ყვავილების მაგია - ბუნებრივი სურნელი კოსმეტიკაში

გააზიარე:

კოსმეტიკის სამყარო სავსეა არომატებით. იშვიათად თუ შეხვდებით კრემს, ნიღაბს, საპონს, თუნდაც შხაპის გელს, სასიამოვნო სურნელს რომ არ აფრქვევდეს. ვარდი, ლავანდა, იასამანი, ილანგ-ილანგი, შოკოლადი, ვანილი, ლიმონი, მუშკი – აქ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს...

ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ სურნელი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს განწყობაზე – შეუძლია, სასიამოვნო ემოცია გამოიწვიოს, სტიმული მოგვცეს და ენერგიით აგვავსოს, საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაგვაბრუნოს, დეპრესიის განდევნაშიც კი დაგვეხმაროს... ხის ქერქისა თუ ყვავილის ფურცლებისგან მიღებულ არომატულ ნივთიერებებს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ – რელიგიური რიტუალებით დაწყებული, სხეულის ჰიგიენით დამთავრებული. ასე რომ, სხეულის სურნელოვნებაზე ფიქრი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს.

ბუნებრივი თუ სინთეზური

ყნოსვის მილიონობით რეცეპტორის წყალობით ადამიანს ათასობით სურნელის აღქმა შეუძლია. ეთერზეთები არომატთან ერთად ძვირფასი ნივთიერებებითაც ამარაგებენ კანს: ზოგს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ზოგს – დამამშვიდებელი, სხვები ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას, ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას... სურნელოვან ზეთებს არომათერაპიაშიც იყენებენ. სურნელოვანი კოსმეტიკური საშუალებები, მწარმოებელთა აზრით, სუბსტანციის ფიზიკური თვისებებისა და სურნელის შესანიშნავი სიმფონიაა. თუმცა მწარმოებლები სურნელის მისაცემად სინთეზურ არომატებსაც იყენებენ, რომელთა ბუნებრივისგან გარჩევა, თუ წარმოშობა ეტიკეტზე არ არის მითითებული, მხოლოდ ყნოსვის რეცეპტორებით, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

სინთეზური არომატები ლაბორატორიებში იქმნება ხელოვნურად, ქიმიური სინთეზის გზით. არახალია, რომ სინთეზური ნაერთები არ უხდება ჯანმრთელობას – შეუძლია, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (თუმცა ალერგია შესაძლოა ბუნებრივ ინგრედიენტებზეც განვითარდეს), კანის გაღიზიანება, თავბრუხვევა, ჰიპერპიგმენტაცია, დაარღვიოს ჰორმონული ბალანსი, უარყოფითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე, ავნოს ღვიძლს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კიბოსაც კი გაუწიოს პროვოცირება.

სინთეზური არომატული ნივთიერებები არასასურველ გავლენას ახდენს გარემოზეც – მათი უმრავლესობა არ იხსნება წყალში, ნაბანი წყლიდან წყალსადენში ხვდება, იქიდან კი მდინარეებსა და ზღვებში და საბოლოოდ ზღვის ცხოველების ცხიმოვან ქსოვილში ილექება.

ბუნებრივ არომატებს ყვავილებისგან, ფოთლებისგან, ნაყოფისგან, თესლისგან, მერქნისგან, ფესვებისგან ან ფისისგან იღებენ. ათიათასობით ყვავილისგან სულ რამდენიმე გრამი ზეთის გამოყოფაა შესაძლებელი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ კანის გავლით ყველა ნივთიერება ორგანიზმში ხვდება, ალბათ უფრო გონივრული იქნება, კოსმეტიკური პროდუქციის ხარისხს მეტი ყურადღება მივაქციოთ და უპირატესობა ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ საშუალებებს მივანიჭოთ.

ზოგიერთ შეფუთვაზე შეამჩნევთ საერთაშორისო ორგანიზაციის ბეჭედს. მაგალითად, BDIH, NATRUE, Ecocert. ეს ორგანიზაციები ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებს ამოწმებენ და თუ ნაწარმი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, სერტიფიკატს ანიჭებენ.

თუმცა ალერგიულ ადამიანებს ნატურალური კოსმეტიკის მოხმარების დროსაც ყურადღება მართებთ: კარგად უნდა გაეცნონ მის შემადგენლობას, რადგან შესაძლოა, რომელიმე კომპონენტზე ალერგია ჰქონდეთ.

ბუნებრივი არომატები

არომატი მრავალნაირია. კოსმეტიკაში მათ სხვადასხვა როლი აკისრიათ. მოვლის სხვადასხვა ხაზს სხვადასხვა სურნელს აძლევენ. მაგალითად, ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ კოსმეტიკას უმეტესად ციტრუსების, კენკრის, იისფერი ყვავილების ნოტები დაჰყვება, რაც სისუფთავის, სიჯანსაღის შეგრძნებას ბადებს, ანტიასაკობრივ ხაზს კი უფრო ხშირად აღმოსავლური ყვავილების არომატით ამდიდრებენ, რომელიც ენერგიით ავსებს დაღლილ, გამოფიტულ კანს. წითელი ფორთოხლისა და მანდარინის სურნელი აცოცხლებს, ვარდის, ორქიდეის, მაგნოლიის, სუმბულისა და თეთრი ჟასმინის კომპოზიციები ხაზს უსვამს ელეგანტურობას, ქალურობას, კედრის, სანდალოზის, ვანილის არომატი კი სიმძაფრეს მატებს აღქმას და საკუთარი განუმეორებლობის შეგრძნებით გვავსებს.

ფრანგული კომპანია „მილ ფლორის“ სავიზიტო ბარათი ყვავილოვანი სურნელია, გამორჩეულს კი მას სწორედ ილანგ-ილანგისა და მუშკის ბუნებრივი ნოტები ხდის.

ილანგ-ილანგი

ილანგ-ილანგის სურნელოვან ზეთს ტროპიკული ხის, კანანგას, მოთეთრო-მოყვითალო ყვავილებისგან იღებენ. ერთი ლიტრი ზეთის გამოსახდელად 50-60 კგ-მდე ყვავილი უნდა მოიკრიფოს. ილანგ-ილანგი ხარობს ფილიპინებზე, ინდონეზიაში, იავაზე, გვხვდება მადაგასკარსა და მის მეზობელ კუნძულებზეც.

გამორჩეული სურნელის გამო ილანგ-ილანგს ყვავილთა ყვავილს უწოდებენ. პარფიუმერებმა ის მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. ილანგ-ილანგის ეთერზეთი კოსმეტოლოგების ერთ-ერთი უსაყვარლესი ინგრედიენტია. მისი ეგზოტიკური, მოტკბო სურნელი გვიმაღლებს განწყობას, გვამშვიდებს და გვაწონასწორებს, გვახალისებს და ენერგიით გვავსებს.

ინდონეზიაში ილანგ-ილანგი სიყვარულისა და სილამაზის სიმბოლოა. ქორწილის ღამეს ახალშეუღლებულთა საწოლს, ტრადიციულად, მისი ყვავილებით რთავენ.

ილანგ-ილანგის სამკურნალო (ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, სოკოს საწინააღმდეგო და მომადუნებელ) მოქმედებას უძველესი დროიდან იცნობენ აზიის ქვეყნებში. ვიეტნამში, ინდონეზიასა და ინდოეთში მას დღესაც იყენებენ მალარიის, ასთმის, მუცლის ტკივილის, დეპრესიის, მაღალი არტერიული წნევის დროს.

ილანგ-ილანგი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების: ენდორფინებისა და სეროტონინის – გამოყოფას, ამიტომ კარგი ანტიდეპრესანტია. მის გამაბრუებელ სურნელს მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში ამოიცნობთ.

მუშკი

მუშკი ყველაზე მოთხოვნადი ნედლეულია პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ინდუსტრიაში. მისი ბუნებრივი არომატი მრავალფეროვანია. ეს არის არა ერთი განსაზღვრული სურნელი, არამედ სურნელთა კომპოზიცია, რომელიც ასეულობით სურნელს აერთიანებს. თბილი, მსუბუქად ტკბილი და მერქნის ნაზი ტონების კომბინაცია კანთან კონტაქტისას ჰარმონიულ აურას ქმნის და თავდაჯერებას ბადებს. მუშკი ერთგვარი აფროდიზიაკიცაა. ეს ის სურნელია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.

პარფიუმერიის წარმოებაში მუშკი ფიქსატორის როლსაც ასრულებს, სურნელთა სხვადასხვა კომპოზიციაში შედის და მსუბუქ ტონებს უსვამს ხაზს.

მუშკსაც უძველესი დროიდან იყენებენ. მის სამკურნალო თვისებებს საუკუნეებია იცნობენ ჩინურ მედიცინაში.

ბუნებრივ მუშკს ზოგიერთი ცხოველის – კაბარგის, იმავე მუშკის ირმის (Moshus moschiferus), ონდატრის (Ondatra zibethicus), ხარვერძის (Ovibos moschatus), მუშკის იხვის (Cairina moschata) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები გამოყოფს. კაბარგის მუშკს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდანვე იცნობდნენ და იყენებდნენ. მის მოპოვებას უამრავი ირმის სიცოცხლე ეწირებოდა. დღეს ამ მიზნით ნადირობა აკრძალულია, კაბარგს კი ფერმებში ამრავლებენ და მუშკს ისე იღებენ, რომ ცხოველის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. თუ თქვენთვის ესეც მიუღებელია – მცენარეული და სინთეზური ანალოგებიც არსებობს. მცენარეული მუშკის დასამზადებლად ამბერტის თესლს (Abelmoschus moschatus), ანგელოზას თესლს (Angelica), მიმულისს (Mimulus), ბალბას (Malva moschata), ბამის (Abelmoschus), მუშკის ვარდს (Rosa Mosqueta) იყენებენ.

ფორთოხლის ყვავილი

იცოდით, რომ ევროპაში ფორთოხალს თავდაპირველად არა ნაყოფის, არამედ სწორედ ყვავილის გამო აფასებდნენ? ფორთოხლის ყვავილის სურნელი გრილი ციტრუსოვანი და  ოდნავ მოტკბო ვანილისმაგვარი ნოტების განუმეორებელი კომბინაციაა. ეს ნაზი, მგრძნობიარე და იმავდროულად მაცოცხლებელი არომატი ხსნის სტრესს, ენერგიით ავსებს სხეულს, აფხიზლებს გონებას, იწვევს გაზაფხულისა და სინორჩის შეგრძნებას, ამიტომ კოსმეტოლოგიასა და არომათერაპიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

უნივერსალური არომატი, ყველას რომ მოსწონდეს, არ არსებობს, სურნელის აღქმა ინდივიდუალურია და რამდენი რჩევაც არ უნდა მოვისმინოთ, პარფიუმერიის შეძენისას გადამწყვეტ სიტყვას მაინც ჩვენივე ყნოსვის რეცეპტორები ამბობენ. საბედნიეროდ, დედამიწის სურნელთა პალიტრა მდიდარი და მრავალფეროვანია...

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: