ჭარბი წონა და ჯანმრთელობა

გააზიარე:

რას გვიქადის ჭარბი წონა

რატომ იმატებს წონა

ვებრძვით წონას

წონის დაკლების ქირურგიული მეთოდები

 

ყველას აქვს უფლება, ისე გამოიყურებოდეს, როგორც სურს. არც მისი წონაა სხვისი საქმე: ვის სიგამხდრე მოსწონს, ვის – სიმსუქნე. მაგრამ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ციფრებით გამოხატული სტანდარტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ვიცოდეთ, რა საფრთხეს შეიცავს წონის ნორმიდან გადახრა.

თუ ადამიანი ჭარბი წონის თანმხლებ რისკებს აცნობიერებს ან უბრალოდ გახდომა უნდა, სურვილისა და ნებისყოფის მტკიცე ტანდემი უნდა შექმნას და მთელი სერიოზულობით დაიწყოს დასახული მიზნისკენ სვლა.

წონის კალკულატორი

ალბათ გაგიგონიათ სხეულის მასის ინდექსის (სმი, BMI) შესახებ, რომელსაც დღეს მთელ მსოფლიოში იყენებენ წონის ნორმისა და მისგან გადახრის განსაზღვრისთვის. მისი ფორმულა 1830-1850 წლებში შეიმუშავა ბელგიელმა მათემატიკოსმა, სტატისტიკოსმა და სოციოლოგმა ადოლფ კეტლემ, რათა სწრაფად და მარტივად შესძლებოდა მოსახლეობის სიმსუქნის ხარისხის გაზომვა. მას შემდეგ წონის შეფასების სხვა კრიტერიუმებიც შემოიღეს, მაგრამ, მიუხედავად ნაკლოვანებებისა (მაგალითად, არ არის გათვალისწინებული წელის გარშემოწერილობა, რაც სიმსუქნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია), დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც კეტლეს ფორმულა მიიჩნევა.

სმი-ს განსაზღვრისთვის კილოგრამებში გამოსახული სხეულის წონა უნდა გაიყოს სანტიმეტრებში გამოსახულ სიმაღლის კვადრატზე. თუმცა ბევრი წვალება არ მოგიწევთ – თითქმის ყველა სამედიცინო საიტს აქვს წონის კალკულატორი, რომელიც თვალის დახამხამებაში გამოგითვლით სხეულის მასის ინდექსს. თქვენ მხოლოდ მონაცემები უნდა შეიყვანოთ.

თუ სმი:

* ნაკლებია 18.5-ზე, ესე იგი წონის დეფიციტი გაქვთ;

* 18,5-დან 24,9-მდეა – გაქვთ ნორმალური წონა;

* 25-დან 29,9-მდეა – ჭარბი წონა გაქვთ;

* 30 ან მეტია – გაქვთ სიმსუქნე.

განასხვავებენ სიმსუქნის რამდენიმე ხარისხს:

. I ხარისხის სიმსუქნე – სმი 30.0-დან 34.9-მდეა;

. II ხარისხის სიმსუქნე –  35.0-დან 39.9-მდე;

. III ხარისხის ანუ მორბიდული სიმსუქნე – 40 და მეტი.

რაც უფრო მაღალია სმი, მით უფრო მაღალია გულის დაავადებების, არტერიული წნევის მატების, დიაბეტი ტიპი 2-ის, ნაღვლის კენჭების გაჩენის, სუნთქვის პრობლემების, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი.

კეტლეს ფორმულასაც აქვს ცდომილებები. მაგალითად, ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს კუნთებისა და ცხიმის მასას. ამიტომ კარგად განვითარებული კუნთების მქონე ადამიანი შესაძლოა უფრო მსუქანი გვეგონოს, ვიდრე სინამდვილეშია, ხოლო ის, ვისაც კუნთოვანი მასა განლეული აქვს (მაგალითად, ხანდაზმული ასაკის გამო) – უფრო გამხდარი.

რისკი მხოლოს სმი-თ არ ფასდება. მასთან ერთად საჭიროა წელის გარშემოწერილობისა და სხვა რისკფაქტორების გათვალისწინებაც.

წელის გარშემოწერილობა

თუ ცხიმი უმეტესწილად წელის არეშია თავმოყრილი და არა თეძოებისა, კიდევ უფრო იმატებს გულის დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი. რისკი იმატებს მაშინაც, როდესაც წელის გარშემოწერილობა ქალებთან – 88, ხოლო მამაკაცებთან 102 სმ-ს აჭარბებს.

წელის გარშემოწერილობის სწორად გასაზომად სანტიმეტრი თეძოს ძვლების ზემოთ შემოიტარეთ და გაზომვამდე კარგად ამოისუნთქეთ.

სიმსუქნესთან ასოცირებული რისკფაქტორები

გულისა და სხვა დაავადებების რისკი განსაკუთრებით იმატებს, თუ ჭარბ წონასთან ერთად:

* ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

* სისხლში მომატებულია დაბალი სიმკვრივის, იგივე "ცუდი" ქოლესტეროლი – LDL;

* დაკლებულია მაღალი სიმკვრივის, იგივე "კარგი" ქოლესტეროლი – HDL;

* მომატებულია ტრიგლიცერიდების დონე;

* მომატებულია გლუკოზის დონე;

* ადამიანს აქვს ნაადრევად განვითარებული გულის დაავადების ოჯახური ისტორია;

* ფიზიკურად არააქტიურია;

* ეწევა.

თუ ჭარბ წონას ან სიმსუქნეს ერთვის ორი ან მეტი რისკფაქტორი, რეკომენდებულია წონის დაკლება. 5-10%-ით დაკლებაც კი აქვეითებს სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკს.

თუ წონა ჭარბია, მაგრამ წელის გარშემოწერილობა ნორმის ფარგლებშია და რისკფაქტორიც მხოლოდ ერთია, ადამიანს რეკომენდაცია ეძლევა, მეტი აღარ მოიმატოს.

რას გვიქადის ჭარბი წონა

რატომ უნდა დავისახოთ მიზნად წონის ჯანსაღ დიაპაზონში შენარჩუნება?

ზედმეტ კილოგრამებს შეუძლია დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი, გამოიწვიოს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ტკივილი, გაგვიძნელოს მოძრაობა. რაც მთავარია, ის შეიძლება არაერთი დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზად იქცეს.

დიაბეტი ტიპი 2

დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, რომლისთვისაც სისხლში გლუკოზის მატებაა დამახასიათებელი. ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულ 10-იდან თითქმის 8 ადამიანს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვს. შესაძლოა, ადამიანმა წლობით იცხოვროს დიაბეტით და არ იცოდეს, ამიტომ სასურველია პერიოდული სკრინინგი და ყურადღების მიქცევა ისეთი სიმპტომებისთვის, როგორიცაა წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებათა გაძლიერება, შარდვის გახშირება, წონის უმიზეზო კლება, დაღლილობა, დაბინდული მხედველობა, ჭრილოების შეხორცების გაძნელება, ინფექციების გახშირება, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება.

სისხლში გლუკოზის მაღალი დონე დროთა განმავლობაში იწვევს გულის დაავადებებს, ინსულტს, თირკმელების დაავადებებს, თვალებისა და ნერვების დაზიანებას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.

მაგრამ თუ ადამიანს დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი აქვს, სხეულის წონის 5-7%-ით  დაკლებამ და რეგულარულმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა თავიდან ააცილოს ან გადაუვადოს დაავადების განვითარება.

სისხლის მაღალი წნევა

მაღალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპერტენზია, მდგომარეობაა, როდესაც სისხლი სისხლძარღვებში (არტერიებში) ნორმალურზე მეტი ძალით მიედინება. შეგახსენებთ, რომ წნევა ნორმალურად ითვლება, თუ ის 120`80 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლებია.

მაღალმა წნევამ შესაძლოა გადატვირთოს გული, დააზიანოს სისხლძარღვები და ასწიოს ინფარქტის, ინსულტის, თირკმელების დაავადების, საბოლოო ჯამში კი სიკვდილის რისკი.

გულის დაავადება

ამ საერთო სახელწოდებით მოიხსენიებენ რამდენიმე დაავადებასა და მდგომარეობას, მათ შორის – ინფარქტს, გულის უკმარისობას, უეცარ გულისმიერ სიკვდილს, სტენოკარდიას, გულის პათოლოგიურ რიტმს (არითმიას). გულის დაავადების რისკს სწევს მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ცხიმების პათოლოგიური შემცველობა და გლუკოზის მაღალი დონე. სისხლის ცხიმები, ლიპიდები, მოიცავს მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლს (HDL), დაბალი სიმკვივის ქოლესტეროლს (LDL) და ტრიგლიცერიდებს.

წონის 5-10%-ით დაკლებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადების რისკფაქტორები, მეტ-ნაკლებად მოაწესრიგოს არტერიული წნევა, ქოლესტეროლის დონე და სისხლის მიმოქცევა.

ინსულტი

ინსულტი არის მდგომარეობა, როდესაც ტვინში სისხლის მიწოდება მოულოდნელად წყდება, რაც ტვინის სისხლძარღვის დახშობით ან გასკდომითაა გამოწვეული. ინსულტმა შესაძლოა დააზიანოს ტვინის ქსოვილი და დააკარგვინოს ადამიანს ლაპარაკის ან სხეულის რომელიმე ნაწილის მოძრაობსი უნარი.

ინსულტის ძირითადი მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა.

მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ეფექტურია ინსულტის განვითარებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი დროული ამოცნობა.

ინსულტის ნიშნებია: მეტყველების გაძნელება, სახის, ხელის ან ფეხის დაბუჟება, სისუსტე ან დამბლა, სახის ასიმეტრია, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავის უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი, ღებინება, ცნობიერების შეცვლა, წონასწორობისა და კოორდინაციის დაკარგვა...

ძილის აპნოე

ძილის აპნოე საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ძილის დროს ირღვევა რეგულარული სუნთქვა, დროდადრო ჩნდება ხანმოკლე პაუზები. თუ ადამიანი ხმამაღლა ხვრინავს და მთელი ღამის გამოძინებულს დაღლილობა აწუხებს, შესაძლოა, სწორედ ძილის აპნოე სჭირდეს. ნებაზე მიშვებული ეს დარღვევა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკსაც ზრდის, მაგალითად, დიაბეტი ტიპი 2-ის, მეტაბოლური სინდრომის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, ღვიძლის დაავადებების.

მეტაბოლური სინდრომი

მეტაბოლური სინდრომი არის რამდენიმე მდგომარეობის თანაარსებობა, რომელიც ადამიანს გულის დაავადებების, დიაბეტისა და ინსულტის რისკის წინაშე აყენებს.

ეს მდგომარეობებია:

. სისხლის მაღალი წნევა;

. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე;

. სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონე;

. სისხლში HDL ქოლესტეროლის დაბალი დონე;

. ზედმეტი ცხიმი წელის გარშემო.

ღვიძლის გაცხიმოვნება

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებები მდგომარეობებია, როდესაც ღვიძლში ცხიმი გროვდება. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD) შეიძლება გადაიზარდოს არაალკოჰოლურ სტეატოჰეპატიტში (NASH), ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ციროზის ან ღვიძლის უკმარისობის, მიზეზად იქცეს.

ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ვითარდება ძვლების ბოლოებში, სასახსრე ზედაპირებზე არსებული ბალიშების გაცვეთის შედეგად. იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას და მოძრაობის შეზღუდვას. დიდი წონა ხელს უწყობს ოსტეოართრიტის განვითარებას, ამასთან, რაც უფრო მეტს იწონის ადამიანი, მით უფრო დიდია დაავადების რისკიც. ზედმეტი წონა განსაკუთრებით ტვირთავს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებს. ამას ისიც ემატება, რომ ცხიმოვანი ქსოვილი წარმოქმნის პროტეინებს, რომლებმაც შეიძლება სახსრებში და მათ გარშემო ანთება გამოიწვიოს.

შარდის შეუკავებლობა

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული სიმსუქნის დროს მუცლის ღრუში წნევის მომატებას შეუძლია შეასუსტოს მენჯის კუნთები და გაართულოს შარდის ბუშტზე კონტროლის შენარჩუნება. ასეთი რამ ქალსაც შეიძლება დაემართოს და კაცსაც, თუმცა უმეტესად ქალებს აწუხებთ, განსაკუთრებით – ასაკში. რაც შეეხება გამოვლენას, ზოგჯერ მხოლოდ მცირეოდენი შარდი  ჟონავს, ზოგჯერ კი დარღვევა ისე ძლიერად არის გამოხატული, ადამიანი ტუალეტში ვერ ასწრებს.

ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენისა და ქოლეცისტიტის განვითარების რისკს. კენჭებს აჩენს ნაღვლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების დისბალანსი, მასში ქოლესტეროლის ჭარბი შემცველობა. ნაღვლის სადინარში კენჭის გაჭედვის ნიშნებია ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, მკერდის ძვლის ქვემოთ, ზურგისკენ, მარჯვენა მხრისკენ, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.

ამ დაავადების რისკის შესამცირებლად წონა თანდათანობით (კვირაში 0.5-1 კგ) უნდა დაიკლოთ. სწრაფმა კლებამ შესაძლოა გაზარდოს კიდეც კენჭების წარმოქმნის ალბათობა.

ზოგიერთი კიბო

კიბოს დროს სხეულის განსაზღვრული ტიპის უჯრედები შეუჩერებელ დაყოფას იწყებს და მიმდებარე ქსოვილებში ვრცელდება. ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკს. ესენია საყლაპავის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, თირკმელის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების, ნაღვლის ბუშტის, ძუძუს, ღვიძლის კიბო.

თირკმლის დაავადება

სიმსუქნის დროს იმატებს იმ ორი მდგომარეობის რისკი, რომლებიც თირკმლის დაავადებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მიიჩნევა: შაქრიანი დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევისა.

მაშინაც კი, როცა ადამიანს არც დიაბეტი აქვს და არც მაღალი არტერიული წნევა, სიმსუქნემ შესაძლოა ხელი შეუწყოს თირკმლის დაზიანებას და დააჩქაროს მისი პროგრესირება.

დაავადებული თირკმელები კარგად ვერ ფილტრავს სისხლს. სხეულში საშიში რაოდენობით გროვდება სითხე, ელექტროლიტები და ნარჩენი პროდუქტები. ამ დროს მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, უმადობა, დაღლილობა და სისუსტე, ძილის დარღვევა, შარდის რაოდენობის შემცირება, აზროვნების დაქვეითება, კუნთების კრთომა და კრუნჩხვები, ფეხების შეშუპება, მუდმივი ქავილი, თუ სითხე პერიკარდიუმში გროვდება – ტკივილი გულმკერდის არეში, თუ ფილტვებში – ქოშინი, ძნელად სამართავი მაღალი არტერიული წნევა. საბოლოოდ პაციენტს დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა სჭირდება.

ორსულობის პრობლემები

ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე ორსულებს მეტი შანსი აქვთ:

* განუვითარდეთ გესტაციური დიაბეტი;

* დაეწყოთ პრეეკლამფსია – მაღალი წნევა ორსულობის პერიოდში, რამაც მკურნალობის გარეშე შესაძლოა როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს;

* დასჭირდეთ საკეისრო კვეთა, რაც მშობიარობის შემდგომი აღდგენის პერიოდს გაახანგრძლივებს.

ემოციური და სოციალური პრობლემები

ჭარბ წონას და სიმსუქნეს ხშირად დეპრესისთან მივყავართ. ხდება ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანების სტიგმატიზება გარშემო მყოფების და, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჯანდაცვის პროვაიდერების მიერაც კი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა და უფრო მეტად დაამძიმოს პრობლემა.

რატომ იმატებს წონა

ჭარბი წონისა და სიმსუქნის უშუალო მიზეზი ცხიმოვანი უჯრედების ზომისა და რაოდენობის მატებაა. რა იწვევს თავად ამ მატებას?

ადამიანები უმეტესად ვერ აბალანსებენ მიღებულ და დახარჯულ ენერგიას – ზოგი პირის გემოს ვერ ეწინააღმდეგება, ზოგს არაჯანსაღი რაციონი აქვს, ზოგს კი – არაჯანსაღი ჩვევები, მაგალითად, ტკბილეულისა და თხილეულის ცმაცუნი. ასეა თუ ისე, წვეთწვეთობით, კალორია-კალორიობით, წონა იმატებს.

ენერგეტიკული დისბალანსი

ენერგეტიკული დისბალანსი ნიშნავს, რომ მიღებული ენერგია არ უდრის დახარჯულს. ენერგიას, რომელიც კალორიებში იზომება, ვიღებთ საკვებიდან და ვხარჯავთ სუნთქვაში, საჭმლის მონელებაში, მოძრაობაში, სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში...

ამრიგად, საკვებში არსებული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმებისგან წარმოიქმნება ენერგია, რომელსაც:

. სხეული ყოველდღიური ფუნქციების შესასრულებლად იყენებს;

. მარაგად ინახავს მომავლისთვის. ნახშირწყლები ღვიძლსა და კუნთებში ინახება გლიკოგენის სახით, ცხიმები კი – ცხიმოვან ქსოვილში, ძირითადად ტრიგლიცერიდების სახით.

ენერგიის ის რაოდენობა, რომელსაც სხეული საკვებიდან იღებს, დამოკიდებულია საკვების ტიპზე, მისი მომზადების მეთოდზე და დროზე, რომელიც ბოლო ჭამის შემდეგ გავიდა.

თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ადამიანმა უფრო მეტი კალორია მიიღო, ვიდრე დახარჯა, დაუხარჯავი ცხიმი მარაგად ინახება და ადამიანი წონას იმატებს.

სხეულში სამი სახის ცხიმოვანი ქსოვილია: თეთრი, ყავისფერი და მოყვითალო, რომელსაც პირველ ორს შორის გარდამავალი მდგომარეობა უკავია. ეს ქსოვილები სხეულში სხვადასხვა ადგილას გროვდება. მათი რაოდენობა ასაკზეა დამოკიდებული.

ენდოკრინული დარღვევები

იმის გამო, რომ ენდოკრინული სისტემის მიერ გამომუშავებული ჰორმონები ორგანიზმს ენერგიის ბალანსირებაში ეხმარება, ენდოკრინული სისტემის არასათანადო მუშაობამ შესაძლოა ჭარბი წონა და სიმსუქნე გამოიწვიოს. ენდოკრინული დარღვევის მკურნალობის პარალელურად წონაც რეგულირდება.

ასეთი დარღვევებია:

. ჰიპოთირეოზი – ამ დროს შემცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება, რაც განაპირობებს მეტაბოლიზმის შენელებას და წონის მატებას მაშინაც კი, როდესაც ადამიანი უფრო ნაკლებს ჭამს.

ჰიპოთირეოზის დროს სხეულში ნაკლები სითბო წარმოიქმნება, სხეულის ტემპერატურა დაბალია და ორგანიზმი ეფექტურად ვერ იყენებს შენახულ ცხიმს ენერგიის მისაღებად.

წონის მატებასთან ერთად ჰიპოთირეოზის ნიშნებია დაღლილობა, სიცივის მიმართ მომეტებული მგრძნობელობა, ყაბზობა, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, კუნთების სისუსტე, სისხლში ქოლესტეროლს დონის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, არარეგულარული მენსტრუაცია, თხელი თმა, შენელებული გულისცემა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება.

. კუშინგის სინდრომი. ამ დროს სისხლში მომატებულია გლუკოკორტიკოიდები (კორტიზოლი). კორტიზოლის მაღალი დონე სხეულს მუდმივი სტრესის მდგომარეობაში ამყოფებს. შედეგად იმატებს მადა და სხეულიც მეტ ცხიმს ინახავს. გარდა მუცლისა და გულმკერდისა, ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება კისერსა (ხარის კუზი) და სახეზეც (მთვარისებური სახე).

კუშინგის სინდრომი შეიძლება განვითარდეს განსაზღვრული მედიკამენტების მიღების შედეგად ან იმის გამო, რომ სხეული ბუნებრივად ძალიან ბევრ კორტიზოლს წარმოქმნის.

კუშინგის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია კორტიზოლის დონეზე. წონის მომატებასა და ცხიმის ჩალაგებასთან ერთად მისთვის დამახასიათებელია ვარდისფერი ან მეწამული სტრიები მუცელზე, ბარძაყებზე, სარძევე ჯირკვლებსა და მკლავებზე, თხელი, ნაზი კანი, რომელზეც ადვილად ჩნდება სისხლჩაქცევები, ჭრილობის, ნაკაწრის, მწერის ნაკბენის ძნელად შეხორცება, აკნე, ქალებში – ჭარბთმიანობა, არარეგულარული მენსტრუაცია ან ციკლის გაქრობა, მამაკაცებში – ერექციული დისფუნქცია, ნაყოფიერების შემცირება, ასევე – ძლიერი დაღლილობა, კუნთების სისუსტე, დეპრესია, შფოთვა და გაღიზიანება, არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, კანის გამუქება.

. თავის ტვინის იმ ნაწილში განვითარებული სიმსივნე, საიდანაც შიმშილი კონტროლდება (მაგალითად, კრანიოფარინგიომა).

წამლები

წონის მატება, შედეგად კი ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე შესაძლოა ზოგიერთი პრეპარატის მიღებასაც უკავშირდებოდეს. ასეთებია ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო, ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებები და სხვა.

თუ ჩამოთვლილი მედიკამენტებით მკურნალობისას წონის მატება შეამჩნიეთ, ექიმს გაესაუბრეთ, ჰკითხეთ, ხომ არ არსებობს იმავე წამლის სხვა ფორმები, სხვა წამლები, რომლებსაც შეუძლია თქვენი დაავადების მკურნალობა, მაგრამ ნაკლებად მოქმედებს წონაზე, ხომ არ შეიძლება დოზის კორექტირება. ექიმთან გასაუბრების გარეშე წამლის მიღებას ნუ შეწყვეტთ.

გენეტიკური სინდრომები

ჭარბი წონა და სიმსუქნე ზოგიერთი გენეტიკური დაავადებისთვისაცაა დამახასიათებელი. ასეთებია:

. პრადერ-ვილის სინდრომი. ახასიათებს კუნთების სისუსტე, კვების დარღვევა, ზრდისა და განვითარების შეფერხება. ასეთ ადამიანებს ბავშვობიდანვე ძლიერი მადა აქვთ, რაც იწვევს ზედმეტ ჭამას (ჰიპერფაგიას) და სიმსუქნეს. პრადერ-ვილის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს დიაბეტი ტიპი 2-იც. როგორც წესი, დაქვეითებულია ინტელექტი და სწავლის უნარები, ხშირია ქცევითი პრობლემები, ძილის დარღვევა. დამახასიათებელია ვიწრო შუბლი, ნუშის ფორმის თვალები, სამკუთხა პირი, დაბალი ტანი პატარა კიდურებით და განუვითარებელი სასქესო ორგანოებით. ყოველი ათი-ოცდაათი ათასი ბავშვიდან ერთი ამ სინდრომით იბადება.

. ბარდეტ-ბიდლის სინდრომი. ყოველ პაციენტთან სხვადასხვანაირად ვლინდება, ერთი ოჯახის წევრებს შორისაც კი. მისი ერთ-ერთი ტიპობრივი ნიშანია მხედველობის დაკარგვა, რაც ბადურას დაზიანებას უკავშირდება, მეორე კი – სიმსუქნე. წონის არანორმალური მატება, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში იწყება და მთელი სიცოცხლე პრობლემად რჩება. სიმსუქნე შეიძლება გათულდეს დიაბეტი ტიპი 2-ით, არტერიული წნევის მატებით, ქოლესტეროლის პათოლოგიურად მაღალი დონით. ბარდეტ-ბიდლის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ ზედმეტი თითები (პოლიდაქტილია), ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა, სასქესო ორგანოების ანომალიები. თირკმელების ანომალიები და სხვა.

სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელება სხვადასხვანაირია. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ბარდეტ ბიდლის სინდრომით იბადება 140.000-160.000-დან ერთი ახალშობილი, კუვეიტში კი – 13.500-დან ერთი.

. ალსტრემის სინდრომი. დამახასიათებელია მხედველობისა და სმენის პროგრესირებადი დაკარგვა, გულის კუნთის დაზიანება (დილატაციური კარდიომიოპათია), სიმსუქნე, დიაბეტი ტიპი 2 და ზრდის შეფერხება. შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო პრობლემებიც პროცესში ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის, ფილტვების ჩართვისას. ალსტრემის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანს ემართება შავი აკანთოზი: ნაოჭებსა და ნაკეცებში კანი სქელდება, მუქდება, იძენს ხავერდოვან ფაქტურას.

ალსტრემის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები სხვადასხვა სიმძიმით ვლინდება. ამასთან, ყოველთვის ყველა დამახასიათებელი ნიშანი არ იყრის თავს. დღეისთვის მსოფლიოში ალსტრემის სინდრომის მქონე 900-ზე მეტი ადამიანია აღრიცხული.

. კოენის სინდრომი – ვლინდება განვითარების შეფერხებით, ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდულობით, თავის მცირე ზომით და კუნთების სისუსტით. ამ მდგომარეობის გავრცელებული ნიშნებია ახლომხედველობა, ბადურას დისტროფია, სახსრებში მოძრაობის უჩვეულოდ ფართო დიაპაზონი (ჰიპერმობილობა), გარეგნული ნიშნებიდან – სქელი თმა და წარბები, გრძელი წამწამები, უჩვეულო (ტალღისებრი) ფორმის თვალები დაბლა დაშვებული კუთხეებით, მცირე მანძილი ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის, გამოკვეთილი ზედა წინა კბილები (რის გამოც კოენის სინდრომის მქონე ადამიანებს პირი ღია აქვთ). ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია) და უჩვეულო ტიპის სიმსუქნე, რომელიც გვიანი ბავშვობის ან მოზარდ ასაკში ვითარდება: სუქდება ტანი, ხელ-ფეხი კი გამხდარი რჩება.

მსოფლიოში კოენის სინდრომის მქონე ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული.

წონის მატების რისკფაქტორები

არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს წონის მატებას. ზოგიერთ მათგანზე ზემოქმედება შესაძლებელია, ზოგიერთზე კი – არა.

წონის მატების რისკფაქტორებია:

. ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა, რაც ხშირად შედეგია ტელევიზორზე, კომპიუტერსა თუ სხვა ელექტრონულ გაჯეტებზე დამოკიდებულებისა. ფიზიკური აქტიურობის გაზრდა და ეკრანთან ნაკლები დროის გატარება ადამიანს ჯანსაღი წონის დაბრუნებასა და შენარჩუნებაში დაეხმარება.

. არაჯანსაღი კვებითი ქცევა, რაც დახარჯულზე მეტი კალორიის მიღებით გამოიხატება. წესისამებრ, ამ დროს რაციონში ჭარბადაა ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, შაქარი.

. ძილის უკმარისობა – არაერთი გამოკვლევა მოწმობს კავშირს ძილის უკმარისობასა და მაღალ სმი-ს შორის.

. სტრესი – მწვავე და ქრონიკული სტრესი ასტიმულირებს იმ ჰორმონების წარმოქმნას, რომლებიც აკონტროლებენ ენერგეტიკულ ბალანსს და შიმშილს. თუ მწვავე სტრესს შეუძლება გამოიწვიოს ისეთი ჰორმონული ცვლილებები, რომელთა გამოც ადამიანს მადა ეკარგება, ქრონიკული სტრესის თანმხლები ჰორმონული ძვრა მას მეტის ჭამისა და ცხიმის დაგროვებისკენ უბიძგებს.

. ასაკი – წონის არაჯანსაღი მატების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ნორმალური სმი-ს მქონე ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ახალგაზრდობიდანვე იწყებს წონის აკრეფას, რაც 60-65 წლამდე გრძელდება, მერე კი იკლებს. ცალკე საკითხია ბავშვთა სიმსუქნე, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა.

. გარემო ფაქტორები, მათ შორის – დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, არაჯანსაღი ან საფრთხის შემცველი სოციალური გარემო, მარტივი წვდომა სწრაფი კვების ობიექტებზე, შეზღუდული წვდომა რეკრეაციულ ობიექტებსა და პარკებზე, საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გზის არარსებობა, დაბინძურებული გარემო. პლასტმასის, კოსმეტიკური საშუალებების, ჰერბიციდების  შემადგენლობაში არსებული ქიმიკატების – ე.წ. ობესოგენების (ბისფენოლი A, ფტალატები და სხვა) ზემოქმედებას შეუძლიათ ჰორმონების შეცვლა და ცხიმოვანი ქსოვილის ზრდის ხელშეწყობა.

. ოჯახური ისტორია და გენეტიკა _ შესაძლოა, ჭარბი წონა და სიმსუქნე გენებით იყოს განპირობებული. კვლევებმა აჩვენა, რომ დნმ-ს ზოგიერთი ელემენტი ჭარბწონიანობასთან ასოცირდება. აღმოჩნდა ისიც, რომ სიმსუქნეს შეუძლია შეცვალოს ადამიანის დნმ. მაგალითად, თუ დედა ორსულობის დროს ზედმეტად ბევრს ან ზედმეტად ცოტას ჭამს, ბავშვის დნმ შესაძლოა შეიცვალოს, რაც გავლენას მოახდენს მომავალში ორგანიზმის მიერ ცხიმების შენახვასა და გამოყენებაზე. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიანი მამების სპერმატოზოიდში დნმ-ს ცვლილებებია, რომლებიც შეიძლება შვილებსაც გადასცეს.

. რასა და ეთნიკური კუთვნილება. ჭარბი წონა და სიმსუქნე განსაკუთრებით გავრცელებულია ზოგიერთ რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში. ამერიკის ზრდასრულ მოსახლეობაში ჭარბწონიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია შავკანიანებს შორის. მათ ესპანელები მოსდევენ. რაც შეეხება აზიელებს, მათი სმი შესაძლოა დაბალი იყოს, მაგრამ დაგროვილი ჰქონდეთ დიდი რაოდენობით არაჯანსაღი ცხიმი მუცლის არეში.

. სქესი. ჭარბი წონა და სიმსუქნე ხშირია საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალებთან. ეს არის ენდოკრინული მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ოვულაციას და შვილოსნობას.

როგორ ადგენენ

მომატებულია თუ არა წონა, ამის დადგენა ადვილად შეიძლება სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრით. ნორმად ითვლება სმი 18,5-დან 25-მდე. მაგრამ როცა წელის გარშემოწერილობა მომატებულია, ეს მუცლის არეში ცხიმის ჭარბ დაგროვებაზე მიანიშნებს და თუნდაც სხეულის მასის ინდექსი ჯანსაღ დიაპაზონში იყოს, შესაძლებელია, მდგომარეობა სიმსუქნედ შეფასდეს.

სმი-ს ეს ნორმები ბავშვებთან არ გამოგადგებათ. მათი წონის შეფასება სპეციალური სქემებით ხდება, რომლებიც ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ.

გასათვალისწინებელია კვებისა და ფიზიკური დატვირთვის ჩვევები, ოჯახური ისტორია, სხვა რისკფაქტორები.

სმი-ს გამოსაანგარიშებლად ექიმს მოუწევს თქვენი აწონა და გაზომვა. სიმაღლესთან ერთად ის გაზომავს წელის გარშემოწერილობასაც, ბოლოს კი ჭარბი წონის სამედიცინო მიზეზებს გამორიცხავს. ამისთვის შესაძლოა მოითხოვოს რამდენიმე გამოკვლევა:

. ჰიპოთირეოზის გამოსარიცხად – სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემცველობის დასადგენი ტესტები (ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი – თშH, თიროქსინი – FT4 ან ტრიიოდთირონინი FT3);

. კუშინგის სინდრომის გამოსარიცხად – კორტიზოლისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) გამოკვლევა;

. საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის გამოსარიცხად – საერთო ტესტოსტერონისა და დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის (DHEAS) განსაზღვრა;

. ექოსკოპია საკვერცხეების გამოსაკვლევად და ცისტების აღმოსაჩენად.

პრევენცია

წონის მატების პრევენცია არა არის ძნელი. თუ სმი-მ მიგანიშნათ, რომ ზედმეტ წონას უახლოვდებით ან გაქვთ ჭარბი წონის რისკფაქტორები, უნდა შეიცვალოთ ცხოვრების წესი – ჯანსაღად იკვებოთ, ფიზიკურად იაქტიუროთ და სრულფასოვნად იძინოთ.

ვებრძვით წონას

წონის კლებისა და ნორმის ფარგლებში შენარჩუნების მთავარი პრინციპები ყველამ იცის: ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ის ორი იარაღია, რომელთა გონივრული გამოყენებით სასურველ შედეგს მივიღებთ. ამისთვის მარტივი მათემატიკური გათვლაა საჭირო: ნაკლები კალორიის მიიღება და მეტის დახარჯვა.

ჯანსაღი კვება

კალორიების დათვლასთან ერთად მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვებაც. აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან ერთად პერიოდულად გამოსცემს ამერიკელებისთვის განახლებულ დიეტურ რეკომენდაციებს. მეცხრე გამოცემაში, რომელიც 2020-2025 წლებს მოიცავს, შემდეგ რეკომენდაციებს ამოიკითხავთ:

. ჯანსაღი კვების დაწყება არასოდეს არის არც ნაადრევი, არც დაგვიანებული, მაგრამ ეცადეთ, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჯანსაღად იკვებოთ.

. ადამიანმა უნდა მიიღოს ისეთი საჭმელი და სასმელი,  რომელიც მას საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს, მაგრამ არ ან თითქმის არ აქვს დამატებული შაქარი, მარილი და ნაჯერი ცხიმი.

. წონის დასაკლებად და შესანარჩუნებლად ადამიანმა უნდა მიიღოს რეკომენდებული ოდენობის ჯანსაღი საკვები რეკომენდებული კალორიებით, რაც დიეტოლოგს უნდა შეუთანხმოს. რამდენ კალორიას შეიცავს ესა თუ ის საკვები, ინტერნეტში ადვილი საპოვნელია. ასეთი ცხრილი შეიძლება თქვენმა დიეტოლოგმაც მოგცეთ, მაგრამ სასურველია, უამისოდაც იცოდეთ ჯანსაღი კვების ძირითადი ელემენტები და ყოველდღიურ რაციონში პროდუქტები ყველა ჯგუფიდან შეიტანოთ:

ბოსტნეული – მუქი მწვანე; წითელი და ნარინჯისფერი; პარკოსნები – ლობიო, ბარდა, ოსპი; კარტოფილი და სხვა;

ხილი – ფაქტობრივად ყველა;

მარცვლეული, რომლის ნახევარი მაინც გაუფცქვნელი უნდა იყოს;

რძის ნაწარმი, მათ შორის – უცხიმო ან ნაკლებცხიამიანი რძე, იოგურტი, მაწონი, ყველი, ულაქტოზო გამდიდრებული სოია;

ცილოვანი საკვები, მათ შორის – მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, ლობიო, ბარდა, ოსპი, თხილეუელი, თესლეული, სოიის პროდუქტები;

ზეთები, მათ შორის – მცენარეული და საკვების (ზღვის პროდუქტების, თხილეულის) შემადგენლობაში არსებული.

მითები კვების შესახებ

წონის კლებასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გვესმის, თუმცა ყველა მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს.

მითი: წონის დასაკლებად უარი უნდა თქვათ ყველა საყვარელ საკვებზე.

ფაქტი: წონის დასაკლებად სულაც არ არის აუცილებელი ყველა საყვარელ საკვებზე უარის თქმა. შესაძლოა უბრალოდ ულუფის შემცირება მოგიწიოთ. არ დაგავიწყდეთ კალორიების გადამოწმება.

მითი: თუ წონის დაკლება გსურთ, უნდა ერიდოთ მარცვლეულს და მის ნაწარმს – პურს, მაკარონს, ბრინჯს და ა.შ., რადგან ასეთი საკვები ცხიმად გარდაიქმნება და ორგანიზმში გროვდება.

ფაქტი: მარცვლეული ჯანსაღი კვების ნაწილია, მაგრამ მისი ნახევარი მაინც მთლიანი, გაუფქცვნელი უნდა იყოს. მაგალითად, ყავისფერი ბრინჯი, დაუცეხვავი ხორბლის პური.

მითი: უგლუტენო საკვები უფრო ჯანმრთელია

ფაქტი: უგლუტენო საკვები სხვაზე ჯანმრთელი არ არის. გლუტენი ცილაა, რომელსაც ხორბლის, ქერისა და ჭვავის მარცვლები შეიცავს. უგლუტენო დიეტა ენიშნებათ ცელიაკიით დაავადებულ და გლუტენის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს. თუ არც ერთი ეს პრობლემა არ გაწუხებთ, მაგრამ გლუტენს მაინც ერიდებით, შეიძლება საჭირო ვიტამინების, მინერალებისა და ბოჭკოს გარეშე დარჩეთ. თანაც უგლუტენო დიეტა სულაც არ არის განკუთვნილი წონის დასაკლებად და ამაში ვერ დაგეხმარებათ.

მითი: თუ წონის დაკლება გინდათ, უარი უნდა თქვათ ყოველგვარ ცხიმზე.

ფაქტი: ცხიმი ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს და ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ იმის გამო, რომ უფრო კალორიულია, ვიდრე ცილები ან ნახშირწყლები, საჭიროა მათი შეზღუდვა. მიიღეთ ჯანსაღი ცხიმი (ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ავოკადო, თხილეული), ისიც – მცირე რაოდენობით. ცხიმიანი ყველი და რძე დაბალცხიმიანი ნაწარმით შეცვალეთ. ეცადეთ, ნაჯერი ცხიმების წილი არ აღმატებოდეს თქვენი დღიური კალორაჟის 10 პროცენტს.

მითი: წონის დაკლებისას რძის ნაწარმზე უარის თქმა ჯობია.

ფაქტი: რძის ნაწარმი საკვების მნიშვნელოვანი ჯგუფია. ის შეიცავს ცილებს (საჭიროა კუნთების შენებისა და ორგანოების ფუნქციობისთვის) და კალციუმს (აუცილებელია ძვლების სიმაგრისთვის და სხვა ფუნქციების შესასრულებლად). ლაქტოზის აუტანლობისას შეგიძლიათ რძე სოიის ნაწარმით შეცვალოთ.

მითი: ვეგეტერიანელობა დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც და ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც.

ფაქტი: არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ჯანმრთელი ვეგეტარიანული კვება ამცირებს სიმსუქნის, მაღალი არტერიულ წნევის და გულის დაავადებების რისკს, მაგრამ ვეგეტარიანელობა წონის დაკლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწვევს, თუ შეამცირებთ მიღებული კალორიების საერთო რაოდენობას. ზოგიერთი ვეგეტარიანელი ჭამს ტკბილს, ცხიმიანს ან უბრალოდ ბევრს და შედეგად, რა თქმა უნდა, წონასაც იმატებს. ამის საპირისპიროდ, რაციონში მჭლე ხორცის ზომიერად ჩართვით წონის დაკლებაც შეიძლება და ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაც.

თუ ვეგეტარიანულ კვებას აირჩევთ, დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობით მიიღებთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ნივთიერებებს.

...

ფიზიკური დატვირთვა

ჭარბწონიან ადამიანებს ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა მძიმე საქმედ მოეჩვენოთ ან შეეშინდეთ მისი დაყწების. დამტკიცებულია, რომ ფიზიკური დატვირთვა უსაფრთხოა თითქმის ყველასთვის და მისი სარგებელი ბევრად აღემატება რისკს. მაგრამ თუ შეზღუდული გაქვთ მოძრაობა, ადვილად იღლებით და სუნთქვა გიჭირთ, გაქვთ დიაბეტი, ჰიპერტენზია ან გულის დაავადება, ძვლების ან სახსრების პრობლემები, ვარჯიშის დაწყებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა:

• ახანგრძლივებს სიცოცხლეს;

• გვიცავს  დიაბეტი ტიპი 2-ის, გულის დაავადებების, ინსულტის, გარკვეული ტიპის კიბოს განვითარებისგან;

• ამცირებს არტერიულ წნევას და სისხლში გლუკოზას;

• ამაგრებს ძვლებს, კუნთებსა და სახსრებს;

• აძლიერებს გულსა და ფილტვებს;

• აუმჯობესებს ღამის ძილს და განწყობას.

რა უნდა ვიცოდეთ

პირველმა ვარჯიშმა შესაძლოა კუნთების ტკივილი გამოიწვიოს, მაგრამ როდესაც დატვირთვას შეეჩვევით, დისკომფორტი აღარ შეგაწუხებთ.

დატვირთვა თანდათან გაზარდეთ.

უსაფრთხო ვარჯიშისთვის:

. ატარეთ სათანადო აღჭურვილობა, მაგალითად, ჩაფხუტი ველოსიპედით სეირნობისას

. რეგულარულად გადაამოწმეთ სპორტული ინვენტარის გამართულობა.

. ეძებეთ უსაფრთხო ადგილები. მაგალითად, იარეთ`ირბინეთ ქუჩის, პარკის, სკვერის მხოლოდ განათებულ ნაწილზე.

. ოფლიანობის შედეგად ორგანიზმის გაუწყლოებას და გადახურებას რომ გადაურჩეთ, სვით ბევრი სითხე. აუცილებლად სვით წყალი ვარჯიშის დროს.

. ცხელ დღეებში ატარეთ ფარფლებიანი ქუდი, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.

. სიცივეში თბილად ჩაიცვით.

თუ დატვირთვისას თავს ცუდად გრძნობთ, გაწუხებთ ტკივილი, შებოჭილობა ან ზეწოლა გულმკერდის ან კისრის არეში, ძლიერი ქოშინი, თავბრუხვევა, – შეწყვიტეთ ვარჯიში და დასახმარებლად ვინმეს უხმეთ.

რა და როგორ

იმისთვის, რომ ფიზიკური აქტივობა თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცეს, სულაც არ არის საჭირო სპორტსმენობა. ჯანმრთელობას წაადგება ყოველდღიური საქმიანობაც: ძაღლის გასეირნება, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ფეხით სიარული (ვარჯიშის უფასო და ყველაზე მარტივი ფორმა, რომლის შესრულებაც თითქმის ყველგანაა შესაძლებელი), ცეკვა, თუნდაც შინ, ველოსიპედით სიარული (შესაძლოა ჯობდეს სამთო ველოსიპედი, რომელსაც უფრო ფართო საბურავები აქვს და უფრო მყარია), ცურვა და ვარჯიში წყალში სახსრების დასაზოგავად.

აერობულთან ერთად საჭიროა ძალისმიერი ვარჯიშებიც, თუმცა აჯობებს, კონსულტაცია გაიაროთ სერტიფიცირებულ ფიტნესინსტრუქტორთან, რათა გაიგოთ, რომელი ვარჯიშებია თქვენთვის საჭირო და როგორ შეასრულოთ ისინი უსაფრთხოდ.

მითები ფიზიკური აქტივობის შესახებ

მითი: ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ მაშინ გეთვლება, თუ ხანგრძლივია.

ფაქტი: რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობად ითვლება კვირაში მინიმუმ 150-წუთიანი (ორსაათ-ნახევრიანი) საშუალო სიმძიმის ფიზიკური დატვირთვა (მაგალითაად, სწრაფი სიარული – 5 კმ`სთ ან მეტი სიჩქარით), რომელიც შეიძლება სურვილისამებრ გაანაწილოთ, მაგალითად, ივარჯიშოთ კვირაში ხუთი დღე, დღეში ორჯერ თხუთმეტ-თხუთმეტი ან დღეში სამჯერ ათ-ათი წუთი.

მითი: ძალისმიერი ვარჯიში წონას მატებს

ფაქტი: კვირაში 2-3-ჯერ ძალისმიერი ვარჯიშის 8-12 შესრულება კუნთებს ავითარებს და ამაგრებს, მაგრამ წონას არ მატებს. დიდი კუნთები მხოლოდ ხანგრძლივი, რეგულარული და ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ვითარდება

წონის დაკლების ქირურგიული მეთოდები

როდესაც ჭარბ წონასთან გამკლავება ცხოვრების წესის შეცვლით ვერ ხერხდება, მედიცინა სხვა გამოსავალს გვთავაზობს. ბარიატრიული ქირურგიის ისტორიაა აშშ-ში 1960-იან წლებში დაიწყო. ოპერაცია ღია წესით ტარდებოდა და ხშირად რთულდებოდა. ვინაიდან რისკი უფრო დიდი იყო, ვიდრე სარგებელი, იმხანად ამ მეთოდმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარებამ კი ბარიატრიული ქირურგია ააღორძინა. წონის დაკლების მიზნით ოპერაციას დღეს უამრავი ადამიანი იკეთებს.

იმის შესახებ, როდის რა ტიპის ქირურგიული ჩარევაა შესაძლებელი და რეკომენდებული ჭარბი წონის მოსაშორებლად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლის” ქირურგიული დეპარტამენტის უფროსს ჯაბა ბაბაევს ვესაუბრეთ.

– ვის სჭირდება ბარიატრიული ქირურგია?

– ბარიატრიული ოპერაციისთვის უმეტესად ისეთი ადამიანები მოგვმართავენ, რომლებმაც უკვე მოსინჯეს სხვადასხვა დიეტა, შეასრულეს ენდოკრინოლოგისა თუ დიეტოლოგის რეკომენდაციები კვებისა და მოძრაობის შესახებ და შესაძლოა, 60-70 კილოგრამიც კი დაიკლეს, მაგრამ მერე უფრო მეტი მოიმატეს. ასეთ ადამიანებს დარღვეული აქვთ ნივთიერებათა ცვლა, აღენიშნებათ ქრონიკული ჰიპერტენზია, ტაქიპნოე (აჩქარებული ზერელე სუნთქვა), ძვალსახსროვანი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი. ამ ყველაფრის ფონზე წონის დაკლებისადმი კონსერვატიული მიდგომა პრაქტიკულად უშედეგოა.

ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ, როცა სხეულის მასის ინდექსი (სმი, BMI):

. 40 ან მეტია ანუ აღინიშნება მორბიდული (მესამე ხარისხის) სიმსუქნე – ამ შემთხვევაში ოპერაცია ტარდება;

. 35-დან 39,9-მდეა და ერთვის დიაბეტი ტიპი 2, მაღალი არტერიული წნევა ან ძილის აპნოე – ამ შემთხვევაში შესაძლებელია მცირეინვაზიური მიდგომით მკურნალობა, მაგალითად, კუჭში ბოტოქსის ინექცია ან ბალონირება;

. 30-დან 34-მდეა და ერთვის წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა – ამ შემთხვევაშიც მცირეინვაზიური მეთოდები გამოიყენება.

ბოტოქსი კუჭში

– კუჭში ბოტოქსის ინექცია ენდოსკოპიურად ტარდება. ბოტულინის ტოქსინი (ბოტოქსი, დისპორტი ან სხვა ალტერნატიული პრეპარატი) კუჭის ლორწოვანი გარსის შესაბამის უბანში შეგვყავს, რის შედეგადაც კუჭის მოცულობა მცირდება და ვითარდება დროებითი – 4-6-თვიანი – გასტროპარეზი, კუჭის კუნთების მოდუნება. პარეზის გამო კუჭი შედარებით ნელა იცლება შიგთავსისგან და პაციენტს უფრო მეტხანს მიჰყვება დანაყრების გრძნობა. ამასთან ერთად, ბოტოქსის ინექცია თიშავს მადისა და შიმშილის ნერვების დაბოლოებებს – გრელინის (შიმშილის ჰორმონის) რეცეპტორებს – და თრგუნავს თავად გრელინის გამოყოფას. ბოტოქსის ინექცია რეკომენდებულია მათთვის, ვისაც 15-25 კილოგრამის დაკლება სჭირდება. ბოტოქსის შეყვანის პროცედურა 30 წუთი გრძელდება, ტარდება ხანმოკლე ანესთეზიით და პაციენტი გაღვიძებისთანავე გრძნობს შედეგს – სიმაძღრეს და მადის დაქვეითებას. მკურნალობა ამბულატორიულია, პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პაციენტების მცირე ნაწილი რამდენიმე დღის განმავლობაში უჩივის მსუბუქ გულისრევის შეგრძნებას და პირში უსიამოვნო გემოს.

წონის კლება პროცედურის დღიდანვე იწყება და ნელ-ნელა, ჯანსაღი ტემპით მიმდინარეობს. საბოლოო შედეგს 5-6 თვეში ვიღებთ, 4-6 თვის შემდეგ კი ბოტოქსი გაიწოვება.

– აქვს თუ არა ამ მეთოდს უკუჩვენება?

– უკუჩვენებაა საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის მწვავე წყლულოვანი დაავადება, ნაღველკენჭოვანი დაავადება, სიმსივნე, ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევა.

ბალონირება

– კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება სამედიცინო მანიპულაციაა, რომლის დროსაც ინტრავენური ან ზოგადი ანესთეზიის ფონზე კუჭში სპეციალური ბალონი თავსდება. ის იბერება ფიზიოლოგიური ხსნარით და განსაზღვრული ვადით, უმეტესად – 6 თვით, კუჭში რჩება. ბალონი ავსებს კუჭს და ამცირებს მის მოცულობას. პაციენტს აქვს მუდმივი სიმაძღრის შეგრძნება, ძალიან ცოტას ჭამს და, შესაბამისად, შესამჩნევად იკლებს წონას.

კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება მიზანშეწონილია მათთვის, ვისი სმი-ც 30-დან 40-მდეა. დასაკლები წონა არ უნდა აღემატებოდეს 30-35 კილოგრამს. პროცედურა 30-40 წუთი გრძელდება. პაციენტს ქირურგიული განყოფილების პალატაში 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან, მერე კი შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით უშვებენ სახლში.

ბალონის ამოღების პროცედურა ტარდება ენდოსკოპიურად, ინტრავენური ნარკოზით. ამ დროისთვის პაციენტს, წესისამებრ, უკვე 20-35 კგ აქვს დაკლებული, მაგრამ შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა დაიცვას ენდოკრინოლოგის მიერ შერჩეული რეჟიმი.

კუჭის ბანდაჟირება

– ეს ოპერაცია ლაპაროსკოპიულად, ზოგადი ანესთეზიით ტარდება. კუჭის ზედა ნაწილის გარშემო ქირურგი ათავსებს სპეციალურ რგოლს, რითაც ერთგვარ პატარა ჩანთას ქმნის. საკვები ამ ჩანთაში კავდება და ადამიანს მცირე ულუფაც კი ანაყრებს.

სლივგასტრექტომია

– სლივგასტრექტომიის, კუჭის ვერტიკალური რეზექციის, იმავე სახელოსებრი რეზექციის დროს იჭრება კუჭის დიდი სიმრუდე, მისი ყველაზე გაბერილი ნაწილი, სადაც მდებარეობს გრელინის რეცეპტორები. რაც უფრო მეტად არის გაწელილი კუჭი, რეცეპტორიც უფრო მეტია და პაციენტიც უფრო მეტს ჭამს. ნაოპერაციები კუჭი ბანანის ფორმას იღებს და თავდაპირველ ზომასთან შედარებით შესამჩნევად პატარავდება. პაციენტი შიმშილის შეგრძნებას კარგავს და ოპერაციის მეორე დღიდანვე იწყებს წონის კლებას.

– მოსალოდნელია თუ არა გართულება სლივგასტრექტომიის შემდეგ?

– განსაზღვრული რისკი ნებისმიერ ოპერაციას სდევს თან, თუმცა ლაპარასკოპიულ მიდგომას ის მინიმუმამდე დაჰყავს. რეაბილიტაციის პერიოდიც ხანმოკლეა, პაციენტი მეორე დღესვე დგება ფეხზე, იწყებს წყლის სმას, მესამე დღიდან – თხიერი საკვების მიღებასაც და სახლშიც მიდის. გარდა ამისა, სარგებელი ბევრად აჭარბებს რისკს. გაწერიდან მეორე დღეს პაციენტს, წესისამებრ, უკვე 3-4 კილოგრამი აქვს  დაკლებული, ხოლო ორ კვირაში -12-14 კგ.  ორ კვირაშივე მსუბუქდება თანმხლები დაავადებები, ადამიანი აღარ ხვრინავს, აღარ აწუხებს ძილის აპნოე, ნორმას უბრუნდება წნევა. ბოლო პერიოდში ჩემს რამდენიმე დიაბეტიან პაციენტს სლივგასტროქტომიის შემდეგ სისხლში გლუკოზის შემცველობა უწამლოდ დაურეგულირდა.

– როგორ უნდა შეინარჩუნოს პაციენტმა მიღებული შედეგი?

–  ბარიატრიულ პაციენტს ძირითადად ენდოკრინოლოგი მართავს – ამზადებს ქირურგთან გასაგზავნად, ხოლო ოპერაციის შემდეგ მეთვალყურეობს; ინდივიდუალურად ურჩევს, რა ჭამოს და რა – არა, რამდენი ჭამოს, როგორ დაიტვირთოს ფიზიკურად და სხვა.

შემოვლითი ოპერაცია

– რა განსხვავებაა სლივგასტრექტომიასა და სხვა ტიპის ოპერაციებს შორის?

– სლივგასტრექტომიის დროს ოპერაცია მხოლოდ კუჭზე ტარდება. ვინაიდან ამ ორგანოს ნაწილი იჭრება, სლივგასტრექტომიას კუჭის დაპატარავების ოპერაციასაც ეძახიან. სხვა ბარიატრიული ტექნიკების პრინციპია თორმეტგოჯა ნაწლავის შემოვლითი გზის შექმნა, შუნტირება (ბაიპასი). არსებობს მისი რამდენიმე მეთოდი: ერთანასტომოზიანი, ორანასტომოზიანი და სხვა. განსაკუთრებით ეფექტიანია კუჭის მინიშუნტირება, მინიგასტრობაიპასი, რომლის დროსაც კუჭი იჭრება, რჩება მხოლოდ ზედა, მუშტისხელა ნაწილი და უერთდება თორმეტგოჯა ნაწლავის იმ ნაწილს, რომელიც წვრილ ნაწლავში გადადის. საკვები გვერდს უვლის დაახლოებით 1.5 მ სიგრძის ნაწლავს.  ეს ოპერაცია ტექნიკურად რთულია და შედარებით ხანგრძლივიც: თუ სლივგასტრექტომიას ერთი საათი სჭირდება, მინიშუნტირება ორ საათს, ორსაათ-ნახევარს მოითხოვს.

შეიძლება შუნტირების სლივგასტრექტომიასთან ერთად ჩატარებაც  (SADI-S). ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია მორბიდული სიმსუქნის თანმხლები გართულებების დროს. ამ ოპერაციის შედეგად საჭმლის გამტარი გზიდან ნაწლავის უფრო მეტი ნაწილი ითიშება.

– როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი?

– პაციენტი ამ შემთხვევაშიც ოპერაციის მეორე დღესვე აქტიურდება და 3-4 დღეში ბინაზე ეწერება, მაგრამ ვინაიდან ნაწლავის დიდი ნაწილი  გამოთიშულია მონელების პროცესიდან, ორგანიზმი ნუტრიენტების ნაწილს ვეღარ ითვისებს, ამიტომ  პაციენტმა ექვს თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ანალიზები სისხლში ცილის, კალიუმის და სხვა აუცილებელი ნივთიერებების ოდენობის შესამოწმებლად.

მინიშუნტირების შორეული შედეგები გაცილებით უკეთესია, ვიდრე სლივგასტრექტომიისა. პაციენტი მთელი სიცოცხლე იკლებს და დიდხანსაც ინარჩუნებს წონას. მინიშუნტირება მათთვისაა, ვისაც გახდომა უნდა, მაგრამ დიეტას ვერ იცავს, ტკბილეულზე უარს ვერ ამბობს. თუ სლივგასტრექტომიის შემთხვევაში პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, შუნტირების შემდეგ მას არავითარი შეზღუდვა არ უწესდება.

ხდება ხოლმე, რომ სლივგასტრექტომიის შემდეგ პაციენტი ვერ ასრულებს რეკომენდაციებს და წლების შემდეგ წონას ისევ იმატებს. მდგომარეობის საკორექციოდ ამ შემთხვევაშიც მინიშუნტირებას მივმართავთ.

ოპერაციის უკუჩვენება

– ბარიატრიული ქირურგიის, ისევე როგორც ბალონირების უკუჩვენებაა C ჰეპატიტით ღვიძლის დაზიანება, ციროზი, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სიმსივნე, სიმსუქნის თანმხლები განსაზღვრული დაავადებების არსებობა 65-70 წლის შემდეგ.

ამრიგად, ბარიატრიული ქირურგია არაერთი დაავადებისგან განკურნების საშუალებაა, განსაკუთრებით – სხეულის მასის მაღალი ინდექსის დროს, როდესაც კონსერვატიული მეთოდები უშედეგოა. სახელმწიფო თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის ამ ოპერაციის დაფინანსება გაცილებით ხელსაყრელი იქნება, ვიდრე სიმსუქნით გამოწვეული ქრონიკული დაავადებების მკურნალობა.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: