მხედველობა

გააზიარე:

მხედველობის მექანიზმები

ფოკუსირების პრობლემა

რა ასუსტებს მხედველობას

ფერადი სიბრმავე ანუ შავ-თეთრი მხედველობა

 

მხედველობის მექანიზმები

მხედველობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს. თუმცა ყველას როდი აქვს იდეალური მხედველობა: ზოგს პრობლემები დაბადებიდანვე აღენიშნება, ზოგს ცოტა მოგვიანებით უჩნდება. ასაკის მატებასთან ერთად კი მხედველობის დარღვევები უფრო და უფრო ხშირდება. დარღვევა მრავალნაირია: ბუნდოვანი ხედვა (მხედველობის სიმკვეთრის დაკარგვა და წვრილი დეტალების დანახვის შეუძლებლობა), ჰალო (ნათელი წრეები, რომლებიც გარს არტყია სინათლის წყაროს), სკოტომები (შავი ლაქები), მხედველობის დაქვეითება, სიბრმავე. ამ დარღვევებს თვალის სხვადასხვა დაავადება იწვევს, მაგრამ სანამ მათზე ვისაუბრებდეთ, მოდი, გავიხსენოთ, როგორ მუშაობს თვალი და როგორ აღვიქვამთ სამყაროს მრავალფეროვნებას.

ანატომია

თვალის კაკალი ძვლოვან ორბიტაში, თვალბუდეშია მოთავსებული და ექვსი კუნთითაა მიმაგრებული მასზე. ამ კუნთების შეკუმშვა-მოდუნებითაა შესაძლებელი თვალის მოძრაობა ზემოთ, ქვემოთ, გვერდით და წრიულად.

თვალის კაკალი თითქმის მთლიანადაა დაფარული თეთრი დამცავი გარსით – სკლერით, რომელიც წინა ნაწილში გამჭვირვალე, გუმბათის ფორმის რქოვანაში გადაიზრდება.

თვალის წინა და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირი დამატებით გამჭვირვალე ლორწოვანი გარსით – კონიუნქტივათია ამოფენილი.

თვალს ცრემლი ანოტივებს და პოხავს. ის სამ: შიდა ლორწოვან, შუა წყლიან და გარე ზეთოვან, – ფენადაა გადაკრული თვალზე. ცრემლის წყლიან ნაწილს თვალის გარეთა ზედა კუთხეში მდებარე საცრემლე ჯირკვალი წარმოქმნის, ცხიმიანს კი – ქუთუთოს კიდეების გასწვრივ მდებარე მეიბომის ჯირკვლები. თვალიდან ცრემლები ცრემლსადენი არხით ცხვირის ღრუში ჩაედინება.

სინათლის გზა

სინათლე თვალში რქოვანას გავლით შედის. შემდეგ გაივლის წინა საკანს – თვალის ფერად გარსამდე არსებულ ნამით სავსე სივრცეს. ნამი გამჭვირვალე, უფერო სითხეა და კვებავს რქოვანას, ბროლსა და მინისებრ სხეულს. ის წამწამოვან სხეულში წარმოიქმნება, ხვდება თვალის კაკლის უკანა საკანში – ფერად გარსსა და ბროლის წინა ზედაპირს შორის და ვიწრო ნაპრალით წინა საკანში გადმოდის.

თვალში დაახლოებით ერთი და იმავე მოცულობის სითხე ცირკულირებს, რაც თვალშიდა წნევის სტაბილურობას განაპირობებს.

წინა საკნიდან სინათლე ფერად გარსში არსებულ ხვრელს – გუგას გაივლის. ამ გარსში არსებული კუნთების შეკუმშვა-მოდუნება გუგას აფართოებს ან ავიწროებს, რითაც თვალში შესული სინათლის რაოდენობა კონტროლდება.

გუგის შემდეგ სინათლე გაივლის ბროლს – ორმხრივ ამოდრეკილ ლინზას, რომელსაც სიმრუდის ცვლის უნარი აქვს. მცირედი ჩადრეკისა და ამოდრეკის შედეგად სინათლეს ის სწორედ ისე გარდატეხს, რომ ბადურაზე გამოსახულება კარგად ფოკუსირდეს.

ბადურაზე სინათლის სხივები მინისებრი სხეულის გავლით ხვდება. ეს გამჭვირვალე ჟელესებრი ნივთიერება თვალის მთელ დანარჩენ სივრცეს ავსებს.

ბადურასა და სკლერას შორის არსებული სისხლძარღვოვანი გარსი თვალის კვებას უზრუნველყოფს.

რა ხდება ბადურაზე

სწორედ ბადურაა ის ადგილი, სადაც სპეციალური უჯრედები, ფოტორეცეპტორები, სინათლეს აღიქვამს და იმპულსების სახით გადასცემს ტვინს. არსებობს ორი ტიპის ფოტორეცეპტორები: ჩხირები და კოლბები. ჩხირები შავ-თეთრ და ღამის მხედველობას უზრუნველყოფს, კოლბებით კი ფერებს და დეტალურ გამოსახულებას აღვიქვამთ.

თვალის ბადურაზე არის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უბანი – მაკულა, რომელიც დეტალიზებულ ცენტრალურ მხედველობაზე აგებს პასუხს. ბადურას დანარჩენი, პერიფერიული ნაწილი კი პერიფერულ (გვერდით) მხედველობას უზრუნველყოფს.

ბადურა სინათლეს ელექტრული იმპულსების სახით უგზავნის ტვინის მხედველობაზე პასუხისმგებელ ნაწილს – მხედველობის ნერვს, რომელიც მილიონობით ნერვული ბოჭკოსგან შედგება. საინტერესოა, რომ ბადურაზე გამოსახულება ამოტრიალებულია, ტვინში კი მას სწორად აღვიქვამთ.

ძირითადი დარღვევები

ზრდასრულებთან მხედველობის დარღვევის ძირითადი მიზეზებია რეფრაქციული მანკები, რომლებიც დაკავშირებულია სინათლის არასწორ ფოკუსირებასთან (მათ მიეკუთვნება ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი და პრესბიოპია, ასაკობრივი შორსმხედველობა), მაკულის ასაკთან დაკავშირებული დეგენერაცია, კატარაქტა, გალუკომა, დიაბეტური რეტინოპათია, ბავშვებთან კი, გარდა რეფრაქციული დარღვევებისა, ცუდი მხედველობის მიზეზი შესაძლოა იყოს სტრაბიზმი (სიელმე) და ზარმაცი თვალი

 

***

ფოკუსირების პრობლემა

რეფრაქციული დარღვევები

მხედველობის ყველაზე გავრცელებული პრობლემები დაკავშირებულია სინათლის არასწორ ფოკუსირებასთან, რის შედეგადაც რქოვანასა და ბროლში გარდატეხილი სხივები ერთდება არა ბადურას ზედაპირზე, არამედ მის წინ ან უკან. ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად ახლომხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმისა თუ პრესბიოპიის განვითარებას. ამ დარღვევებს რეფრაქციულ მანკებს ვუწოდებთ. რეფრაქციული მანკის დროს განსაზღვრულ მანძილზე ყურებისას მიღებული გამოსახულება დაბინდულია. თუ არ გავითვალისწინებთ ასაკთან დაკავშირებულ რეფრაქციულ ცვლილებებს (პრესბიოპიას), რომლებიც 45 წელს გადაცილებულთა უმრავლესობას აღენიშნება, რეფრაქციული მანკი ყოველ მესამე-მეოთხე ადამიანს აქვს, თუმცა უმეტესად შესაძლებელია მისი კორექცია და, შესაბამისად, მხედველობის გაუმჯობესება.

მიუხედავად რეფრაქციული მანკების ფართო გავრცელებისა, ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ რეფრაქციული დარღვევა აქვს და მისი კორექციის შემდეგ გაცილებით მკაფიოდ დაინახავს სამყაროს. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოფთალმოლოგები თვალის რეგულარული გამოკვლევისკენ მოგვიწოდებენ.

რეფრაქცია – სინათლის სხივების გარდატეხა – რქოვნასა და ბროლში ხდება. რქოვანა თვალის წინა გარეთა ამობურცული, გამჭვირვლე ნაწილია, ბროლი კი ორმხრივამოზნექილი გამჭვირვალე ლინზა. მათში გავლის შემდეგ სინათლის სხივები თვალის ფსკერზე არსებულ სინათლის მიმართ მგრძნობიარე შრეზე, ბადურაზე ფოკუსირდება. რეფრაქციული დარღვევები მაშინ ვითარდება, როცა თვალის კაკალი ნორმასთან შედარებით გრძელი ან მოკლეა, რქოვანას ფორმა აქვს შეცვლილი ან ბროლი ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის.

არსებობს ოთხი ტიპის რეფრაქციული დარღვევა:

1. ახლომხედველობა, მიოპია –ადამიანი ახლოს მკაფიოდ ხედავს, ხოლო შორს – ბუნდოვნად;

2. შორსმხედველობა, ჰიპერმეტროპია – როდესაც მკაფიოდ ხედავს შორს, მაგრამ ბუნდოვნად – ახლოს;

3. ასტიგმატიზმი – შერწყმულია ფოკუსირების რამდენიმე დარღვევა, რის გამოც შესაძლოა, შორეულ ან ახლომდებარე საგნებს ბუნდოვნად ვხედავდეთ, ხოლო გამოსახულებას დამახინჯებულად აღვიქვამდეთ;

4. პრესბიოპია – ბროლის დაბერების გამო გაძნელებულია ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირება.

რეფრაქციის დარღვევა ნებისმიერს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ უფრო მაღალი რისკი ემუქრებათ მათ, ვისი ოჯახის წევრებიც ამავე მიზეზით სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებენ.

რეფრაქციული მანკების უმრავლესობა, მაგალითად ახლომხედველობა, როგორც წესი, ბავშვობაშივე ვითარდება, პრესბიოპია კი – 40 წლის შემდეგ. რეფრაქციული მანკის დიაგნოზის შემთხვევაში პაციენტმა, საკორექციო საშუალების რეცეპტის მიღებასთან ერთად, ექიმთან უნდა გაარკვიოს, რა სიხშირით დასჭირდება მხედველობის შემოწმება.

როგორ ვლინდება

რეფრაქციული დარღვევების ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ბუნდოვანი მხედველობაა. სხვა ნიშნებია:

* გაორმაგებული მხედველობა;

* ბურუსით მოცული ხედვა;

* ნათელი რკალების დანახვა კაშკაშა სინათლის გარშემო;

* თვალების მოჭუტვა;

* თავის ტკივილი;

* თვალების დაძაბვა, რაც თვალების დაღლილობას ან ტკივილს იწვევს;

* ფოკუსირების გაძნელება კითხვის ან ეკრანთან მუშაობის დროს.

თუ ადამიანი სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას ატარებს, მაგრამ ეს სიმპტომები მაინც აღენიშნება, დიდი ალბათობით, მას საკორექციო საშუალების ახალი რეცეპტი სჭირდება.

ახლომხედველობა

ახლომხედველობის, მიოპიის დროს სინათლის სხივები ბადურას წინ ერთდება, შესაბამისად, გამოსახულებაც აქვე ფოკუსირდება, რის გამოც ადამიანს უჭირს შორეული საგნების დანახვა. მკაფიო გამოსახულების მისაღებად თვალებს ჭუტავს, ხშირად თვალები ეძაბება, შესაძლოა, ასტკივდეს თავიც.

მიოპიას განაპირობებს დაგრძელებული თვალის კაკალი, რქოვანას ან ბროლის შეცვლილი ფორმა. ძლიერი ახლომხედველობის ანუ მაღალი მიოპიის შემთხვევაში იმატებს სხვადასხვა პათოლოგიის, მაგალითად, ბადურას აშრევების რისკი.

ახლომხედველობა 6-დან 14 წლამდე იწყება და შესაძლოა, 22-23 წლამდეც კი პროგრესირებდეს. ბავშვებს, რომლებიც მეტ დროს ატარებენ გარეთ, ნაკლებად უვითარდებათ ახლომხედველობა. რატომ ხდება ასე, უცნობია.

შორსმხედველობა

შორსმხედველობის, ჰიპერმეტროპიის დროს სინათლის სხივები ბადურას უკან ერთდება, რის გამოც ადამიანი ახლომდებარე საგნებს ბუნდოვნად ხედავს, ეძაბება თვალები და სტკივდება თავი, განსაკუთრებით – კითხვის დროს. ახლომხედველისგან განსხვავებით, შორსმხედველი თვალის კაკალი დამოკლებულია (თუ მიზეზი კაკლის ფორმაა).

ძლიერი შორსმხედველობის დროს ბავშვებს შესაძლოა თვალის სხვა პრობლემებიც ჰქონდეთ, მაგალითად, სიელმე ან ამბლიოპია (ზარმაცი თვალი).

შორსმხედველობა უმეტესად თანდაყოლილია, თუმცა შესაძლოა, ადამიანი მან სიბერემდე არ შეაწუხოს.

ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმის დროს რეფრაქციის დარღვევაში დამნაშავეა რქოვანას ან, იშვიათად, ბროლის არათანაბარი სიმრუდე, რაც საგნების ბუნდოვან, დამახინჯებულ ხედვას განაპირობებს. გამოსახულების უკეთ აღსაქმელად ასტიგმატიზმის მქონე ადამიანი თვალებს ჭუტავს, შესაძლოა, უჩიოდეს თავის ტკივილს, თვალების დაძაბულობას და ღამღამობით ცუდ მხედველობას.

ზოგი ასტიგმატიზმით იბადება, ზოგს კი ის ბავშვობაში ან ზრდასრულ ასაკში უვითარდება. ის შესაძლოა გამოიწვიოს თვალის დაზიანებამ ან თვალზე ჩატარებულმა ოპერაციამ.

პრესბიოპია

პრესბიოპიას, რომელიც ნორმალური დაბერების ნაწილად მიიჩნევა, ბროლის ასაკობრივი ცვლილება განაპირობებს. ბროლი კარგავს მოქნილობას და დრეკადობას, რის შედეგადაც სინათლე ბადურაზე სწორად ვეღარ ფოკუსირდება. ამის გამო ახლომდებარე საგნები ბუნდოვნად აღიქმება. პრესბიოპია, როგორც წესი, 45 წლიდან ვითარდება და ხშირად თვალის სხვა რეფრაქციულ დარღვევასთან არის შერწყმული.

ვინაიდან პრესბიოპიის მქონე ადამიანს ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირება უჭირს, კითხვის დროს ნაწერი`ნაბეჭდი ზედაპირი თვალებიდან მოშორებით უჭირავს, უჩივის თვალების დაძაბულობას, თავის ტკივილს. პრესბიოპია თანდათან იმატებს, მაგრამ 65 წლის შემდეგ მისი პროგრესირება, წესისამებრ, წყდება.

პრესბიოპიის საწყის ეტაპზე ადამიანი ახერხებს კითხვას ტექსტის შორს დაჭერით, მსხვილი შრიფტით ნაბეჭდი წიგნების შერჩევით, ეკრანზე შრიფტის ზომის გაზრდით, მაგრამ მოგვიანებით მას მაინც უწევს კითხვისთვის განკუთვნილი სათვალის ან კონტაქტური ლინზების გამოყენება.

მართალია, პრესბიოპიის მქონე ადამიანს მარტივად შეუძლია საკითხავი სათვალის შეძენა, მაგრამ პერიოდულად თვალის გამოკვლევაც აუცილებელია.

თვალის გამოკვლევა

მხედველობის სიმახვილის დასადგენად ექიმები სპეციალურ ცხრილებს იყენებენ. მათზე ნაჩვენებია, როგორი დაშორებით უნდა დაინახოს ჯანმრთელმა თვალმა ესა თუ ის გამოსახულება, ასოები, ციფრები.

თვალის გამოკვლევა ასევე მოიცავს:

* მხედველობის ველის შემოწმებას – რამდენად კარგად ხედავს ადამიანი პერიფერიულად მდებარე საგნებს განზე გახედვის გარეშე;

* თვალის კუნთების ფუნქციის შემოწმებას – ექიმი რაიმე საგანს გადაანაცვლებს და პაციენტს სთხოვს, თვალი მიადევნოს მას;

* სინათლეზე გუგების რეაგირების ტესტს – ექიმი აკვირდება, როგორ იცვლება გუგების ზომა მათზე სინათლის მინათების შემდეგ;

* ტონომეტრიას – თვალების წნევის გაზომვას ჰაერის ჭავლით ან თვალის კაკალზე სპეციალური ხელსაწყოს მსუბუქი ზეწოლით.

ამასთან ერთად აუცილებელია თვალის ფსკერის დათვალიერებაც, რათა შესაძლო პრობლემები ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინონ. ფსკერის გამოსაკვლევად აუცილებელია სპეციალური წვეთებით გუგის გაფართოება, რათა მასში მეტი სინათლე შევიდეს და ექიმმა თვალი უკეთესად დაათვალიეროს. ამ გზით გამოავლენენ დიაბეტურ რეტინოპათიას, გლაუკომას და ასაკთან დაკავშირებულ მაკულარულ დეგენერაციას. გუგაგაფართოებული თვალის გამოკვლევიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მხედველობა შესაძლოა ბუნდოვანი დარჩეს, ხოლო თვალი – სინათლის მიმართ მგრძნობიარე, ამიტომ უმჯობესია, ამ გამოკვლევის შემდეგ გამოკვლეული პირი ვინმემ მიაცილოს სახლამდე.

მკურნალობა

რეფრაქციული მანკების კორექციისთვის სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს იყენებენ. ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ, მხედველობის კორექციისთვის ქირურგიულ ჩარევას მიმართონ. ოპერაცია გულისხმობს რქოვანას ფორმის ისე შეცვლას, რომ სინათლე ბადურაზე ფოკუსირდეს.

სათვალე

სხვადასხვა რეფრაქციული მანკის მქონე ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ლინზები სჭირდებათ. ახლომხედველობისთვის განკუთვნილი ლინზები ახლო მანძილზე ხედვას აკორექტირებს, შორსმხედველობისთვის განკუთვნილი – შორ მანძილზე ხედვას. თუ მხედველობის რამდენიმე დისტანციაზე კორექციაა საჭირო, ადამიანს რამდენიმე სათვალე დასჭირდება. ასეთი შემთხვევისთვის არსებობს მულტიფოკალური ლინზები, რომლებიც ერთა და იმავე დროს როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე მხედველობას აკორექტირებს. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც პრესბიოპია და ახლომხედველობა აქვთ, შეუძლიათ, მულტიფოკალური ლინზები კითხვისა და მანქანის მართვის დროს გამოიყენონ.

არსებობს ბიფოკალური (ორფოკუსიანი კორექციის) ლინზები, რომლებიც ქვედა ნაწილით ახლო მანძილზე ხედვას აკორექტირებს, ხოლო ზედათი – შორ მანძილზე ხედვას და ტრიფოკალური (სამფოკუსიანი კორექციის) ლინზები შორ, საშუალო და ახლო მანძილზე კომფორტულად დანახვისთვის. იმავეს აკეთებს პროგრესული მრავალფოკალური ლინზები, ოღონდ მათ გააჩნიათ მკვეთრი გამყოფი ხაზი მხედველობის არეებს შორის, რაც ნებისმიერ მანძილზე გამოსახულების ერთნაირად მკაფიოდ დანახვის საშუალებას იძლევა.

როგორ მუშაობს

სათვალის ლინზები, ისევე როგორც ბროლი და რქოვანა, ისე გარდატეხს სინათლის სხივს, რომ ის სწორად ფოკუსირდეს ბადურაზე. ლინზებით შესაძლებელია კორექტირდეს როგორც რქოვანას, ისე ბროლის ან თვალის კაკლის ფორმის ცვლილებით გამოწვეული რეფრაქციული დარღვევები.

სათვალე მკაფიოდ დანახვის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ის არ ცვლის თვალებს და არც მხედველობას ასუსტებს.

სათვალის რეცეპტს ექიმი თვალის გამოკვლევის საფუძველზე გამოწერს, მისი დამზადება კი ოპტიკის სალონებშია შესაძლებელი. პერიოდულად საჭიროა გამოკვლევის ჩატარება და, საჭიროებისამებრ, რეცეპტის შეცვლა.

კონტაქტური ლინზები

თხელი, გამჭვირვალე, მოქნილი კონტაქტური ლინზები რქოვანას წინ ისმება. სწორად გამოყენების შემთხვევაში ისინი სათვალის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივაა. კონტაქტური ლინზები ბევრს უადვილებს ცხვრებას, მაგრამ განსაკუთრებით მოხერხებულია მათთვის, ვინც ბევრ დროს ატარებს სიცივეში, სადაც სათვალის ლინზები ადვილად იორთქლება.

კონტაქტური ლინზების შერჩევისას სამი მთავარი რამ უნდა იცოდეთ: რბილია ისინი თუ მყარი, რამდენ ხანს შეგიძლიათ ატაროთ და რამდენი ხნის შემდეგ უნდა გამოცვალოთ.

რბილი კონტაქტური ლინზები უფრო კომფორტული და ადვილად შესაგუებელია, მყარს კი უფრო მკაფიო მხედველობის უზრუნველყოფა შეუძლია, თუმცა უფრო ძნელი მოსავლელია.

ყოველდღიურად სატარებელი ლინზები ღამით უნდა ამოიღოთ და დეზინფექცია ჩაუტაროთ. ასეთი ლინზებით დაძინებამ შესაძლოა თვალის სერიოზული ინფექცია გამოიწვიოს. ხანგრძლივი გამოყენებისთვის განკუთვნილი ლინზების ტარება კი 30 დღისა და ღამის განმავლობაში შეიძლება, თუმცა ისინიც ზრდიან თვალის ინფექციის რისკს.

ერთჯერადი კონტაქტური ლინზები ერთი დღე უნდა ატაროთ, ღამით კი გადაყაროთ. მრავალჯერ გამოსაყენებელ ლინზებს ყოველ ღამე, ძილის წინ, ამოიღებთ, სადეზინფექციო სითხით გაასუფთავებთ და სპეციალურ კონტეინერში, ამავე სითხეში მოათავსებთ (თუ საკმარისად ჰაერგამტარია, დროდადრო შეიძლება მათი ღამით დატოვებაც. მაგალითად, მაშინ, თუ ღამის სხვაგან გათევა მოგიხდათ და სითხე და კონტეინერი თან არ გაქვთ. ამის თაობაზე დაწვრილებით ინსტრუქციას ექიმი მოგცემთ). ვადის ამოწურვის შემდეგ ასეთი ლინზები უნდა გამოცვალოთ (ვადა ინსტრუქციაშია მითითებული).

არსებობს სხვა ტიპის კონტაქტური ლინზებიც, მაგალითად:

* მულტიფოკალური, რომლებიც აკორექტირებს როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე მხედველობას;

* ჰიბრიდული, რომლებსაც აქვს მყარი ცენტრი და რბილი გარეთა რგოლი. ასეთი ლინზები განსაკუთრებით მოხერხებულია რქოვანას არასტანდარტული ფორმის (მაგალითად, კერატოკონუსის) დროს;

* ორთოკერატოლოგიური, რომლებიც დროებით ცვლის რქოვანას ფორმას. ისინი ძილის წინ უნდა გაიკეთოთ და დილით ამოიღოთ. ამის შემდეგ მთელი დღე მკაფიოდ დაინახავთ სათვალისა თუ ლინზის გარეშე;

* სკლერული – ასეთი ლინზები მყარია და რქოვანას ნაცვლად სკლერაზე ჯდება. ლინზასა და რქოვანას შორის სივრცეში შესაძლოა იყოს სითხე, რომელიც დაზიანებული რქოვანას სამკურნალოდ გამოიყენება;

* დეკორატიული – მათ თვალის ფერის შესაცვლელად იყენებენ. ზოგჯერ ამ ტიპის კონტაქტური ლინზები რეფრაქციული კორექციის ფუნქციასაც ითავსებს.

მოვლა

კონტაქტური ლინზების გასასუფთავებლად, სადეზინფექციოდ და შესანახად სპეციალური ხსნარი გამოიყენება. ლინზების ამოღებამდე კარგად დაიბანეთ და შეიმშრალეთ ხელები. ლინზები სათითაოდ ამოიღეთ, დაიდეთ ხელისგულზე, დაასხით ხსნარი, ფაქიზად, მაგრამ გულდასმით გარეცხეთ თითით და სპეციალურ საცავში, სუფთა ხსნარში ჩადეთ. ეცადეთ, მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის განკუთვნილი ლინზები კონტეინერის მუდამ ერთსა და იმავე ნაწილში შეინახოთ. ჩასმის წინაც დაიბანეთ ხელები და ლინზები კვლავ გადარეცხეთ სუფთა ხსნარით. კონტეინერი დაცალეთ, ანადუღარი წყლით გამორეცხეთ და პირქვე დადეთ სუფთა ზედაპირზე (ქაღალდის ხელსახოცზე ან ქსოვილის ნაჭერზე).

ლინზებს არ მოახვედროთ სასმელი წყალი. თუ მოგიხვდათ, მაშინვე სადეზინფექციო სითხით გადარეცხეთ.

ლინზების საცავი სამ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

საგანგაშო ნიშნები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომებმა შეგაწუხათ, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ:

* თვალის ტკივილი;

* თვალის სიწითლე;

* სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება (როდესაც შუქი თვალებს გტკენთ);

* მხედველობის უეცარი დაბინდვა;

* თვალების უჩვეულო აწყლიანება;

* გამონადენი.

თუ ეს სიმპტომები ლინზების ამოღების შემდეგაც არ გაქრა და მეტიც – გაუარესდა, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

ქირუგიული მკურნალობა

რეფრაქციული მანკების მკურნალობის ყველაზე გავრცელებული ქირურგიული მეთოდია LASIK (lase-assisted in situ keratomileusis). რქოვანას ფორმის შესაცვლელად ლაზერულ სხივს იყენებენ. მეთოდი ძალზე შედეგიანია ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის დროს.

LASIK-ით მკურნალობის შემდეგ უმეტესობა კარგად ხედავს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, პრესბიოპიის გამო, ზოგს შესაძლოა მაინც დასჭირდეს სათვალე ან კონტაქტური ლინზა.

გასათვალისწინებლია, რომ თვალის ზოგიერთი მდგომარეობისას ამ მეთოდის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს კერატოკონუსის (დაავადება, რომელიც რქოვანას თანდათან ათხელებს), თვალის ინფექციების (კერატიტი, თვალის ჰერპესი), გლაუკომის, კატარაქტის, მშრალი თვალის სინდრომის, გუგების გაფართოების რისკი.

მკურნალობის გვერდითი მოვლენები: თვალის სიმშრალე, განათებული რკალის დანახვა კაშკაშა სინათლის გარშემო, გაორმაგებული მხედველობა, მხედველობის დაბინდვა, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, – ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაივლის, მანამდე კი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ექიმმა შესაძლოა თვალის წვეთები ან სხვა მედიკამენტები გამოგიწეროთ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, – თუმცაღა იშვიათად, – როცა ეს პრობლემები სამუდამოდ რჩება.

ოპერაციას თან ახლავს სხვა რისკებიც: მოსალოდნელია ინფექცია, რქოვანას შეხორცების გართულება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხდველობის დაკარგვა. ასეთ დროს ზოგჯერ ხელახალი ოპერაციაა აუცილებელი.

ოპერაციის დროს

ოპერაციის დაწყებამდე ექიმი სკანერის დახმარებით შექმნის რქოვანას დეტალურ სურათს, რომლითაც ოპერაციის დროს იხელმძღვანელებს. პაციენტს თვალში გამყუჩებელს ჩააწვეთებს, რქოვანას ზედა, თხელ ფენას ააშრევებს და გადაკეცავს, ქვედას ლაზერით შეუცვლის ფორმას და ანათალს უკანვე დააბრუნებს.

ოპერაციის შემდეგ შესაძლოა თვალი გაღიზიანდეს და მხედველობა დაიბინდოს, ამიტომ პაციენტს შინ წასასვლელად სხვისი დახმარება დასჭირდება.

ოპერაციის შემდგომი ჩივილების შესამსუბუქებლად ექიმმა შესაძლოა დასალევი წამალი ან თვალის წვეთები გამოგიწეროთ.

ოპერაციის სრულფასოვანი შედეგი 2-3 თვის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.

ოპერაციის შემდეგ აუცილებელია რეგულარული ვიზიტი ექიმთან, რომელიც შეაფასებს, როგორ მიმიდნარეობს თვალის გაჯანსაღების პროცესი და რამდენად გაუმჯობესდა მხედველობა.

LASIK-ის შემდეგ ზოგიერთს კვლავ სჭირდება სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება, ზოგს კი რეფრაქციული მანკის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს.

LASIK-ის ალტერნატივებია:

* მისგან ოდნავ განსხვავებული ლაზერული აპარატები  (ასეთებია, მაგალითად, LASEK, Epilasik). მათი მეშვეობით რქოვანაზე კიდევ უფრო თხელი ანათალის გაკეთებაა შესაძლებელი. ზოგიერთი ამ აპარატით მკურნალობას განსხვავებული ჩვენება აქვს. შესაძლოა, სხვაგვარი იყოს პოსტოპერაციული პერიოდიც.

* ფოტორეფრაქციული კერატექტომია – ამ დროს ანათალი არ კეთდება; აშორებენ რქოვანას ზედაპირულ უჯრედებს და კორექციას შემდეგ ატარებენ.

* კონდუქციური კერატოპლასტიკა – მას 40 წელს გადაცილებულ პაციენტებთან იყენებენ მსუბუქი და ზომიერი შორსმხედველობის საკორექციოდ. რქოვანის პერიფერიულ ნაწილზე რადიოსიხშირული ენერგიის ზემოქმედებით ცვლიან რქოვანას ცენტრალური ნაწილის სიმრუდეს. ამ მეთოდს ზოგჯერ იყენებენ მონოვიზიის შერეული ხედვის მისაღწევად, რითაც უმჯობესდება არადომინანტური პრესბიოპიული თვალის ახლო ხედვა.

* ფაკიური თვალშიდა ლინზები – ისინი მაღალი ხარისხის რეფრაქციული მანკის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და, წესისამებრ, ბროლის წინ იმპლანტირდება.

* ბროლის შეცვლა – ეს კატარაქტის ოპერაციას ჰგავს. თვალში ისმება ბროლი, რომელიც საჭირო კუთხით ცვლის რეფრაქციას. მას, ვისაც რეფრაქციულ დარღვევასთან ერთად კატარაქტის საწყისი სტადიაც აქვს, შეუძლია, დაავადების პროგრესირებას არ დაელოდოს და ეს ოპერაცია ჩაიტაროს.

 

***

რა ასუსტებს მხედველობას

მხედველობადაქვეითებულად მიიჩნევა ადამიანი, რომლის მხედველობაც სათვალით, კონტაქტური ლინზებით ან ქირურგიული მეთოდებით ვერ კორექტირდება. მხედველობის დაქვეითება ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში; მას უჭირს კითხვა, გადაადგილება, მანქანის მართვა, სახეების ამოცნობა, ფერების გარჩევა,  ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანის მკაფიოდ დანახვა.

მხედველობის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

* მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია;

* კატარაქტა;

* დიაბეტური რეტინოპათია;

* გლაუკომა.

ჩამოთვლილი დაავადებების სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს, შესაბამისად, მხედველობის დაქვეითებას უმეტესად ხანდაზმულები უჩივიან, თორემ თავისთავად სიბერე არ იწვევს მხდველობის დაქვეითებას.

მხედველობის დაქვეითების მიზეზად შეიძლება ასევე იქცეს თვალის ტრავმა, ტვინის ტრავმა ან გენეტიკური დარღვევა.

მხედველობის დაქვეითება სხვადასხვანაირად გამოიხატება. უმეტესობა უჩივის:

* ცენტრალური მხედველობის დაკარგვას –  ვერ ხედავს მხედველობის ცენტრში არსებულ საგნებს;

* პერიფერიული მხედველობის დაკარგვას – პირდაპირ ყურებისას ვერ ხედავს ირგვლივ მდებარე საგნებს;

* ღამის სიბრმავეს – ვერ ხედავს სუსტი განათების პირობებში;

* დაბინდულ მხედველობას – საგნებს უწინდებურად მკვეთრად ვეღარ ხედავს, თითქოს ყველაფერი ნისლშია ჩაძირული.

გამოსავალი

დაქვეითებული ან დაკარგული მხედველობის აღდგენა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა ყოველდღიური საქმიანობის გასაადვილებლად ადამიანს შეუძლია, არსებული მხედველობა მაქსიმალურად გამოიყენოს: სახლში ან სამსახურში დაამონტაჟოს უფრო ძლიერი განათება, ატაროს მზის სათვალე არეკვლის საწინააღმდეგო საფარით, კითხვისას გამოიყენოს გამადიდებელი შუშა და სხვა.

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია თვალის დაავადებაა, რომლის დროსაც ქვეითდება ცენტრალური მხედველობა, ანუ მხედველობის ის ნაწილი, რომელიც აუცილებლია კითხვისა და გადაადგილებისთვის.

დაავადების სახელწოდებაც მიუთითებს, რომ ის უმეტესად ხანდაზმულებს ემართებათ. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებთან მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია მხედველობის დაქვეითების წამყვანი მიზეზია. ზოგიერთს ეს დაავადება ძალიან ნელა უვითარდება, რის გამოც მხედველობის დაქვეითებას კარგა ხანს ვერ ამჩნევს, ზოგთან კი საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს და მალევე იწვევს ერთ ან ორივე თვალში ცენტრალური მხედველობის დაქვეითებას ან სიბრმავეს.

სიმპტომები

დაავადების პროგრესირებასთან ერთად ბევრს ებინდება მხედველობა მხედველობის ცენტრის ახლოს. დროთა განმავლობაში დაბინდული ადგილების ნაცვლად შესაძლოა ლაქები გაჩნდეს, სინათლემ მოიკლოს. სწორი ხაზების ტალღისებურად აღქმა კი უკვე პათოლოგიის გვიან სტადიას ახასიათებს. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია ექიმთან მისვლა.

ცალ თვალზე მაკულის ძლიერი დეგენერაციის არსებობისას დიდია მეორე თვალზე მისი განვითარების ალბათობაც.

ვის ემუქრება

მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის რისკი ასაკთან ერთად იმატებს, განსაკუთრებით – 60 წლიდან. რისკი კიდევ უფრო მაღალია, როდესაც ადამიანს აქვს ამ დაავადების ოჯახური ისტორია ან ეწევა. რისკის ამ ფაქტორების არსებობისას აუცილებელია თვალის რეგულარული გამოკვლევა.

რისკის შემცირება შესაძლებელია:

* თამბაქოს წევისთვის თავის დანებებით;

* რეგულარული ფიზიკური დატვირთვით;

* არტერიული წნევისა და ქოლესტეროლის ნორმალური დონის შენარჩუნებით;

* ჯანსაღი კვებით (უმთავრესად – ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეულისა და თევზეულის მიღებით).

გამოკვლევა

თვალის ფსკერის დათვალიერებასთან ერთად ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია (Oჩთ): სპეციალური ხელსაწყო თვალის შიგნიდან იღებს გამოსახულებას და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

მკურნალობა

ამ პათოლოგიისგან განკურნების საშუალება ამჟამად არ არსებობს. პროცესის შესაჩერებლად რეკომენდებულია ჯანმრთელი კვება, რეგულარული ვარჯიში და მოწევაზე უარის თქმა.  AREDS და AREDS2 გამოკვლევების თანახმად, მაკულის დეგენერაციის საშუალო ან გვიანი სტადიის შემთხვევაში პროცესის განვითარება შესაძლოა შეაფერხოს კვებითი დანამატების კომპლექსმა, რომელიც შეიცავს C და E ვიტამინებს, ბეტა კაროტინს, ლუთეინს, თუთიას და სხვ.

გვიანი “სველი“ ან ნეოვასკულური დეგენერაციის შეჩერება შეუძლია თვალში სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის ინჰიბიტორის (Anti-VEGF) ნემსით შეყვანას ან ლაზერულ მკურნალობას – ფოტოდინამიკურ თერაპიას.

კატარაქტა

კატარაქტა თვალის ბროლის შემღვრევაა. ბროლი ორმხრივამოზნექილი გამჭვირვალე ლინზაა, რომელშიც სინათლის სხივები საჭირო კუთხით იცვლის მიმართულებას, რათა ბადურაზე სწორად ფოკუსირდეს. კატარაქტა ასაკოვან ადამიანებში საკმაოდ ხშირად იწვევს მხედველობის დაქვეითებას და სიბრმავესაც კი, თუმცა ეს ის პათოლოგიაა, რომლის დროსაც მედიცინა ყოვლისშემძლეა – კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ფაქტობრივად ყოველთვის აღმოფხვრის ბროლის შემღვრევით გამოწვეულ ცვლილებებს.

კატარაქტას, წესისამებრ, თვალის ასაკობრივი ცვლილები იწვევს. ახალგაზრდის ბროლი სუფთა და გამჭვირვალეა, დაახლოებით 40 წლიდან კი ბროლის შიგნით ცილები იშლება და ერთად გროვდება. შედეგად ბროლში შემღვრეული ადგილები ჩნდება. კატარაქტა შესაძლოა თვალის ტრავმის ან მისი რომელიმე დაავადების (მაგალითად, გლაუკომის) გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს. განურჩევლად მიზეზისა, მკურნალობა ყოველთვის ოპერაციულია.

ნიშნები

კატრაქტის დროს ადამიანმა მხედველობის ცვლილებები თავდაპირველად შესაძლოა ვერც შეამჩნიოს, მაგრამ თანდათან აშკარა ხდება, რომ:

* მხედველობა დაბინდულია, დანისლულია;

* საგნები გაუფერულებულია;

* ღამით ცუდად ხედავს;

* ნათურები, მზე, მანქანის ფარები ზედმეტად კაშკაშაა;

* სინათლის წყაროს გარშემო ხედავს რკალებს;

* გამოსახულება გაორებულია;

* ხშირად სჭირდება სათვალის შეცვლა.

ეს ყველაფერი შესაძლოა თვალის სხვა დაავადების ნიშანიც იყოს, ამიტომ მხოლოდ ამ სიმპტომებზე დაყრდნობით კატარაქტის დაიგნოზს არ სვამენ. ის თვალის ოფთალმოსკოპიური გამოკვლევის საშუალებით დასტურდება.

რისკი და პრევენცია

კატარაქტის რისკი ასაკთან ერთად იმატებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს აქვს  დიაბეტი, ეწევა, ბევრს სვამს, აქვს კატარაქტის ოჯახური ისტორია, გადატანილი აქვს თვალის ტრავმა, თვალის ოპერაცია ან სხივური მკურნალობა სხეულის ზედა ნაწილში, ბევრ დროს ატარებს მზეზე, იღებს სტეროიდებს.

შესაბამისად, პრევენცია გულისხმობს მზის სათვალისა და ფარფლებიანი ქუდის ტარებას, მოწევისთვის თავის დანებებას, რაციონში მეტი ხილისა და ბოსტნეულის შეტანას, 60 წლიდან – თვალის ფსკერის გამოკვლევას, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ.

მკურნალობა

კატარაქტისგან განკურნების ერთადერთი გზა ოპერაციაა, თუმცა არ არის აუცილებელი, ქირურგიული ჩარევა დაავადების დასაწყისშივე ჩატარდეს. ამ ეტაპზე ადამიანს შეუძლია, ოთახის უკეთესი განათებით, მზის სათვალით, გამადიდებელი შუშით, სათვალის ნომრის გაზრდით გაიადვილოს ცხოვრება და საქმიანობა. მაგრამ თუ კატარაქტა ამ ყველაფერში ხელს უშლის, ექიმი მას ოპერაციას ურჩევს.

კატრაქტის ოპერაციის დროს ამღვრეულ ბროლს იღებენ და მის ნაცვლად ხელოვნურს სვამენ. ოპერაცია უსაფრთხოა და ათიდან ცხრა შემთხვევაში შედეგიანი. თუ ოპერაცია ორივე თვალზეა საჭირო, დაახლოებით ოთხკვირიანი შუალედით ტარდება.

ოპერაციის შემდეგ საჭიროა წვეთების გამოყენება, ზოგჯერ – თვალის ახვევა ან სათვალის ტარება. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში იკრძალება თვალის ხელით შეხება, მკვეთრად დახრა, მძიმე საგნების აწევა. პაციენტების უმრავლესობა ოპერაციიდან რვა კვირის შემდეგ სრულიად განკურნებულია. ზოგიერთს შესაძლოა სათვალის ან კონტაქტური ლინზების ახალი რეცეპტი დასჭირდეს.

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტური რეტინოპათია, როგორც სახელიც მიგვითითებს, დიაბეტის შედეგად ბადურას დაზიანებაა. ის მხედველობის დაქვეითებას და სიბრმავეს იწვევს. დიაბეტური რეტინოპათიის რისკი ემუქრება ყველას, ვისაც აქვს რომელიმე ტიპის დიაბეტი: ტიპი 1,  ტიპი 2 ან  გესტაციური (ორსულობის პერიოდში განვითარებული). რაც უფრო ხანდაზმულია დიაბეტი, მით უფრო დიდია თვალის დაზიანების საფრთხე.

დიაბეტის გამო სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა აზიანებს ბადურას წვრილ სისხლძარღვებს, ისინი შუპდება და მათგან სითხე და სისხლი ჟონავს. დაზიანებული  სისხლძარღვების საკომპენსაციოდ ბადურაზე იზრდება ახალი, არცთუ სრულფასოვანი სისხლძარღვები, რომლებიც სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მათგან კიდევ უფრო ადვილად იჟონება სითხე და სისხლი და თვალში სისხლჩაქცევები ჩნდება.

ბადურას სისხლძარღვების დაზიანების აღმოსაჩენად საჭიროა, დიაბეტით დაავადებულმა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს თვალის ფსკერის გამოკვლევა, ვინაიდან ეს პათოლოგია თავდაპირველად შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ადრეულ სტადიაზე მისი აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაბამისი მკურნალობით პროცესის შეჩერება შესაძლებელია. ექიმმა პაციენტს, თვალის ფსკერის დათვალიერებასთან ერთად, შესაძლოა შესთავაზოს ბადურას კოჰერენტული ტომოგრაფია და ფლუორესცენციული ანგიოგრაფია – სპეციალური გამოკვლევა, რომელიც ექიმს დეტალურ წარმოდგენას შეუქმნის ბადურას სისხლძარღვოვანი სურათის შესახებ.

ნიშნები

დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული სტადიები უმეტესად უსიმპტომოა. ზოგ ადამიანს უჭირს კითხვა ან შორს მდებარე საგნების დანახვა, თუმცა ეს ნიშნები გარდამავალია.

დაავადების მომდევნო სტადიებზე, როდესაც ბადურას სისხლძარღვებიდან სისხლდენა იწყება, მინისებურ სხეულში გადასულ სისხლს ადამიანი მუქი, მცურავი ლაქების, წერტილების ან ობობას ქსელისებური ზოლების სახით ხედავს. ზოგჯერ თვალი თავისთავად იწმინდება, მაგრამ ამ სიმპტომების გაჩენისას მნიშვნელოვანია მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება – სხვაგვარად, დიდი შანსია, სისხლდენა განმეორდეს ან ბადურაზე ნაწიბური ჩამოყალიბდეს.

რეტინოპათიის “საჩუქრები”

დიაბეტურ რეტინოპათიას შეუძლია, თვალის სხვა მძიმე დაზიანებაც გამოიწვიოს:

* მაკულის დიაბეტური შეშუპება  – დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს დროთა განმავლობაში მაკულის შეშუპება უვითარდება, რაც მხედველობის სიმახვილის დაკარგვას, მის დაბინდვას განაპირობებს;

* ნეოვასკულური გლაუკომა – ბადურას ზედაპირზე აღმოცენებული პათოლოგიური სისხლძარღვები აფერხებს თვალიდან სითხის გადინებას, რაც გლაუკომას იწვევს.

* ბადურას აშრევება – პათოლოგიური ნაწიბურები იწვევს თვალის უკანა ნაწილიდან ბადურას აცლას. შესაძლოა, ამის გამო ადამიანი სრულიად დაბრმავდეს.

მოქმედების სტრატეგია

დიაბეტური რეტინოპათიის რისკის შესამცირებლად საუკეთესო გზა დიაბეტის სწორად მართვაა. მისი მიზანია სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნება, რაც მიიღწევა რეგულარული ფიზიკური დატვირთვით, ჯანსაღი კვებით, ინსულინის ან ექიმის მიერ გამოწერილი სხვა წამლების მიღებით. გლუკოზის დონის კონტროლის მიზნით ისაზღვრება სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HBA1c) კონცენტრაცია, რაც აჩვენებს ბოლო სამი თვის განმავლობაში სისხლში გლუკოზის საშუალო შემცველობას.

დიაბეტური რეტინოპათიის ადრეულ სტადიაზე ექიმი შესაძლოა დაკვირვებას დასჯერდეს და პაციენტს გლუკოზის, არტერიული წნევისა და ქოლესტეროლის კონტროლი ურჩიოს. ამ ეტაპზე ზოგჯერ თვალის ფსკერის დათვალიერება 2-4 თვეში ერთხელაა საჭირო. დაავადების გვიანი სტადიის დიაგნოსტირებისას კი მკურნალობა დაუყოვნებლივ იწყება, მით უმეტეს - მაშინ, თუ მხედველობაც შეცვლილია, ვინაიდან ამგვარად შესაძლებელია მხედველობის გაუარესების შეჩერება.

მკურნალობა მოიცავს:

* თვალშიგა ინექციებს. გამოიყენება ენდოთელური ზრდის ფაქტორის ინჰიბიტორები (Anti-VEGF), კორტიკოსტეროიდები ან სხვა წამლები;

* ლაზერულ პროცედურას – ფოტოკოაგულაციას. მას მიმართავენ ბადურას დაზიანებული სისხლძარღვების მოსაშორებლად, შეშუპებისა და სისხლდენის შესამცირებლად;

* ვიტრექტომიას – ძლიერი სიხლდენისას ან თვალში ბევრი ნაწიბურის არსებობისას მინისებურ სხეულს ამოკვეთენ და სპეციალური სითხით ცვლიან.

გლაუკომა

გლაუკომა თვალის ისეთ დაავადებათა ჯგუფია, რომელთა დროსაც მხედველობის დაქვეითებასა და სიბრმავეს თვალის უკანა ნაწილში არსებული მხედველობის ნერვის დაზიანება იწვევს.

გლაუკომის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ ამ პათოლოგიის მქონე ადამიანების დიდ ნაწილს მაღალი თვალშიგა წნევა აღნიშნება, მისი დაწევა კი აფერხებს გლაუკომის განვითარების რისკს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყველას, ვისაც თვალშიგა წნევა მომატებული აქვს,  არ ემართება გლაუკომა და არც ამ ფაქტორის გარეშეა ვინმე დაზღვეული გლაუკომისგან – არის შემთხვევები, როდესაც ის ნორმალური თვალშიგა წნევის ფონზე ვითარდება. მომატებული წნევის შემთხვევაში ინდივიდუალურად, თვალის გამოკვლევით უნდა განისაზღვროს,  რამდენად უძლებს მხედველობის ნერვი მაღალი წნევის პრესს, კონკრეტული ადამიანისთვის თვალის როგორი წნევაა უსაფრთხო.

არსებობს გლაუკომის რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებულია ე.წ. ღიაკუთხოვანი გლაუკომა. არსებობს დახურულკუთხოვანი, ვიწროკუთხოვანი და სხვა ტიპის გლაუკომებიც. დაავადება შეიძლება იყოს პირველადი, მეორეული ან თანდაყოლილი.

გლაუკომის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალი აქვთ 60 წელს გადაცილებულ, დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებს.

ნიშნები

გლაუკომის სიმპტომები შესაძლოა ისე ნელა განვითარდეს, რომ ადამიანმა ვერც კი შეამჩნიოს. გლაუკომით დაავადებულთა ნახევარმა არც კი იცის, რომ ეს დაავადება აქვს. პათოლოგიის აღმოჩენის ერთადერთი გზა თვალის სრულფასოვანი გამოკვლევაა.

დროთა განმავლობაში ადამიანი კარგავს მხედველობას, თავდაპირველად – პერიფერიულს, უმეტესად – ცხვირის მიდამოსკენ. დაავადების დამძიმებასთან ერთად ის ამჩნევს, რომ პირდაპირ ყურებისას გვერდით მდებარე საგნებს ვეღარ ხედავს. თუ მკურნალობა ამ ეტაპზეც არ დაიწყო, შესაძლოა, დაბრმავდეს.

თუ გლაუკომის მქონე ადამიანს დაეწყო თვალის უეცარი  ტკივილი, გულისრევა, თვალები გაუწითლდა, მხედველობა დაებინდა (ასეთი უეცარი შეტევა დახურულკუთხოვან გლაუკომას ახასიათებს),  აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

მკურნალობა

გლაუკომის სამკურნალოდ იყენებენ მედიკამენტებს (თვალის წვეთებს), ლაზერს და ქირურგიას. მკურნალობის მიზანი პროცესის შეჩერებაა. 

ჯანმრთელი თვალებისთვის

თვალების ჯანმრთელობისთვის ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მათი რეგულარული სრულფასოვანი გამოკვლევა. პათოლოგიის შემთხვევაში კვლევის სიხშირე ექიმის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული, ჯანმრთელ თვალს კი ეს პროფილაქტიკური პროცედურა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაუტარდეს.

გასათვალისწინებელია, რომ ასაკთან ერთად თვალის დაავადების რისკი ემატებათ ჭარბწონიან, თვალის დაავადების ოჯახური ისტორიის, დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებს, ამიტომ მათ ჯანმრთელობისადმი მეტი ყურდღება მართებთ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წონის, არტერიული წნევისა და გლუკოზის კონტროლი.

*თვალებისთვის სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით – ფოთლოვანი (ისპანახი, კომბოსტო). ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ფოთლოვან ბოსტნეულს, გლაუკომის განვითარების რისკი 20-30 პროცენტით დაბალი აქვთ. მწვანე ბოსტნეულის ნიტრატები შესაძლოა გარდაიქმნას აზოტის ოქსიდად, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას და თვალშიგა წნევის რეგულირებას. თვალს ასევე უხდება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზი (ორაგული, თინუსი), ჩაის ყოველდღიური სმა.

*ფიზიკური აქტიურობა ამცირებს ჯანმრთელობის ისეთი დარღვევების რისკს, რომლებმაც შესაძლოა თვალიც ჩაითრიოს (დიაბეტი, მაღალი არტერიულლი წნევა, მაღალი ქოლესტერინი). ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ზომიერ და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას ეწევიან, გლაუკომის განვითარების რისკი 73 პროცენტით დაბალი აქვთ, რადგან ვარჯიში გავლენას ახდენს თვალშიგა სისხლის მიმოქცევასა და თვალშიგა წნევაზე.

*მოწევისთვის თავის დანებება მხოლოდ ფილტვებს კი არა, მთელ ორგანიზმს და თვალებსაც წაადგება. მოწევა ზრდის მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისა და კატარაქტის რისკს.

*აუცილებელია თვალების დაცვა მზის სათვალით, ღრუბლიან დღეებშიც კი. სათვალის ლინზები უნდა აკავებდეს როგორც UVA, ასევე UVB (გრძელი და მოკლე ულტრაიისფერი სხივების) 99-100 პროცენტს.

*დამცავი სათვალის გამოყენებაა საჭირო სპორტული თამაშების, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს.

*მნიშვნელოვანია თვალების ხშირი დასვენება, განსაკუთრებით – კომპიუტერის, პლანშეტის, ტელეფონის და სხვა მოწყობილობების ინტენსიური გამოყენებისას. არსებობს მარტივი წესი: ყოველ 20 წუთში ერთხელ 20 წამის განმავლობაში მინიმუმ 3 მეტრის მანძილზე ყურება.

*ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს, ინფექციის თავიდან ასაცილებლად ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები:  დაიბანოს ხელები ლინზების ჩასმამდე და ამოღებამდე, ლინზები რეცხოს სპეციალური ხსნარით და რეგულარულად, ინსტრუქციის შესაბამისად ცვალოს.

 

***

ფერადი სიბრმავე ანუ შავ-თეთრი მხედველობა

ფერების გარჩევის უნარი სამყაროს შეცნობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ადამიანების უმრავლესობისთვის ფერების აღქმა ბუნებრივი რამაა. ისინი ვერც კი ხვდებიან, როგორ გაუღიმათ ბედმა. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, შემოდგომაზე წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ფოთლები ერთმანეთისგან რომ ვერ გაგერჩიათ ან სულაც ჰიჩკოკის ფილმების ფერებში ხედატრიტავდეთ სამყაროს.

ფერთა სიბრმავე, ასევე ცნობილი როგორც ფერთა აღქმის დეფიციტი, არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სხვებივით ვერ აღიქვამს კონკრეტულ ფერს. ასეთ ადამიანებს უჭირთ, მაგალითად, წითლისა და მწვანის ან ლურჯისა და ყვითლის გარჩევა.

მოკლე ისტორიული ექსკურსი

ფერთა სიბრმავისთვის დამახასიათებელი ნიშნები პირველად 1798 წელს აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ დალტონმა, ამიტომ ფერთა სიბრმავე დალტონიზმის სახელითაც არის ცნობილი.

დალტონს თავად ჰქონდა ფერთა აღქმის დეფიციტი – ვერ არჩევდა წითელს, რაც მხოლოდ 26 წლის ასაკში აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ მის ორ ძმასაც მხედველობის იგივე დარღვევა ჰქონდა, რაც დეფიციტის განვითარებაში გენეტიკური ფაქტორის მონაწილეობაზე მიუთითებდა. დალტონი ამ ფენომენით დაინტერესდა და მის შესწავლას მიჰყო ხელი.

1875 წელს შვედეთში, ქალაქ ლაგერლუნდის მახლობლად, მოხდა მატარებლების ძლიერი შეჯახება, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ მემანქანე ვერ არჩევდა წითელ ფერს. ამის გამო მრავალ ქვეყანაში დალტონიზმით დაავადებულებზე მართვის მოწმობის გაცემა შეიზღუდა. არსებობს პროფესიები, რომლებიც მათთვის ასევე მიუწვდომელია: ქიმიკოსის, მეზღვაურის, პილოტის...

რისი ბრალია

ფერთა სიბრმავე, წესისამებრ, თანდაყოლილია. მას სინათლის რეცეპტორების მაკოდირებელი გენების დეფექტი (მუტაცია) განაპირობებს. ფერთა სიბრმავე ბადურაში კოლბების სრული ან ნაწილობრივი არარსებობითაა გამოწვეული. კოლბები თვალის კაკლის შიგნითა გარსის სპეციალური ნერვული უჯრედებია, რომელთა მეშვეობითაც სინათლეს და ფერებს აღვიქვამთ. ადამიანის თვალის ბადურაზე ორი ტიპის ფოტორეცეპტორებია განლაგებული: ჩხირები და კოლბები. ჩხირები მხოლოდ სუსტი განათების დროს აღიგზნება და პასუხისმგებელია შავ-თეთრ მხედველობაზე, კოლბების აგზნება კი მკვეთრი განათებისას ხდება და ფერად მხედველობას უზრუნველყოფს.

ნორმალური მხედველობა

არსებობს კოლბების სამი ნაირსახეობა, რომლებსაც პირობითად ლურჯს, მწვანეს და წითელს უწოდებენ. ლურჯი კოლბები მგრძნობიარეა სინათლის მოკლე ტალღების მიმართ, მწვანე – საშუალო სიგრძის ტალღების მიმართ, ხოლო წითელი – გრძელი ტალღების მიმართ. როცა სამივე ჯგუფი ნორმალურად ფუნქციონირებს, ადამიანს ტრიქრომატული ანუ სამფეროვანი მხედველობა აქვს. ყველა ფერი, რომელსაც აღვიქვამთ, სწორედ ამ სამის კომბინაციის შედეგად მიიღება.

ფერთა აღქმის განსხვავებული ფორმები

სტატისტიკის თანახმად, ორასიდან ერთ ქალს და რვიდან ერთ კაცს ფერთა სიბრმავის ესა თუ ის ფორმა აქვს. ისინი ფერებს ნაწილობრივ ან განსხვავებულად აღიქვამენ ან სრულიად ვერ აღიქვამენ. როცა კოლბების ზემოხსენებული სამი ჯგუფიდან რომელიმე ერთი არ ფუნქციონირებს, ადგილი აქვს დიქრომატულ (ორფეროვან) მხედველობას. ამ დროს უმეტესად დარღვეულია წითელი ან მწვანე კოლბების ფუნქციობა, რაც, შესაბამისად, წითელი ან მწვანე ფერის მიმართ სიბრმავეს განაპირობებს. წითელი ფერისადმი სიბრმავის, პროტანოპიის, დროს წითელი ფერი უფრო მუქად აღიქმება, მუქ მწვანესა და მუქ ყავისფერს ერევა, დეიტერანოპიის დროს კი მწვანე ერევა ბაც ნარინჯისფერს, ბაც ვარდისფერს, წითელი – ბაც მწვანეს, ბაც ყავისფერს.

დიქრომაზიის კიდევ ერთი ვარიანტია ტრიტანოპია. ამ დროს ადამიანი ვერ აღიქვამს ლურჯს და იისფერს. ტრიტანოპები ყვითელს და ლურჯს ნაცრისფერთან, მოყვითალო-მომწვანოსთან აიგივებენ, მოყვითალო-მოწითალოს – მეწამულთან და ა. შ.

ფერთა აღქმის სრული დეფიციტის მქონე ადამიანები კი სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრ-ნაცრისფრად აღიქვამენ. ეს მდგომარეობა აქრომატოფსიის სახელწოდებით არის ცნობილი.

მონოქრომაზიას, ფერთა აბსოლუტურ სიბრმავეს ანუ ფერთა აღქმის აბსოლუტურ მოშლას, ბადურაში კოლბების სრული არარსებობა ან მათი სერიოზული დეფექტი განაპირობებს.

სქესთა ჭიდილი

ფერთა სიბრმავე ადამიანს მემკვიდრეობით დედისგან გადაეცემა და უმეტესად დაბადებისთანავე იჩენს თავს. აღმოჩნდა, რომ წითელი და მწვანე რეცეპტორების მაკოდირებელი გენები X სასქესო ქრომოსომაში ყოფილა მოთავსებული, რის გამოც ფერთა სიბრმავე სქესთან შეჭიდული დაავადებების რიცხვს მიაკუთვნეს.

ვინაიდან ქალის სასქესო ქრომოსომების წყვილი ორ X ქრომოსომას შეიცავს, ქალი შესაძლოა ჯანმრთელი, მაგრამ გენეტიკური დარღვევის მატარებელი იყოს. ამ დროს დაავადება არ ვლინდება, რადგან მეორე X ქრომოსომაში მოიპოვება რეცეპტორების მაკოდირებელი ნორმალური გენები, რომლებიც დეფექტს აბალანსებს. ამიტომ არის, რომ ფერთა სიბრმავე მამაკაცების 8-10%-თან გვხვდება, მაშინ როდესაც ქალებთან მაჩვენებელი მხოლოდ 0.5%-ია.

სტატისტიკა

წითელი და მწვანე ფერების აღქმის დეფიციტი ფერთა სიბრმავის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ლურჯისა და ყვითლის აღქმის დარღვევა ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბრადაა გავრცელებული. ის უდასტურდება 10 000 ადამიანიდან ერთს. თეთრკანიანებს შორის ფერთა სიბრმავე ფერადკანიანებზე ხშირია.

ფერთა სიბრმავის მძიმე ფორმის, აქრომატოფსიის, მქონე პირები, როგორც ვთქვით, ვერც ერთ ფერს ვერ აღიქვამენ – ისინი ხედავენ მხოლოდ შავ, თეთრ და ნაცრისფერ ჩრდილებს. ამ დროს ხშირია მხედველობის სხვა, თანდართული პრობლემებიც: ზემგრძნობელობა სინათლის მიმართ, თვალების სწრაფი უკონტროლო მოძრაობა – ნისტაგმი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და შორსმხედველობა.

საბედნიეროდ, აქრომატოფსია იშვიათია – ის 30 000 ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს.

სიმპტომები

ფერთა აღქმის დეფიციტი სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ სიმპტომები ისეთი მსუბუქია, პაციენტი ვერც კი ხვდება, რომ რაღაც ვერ აქვს რიგზე.

საინტერესოა, რომ ადამიანი, ბავშობიდან მოყოლებული, ფერებს ასოციაციურად იმახსოვრებს კონკრეტულ საგნებთან ერთად. მას გამუდმებით ესმის, რომ ფოთოლი მწვანეა, პომიდორი – წითელი, ცა – ლურჯი და ა.შ. ამიტომ ბევრი შესაძლოა ვერც კი ხვდებოდეს, რომ ფერთა სიბრმავე აქვს.

ფერთა აღქმის დეფიციტის მქონე ადამიანები ვერ არჩევენ ფერების ჩრდილებს, განსაკუთრებით – წითელს და მწვანეს ან მწვანეს და ლურჯს, ფერთა სიკაშკაშეს.

აღრიცხულია ფერთა აღქმის შეძენილი დეფიციტის შემთხვევებიც. დარღვევის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

* თვალის, მეტაბოლური, სისხლძარღვთა დაავადებები;

* თვალის ან ტვინის ტრავმა;

* ზოგიერთი მედიკამენტი (ვიაგრა, პლაქვენილი).

ფერთა სიბრმავის გამომწვევი დაავადებებია:

* ასაკდამოკიდებული კატარაქტა;

* მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია;

* გლაუკომა;

* დიაბეტი;

* გაფანტული სკლეროზი;

* ალცჰაიმერის დაავადება.

დიაგნოსტიკა

ფერთა სიბრმავე შეიძლება შეფასდეს თვალის მარტივი ტესტით. ოპტომეტრისტები (თვალის ექიმები) მხედველობის გეგმური სკრინინგის დროს ბავშვებს ხშირად ფერთა სიბრმავეზეც უტარებენ ტესტირებას.

დალტონიზმის დიაგნოსტიკისთვის არსებობს სპეციალური ტაბულები – ე.წ. რაბკინის ცხრილები. ევროპის მრავალ ქვეყანაში ამ მიზნით იშიჰარას ტესტსაც იყენებენ.

იშიჰარას ტესტი შედგება თორმეტი ფერადი რგოლისგან, რომლებშიც ფერადი ციფრებია ჩაწერილი. საკვლევმა პირმა დაკვირვებით უნდა შეხედოს თითოეულ მათგანს და დანახული ციფრები შესაბამის ველებში ჩაწეროს. ტესტის გავლის შემდეგ პროგრამა ავტომატურად შეამოწმებს პასუხების სიზუსტეს, თუმცა ექიმს შეუძლია, ისინი დამხმარე ცხრილის საშუალებით გადაამოწმოს.

თუ საკვლევმა პირმა მაქსიმუმ ორი შეცდომა დაუშვა (მაშასადამე, სწორად უპასუხა ტესტის 80%-ს), მას სრულყოფილი მხედველობა აქვს, თუ ორზე მეტი, სავარაუდოა ფერთა სიბრმავის მსუბუქი ფორმა, ხოლო თუ შეცდომა ექვსი ან მეტია, ისმება ფერთა სიბრმავის მძიმე ფორმის დიაგნოზი, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ ხედავს წითელ და`ან მწვანე ფერს.

პროგნოზი, მკურნალობა და მართვა

ფერთა აღქმის დეფიციტი არ იკურნება, მაგრამ არსებობს მისი მართვის ეფექტური გზები.

თუ ფერთა სიბრმავე თვალის დაზიანებით ან თანმხლები დაავადებით არის გამოწვეული, პირველადი მიზეზის აღმოფხვრამ შესაძლოა გააუმჯობესოს ფერთა აღქმა.

ფერთა სიბრმავის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად არსებობს სპეციალური სათვალეები და მაკორექტირებელი ლინზები.

სათვალე ფილტრავს სინათლის გარკვეული სიგრძის ტალღებს, რაც აუმჯობესებს წითელი და მწვანე ფერების აღქმას. სათვალე ვერ აღადგენს ნორმალურ ფერად მხედველობას, მაგრამ შეუძლია, ფერები უფრო მკაფიოდ დაგანახოთ.

სათვალე ყველას ვერ შველის. იმის გასარკვევად, გაგიადვილებთ თუ არა ის  ფერების აღქმას, თვალის ექიმს უნდა მიმართოთ.

წითელი ლინზები ამცირებს სინათლისადმი მგრძნობელობას აქრომატოფსიის  დროს.

არსებობს სპეციალური აპარატი – აიბორგი, რომელიც შავ-თეთრი მხედველობის მქონე ადამიანებს ფერთა აღქმაში ბგერითი ტალღების საშუალებით ეხმარება.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევები შავ-თეთრი მხედველობის გენური თერაპიით მკურნალობის შესაძლებლობის შესასწავლად. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ფერის სრული სიბრმავის მქონე ცხრა ადამიანმა გენური თერაპიის წყალობით (CNGA3 გენის დეფექტის გამოსასწორებლად გენმოდიფიცირებული ვირუსი გამოიყენეს) გარკვეული ფერების დანახვა შეძლო.

ცხადია, კვლევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ შედეგები იმედის მომცემია.

მოამზადეს მარი აშუღაშვილმა და მარი მარღანიამ

კონსულტანტი: მაკა ლორთქიფანიძე, „ავერსის კლინიკის“ ექიმი, ოფთალმოლოგი.

 

გააზიარე: