სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება სახლში

გააზიარე:

შემეცნებით უნარებთან ერთად ვითარდება სოციალური და ემოციური უნარებიც. როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი, როგორ ურთიერთობას დაამყარებს სხვა ადამიანებთან, სწორედ სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაზეა დამოკიდებული.

ბავშვი სოციალური არსებაა. ის დაბადებიდანვე გრძნობს სხვა ადამიანებთან კავშირის მოთხოვნილებას. ცნობს დედის სუნს, ხმას, უხარია მისი სიახლოვე, სწყინს მასთან განშორება, ცდილობს, შეეხოს მახლობელ ადამიანებს.

ბავშვი იზრდება და თანატოლებთან ურთიერთობა პიროვნებად მისი ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისი ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა, კინკლაობა, წყენა, შერიგება. ყველა ის გრძნობა და ემოცია, რაც ამ პროცესს ახლავს თან, გამოცდილებაა, რომელიც ბავშვის ხასიათს აყალიბებს და უდიდეს როლს ასრულებს მისი ზრდასრული ცხოვრების წარმართვაში.

გამოწვევა

თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, დღევანდელი ჩაკეტილობა სოციალურ-ემოციური კუთხით მათთვის ისეთი მძიმე გადასატანი არ იქნება, როგორიც დედისერთასთვის. რაკი ბავშვებს აღარ აქვთ თანატოლებთან ყოველდღიური ჯანსაღი, ლაღი ურთიერთობის საშუალება, მათ ეს დანაკლისი მშობლებმა უნდა ავუნაზღაუროთ.

რას წარმოადგენს სოციალურ-ემოციური სფერო

სოციალურ-ემოციური სფერო მოიცავს:

* თვითიდენტობას – ბავშვი აცნობიერებს, ვინ არის, რას წარმოადგენს თავად;

* თვითშეფასებას – ბავშვს უჩნდება განსაზღვრული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, დადებითად ან უარყოფითად აფასებს საკუთარ საქციელს, აფასებს სხვა ადამიანების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;

* თვითგამოხატვას – ბავშვი სწავლობს გრძნობებისა და ემოციების სათანადო ფორმით გამოხატვას, აცნობიერებს, გამოხატვის რომელი ფორმა რომელ სოციუმშია მისაღები და რომელში – არა, ხვდება, რომ რაღაც, რაც მის სახლში მიღებულია, სკოლაში ან მეგობრის სახლში შესაძლოა მიუღებლად ჩაითვალოს;

* თვითმართვას – ბავშვი სწავლობს საკუთარი ემოციების მართვას, საჭირო დროს მათ მოთოკვას და საჭირო დროს – გამომჟღავნებას; სწავლობს საკუთარი მეთოდებით სტრესის დაძლევას, აცნობიერებს მარცხს და იძენს მასთან გამკლავების უნარს, გამოუმუშავდება ნებისყოფა. თვითმართვის უნარის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება აღსაზრდელ დაწესებულებაში არსებულ წესებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ისინი სახლშიც დავიცვათ;

* ურთიერთობას – ბავშვი ურთიერთობს უფროსებთან: ოჯახის წევრებთან, პედაგოგებთან, მეგობრების მშობლებთან, მშობლების მეგობრებთან; ურთიერთობს თანატოლებთან და ეს ურთიერთობები მრავალფეროვანი გამოცდილების წყაროა მისთვის;

* ადაპტაციას – ბავშვი იძენს შეგუების, ადაპტაციის უნარს. მას შესაძლოა არ სურდეს რომელიმე ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ თუ ასეა საჭირო, ის ხვდება, რომ ვითარებას უნდა შეეგუოს. ადამიანების განსაზღვრული ჯგუფისადმი ნდობით იმსჭვალება და მათთან ურთიერთობა სიამოვნებას ჰგვრის. სწავლობს სიტუაციის სხვისი თვალით დანახვას და თანაგრძნობის უნარი უჩნდება. მცირე ასაკში ბავშვებს ეს უნარი ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან ძალიან სუსტად აქვთ განვითარებული, ამის მიზეზი კი სწორედ სიტუაციის სხვისი თვალით დანახვის არცოდნაა. ამ უნარის განვითარებასთან ერთად ბავშვი იწყებს სხვისი ქცევის სწორად შეფასებას და ადეკვატურად აღქმას, შესაბამისად, ზოგი ადამიანის მიმართ დადებითად განეწყობა, ზოგის მიმართ კი უარყოფითად.

როგორ ვიქცევით მშობლები

ზემოხსენებული უნარების განვითარებისთვის ურთიერთობათა მრავალფეროვნებაა აუცილებელი და ვინაიდან დღევანდელი ვითარება ამ მხრივ ბავშვებს ძალიან ბოჭავს, მშობლებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ის რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს ჩვენი შვილების სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე.

შინ თუ გარეთ, ყველა ბავშვს სჭირდება მზრუნველობა და დაცულობის შეგრძნება:

* ეცადეთ, სახლში მყუდრო, მშვიდი, უსაფრთხო ატმოსფერო შექმნათ.

* რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ერთად, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ჩართეთ მათში ოჯახის სხვა წევრებიც.

* შეძლებისდაგვარად აქტიურად ჩართეთ ბავშვი დისტანციური სწავლების ყველა ასპექტში.

* მიაწოდეთ ბავშვს მისი ასაკის შესაფერისი ინფორმაცია ადამიანის იდენტობის შესახებ, დაეხმარეთ, შეიცნოს საკუთარი თავი.

* წაახალისეთ მისი ნებისმიერი მცდელობა, რამე ახალი შეიმეცნოს. არ აარიდოთ თავი მის კითხვებზე პასუხის გაცემას, ეცადეთ, მიაწოდოთ მისი ასაკის შესაფერისი ინფორმაცია.

* მიეცით ემოციების კონტროლის მაგალითი. თუ წონასწორობა დაკარგეთ, აუხსენით, რომ შეგეშალათ და აუცილებლად ეცდებით, ეს აღარ განმეორდეს.

* განსაზღვრული წესები ოჯახში აუცილებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი შებოჭოთ – ის უნდა იყოს თავისუფალი პიროვნება, რომელიც ემორჩილება იმ სოციუმში მიღებულ წესებს, რომელშიც ცხოვრობს. თანმიმდევრულობა და წესრიგი ბავშვის სწორი აღზრდის აუცილებელი პირობაა.

* მიეცით გარშემო მყოფებთან ჯანსაღი ურთიერთობის მაგალითი.

* იყავით შემწყნარებელი, თუ გსურთ, ბავშვიც ასეთივე მსოფლმხედველობით აღიზარდოს.

* გახსოვდეთ, რომ მშობელი ბავშვისთვის მთავარი მაგალითია. რაც უნდა უმტკიცოთ, რომ ესა თუ ის ქმედება ცუდია, როგორც კი დაინახავს, რომ ამას თავად აკეთებთ, თქვენს სიტყვებს ყოველგვარი ფასი დაეკარგება. მაგალითად, თუ არ გინდათ, ბავშვი გაჯეტებზე იყოს დამოკიდებული, ეცადეთ, არც თავად გქონდეთ თავი მუდამ ეკრანში ჩარგული.

პოზიტიური ურთიერთობების მნიშვნელობა

უნდა გვახსოვდეს, რომ თუმცაღა სოციალურ-ემოციური უნარები სოციუმში ადამიანის ადაპტაციისთვის არის საჭირო, ისინი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ ბავშვს ეხმარება პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ამიტომ, როდესაც ამ უნარების განვითარებაზე ვზრუნავთ, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამას ბავშვისთვის ვაკეთებთ და მართალია, გვინდა, ჩვენი შვილის ქცევა საზოგადოებისთვის მისაღები იყოს, მაგრამ უპირველესად იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა აჯობებს თავად მისთვის.

როდესაც ბავშვს გამუდმებით ვტუქსავთ, შენიშვნებს ვაძლევთ, ვუკრძალავთ, ის იბუტება, საკუთარ თავში იკეტება და პროტესტის ნიშნად სწორედ საპირისპიროს აკეთებს. მაგრამ, აბა, როგორ გავაგებინოთ, რომ საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხელების დაბანა აუცილებელია, თუ უკვე ასჯერ ავუხსენით, მაგრამ მაინც ავიწყდება? ან როგორ მივაჩვიოთ ნაცნობებთან შეხვედრისას მისალმებას?

ისევ და ისევ პირადი მაგალითით. ბავშვი მშობლების სარკეა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ დაგინახავთ, როგორ ესალმებით ნაცნობებს, როგორ უბამთ მოკლე, სასიამოვნო საუბარს და თვითონაც მოგბაძავთ. არ დააძალოთ. აუხსენით, რომ ყოველგვარი ურთიერთობა "გამარჯობით" იწყება, რომ ეს სხვა ადამიანების კეთილგანწყობის გასაღებია.

* წესები, რომელთა შესრულებასაც სთხოვთ ბავშვს, ტელევიზორის წინ ჭამის აკრძალვა იქნება ეს თუ სხვა, ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას, რათა ბავშვმა დაინახოს, რომ ისინი მართლაც მნიშვნელოვანია.

* ნუ უგულებელყოფთ მის გრძნობებს, როდესაც თქვენთვის მათ გაზიარებას მოისურვებს.

* ნაცვლად იმისა, რომ არასწორი საქციელის გამო დატუქსოთ, ჰკითხეთ, რას გრძნობს ახლა, როდესაც მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა. უკეთ ხომ არ იგრძნობდა თავს, ისე რომ მოქცეულიყო, როგორც წესია?

* საუბრისას ყოველთვის თვალებში უყურეთ, მიმართეთ სახელით, მოექეცით როგორც ინდივიდს, რომელსაც აქვს უფლებები, სურვილები და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

* კარგი საქციელისთვის აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა, ხოლო თუ თავად მოიქეცით არასწორად, ბოდიში მოუხადეთ.

* მუდმივ “არას” ყოველთვის სჯობია, ბავშვს რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზოთ და სთხოვოთ, არჩევანი თავად გააკეთოს. ის ჩათვლის, რომ თავად იღებს გადაწყვეტილებას და იმავდროულად მოლაპარაკების ხელოვნებასაც დაეუფლება.

* ეცადეთ, არ გამოგეპაროთ მისი კარგი საქციელი. ცუდ საქციელს, როგორც წესი, მაშინვე ვამჩნევთ, კარგი კი ბუნებრივად მიგვაჩნია და ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა, კარგი საქციელისთვის ადეკვატურ ქებას ძალზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვზე.

* არ უყვიროთ, თორემ ბავშვი ყვირილს ურთიერთობის ნორმალურ ფორმად მიიჩნევს და თვითონაც ასე დაიწყებს სხვებთან ურთიერთობას.

* რაც უნდა დაკავებული იყოთ, ეცადეთ, დღის განმავლობაში მცირეოდენი დრო მაინც დაუთმოთ მთლიანად ბავშვს.

* დაეხმარეთ სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში, რათა ემოციების ადეკვატურად გამოხატვა შეძლოს. გაუზიარეთ თქვენი ემოციები, მოუყევით თქვენს სამსახურზე, გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა "მეწყინა", "გამიხარდა", "დავსევდიანდი", "თავი უხერხულად ვიგრძენი", "არ მესიამოვნა" და ასე შემდეგ.

გახსოვდეთ, რომ ბავშვი სოციალური არსებაა, მას სჭირდება ურთიერთობები და ეს ურთიერთობები აყალიბებს მას პიროვნებად, ამიტომ მოაწესრიგეთ ატმოსფერო ოჯახში – მას ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ბავშვები დღის უდიდეს ნაწილს შინ ატარებენ. ეს ის ბაზისია, რომელზეც მისი მომავალი უნდა აშენდეს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: