ლოგინობის ხანა

გააზიარე:

ორსულობის განმავლობაში ქალის ორგანიზმი ცვლილებათა მთელ კასკადს განიცდის. იცვლება სხეულის ფორმები, ჰორმონების დონე, ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მშობიარობის შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება.

ამ პერიოდს, რომელიც მშობიარობის დასრულებისთანავე იწყება, ლოგინობის ხანას უწოდებენ. რამდენ ხანს გრძელდება ის, ამის თაობაზე მედიკოსებს სხვადასხვა აზრი აქვთ. რამდენიმე ხნის წინ ლოგინობის ხანაზე საუბრისას გულისხმობდნენ მშობიარობის შემდგომ 6-8 კვირას, მაგრამ ვინაიდან თითოეული ქალის ორგანიზმი უკუცვლილებებს ინდივიდუალური ტემპით განიცდის, ზოგი თანამედროვე ავტორი ლოგინობის ხანად 12 თვემდე პერიოდსაც კი განიხილავს.

სიცოცხლის პირველი კვირები ჩვილისთვის ძალიან სენსიტიური პერიოდია. აუცილებელია დედისა და ბავშვის ერთად ყოფნა, რადგან ეს ბუნებრივად ავითარებს მათ შორის მჭიდრო კავშირს და უზრუნველყოფს დედის ბუნებრივი მზრუნველობის გაღვივებას. ახალშობილსაც სწორედ ამ პერიოდში სჭირდება დედის განსაკუთრებული ყურადღება. თუმცა, რა თქმა უნდა, დედის სიყვარული ბავშვის დაბადებამდე გაცილებით ადრე ყალიბდება და ძალიან, ძალიან დიდხანს გრძელდება.

სასურველია, მელოგინემ იცოდეს ლოგინობის ხანის თავისებურებების შესახებ და მომზადებული შეხვდეს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მისი ენერგია არა ახალშობილზე, არამედ საკუთარი ძალების აღდგენაზე დაიხარჯება.

საშვილოსნო იბრუნებს საწყის ზომას

მშობიარობის დასრულებისთანავე (პლაცენტის გამოძევების შემდეგ) საშვილოსნო იწყებს უწინდელი ზომების დაბრუნებას, რასაც საშვილოსნოს ინვოლუცია (უკუგანვითარება) ეწოდება. საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ბოჭკოების შეკუმშვა ხელს უწყობს სისხლძარღვების შეკუმშვას, რაც საშვილოსნოდან სისხლდენის პრევენციის მთავარი მექანიზმია. საშვილოსნოს კუნთების არასაკმარისმა შეკუმშვამ შესაძლოა გამოიწვიოს ატონია (რბილი, უფორმო საშვილოსნო), რაც ადრეული ლოგინობის ხანის სისხლდენების ხშირი მიზეზია.

მშობიარობის დასრულებისას საშვილოსნოს ფუძე მკვრივი, მყარი და მრგვალია, მერე კი შემცირებას იწყებს დღეში დაახლოებით 1 სმ სიჩქარით. მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ საშვილოსნო ხელით აღარ შეიგრძნობა, ხოლო 6-8 კვირის შემდეგ იბრუნებს თავის ნორმალურ ზომებს. ძუძუთი კვება ამ პროცესს აჩქარებს – ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს კუნთებზე ზემოქმედებს და მათ შეკუმშვას იწვევს.

საშვილოსნოს უკუგანვითარების პროცესი შესაძლოა ოდნავ შეფერხდეს, რაც ძუძუთი კვების ინტენსივობასთან არის დაკავშირებული.

პლაცენტის მოცილების შემდეგ

პლაცენტის მოცილების შემდეგ საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანის, ენდომეტრიუმის, ნაწილი რჩება. იგი ორ შრედ იყოფა. ზედაპირული შრე წარმოადგენს დეპოს, ღრმა შრე კი რეგენერაციის პროცესში მონაწილეობს. ვიდრე ენდომეტრიუმი მთლიანად აღდგება, მისი ძველი ნაწილი ლოქიების სახით გამოდის გარეთ.

ლოქიები სხვადასხვა რაოდენობითა და ინტენსივობით გამოიყოფა და თანდათან იცვლის ფერს. მშობიარობიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში წითელია, შემდეგ მოვარდისფრო-მოყავისფრო ხდება, საბოლოოდ კი – მოყვითალო-მოთეთრო. ლოქიების საერთო რაოდენობა 200– 500 მლ-ია.

ლოქიები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოიყოფა, თუმცა ქალებს, რომლებსაც სისხლთან დაკავშირებული დაავადებები აქვთ, ლოქიების უფრო ხანგრძლივი გამოყოფა ახასიათებთ.

საშვილოსნოს ყელი

საშვილოსნოს ყელი მშობიარობის შემდეგ ნელ-ნელა, რამდენიმე დღის განმავლობაში იხურება, რაც საშუალებას აძლევს ლოქიებს, დატოვოს საშვილოსნოს ღრუ და ანთებითი პროცესები არ გამოიწვიოს.

საშვილოსნოს ყელი თავის ორსულობამდელ მდგომარეობას აღარ უბრუნდება. არაორსულთათვის დამახასიათებელი პატარა, მრგვალი შესავალი იქცევა განიერ, დაკბილულკიდეებიან ნაპრალად. ქსოვილოვანი აგებულებით კი საწყისი შენების დასაბრუნებლად საშვილოსნოს ყელს მშობიარობიდან 3-4 თვე სჭირდება.

მართალია, ფიზიკურად ამ ცვლილებებს ქალი ვერ გრძნობს, მაგრამ სასურველია იცოდეთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩატარებული ვერანაირი ციტოლოგიური გამოკვლევა ინფორმაციული ვერ იქნება. 

მუცლის წინა კედელი

მშობიარობის შემდეგ მუცლის წინა კედელი მოდუნებულია, მაგრამ რამდენიმე კვირაში მეტ-ნაკლებად აღდგება, თუმცაღა მუცლის სწორი კუნთების დაშორება შესაძლოა დარჩეს. შორეული შედეგები კი გულისხმობს დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში და კოსმეტიკური ჩარევის აუცილებლობას.

აღდგენილი მენსტრუალური ფუნქცია

სასქესო ჰორმონების დონე სისხლში მშობიარობიდან პირველი 2-3 კვირის განმავლობაში იკლებს.

ქალების უმრავლესობას მენსტრუალური ციკლი მშობიარობის შემდეგ მე-12 კვირიდან აღუდგება. მათ დიდ ნაწილს კი – ოვულაციაც, რაც ფერტილობის აღდგენაზე მიუთითებს.

ძუძუთი კვება

სასქესო ჰორმონებზე ძუძუთი კვების ზეგავლენა დამოკიდებულია ძუძუთი კვების ინტენსივობაზე, დედის ნაკვებობის ხარისხსა და წონაზე. ლაქტაცია ორგანიზმის მეტაბოლურ დატვირთვას ასახავს. თუ კვება ადეკვატურია, ხოლო სხეულის ბაზალური წონა – ნორმალური, ინტენსიური ლაქტაციის დროს იშვიათად ხდება მათი ხანგრძლივი დათრგუნვა, ხოლო იმ ქალებს, რომლებიც არასათანადოდ იკვებებიან და რომელთა ყოველდღიური ენერგეტიკული დანახარჯი უფრო მეტია, ვიდრე მიღებული კალორიების ოდენობა, სასქესო ჰორმონების დათრგუნვის პროცესი უხანგრძლივდებათ, რასაც მენსტრუალური გამონადენის შემცირებამდე ან ანოვულაციამდე მივყავართ.

სარძევე ჯირკვლის ცვლილებები

გულისხმობს სარძევე ჯირკვლის სავსეობასა და გამაგრებას, რასაც თან ახლავს ტკივილი და მგრძნობელობის მატება. დაზიანების უბანი შესაძლოა მოიცავდეს როგორც ჯირკვლის პერიფერიულ ნაწილს, ისე მთელ ჯირკვალს.

პირველადი გაჯირჯვება ძუძუს ქსოვილის შეშუპებისა და დიდი რაოდენობით პირველადი რძის გამომუშავების დაწყების შედეგია. უმეტესად ვითარდება მშობიარობის შემდგომ პირველი 24-72 საათის განმავლობაში,  ნორმის პირობებში გრძელდება 1-7 დღე.

მეორეული გაჯირჯვება ვითარდება მოგვიანებით, როცა სარძევე ჯირკვლის მიერ გამომუშავებული რძის რაოდენობა აჭარბებს ახალშობილის მეირ მიღებულს.

სარძევე ჯირკვლის გაჯირჯვება დისკომფორტს უქმნის დედას და შესაძლოა, სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მატება გამოიწვიოს. რამდენიმე დღეში ის თავისთავად ალაგდება, თუმცა სასურველია დამხმარე მეთოდების გამოყენება (თბილი კომპრესები ან თბილი შხაპი ძუძუთი კვებამდე, რათა გაადვილდეს სარძევე სადინარებიდან რძის გამოსვლა; ცივი კომპრესები ძუძუთი კვებიდან კვებამდე შუალედში ან კვების შემდეგ).

ქალებისთვის, რომლებიც ძუძუს არ აწოვებენ, რეკომენდებულია ვიწრო ბიუსტჰალტერის ჩაცმა და ძუძუს სტიმულაციის თავიდან აცილება, რაც ასიდან 60-70 შემთხვევაში ლაქტაციის დათრგუნვას იწვევს. ამჟამად არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ არამედიკამენტური მეთოდები მედიკამენტურს სჯობია.

კანი და თმა

ორსულობასა და ლოგინობის ხანაში ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილი კანისა და თმის ცვლილებებია. ხშირია გამონაყარი, აკნე, ქლოაზმები (ყავისფერი პიგმენტაცია, უმეტესად – სახეზე). კანის ცვლილებები სპონტანურად ალაგდება, თუმცა დრო ყველა მელოგინისთვის ინდივიდუალურია.

რაც შეეხება თმის ცვენას, მისი ზრდის ტემპის შემცირებას, მტვრევადობას – მიზეზი ის არის, რომ იკლებს მზარდი თმის ძირების რაოდენობა. ხდება ხოლმე, რომ სტრესის შედეგად თმის ძირები ნაადრევად გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში. ასეთი რამ ხშირია ორსულობის დროსაც. ეს პრობლემა მშობიარობის შემდეგ 1-დან 5 თვემდე პერიოდში გაივლის.

წონის ფიზიოლოგიური კლება

მშობიარობისას წონის მინიმალური დანაკარგი (ნაყოფი, პლაცენტა, ამნიონური სითხე) 6 კგ-ია. ლოგინობის ხანაში საშვილოსნოს შეკუმშვის, ლოქიებისა და უჯრედშიდა თუ უჯრედგარე სითხის სახით ქალის ორგანიზმი დამატებით 2-დან 7კგ-მდე წონას კარგავს. ორსულობისას მომატებული წონის ნახევარს ქალის ორგანიზმი მშობიარობიდან პირველ 6 კვირაში იცილებს. წონის კარგვა უფრო ნელი ტემპით მშობიარობის შემდგომ პირველი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

ჰემატოლოგიური ცვლილებები

ორსულობასთან დაკავშირებული ჰემატოლოგიური ცვლილებები მშობიარობიდან 6-12 კვირაში უბრუნდება საწყის მონაცემებს. ამ დიაპაზონში ცვლილებათა სიჩქარე და სქემა სხვადასხვა ჰემატოლოგიური პარამეტრისთვის სხვადასხვაა. ყველაზე მნიშვნელოვანია თრომბოზული მდგომარეობა, რომელსაც მშობიარობის შემდეგ კვირები სჭირდება ნორმაში დასაბრუნებლად, რის გამოც მელოგინეებთან იმატებს თრომბოემბოლიური დაავადებების რისკი.

დედის მონიტორინგი სამშობიარო სახლში

სასურველია, დედა და ახალშობილი პირველი 24 საათის განმავლობაში ერთად იყვნენ (მხოლოდ აუცილებელი პროცედურების დროს დაშორდნენ ერთმანეთს). დედისა და ახალშობილის ხანგრძლივი ერთად ყოფნა ხელს უწყობს წარმატებულ ძუძუთი კვებას.

ტერმინი "წარმატებული ძუძუთი კვება" გულისხმობს პროცესს, როდესაც ახალშობილის კვებითი მოთხოვნილებები მთლიანად კმაყოფილდება, ხოლო ქალის ორგანიზმში დედა-შვილის მჭიდრო კავშირი რძის შეუფერხებელ გამომუშავებას უწყობს ხელს.

ვაგინალური სისხლდენა – ხშირად უნდა შემოწმდეს საშოდან სისხლიანი გამონადენის ხასიათი და რაოდენობა, რათა მშობიარობის შემდგომი სისხლდენა გამოირიცხოს.

შორისის შეფასება/გამოკვლევა – ტარდება ხშირად შეშუპების, ჩირქოვანი გამონადენისა და ჭრილობის არსებობის გამოსარიცხად.

ლაბორატორიული მონაცემები

გაიდლაინების მიხედვით, მშობიარობის შემდგომ რუტინული კვლევები არ არის მოწოდებული. მაგალითად, ჰემოგლობინის კონტროლი უნდა მოხდეს ინდივიდუალურად – მელოგინის ჩივილების, სიმპტომებისა და ანამნეზის გათვალისწინებით. ჰემოგლობინის მაჩვენებლის რუტინული შემოწმება რეკომენდებულია ორსულობისას დადასტურებული ანემიის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენისა და დამატებითი სიმპოტომების შემთხვევაში.

ლეიკოციტების რუტინული განსაზღვრაც ნაკლებღირებულია ინფექციის განვითარების წინასწარმეტყველებისთვის, რადგან მელოგინეებს ხშირად უდასტურდებათ ლეიკოციტოზი. ეს კვლევა გონივრულია იმ პაციენტებთან, რომლებსაც ინფექციის კლინიკურად გამოხატული ნიშნები აქვთ.

ღრმა ვენების თრომბოემბოლიის პრევენცია

დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ვენური თრომბოემბოლიზმია. ის მშობიარობის შემდგომ პერიოდში უფრო ხშირია, ვიდრე ორსულობისას და საკეისროს შემდეგ – უფრო ხშირი, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემდეგ. ვენური თრომბოემბოლიზმის განვითარების რისკი მაღალია ლოგინობის ხანის პირველ კვირას და 12 კვირის განმავლობაში თანდათან იკლებს. რისკს ზრდის რამდენიმე ფაქტორი: ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოფილია), სიმსუქნე, მწეველობა, საკეისრო კვეთა და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა.

ვაქცინაცია

ლოგინობის ხანაში ქალმა დაუყოვნებლივ უნდა გაიკეთოს ყველა რეკომენდებული ვაქცინა, რომლებსაც ორსულობის გამო ვერ იკეთებდა (მაგალითად, წითელასი, წითურასი, ჩუტყვავილასი, ტეტანუსისა, დიფტერიისა). რეკომენდებულია გრიპის ვაქცინით ოჯახის სხვა წევრების აცრაც, რათა ახალშობილი ჯანმრთელ გარემოში იყოს.

ანტირეზუს D-იმუნოგლობულინი

რეზუსდადებითი ახალშობილების რეზუსუარყოფით დედებს მშობიარობის შემდეგ 72 საათის განმავლობაში უნდა გაუკეთდეთ ანტი D-იმუნოგლობულინი. ამ გზით ხდება დედის ორგანიზმის სენსიბილიზაციის თავიდან აცილება, რათა შემდგომი ორსულობის დროს არ განვითარდეს გართულება, რომელიც უწინარესად ნაყოფს შეუქმნის საფრთხეს.

ტკივილის კუპირება

ტკივილები მოსალოდნელია როგორც ბუნებრივი, ისე საკეისრო კვეთით მშობიარობის შემდეგ. მიზეზია საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვები. ტკივილს აქვს პერიოდული ხასიათი და უმეტესად ძუძუთი კვების გავლენით იჩენს თავს.

საკეისრო კვეთის შემთხვევაში ხშირად საკმაოდ მტკივნეულია ჭრილობის არე, რომელიც დედას ხელს უშლის ახალშობილის კვებასა და მოვლაში. ამ დროს ექიმი შესაბამის ტკივილგამაყუჩებელს გამოგიწერთ და მისი მიღების რეჟიმს შეგიდგენთ.

ძუძუთი კვების ხელშეწყობა

ძუძუთი კვების უპირატესობაზე დიდი ხანია აღარავინ დავობს. ბუნებრივი კვება არაერთი სირთულისგან გიხსნით. ამ დროს დედასა და ჩვილს შორის კავშირი უფრო მტკიცე ხდება, არ მოგიწევთ დროის დაკარგვა საჭმლის გაცხელებაზე, გაგრილებასა და ჭურჭელში ჩასხმაზე. ამ ყველაფერთან ერთად, ახალშობილს ფასდაუდებელ საქმეს უკეთებთ – სულ მცირე, ექვსი თვით უზრუნველყოფთ ბუნებრივი იმუნიტეტით.

ძუძუთი კვება, გარდა იშვიათი უკუჩვენებებისა და გამონაკლისებისა, უწინარესად დედის მონდომებაზეა დამოკიდებული.

როგორ მოვუაროთ თავს?

როცა დედა იცნობს ლოგინობის ხანის თავისებურებებსა და გართულებებს, უფრო მეტადაა მობილიზებული, მისთვის უფრო ადვილია თავის მოვლა და ახალშობილისთვისაც უფრო მეტი დრო რჩება.

* უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, დედა გამოძინებული და დასვენებული იყოს.

* მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა – ლოქიების ოდენობის კონტროლი, ჰიგიენური საფენების გამოყენება და შხაპის მიღება (აბაზანის მიღება ლოგინობის ხანაში რეკომენდებული არ არის).

* შხაპის მიღებისას წყალი უნდა იყოს ნელთბილი, არა ცხელი რათა თავიდან ავიცილოთ სისხლდენა და ვენური თრომბოემბოლიზმი.

* აუცილებელია დღეში 2-2,5 ლ წყლის მიღება. ეს თავიდან აგაცილებთ შებერილობას, შეკრულობას, ვენურ თრომბოემბოლიზმს. წყლის მიღება ლაქტაციაშიც დაგეხმარებათ.

* თუ ექიმმა წამლები გამოგიწერათ, დროულად მიიღეთ, თუ ელასტიკური წინდები – გეცვათ მთელი დღე. მხოლოდ ძილისა და შხაპის დროს გაიხადეთ. ჩაიცვით ადგომამდე, ვიდრე ვენები სისხლით აივსება.

* შორისის მოვლისას საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა. შორისზე ან საშოს ლორწოვანზე ნაკერების არსებობისას რეკომენდებულია საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

* ძუძუთი კვების შემთხვევაში აუცილებელია, თითოეული კვების დროს დაიცალოს ორივე სარძევე ჯირკვალი. თუ ახალშობილი ერთ ჭამაზე ამდენს ვერ ერევა, შეგიძლიათ, რძე გამოიწველოთ და შეინახოთ.

* კერტების მოსავლელად საკმარისია ნელთბილი წყლით მობანა კვებამდე და კვების შემდეგ. თუ ძუძუსთავები დაგისკდათ და სისხლი გდით, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

* სასურველია, მელოგინეებმა მშობიარობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში შეასრულონ მენჯის კუნთების ვარჯიშები.

* ლოგინობის ხანაში რეკომენდებულია ორსულობისგან თავის დაცვა. დედის ორგანიზმს გარკვეული დრო სჭირდება ნივთიერებებისა და ვიტამინების მარაგის აღსადგენად. ძუძუთი კვებისას განვითარებული ამენორეა არ არის ორსულობისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება – ფერტილობა შესაძლოა მენსტრუაციის გარეშეც აღდგეს, რასაც წინასწარ ვერაფრით გათვლით. უმჯობესია, სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას (მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ) ბარიერული მეთოდები (მამაკაცის კონდომი) გამოიყენოთ.

სესილი ცირეკიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: