სიმსივნე: რა უნდა ვიცოდეთ

გააზიარე:

მრავალსახოვანი კიბო

რა იწვევს კიბოს

მითები კიბოს შესახებ

კიბოს მკურნალობის მეთოდები

ცხოვრება კიბოსთან ერთად

 

მრავალსახოვანი კიბო

მკვდარი უჯრედების ახლით ჩანაცვლება უწყვეტი პროცესია. თუმცა ახალი უჯრედები ზოგჯერ მაშინაც ჩნდება, როცა საჭირო  არ არის, მრავლდება და სიმსივნედ იქცევა.

კეთილთვისებიანი სიმსივნე სამუდამოდ იქვე რჩება, სადაც წარმოიშვა და თუ რომელიმე ორგანოს არ მიაწვა, შესაძლოა, არც არაფერი დააშავოს. აღარც ამოკვეთის შემდეგ იზრდება ხელახლა. ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა: ჯერ ერთი, ის ჩაიზრდება ახლომდებარე ქსოვილებში; მეორე – მისი უჯრედები სწყდება ძირითად სიმსივნეს და სხეულის სხვა ნაწილებში მეტასტაზებს წარმოქმნის; მესამე – შესაძლოა, ამოკვეთის შემდეგ ხელხლა გაიზარდოს.

არსებობს კიბოს 100-ზე მეტი ტიპი. მათი უმრავლესობა მყარია, მედიცინის ენით – სოლიდური (გამონაკლისია სისხლის სიმსივნეები, მაგალითად, ლეიკემია). ავთვისებიან სიმსივნეებს უმეტესად წარმოშობის ადგილის მიხედვით არქმევენ სახელს: ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო და ა.შ.

კიბოს უჯრედები და ნორმალური უჯრედები

კიბოს უჯრედები ბევრი რამით განსხვავდება ნორმალური უჯრედებისგან: უპირველეს ყოვლისა, მათ არ გააჩნიათ სპეციფიკური ფუნქციები; ამასთან, უგულებელყოფენ სიგნალებს, რომლებიც მათ დაყოფის შეწყვეტისკენ ან აპოპტოზისკენ მოუწოდებს (აპოპტოზი უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილია, რომელიც ორგანიზმს ჭარბი უჯრედებისგან გათავისუფლებაში ეხმარება).

კიბო ნორმალურ უჯრედებსაც წარმოქმნის. მაგალითად, იმ სისხლძარღვების ასაშენებლად, რომლებიც მის კვებასა და ზრდას უზრუნველყოფს.

კიბოს ზოგიერთ უჯრედს შესწევს უნარი, დაემალოს იმუნურ სისტემას. მეტიც – მისი შესაძლებლობები გადარჩენისა და ზრდისთვის გამოიყენოს.

როგორ ჩნდება

ავთვისებიანი სიმსივნე გენების განსაზღვრული ცვლილებების შედეგია. სწორედ გენები აკონტროლებენ უჯრედების მუშაობას, მათ ზრდასა და დაყოფას. კიბოს გამომწვევ გენეტიკურ ცვლილებებს ზოგიერთი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გენები მუტაციას განიცდის უჯრედების დაყოფისას დაშვებული შეცდომების ან დნმ-ს დაზიანების გამო. ამაში დიდ როლს ასრულებს გარემო – თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიკატები, ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვა.

კიბოს ყოველ სახეობას გენეტიკური ცვლილებების უნიკალური კომბინაცია აქვს, თუმცა არც ეს ცვლილებებია მუდმივი – სიმსივნის ზრდასთან ერთად დნმ-ს მუტაცია გრძელდება, ამიტომ შესაძლოა, ერთი და იმავე სიმსივნის სხვადასხვა უჯრედსაც კი სხვადასხვა გენეტიკური ცვლილებები აღმოაჩნდეს, ერთი და იმავე ტიპის მუტაციები კი სხვადასხვა სახეობის სიმსივნის უჯრედებში აღმოაჩინონ. ისიც შესაძლოა, ცვლილება კიბოს შედეგი იყოს და არა მიზეზი.

როდესაც კიბო ვრცელდება

პირველადი სიმსივნიდან კიბოს უჯრედები სისხლისა და ლიმფის საშუალებით სხეულის სხვა ნაწილებამდე აღწევენ და მეტასტაზებს წარმოქმნიან. მეტასტაზი იმავე ტიპის სიმსივნეა, რომლისაც პირველადი. სახელიც იგივე აქვს. მაგალითად, თუ ძუძუს კიბო ფილტვებში გავრცელდა, ის ძუძუს მეტასტაზური კიბო იქნება და არა ფილტვის კიბო.

მეტასტაზური კიბოს უჯრედები მიკროსკოპის ქვეშაც ისევე გამოიყურება, როგორც პირველადი კიბოსი. მოლეკულური მახასიათებლებიც, წესისამებრ, საერთო აქვთ. მაგალითად, ქრომოსომის სპეციფიკური ცვლილებები.

მეტასტაზები ხშირად სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმის ფუნქციობას და სიკვდილს იწვევს. კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა სწორედ მეტასტაზური დაავადების შედეგია. მეტასტაზური კიბოს მკურნალობის ძირითადი მიზანი კიბოს ზრდის კონტროლი ან მეტასტაზებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაა.

სხვა ცვლილებები

ქსოვილების ყოველგვარი ცვლილება კიბო არ არის, თუმცა მკურნალობის გარეშე ეს ცვლილებები შესაძლოა კიბოში გადაიზარდოს.

* ჰიპერპლაზია – უჯრედები უფრო სწრაფად იყოფა, ვიდრე ნორმალურ პირობებში, რის გამოც ჭარბი ქსოვილი გროვდება, თუმცა მიკროსკოპის ქვეშ უჯრედებიც და ქსოვილოვანი სტრუქტურაც ნორმალურია. ჰიპერპლაზიის გამოწვევა არაერთ ფაქტორს შეუძლია, მათ შორის -ქრონიკულ გაღიზიანებას.

* დისპლაზია უფრო სერიოზული მდგომარეობაა. არც უჯრედებია მთლად ნორმალური და არც ქსოვილის ორგანიზება. დისპლაზიის ზოგიერთ ტიპს მონიტორინგი ან მკურნალობა სჭირდება. მაგალითად, დისპლაზიურ ნევუსს – კანზე წარმოქმნილ სტრუტურას, რომელიც შესაძლოა მელანომად გადაიქცეს.

* კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა კარცინომა ინ სიტუ. ეს არ არის კიბო, რადგან პათოლოგიური უჯრედები, კიბოსგან განსხვავებით, ახლომდებარე ქსოვილებში არ იჭრება, მაგრამ ვინაიდან ზოგიერთი კარცინომა ინ სიტუ შეიძლება კიბოდ გადაგვარდეს, მათ მკურნალობენ.

სიმსივნე და უჯრედების ტიპი

ავთვისებიანი სიმსივნეები უჯრედების ტიპითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს, მაგალითად, ეპითელური და ბრტყელუჯრედოვანი ტიპები.

კარცინომა

კარცინომა კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ის წარმოიქმნება ეპითელური უჯრედებისგან, რომლებითაც სხეულის შიგნითა და გარეთა ზედაპირებია ამოფენილი.

სხვადასხვა ტიპის ეპითელური უჯრედებისგან წარმოქმნილ კარცინომას სხვადასხვა სახელი აქვს.

ადენოკარცინომა იმ ეპითელური უჯრედებისგან აღმოცენდება, რომლებიც სითხეებს ან ლორწოს გამოიმუშავებს. ესენი უმეტესად ჯირკვლოვანი ქსოვილების შემადგენელი უჯრედებია. ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა ადენოკარცინომაა.

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა იწყება ეპიდერმისის ქვედა ან ბაზალურ შრეში.

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ბრტყელი ეპითელური უჯრედებისგან ვითარდება. ასეთი უჯრედები არის კანში, კუჭში, ნაწლავებში, ფილტვებში, შარდის ბუშტსა და თირკმელებში.

გარდამავალუჯრედოვანი კარცინომა უროთელიუმისგან წარმოიქმნება. ეს ქსოვილი გვხვდება შარდის ბუშტის, შარდსაწვეთების, თირკმელების და სხვა ორგანოთა ლორწოვან გარსებში.

სარკომა

სარკომა წარმოიქმნება ძვლებსა და რბილ ქსოვილებში, მათ შორის – კუნთოვან, ცხიმოვან ქსოვილებში, სისხლძარღვებში, ლიმფურ ძარღვებში, ნერვებში, სახსრების ირგვლივ (მყესებსა და იოგებში).

ოსტეოსარკომა ძვლის ყველაზე გავრცელებული კიბოა. რბილი ქსოვილების სარკომის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ლეიომიოსარკომა, კაპოშის სარკომა, ავთვისებიანი ბოჭკოვანი ჰისტიოციტომა, ლიპოსარკომა და ამობურცული დერმატოფიბროსარკომა. 

ლეიკემია

ლეიკემია ძვლის ტვინის სისხლის წარმომქმნელ ქსოვილში იწყება. სისხლსა და ძვლის ტვინში დიდი რაოდენობით გროვდება სისხლის თეთრი პათოლოგიური (ლეიკემიური და ლეიკემიური ბლასტური) უჯრედები, რის შედეგადაც ფერხდება სისხლის ნორმალური უჯრედების წარმოქმნა, შესაბამისად, რთულდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება, ვითარდება სისხლდენა, მცირდება ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი.

იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად მძიმდება დაავადება (მწვავე ან ქრონიკული ლეიკემია) და სისხლის რომელი (ლიმფობლასტური თუ მიელოიდური) უჯრედებიდან იწყება სიმსივნე, განასხვავბენ ლეიკემიის ოთხ ძირითად ტიპს.

ლიმფომა

ლიმფომა ლიმფოციტებიდან აღმოცენდება. T და B ლიმფოციტებს სისხლის თეთრ უჯრედებს მიაკუთვნებენ. ისინი იმუნური სისტემის შემადგენლობაში შედიან და ავადმყოფობას ებრძვიან. ლიმფომის დროს პათოლოგიური ლიმფოციტები გროვდება ლიმფურ კვანძებსა და ლიმფურ სისხლძარღვებში და სხეულის სხვა ორგანოებში.

არსებობს ლიმფომის ორი ძირითადი ტიპი:

* ჰოჯკინის ლიმფომა – ამ დროს B უჯრედებისგან წარმოიქმნება პათოლოგიური ლიმფოციტები, რომლებსაც რიდ-შტერნბერგის უჯრედებს უწოდებენ.

* არაჰოჯკინის ლიმფომა – ეს სიმსივნეების დიდი ჯგუფია. სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას როგორც B, ისე თ უჯრედებისგან.

მრავლობითი მიელომა

სხვა ტიპის იმუნური უჯრედებისგან – პლაზმური უჯრედებისგან – წარმოიქმნება მრავლობითი მიელომა, იგივე კალერის დაავადება ან გენერალიზებული პლაზმოციტომა. მიელომები ძვლებში ჩნდება.

მელანომა

მელანოციტები სპეციალიზებული უჯრედებია, რომლებიც კანისთვის ფერის მიმცემ პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებს. გადაგვარებული მელანოციტებისგან მელანომა ჩნდება. უმეტესად – კანზე, შედარებით იშვიათად – სხვა პიგმენტურ ქსოვილებში, მაგალითად, თვალში.

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეებს სახელს იმის მიხედვით არქმევენ, რა ტიპის უჯრედებისგანაც წარმოიქმნება. მაგალითად, ვარსკვლავის ფორმის ტვინის უჯრედებისგან, ასტროციტებისგან, წარმოქმნილ სისმსივნეს ასტროციტულს უწოდებენ.

სიმსივნის სხვა ტიპები

კიდევ მრავალი ტიპის სიმსივნე არსებობს. მაგალითად, სასქესო უჯრედების სიმსივნეები სპერმის ან კვერცხუჯრედების წარმომქმნელი უჯრედებისგან ვითარდება, შეიძლება იყოს კეთილთვისებიანიც და ავთვისებიანიც. ნეიროენდოკრინული სიმსივნეები ენდოკრინულ (ჰორმონების გამომყოფ) ჯირკვლებში წარმოიქმნება. კარცინოიდული სიმსივნეები ნელა მზარდი სიმსივნეებია, რომლებიც უმთავრესად კუჭ-ნაწლავის სისტემაში (ყველაზე ხშირად – სწორ ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში) ვითარდება, შესაძლოა გავრცელდეს ღვიძლსა და სხეულის სხვა ნაწილებში, გამოყოს სეროტონინი ან პროსტაგლანდინები და კარცინოიდული სინდრომი გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი ვლინდება სახის სიწითლით, კანზე ანგიომების (სისხლძარღვის შემცველი წითელი წარმონაქმნების) გაჩენით, დიარეით, ბრონქების სპაზმით, პულსის აჩქარებით და არტერიული წნევის უეცარი ვარდნით.

რა იწვევს კიბოს

დანამდვილებით არავინ იცის, ზოგს რატომ უჩნდება კიბო, ზოგს კი – არა, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ განსაზღვრული ფაქტორები ზრდის  კიბოს განვითარების რისკს. ცალკე გამოყოფენ ფაქტორებს, რომლებიც მცირე რისკს წარმოშობს. მათ ზოგჯერ დამცავ რისკფაქტორებს ან უბრალოდ დამცავ ფაქტორებს უწოდებენ.

ზოგიერთი რისკფაქტორის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგალითად, ასაკისა, ოჯახური ისტორიისა, ზოგიერთი კი – მაგალითად, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება – კორექციას ექვემდებარება. საინტერესოა, რომ მემკვიდრეობით მიღებული გენური მუტაციები დაავადების შემთხვევათა მხოლოდ 5-10 პროცენტში ასრულებს კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს. ასე რომ, თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედებას მინიმუმამდე დაიყვანთ, მემკვიდრეობითი განწყობის შემთხვევაშიც კი დიდი შანსია, კიბო თავიდან აიცილოთ.

ასაკი

აშშ–ს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის (NCI) მონაცემებით, კიბოს დიაგნოზის საშუალო ასაკი 66 წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ კიბოს შემთხვევათა ნახევარი ამ ასაკამდე აღირიცხება, ხოლო ნახევარი – ამ ასაკის შემდეგ. ძუძუს კიბოს დიაგნოზის საშუალო ასაკი 61 წელია,  კოლორექტალური კიბოსი – 68 წელი, ფილტვის კიბოსი – 70 წელი, პროსტატის კიბოსი – 66 წელი. თუმცა  ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება  განვითარდეს. მაგალითად, ძვლის კიბო, ისევე როგორც ლეიკემიების 10 პროცენტი, ყველაზე ხშირად 20 წლამდე დიაგნოსტირდება.

ალკოჰოლი

ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, ხორხის, ღვიძლისა და ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა. რაც უფრო მეტს სვამს ადამიანი, მით უფრო მაღალია რისკი. ის კიდევ უფრო იმატებს, როცა ადამიანი ალკოჰოლთან ერთად თამბაქოსაც მოიხმარს.

კიბოს გამომწვევი ნივთიერებები

ცვლილებები, რომლებიც კიბოს იწვევს, გენებში შესაძლოა ბუნებრივადაც მოხდეს, მაგრამ უმეტესად დნმ-ზე გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგია. მავნე გარეგანი ფაქტორებია, მაგალითად, თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიკატები და ულტრაიისფერი სხივები. მათი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა ადვილია. ძნელია კიბოს გამომწვევ იმ ნივთიერებებთან კონტაქტის თავიდან აცილება, რომლებიც ჰაერში, წყალსა და საკვებშია.

კიბოს გამომწვევი ნივთიერებების, კანცეროგენების, ჩამონათვალში ასევე შედის დარიშხანი, აზბესტი, ბენზოლი, კადმიუმი, ფორმალდეჰიდი, ნიკელის ნაერთები, რადონი, ჭვარტლი, ტრიქლორეთილენი, ხის მტვერი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველთვის კანცეროგენებად მიჩნეული ნივთიერებებიც არ იწვევს კიბოს. დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ოდენობას, კონტაქტის ხანგრძლივობას და ინდივიდუალურ გენეტიკურ ფონს.

ქრონიკული ანთება

ანთება ნორმალური ფიზიოლოგიური პასუხია, რომელიც დაზიანებული ქსოვილის აღდგენას ემსახურება. ქრონიკული ანთების დროს კი ანთებითი პროცესი შესაძლოა დაზიანების გარეშე დაიწყოს და უსასრულოდ გაგრძელდეს. ქრონიკული ანთების გამოწვევა შეუძლია ინფექციას, პათოლოგიურ იმუნურ რეაქციებს, სიმსუქნეს. ქრონიკულმა ანთებამ დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს დნმ და კიბო გამოიწვიოს. მაგალითად, დადასტურებულია, რომ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, კერძოდ, წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის კიბოს ალბათობას ზრდის.

საკვები

კიბოს განვითარების რისკზე საკვების გავლენის შესწავლას არაერთი კვლევა მიეძღვნა.

* ზოგიერთი კვლევა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კიბოს ალბათობას ზრდის აკრილამიდი. ეს ქიმიური ნივთიერება უხვადაა თამბაქოს კვამლში. გარდა ამისა, წარმოიქმნება ზოგიერთ საკვებში, მაგალითად, კარტოფილში, მაღალ ტემპერატურაზე შეწვისას.

* ანტიოქსიდანტები ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც უჯრედების დაზიანება შეუძლია. შესაბამისად, ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

* ჯერჯერობით გაურკვეველია, ზრდის თუ არა ავთვისებიანი სიმსივნის ალბათობას ხელოვნური დამატკბობლები (სახარინი, ასპარტამი და სხვა).

* ზოგიერთი კვლევის თანახმად, მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს ამცირებს კალციუმი.

მიმდინარეობს კვლევები გლუკოზინოლატების კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის შესაფასებლად. ამ ნივთიერებას შეიცავს კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი და სხვა ბოსტნეული.

ჰორმონები

ესტროგენებს, ქალის სასქესო ჰორმონებს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმის ფუნქციობაში, თუმცა ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკსაც ზრდის. მაგალითად, კომბინირებულმა თერაპიამ (ესტროგენი პლუს პროგესტინი) მენოპაუზის დროს შესაძლოა გაზარდოს ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა, მხოლოდ ესტროგენის მიღებამ – ენდომეტრიუმის კიბოს რისკი.

იმუნოსუპრესია

ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ, იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები ინიშნება. შედეგად იმუნური სისტემა სრულფასოვნად ვეღარ ახერხებს კიბოს უჯრედების გამოვლენასა და განადგურებას და კიბოს გამომწვევ ინფექციებთან ბრძოლას. იმუნურ სისტემას ასუსტებს და კიბოს ცალკეული სახეობების რისკს ზრდის აივ ინფექციაც. ტრანსპლანტაციის შემდეგ ყველაზე ხშირად ოთხი ტიპის კიბო ვითარდება: არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ფილტვის კიბო, თირკმელების კიბო და ღვიძლის კიბო.

აივ/შიდსით დაავადებულებთან იმატებს ინფექციური აგენტებით გამოწვეული კიბოს ალბათობაც.

ინფექციური აგენტები

ზოგიერთმა ინფექციურმა აგენტმა (ვირუსმა, ბაქტერიამ, პარაზიტმა) შესაძლოა კიბო გამოიწვიოს ან მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას. ზოგი მიკრობი აფერხებს უჯრედების ზრდისა და გამრავლების მაკონტროლებელი სიგნალების გადაცემას, ზოგი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც სხეულს უჭირს კიბოს გამომწვევ სხვა ინფექციებთან გამკლავება, ზოგ კი იწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც ასევე შეიძლება კიბოს მიზეზად იქცეს.

იმ ვირუსების უმეტესობა, რომლებიც კიბოს ალბათობას ზრდის,  ერთი ადამიანისგან მეორეს სისხლისა და სხეულის სხვა სითხეების საშუალებით გადაეცემა. ინფიცირების რისკის შემცირება შესაძლებელია ვაქცინაციით, სქესობრივი ჰიგიენის დაცვით (უსაფრთხო კავშირით), ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში – საერთო ნემსით სარგებლობისთვის თავის არიდებით.

კიბოს ალბათობას ზრდის ეპშტეინ–ბარის ვირუსი (EBV), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), C ჰეპატიტის ვირუსი (HCV), ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), ადამიანის თ-უჯრედული ლეიკემიის/ ლიმფომის ვირუსი (HTLV-1), კაპოშის სარკომასთან ასოცირებული ჰერპესვირუსი (KSHV), მერკელის უჯრედების პოლიომავირუსი (MCPyV), პილორუსის ჰელიკობაქტერია (H. pylori). 

სიმსუქნე

ჭარბწონიან ადამიანებს მომატებული აქვთ რამდენიმე სახეობის სიმსივნის რისკი, მათ შორის – ძუძუს კიბოსი (მენოპაუზის პერიოდში), მსხვილი ნაწლავისა, სწორი ნაწლავისა, ენდომეტრიუმისა, საყლაპავისა, თირკმლისა, პანკრეასისა,  ნაღვლის ბუშტისა.

ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება კი, პირიქით, ამცირებს ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობას. ჯანსაღი ქცევა ხელს უწყობს ისეთი დაავადებების პრევენციასაც, როგორიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი ტიპი 2 და ჰიპერტენზია.

გამოსხივება

რადიაცია ტალღის განსაზღვრული სიგრძის მქონე გამოსხივებაა, რომელსაც მაიონიზებელ გამოსხივებას უწოდებენ. მას საკმარისი ენერგია აქვს დნმ-ს დასაზიანებლად. მაიონიზებელ გამოსხივებათა რიცხვს მიეკუთვნება რადონის გამოსხივება, რენტგენის სხივები, გამა სხივები და მაღალი ენერგიის გამოსხივების სხვა ფორმები. დაბალენერგიული არამაიონიზებელი გამოსხივება, კერძოდ, ხილული სინათლე და მობილური ტელეფონების გამოსხივება, კიბოს არ იწვევს.

რადონი რადიაქტიური აირია, რომელიც ქანებსა და ნიადაგში გამოიყოფა რადიაქტიური ელემენტის, რადიუმის, დაშლის შედეგად. ადამიანებს, რომლებიც დიდი დოზებით იღებენ რადონის სხივებს, მომატებული აქვთ ფილტვის კიბოს რისკი. რადონი ადვილად აღწევს სარდაფში და პირველ სართულზე, ამიტომ სასურველია, შემოწმდეს სახლებში მისი არსებობა და აღმოჩენის შემთხვევაში უსაფრთხო დონემდე შემცირდეს.

ისეთმა სამედიცინო პროცედურებმა, როგორიცაა გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), სკანირება, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET) და სხივური თერაპია, შესაძლოა უჯრედების დაზიანება და კიბო გამოიწვიოს, მაგრამ იმ სარგებელთან შედარებით, რომელიც კვლევის ჩამოთვლილ მეთოდებს მოაქვს, რისკი მეტისმეტად მცირეა.

მზის სინათლე

მზე და გასარუჯი ნათურები ულტრაიისფერ (UV) სხივებს ასხივებს. ეს სხივები იწვევს კანის ადრეულ დაბერებას და დაზიანებას, რამაც შესაძლოა კანის კიბომდე მიგვიყვანოს. ულტრაიისფერ გამოსხივებას ირეკლავს ქვიშა, წყალი, თოვლი, ყინული, ის გადის საქარე და ფანჯრის მინებში. მისგან თავის დაცვა შესაძლებელია ფართოფარფლებიანი ქუდით, რომელიც არა მხოლოდ სახეს, არამედ კისერსა და ყურებსაც ჩრდილავს; მზის სათვალით, რომელიც ბლოკავს UV გამოსხივებას და იცავს კანს თვალების გარშემო; ტანსაცმლით, რომელიც მთელ სხეულს ფარავს; კოსმეტიკური საშუალებებით, რომლებიც შეიცავს მზისგან დამცავ კომპონენტს – ე.წ. მზისგან დამცავ ფაქტორს (SPF) არანაკლებ 15-ის ტოლი ინდექსით.

აქვე შეგახსენებთ, რომ მზის სხივები ყველაზე ძლიერია დილის 10-დან ნაშუადღევის 4 საათამდე.

თამბაქო

ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ეწევიან ან არ ეწევიან, მაგრამ ბევრ დროს ატარებენ თამბაქოს კვამლით გაჯერებულ სივრცეში (მეორეული, პასიური მოწევა), აქვთ მრავალი სახის კიბოს განვითარების რისკი, მათ შორის – ფილტვის, ხორხის, პირის ღრუს, საყლაპავის, ყელის, შარდის ბუშტის, თირკმლის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის კიბოსი, მწვავე მიელოიდური ლეიკემიისა. მათ, ვინც თამბაქოს შეისუნთქავს ან ღეჭავს, უფრო მეტად პირის ღრუს, საყლაპავისა და პანკრეასის კიბო ემუქრებათ.

თამბაქოს მოხმარების უსაფრთხო დონე არ არსებობს. მოწევის შეწყვეტა ნებისმიერ ასაკში ახანგრძლივებს სიცოცხლეს და სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაშიც კი ამცირებს სიკვდილის რისკს.

მითები კიბოს შესახებ

კიბოს აღმოცენებისა და გავრცელების შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ისინი საღ აზრს მოკლებული არ არის, მაგრამ მათ უმეტესობას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია და შესაძლოა, მათმა დაჯერებამ ხელი შეუშალოს კიბოს პრევენციასა და მკურნალობას.

მითი პირველი: კიბო სასიკვდილო განაჩენია

კიბო აღარ არის სასიკვდილო განაჩენი. 1990-იანი წლებიდან აშშ-ში კიბოთი სიკვდილიანობამ მკვეთრად იკლო. ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის, მაგალითად, ძუძუს, პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ხუთწლიანი გადარჩენადობა უკვე 90 პროცენტს აღემატება, ყველა სხვა კიბოსთვის კი 67 პროცენტს აღწევს. ეს საშუალო მაჩვენებელია. რამდენ ხანს იცოცხლებს კიბოთი დაავადებული ცალკეული პაციენტი, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – იმაზეც, როგორია კიბოს ზრდის ტემპი, რამდენად გავრცობილია ის, რამდენად ემორჩილება მკურნალობას, როგორია ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.

მითი მეორე: შაქარი მდგომარეობას ამძიმებს

კვლევებმა აჩვენა, რომ კიბოს უჯრედები უფრო მეტ შაქარს (გლუკოზას) მოიხმარს, ვიდრე ნორმალური უჯრედები, მაგრამ არცერთ კვლევას არ დაუდასტურებია, რომ შაქრის მიღება მდგომარეობას ამძიმებს ან, თუ პაციენტი შეწყვეტს შაქრის ჭამას, სიმსივნე შემცირდება და გაქრება. თუმცა შაქარი ხელს უწყობს წონის მატებას, სიმსუქნე კი ზრდის რამდენიმე ტიპის კიბოს განვითარების რისკს. მათ შორისაა ძუძუს (მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებთან), მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, ენდომეტრიუმის, საყლაპავის, თირკმლის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის კიბო.

მითი მესამე: კიბო გადამდებია

კიბო არ არის გადამდები დაავადება. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ადამიანს უნერგავენ ისეთი დონორის ორგანოს ან ქსოვილს, რომელსაც წინათ კიბო ჰქონდა. თუმცა რისკი ამ შემთხვევაშიც ძალიან მცირეა – დაახლოებით ორი გადანერგვის 10 000 ოპერაციაზე. საზოგადოდ, ექიმები ერიდებიან ისეთი დონორების ორგანოებისა და ქსოვილების გამოყენებას, რომლებსაც ანამნეზში სიმსივნე აქვთ.

ზოგიერთი კიბოს გამოწვევა ვირუსს (მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსის ზოგიერთ ტიპს) და ბაქტერიასაც (მაგალითად, ჰელიკობაქტერიას) შეუძლია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მიკრობის გადადება შესაძლებელია, თავად სიმსივნე ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა.

მითი მეოთხე: გამოჯანმრთელება განწყობაზეა დამოკიდებული

არ არსებობს სარწმუნო მეცნიერული მონაცემები იმის თაობაზე, რომ კიბოსგან გამოჯანმრთელება ადამიანის განწყობას უკავშირდება. თუ ადამიანს კიბო აქვს, ბუნებრივია, ხანდახან მოწყენილობა, ბრაზი ან იმედგაცრუება დაეუფლოს, ხან კი ოპტიმისტურად იყოს განწყობილი. თუმცა პოზიტიური დამოკიდებულების მქონე ადამიანები უფრო მეტად ინარჩუნებენ სოციალურ კავშირებს და აქტიურ ცხოვრების წესს, ხოლო ფიზიკური დატვირთვა და ემოციური მხარდაჭერა მათ კიბოს დაძლევაში ეხმარება.

მითი მეხუთე: ოპერაცია ან ბიოფსია სხეულში კიბოს გავრცელებას იწვევს

შანსი იმისა, რომ ოპერაციის შედეგად სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელდეს, ძალიან მცირეა. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური მეთოდები. მაგალითად, თუ ქსოვილი სხეულის ერთზე მეტი უბნიდან უნდა ამოიკვეთოს, ყოველი უბნისთვის ქირურგიული ინსტრუმენტების ახალ ნაკრებს იყენებენ.

მითი მეექვსე: ჰაერის ზემოქმედება კიბოს ამძიმებს

ჰაერის ზემოქმედებით არ ხდება სიმსივნის უფრო სწრაფი ზრდა ან სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელება. სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში სიმსივნური უჯრედები სისხლისა და ლიმფის საშუალებით ხვდება ან კიბო პირდაპირ ჩაიზრდება მათში.

მითი მეშვიდე: მობილური ტელეფონი კიბოს იწვევს

კვლევებმა ეს მოსაზრება არ დაადასტურა. კიბო გენეტიკური მუტაციებით არის გამოწვეული, ხოლო მობილური ტელეფონები გამოსცემს დაბალი სიხშირის ანუ არამაიონიზებელ გამოსხივებას, რომელიც ნაკლებ ენერგიას ატარებს და არ აზიანებს გენებს.

მითი მერვე: ელექტროგადამცემი ხაზები კიბოს აჩენს

ელექტროგადამცემი ხაზები გამოყოფს როგორც ელექტრო-, ისე მაგნიტურ ენერგიას. ელექტროგადამცემი ხაზების მიერ გამოყოფილ ელექტროენერგიას ადვილად ასუსტებს კედლები და სხვა საგნები. ეს ენერგიაც დაბალი სიხშირისაა და გენებს არ ვნებს.

მითი მეცხრე: არსებობს მცენარეები, რომლებსაც კიბოსგან განკურნება შეუძლია

ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ალტერნატიული თერაპიული მეთოდები და დანამატები შესაძლოა მართლაც დაეხმაროს პაციენტებს კიბოს მკურნალობის გვერდით მოვლენებთან გამკლავებაში, მაგრამ უშუალოდ კიბოს წინააღმდეგ არცერთი მცენარეული საშუალება არ არის ეფექტური. მეტიც: ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის მოქმედებას. კიბოთი დაავადებული პაციენტი აუცილებლად უნდა შეუთნხმდეს ექიმს, ვიდრე რომელიმე ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებას გამოიყენებს.

მითი მეათე: თუ ოჯახში ვინმეს კიბო აქვს, ის ოჯახის სხვა წევრსაც დაემართება

კიბოს გენებში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს, თუმცა ავთვისებიან სიმსივნეთა მხოლოდ 5-10 პროცენტი ვითარდება მემკვიდრეობით მიღებული მუტაციების შედეგად. ოჯახებში, სადაც გენეტიკურად აქვთ კიბოს გამომწვევი მუტაცია, რამდენიმე ადამიანს ემართება ერთი და იმავე ტიპის კიბო. ასეთ დაავადებას ოჯახური ან მემკვიდრეობითი ეწოდება.

დანარჩენ 90-95 პროცენტს ის მუტაციები იწვევს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში წარმოიქმნება დაბერების გამო თუ გარემო ფაქტორების (თამბაქოს კვამლი, რადიაცია) ზემოქმედებით. ასეთი კიბო სპონტანურია და არა მემკვიდრეობითი.

მითი მეთერთმეტე: თუ ოჯახში არავის ჰქონია ონკოლოგიური დაავადება, არც შენ დაგემართება

ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, ადამიანთა 38 პროცენტს სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ. მაგრამ კიბოს შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია იმ გენეტიკური ცვლილებებით, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში ვითარდება, ხოლო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად,  კვება ან ცხოვრების წესი, გავლენას ახდენს კიბოს განვითარების რისკზე.

მითი მეთორმეტე: ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები ძუძუს კიბოს იწვევს

ეს აზრიც მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს. ზედმიწევნით სანდო გამოკვლევებმაც კი ვერ მოიპოვა იმის მტკიცებულება, რომ ანტიპერსპირანტებისა და დეზოდორანტების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ძუძუს ქსოვილს ვნებს.

მითი მეცამეტე: თმის საღებავი ზრდის კიბოს განვითარების რისკს

არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ თმის საღებავები კიბოს განვითარების ალბათობას ზრდის, თუმცა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, სილამაზის სალონების პერსონალს, რომელსაც რეგულარული კონტაქტი აქვს თმის საღებავებსა და სხვა ქიმიურ პროდუქტებთან, შესაძლოა მომატებული ჰქონდეს შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი.

საკვები დანამატები და ალტერნატიული მედიცინა

საკვები დანამატები და ალტერნატიული სამკურნალო საშუალებები სტანდარტული სამედიცინო დახმარების ნაწილი არ არის, თუმცა კიბოთი დაავადებულებს შეუძლიათ მათი გამოყენება იმისთვის, რომ:

* გაუმკლავდნენ კიბოს მკურნალობის გვერდით ეფექტებს  – გულისრევას, ტკივილს და დაღლილობას;

* დამშვიდდნენ და შეიმსუბუქონ კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებული სტრესი;

* ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ რაღაცას აკეთებენ საკუთარი ჯანმრთელობისთვის.

ზოგიერთი ალტერნატიული საშუალება დამატებით კვლევას მოითხოვს იმის გასარკვევად, სასარგებლოა თუ არა კიბოთი დაავადებულთათვის. ასეთებია:

* გონებით სხეულის მართვის თერაპიის მეთოდები – მედიტაცია, ჰიპნოზი, ტაი ჩი, ხატვა, დაკვრა, ცეკვა და სხვა;

* ვიტამინები და დიეტური დანამატები, მცენარეული პროდუქტები, სანელებლები (მაგალითად კურკუმა, დარიჩინი);

* მანიპულაციები სხეულზე – მასაჟი, რეფლექსური თერაპია;

* ბიოველის თერაპია – ეფუძნება რწმენას, რომ სხეულს აქვს ენერგეტიკული ველები, რომლებიც შეიძლება სამკურნალოდ გამოვიყენოთ;

* ტრადიციული მედიცინა – აიურვედული მედიცინა, ჩინური მედიცინა, აკუპუნქტურა, ჰომეოპათია, ნატუროპათია...

ნებისმიერ შემთხვევაში, მათ გამოყენებამდე პაციენტმა ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.

უსაფრთხოება

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ეს საშუალება უსაფრთხო და ეფექტურია, – მაგალითად, აკუპუნქტურა, იოგა, მედიტაცია, – ზოგიერთი კი შესაძლოა საზიანოც აღმოჩნდეს მედიკამენტებთან კომბინაციაში, ვინაიდან ბუნებრივი არ ნიშნავს უსაფრთხოს. მაგალითად, რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ კავა-კავას, ბალახს, რომელსაც იღებენ სტრესისა და შფოთვის დროს, ღვიძლის დაზიანება შეუძლია. ამიტომ აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე დიეტურ დანამატს, თუნდაც ვიტამინებს, რა უსაფრთხოდაც უნდა მიგაჩნდეთ ისინი.

კიბოს მკურნალობის მეთოდები

კიბოს მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. მათ იმის მიხედვით არჩევენ, რა ტიპის კიბო აქვს ადამიანს და რამდენად გავრცობილია ის. იშვიათად მკურნალობის ერთი მეთოდიც საკმარისია, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობაში საჭიროა რამდენიმე მათგანის კომბინაცია, მაგალითად, ქირურგიული ჩარევა ქიმიოთერაპიასთან, სხივურ თერაპიასთან ან ორივე ამ მეთოდთან ერთად.

ქირურგია

სიმსივნის მოშორება შესაძლებელია რამდენიმე გზით. ქირურგმა, გარდა ტრადიციული სკალპელისა, შეიძლება გამოიყენოს:

* კრიოთერაპია – პათოლოგიური ქსოვილის განადგურება გაყინვით. გამოიყენება კანის ადრეული სტადიის კიბოს, რეტინობლასტომის, კანსა და საშვილოსნოს ყელზე კიბოსწინარე წარმონაქმნების სამკურნალოდ;

* ლაზერული სხივები – მათ ყველაზე ხშირად იყენებენ სხეულის ზედაპირზე ან შინაგანი ორგანოების ლორწოვან გარსებზე არსებული სიმსივნეების სამკურნალოდ;

* რადიოსიხშირული აბლაცია – ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მაღალენერგეტიკულ რადიოტალღებს იყენებს სითბოს წარმოქმნისთვის;

* ფოტოდინამიკური თერაპია – პაციენტის სხეულში შეჰყავთ მედიკამენტები, რომლებიც განსაზღვრული ტიპის სინათლეზე რეაგირებს. სინათლის ზემოქმედებისას ეს წამლები აქტიურდება და იქვე მდებარე კიბოს უჯრედებს ხოცავს. ყველაზე ხშირად გამოიყენება კანის სიმსივნით, ფილტვების არამცირეუჯრედოვანი კიბოთი გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ ან შესამსუბუქებლად.

ოპერაცია ღიაც შეიძლება იყოს და მინიინვაზიურიც. ღია ოპერაციის დროს ქირურგი აკეთებს ერთ დიდ განაკვეთს სიმსივნის, ჯანსაღი ქსოვილის და ზოგჯერ ახლომდებარე ლიმფური კვანძების ამოსაკვეთად. მინიინვაზიური ოპერაციის დროს კეთდება რამდენიმე მცირე განაკვეთი. ერთი მათგანიდან სხეულში შეჰყავთ ლაპაროსკოპი, რომელიც ეკრანზე გადმოსცემს, რა ხდება სხეულის შიგნით. ოპერაციას ქირურგი სხვა განაკვეთებიდან შეტანილი ინსტრუმენტებით ატარებს. ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ღია ოპერაციის შემდეგ.

სხივური თერაპია

სხივური თერაპია კიბოს უჯრედების გასანადგურებლად და სიმსივნის შესამცირებლად მაღალდოზირებულ დასხივებას იყენებს. ეს უკანასკნელი აზიანებს გადაგვარებული უჯრედების დნმ-ს, თუმცა კიბოს უჯრედებს მაშინვე არ კლავს – ეს პროცესი კვირების ან თვეების განამვლობაში გრძელდება. სხივური თერაპიის ორი ძირითადი ტიპი არსებობს – გარეგანი და შინაგანი.

სხივურმა თერაპიამ შეიძლება განკურნოს კიბო, ხელი შეუშალოს მის რეციდივს, შეაჩეროს ან შეანელოს მისი ზრდა.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია კიბოს უჯრედების გასანადგურებლად წამლებს იყენებს. ეს წამლები აჩერებს ან ანელებს კიბოს უჯრედების გამრავლებას. ამ მიზეზით ქიმიოთერაპია ოპერაციის ან სხივური თერაპიის დაწყებამდე ტარდება. ამას ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია ეწოდება. ქიმიოთერაპია ანადგურებს კიბოს უჯრედებს, რომლებიც შეიძლება დარჩეს სხეულში ქირურგიული ოპერაციის ან  სხივური თერაპიის შემდეგ. ამას ადიუვანტურ ქიმიოთერაპიას უწოდებენ.

იმუნოთერაპია

იმუნოთერაპია ბიოლოგიური თერაპიის სახესხვაობაა. კიბოს სამკურნალოდ ის ცოცხალი ორგანიზმებისგან დამზადებულ ნივთიერებებს იყენებს. იმუნოთერაპია იმუნურ სისტემას კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება.

დამიზნებითი თერაპია

დამიზნებითი ანუ ტარგეტული თერაპია მოქმედებს ცილებზე, რომლებიც კიბოს უჯრედების გაყოფასა და გავრცელებას განაპირობებს. არსებობს მცირე მოლეკულური წამლები, რომლებიც მცირე ზომის გამო ადვილად აღწევს უჯრედებში და მონოკლონური ანტისხეულები – ცილები, რომლებიც კიბოს უჯრედებში ნაპოვნ სპეციფიკურ სამიზნეებზე ზემოქმედებისთვისაა შექმნილი. ზოგიერთი მონოკლონური ანტისხეული მონიშნავს კიბოს უჯრედებს, რათა იმუნურმა სისტემამ ისინი უკეთესად “დაინახოს” და გაანადგუროს. სხვა მონოკლონური ანტისხეულები აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას ან მათ თვითგანადგურებას იწვევს, ზოგს კი კიბოს უჯრედებამდე გამანადგურებელი ტოქსინები მიაქვს.

ჰორმონული თერაპია

ჰორმონული თერაპია ანელებს ან აჩერებს ისეთი კიბოს ზრდას, რომელიც ზრდისთვის ჰორმონებს იყენებს. ჰორმონული თერაპიული საშუალებები ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ერთი ბლოკავს ორგანიზმის მიერ ჰორმონების წარმოქმნის უნარს, მეორე კი ორგანიზმში ჰორმონების მოქმედებას უშლის ხელს.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა

ეს პროცედურა აღადგენს სისხლის წარმომქმნელ ღეროვან უჯრედებს, რომლებიც მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად ნადგურდება. ღეროვანი უჯრედებისგან  სისხლის სხვადასხვა ტიპის უჯრედები წარმოიქმნება. ადამიანს შეიძლება გადენერგოს როგორც საკუთარი, ისე დონორის ღეროვანი უჯრედები.

პერსონალიზებული მედიცინა

პერსონალიზებული მედიცინა ინდივიდუალურად შეისწავლის დაავადების გენეტიკურ საფუძველს. გამოკვლევებით ადგენენ, რა ტიპის გენეტიკური ცვლილებებითაა განპირობებული სიმსივნე და რაგვარ მკურნალობაზე რეაგირებს ის.

ცხოვრება კიბოსთან ერთად

კიბოს დიაგნოზი მკვეთრად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. იწყება პრიორიტეტების გადალაგება. ზოგი რამ გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მანამდე იყო, ზოგი კი, პირიქით, მნიშვნელობას კარგავს.

კიბოსთან ბრძოლის პერიოდში ადამიანი უნდა ეცადოს, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს ყოველდღიური რუტინა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ისწავლოს.

ძველებური ცხოვრება

თუ ფიზიკური შესაძლებლობა აქვს, ადამიანმა უარი არ უნდა თქვას იმაზე, რასაც ავად გახდომამდე აკეთებდა: იაროს სამსახურში, დრო გაატაროს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საქმიანობაში, იმოგზაუროს. ზოგი, ბოლოს და ბოლოს, პულობს დროს იმისთვის, რაც მუდამ უნდოდა და ვერასოდეს მოახერხა, მაგალითად, აეროსტატით ფრენისთვის. ოღონდ ამით მართლა უნდა ისიამოვნოს და არა რაღაც განყენებული გეგმა შეასრულოს.

ასეთი აქტივობები სიფრთხილესაც მოითხოვს, რომ ავადმყოფი არ გადაიღალოს. გადაქანცვა ზოგს დეპრესიისკენ უბიძგებს, ამიტომ ასეთი გართობის მსურველი ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ საკმარისად დასვენებული და ენერგიით სავსეა.

იუმორი და სიცილი

იუმორი ბევრს გრძნობების მართვაში, სტრესის მომგვრელი ფიქრებისგან თავის დაღწევაში ეხმარება. სიცილის დროს ტვინი გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც სიამოვნებას აძღრავს და კუნთებს ადუნებს. რა თქმა უნდა, ძნელია, ადამიანს მოსთხოვო, იცინოს, როცა არ ეცინება, მაგრამ სიცილი მართლა ამაღლებს განწყობას, ამიტომ, თუ მიზნად დაისახავთ, გაცინებასაც შეძლებთ. შეგიძლიათ, ახლობლებს სასაცილო მესიჯების ან ბარათების გამოგზავნა სთხოვოთ, უყუროთ კომედიურ ფილმებს ან გასართობ გადაცემებს, იკითხოთ იუმორისტული წიგნები და სტატიები, იუმორით შეხედოთ საკუთარ თავგადასავალს, თქვენც იცინოთ და სხვებიც აცინოთ.

ფიზიკური აქტივობა

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა უმრავლესობა გაცილებით ენერგიულად გრძნობს თავს, როდესაც რეგულარულად ცურავს, დადის ფეხით, მისდევს იოგას, სეირნობს ველოსიპედით... ეს ყველაფერი ზრდის სხეულის გამძლეობას და აუმჯობესებს თვითგშეგრძნებას.

ხანმოკლე ყოველდღიური ვარჯიში ხელს უწყობს:

* თვითშეგრძნების გაუმჯობესებას;

* კუნთების ტონუსის შენარჩუნებას;

* განკურნების დაჩქარებას;

* დაღლილობის შეგრძნების შემცირებას;

* სტრესის კონტოლს;

* მადის მომატებას;

* ყაბზობის შემცირებას;

* უსიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევას.

თუ ადამიანს არასოდეს უვარჯიშია, შეუძლია, ახლა დაიწყოს, ოღონდ რეჟიმი ექიმს უნდა შეუთანხმოს. არსებობს ვარჯიშები, რომელთა შესრულება მწოლიარესაც კი შეუძლია.

მიზნების დასახვა

სასარგებლოა მკურნალობის მიღმა გახედვა და იმაზე ფიქრი, რას გააკეთებთ, როცა თავს კარგად იგრძნობთ. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, მანქანის მართვის შესწავლა, მეგობრის ქორწილში წასვლა, ახალშობილი შვილიშვილის ნახვა...

რწმენა და სულიერება

კიბოთი დაავადებული ადამიანები ხშირად უფრო მეტად უღრმავდებიან ცხოვრების საზრისს, ცდილობენ, გააცნობიერონ თავიანთი ადგილი სამყაროში, ეძებენ პასუხს იმაზე, რატომ გახდნენ ავად.

რწმენა პირადი საკითხია. სულიერებაც ყველას სხვადასხვანაირად ესმის. ზოგისთვის ეს რელიგიური ცხოვრებაა, ზოგისთვის – მედიტაცია ან იოგა, ზოგისთვის – კეთილი საქმეების კეთება, ზოგისთვის – ბუნებასთან ჰარმონია...

არერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ რწმენა:

* ამცირებს

შფოთვას, დეპრესიას, ბრაზს და დისკომფორტს;

მარტოსულობის განცდას და თვითმკვლელობისკენ სწრაფვას;

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების რისკს;

ჰიპერტენზიისა და გულის დაავადების რისკს;

* ეხმარება პაციენტს, შეეგუოს კიბოთი და მისი მკურნალობით გამოწვეულ მოვლენებს;

* ზრდის სიცოცხლით ტკბობის უნარს;

* ბადებს პიროვნული ზრდის შეგრძნებას;

* ამშვიდებს, მატებს ოპტიმიზმს.

* შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება.

შფოთვამ კი შესაძლოა ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს – კიბოს მკურნალობა გაართულოს.

პაციენტის შინაგანი ჰარმონია არა მხოლოდ თვითონ მას, არამედ მის მომვლელსაც უადვილებს ცხოვრებას.

სამსახურში

კიბოთი დაავადებულებს ხშირად სურთ სამსახურში დაბრუნება. ეს მათ შემოსავალთან ერთად იმის შეგრძნებასაც უნარჩუნებს, რომ ყველაფერი ძველებურადაა. თუმცა სამსახურში დაბრუნებამდე პაციენტი აუცილლად უნდა გაესაუბროს ექიმს და ხელმძღვანელს. შესაძლოა, ამ მდგომარეობაში მისთვის რეჟიმის შემსუბუქება ან საქმიანობის შეცვლა ჯობდეს. ზოგი ქიმიოთერაპიისა თუ სხივებით მკურნალობის დროსაც იმდენად კარგად გრძნობს თავს, რომ მუშაობა შეუძლია, ზოგს კი მკურნალობის დასრულებამდე დასვენება სჭირდება.

რა გაგიადვილებთ ყოველდღიურ რუტინასთან დაბრუნებას?

მიიღეთ დახმარება. თუ დახმარებას შემოგთავაზებენ, დათანხმდით. დაფიქრდით, რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებს თქვენთვის ცხოვრების გასაადვილებლად. ამგვარად თქვენც შეგიმსუბუქდებათ დატვირთვა და ისინიც უკეთესად იგრძნობენ თავს.

ესაუბრეთ გულახდილად. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ავადმყოფობისადმი კოლეგის დამოკიდებულება ზიანს გაყენებთ, შეეცადეთ, პირისპირ გაესაუბროთ. თუ არაფერი შეიცვალა, საქმეში ზედა რგოლის მენეჯერი ან სხვა თანამშრომლები ჩარიეთ.

პრობლემები დასაწყისშივე მოაგვარეთ. სთხოვეთ კოლეგებს ან ხელმძღვანელს, გააგებინონ სხვა თანამშომლებს, როგორ გინდათ მოგეპყრონ.

გამოჯანმრთელების პროცესში შეინარჩუნეთ კონტაქტები. თანამშრომლები დარდობენ თქვენზე. თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ეცოდინებათ, ნაკლებად იღელვებენ. ამ შემთხვევაში თქვენთვისაც უფრო ადვილი იქნება სამსახურში დაბრუნება.

მოიფიქრეთ, რას იტყვით თქვენი ავადმყოფობის შესახებ. ზოგს არ სურს, ყურადღება გაამახვილოს კიბოზე ან ვინმესთვის ამ დაავადებასთან ასოცირდებოდეს, ზოგი კი საკუთარ ავადმყოფობაზე თამამად, გულახდილად საუბრობს. საუკეთესო მიდგომა ისაა, რომელიც უკეთესად გაგრძნობინებთ თავს.

გრძნობათა მრავალფეროვნება

კიბო იწვევს გრძნობათა მთელ სპექტრს, რომელთან გამკლავებას ადამიანი არ არის შეჩვეული. გრძნობები შეიძლება ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსაც კი შეიცვალოს. ზოგს მიაჩნია, რომ თავად უნდა იყოს ძლიერი და ახლობლებს უარყოფითი განწყობა აარიდოს, ზოგი კი თვითონვე ეძებს მხარდაჭერას – ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც უკვე დაამარცხა სიმსივნე ან  შვებას რწმენაში პოვებს. ნუ შეადარებთ თავს სხვებს – მოიქეცით ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად.

დათრგუნულობა

როდესაც ადამიანს პირველად აცნობებენ, რომ სიმსივნე აქვს, შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდა. მომავალი ბუნდოვანია, სამკურნალო პროცედურები არღვევს მისი ყოველდღიურ რუტინას, მის გარშემო ტრიალებს სამედიცინო ტერმინების კორიანტელი, რომელთა მნიშვნელობაც არ ესმის, ვეღარ აკეთებს იმას, რაც უყვარს, თავს უმწეოდ და მარტოსულად გრძნობს.

იმისთვის, რომ თავისი ცხოვრების სადავეები ისევ აიღოს ხელში, ადამიანი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი შეიტყოს თავისი დაავადების შესახებ, თამამად დაუსვას ექიმს კითხვები, თუ რამე ვერ გაიგო, კარგად აახსნევინოს.

ზოგი თავს უკეთესად გრძნობს, როცა რამეს აკეთებს. თუ ავადმყოფს საამისო ენერგია აქვს, კარგი იქნება, გაიჩინოს ჰობი – ხატოს, ქარგოს, ხეზე იმუშაოს, იკითხოს, რამე ახალი შეისწავლოს...

უარყოფა

ადამიანს ხშირად უჭირს დაჯერება, რომ კიბოთია ავად. უარყოფას დადებითი მხარეც აქვს – ავადმყოფს აძლევს დროს, დიაგნოზს შეეჩვიოს და იმედი გაუჩნდეს, თუმცა ზოგჯერ უარყოფა სერიოზული პრობლემაა. თუ ის დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მკურნალობას.

რისხვა

კითხვა: "რატომ მე?" – ბუნებრივია. ბუნებრივია კიბოზე გაბრაზებაც. ზოგი ბრაზს ექიმებზე, ჯანმრთელ ახლობლებსა და მეგობრებზე ანთხევს. მორწმუნე ადამიანი შესაძლოა ღმერთზეც კი გაბრაზდეს.

თუ ადამიანი ბრაზობს, არ არის ვალდებული, თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ბრაზის შეკავება არ არის სწორი. ამ დროს სასარგებლოა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნებისმიერ ისეთ ადამიანთან საუბარი, ვისაც ენდობით. ოღონდ საუბარი და არა ჩხუბი. ბრაზს ზოგჯერ სარგებლობაც კი მოაქვს, რადგან ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს.

შიში

სიმსივნის დიაგნოზი შიშების მთელ კომპლექსს აჩენს: ტკივილის, სიკვდილის, მკურნალობის თანმხლები შეგრძნებების, გარეგნული ცვლილებების, სამსახურის დაკარგვის, ფინანსური პრობლემების შიშს, შიშს საკუთარი და ოჯახის წევრების მომავლის გამო.

ზოგიერთი შიში კიბოს შესახებ არასწორ ინფორმაციას ეფუძნება. უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს, როდესაც რეალურ ფაქტებს ეცნობა. მათ უკვე იციან, რას უნდა ელოდონ. ამიტომ ეცადეთ, მეტი გაიგოთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ, გაარკვიოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ მკურნალობის ხელშესაწყობად. ზოგიერთი კვლევის თანახმად, კარგად ინფორმირებული პაციენტები უკეთესად იცავენ მკურნალობის გეგმას და უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან.

იმედი

ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს: მილიონობით ადამიანი, ვისაც კიბო ჰქონდა, დღეს ცოცხალია. თანამედროვე მედიცინას კიბოს მკურნალობის ფართო არსენალი აქვს. დიდია განკურნების შანსი. დაავადებულებს მკურნალობის პერიოდშიც კი შეუძლიათ აქტიური ცხოვრების გაგრძელება.

მრავალი ექიმის აზრით, იმედი ადამიანს კიბოს დაძლევაში ეხმარება.

ოპტიმისტური განწყობა რომ გაჩნდეს:

* ადამიანმა დღეები ისევე უნდა დაგეგმოს, როგორც მანამდე;

* არ აიღოს ხელი საყვარელ საქმიანობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ სიმსივნე აქვს;

* მეტი დრო გაატაროს ბუნების წიაღში;

* იფიქროს რწმენაზე;

* გაეცნოს კიბოთი დაავადებული იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. 

სტრესი და შფოთვა

მძიმე ავადმყოფობას და მტკივნეულ, დამღლელ სამკურნალო პროცედურებს მუდამ თან ახლავს სტრესი. ის შეიძლება გამოიხატოს გულისცემის აჩქარებით, თავის ან კუნთების ტკივილით, უმადობით ან მადის მომატებით, ღებინებით, დიარეით, სისუსტით, თავბრუხვევით, ყელსა და გულმკერდის არეში სალტის მოჭერის შეგრძნებით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, უძილობით ან ძილად მივარდნით.

ამ სიმპტომების გაჩენისას პაციენტი ექიმს უნდა გაესაუბროს და მისი დახმარებით ისწავლოს სტრესის მართვა, ვინაიდან სტრესს განკურნების პროცესის შეფერხება შეუძლია.

სევდა და დეპრესია

სიმსივნით დაავადებული მრავალი ადამიანი სევდიან განწყობას მკურნალობის დასრულების შემდეგაც კი ვერ აღწევს თავს. ეს ფსიქიკის ნორმალური რეაქციაა მძიმე ავადმყოფობაზე. ყოველგვარი ცვლილების გადახარშვას და მიღებას დრო სჭირდება.

მუდმივი დარდი ადამიანს ფიტავს, ღლის, უკარგავს მადას. თუ დროთა განმავლობაში ამ შეგრძნებამ არ იკლო, მეტიც – გაძლიერდა და ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს უკვე დეპრესიაა.

დეპრესიის ნიშნებია: მწუხარება, რომელიც არ ქრება, დანაშაულის შეგრძნება, უღირსობის შეგრძნება, ცხოვრების საზრისის დაკარგვა, დაბნეულობა, გამუდმებით ტირილის სურვილი და პრობლემებზე კონცენტრირება, საყვარელი საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უუნარობა, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი.

დეპრესიისთვის დამახასიათებელია წონის მატება ან კლება, რომელიც ავადმყოფობასთან არ არის დაკავშირებული, ძილის დარღვევა – უძილობა ან ძილად მივარდნა, კოშმარები, გულისცემის აჩქარება, პირის სიმშრალე, ოფლიანობის მომატება, დიარეა, მუდმივი დაღლილობა, თავის ან სხვა ორგანოს ტკივილი.

თუ ეს ნიშნები ორ კვირაზე მეტია გრძელდება, ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს. ამ დროს სამედიცინო დახმარება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

დანაშაული

კიბოთი დაავადებული ბევრი ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს: იმის გამო, რომ ახლობლებს ტვირთად ექცნენ; იმის გამო, რომ სხვების ჯანმრთელობისა შურთ; ცხოვრების წესის გამო, რომელმაც, მათი აზრით, დაავადება გამოიწვია.

ამ გრძნობასთან გამკლავებაში ავადმყოფს თავისი განცდების ვინმესთვის გაზიარება დაეხმარება.

მარტოობა

კიბოთი დაავადებულებს ხშირად ეუფლებათ მარტოობის, გარიყულობის შეგრძნება, ეჩვენებათ, რომ მათი არავის ესმის. ამას მრავალი მიზეზი აქვს: თუ ავადმყოფი თავს ცუდად გრძნობს, ის ვეღარ მონაწილეობს ჩვეულ აქტივობებში; ზოგჯერ ახლობლებს თვითონვე უჭირთ სიმსივნით დაავადებულებთან ურთიერთობა: ხან იმიტომ, რომ ავადმყოფები უმეტესად უგუნებოდ არიან და ყველაფერი აღიზიანებთ, ხან იმიტომ, რომ უბრალოდ არ იციან, რა თქვან, როგორ მოიქცნენ ამ დროს.

ამ შემთხვევაშიც საუკეთესო გამოსავალი ახლობლებთან, მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებთან ან სპეციალისტებთან გულახდილი საუბარია.

მადლიერება

ზოგი კიბოს გამოსაფხიზლებელ იმპულსად აღიქვამს. ისინი აცნობიერებენ სიცოცხლის ყოველი დღით ტკბობის მნიშვნელობას, მიდიან ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს ყოფილან,  ასრულებენ გადადებულ პროექტებს, მეტ დროს ატარებენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, აღადგენენ შეწყვეტილ ურთიერთობებს.

პირველ ხანებში პოზიტიური იმპულსის პოვნა შესაძლოა გაგიჭირდეთ, მაგრამ თუ მონიდომებთ, შეძლებთ. სიამოვნების წყაროდ შეიძლება იქცეს თუნდაც ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორიცაა ფინჯან ყავაზე მეგობართან შეხვედრა ან ბავშვთან ერთად თამაში, პიკნიკი, სპორტის საყვარელი სახეობით დაკავება, გემრიელი კერძის მომზადება.

როგორ გავუმკლავდეთ ემოციებს

გამოხატეთ გრძნობები. ბრაზს, დარდს, შიშს, წუხილს უფრო ადვილად დააღწევთ თავს, თუ არ დამალავთ, საკუთარ თავში თუ არ ჩაიკეტებით. ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებთან, მსგავსი პრობლემის მქონე სხვა ადამიანებს, ფსიქოლოგს. თუ საუბარი გიჭირთ, შეგიძლიათ, ქაღალდს გაენდოთ.

ეძებეთ პოზიტივი. ყველაზე მძიმე დროსაც კი ეცადეთ, რამე კარგი იპოვოთ და უკეთესის იმედი გქონდეთ. ეცადეთ, იფიქროთ იმაზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა საკუთარი ჯანმრთელობისთვის, რათა მომავალში თავი უკეთესად იგრძნოთ.

ნუ დაიდანაშაულებთ თავს. ზოგს ჰგონია, კიბო თავისივე არასწორი ცხოვრების წესის გამო დაემართა. მეცნიერებმა არ იციან, რატომ ემართება ზოგს ეს დაავადება, ზოგს კი – არა. ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორებზე ყველა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს, კიბო კი ყველას შეიძლება დაემართოს.

ნუ ეცდებით, ოპტიმისტურად განეწყოთ, თუ საკუთარ თავში საამისო იმპულსს ვერ პოულობთ. დანებდით გრძნობებს. უთხარით ოჯახის წევრებს, რომ ცუდ გუნებაზე ხართ და განმარტოვდით.

თავად გადაწყვიტეთ, როდის ისაუბრებთ კიბოზე. ახლობლები ხშირად ვერ ხვდებიან, რა გითხრან ან როგორ მოიქცნენ. შეგიძლიათ, უხერხულობა შეუმსუბუქოთ და თავად ჰკითხოთ, რას ფიქრობენ ან გრძნობენ თქვენი ავადმყოფობის გამო.

მოძებნეთ განტვირთვის საშუალებები – დაუთმეთ დრო იმას, რაც განტვირთვაში დაგეხმარებათ. მიმართეთ მედიტაციას, სარელაქსაციო ვარჯიშებს.

იყავით რაც შეიძლება აქტიური – შინიდან გასვლა, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, სეირნობა, ვარჯიში ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ.

გაიჩინეთ ჰობი, რომლითაც ისიამოვნებთ. მაგალითად, ხეზე მუშაობა, ფოტოგადაღება, კითხვა, ხელსაქმე. შეგიძლიათ, თავი ხელოვნებაშიც მოსინჯოთ.

აკონტროლეთ, რისი კონტროლიც შესაძლებელია – ბევრს ეხმარება ცხოვრების წესრიგში მოყვანა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვიზიტების განრიგის დაცვა. ადამიანს ყოველდღიური განრიგის შედგენაც კი უქმნის კონტროლის შეგრძნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფიქრებს და გრძნობებს ბოლომდე ვერავინ აკონტროლებს, ზოგიერთი ახერხებს, არ აჰყვეს შიშს და ცხოვრების ნათელი მხარეებით ისიამოვნოს.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: