მასაჟი ძვირფასი ქვებით - რა უნდა ვიცოდეთ როლერის შესახებ

გააზიარე:

ქვის როლერი რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და დღესაც პოპულარულია. ის, ტრადიციისამებრ, ნეფრიტისგან მზადდება, თუმცა ბროლის, ამეთვისტოს და ვარდისფერი კვარცის ნაკეთობებსაც შეხვდებით.

ბაზარზე სხვა მასალის როლერიც მრავლადაა და ყველა მათგანი ერთი და იმავე პრინციპით მუშაობს, მაგრამ ბლოგერები, რომლებიც თავის მოვლის საკითხებზე წერენ, გვარწმუნებენ, რომ ნატურალური ქვა ყველაზე ეფექტურია. მათი თქმით, ასეთი ქვისგან დამზადებული მასაჟორი კანის სტრუქტურას შესამჩნევად აუმჯობესებს. მეტიც: მისი დახმარებით ნაოჭების გაქრობასაც კი გვპირდებიან.

გაინტერესებთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? და თუ ასეა, როგორ გამოვიყენოთ როლერი მაქსიმალური ეფექტის მისაღებად?

ბაზარზე ქვის მასაჟორების ფართო არჩევანია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ნეფრიტის (იმავე ჟადის) და კვარცის როლერებზე ვისაუბრებთ.

რა არის Jade Roller-ი

ნეფრიტის როლერი რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის ღერძია, რომელსაც თავსა და ბოლოზე ქვის გორგოლაჭები აქვს დამაგრებული. გორგოლაჭები სხვადასხვა ზომისაა. დიდი ლოყების, შუბლისა და ყელისთვის არის განკუთვნილი, პატარა კი – თვალების გარშემო მიდამოსთვის, ცხვირისა და ნიკაპისთვის.

მოდი, გავიგოთ, რას გვპირდებიან ისინი.

* სახეზე ორმოცდაათამდე კუნთია, რომლებსაც ჩვენს მიმიკას უნდა ვუმადლოდეთ. მათ მოსადუნებლად კი დროდადრო აუცილებელია მასაჟი. მასაჟის გაკეთება თითებითაც შეიძლება, თუმცა როლერით უფრო ეფექტურია. ის ადვილად ხსნის კუნთების დაჭიმულობას და გზას უხსნის სისხლსა და ლიმფას.

* სისხლის მიმოქცევის გააქტიურების შედეგად კანი უფრო გლუვი, ვარდისფერი და ხასხასა ხდება.

* სტიმულირდება კანში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები.

* აქტიურდება ლიმფოდრენაჟი, რაც თავისთავად ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას ნიშნავს.

* მსუბუქი მასაჟი და გრილი ქვა ამცირებს შეშუპებასა და სიშავეს თვალების ირგვლივ.

* მასაჟი ამცირებს სტრესს, რაც იმას ნიშნავს, რომ იკლებს სტრესის ჰორმონების დონე. შედეგად კანს უკეთესად მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები და უფრო ჯანსაღად გამოიყურება.

* იმატებს კუნთების ტონუსი, გამოიკვეთება სახის ოვალი.

* როლერმა შესაძლოა თავის ტკივილიც კი დაგიამოთ. ამისთვის ის გრილი უნდა იყოს ანუ მასაჟის დაწყების წინ გამოიღოთ მაცივრიდან.

* მოვლის საშუალებებიც როლერის დახმარებით უკეთ შეიწოვება კანში.

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ნეფრიტისა და კვარცის როლერები?

ერთი შეხედვით – მხოლოდ ფერით:  ერთი მწვანეა, მეორე – ვარდისფერი. ორივე ხისტია და კანზე სიგრილის სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. მაგრამ, ტრადიციული ჩინური მედიცინის მიხედვით, ყველა მინერალს სხვადასხვა ენერგეტიკა აქვს და სხვადასხვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ ადამიანის ბიოველსა და მის ბედ-იღბალზეც.

მოემზადეთ მცირე ეზოთერიკული ექსკურსისთვის:

ნეფრიტს აზიაში, სიმდიდრის, ბედნიერების, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ქვად მიიჩნევენ. ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, მას აქვს გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ ნეფრიტის როლერი განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.

თუ ხშირად განიცდით სტრესს, კვარცის როლერი საუკეთესო არჩევანია. ვარდისფერი კვარცი გამოულეველი ენერგიის, უპირობო სიყვარულის, თანაგრძნობისა და სულიერი სიმშვიდის სიმბოლოა. ჩინელების რწმენით, ის ხსნის დაძაბულობას და დაღლილობას, განდევნის შიშს, სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს ადამიანს. ვინაიდან სტრესი კანზეც ცუდად აისახება, მისთვის მისწრებაა კვარცის დამამშვიდებელი ძალა.

გამოყენების წესები

თამამად შეგიძლიათ, როლერი თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ. მასაჟის გაკეთება დღეში რამდენჯერმე შეიძლება და ძალიან ეფექტურია ნებისმიერი მიზეზით – უძილობით, ალერგიით, მარილის სიჭარბით – გამოწვეული შეშუპების დროს.

ასაკის მატებასთან ერთად კანი კისერსა და მკერდზეც დუნდება, ამიტომ მასაჟის დროს ნურც ყელისა და დეკოლტეს არეებს დაივიწყებთ.

მნიშვნელოვანია, გორგოლაჭი მხოლოდ ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ – ამოძრაოთ.

როლერით სხეულის სხვა ნაწილების დაზელაც შეიძლება: ბარძაყების, დუნდულების, მკლავების, – შემაერთებელმა ქსოვილმა ელასტიკურობა რომ შეინარჩუნოს და ელასტინისა და კოლაგენის სინთეზიც გააქტიურდეს.

როლერის გამოყენება ნებისმიერი ტიპის კანისთვის შეიძლება. მთავარია, სწორად გამოვიყენოთ.

რა უნდა ვიცოდეთ

* შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტის გასაძლიერებლად როლერი წინასწარ მაცივარში გააცივეთ.

* მასაჟამდე სახე საფუძვლიანად გაიწმინდეთ.

* პირსახოცი ცხელი წყლით დაასველეთ, კარგად გაწურეთ და ცოტა ხნით სახეზე დაიფინეთ, ფორები კარგად რომ გაიხსნას. ამ პროცედურის შედეგად მოვლის საშუალებები უფრო უკეთესად შეაღწევს კანის ღრმა ფენებში.

* კანზე უხვად წაისვით კრემი (ან კოსმეტიკური ზეთი) და როლერით ნაზად დაიზილეთ.

* შეგიძლიათ, როლერი ქსოვილის ნიღბის ზემოდანაც გამოიყენოთ.

* ისე ნუ დააწვებით, რომ გეტკინოთ. ძლიერმა ზეწოლამ შესაძლოა კანი უფრო მეტად გააღიზიანოს და გააწითლოს.

როგორ ვაგორაოთ

როლერი ამოძრავეთ ერთი მიმართულებით და არა ზემოთ-ქვემოთ.

შუბლზე: ჯერ ვერტიკალურად, წარბიდან თმისკენ, მერე – ჰორიზონტალურად, შუა ხაზიდან საფეთქლისკენ.

თვალის გარშემო: ჯერ – ყვრიმალის გასწვრივ, თვალის შიდა კუთხიდან საფეთქლისკენ, მერე – ქუთუთოზე, ასევე საფეთქლისკენ.

ცხვირზე: წვერიდან წარბებისკენ

ლოყებზე: ნიკაპის შუა ხაზიდან ყვრიმალის გავლით საფეთქლებისკენ; საულვაშიდან საფეთქლებისკენ.

ნიკაპზე: დაიდეთ როლერი ტუჩსა და ნიკაპს შორის და ნელა აგორავეთ ქვედა ყბის გასწვრივ ყურისკენ.

დასასრულ – საფეთქლებიდან ქვემოთ, ლიმფური კვანძებისკენ.

როლერი ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.

რას ამბობენ სხვა ძვირფასი ქვების შესახებ?

ამეთვისტო – საუკეთესოა აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.

ონიქსი – უხდება თვალის ირგვლივ მიდამოს, ამშვიდებს კანს და ამცირებს შეშუპებას.

ავენტურინი – კანს აჯანსაღებს და აცოცხლებს ოღონდ უმჯობესია, მასაჟამდე რამდენიმე წუთით თბილ წყალში გააჩეროთ.

GUA SHA

გუა შა ჩინური მასაჟის უძველესი მეთოდია. ის ბრტყელი, გლუვი ქვით სრულდება, რომელსაც დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც როლერს: ააქტიურებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ზრდის კანის ელასტიკურობას, ამცირებს აკნეს, მიმიკურ ნაოჭებს, ამკვრივებს მოშვებულ კანს.

ამ მეთოდს მარტო დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი არ აქვს – სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში მას დღესაც აქტიურად იყენებენ ზურგის, კისრის, მხრების, თავის ტკივილის სამკურნალოდ.

მასაჟის დაწყებამდე კანი ნუშის, ქაცვის, ჟოჟობას ან სხვა კოსმეტიკური ზეთით დაიმუშავეთ. ქვა ირიბად დაიჭირეთ და წიბოთი მსუბუქად დაისვით კანზე. თუ კანი ოდნავ გაწითლდა, ნუ შეგეშინდებათ, პირიქით, უკეთესია. მასაჟი შეგიძლიათ 5-10 წუთიც გააგრძელოთ.

რომელი უფრო ეფექტურია?

გააჩნია, რისთვის. მაგალითად, თვალის გარშემო სიშავისა და შეშუპების დროს როლერი ჯობია, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც თქვენზეა: ის გამოიყენეთ, რომელიც უფრო გსიამოვნებთ.

დაბოლოს

მიუხედავად ყველაფრისა, უკვე გაჩენილი ნაოჭების გაქრობა არც ისე ადვილია,  განსაკუთრებით – ღრმა ნაოჭებისა. ამის უნარი ჯადოსნურ ჯოხს თუ შესწევს, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ზღაპრებში არსებობს. მაგრამ თუ მასაჟის გაკეთებას ადრევე დაიწყებთ, შესაძლოა, პირველმა ნაოჭებმა კარგა ხანს დაიგვიანოს.

ექსპერტები ამბობენ, რომ დაპირებები, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია. მასაჟი მართლაც აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, რამაც შესაძლოა კანს მცირე ხნით დაუბრუნოს სიგლუვე, მაგრამ ნამდვილ ეფექტს მაინც როლერის სახის მოვლის საშუალებებთან ერთად გამოყენება იძლევა. ქვის მასაჟორის დახმარებით ისინი უკეთ აღწევენ კანში და მის ღრმა ფენებში მოქმედებენ. პრევენციული ეფექტი კი სათანადო დაფასებას იმსახურებს.

კანის მოვლის საშუალებათა მოქმედების, ლიმფისა და სისხლის მოძრაობის რეგულარული ხელშეწყობით დაბერების პროცესი ნამდვილად შეიძლება შევანელოთ. ოღონდ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს დაბალანსებული კვება, მზისგან კანის დაცვა და საკმარისი მოძრაობა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: