ძუძუს კიბო იკურნება

გააზიარე:

პრევენციის მეთოდების დახვეწისა და პოპულარიზაციის მიუხედავად, სარძევე ჯირკვლის კიბო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიად რჩება, თუმცა ეს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენი არ არის; მთავარია პრობლემის დროული აღმოჩენა და, მოსახლეობაში გავრცელებული მცდარი შეხედულების საპირისპიროდ (რომ სიმსვნის ხელის ხლება არ შეიძლება), მისი დროული ლიკვიდაცია.
ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ მედიცინის დოქტორი, მამოლოგი, თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის დირექტორი მიხეილ ჯანჯალია გვესაუბრება.

– ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ძუძუს კიბოს წილი საკმაოდ დიდია. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული კიბოს რეგისტრი, რომელიც ზუსტ სტატისტიკას მოგვაწვდიდა, თუმცა ჩვენ ვცადეთ მისი შედგენა, ხუთი წლის განმავლობაში ვიკვლევდით პაციენტთა სიკვდილიანობას და დავასკვენით, რომ 35-დან 60 წლამდე ასაკის ქალთა სიკვდილის ძირითადი მიზეზი სწორედ სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი პროცესებია, მათ შორის კი, რა თქმა უნდა, წამყვანია სარძევე ჯირკვლის კიბო.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მეთვალყურეობის სწორი დაგეგმვა.
პრევენციისა და დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა სკრინინგპროგრამა. ეს პროგრამა 2005 წლიდან საქართველოშიც მოქმედებს. თავდაპირველად იგი ონკოლოგიურ დისპანსერში ამოქმედდა, დღეს კი უკვე არსებობს სკრინინგცენტრი, რომელიც სხვა სკრინინგპროგრამებთან ერთად სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამასაც ახორციელებს. მასში ჩვენი დაწესებულებაც აქტიურად მონაწილეობს. ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს, დაავადების დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დავსვათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფონური პროცესების (პათოლოგიები, რომელთა ფონზე შესაძლებელია კიბოს აღმოცენება) აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს სამკურნალო მანიპულაციები, რომლებიც ამ პათოლოგიებისგან კიბოს განვითარებას აღკვეთს.
– რომელ ასაკობრივ ჯგუფებს უტარდება სკრინინგი?
– სარძევე ჯირკვლის სკრინინგი, რაც სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევით ხორციელდება, 40 წლიდან იწყება და 70 წლამდე გრძელდება. საქართველოს სინამდვილეში ეს ყველაზე სასურველი ასაკია, მსგავსი ფუფუნებით აშშ-შიც არ სარგებლობენ (იქ პროგრამა 50-დან 80 წლამდე ასაკის კონტინგენტს მოიცავს). სკრინინგცენტრმა და მამოლოგებმა შევძელით დედაქალაქის თვითმმართველობისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის დარწმუნება, რომ ჩვენთან აუცილებელი იყო აღნიშნული ასაკობრივი ზღვრის დაწესება. ახალგაზრდა ქალებში ეს პათოლოგიები ძალზე იშვიათია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 40 წლამდე ასაკის ქალმა მამოლოგს არ უნდა მიმართოს.
კიდევ ერთი რამ: გარდა რენტგენოლოგიური კვლევისა, არსებობს პრევენციის სხვა, ძალიან კარგი საშუალება – თვითგასინჯვა. ეს პროცედურა მარტივი ჩასატარებელია – ქალმა ხელის თითების სპირალური მოძრაობით უნდა შეიმოწმოს სარძევე ჯირკვალი და თუ შემკვრივებული უბანი აღმოაჩინა, აუცილებლად მიმართოს ექიმს. თვითგასინჯვის ჩატარება ქალს ყოველი დაბანის დროს შეუძლია. ადამიანი თავად ყველაზე უკეთ იცნობს საკუთარ ორგანიზმს და რეგულარული დაკვირვებისას ცვლილებას ადვილად შეამჩნევს.
– უმთავრესად რა მიგვანიშნებს არასასურველ ცვლილებებზე?
– ძუძუს კიბოს ყველაზე საყურადღებო სიმპტომია გამკვრივებული უბნის არსებობა სარძევე ჯირკვალში. ეს ის არის, რის გამოც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ასევე ყურადსაღებია კანის სიგლუვის დარღვევა (ჩაზნექილი კანი), დვრილის ფორმის შეცვლა, გამონადენი...
მთავარი, რაც პაციენტმა უნდა იცოდეს, ის არის, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადია იკურნება. მრისხანე სახელის მიუხედავად, ამ პათოლოგიის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი განწირულია, და რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ დაავადებას, მით მეტია მისი სრული განკურნების შანსი და ნაკლები ჩარევაა საჭირო ექიმების მხრივ.
– რას გვთავაზობს მედიცინა უკვე ჩამოყალიბებული დაავადების საწინააღმდეგოდ?
– კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები სამ ძირითად მიმართულებად ერთიანდება. ესენია:
1. ქირუგიული მკურნალობა;
2. მედიკამენტური მკურნალობა;
3. რადიაციული სხივური თერაპია. 
სამივე მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას. მხოლოდ ერთით შემოფარგვლა არ შეიძლება, რადგან არც ერთი მათგანი არ არის სრულყოფილი დანარჩენი ორის გარეშე.
ქირურგიული მეთოდები მრავალფეროვანია, მაგრამ, ვინაიდან არსებობს ადრეული დიაგნოსტიკა და დანარჩენი ორი მიმართულების ასევე მრავალფეროვანი საშუალებები, ქირურგიული ჩარევის მასშტაბები დღეს, შეძლებისამებრ, შემცირებულია. სამწუხაროდ, ზოგჯერ მაინც გვჭირდება მაქსიმალური მასშტაბის ოპერაცია – რადიკალური მასტექტომია, სარძევე ჯირკვლის სრული მოკვეთა ლიმფური კოლექტორების ჩათვლით (იღლიის, ბეჭქვეშა და ლავიწქვეშა არეების ლიმფური სისტემა), მაგრამ ოპერაციის მასშტაბის შემცირება ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია ე.წ მოდარაჯე ლიმფური კვანძის შემოწმებით: სარძევე ჯირკვალში შეგვყავს სპეციალური ნივთიერება, რომელიც ღებავს პირველი რიგის ლიმფურ კვანძებს; ოპერაციის დროს ამ კვანძებს ვიკვლევთ და თუ დადასტურდა, რომ მათში არ არის ცვლილებები, სრული ლიმფოსექცია (ლიმფური ჯირკვლების ამოკვეთა) აღარ ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად აღარ ირღვევა ლიმფური ბარიერი, რომელიც ორგანიზმს სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად სჭირდება. თუ ლიმფური კვანძი დაზიანებულია, ჯირკვლების მთლიანად ამოკვეთა გვიწევს.
მცირე წარმონაქმნის ან მისი განსაზღვრული მდებარეობის შემთხვევაში ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია კეთდება, ანუ არ ხდება სარძევე ჯირკვლის სრული ამპუტაცია.
– რა დანიშნულებით გამოიყენება მედიკამენტები ძუძუს კიბოს მკურნალობაში?
– მედიკამენტური მიმართულება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო ყველაზე მრავალმხრივი მიმართულებაა. ის მოიცავს ჰორმონოთერაპიას, ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას...
სარძევე ჯირკვლის კიბოს ცნება საკმაოდ ბევრ პათოლოგიას აერთიანებს. მედიკამენტებიც კონკრეტული ნოზოლოგიისა და დაავადების ტიპის მიხედვით ინიშნება. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. უმეტესად სხვადსახვა ტიპის მედიკამენტთა კომბინაციებს, ანუ კომპლექსურ თერაპიას ვიყენებთ.

სხივური თერაპია სამკურნალო მიზნით რადიაციის გამოყენებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ის ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც აზიანებს, მაგრამ ვინაიდან კიბოს უჯრედები გაცილებით სუსტია გარემოს ზემოქმედების მიმართ, ისინი უფრო ადვილად იღუპებიან.
რადიაციული თერაპია მკურნალობის მაქსიმალური რადიკალიზმის მიღწევაში გვეხმარება, თუნდაც ქირურგიული მეთოდის გამოყენებისას.
რადიაციული თერაპია ორ მიმართულებას მოიცავს: დისტანციურს და ინტრაოპერაციულ სხივურს. ეს უკანასკნელი გულისხმობს სხივურ თერაპიას უშუალოდ ოპერაციის დროს და წარმატებით გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. იგი გაცილებით ახალგაზრდა მიმართულებაა – მისი გაიდლაინი, ანუ გამოყენების გაწერილი წესები მხოლოდ 1998 წლიდან მოქმედებს, ხოლო დისტანციური თერაპია 1940-50 იანი წლებიდან გამოიყენება.
– რა უპირატესობა აქვს ინტრაოპერაციულ სხივურ თერაპიას?
– სხივურ თერაპიას აქვს გვერდითი მოვლენები, სამიზნესთან ერთად რისკის ორგანოებიც სხივდება. სარძევე ჯირკვლის დასხივების დროს რისკის ორგანოებს მეტწილად გული და ფილტვები წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელ ორგანოებს ვეხებით! აქედან გამომდინარე, ისინი მაქსიმალურად უნდა დავზოგოთ. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ინტრაოპერაციული სხივური თერაპია: საჭირო მიმართულებით ვიყენებთ დასხივების უფრო დიდ დოზას, რისკის ორგანოებიც ნაკლებად ზიანდება. თუმცა მხოლოდ ინტრაოპერაციული დასხივება არ არის საკმარისი; ხშირად ის გამოიყენება კომბინაციაში დისტანციურ სხივურ თერაპიასთან ერთად. რისკის ორგანოები ამ შემთხვევაშიც ნაკლებად ზიანდება და ეფექტიანობაც გაცილებით მაღალია.
მოხარული ვარ, რომ ეს მომსახურება, რომელსაც სთავაზობენ ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინკებში, შეგვიძლია ქართველ პაციენტებსაც შევთვაზოთ. მთელ რეგიონში (თურქეთის ჩათვლით) ინტრაოპერაციული სხივური თერაპიის მეთოდი მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია დანერგილი. საქართველოში მისმა შემოტანამ ქართული მედიცინა მაღალი ტექნოლოგიების ერაში შეიყვანა. 
–როგორია დაავადების პროგნოზი?
– სხვა ონკოლოგიური დაავადებების მსგავსად, ძუძუს კიბოს ოთხ სტადიას გამოყოფენ. თუ ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ არის, გვაქვს ლოკალური, უშუალოდ ძუძუს პათოლოგია; თუ რეგიონული ლიმფური კვანძები დაზიანდა, საქმე გვაქვს მთელი ორგანიზმის დაავადებასთან ანუ ლოკალური პროცესი სისტემურში გადადის, თუმცა ხშირად ასეთი პაციენტებიც გამოჯანმრთელდებიან ხოლმე.
მეოთხე სტადიის დროს, როდესაც უკვე შორეული მეტატაზები აღინიშნება (დაზიანებულია თავის ტვინი, ღვიძლი, ფილტვები, ძვლები), გამოჯანმრთელებაზე აღარ ვლაპარაკობთ, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად ხანგრძლივი რემისია (დაავადების გარეშე პერიოდი) შევუნარჩუნოთ პაციენტს. საამისოდ დღეს მრავალი საშუალება არსებობს. 
– მკურნალობის შემდეგ თუ სჭირდება მეთვალყურეობა პაციენტს?
– ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა დიაგნოზის დასმითა და მკურნალობით ნამდვილად არ ამოიწურება. მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა აქტიურად ხორციელდება პირველი 5 წლის გამავლობაში, თუმცა შემდეგაც, მთელი სიცოცხლე გრძელდება. პირველ წელს პაციენტი ექიმს სამ თვეში ერთხელ უნდა ეწვიოს და საკონტროლო კველვები ჩაიტაროს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – ექვს თვეში ერთხელ, მერე კი წელიწადში ერთხელ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წელიწადში ერთხელ ნებისმიერმა ქალმა უნდა ჩაიტაროს ამგვარი კვლევა.
– რა პროგრამები მოქმედებს საქართველოში ძუძუს კიბოს საწინააღმდეგოდ?
– გარდა პრევენციულისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მოქმედებს სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამაც. ამასთან ერთად ხელი მიგვიწვდება საერთაშორისო პროგრამებსა და პროტოკოლებზე, რომლებიც თანამედროვე წამლების გამოყენების შედეგების განსაზღვრას ემსახურება. ამ პროგრამებში პაციენტები, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით მონაწილეობენ. სანაცვლოდ ფინანსდება მათი მკურნალობა ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატებით, რაც პაციენტისთვისაც მომგებიანია, კლინიკისთვისაც და ქვეყნისთვისაც – თანამედროვე მეცნიერებაში ჩართვა ხომ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო პროცესებში მონაწილეობას ნიშნავს.

გააზიარე: