როგორ ესმით ბავშვებს სიკვდილის ცნება

გააზიარე:

მშობლები ყველანაირად ვცდილობთ, შვილებს რაც შეიძლება მეტხანს ავარიდოთ უსიამოვნებები, რომლებსაც, ჩვენი აზრით, მათი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფსიქიკა ვერ გაუმკლავდება. სამწუხაროდ, ცხოვრებას ზოგჯერ სხვა გეგმები აქვს და ჩვენც და ჩვენს პატარებსაც გზად შესაძლოა ისეთი უსიამოვნო სიურპრიზი დაგვახვედროს, როგორიც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაა.

მსგავსი ტრავმა არათუ ბავშვისთვის, ზრდასრული ადამიანისთვისაც ძნელი გადასატანია, ამიტომ ასეთ სიტუაციაში მოხვედრისას ორმაგი მსხვერპლის გაღება გვიწევს: უნდა გავუმკლავდეთ საკუთარ გლოვას და, იმავდროულად ვაკონტროლოთ ემოციები, რათა ბავშვი არ დავზაფროთ, დავეხმაროთ მას ემოციებთან გამკლავებაში, რათა რაც შეიძლება ნაკლები სტრესის ფონზე გადალახოს ეს მძიმე პერიოდი.

სიკვდილის ცნების გაგება ასაკსა და განვითარების დონეზეა დამოკიდებული

პატარები, რომლებიც ვერ ხვდებიან სიკვდილის არსს, უმთავრესად მშობლების ემოციებიდან გამომდინარე რეაგირებენ ამ მოვლენაზე, ხოლო იმ ასაკის ბავშვები, რომლებიც უკვე ხვდებიან, რა ხდება მათ თავს, თავისებურად გლოვობენ. ბავშვი ყველა ასაკში სხცადასხვანაირად რეაგირებს. შესაბამისად, მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით მოგიწევთ მასთან ოთხი მთავარი საკითხის განხილვა:

• სიკვდილი სამუდამოა;

• ამ დროს წყდება ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება;

• საბოლოოდ ყველა ცოცხალი არსება კვდება;

• სიკვდილს რაღაც იწვევს.

ამ ყველაფრის გაგებისა და აღქმის უუნარობაა სწორედ ის, რაც ბავშვებს ამ მოვლენის სწორად გაგებას და გრძნობებთან გამკლავებას ურთულებს.

1-დან 3 წლამდე

ამ ასაკის ბავშვები სიკვდილის არსს ვერ ხვდებიან და განცდებიც არ აქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ცხოვრების მთავარ ფიგურას კარგავენ. ამ შემთხვევაში დანაკარგს განიცდიან. ამ ასაკში ბავშვი მშობლებისა და ახლობლების დაღონებულ სახეზე, ტირილზე რეაგირებს.

ამ ასაკის ბავშვებთან მსგავს საკითხებზე საუბარი არ ღირს. უმჯობესია, შეძლებისდაგვარად აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვის დასანახად მაინც ერიდეთ გრძნობების ამოფრქვევას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ასეთ დროს ბავშვისთვის შეგიძლიათ, არის ყოველდღიური რუტინის შეძლებისდაგვარად შენარჩუნება. ეცადეთ, მისი დღის რეჟიმი რაც შეიძლება ნაკლებად დაირღვეს, საუზმე, შუადღის ძილი, სეირნობა და ყოველდღიური რუტინის სხვა ელემენტები იმავე თანმიმდევრობით განმეორდეს, როგორც მანამდე. გასაგები და მისაღებია, თუ 1-2 დღე ვერ მოახერხებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ყველანაირად ეცადეთ, არეული რუტინა და, რაც მთავარია, მშობელთან განშორება, რაც ბავშვს დაუცველობის შეგრძნებას უჩენს, რაც შეიძლება ნაკლებ ხანს გაგრძელდეს.

სკოლამდელ ასაკში

სკოლამდელი ასაკის ბავშვები სიკვდილს უმეტესად მოვლენად აღიქვამენ. ხშირად ეს გამოწვეულია მულტფილმებში ნანახი სცენებით, როდესაც გმირს მანქანა გაიტანს ან თავზე შენობა ჩამოენგრევა, მაგრამ რამდენიმე წამში ისი ფეხზე წამოდგება, ჯანმრთელი და საღ-სალამათი. ამ ასაკის ბავშვები პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ და იღებენ ყველა მოვლენას, რეაგირებენ იმაზე, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ. ამ დროს მძიმე თემაზე საუბარი არა მარტო შესაძლებელი, აუცილებელიცაა.

ბავშვს შეულამაზებლად, მაგრამ მისთვის გასაგები ენით აუხსენით მოვლენის არსი. ნუ გამოიყენებთ ფრაზებს "მან დაიძინა", "უკეთეს ადგილას წავიდა", "ცაში გაფრინდა". ამით მას დააბნევთ. შესაძლოა, ძილის შიშიც გაუჩნდეს ან დასასვენებლად გამგზავრებაზე უარი გითხრათ, რომ "უკეთეს ადგილას" არ წავიდეს. უმჯობესია, მარტივად აუხსნათ, რომ იმ ადამიანს ვეღარ ნახავს, მაგრამ მუდამ შეუძლია, დაათვალიეროს ფოტოები, გაიხსენოს მასთან ერთად გატარებული დრო და ამგვარად მის მოგონებებში მისი საყვარელი ადამიანი ყოველთვის იცოცხლებს.

დადებით კონტექსტში გაიხსენეთ საყვარელი ადამიანი, ისაუბრეთ მასზე ოჯახური სადილის დროს. არავითარ შემთხვევაში არ მოსთხოვოთ ბავშვს ემოციების შეკავება, მიეცით უფლება, დაგისვათ ნებისმიერი კითხვა ამ საკითხის შესახებ და მისთვის გასაგები ენით უპასუხეთ. ამ ასაკში უმჯობესია, სწორედ ბავშვის კითხვებით იხელმძღვანელოთ, რათა ზედმეტი არ მოგივიდეთ და ისეთი ინფორმაცია არ მიაწოდოთ, რომლის გადამუშავებასაც მისი გონება ვერ მოახერხებს.

მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი მიჰყვეს ამ სქემას და შეძლებისდაგვარად აკონტროლოს ემოციები ბავშვთან საუბრისას, მისი თვალთახედვის არეში ყოფნისას.

ამ ასაკში ზოგიერთმა ბავშვმა შესაძლოა საერთოდ არ გამოხატოს ემოციები, ამიტომ კარგად დააკვირდით მის ყოველდღიურ საქმიანობას – მის ქცევაში მომხდარი ცვლილებები მიგანიშნებთ, რას განიცდის ის. ყურადღება მიაქციეთ მის თამაშს – თამაშის დროს ბავშვები ყველაზე უკეთ გამოხატავენ იმ ემოციებს, რომლებსაც უფროსებთან კომუნიკაციისას ვერ ამჟღავნებენ.

სასკოლო ასაკში

სკოლის ასაკის ბავშვები აცნობიერებენ, რომ სიკვდილი ადამიანის ცხოვრების დასასრულია, მაგრამ შესაძლოა, მათთვის ახალი აღმოჩნდეს ის, რომ იგი უნივერსალური მოვლენაა და ადრე თუ გვიან ყველას შეეხება. ამ ასაკში, მით უმეტეს – თუ ეს მოვლენა მათ ახლობელს შეეხო, ბავშვებს შესაძლოა გაუჩნდეთ სიკვდილის შიში. ხშირად მათ აშინებთ არა საკუთარი, არამედ საყვარელი ადამიანების მოსალოდნელი გარდაცვალება.

ამ ასაკის ბავშვებთან კომუნიკაცია ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, თუმცაღა ისინი აცნობიერებენ სიკვდილის არსს, შესაძლოა გაუჭირდეთ თავიანთი გრძნობებისთვის სახელის დარქმევა, ემოციების გამოსახატავად შესაფერისი სიტყვების პოვნა. ამაში თქვენ უნდა დაეხმაროთ.

ამ ასაკში ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს მარტო დარჩენის შიშიც. მაგალითად, თუ მისი საყვარელი დეიდა გარდაიცვალა, ელოდეთ კითხვას: მშობლებიც ხომ არ გარდაიცვლებიან? ხომ არაფერი მოუვათ? ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენთან მეტი დროის გატარება მოისურვა, მეტად მოგეჯაჭვათ – ეს სავსებით ნორმალური რეაქციაა, რომელიც სწორი კომუნიკაციის შედეგად აუცილებლად გაივლის.

. აუხსენით, რომ ადამიანები შეიძლება ხშირად გავხდეთ ავად, მაგრამ ყოველ ავადმყოფობას გარდაცვალება არ მოსდევს.

. ესაუბრეთ იმაზე, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელადაა და რომ სიკვდილი არავის ემუქრება.

. თუ მოხუც ოჯახის წევრზე დარდობს, უმჯობესია, ის თვითონვე გაესაუბროს ბავშვს, მოუყვეს სახალისო და სასიამოვნო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან, რათა მისი წუხილი დადებითმა ემოციებმა შეცვალოს.

. დაამშვიდეთ, შეახსენეთ, რამდენ ადამიანს უყვარს ის და რამდენი ზრუნავს მაზ. დაარწმუნეთ, რომ მარტო არასოდეს დარჩება.

. თუ ატყობთ, რომ იმდენად ცუდად ხართ, სიტუაციას თავს ვერ ართმევთ, აუცილებლად სთხოვეთ დახმარება ახლობლებს.

გახსოვდეთ, რომ ბავშვი მუდამ გაკვირდებათ. როდესაც ხედავს, რომ მშვიდად ხართ, ისიც მშვიდდება და დაცულობის შეგრძნება ეუფლება.

თინეიჯერები

თინეიჯერობა ისედაც ემოციებით დატვირთული და რთული პერიოდია, ახლობლის გარდაცვალება კი მას ერთიორად ართულებს. მშობელს დიდი როლის შესრულება შეუძლია იმაში, რომ ბავშვმა ეს პერიოდი შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გადაიტანოს.

თინეიჯერები სავსებით აცნობიერებენ სიკვდილის არსს, მაგრამ შესაძლოა, საკუთარ თავს წინააღმდეგობა გაუწიონ, გლოვის უფლება არ მისცენ, შერცხვეთ ამის. ხშირად ისეც ხდება, რომ თინეიჯერები ეჭვქვეშ აყენებენ ცხოვრების აზრს, ეუფლებათ დეპრესია, რადგან გრძნობენ, რა უმწეოა ადამიანი სიკვდილის წინაშე. შესაძლოა, სიკვდილში რაღაც იდუმალი და მიმზიდველიც კი დაინახონ. მშობლების როლი ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდია.

იყავით მომთმენი, არ გაკიცხოთ, არ ეჩხუბოთ, არ აუკრძალოთ შვილს ემოციების გამოხატვა. რაც მეტს ისაუბრებს საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებზე, მით მეტად გაგიადვილდებათ მასთან საუკეთესო მიდგომის პოვნა. მოუსმინეთ, გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება და აჩვენეთ გლოვასთან გამკლავების ჯანსაღი გზები.

. შესთავაზეთ, მისდიოს სპორტს;

. ძილის წინ მშვიდი მუსიკის მოსმენა და აბაზანის მიღებაც საიმედო გზაა სტრესთან გასამკლავებლად;

. ასევე კარგია დღიურის წერა, ხატვა, ახალი ჰობი;

. ბევრი ესაუბრეთ, თუ ატყობთ, რომ ამის სურვილი აქვს;

. ურჩიეთ, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, გაუზიაროს ემოციები მეგობრებს, რადგან ახლობლებთან ურთიერთობა ადამიანისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით – მსგავს სიტუაციებში;

. გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება, საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რომ ემოციების გამოხატვა და დახმარების თხოვნა უმწეობას არ ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც გაუგებს და მათთან კომუნიკაცია ძალიან დაეხმარება.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: