მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსარი

გააზიარე:

 

მენჯ-ბარძაყის დაზიანებული სახსრის შეცვლა პირველად გერმანელმა ექიმმა თემისტოკლეს გლუკმა სცადა მე-19 საუკუნის მიწურულს. ამისთვის მან სპილოს ძვალი გამოიყენა. დღეს მენჯ-ბარძაყის სახსარს მეტალისა და პლასტმასისგან დამზადებული კონსტრუქციით ცვლიან, რომელიც აგებულებით და თვისებებით ზედმიწევნით ჰგავს ბუნებრივს.

რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლაზე დავთანხმდებით? ამის შესახებ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მერაბ კაპანაძე გვესაუბრა.

 

როდის იცვლება

– მენჯ-ბარძაყის სახსარს ყველაზე ხშირად კოქსართროზის (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის) გამო ცვლიან, რომელსაც, თავის მხრივ, შეიძლება საფუძვლად ედოს რევმატოიდული ართრიტი, სახსრის დისპლაზია ან მისი იდიოპათიური დაზიანება. დისპლაზიურ კოქსართროზს ანუ სახსრის განუვითარებლობას შესაძლოა თან ახლდეს სახსრის ქვეამოვარდნილობა, ამოვარდნილობა და სხვა მძიმე პათოლოგიები.

სახსარი იცვლება ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროსაც, განსაკუთრებით – ხანდაზმულ ასაკში, დისპლაზიის თანაარსებობისას კი – ახალგაზრდებთანაც.

ვიდრე სახსრის ჩანაცვლებას გადავწყვეტთ, განვიხილავთ მისი დაზიანების ხარისხს, პაციენტის ასაკს... თუ პაციენტი ახალგაზრდაა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბუნებრივი სახსარი შევუნარჩუნოთ, – მაგალითად, ბარძაყის ყელის მოტეხილობისას, თუ მას დისპლაზია არ ახლავს თან, ვატარებთ ოსტეოსინთეზს, – ვინაიდან ხელოვნური სახსარი უსასრულოდ ვერ მოგვემსახურება, განსაზღვრული ხნის შემდეგ ის შესაცვლელი ხდება.

– დისპლაზიის შემთხვევაში დაზიანების რომელ ეტაპზე ტარდება ოპერაცია?

– განასხვავებენ დისპლაზიის ოთხ ხარისხს. პირველი ხარისხის დისპლაზიის დროს პაციენტი შესაძლოა არაფერს უჩიოდეს, მცირე ჩივილების აღმოფხვრა კი კონსერვატიული მკურნალობითაც მოვახერხოთ, მაგრამ როდესაც მოძრაობა უკვე მკვეთრადაა შეზღუდული ან ტკივილის გამო პაციენტს ხშირად უწევს ტკივილგამაყუჩებლების მიღება, რომლებიც აღიზიანებს კუჭს, აზიანებს ღვიძლს და სხვა ორგანოებს, – დაისმის ოპერაციის საკითხი.

 

ოპერაციამდე

– რომელი გამოკვლევის მონაცემები სჭირდება ექიმს სახსრის მდგომარეობის შესაფასებლად?

— ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია. სახრის დაზიანების მიზეზის შესაბამისად, ხშირად გვიწევს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაც. წინასაოპერაციო პერიოდში კი სხვა კვლევებიც ტარდება. მაგალითად, სისხლისა და შარდის ანალიზი, თირკმლისა და ღვიძლისა ფუნქციური სინჯები... ოპერაციამდე ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე რაც შეიძლება სრულყოფილი წარმოდგენა უნდა გვქონდეს.

ხელოვნური სახსრის იმპლანტაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა ინფექცია, ამიტომ ოპერაციამდე უნდა გამოირიცხოს ინფექციის კერის არსებობაც – სასუნთქ გზებში, ნუშურებში, შარდსასქესო სისტემაში... ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტი ოპერაციასაც გადაიტანს და ანესთეზიასაც. თუ რამეში ეჭვი შეგვეპარა, სხვა გამოკვლევებსაც ვატარებთ. ოპერაციის წინ კი პაციენტი ექიმის მითითებებს უნდა დაემორჩილოს.

 

ჩანაცვლება

– რა ხდება ოპერაციის დროს?

– ვიდრე სახსარი ხელოვნურით შეიცვლება, მას აუცილებლად უნდა მოშორდეს დაზიანებული სასახსრე ზედაპირები და ძვლის ნაწილები. უპირველეს ყოვლისა, იკვეთება ბარძაყის ყელი (ბარძაყის ყელის რეზექცია). შემდეგ მუშავდება ტაბუხის ფოსო, მასში ინერგება ხელოვნური სახსარი, ბარძაყის ძვალში კი –  ენდოპროთეზის ფეხი. საბოლოოდ ხელოვნური სახსრის ამ ორ ნაწილს – სასახსრე ჩაღრმავებასა და ბარძაყის თავს – ერთმანეთს ვუკავშირებთ.

– ოპერაციის ჩასატარებლად რამხელა განაკვეთია საჭირო?

– სახსრის დაზიანებაზეა დამოკიდებული. ყველაზე პატარა, 7-8-სანტიმეტრიანი – განაკვეთი კეთდება მცირეინვაზიური მეთოდით ჩატარებული ოპერაციის დროს. ქალები უმეტესად სწორედ ამ მეთოდს ითხოვენ. მაგრამ თუ დაზიანება ძლიერია, მცირეინვაზიური მეთოდის გამოყენება არ არის სასურველი. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ 12-13-სანტიმეტრიან განაკვეთს, ხოლო ძალიან უხეში და ცუდი დაზიანებისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც დისპლაზიურ კოქსართროზს მაღალი ამოვარდნილობა ერთვის, შესაძლოა 15-20-სანტიმეტრიანი განაკვეთის გაკეთებაც კი მოგვიხდეს.

 

მოსალოდნელი გართულებები

– რა გართულებაა მოსალოდნელი ოპერაციის დროს და მის შემდეგ?

–  მენჯ-ბარძაყის სახსრის იმპლანტაცია რთულ ქირურგიულ ჩარევად მიიჩნევა (რა გასაკვირია – სხეულში ხომ საკმაოდ დიდი უცხო სხეული ინერგება) და მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ოპერაციას, გართულების ალბათობაც აქვს. ზოგი გართულება სერიოზულია, ზოგი – ადვილად გამოსასწორებელი. სერიოზულ გართულებებს მიეკუთვნება ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციისთვის დამახასიათებელი თრომბოემბოლია -თრომბის წარმოქმნა და სასიცოცხლო ორგანოების სისხლით მომარაგების შეფერხება, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დასრულდეს; ასევე – ინფიცირება, ნერვის დაზიანება, სისხლძარღვთა დაზიანება, სახსრის ამოვარდნა არასწორი მოძრაობის შედეგად...

პაციენტი სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეს ექიმს, თუ:

* უეცრად იმატა ტკივილმა;

* იმატა შეშუპებამ;

* ჭრილობის გარშემო კანი გაწითლდა;

* ჭრილობიდან სითხემ დაიწყო დენა;

* მოიმატა სხეულის ტემპერატურამ (38 გრადუსზე მეტად) და შენარჩუნდა 24 საათის განმავლობაში;

* ერთბაშად თავი იჩინა ტკივილმა გულმკერდში ან სახსარში.

 

სახსრის რესურსი

– რა რესურსი აქვს ხელოვნურ სახსარს და რაზეა ეს დამოკიდებული?

–  რამდენ ხანს მოგვემსახურება იმპლანტი, უმთავრესად ქირურგის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. თუ ხელოვნური სახსარი სწორად არის იმპლანტირებული, შესაძლოა 30-40 წელიც კი გაძლოს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, როგორ მოუვლის თავს პაციენტი ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდშიც და მერეც. რა თქმა უნდა, იმპლანტის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ხელოვნური სახსრების წარმოება უკვე ისე განვითარდა მთელ  მსოფლიოში, რომ უხარისხო პროდუქცია დღეს თითქმის არ არსებობს.

 

რეაბილიტაცია

–  რა უნდა იცოდეს პაციენტმა რეაბილიტაციის შესახებ?

– ჩვენს ქვეყანაში რეაბილიტაცია, სამწუხაროდ, ისეთ მაღალ დონეზე არ დგას, როგორზეც ევროპაში ან ამერიკაში. იქ ეს ცალკე სფეროა და საკმაოდ ძვირად ღირებულიც. თუმცა პაციენტს საქართველოშიც შეუძლია შეასრულოს რეკომენდაციების ის მინიმუმი, რომელსაც ექიმი მისცემს.

დრენაჟის ამოღებიდან მეორე-მესამე დღეს პაციენტი უკვე იწყებს მოძრაობას, გადაადგილებას, თავდაპირველად – დამხმარე საშუალებებით: ყავარჯნებით ან ჭოჭინით, – ხოლო თუ არაფერი გართულდა, თვე-ნახევარში ყოველგვარი შეზღუდვა ეხსნება და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება.

ჩვენს პაციენტებს სპეციალურ სამახსოვროს ვატანთ, რომელშიც ყველაფერი თავიდან ბოლომდეა გაწერილი.

რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ პაციენტი უკვე აშკარად იგრძნობს ოპერაციის შედეგს – აღარც სახსრის ტკივილი შეაწუხებს და თავისუფლადაც იმოძრავებს.

 

სამახსოვრო

მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების შემდეგ

* პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში დაწოლისას და წამოდგომისას ნაოპერაციები მხარე საწოლის გარეთა ნაპირისკენ უნდა ხვდებოდეს.

* ჯანმრთელ გვერდზე წოლისას მუხლებს შორის ჩაიდეთ ბალიში.

* არ გადააჯვარედინოთ ფეხები.

* მანქანაში ჩაჯდომა ნებისმიერი მხრიდან შეიძლება, ოღონდ ჯერ სავარძელზე დაჯექით და ფეხები მერე შეიტანეთ შიგნით. გადმოსვლისას ჯერ მყარად დადგით ფეხები მიწაზე და სავარძლიდან მერე ადექით.

* ხანგრძლივი მგზავრობისას დროდადრო გააჩერეთ მანქანა და ცოტა გაისეირნეთ.

* 8-12 კვირის განმავლობაში ერიდეთ რბილ სავარძელსა და საწოლს, ვინაიდან ოპერაციის შემდეგ რბილიდან წამოდგომა ძნელია.

* უნიტაზზე დაიდეთ სპეციალური ასამაღლებელი (ორმაგი მობილობის პროთეზის შემთხვევაში ეს საჭირო არ არის).

* ატარეთ უთასმო ფეხსაცმელები.

* 4-6 კვირა გეცვათ სპეციალური წინდები.

* სახლში იატაკიდან აიღეთ ყოველგვარი ნოხი და საფენი, რომ არ წამოედოთ ან არ ფეხი არ აგიცურდეთ.

* კიბეზე ზევით ჯანმრთელი ფეხი უნდა იყოს, ქვევით – ნაოპერაციები.

* დროდადრო გაწმინდეთ ყავარჯნის რეზინის ბოლოები, რომ მიკრულმა მტვერმა და ჭუჭყმა სრიალა არ გახადოს.

* არ დაეყრდნოთ ყავარჯნებს იღლიებით – შესაძლოა, იქ გამავალი ნერვები დააზიანოთ. გეჭიროთ ისინი გულმკერდის სიმაღლეზე.

* შეასრულეთ ექიმის მიერ დანიშნული ვარჯიშები. ისეირნეთ. შეგიძლიათ, იცუროთ კიდეც. ძლიერი ვარჯიში და ჩქარი სიარული კი რეკომენდებული არ არის.

 

 მარი აშუღაშვილი

 

 

 

გააზიარე: