მელირება საკუთარი ხელით

გააზიარე:

განწყობის გამოკეთება უმნიშვნელო ცვლილებასაც კი შეუძლია. მაგალითად, თმის მელირებას. სხარტი, დახვეწილი ეფექტები თქვენს გარეგნობას საინტერესო, ცოცხალ და თანამედროვე შტრიხებს შემატებს.

მელირების რამდენიმე მეთოდი არსებობს: ბალაიაჟი, ომბრე, სლაისინგი...  რა განსხვავებაა მათ შორის და რა შეცდომა არ უნდა დაუშვათ მელირების დროს? ამ კითხვებზე პასუხს ჩვენს სტატიაში იპოვით.

მელირების მეთოდები

1. Balayage (ბალაიაჟი) – დაუდევარი ზოლები ბუნებრივი იერისთვის

მათთვის, ვისაც სურს, თმას ბუნებრივი იერი შეუნარჩუნოს, ბალაიაჟი კარგი არჩევანია. ის ასე კეთდება: თმა სხვადასხვა სისქის ზოლებად დაყავით, თითოეული ზოლი უკუღმა დაივარცხნეთ, ღერები ძირთან რომ შეჯგუფდეს, მერე ფუნჯით ან თითებით წაისვით საღებავი და თანაბრად გაანაწილეთ. გაიჩერეთ თმაზე იმდენ ხანს, რამდენიც ინსტრუქციაშია მითითებული. ბოლოს შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.

სხვადასხვა სისქისა და ინტენსივობის ნათელი ზოლები რბილ და ბუნებრივ ეფექტს შექმნის.

მეტი ბუნებრიობისთვის შეგიძლიათ ტონირებაც გაიკეთოთ, მით უმეტეს – თუ მუქი თმა გაქვთ. ის კონტრასტს გაანეიტრალებს და ფერების ერთმანეთში რბილ გადასვლას უზრუნველყოფს.

სპეციალისტები გვირჩევენ ტონიკს  ფერფლისფერი ნიუანსით, რადგან ის კარგად აბალანსებს ყვითელ ელფერს. ტონიკი თმაზე 10-15 წუთი გაიჩერეთ, მერე კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ამ მეთოდით გაკეთებული მელირების შედეგი თავის ერთი ან ორი დაბანის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება – ზედმეტი ტონიკი ჩამოირეცხება და ბაცი ზოლები უკეთ გამოჩნდება.

ბალაიაჟის გაკეთება თითქმის ყველა ფერის თმაზე შეიძლება, მაგრამ შავ თმაზე ქერა ზოლებს არ გირჩევთ – არც ლამაზი იქნება, არც ბუნებრივი და თმასაც დააზიანებს. ეცადეთ, ბუნებრივ ფერზე 2-3 ტონით ბაცი საღებავი შეარჩიოთ.

კიდევ ერთი: ბალაიაჟის მეთოდი ყველა სიგრძის თმისთვის არ გამოდგება. თმა ლამაზად და ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს, ის საშუალო სიგრძის ან გრძელი უნდა იყოს. თუ მოკლე ვარცხნილობა გაქვთ, მაგალითად, ბობ-კარე ან პიკსი, ჯობს, მოიცადოთ, ვიდრე თმა მხრებამდე მაინც არ გაიზრდება.

ბალაიაჟი განსაკუთრებით  უხდება გრძელ, ტალღოვან კარეს.

2. Babylights – მზის ამბორივით ნაზი ზოლები

მელირების ეს მეთოდი შედარებით ახალია. ის საუკეთესოა, როცა გსურთ, თმას ბუნებრივი ფერი შეუნარჩუნოთ და იმავდროულად ძალიან ნაზი, თითქმის შეუმჩნეველი ზოლებით გაახალისოთ. ამისთვის ბუნებრივ ფერზე ერთი ან ორი ტონით ბაცი საღებავია საჭირო, რომელიც მზეზე გაბაცებული თმის ეფექტს შექმნის.

მელირება ასე კეთდება: აიღეთ თმის ძალიან თხელი ფენა და ღებვა ძირებიდან 2-5 სმ-ით ზემოთ დაიწყეთ. ბუნებრივი ეფექტისთვის ეცადეთ, ზოლები არა სწორ ხაზზე, არამედ ზევით-ქვევით დაიტანოთ ფუნჯით ან თითებით, საღებავი მთელ სიგრძეზე კი არ წაისვათ, არამედ თმა აქა-იქ მსუბუქად შეიფეროთ.

მელირების ეს მეთოდი თხელ თმასაც უხდება და სქელსაც, გრძელსაც და მოკლესაც, ყველაზე მეტად კი ქერას. მთავარია, საღებავის ფერი ჰარმონიაში იყოს კანისა და თმის ბუნებრივ ფერთან. ცივი ფერის თმას ფერფლისფერი ტონები უხდება: პლატინისფერი, შამპანურისფერი... უფრო თბილი ფერისას – ოქროსფერი, თაფლისფერი. განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს საღებავის შერჩევა მუქი თმისთვის. ის აუცილებლად კანისა და თმის ფერის შესაბამისი და, როგორც უკვე გითხარით, ერთი ან ორი ტონით ბაცი უნდა იყოს.

3. Low Lights  – მუქი ზოლები მეტი მოცულობისთვის

მელირების ეს მეთოდი თმის ბუნებრივ ფერთან შედარებით მუქ ზოლებს გულისხმობს, რომლებიც თმას ოპტიკურად მატებს მოცულობას.

ქერა თმას ძალიან უხდება ბაცი ყავისფერი ტონები,  მუქს კი უფრო ცივი, საშუალო ან მუქი ყავისფერი. ბუნებრივ ფერზე ორი ან სამი ტონით მუქი საღებავი შეარჩიეთ, რომ თმამ ბუნებრივი იერი შეინარჩუნოს.

4. Natural Shading – ნაზი გაბაცება

ეს მეთოდი საუკეთესოა მათთვის, ვისაც თმის მსუბუქი გაბაცება სურს. უხდება მხრებამდე სიგრძის თმას. შერჩეული ფერი ბუნებრივ ფერზე ერთი ტონით ბაცი უნდა იყოს. შეიღებეთ თმის რაც შეიძლება მეტი ზოლი (თითქმის 2`3), ისე, რომ თმამ თითქმის ერთიანი ბაცი ელფერი მიიღოს.

5. Bronde – ბაცი და მუქი ზოლები

მელირების ამ მეთოდის სახელწოდება ორი ინგლისური სიტყვის – brown და blonde – შეერთებითაა მიღებული. ბრონდის გასაკეთებლად აუცილებელია მუქი ან საშუალო სიმუქის ყავისფერი თმა. თუ სხვა ფერის თმა გაქვთ, ჯერ ყავისფრად უნდა შეიღებოთ. შემდეგ თმის თხელ ფენებზე ორი ტონით ბაცი საღებავი დაიტანეთ, ოღონდ სხვადასხვა სიგრძეზე, ზოგან – ძირიდან, ზოგან – შუა ნაწილიდან, ზოგანაც – მხოლოდ ბოლოებზე. გაიჩერეთ 30-45 წუთი და ჩამოიბანეთ. თუ თმა მეტისმეტად გაბაცდა, ბუნებრივი იერის დასაბრუნებლად შეგიძლიათ ტონიკი გამოიყენოთ.

6. Ombré – ლატე მაკიატოს დაბინდული ფერი

მელირების ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია. მუქი და ბაცი ფერების კონტრასტი ნამდვილ ლატე მაკიატოს ეფექტს ქმნის: თმის ზედა ნაწილი, ყურებამდე, მუქია, ხოლო ქვედა – ბაცი.

ომბრეს გაკეთებისას საღებავის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის კარგად უნდა ეხამებოდეს თმის ბუნებრივ ფერს. აქაც ერთი ან ორი ტონით ბაცს გირჩევთ, თუმცა მეტი კონტრასტისთვის 4-5 ტონით ბაციც დასაშვებია, თუმცა მუქი ფერიდან ბაცზე გადასვლა მეტისმეტად კონტრასტულიც არ უნდა იყოს.

თმა სამ ნაწილად გაყავით და სამივე ნაწილი შეიკარით. მერე სათითაოდ გახსენით, სავარცხელი რამდენჯერმე უკუღმა დაისვით ყურებამდე, წაისვით საღებავი და თანაბრად გაანაწილეთ, 30-45 წუთი გაიჩერეთ და შამპუნით ჩამოიბანეთ.

7. Sombré – ომბრეზე ბუნებრივი

სომბრე ანუ რბილი ომბრე (Soft-Ombré) ომბრეს ახალი ვერსიაა და უფრო ბუნებრივი იერი აქვს. ომბრეს დროს მუქიდან ბაცზე გადასვლა შედარებით მკვეთრია, სომბრეს დროს კი უფრო რბილი და ბუნებრივი. მის გასაკეთებლად კბილებიანი სავარცხელი დაგჭირდებათ. საღებავი სავარცხელს გადაუსვით და თმის ბოლოები დაივარცხნეთ – მიიღებთ ნაზ და არასიმეტრიულ ბაც ზოლებს.

ომბრესაგან განსხვავებით, სომბრესთვის 1-2 ტონით ბაცი საღებავი უნდა აარჩიოთ.  თუ ომბრე  განსაკუთრებით უხდება ქერა და ყავისფერ თმას, სომბრე ეხამება თითქმის ყველა ფერის თმას – წითელს, შავს, ნაცრისფერს...

8. Slicing – კლასიკური მელირება ფოლგით

სლაისინგი მელირების ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია. ის ფოლგით კეთდება და მელირების სხვა მეთოდებთან შედარებით რთულია, ამიტომ უმჯობესია, პროფესიონალს მიმართოთ. თმის ყოველი თხელი ფენა საღებავის წასმის შემდეგ, კარგად რომ გაბაცდეს, ფოლგაში უნდა გაახვიოთ. შესაღებავად რაც შეიძლება თხელი ფენა უნდა აიღოთ, შეუღებავი ფენა კი მასზე ორჯერ ან სამჯერ სქელი უნდა იყოს. ფენები მთელ თმაზე ნაწილდება. ამ დროს თმის თითქმის ნახევარი, ზოგჯერ მეტიც, ბაცდება, ამიტომ ეს მეთოდი საუკეთესოა მათთვის, ვისაც უფრო გრილი და თანაბარი  ქერა მოსწონს. მკვეთრი კონტრასტის შესარბილებლად შეგიძლიათ დასასრულს ტონიკი გადაისვათ.

9. Chunky – სქელი ზოლები

90-იანი წლების ეს ტრენდი დღეს ისევ აქტუალურია. თუ სლაისინგის დროს თმის რაც შეიძლება თხელი ფენა ბაცდება, აქ, პირიქით, ფართო ზოლები კეთდება, რომლებიც შესაძლოა თმის ბუნებრივ ფერზე ბაცი ან მუქიც იყოს. ადრე მუქისა და ბაცის მკვეთრი კონტრასტი უფრო პოპულარული იყო, დღეს კი ბუნებრივ იერს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ ფერების ერთმანეთში გადასვლა უფრო რბილია, რაც იმით მიიღწევა, რომ თმის ბუნებრივი ფერისგან ერთი ან ორი ტონით განსხვავებულ საღებავს იყენებენ.

მოვლა

თმა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ძირებიდან ბოლოებამდე ჯანსაღი უნდა იყოს, ქიმიური საღებავი კი ღერებს აზიანებს, ამიტომ შეღებილი თმა განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს. უპირველეს ყოვლისა, სპეციალური საშუალებები უნდა შეიძინოთ, რომლებიც შეღებილი და დაზიანებული თმისთვისაა განკუთვნილი. ისინი კარგად ატენიანებენ საღებავისგან გამომშრალ ღერებს და სიგლუვეს უბრუნებენ მათ სტრუქტურას. ეცადეთ, გამოიყენოთ შამპუნი, რომელიც ძლიერ არ ქაფდება – ის უფრო მეტ დამატენიანებელ კომპონენტს შეიცავს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი. თუ ფერი დროთა განმავლობაში გახუნდა, არაქიმიური ტონიკით გამოაცოცხლეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: