როგორ დავეხმაროთ ბავშვს უხერხულობასთან გამკლავებაში

გააზიარე:

უხერხული მომენტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – არასასიამოვნო, მაგრამ გარდაუვალი და ძირითადად უმნიშვნელო. ბავშვისთვის კი უხერხულობის განცდა ზედმეტად მტკივნეულია და შესაძლოა, შფოთვითი აშლილობის მიზეზადაც კი ექცეს.

ასეთი მომენტებისგან ბავშვს ყოველთვის ვერ დავიცავთ, მაგრამ შეგვიძლია, გამოვუმუშაოთ გამძლეობა და თავდაჯერებულობა, რათა ისე გაუმკლავდეს უხერხულობას, რომ ამ გრძნობამ მის ფსიქიკაზე უარყოფითი კვალი არ დატოვოს.

მიეცით მაგალითი

ხშირად ბავშვები რთული სიტუაციებიდან გამოსავალს მშობლების ქცევაში ეძებენ, აკვირდებიან და იმახსოვრებენ, როგორ რეაგირებს მათი დედ-მამა ამა თუ იმ მოვლენაზე და მსგავს სიტუაციაში მოხვედრილები ცდილობენ, ანალოგიურად მოიქცნენ.

თუ გსურთ, ბავშვს უხერხულ სიტუაციებთან ჯანსაღად გამკლავებაში დაეხმაროთ, დაიწყეთ იმით, რომ აკონტროლეთ მსგავს სიტუაციებში საკუთარი რეაქცია.

ემოციებთან უმტკივნეულოდ გამკლავებისთვის:

*ნუ დაანახებთ ბავშვს, როგორ განიცდით, ნუ დაკარგავთ თავს. თუ თვითგვემას მოჰყვებით (“რა სულელი ვარ, ეს როგორ დამემართა!”, “ყველა მე მიყურებდა, რა სირცხვილია!”), ამით ბავშვს სიგნალს მისცემთ, რომ უხერხულ სიტუაციაში მოხვედრა კატასტროფის ტოლფასია და თქვენი რეაქცია ერთადერთი სწორი რეაქციაა.

*ნურასოდეს დასცინებთ. ბავშვები ხშირად მართლაც ძალიან სასაცილოდ იქცევიან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეცდომებზე მითითება და დაცინვა დაუშვებელია. თუ პატარა თქვენგან ასეთ რეაქციას მიიღებს, სხვებთან ურთიერთობის დროსაც დაიძაბება და უმნიშვნელო შეცდომის შემთხვევაშიც კი დამცირებისა და სირცხვილის გრძნობა დაეუფლება. მშობლის ერთი შეხედვით უწყინარი დაცინვაც კი ახდენს გავლენას ბავშვის ფაქიზ ფსიქიკაზე, მით უმეტეს, თუ ის ისედაც მგრძნობიარეა.

სერიოზულად მოეკიდეთ მის გრძნობებს

ის, რაც თქვენ შესაძლოა უმნიშვნელო მოგეჩვენოთ, – მაგალითად, მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემა, მეგობრებთან ერთად სეირნობისას ფეხის გადაბრუნება, – ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებია.

თუ ატყობთ, რომ სიტუაცია, რომელშიც თქვენი შვილი აღმოჩნდა, მასზე ძალიან მოქმედებს, ნუ უგულებელყოფთ მის გრძნობებს, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ მიზეზი სასაცილოა.

როდესაც ბავშვები თავიანთ განცდებს გვიზიარებენ, სურვილი გვიჩნდება, დავამშვიდოთ, ვუთხრათ, რომ საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც მას ჰგონია, მაგრამ სწორედ აქ იმალება საფრთხე: როცა განცდებში მყოფ ბავშვს ვეუბნებით, არა უშავსო, ეს, დიდი ალბათობით, აფიქრებინებს მას, რომ მისი პრობლემა გულთან არ მიგვაქვს და მისი თავიდან მოშორება გვინდა.

ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ

თუ ბავშვი ნერვებაშლილი მოვიდა თქვენთან და გიყვებათ, რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, იცოდეთ, რომ ასეთ დროს ყველაზე ნაკლებად თქვენი ანერვიულებული სახის დანახვა სჭირდება. ნუ შეაწყვეტინებთ თხრობას რეპლიკებით: “რა საშინელებაა!”, “დაცინვა როგორ გაგიბედეს!"” ნუ გეგონებათ, რომ ის თქვენგან აუცილებლად მოქმედებას ელის. შესაძლოა, მას მხოლოდ ემოციებისგან დაცლა სურდეს. თუ ბავშვმა შეგატყოთ, რომ მის მონათხრობზე მძიმედ რეაგირებთ და მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებთ, დიდი შანსია, მომავალში აღარ მოისურვოს თავისი პრობლემების თქვენთვის გაზიარება.

როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს შვილს რაღაც უჭირს, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მის დასახმარებლად, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზედმეტად ემოციური მოქმედებით შეიძლება უკურეაქცია გამოვიწვიოთ.

შეაქეთ პოზიტიური მიდგომისთვის

როდესაც ბავშვი თავისთვის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას გიზიარებთ, როგორიცაა უხერხულობის განცდა, ეცადეთ, ზედმეტად არ “შეიბრალოთ”. უმჯობესია, შეაქოთ გამძლეობისთვის, მოვლენებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის. მაგალითად, თუ კონცერტზე ნაწარმოების შესრულებისას რაღაც შეეშალა, შეაქეთ იმისთვის, რომ გმირულად დარჩა სცენაზე და გამოსვლა ბოლომდე მიიყვანა. თუ უარყოფითზე არ ჩაიციკლებით და სწორედ ასეთ, დადებით მომენტებზე მოახდენთ ფოკუსირებას, ბავშვს გაუჯდება პრობლემასთან პოზიტიური ხერხებით გამკლავების ჩვევა.

შეგიძლიათ, შემოიფარგლოთ რეპლიკით: "ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ უფრო მეტად ვამაყობ, რომ შეძელი და ნაწარმოების დაკვრა დაასრულე. ზოგ პროფესიონალ პიანისტსაც კი უჭირს ხოლმე შეცდომის შემდეგ სიტუაციის გამოსწორება”.

დაანახეთ პერსპექტივა

თუ ბავშვი სპორტდარბაზში დაეცა, დიდი ალბათობით, ჩათვლის, რომ ეს ყველამ დაინახა და არავის არასდროს დაავიწყდება.

რასაკვირველია, თქვენ ხვდებით, რომ საქმე ასე ცუდად არ არის, მაგრამ ბავშვები ვერ ხედავენ სიტუაციას სხვისი თვალით და მხოლოდ საკუთარი ემოციების მიხედვით მსჯელობენ. ამიტომ, როდესაც პატარა უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, ჰგონია, სხვებიც იმდენს ფიქრობენ ამ ამბავზე, რამდენსაც თვითონ. სინამდვილეში სხვა ბავშვებს ეს ინციდენტი მეორე დღესვე ავიწყდებათ.

დაუსვით კითხვები, მაგალითად, ჰკითხეთ, თვითონ თუ შესწრებია თანაკლასელის წაქცევას და ახსოვდა თუ არა ეს ამბავი მეორე დღეს, მიიჩნევს თუ არა მეგობრის წაქცევას საგანგაშოდ, სამარცხვინოდ. სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა სხვისი გრძნობების გაგების საუკეთესო გზაა.

გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება, მაგალითად, მოუყევით, როგორ გაგიწყდათ მაღაზიაში ცელოფნის პარკი და როგორ დაგებნათ პროდუქტები იატაკზე, როგორ გაეცინა ყველას, მაგრამ შემდეგ როგორ მოგეხმარათ რამდენიმე ადამიანი ნავაჭრის აკრეფაში.

არასოდეს შეადაროთ ბავშვი არც სხვას და არც თქვენს თავს მის ასაკში. “შენს ძმას შენს ადგილას ასეთი რეაქცია არ ექნებოდა”, – ასეთი რეპლიკებით მხოლოდ დააკნინებთ მის გრძნობებს და თვითშეფასებას. თუ მართლაც მიგაჩნიათ, რომ ძმის გამოცდილება გამოადგება, შეგიძლიათ მოუყვეთ, როგორ გართვა მან თავი მსგავს პრობლემას და მისი მეთოდის მოსინჯვა შესთავაზოთ, ოღონდ კი არ დააძალოთ, უბრალოდ შესთავაზეთ. გადაწყვეტით დაე თვითონ გადაწყვიტოს, სურს თუ არა ძმის გამოცდილების გამოყენება.

*ნუ დაატანთ ძალას. ზოგჯერ კითხვების დასმა და სიტუაციაში ბოლომდე გარკვევა აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ ჯობია აცადოთ ბავშვს – დაე, მაშინ მოგიყვეთ თავისი პრობლემის შესახებ, როცა თვითონ მოისურვებს.

*თუ მიგაჩნიათ, რომ საქმე სერიოზულადაა, თუ თქვენი შვილი ხშირად მოდის და გიყვებათ, რომ დასცინიან, თუ ქცევა შეეცვალა, ნიშნები გაუუარესდა, – შესაძლოა, საქმე ბულინგთან გქონდეთ, ამ მოვლენის უყურადღებოდ დატოვება კი არ შეიძლება. აამოქმედეთ საკუთარი რესურსები, გაესაუბრეთ შვილის მეგობრებს, პედაგოგებს და გაარკვიეთ, რა ხდება მის თავს, რამ გამოიწვია მისი ხასიათის ასეთი ცვლილებები. პირველ რიგში, რასაკვირველია, თავად მას უნდა გაესაუბროთ, ხოლო თუ პრობლემა დამალა, თქვენთვის მისი გაზიარება არ მოისურვა, სხვა გზა უნდა ეძებოთ.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: