წარბების კორექციის მეთოდები
Поделитесь:
სწორად შერჩეული წარბის ფორმა აბალანსებს სახის პროპორციებს, ხაზს უსვამს ინდივიდუალობას, დახვეწილობას მატებს ნაკვთებს.
წარბების კორექციის მეთოდებზე, მათ ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე საუბარი კოსმეტოლოგ–ვიზაჟისტს, ვიზაჟის პედაგოგსა და ტრენერს მარინა საფრონოვას ვთხოვეთ.
– წარბების კორექციის რამდენიმე ტექნიკა არსებობს და ყველა მათგანი სხვადასხვა შედეგს იძლევა. ოპტიმალური მეთოდის შესარჩევად ვითვალისწინებთ თმის სტრუქტურას, კანის ტიპს, სასურველ ეფექტს და მოვლის სიმარტივეს. მაგალითად, ზოგი მეთოდი მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ საშუალებას გვაძლევს, ზედმიწევნით დავხვეწოთ წარბების ფორმა, ზოგი კი უფრო სწრაფია, მაგრამ წარბების სრულყოფილად დამუშავების შესაძლებლობას არ იძლევა. ზოგი ხელს უწყობს თმის გათხელებას და ანელებს ზრდას, ზოგმა კი შესაძლოა კანის გაღიზიანება და მგრძნობელობის მომატება გამოიწვიოს. ამრიგად, იდეალური მეთოდი ინდივიდუალური საჭიროებებისა და კომფორტის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
ჩამოვთვალოთ წარბების კორექციის მეთოდები და ვნახოთ, რა ღირსება თუ ნაკლი აქვს თითოეულ მათგანს.
პინცეტი
– პინცეტი წარბების საკორექციო ერთ-ერთი უძველესი ინსტრუმენტია. ის განსაკუთრებით ეფექტურია იქ, სადაც სათითაო ღერის ამოძრობა და სიზუსტეა საჭირო. ასევე იდეალურია წარბების მცირე კორექციისთვის.
პლუსები
* იძლევა ზუსტი კორექციის შესაძლებლობას.
* შესაძლებელია ცალკეული ღერების ამოძრობა.
* პროცედურა იაფია, მარტივია და შეიძლება ჩავიტაროთ შინ, პროფესიონალური მომზადების გარეშე.
* არ აღიზიანებს კანს.
მინუსები
* შრომატევადია და ბევრ დროს მოითხოვს.
* ხშირი გამოყენებისას თმის ღერი შესაძლოა გასქელდეს ან ზრდის მიმართულება შეიცვალოს.
* გამოცდილების გარეშე არსებობს რისკი, რომ წარბები ასიმეტრიული გამოვიდეს.
* მტკივნეულია, განსაკუთრებით – მგრძნობიარე კანისთვის.
* ეფექტი ძლებს მხოლოდ 1–2 კვირას.
რა უნდა იცოდეთ
– პროცედურამდე კანი კარგად უნდა გაიწმინდოთ, რომ ინფექცია არ შეგეჭრათ. სასურველია, გაწმინდოთ პინცეტიც.
თუ კორექციას შინ იტარებთ, იდეალურია დრო შხაპის მიღების შემდეგ – როცა კანი რბილი და ნოტიოა, პროცედურა ნაკლებად მტკივნეულია.
წარბები ბუნებრივად და ჰარმონიულად რომ ერწყმოდეს სახეს, კორექციის დაწყებამდე ზუსტად უნდა განსაზღვროთ მათი საწყისი, საბოლოო და უმაღლესი წერტილები.
*აიღეთ წვრილი ფანქარი ან მაკიაჟის ფუნჯი, ვერტიკალურად მიიდეთ ნესტოსა და თვალის შიგნითა კუთხეზე და წარბის გადაკვეთის წერტილი მონიშნეთ. სწორედ ამ წერტილიდან უნდა დაიწყოს თქვენი წარბი.
როცა წარბი საწყისი წერტილის გარეთ იწყება, სახე ვიზუალურად განიერი ჩანს, როცა შიგნით – წარბები მეტისმეტად უახლოვდება ერთმანეთს და სახეს მკაცრ გამომეტყველებას სძენს.
* საბოლოო წერტილის დასაფიქსირებლად გაავლეთ წარმოსახვითი ხაზი ნესტოსა და თვალის გარეთა კუთხეზე. იდეალურ შემთხვევაში წარბი სწორედ ამ ხაზთან გადაკვეთის წერტილში უნდა დასრულდეს.
თუ წარბმა საბოლოო წერტილს ვერ მიაღწია, სახეს ასიმეტრიული შესახედაობა ექნება, ხოლო თუ ამ წერტილის იქითაც გაგრძელდა – მოშვებული და დაღლილი.
* გაავლეთ წარმოსახვითი ხაზი, რომელიც ნესტოდან იწყება და გუგის ცენტრს გადაკვეთს. უმაღლესი წერტილი ამ ხაზის წარბთან შეხების ადგილას იქნება.
კონტურის მიღმა დარჩენილი ღერები პინცეტით ამოიღეთ. ბოლოს კანი კარგად დაინოტივეთ. გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს ძალიან უხდება კალენდულას, არნიკას, ალოე ვერას შემცველი კრემები.
ბამბის ძაფი
– წარბებიდან ზედმეტი ღერების მოცილება ბამბის ძაფითაც შეიძლება. კარგად დაჭიმული ძაფი ძირიანად იღებს ღერს. თუმცა ამ მეთოდის გამოყენება გამოცდილებას და გაწაფულ ხელს მოითხოვს.
პლუსები
* ნაზად და რბილად აცილებს თმას, არ აღიზიანებს კანს, ამიტომ კარგია მგრძნობიარე კანისთვის.
* სწრაფია, რადგან შეგვიძლია, რამდენიმე ღერი ერთდროულად ამოვიღოთ.
* ხელს უწყობს თმის ღერების გათხელებასა და დასუსტებას.
* თმა 3-4 კვირა აღარ ამოდის.
მინუსები
* ზოგისთვის მტკივნეულია, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ცვილით ან პინცეტით კორექცია.
* არ არის მარტივად ჩასატარებელი პროცედურა, მოითხოვს პროფესიონალის ხელს.
ცვილი
– ეს მეთოდი გულისხმობს არასასურველი თმის თბილი ან ცივი ცვილით მოცილებას. იდეალურია მათთვის, ვისაც მკაფიო და ხანგრძლივი შედეგი სურს.
პლუსები
* სწრაფი და ეფექტურია, რადგან ერთბაშად აშორებს ბევრ თმას.
* აქვს ხანგრძლივი შედეგი, რადგან ცვილით მოშორების შემდეგ თმა უფრო ნელა იზრდება, განსაკუთრებით – ამ მეთოდის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში.
* კონტურები უფრო მკვეთრი და სუფთაა, რადგან ცვილი ღინღლსაც კი აცილებს.
მინუსები
* შესაძლოა, გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სიწითლე, განსაკუთრებით – მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.
* პროცესი მტკივნეული და არასასიამოვნოა;
* შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია – ზოგიერთ ადამიანს აქვს ცვილისადმი მომატებული მგრძნობელობა, ამიტომ თავდაპირველად კანის პატარა უბანზე მოსინჯეთ.
* მოითხოვს სიფრთხილეს. თუ ცვილი არასწორად წაისვით, შესაძლოა, ადვილად დაირღვეს წარბის ბუნებრივი ფორმა, რომლის გამოსწორებასაც ბევრი დრო დასჭირდება.
რა უნდა ვიცოდეთ
* ცხელი ცვილი – თბება და ისე ისმება კანზე.
* ცივი ცვილი – იყიდება მზა სახით, პირდაპირ ეკვრის კანს.
* პროცედურამდე კანი კარგად უნდა გაიწმინდოთ და დაიტენიანოთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ გაღიზიანების რისკი. მონიშნეთ წარბის კონტური ფანქრით და ცვილი ზუსტად მის გასწვრივ დაიდეთ თხლად, თმის ზრდის მიმართულებით. მერე მკვეთრი მოძრაობით მოიცილეთ თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით, ბოლოს წაისვით დამატენიანებელი და დამამშვიდებელი კრემი.
– არსებობს წარბების პერმანენტული მაკიაჟის ტექნიკებიც: მიკრობლეიდინგი, ნანობლეიდინგი, კლასიკური ტატუაჟი. ეს პროცედურები კანში პიგმენტის შეყვანას გულისხმობს და ხანგრძლივი ეფექტით გამოირჩევა, მაგრამ ტარდება მხოლოდ კლინიკაში და მხოლოდ სპეციალისტის მიერ.
მიკრობლეიდინგი
– სპეციალისტი სპეციალური კალმით სერავს კანს, განასერში შეჰყავს პიგმენტი და ქმნის ბუნებრივი ღერების იმიტაციას. სათითაოდ დახატული ღერები ბუნებრივი და მოცულობითი წარბების ილუზიას ქმნის. პიგმენტი კანის ზედაპირულ შრეში შედის და დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მკაფიოდ დახატული, სტრუქტურირებული წარბები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყურება. პროცედურა გრძელდება 2-3 საათს.
პლუსები
* წარბებს აქვს ბუნებრივი შესახედაობა.
* შედეგი ძლებს დაახლოებით 1-2 წელიწადს.
* გვაზოგვინებს დროს, რადგან აღარ გჭირდება წარბების ყოველდღიური კორექცია.
მინუსები
* არსებობს ინფექციისა და ალერგიული რეაქციის რისკი.
* მიუხედავად იმისა, რომ შედეგი რამდენიმე წელს ძლებს, შესაძლოა, დაგვჭირდეს პერიოდული განახლება 4-6 კვირაში ერთხელ.
* შესაძლოა, პიგმენტი არათანაბრად გაუფერულდეს, განსაკუთრებით – ცხიმიან კანზე.
* თუ ორგანიზმი პიგმენტს ცუდად იღებს, შესაძლოა, ის მეტისმეტად სწრაფად გაუფერულდეს ან ნაწიბურები დატოვოს.
* მოითხოვს სათანადო მოვლას. პროცედურის შემდეგ საჭიროა მკაცრი რეკომენდაციების შესრულება, ინფექცია რომ არ განვითარდეს ან არ მოხდეს პიგმენტის არათანაბარი განაწილება.
* თუ შედეგი არ მოგეწონათ, მოსაცილებლად ლაზერული პროცედურა დაგჭირდებათ.
ნანობლეიდინგი და ნანოწარბები
– ნანობლეიდინგი პერმანენტული მაკიაჟის თანამედროვე ტექნიკაა. ის მიკრობლეიდინგის უფრო დახვეწილი ფორმაა. ნანოწარბების შემთხვევაში კი პიგმენტი ელექტრონემსით შეჰყავთ კანში უფრო თანაბრად და შედარებით ღრმად, ვიდრე მიკრობლეიდინგის დროს. ხაზებიც უფრო წვრილი და რბილია და ქმნის ბუნებრივი, ხშირი, ბუმბულისებრი წარბების ეფექტს.
პლუსები
* ნანონემსი საშუალებას იძლევა, დაიხატოს უფრო თხელი და ბუნებრივს მაქსიმალურად მიმსგავსებული ღერები;
* ნაკლებად ზიანდება ეპიდერმისი, რაც ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.
* ძლებს 2-3 წელიწადს.
* ნანონემსი თანაბრად ანაწილებს პიგმენტს, რითაც ხელს უშლის არათანაბარ გაუფერულებას.
* არ არის რეკომენდებული ნანობლეიდინგის ჩატარება ცხიმიან და მგრძნობიარე კანზე, ხოლო ნანოწარბები ნებადართულია ყოველგვარი ტიპის – ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული და მგრძნობიარე კანისთვისაც კი.
მინუსები
* პროცედურა უფრო მეტ დროს მოითხოვს – საშუალოდ, 3-4 საათს.
* ინფექცია რომ არ შეიჭრას ან პიგმენტი არათანაბრად რომ არ გაუფერულდეს, საჭიროა სათანადო მოვლა, განსაკუთრებით – პირველი 10-14 დღე, ვიდრე კანი კარგად შეხორცდება.
* პირველი პროცედურიდან 6-8 კვირის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კორექცია, რათა ფერი და ფორმა იდეალურად დასტაბილურდეს.
* საბოლოო შედეგს პროცედურიდან 1-2 კვირის შემდეგ მიიღებთ.
* თუ შედეგი არ მოგეწონათ, მოსაცილებლად ლაზერული პროცედურა დაგჭირდებათ.
* თუ პროცედურა გამოუცდელმა სპეციალისტმა ჩაატარა, შესაძლოა, წარბებმა ვერ მიიღოს ისეთი ბუნებრივი ფორმა, როგორც გსურდათ.
კლასიკური ტატუაჟი
– ტატუაჟი წარბების პერმანენტული მაკიაჟის ერთ-ერთი უძველესი ტექნიკაა. სპეციალური ელექტროაპარატით კანში (დერმის ფენაში) ღრმად შეჰყავთ პიგმენტი, რომელიც წარბებს ამუქებს და გამოკვეთს.
პლუსები
* ხანგრძლივი შედეგი – კლასიკური ტატუაჟის დროს პიგმენტი უფრო ღრმად შეჰყავთ, ვიდრე მიკრობლეიდინგის ან ნანობლეიდინგის დროს, ამიტომ შედეგმა შესაძლოა 3-5 წლამდეც კი გაძლოს.
* გამოკვეთილი წარბები – ეს მეთოდი მეტისმეტად ამკვეთრებს წარბებს, რაც ბევრს შესაძლოა არ მოეწონოს.
* მოვლის სიმარტივე.
მინუსები
* წარბები ოდნავ ხელოვნურად გამოიყურება.
* თუ ტატუაჟი არასწორად ან უხარისხოდ გაკეთდა, დროთა განმავლობაში პიგმენტმა შესაძლოა მოლურჯო, მოწითალო ან მონაცრისფრო ელფერი მიიღოს.
* ვინაიდან კლასიკური ტატუაჟის დროს პიგმენტი ღრმად შედის კანში, მისი მოშორება უფრო ძნელია, ვიდრე თანამედროვე ტექნიკით შეყვანილი პიგმენტისა.
* მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება, ცხიმიან კანზე წარბებმა დროთა განმავლობაში ფორმა შეიცვალოს ან არათანაბრად გაფერმკრთალდეს.
პერმანენტული მაკიაჟი არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ:
* ალერგია პიგმენტზე ან ადგილობრივ ანესთეზიაზე;
* კანის ინფექცია და ანთებითი პროცესი (მაგალითად, ჰერპესი, ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი წარბების მიდამოში) – პროცედურამ შესაძლოა დაამძიმოს მდგომარეობა;
* კელოიდური ნაწიბურებისადმი მიდრეკილება – შესაძლოა, პროცედურის შემდეგ კანი არასწორად შეხორცდეს და ნაწიბურები წარმოიქმნას;
* შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I და II) – ანელებს შეხორცების პროცესს და ზრდის ინფექციის განვითარების რისკს;
* ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი) – ხელს უწყობს პიგმენტის ვადაზე ადრე გაუფერულებას, ამიტომ საჭიროა ექიმის კონსულტაცია;
* ჰემოფილია (სისხლდენისადმი გენეტიკური მიდრეკილება) – პროცედურის დროს მცირე დაზიანებაც კი შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.
ასევე არ არის მიზანშეწონილი:
* ორსულობისა და ლაქტაციის დროს – ჰორმონული ცვლილებები გავლენას ახდენს კანის რეგენერაციასა და პიგმენტის შეწოვაზე;
* თუ ანტიბიოტიკებს ან სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (მაგალითად, ასპირინს ან იბუპროფენს) იღებთ – პროცედურის წინ 7-10 დღით ადრე წამლის მიღება უნდა შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის შესაბამისად;
* ხართ ახალგარუჯული – ამ დროს კანი უფრო მგრძნობიარეა, ხოლო კანის ფერი – მატყუარა;
* მეტისმეტად მშრალ კანზე – უმჯობესია, ჯერ კანის მდგომარეობა მოიწესრიგოთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე







