რა მკურნალი ძალა აქვს ტირილს?

გააზიარე:

უკვე მერამდენედ ვაწყდები სოციალურ მედიაში ფრაზებს: “ბიჭი არ ხარ? რა გატირებს?”; “ძლიერი ქალები არ ტირიან”; “ამხელა კაცი ხარ და ტირი!”

ტირილი სისუსტედ აღიქმება, სისუსტის დემონსტრირება კი – სირცხვილად. ბიჭის მიერ სისუსტის გამოვლენა საერთოდ მიუღებელ მოვლენად მიგვაჩნია. თანაც ამას ბავშვობიდან გვინერგავენ, გეგონება, ყოველთვის ასე იყო და მუდამ ასე უნდა დარჩეს.
შეყვარებულის დაკარგვით დასევდიანებული რაინდის ცრემლები პატივისცემას აღარ იმსახურებს. ის კი არა, ჯერ კიდევ 90-იანებში მთელი კლასი დავცინოდით “იმ უბედურს”, ხან წყლის პირას რომ “ბღაოდა” და ხან გული მისდიოდა. ვერაფრით ვხდებოდით, რა იყო ამაში “მამაკაცური” ან “რაინდული”. და საერთოდ, როგორ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი ხან მოთქვამდეს, ხან კი ვეფხვს შიშველი ხელებით ახრჩობდეს?! ან ერთი, ან მეორე! – გავიძახოდთ მოზარდები და, სამწუხაროდ, ახლაც იმავეს გავიძახით, მიუხედავად იმისა, რომ გავიზარდეთ, გამოცდილება დაგვიგროვდა და ვიცით, რომ სევდა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი ემოციაა, როგორიც, მაგალითად, სიხარული.

  • ჩემი გამოცდილება

თავად “ძლიერი ქალები არ ტირიან” და “არავის დაანახო შენი ცრემლები” კატეგორიაში ვიყავი. ისეთ ასაკსა და სიტუაციებშიც კი არ მიტირია, როდესაც ტირილისგან თავის შეკავება გასაკვირი იყო – როდესაც მეშინოდა, როდესაც ვბრაზობდი, როდესაც დანაკარგს განვიცდიდი... ახლა რომ ვუფიქრდები, რკინის ნებისყოფა მქონდა. მაგალითად, ჩვიდმეტი წლისას მამაჩემის პანაშვიდზე ცრემლიც არ გადმომვარდნია. მაკავებდა სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა და უამრავი სხვა რამ, რაც თავად არ მომიფიქრებია, მაგრამ მუდამ მესმოდა.
უკვე ზრდასრულ ასაკში ჯგუფური თერაპიის წელიწადნახევარი დამჭირდა, რომ თავისუფლად ტირილი შემძლებოდა. მაგრამ მხოლოდ მე არ ვიყავი ასე – ბევრს უჭირდა ტირილი, რაც უნდა მძიმე რამე მოესმინათ ან მოეყოლათ. ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი ეროვნული მახასიათებელია – ხალხი, თერაპიაზეც კი, არ ტირის. ჩემს კაბინეტშიც ხშირად მიხდიან ბოდიშს, რომ თავს ვერ იკავებენ და ტირიან. ოღონდ ჩუმად, ფარულად, რადგან ტირილი სირცხვილია.
“განვიკურნე” რა ამ ცრუ სირცხვილისგან, ეს პროცესი თითქმის აღარ მემორჩლება. თუკი შესაბამის ემოციას განვიცდი – ვტირი. ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. და, იცით, დიდი შვებაა ტირილის თავისუფლება.

  • გენდერული სტერეოტიპები

ცალკე განხილვას იმსახურებს გენდერული სტრეოტიპები, კერძოდ კი ის მოსაზრება, რომ ბიჭებისთვის ტირილი განსაკუთრებით შეუფერებელია. ამიტომ პატარა ბიჭებს, რომლებისთვისაც ტირილი ჩვეულებრვი, ბუნებრივი რამაა, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ და არც მოეთხოვებათ, ნებისყოფის ხარჯზე თავიანთი ყველაზე ინსტინქტური ქცევები აკონტროლონ, ხშირად ვახსენებთ, რომ რაღაც საშინელებას სჩადიან. ანუ ბავშვს, რომლის ბუნებრივი რეაქციაა ტირილი, ვაიძულებთ, არ იტიროს. რატომ? იმიტომ, რომ ოდესღაც ვიღაცამ ასე თქვა.
არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ ბიჭებს ნაკლებად უნდათ ან სჭირდებათ ტირილი, ვიდრე გოგონებს. ის, რომ გოგო უფრო ემოციურია – მავნებელი და დამაბნეველი მითია. პუბერტატულ ასაკამდე გოგონასა და ბიჭს შორის განსხვავება ფიზიკურ-ჰორმონულ დონეზეც კი მინიმალურია და რამდენად გამოხატავს ბავშვი ემოციებს, სიტყვებით გამოხატავს მათ თუ ქცევით, პროპორციულია თუ არა განსაზღვრულ მოვლენაზე მისი რეაქცია, რა პასუხს მოელის გარშემო მყოფთაგან – ეს ყველაფერი აიხსნება ასაკობრივი განვითარების ეტაპებით და ინდივიდუალური მახასიათებლებით, ოჯახითა და გარემო სიგნალებით, მაგრამ არა სქესით. არც ერთი ბიჭი არ იბადება იმ აზრით, რომ ბიჭები არ ტირიან. ყველა ბავშვს, ბიჭს თუ გოგოს, აქვს თანდაყოლილი უნარი, იტიროს, რათა საბაზისო საჭიროებები დაიკმაყოფილოს. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები სწავლობენ, რომელ ემოციას რა ქვია, რომ შეიძლება იტირო ან იგივე ემოცია სიტყვებით ახსნა, რომ, მაგალითად, ტკბილეულის აკრძალვის გამო ტირილსა და საყვარელი ძაღლის სიკვდილით გამოწვეულ ტირილს შორის ხარისხობრივი განსხვავებაა და ა.შ. ეს ყველაფერი ასაკთან ერთად მოდის და ამას ხელს უწყობენ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი უფროსები. მაგრამ ეს პროცესი სქესთან შეჭიდული არ არის.


და მაინც, რაც ვაკეთებთ ჩვენ, დედები? ვაჩვევთ ბიჭს, რომ ემოციის გამოხატვა სირცხვილია, ვერევით გარემოზე რეაგირების მის ბუნებრივ პროცესში, ვთავაზობთ კონკრეტულ საზოგადოებაში უფროსების მიერ შემუშავებულ მოდელს და მერე, როდესაც ეს ბიჭები იზრდებიან არასენსიტიურ, საკუთარი ემოციებისგან დისტანცირებულ კაცებად, ვწუწუნებთ, რომ “კაცები უგულოები არიან”. როგორ გახდებიან კაცები სენსიტიურები, თუ ლამის დაბადებიდანვე ვუჩიჩინეთ, რომ ემოციების გამოხატვა არ შეიძლება? უფრო სწორად, განსაზღვრული ემოციებისა, თორემ, მაგალითად, ბრაზის გამოხატვა, თავისა და საკუთარი საზღვრების დაცვა, იმავე სტერეოტიპის თანახმად, მისაღები და მისასალმებელია.

  • რატომ ატირებ ბავშვს?!

ეს მოსაზრება სქესთან შეჭიდული არ არის, უფრო ზოგადი, ბავშვზე ჰიპერმზრუნველობის გამომხატველია. ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ ბავშვი ნებისმიერი სტრესისაგან უნდა დავიცვათ, ამიტომ, თუ რამე არ მოეწონა და იტირა, ეს ტრაგედიაა. ამას ემატება აზრი, რომ მე, მშობელი, როგორღაც ვაკონტროლებ შვილის ემოციებს და მას როგორც ჩემგან დამოუკიდებელ პიროვნებას კი არ შეუძლია ემოციური რეაგირება, – მაგალითად, ტირილი, თუ სათამაშო დაკარგა, – არამედ მე როგორც დედა ვატირებ მას, მაშასადამე, შემიძლია, არც ვატირო.
ეს აზრი ორმაგად საშიშია. ჯერ ერთი, საერთოდ გამორიცხავს ბავშვის ავტონომიურობას და მშობელს (უმეტესად – დედას) აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მშობლის ხელთ კი არა, გარკვეულ ასაკამდე თვით ბავშვის ხელთაც კი არ არის. ამ დროს უკვე დედა ხდება სტიგმის მსხვერპლი, რადგან რატომღაც ატირებს ბავშვს (არადა, შეუძლია, არც ატიროს, თუ მოინდომა), შესაბამისად, ცუდი დედაა. მეორე მხრივ კი ბავშვის ტირილი ცხადდება სამყაროს აღასასრულად, რომელსაც ყოველგვარი გზით უნდა ვებრძოლოთ.


არადა, ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია, გაუმკლავდეს მცირე სტრესს, თვეების ბავშვს – აიტანოს რამდენიმეწუთიანი დისკომფორტი, სანამ დედა მის ხმას გაიგონებს, ჩაიხუტებს და საფენს გამოუცვლის ან ძუძუს მისცემს, ერთი წლის ბავშვს – გაუძლოს დედასთან ცოტა ხნით განშორებას, იტიროს და დაწყნარდეს, რადგან ჰყავს სხვა მნიშვნელოვანი უფროსებიც და სწავლობს, რომ დედა რამდენიმე საათით კი მიდის, მაგრამ აუცილებლად ბრუნდება, 4 წლის ბავშვი კი თავისუფლად გადაიტანს სასურველი სათამაშოს ვერმიღებით გამოწვეულ სტრესს. ოღონდ გადატანა გულისხმობს იმ ემოციის განცდას, რომელიც ხსენებულ სტრესს მოჰყვება. გადატანა არ ნიშნავს მიჩქმალვას, ყურადღების სხვა მხარეს წარმართვას, ერთი ნივთის ნაცვლად მეორის მიღებას... ეს ნიშნავს, რომ პატარა პიროვნება სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს დანაკარგს და სევდას, სწვალობს, რომ:
1. ყველაფერს, რაც უნდა, ვერ მიიღებს;
2. აქვს უფლება, ამაზე გული დასწყდეს;
3. აქვს უფლება, გულის დაწყვეტა გამოხატოს;
– და ეს ცოდნა მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება.
თავისთავად ცხადია, დაუშვებელია, მივაყენოთ ბავშვს ისეთი სტრესი, რომელსაც ის ვერ გაუმკლავდება. არავინ დავობს იმაზე, რომ როდესაც პატარას სწყურია, წყალი უნდა მივაწოდოთ, თუმცა ესეც კი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ხდება: ჯერ ბოთლით ვაწვდით და გვეშინია, არ გადასცდეს, მერე ნებას ვრთავთ, თავად დაიჭიროს ბოთლი, დალიოს და გაილუმპოს; თავდაპირველად ყველგან წყლის ბოთლებით დავდივართ, მერე ხმარებაში შემოდის ჭიქა, ჩვეულებრივი ბოთლი, პარკში მდგარი წყლის სოკო და სხვა. აი, მე და ჩემი ოთხი წლის შვილი მიკროავტობუსში ვსხედვართ. ის მეუბნება, რომ სწყურია, მე კი ვპასუხობ, რომ თხუთმეტი წუთიც მოითმინოს და წყალი ბაღში დალიოს. ამით სურვილის გადავადებას ვასწავლი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვუკრძალავ ამის გამო წუხილის გამოხატვას. მე რომ მის ყოველ ტირილზე პოზიციას ვთმობდე, დღესაც საწოვარიანი ბოთლით დალევდა, რადგან ეს გაცილებით იოლია, ვიდრე ყველა ზემოთ ჩამოთვილილი მეთოდი. მაგრამ, ამავე დროს, მესმის, რომ ის წუხს და ამის სრული უფლება აქვს.


ტირილისგან ბავშვის დაცვა ხანდახან სახიფათო ფორმებსაც იღებს. ტიპური შემთხვევა: მშობელი ჩივის, რომ ბავშვი ტელეფონზეა მიჯაჭვული. რატომ? “რომ წავართვა, იტირებს”. ამ დროს, ყველამ ვიცით, რომ გაჯეტებზე მიჯაჭვულობა მავნეა. უამრავი კვლევა გვეუბნება, რომ ბავშვის ტვინის ეკრანით ჰიპერსტიმულაცია უარყოფით შედეგებს იწვევს. პედიატრების რეკომენდაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვს საერთოდ არ უნდა მივცეთ გაჯეტი, ორი წლიდან კი დღეში მხოლოდ 1 საათით დავრთოთ თამაშის ნება. ეს ყველაფერი ვიცით, ბევრჯერ წაგვიკითხავს, თავადაც ვხედავთ, რა ადვილად ეჩვევა პატარა ეკრანს და როგორ ფერმკრთალდება სხვა აქტივობები მის ფონზე. მაგრამ რომ წავართვათ, ხომ იტირებს! და ჩვენც, ოღონდ ბავშვმა არ იტიროს, ცნობიერად ვუშვებთ დადასტურებულად საფრთხის შემცველ ქმდებას.


დიახ, როდესაც ბავშვი უკვე მიჯაჭვულია ეკრანს, მისი გადაჩვევა გაცილებით ძნელია და შესაძლოა, ეკრანზე დამოკიდებულების შეწყვეტა ატანადი სტრესის კატეგორიიდან აუტანელის კატეგორიაში გადავიდეს. ეკრანთან გატარებული 5 საათიდან 1 საათზე ბავშვს ერთბაშად ვერ გადავიყვანთ. მაგრამ პირველად რატომ მივეცით მობილური, რატომ ჩავურთეთ ტელევიზორი ან კომპიუტერი, სანამ ამის მოთხოვნილება გაუჩნდებოდა? იმიტომ, რომ ტიროდა, ეკრანი კი ბავშვის დამშვიდების ყველაზე მარტივი საშუალებაა.
ალბათ ყველა უფროსმა უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს: რა არის ტირილიში ისეთი აუტანელი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, ოღონდ კი ის არ გავიგონოთ? სად და როდის ვისწავლეთ, რომ ჩვენი, მშობლების მთავარი მისიაა, ბავშვმა არასოდეს იტიროს? ბავშვზე ვზრუნავთ ამ დროს თუ საკუთარ დააშაულის განცდას ვებრძვით?
არ არსებობს მიუღებელი ემოცია. ბრაზიც და სევდაც, შიშიც და სიხარულიც, გაკვირვებაც და ზიზღიც – ჩვენ საბაზისო ემოციების “მთელი პაკეტით” ვიბადებით, საზოგადოება კი ნახევარს გვაჭრის და ცდილობს, 6 საბაზისო ემოციიდან 2-3 დაგვიტოვოს. მაგრამ თუ ბავშვობაში არ გამოვცადეთ ტირილი, ყვირილი თუ სიცილი, თუ არ ჩავწვდით თითოეული ემოციის არსს, როგორ მოვახერხებთ ამ “პაკეტის” ზრდასრულობაში გამოყენებას?

  • რა არის ტირილი

ტირილი ემოციის გამოხატვის ფორმაა. ის უნიკალურად ადამიანური ქცევაა – არც ერთ სხვა ცხოველს არ შეუძლია ტირილით სევდის ან სიხარულის გამოხატვა.
ისმის კითხვა: რად გვინდა ტირილი?
ერთი თეორიის თანახმად, როცა ვტირით, სხვები უფრო გვეხმარებიან. შესაბამისად, ცრემლები სხვებში ალტრუისტული ქცევის გამოსაღვიძებელი მექანიზმია.
მეორე თეორიის თანახმად, ტირილი ნდობის გამომხატველია, თანაც უპირობოსი და არაცნობიერის. ჩვენ შეგვიძლია, ყასიდად გავიღიმოთ ან მოვიღუშოთ, მაგრამ თითქმის ვერასოდეს ვტირით განზრახ. ცრემლები ემოციის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი გამოძახილია. ანუ ჩვენ ვტირით იმასთან, ვისაც ვენდობით, ვინც ჩვენს სევდას გაიზიარებს.
ადამიანები ერთმანეთთან გაცილებით მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცხოველი. ამ ურთიერთობის გასაღვივებლად ნდობის გამომხატველი ნიშნები გვჭირდება. გამოდის, რომ ტირილი სწორედ ასეთი ნიშანია, უკონტროლო და გულახდილი.

  • ტირილის გამაძლიერებელი ძალა

მოუხედავად იმისა, რომ ცრემლების შეკავებაზე უამრავ ენერგიას ვხარჯავთ, მოშვება და ემოციების გამოხატვა გაცილებით სასარგებლოა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

1. ვმშვიდდებით
ტირილი გვეხმარება, გარეთ გამოვიტანოთ, რაც გვაწუხებს და დავწყარდეთ. ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ტირილის მეშვეობით ადამიანები თავად იწყნარებენ თავს. გარდა ფსიქოლოგიური მიზეზებისა, ამ კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ტირილის დროს აქტიურდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რაც სხეულის მოდუნებას უწყობს ხელს.

2. ვუკავშირდებით სხვებს
ტირილი მხოლოდ თვითდამშვიდებას კი არ უწყობს ხელს, არამედ სხვებში საპასუხო რეაქციასაც აღძრავს, შესაბამისად, სხვები თანაგვიგრძნობენ და უკეთ ხვდებიან, რას განვიცდით. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ტირილი მთავარი იარაღია, რომლის დახმარებითაც ყალიბდება მიჯაჭვულობა მშობლებსა და შვილს შორის.

3. სუსტდება ტკივილი
კვლევებმა აჩვენა, რომ ტირილის დროს ჩვენს ტვინში ოქსიტოცინი და ენდორფინები გამოიყოფა. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია, შესაბამისად, ტირილის დროს არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ფიზიკური ტკივილიც სუსტდება.

4. მაღლდება გუნება-განწყობა
გინახავთ, ტირილის შემდეგ თვალცმრელიანი ღიმილი? ოქსიტოცინი და ენდორფინები, რომლებიც ტირილის დროს გამოიყოფა, გუნება-განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მოკლედ, ტირილი დაწყნარების, ემოციებისგან განმუხტვისა და სოციუმში არსებობის გზაა. და თუ ბევრს ვტირით, ეს არც სირცხვილია და არც სისუსტის ნიშანი, მაგრამ ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ხდება და ნაცვლად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სიგნალები ჩავაქროთ, ცრემლები მოვიწმინდოთ და უგულებელვყოთ ის, რის გამოც ვტირით, ჯობს, მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს – რას გვეუბნება, რა აწუხებს, რაზე გლოვობს და რას განიცდის. ასე თუ შევძლებთ, გავერკვიოთ ჩვენს ემოციებში და საბოლოოდ დავძლიოთ ის, რაც ტირილის მიზეზია.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: