გული და ორსახოვანი ქოლესტეროლი

გააზიარე:

ცხოვრების თანამედროვე წესმა აქტუალობა შემატა ქოლესტეროლის სიჭარბით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ვინაიდან ჰიპერქოლესტეროლემია ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, სასაუბროდ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კარდიოლოგს, მედიცინის დოქტორს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს ნონა დოლიძეს მივმართეთ.

– ქოლესტეროლი ცოცხალი ორგანიზმის საშენი მასალაა. ის აუცილებელია ყველა უჯრედისთვის, არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო, მონაწილეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებების სინთეზში. ადამიანი ქოლესტეროლის დაბალი შემცველობით იბადება, ამიტომ სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალშობილს სჭირდება ქოლესტეროლით მდიდარი საკვები, რომლის გარეშეც ის ვერ გაიზრდება და ვერ განვითარდება. ამ პერიოდში ამ ნივთიერების ძირითადი წყარო რძეა. თუმცა საკვებისმიერ ქოლესტეროლზე ორგანიზმის დამოკიდებულება ხანმოკლეა – დაბადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ის იძენს საჭირო რაოდენობის ქოლესტეროლის სინთეზის უნარს. ამ ნივთიერების 2`3 ღვიძლში გამომუშავდება, 1`3 კი საკვებიდან ხვდება სისხლში. განსაკუთრებით დიდია მისი შემცველობა რძის ნაწარმში, კვერცხის გულში, ცხიმიან ხორცსა და მის ნახარშში, ფრინველის კანში, ხიზილალაში. ქოლესტეროლის გამომუშავება ჩვენს ორგანიზმში განუწყვეტლივ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ინტენსიურად  კი მაშინ, როცა გვჭირდება მეტი, ვიდრე საკვებიდან ვიღებთ. ჩვენი ორგანიზი არა მარტო აგროვებს ქოლესტეროლს, არამედ კარგავს კიდეც, ძირითადად – განავლის საშუალებით. ჯანმრთელ ორგანიზმში სინთეზი და კარგვა დაბალანსებულია და ქოლესტეროლის შემცველობაც ნორმის ფარგლებში მერყეობს.

ლიპიდური პროფილი

– არსებობს ქოლესტეროლის რამდენიმე ტიპი. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტეროლი (დსლქს) ყველაზე მეტად ქმნის ათეროსკლეროზის განვითარების საფრთხეს, რის გამოც პოპულარულ ლიტერატურაში მას პირობითად "ცუდ" ქოლესტეროლად იხსენიებენ. ეს ის ქოლესტეროლია, რომელიც არტერიის სანათურში ლაგდება და ათერომების წარმოქმნას განაპირობებს.

არტერიების შიგნითა ზედაპირზე გროვდება მოყვითალო, ცხიმისმაგვარი ჩანართები, რომლებიც დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზულ ფოლაქებად – ათერომებად გარდაიქმნება. ამის გამო სისხლძარღვი დეფორმაციას განიცდის, მკვრივდება და ნაკლებად ელასტიური ხდება. სწორედ ათერომებია იმ დაავადების მიზეზი, რომელსაც ათეროსკლეროზს ვუწოდებთ.

ათერომა ბირთვისა და შემომგარსველი კაფსულისგან შედგება. ბირთვის ძირითადი კომპონენტი ქოლესტეროლია. თუ სისხლში მისმა რაოდენობამ მოიმატა, ათერომა იზრდება და სისხლძარღვის სანათური თანდათან ვიწროვდება. შესაბამისად, იმატებს გულის კუნთისა თუ თავის ტვინის ინფარქტის რისკი.

"ცუდი" ქოლესტეროლის საპირისპიროდ, ღვიძლი გამოიმუშავებს "კარგ" ქოლესტეროლს. მედიცინაში მას მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტეროლს (მსლქს) ვუწოდებთ. მისი მთავარი ფუნქციაა "ცუდი" ქოლესტეროლის (დსლქს) უკუტრანსპორტი ღვიძლში, სადაც ის ნაღვლის მჟავებად გარდაიქმნება. ეს ათეროსკლეროზისგან დაცვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. "კარგი" ქოლესტეროლი გაცილებით ნაკლები გამომუშავდება ორგანიზმში, სამწუხაროდ, მას არცერთი საკვები პროდუქტი არ შეიცავს.

ტრიგლიცერიდები

– ქოლესტეროლის აღნიშნულ ფრაქციებთან ერთად, ლიპიდური პროფილის ერთ-ერთი პარამეტრია ტრიგლიცერიდები. ეს ნივთიერებები წარმოადგენს ცხიმოვანი მჟავებისა და გლიცერინის კომბინაციას და ინახება უმთავრესად სპეციალიზებულ ცხიმოვან უჯრედებში – ადიპოციტებში, რომლებიც ცხიმოვან ქსოვილს ქმნის. სისხლში ტრიგლიცერიდების ჭარბი კონცენტრაცია ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას განაპირობებს და, აქედან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის ფაქტორია. ასე რომ, არსებობს ე. წ. ათეროგენული ლიპიდური ტრიადა: სისხლში დსლქს-ისა და ტრიგლიცერიდების ჭარბი და მსლქს-ის დაქვეითებული კონცენტრაცია.

დიაგნოსტიკა

– სისხლში ქოლესტეროლის რაოდენობას ლაბორატორიულად ამოწმებენ. სრულყოფილ კომპლექსურ კვლევას, რომელიც ლიპიდური პროფილის ყველა პარამეტრის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას, ლიპიდურ სპექტრს ვუწოდებთ. პასუხის სიზუსტისთვის საჭიროა დილით, სისხლის აღებამდე, 12-14 საათის განმავლობაში არ მივირთვათ საკვები და 72 საათის განმავლობაში არ მივიღოთ ალკოჰოლი. ვინაიდან საერთო ქოლესტეროლის ძირითად მასას დსლქს შეადგენს, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მხოლოდ მისი გამოთვლით დავკმაყოფილდეთ. თუმცა, შეიძლება განისაზღვროს ცალ-ცალკე "კარგი" და "ცუდი" ქოლესტეროლების დონეც. იმავდროულად, არსებობს "ცუდი" ქოლესტეროლის კონცენტრაციის პირდაპირი გამოთვლის ზუსტი მეთოდი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, რადგან, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში ტრიგლიცერიდების დონე იმდენად მაღალია, რომ ქოლესტეროლის ამ ფრაქციის გამოთვლა შეუძლებელი ხდება.

– როგორია "ცუდი" ქოლესტეროლის სამიზნე დონე?

– პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან იშემიური ინსულტი, აქვთ სტენოკარდია, ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი, აორტის ანევრიზმა, შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული დაავადება, ჩატარებული აქვთ კორონარული სტენტირება თუ კორონარული შუნტირება ან არ აქვთ აღნიშნული დაავადებები და არც ოპერაცია გადაუტანიათ, მაგრამ განიცდიან ათეროსკლეროზის რამდენიმე რისკის ფაქტორის ზემოქმედებას, ძალიან მაღალი რისკის პაციენტებად ითვლებიან. ასეთ შემთხვევებში ყველაზე ათეროგენული ქოლესტეროლის, დსლქს-ის, სამიზნე დონე, რომელიც  რანდომიზებული კვლევების საფუძველზე წლების განმავლობაში პროგრესულად მცირდება, უახლესი ევროპული რეკომენდაციის თანახმად, 55 მგ/დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. უნდა გვახსოვდეს: პირობები იმისთვის, რომ შეწყდეს ათეროსკლეროზის პროგრესირება და შემცირდეს მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარების რისკი, იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია სისხლში "ცუდი" ქოლესტეროლის სამიზნე დონე! თუ ქოლესტეროლი სისხლში სამიზნე დონეზე მაღალია, ბუნებრივია, ის თავის ბნელ საქმეს უკეთ გააკეთებს.

– შესაძლოა თუ არა, ჰიპერქოლესტეროლემია მემკვიდრეობით გადაეცეს?

– გენეტიკური განწყობა რისკის ძალიან ძლიერი ფაქტორია,  რომლის მოდიფიცირებაც, სამწუხაროდ, ჩვენს ძალებს აღემატება. მიჩნეულია, რომ სწორედ მემკვიდრეობას მიუძღვის ბრალი ათეროსკლეროზით გამოწვეულ დაავადებათა შედარებით ახალგაზრდა ასაკში განვითარებაში. მაღალი ქოლესტეროლის მემკვიდრეობით გადაცემის შემთხვევებს ოჯახურ ჰიპერქოლესტეროლემიას ვუწოდებთ. ეს არის კოდომინანტური მონოგენური დისლიპიდემია, რომელიც იწვევს ნაადრევ კარდიოვასკულურ დაავადებას, ვინაიდან პლაზმის დსლქს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მაღალია. ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია ძნელი სამართავია, ხშირად მისი მკურნალობის ერთადერთი მეთოდი საკმაოდ ძვირად ღირებული აფერეზია, ამიტომ ასეთ ოჯახებში ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებით მოეთხოვება ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

პრევენცია

– ჭარბი ქოლესტეროლის მკურნალობისა და, საზოგადოდ, ათეროსკლეროზის პრევენციის პირველი ნაბიჯი ჯანსაღი კვებაა. გზა ჯანმრთელი გულისკენ ჯანსაღი საკვებით გაჰყავთ, ავადმყოფი გულისკენ კი – მსუყეთი, შებოლილით, შემწვარით. თუმცა, გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაფერი მსუქანი მავნე როდია. მაგალითად, თევზი ცხიმიანი უნდა შევარჩიოთ, განსაკუთრებით – ოკეანისა (ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია, კამბალა). ასეთი თევზი შეიცავს ცხიმებს, რომლებიც სასარგებლოა არტერიებისა და გულისთვის. თანამედროვე ევროპული რეკომენდაციების მიხედვით, თევზი ანტიათეროგენული დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის უნდა მიირთვათ, სულ მცირე, კვირაში 2-ჯერ, ამათგან ერთხელ მაინც − ცხიმიანი. ასევე რეკომენდებულია, ყოველდღე მივიღოთ 200 გრამი ხილი, 200 გრამი ბოსტნეული, 30 გრამი თხილეული. საკვები, რომელიც ტრანსცხიმოვან მჟავებს შეიცავს, მთლიანად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი საკვები (ტროპიკული ცხიმი, ცხიმიანი ან დამუშავებული ხორცი, კრემი, კარაქი, ყველი) უნდა შეიცვალოს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით და მონოუჯერი ცხიმით (ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი), ასევე – პოლიუჯერი ცხიმით (არატროპიკული მცენარეული ზეთები), რათა ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების დღიური მიღება 10%-ზე დაბლა შევინარჩუნოთ, ხოლო თუ პლაზმის ქოლესტეროლი მაღალია – 7%-ზე დაბლა.

სუფრის მარილის მიღება დღეში 5 გ-მდე უნდა შემცირდეს. ეს ძირითადად თანმხლები არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციაა. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი დამუშავებული საკვები, მათ შორის – პურიც, საკმაო ოდენობით მარილს შეიცავს. ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მიღებაა რეკომენდებული, მაგრამ ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემთხვევაში მასზე სრულიად უნდა ვთქვათ უარი. არ არის რეკომენდებული საკვები და სასმელი, რომელსაც შაქარი ან მისი შემცვლელი აქვს დამატებული. ეს განსაკუთრებით ეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, ჰიპერტრიგლიცერიდემია, მეტაბოლური სინდრომი ან დიაბეტი.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა

– კვლევა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას ეხებოდა, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 5 000-მდე ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. ანტიათეროგენულ დიეტაზე მყოფი პირები სამ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფი იღებდა კვირაში 1 ლიტრ ზეითუნის ზეთს, მეორე – ნიგვზის (15 გ), თხილის (7.5 გ) და ნუშის (7.5 გ) ნაკრებს, მესამე, საკონტროლო ჯგუფი კი ცხიმის დაბალი შემცველობის პროდუქტების დიეტას იცავდა. ანტიათეროგენული დიეტის პარალელურად წარმოუდგენლად ეფექტური აღმოჩნდა ზეითუნის ზეთისა და თხილის ნაკრების მიღება – ამ ჯგუფებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით შესამჩნევად შემცირდა ზოგადი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა, გულის კუნთის ინფარქტისა და იშემიური ინსულტის შემთხვევები. მართალია, ზეითუნის ზეთი იაფი არ არის, მაგრამ ნიგვზისა და თხილის სამშობლოში მათი ყოველდღიური მიღება, დამეთანხმებით, ძნელი არ არის.

რეალური საფრთხე

– ვთანხმდებით, რომ მოძრაობა სიცოცხლეა, თუმცა ფაქტია, რომ დროის დინებასთან ერთად ადამიანის ცხოვრების წესი უფრო და უფრო ნაკლებად მოძრავი ხდება. უახლესმა ტექნოლოგიებმა იმდენად გააზარმაცა ადამიანი, რომ ფიზიკურმა აქტივობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ვერც კი ვამჩნევთ, რამდენ დაავადებას ვუღებთ ამით კარს, როგორ ემსგავსება ჩვენი ცხოვრების წესი ცხოვრების არაჯანსაღ რეჟიმს.

ფეხით სიარულის ნაცვლად ტრანსპორტით სიარული, პარკებისა და სათამაშო მოედნების ნაკლებობა, კიბის ნაცვლად ლიფტითა და ესკალატორით სარგებლობა, კომპიუტერთან ხანგრძლივი საქმიანობა და, საზოგადოდ, ცხოვრების მჯდომარე, ადინამიური წესი გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების საფრთხეს აორმაგებს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპოდინამია ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პროგრესირებას, ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსსა და ელასტიურობას, ეს კი, საბოლოო ჯამში, აქვეითებს სასიცოცხლო პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას – ორგანიზმში არსებულ ყველა ორგანოს ხომ სწორედ სისხლძარღვები კვებავს. ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე მნიშვნელოვანწილად დაუკავშირდა  გულის კუნთის ინფარქტის, ინსულტის, პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარებას, ნაადრევად იჩინა თავი ფიზიკური დაბერების ნიშნებმა, შემოკლდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჰიპოდინამიასთან დაკავშირებული სიკვდილობა ნელ-ნელა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ სიკვდილობას უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა იმდენადვე საშიშია, რამდენადაც თამბაქოს მოხმარება.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია: ცხოვრების მჯდომარე სტილი გონებრივ შესაძლებლობებზეც უარყოფითად აისახება. თავის ტვინის მკვებავი არტერიების ტონუსი და ელასტიურობა მცირდება, რის გამოც ფერხდება თავის ტვინის სისხლით მომარაგება და ის ჰიპოქსიას ანუ ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის.

როგორ ვებრძოლოთ ადინამიას

– უნივერსალური ვარჯიშია ფეხით სიარული. ვერიდოთ ლიფტითა და ესკალატორით სარგებლობას, ავიაროთ კიბე შეუსვენებლად, გავაჩეროთ ჩვენი საყვარელი ავტომანქანა, ჩამოვიდეთ ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და გზა ფეხით გავაგრძელოთ. ფეხით სიარულის დროს სისხლი ნაკლებად ბლანტია, "იწვება" ჭარბი ქოლესტეროლი და შაქარი. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეში 10 000 ნაბიჯი ცხოვრების აქტიურ სტილად მიიჩნევა, 5 000 ნაბიჯზე ნაკლები კი ცხოვრების მჯდომარე წესია. შეგვიძლია, ვისარგებლოთ თანამედროვე აპლიკაციებით და ყოველდღიურად შევამოწმოთ ჩვენ მიერ გავლილი მანძილი და ნაბიჯების რაოდენობა.

ფიზიკური აქტივობა ამცირებს სისხლში დსლქს-ის დონეს და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსლქს-ის ოდენობის მომატებისთვის. ეს ფაქტობრივად ერთადერთი საშუალებაა ქოლესტეროლის ამ დადებითი ფრაქციის გასაზრდელად.

მედიკამენტური მკურნალობა

– დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი პრეპარატები, რომლებიც ეფექტურად აქვეითებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს, სტატინებია (ატორვასტატინი, როზუვასტატინი და სხვა). ამ პრეპარატების წყალობით ასეულობით მილიონ ადამიანს გაუხანგრძლივდა სიცოცხლე. ამ კლასის პრეპარატები იმითაც არის უნიკალური, რომ არა მხოლოდ აწესრიგებს სისხლში ლიპიდურ ცვლას, არამედ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტებიც აქვს. სტატინების მიღება საგრძნობლად ამცირებს არა მხოლოდ შუნტებში, სტენტირებულ თუ საღ არტერიებში ახალი ათერომების წარმოქმნის შესაძლებლობას, არამედ ზოგიერთ სისხლძარღვში უკვე არსებული ათერომების შიგნით მიმდინარე ანთებით პროცესებსაც აფერხებს და ამ გზით მათ სტაბილიზებას ახდენს, მაშასადამე, ხელს უშლის მათ გასკდომას და ინფარქტისა თუ ინსულტის განვითარებას. სწორედ სტატინების საშუალებით არის შესაძლებელი სისხლში "ცუდი" ქოლესტეროლის სამიზნე დონის მიღწევა. თუმცა მათი მიღება ქოლესტეროლის სამიზნე დონის მიღწევის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

– რატომ გვეშინია სტატინების?

– როგორც ყველა სხვა წამალს, სტატინებსაც აქვს გვერდითი მოვლენები, რომელთა ცოდნა დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ექიმებისა თუ პაციენტების უსაფუძვლო შიშს იწვევს, თუმცა ხშირად პირიქითაც ხდება. ეს გვერდითი ეფექტები იმდენად იშვიათია, რომ სწორი მართვის შემთხვევაში არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კარდიოვასკულური დაავადების დროს, მეორეული პრევენციის მიზნით, განმეორებითი შემთხვევებისა და სიკვდილობის თავიდან ასაცილებლად, სტატინი ინიშნება მუდმივად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, განურჩევლად სისხლში ქოლესტეროლის დონისა. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია!

პროგნოზი

– ათეროსკლეროზი იმით არის ვერაგი, რომ მისგან ერთხელ და სამუდამოდ განკურნება შეუძლებელია. ქოლესტეროლის დონის დაქვეითება არც ისე ადვილია, სისხლძარღვის კედელში არსებული ათერომები კი ბოლომდე ვერასოდეს გაქრება. მკურნალობის შედეგად ქოლესტეროლის ნორმალურ დონემდე დაწევა, ათერომების სტაბილიზება, მათი ზრდის შეჩერება, ახალი ათერომების წარმოქმნის თავიდან აცილება და მათი გასკდომის ალბათობის შემცირება კი ნამდვილად შესაძლებელია. როცა სისხლში "ცუდი" ქოლესტეროლის რაოდენობა იკლებს, ათერომას აკლდება საშენი მასალა. შედეგად  ნელდება მისი ზრდა. ათერომის შიგთავსში ქოლესტეროლს ჩაენაცვლება გაცილებით მკვრივი შემაერთებელი ქსოვილი, ათერომა ვეღარ იხლიჩება და ვეღარ სკდება, იქმნება პირობები მისი რეგრესისა და გაწოვისთვის. ათერომის სრული გაქრობა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, წარმოუდგენელია, მაგრამ დადგენილია, რომ ქოლესტეროლის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითების შემთხვევაში მისი ზომა 13-14%-ით იკლებს. საბოლოო ჯამში, არტერიები ხდება უფრო ელასტიური და ახალი ათერომების წარმოქმნის შანსიც საგრძნობლად მცირდება. მაშასადამე, ათეროსკლეროზული პროცესი უკან იხევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირდება ინფარქტის, ინსულტის, აორტის ანევრიზმის გასკდომის, საბოლოოდ კი სიკვდილის რისკი. ასე რომ, სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ქოლესტეროლი არც ტემპერატურაა და არც წნევა. აქ მხოლოდ ტაბლეტებით და მცენარეების ნახარშებით ფონს ვერ გავალთ. მისი დონის დასაწევად საჭიროა დრო, ნებისყოფა და კომპლექსური მიდგომა.

დაბოლოს, გვახსოვდეს:  ქოლესტერინის სიჭარბეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ვებრძოლოთ. ის მოითხოვს დამოკიდებულების შეცვლას კვებითი ქცევის, ფიზიკური აქტივობისა და, საზოგადოდ, ცხოვრების წესის მიმართ, დაუღალავ შრომას, რომლის ყველაზე დიდი ჯილდო ჯანმრთელობაა. ეს კი ერთადერთი საგანძურია, რომლისთვისაც არ ღირს არც დროის, არც ძალისხმევის დაზოგვა, რადგან ჯანმრთელობის გარეშე ცხოვრება გაუსაძლისია!

მარი მარღანია

გააზიარე: