯახისთვის.

კომპაქტური მოდელის სიგანე 55-60 სმ-ია, სიმაღლე – 45 სმ, შიგნით კი 6 კომპლექტამდე ეტევა. მისი უპირატესობა ის არის, რომ ჩაშენება ნებისმიერ სიმაღლეზე შეიძლება და დახრა არ მოგიწევთ, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ ასეთი მანქანის არც ყიდვა, არც ექსპლუატაცია იაფი არ დაგიჯდებათ. ამასთან, მასში ქვაბებისა და ტაფებისთვის ნაკლები ადგილი რჩება. ასე რომ, თუ სამზარეულოში ადგილი გაქვთ, გირჩევთ, არჩევანი სხვა მოდელებზე შეაჩეროთ. 

რას გვეუბნება ეტიკეტი: ენერგოეფექტურობა, წყლის ხარჯი, ხმა

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენისას გასათვალისწინებელია ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი. ენერგოეფექტურობის კლასი სტანდარტული პროგრამის მიხედვით ენერგიის მოხმარებით განისაზღვრება. ის ეტიკეტზეა მითითებული და ანბანის ასოებით (A-დან G-მდე) აღინიშნება. A ყველაზე ეკონომიური ენერგოკლასის მაჩვენებელია, ხოლო G ყველაზე მაღალ ენერგომოხმარებას აღნიშნავს.

ენერგომოხმარების კლასიფიკაციაში იყენებენ შემდეგ აღნიშვნებსაც:  A, A +, A++.  რაც მეტი პლუსი მოჰყვება A-ს, მით ნაკლებ დენს ხარჯავს მოწყობილობა.

ეტიკეტზე იმასაც წაიკითხავთ, საშუალოდ რამდენ კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს მანქანა წელიწადში და როგორია წყლის წლიური მოხმარების მაჩვენებელი. ყველაზე ეკონომიური მოდელები 100 გარეცხვისთვის დაახლოებით 70 კვ/სთ-ს წვავს. რაც შეეხება წყლის ხარჯს, სტანდარტულ რეჟიმში რეცხვის ერთი ციკლისთვის საშუალოდ 10 ლიტრი იხარჯება, ეკორეჟიმში კი 7 ლიტრი.

შესაბამისი რეჟიმის შერჩევით თავადაც შეგიძლიათ შეამციროთ როგორც ელექტროენერგიის, ისე წყლის ხარჯიც.

ზოგიერთი მოდელის ეტიკეტზე ასევე იპოვით შრობის ეფექტის მაჩვენებელს A-დან (მშრალი) G-მდე (ძალიან სველი), რომელიც აჩვენებს, რამდენად მშრალია ჭურჭელი რეცხვის ბოლოს.

ზოგიერთ ეტიკეტზე ხმაურის სიმძლავრის მაჩვენებელსაც აღმოაჩენთ, რომელიც აჩვენებს, რამდენად ხმაურობს მანქანა რეცხვისას. საუკეთესოდ მიიჩნევა 44 დეციბელზე დაბალი მაჩვენებელი.

პროგრამები

მანქანების უმრავლესობა აღჭურვილია შემდეგი რეჟიმებით:

* ნორმალური, იგივე სტანდარტული – რეცხავს ჭურჭელს 60-65 გრადუს ტემპერატურაზე და ადვილად აშორებს ოდნავ მიმხმარ ნარჩენებს;

* ინტენსიური – ეს რეჟიმი განკუთვნილია ძალიან დაბინძურებული და ცხიმიანი ჭურჭლისთვის. ამ დროს წყალი  65-დან 75 გრადუსამდე ცხელდება, რაც მეტ ენერგიას მოითხოვს;

* ეკო – ამ რეჟიმში რეცხვა ყველაზე მეტხანს, 3 საათამდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, მას დამზოგველ პროგრამასაც უწოდებენ, რადგან მანქანა ამ დროს გაცილებით ნაკლებ დენს და წყალს მოიხმარს, რადგან წყლის ტემპერატურა 45-დან 55 გრადუსამდეა;

* ავტომატური – ამ დროს მანქანა ჭურჭლის რაოდენობისა  და დაბინძურების მიხედვით სენსორების საშუალებით არეგულირებს  რეცხვის ხანგრძლივობას, წყლის ტემპერატურას და ოდენობას.

* სწრაფი – ეს რეჟიმი მხოლოდ ოდნავ დაბინძურებული ჭურჭლისთვის გამოდგება;

* დელიკატური – ამ რეჟიმში შეგიძლიათ გარეცხოთ მხოლოდ ფაქიზი მინის ჭურჭელი. ირეცხება 40-45 გრადუსზე.

თანამედროვე და შედარებით ძვირ მოდელებს დამატებითი რეჟიმებიც აქვს: ხელით რეცხვა, დეზინფექცია (ჭურჭელი 10 წუთი ყოვნდება 75 გრადუსზე), ნახევრად ჩატვირთვა, პლასტმასის რეცხვა...

ხანგრძლივობა

თითოეულ რეჟიმს თავისი ხანგრძლივობა აქვს, თუმცა არის მცირედი ვარიაციები მწარმოებლისა და მოდელის მიხედვით:

* ნორმალური ანუ სტანდარტული –  105-120 წუთი

* მოკლე – 15-30 წუთი

* ავტომატური – 40-150 წუთი

* დელიკატური – 55-90 წუთი

* ინტენსიური – 120-180 წუთი

* ეკო – 180-300 წუთი

სარეცხი საშუალებები

გარემოს ნებისმიერი დანიშნულების საყოფაცხოვრებო ქიმია აბინძურებს. მის დასაზოგავად რეცხვისას ბოლომდე გაავსეთ მანქანა.

სარეცხი საშუალება

ჭურჭლის სარეცხი საშუალებები გამოდის ფხვნილის, აბების, გელის ბალიშების სახით. მათი ძირითადი კომპონენტებია სოდა, გამაუფერულებელი ნივთიერებები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფერმენტები. ბაზარზე შესაძლოა შეგხვდეთ ეგრეთ წოდებული მრავალფუნქციური აბებიც, რომლებშიც შერწყმულია სარეცხი და ბზინვარების მიმნიჭებელი კომპონენტები, ზოგჯერ კი წყლის დამარბილებელიც აქვს დამატებული.

ბზინვარების მიმნიჭებელი საშუალება

ის უზრუნველყოფს ჭურჭლის ბზინვარებას და ლაქების გარეშე გაშრობას. თუ დოზა საკმარისი არ აღმოჩნდა, ჭურჭელზე  წვეთები, მარილი და კალკის ლაქები დარჩება, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კი – ცხიმოვანი ზოლები.

წყლის დამარბილებელი

იმისთვის, რომ მანქანის შიგნითა დეტალებზე მინერალები არ დაილექოს, აუცილებელია, რეცხვისას წყალში ჩაამატოთ ეგრეთ წოდებული რეგენერაციული მარილი, რომელიც წყალს არბილებს და ნადების წარმოქმნას ამცირებს. ეს სპეციალური მარილია, სუფრის მარილი ამისთვის არ გამოგადგებათ.

მრავალფუნქციური აბები დამარბილებელსაც შეიცავს, მაგრამ თუ თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე წყალი ძალიან ხისტია, მარილის დამატება მოგიწევთ.

როგორ გავწმინდოთ

არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სისუფთავეზე ზრუნვა. თუ მანქანიდან უსიამოვნო სუნი იგრძენით, ესე იგი  გაწმენდა დააგვიანეთ. სუნის მიზეზი შესაძლოა ფილტრში ან სხვაგან დაგროვილი საკვების ნარჩენები და ცხიმი იყოს. სუნი ჩნდება მაშინაც, როცა მანქანა დიდი ხანია არ ჩაგირთავთ ან წყალსადინარია დაზიანებული.

ფილტრი და მანქანის შიდა სივრცე ყოველი რეცხვის შემდეგ გაწმინდეთ საკვების ნარჩენებისგან. პერიოდულად ჩართეთ ცარიელი მანქანა სწრაფ რეჟიმზე, თვეში ერთხელ, საჭიროა თუ არა, რეცხეთ ინტენსიურ რეჟიმშიც – მაღალი ტემპერატურა მანქანის შიდა სივრცის დეზინფექციას მოახდენს. მანქანაში დიდხანს ნუ დატოვებთ დაბინძურებულ ჭურჭელს – ეს მიკრობების გამრავლებას გამოიწვევს. დროდადრო კარი ღია დატოვეთ, რათა შიგნით ჰაერმა იმოძრაოს. გაწმინდეთ შიგნითა კედლები კვირაში ერთხელ  წყლითა და სარეცხი საშუალებით.

უსიამოვნო სუნის გასაქრობად კი ასე მოიქეცით:

* ჩააგდეთ რეცხვისას ნახევარი ლიმონი დანა-ჩანგალთან ერთად.

* დაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი მანქანის ძირზე და ჩართეთ სწრაფი რეცხვის რეჟიმი, უმჯობესია, ზედიზედ ორჯერ.

* რეცხვის წინ მანქანის ძირზე მოაბნიეთ 2 სუფრის კოვზი სოდა.

შევაჯამოთ:

* ჭურჭელს მანქანაში ჩაწყობამდე აუცილებლად მოაცილეთ საჭმლის ნარჩენები.

* თუ ნარჩენები მიმხმარია, ჭურჭელი ან წყალში ჩაალბეთ, ან წყლის ჭავლით კარგად გაასუფთავეთ.

* ეცადეთ, მანქანა მხოლოდ მაშინ ჩართოთ, როცა გაივსება – ეს დაგაზოგვინებთ ელექტროენერგიასაც, წყალსაც და სარეცხ საშუალებებსაც.

* წყლის ჭავლმა ყველგან რომ გაიაროს, ჭურჭელი ისე ჩალააგეთ, რომ  ერთმანეთს არ ეხებოდეს. უმჯობესია, ნაკლებად დაბინძურებული ჭურჭელი, მაგალითად ჭიქები, ფინჯნები და ლამბაქები, ზედა განყოფილებაში მოათავსოთ, ხოლო მეტად დაბინძურებული – ქვედაში. ეცადეთ, დანები, ჩანგლები და კოვზები ერთმანეთში არ აურიოთ.

* ნუ გარეცხავთ მანქანაში ჭურჭელს, რომელიც მანქანით რეცხვისთვის არ არის განკუთვნილი. მაგალითად, პლასტმასამ მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა მომწამვლელი ნივთიერებები გამოყოს, მჭრელი დანა კი სარეცხ საშუალებებში შემავალი მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებით დაბლაგვდეს. ნუ გარეცხავთ მანქანაში ხის ჭურჭელს, ბროლის ჭურჭელს, იზოლირებულ ჭურჭელს, მაგალითად, თერმოჭიქას, განსაკუთრებით – თუ მას ვაკუუმის ფუნქციაც აქვს, აკრილის  ჭურჭელს, სპეციალური დამცავი ფენით დაფარულ ქვაბებსა და ტაფებს –  სარეცხმა საშუალებამ შესაძლოა  საფარი გაათხელოს, ასაწყავ ჭურჭელს – შესაძლოა დანაყოფები გაუფერულდეს.

* გამოიყენეთ სარეცხი საშუალება მწარმოებლის რეკომენდაციისამებრ  და გაარკვიეთ წყლის სიხისტის მაჩვენებელი.

* სარეცხი საშუალების ზედმეტი დოზა უკეთ ვერ გარეცხავს ჭურჭელს, აი, გარემოს კი დააბინძურებს.

* თუ ჭურჭელი კარგად არ გაირეცხა, სარეცხ საშუალებას ნუ დააბრალებთ; თავდაპირველად გაარკვიეთ, სუფთაა თუ არა თავად მანქანა.

* ბევრ მოდელს აქვს უსაფრთხოების სიტემა ბავშვებისთვის, მაგალითად, კარის ავტომატური ჩამკეტი. ფერადი აბები და გელის ბალიშები ძალიან იზიდავთ პატარებს, ამიტომ გირჩევთ, მათთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ.

* თუ რეცხვისას მანქანის კარს გამოაღებთ, პროგრამა მუშაობას შეწყვეტს, რაც საშუალებას მოგცემთ, დავიწყებული ჭურჭელი კალათაში მოათავსოთ. კარს დახურავთ თუ არა, მოწყობილობა მუშაობას გააგრძელებს.

* ელექტროენერგიის მოხმარებას საგრძნობლად შეამცირებთ, თუ მანქანას თბილი წყლის მილზე შეაერთებთ. ყიდვისას გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა ეს ტექნიკურად. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს აბები შესაძლოა კარგად არ გაიხსნას ამიტომ ფხვნილი გამოიყენეთ.

* ფხვნილი ადვილად შთანთქავს ტენს და კურკუშალდება, ამიტომ გამოყენების შემდეგ კარგად დაახურეთ თავი და მშრალ ადგილას შეინახეთ.

* ნუ გამოიყენებთ ჭურჭლის ხელით სარეცხ საშუალებებს.

* ნუ დადგამთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას მაცივრის გვერდით – ის სითბოს გამოყოფს, ამიტომ მაცივარს მეტი ენერგია დასჭირდება დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: