როგორ ზიანდება თვალი დიაბეტის დროს?

გააზიარე:

დიაბეტის დროს იმატებს თვალის დაავადებების: რეტინოპათიის, მაკულის შეშუპების, კატარაქტისა და გლაუკომის, – რისკი. დროთა განმავლობაში ეს დაავადებები მხედველობას ასუსტებს, უარეს შემთხვევაში კი სრულიად აბრმავებს ადამიანს. დიაბეტის სწორი მართვით თვალების დაზიანების თავიდან აცილება, ისევე როგორც ამ დაავადების სხვა გართულებებისა, სავსებით შესაძლებელია. მთავარი პრინციპების (გლუკოზის, წნევის, ქოლესტეროლის კონტროლი, თამბაქოზე უარის თქმა) დაცვასთან ერთად წელიწადში ერთხელ თვალის სრულფასოვანი გამოკვლევაც არის საჭირო. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დაზიანების საწყის ეტაპზე პაციენტი ხშირად ვერავითარ ცვლილებას ვერ ამჩნევს.

 

როგორ ზიანდება

თვალებიც, ისევე როგორც დიაბეტის სხვა სამიზნე ორგანოები, სისხლში გლუკოზის მეტისმეტად მაღალი შემცველობის გამო ზიანდება. ამას უმალვე სიბრმავემდე არ მივყავართ, მაგრამ შესაძლოა, მხედველობის რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი დაბინდვა გამოიწვოს. ამის უშუალო მიზეზი სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობის გამო თვალში სითხის ბალანსის შეცვლა ან თვალის ქსოვილების შეშუპება. მხედველობის ასეთი დაბინდვა დროებითია და გლუკოზის დონის დარეგულირებასთან ერთად გაივლის.

თუ გლუკოზის დონე დიდხანს დარჩა მაღალი, დაზიანდება თვალის უკანა ნაწილის პატარა სისხლძარღვები. ასეთივე დაზიანება მოსალოდნელია პრედიაბეტური მდგომარეობის დროსაც – მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზა ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა იმდენად, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას.

თუ თვალის დაზიანებული სისხლძარღვებიდან სითხემ გაჟონა, სისხლჩაქცევა და შეშუპება განვითარდება.

ხშირად წარმოიქმნება ახალი, არასრულფასოვანი სისხლძარღვებიც. მათგან სისხლი თვალის შუა ნაწილში ჩაიქცევა, რაც შეხორცებამდე ან თვალშიგა წნევის მატებამდე მიგვიყვანს.

დიაბეტის დროს თვალების დაზიანების საფუძველი უმეტესად სწორედ სისხლძარღვოვანი პრობლემებია.

 

დიაბეტური რეტინოპათია

40 წელს გადაცილებულთა მესამედს დიაბეტის ფონზე რეტინოპათია უვითარდება. ეს დიაბეტიანთა სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზია, მაგრამ პრობლემის დროული აღმოჩენა და მკურნალობა მისი განვითარების რისკს 95%-ით ამცირებს.

რა არის რეტინოპათია?

სინათლეს ბადურას – თვალის უკანა ამომფენი გარსის – წყალობით ვხედავთ. სხივი ბროლს გაივლის და ბადურაზე ფოკუსირდება. ეს უკანასკნელი იმპულსებს ტვინში გზავნის. ტვინი სიგნალს გაშიფრავს და გამოსახულებას აღიქვამს. ასეთი პრინციპით მუშაობს ჩვენი მხედველობა.

დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული სტადიის დროს ბადურა გარსის სისხლძარღვები სუსტდება, ზოგან ფართოვდება, მიკროანევრიზმები უჩნდება და სისხლმდენი ხდება. ამ სტადიას არაპროლიფერაციულ დიაბეტურ რეტინოპათიას უწოდებენ.

თუ დაავადებამ პროგრესირება განაგრძო, ზოგიერთი სისხლძარღვი დაიხშობა, ეს კი პროლიფერაციას – ბადურას ზედაპირზე ახალი, არასრულფასოვანი სისხლძარღვების წარმოშობას გამოიწვევს. ამ სტადიას პროლიფერაციულ დიაბეტურ რეტინოპათია ეწოდება. ამ დროს თვალში სისხლჩაქცევები ჩნდება და მხედველობა მკვეთრად ქვეითდება.

 

მაკულის შეშუპება

მაკულა – თვალის ყვითელი ხალი – ბადურას ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის ცენტრალურ მხედველობას განაგებს. მის გარეშე ვერ შევძლებდით კითხვას, მანქანის მართვას, სახეების ცნობას.

მაკულის შეშუპებაც ბადურას სისხლძარღვების დაზიანების ბრალია. შეშუპებული მაკულა სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და ცენტრალური მხედველობა სუსტდება (პერიფერიულზე ეს პათოლოგია გავლენას არ ახდენს). მაკულის შეშუპება თანდათან არღვევს მხედველობის სიმახვილეს და მის ნაწილობრივ დაკარგვას ან სიბრმავეს იწვევს.

მაკულის შეშუპება იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომელბსაც უკვე აქვთ დიაბეტური რეტინოპათიის სხვა ნიშნები.

 

გლაუკომა

გლაუკომა თვალის პათოლოგიათა ჯგუფია, რომელიც მხედველობის ნერვს აზიანებს და საბოლოოდ სიბრმავეს იწვევს. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი თვალშიგა წნევის მომატებაა. დიაბეტი აორმაგებს გლაუკომის რისკს, მაგრამ პრობლემის დროული აღმოჩენითა და მკურნალობით მხედველობის შენარჩუნება შესაძლებელია.

 

კატარაქტა

თვალში მოთავსებულია გამჭვირვალე ორმხრივამოზნექილი ლინზა – ბროლი. ის სპეციალური კუნთების დაჭიმვითა და მოდუნებით იცვლის ფორმას და სხივის გარდატეხის კუთხეს ცვლის. სწორედ ბროლის დამსახურებაა, რომ შეგვიძლია ახლომდებარე და შორეულ საგნებზე მხედველობის ფოკუსირება. ასაკთან ერთად ბროლი შესაძლოა შეიმღვრეს. ბროლის შემღვრევას კატარაქტა ეწოდება. დიაბეტიანებთან კატარაქტა უფრო ადრეულ ასაკშია მოსალოდნელი, თანაც რისკი სხვებთან შედარებით ორჯერ მაღალია.

 

რისკები

ამრიგად, დიაბეტი თვალის დაზიანების რისკს ზრდის. რაც უფრო დიდხანს აქვს დიაბეტი ადამიანს, მით უფრო მაღალია რისკი. რისკი მაღალია მაშინაც,  როცა პაციენტს:

•              დარეგულირებული არ აქვს სისხლში გლუკოზის შემცველობა;

•              დარეგულირებული არ აქვს სისხლის წნევა;

•              აქვს მაღალი ქოლესტეროლი;

•              მწეველია.

დიაბეტის დროს თვალის დაზიანებისა და დაბრმავებისკენ რატომღაც განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი აფროამერიკელები, ინდიელები, ალასკის მკვიდრი მოსახლეობა.

 

ორსულობისას

ცვლილებები, რომლებსაც სხეული ორსულობის დროს განიცდის, თვალის მკვებავი სისხლძარღვებისთვის შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს, ამიტომ თუ ქალს დაორსულებისას უკვე ჰქონდა დიაბეტი, შესაძლოა, ძალიან მალე შეაწუხოს თვალის პრობლემებმა, ხოლო თუ უკვე დიაბეტური რეტინოპათიაც ჰქონდა დაწყებული, მდგომარეობის გაუარესება ემუქრება. პრობლემის დროულად აღმოსაჩენად და მხედველობის გადასარჩენად დიაბეტიანმა ორსულმა თვალები რეგულარულად უნდა გამოიკვლიოს.

არსებობს დიაბეტის ისეთი ტიპი, რომელიც მხოლოდ ორსულობის დროს ვითარდება. მას გესტაციურ დიაბეტს უწოდებენ. ეს ტიპი, წესისამებრ, არ იწვევს თვალის პრობლემებს, თუმცა აუხსნელია, რატომ.

 

როგორ ვლინდება

თვალის დაზიანების ადრეულ ეტაპზე ადამიანი ხშირად არაფერს უჩივის: არც ტკივილს, არც მხედველობის ცვლილებას, თუმცა ზოგჯერ თვალის დაზიანებაზე მიუთითებს:

* დაბინდული ან ტალღოვანი მხედველობა;

* მხედველობის სწრაფი ცვალებადობა;

* შავი არეები;

* ფერების ცუდად აღქმა;

* ლაქები ან მუქი ზოლები მხედველობის არეში;

* სინათლის გაელვება.

 

ვიზიტი ექიმთან

ნებისმიერი ამ სიმპტომის არსებობისას ექიმთან მისვლა აუცილებელია, ხოლო თუ ეს ნიშნები გაძლიერდა ან სხვებიც დაერთო: მხედველობა გაუარესდა, გაჩნდა სინათლის გაელვებები, ხაზები, მცურავი შავი წერტილები ან თვალებს “ფარდა ჩამოეფარა”, – რაც შეიძლება სწრაფად. ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა ბადურას აშრევებაზე მიუთითებდეს.

 

დიაგნოსტიკა

დიაბეტიან პაციენტებთან თვალის დაზიანების აღმოსაჩენად სრულყოფილი გაფართოებული გამოკვლევაა საჭირო. ამისთვის თვალში აწვეთებენ წამალს, რომელიც გუგას აფართოებს და ექიმს თვალის უკანა ნაწილის უკეთ დათვალიერების აშუალებას აძლევს. ამ წამლის ჩაწვეთების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მხედველობა დაბინდულია.

ექიმი ასევე შეამოწმებს მხედველობას, გაზომავს თვალშიგა წნევას, შესაძლოა, ჩივილებიდან და ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა გამოკვლევებიც დანიშნოს.

მართალია, თვალის სრულყოფილი გამოკვლევა დიაბეტიანებს წელიწადში ერთხელ ისედაც სჭირდებათ, მაგრამ ზოგიერთი პაციენტისთვის გამოკვლევის ინდივიდუალური გეგმის შედგენაა საჭირო.

დიაბეტი ტიპი 1-ის დროს სასურველია, თვალის ყოველწლიური გამოკვლევა დიაბეტის დიაგნოზის დასმიდან პირველი ხუთი წლის გასვლამდე მაინც დაიწყოს, ტიპი 2-ის დროს კი აუცილებელია, თვალი დიაგნოზის დასმისთანავე გამოიკვლიონ.

დიაბეტის ნებისმიერი ტიპის მქონე ქალმა დაორსულებამდე – ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში მაინც – აუცილებლად უნდა ჩაიტაროს თვალების გამოკვლევა. კვლევის გამეორება შესაძლოა საჭირო გახდეს ორსულობის მოგვიანებით პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში.

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებს უმეტესად არ სჭირდებათ ასეთი გამოკვლევა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვალების დიაბეტური დაზიანება არ ემუქრებათ.

 

როგორ მკურნალობენ

თვალების დაზიანების დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცლებელია დიაბეტის სწორი მართვა, უშუალოდ თვალების სამკურნალოდ კი არსებობს მედიკამენტები, ლაზერი, ოპერაცია ან მათი კომბინაცია.

ახალი, არასრულფასოვანი სისხლძარღვების წარმოქმნისგან ადამიანს იცავს სპეციალური წამლების ინექციები, რომლებიც ხელს უშლის ვასკულური ენდოთელიური ზრდის ფაქტორის (VEGF) გამომუშავებას და, ამასთან, მაკულას შეშუპებისგან იცავს.  მკურნალობით შესაძლებელია მხედველობის შემდგომი დაკარგვის შეფერხება და ზოგიერთ შემთხვევაში – მხედველობის გაუმჯობესებაც კი.

ლაზერული მეთოდით, იმავე ფოტოკოაგულაციით, მკურნალობენ დაზიანებულ სისხლძარღვებს, შეშუპებას. ეს მეთოდი მდგომარეობის გაუარესებისგან გვიცავს, მაგრამ მხედველობას არ აუმჯობესებს.

ვიტრექტომია ანუ თვალის მინისებური სხეულის ამოღება (ის თვალის ცენტრს ავსებს) მინისებრ სხეულში სისხლის გაჟონვის ან ბადურის აშრევების შემთხვევაში ტარდება. მის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი შეჰყავთ.

კატარაქტას ოპერაციით მკურნალობენ, შემღვრეულ ბროლს ხელოვნურით ცვლიან.

თუ ადამიანს უკვე დაკარგული აქვს მხედველობა, არც სათვალე შველის, არც კონტაქტური ლინზები, არც მკურნალობა, უნდა გაიაროს სპეციალური კურსები, რათა შეძლოს, მხედველობის გარეშეც საზოგადოების აქტიურ წევრად დარჩეს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: