რა რისკებს შეიცავს ყურის გახვრეტა?
გააზიარე:
სამკაულებს ადამიანი უხსოვარი დროიდან ატარებს. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ყურების გახვრეტა საყურეების გასაკეთებლად თავდაპირველად მამაკაცებმა დაიწყეს რელიგიური თუ სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად. შემდგომ ეს ჩვეულება ქალებმაც გადაიღეს და თანდათან საყურე ქალურობის სიმბოლოდ იქცა, თუმცა კულტურული ღირებულებებისა და წარმოდგენების ცვლამ ეს ჩვეულება სქესისგან დამოუკიდებელ ფორმად აქცია – ამჟამად საყურე ქალებსაც უკეთიათ და მამაკაცებსაც.
თანამედროვე კულტურის აქტუალურ ტენდენციად იქცა მცირეწლოვანი ბავშვებისა და ახალშობილებისთვის ყურის გახვრეტა. მოდი, გავიგოთ, უსაფრთხოა თუ არა ეს პრაქტიკა, რა რისკი ახლავს მას, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვუაროთ ჭრილობას.
რისკი
თუ შვილისთვის ყურის გახვრეტა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები უფროსებზე გაცილებით მგრძნობიარეები არიან და მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თითოეულ დეტალს.
ყურის გახვრეტას შესაძლოა მოჰყვეს:
* ნახვრეტის ბაქტერიული დაინფიცირება;
* ორგანიზმში საშიში ინფექციის (ტეტანუსი, შიდსი, ჰეპატიტის ვირუსი და სხვა) შეჭრა;
* სისხლდენა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკმაოდ უხვიც);
* ალერგიული რეაქცია (ლითონზე, რომლისგანაც დამზადებულია საყურე);
* ნერვის დაზიანება (მაგალითად, გახვრეტილ ადგილას მგრძნობელობის დაკარგვა);
* კელოიდის (სქელი ნაწიბურის) წარმოქმნა.
ინფექცია და მისი თავიდან აცილება
ყურების გასახვრეტად უნდა მივმართოთ გამოცდილ სპეციალისტს. ნახვრეტის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ყურის გასახვრეტად განკუთვნილი თითოეული იარაღი სრულყოფილად უნდა იყოს დეზინფიცირებული და სტერილიზებული, ხოლო პირს, რომელიც პროცედურას ატარებს, საგულდაგულოდ ჰქონდეს დაბანილი ხელები და ეცვას სტერილური ქირურგიული ხელთათმანები. გარდა ამისა, აუცილებელია ყურისა და საყურეების წინასწარი დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. უმჯობესია, გამოვიყენოთ სტერილური, ინდივიდუალურად შეფუთული საყურეები, რომლებსაც ჩვენ თვალწინ გახსნიან. დეზინფექცია შეიძლება ჩატარდეს სამედიცინო სპირტითაც, მაგრამ ვინაიდან ბავშვის კანი ძალზე მგრძნობიარეა, წყალბადის ზეჟანგის გამოყენება ჯობს.
არავითარ შემთხვევაში არ გაუხვრიტოთ ყური შვილს დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე, ვინაიდან ყურის გახვრეტისას მაღალია ტეტანუსით ინფიცირების რისკი.
როგორ შევარჩიოთ საყურე
საყურის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:
* ლითონი, რომლისგანაც დამზადებულია საყურე;
* საყურის ფორმა.
ბებიებისა და დედების თაობისგან ალბათ გაგვიგონია, რომ ახალგახვრეტილ ყურებზე ოქროს საყურეების გაკეთება ჯობს. სინამდვილეში ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი, ვინაიდან ზოგიერთ ადამიანს ოქროზე შესაძლოა ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. ჰიპოალერგენულობის მხრივ იდეალურია უჟანგავი ფოლადისა და ტიტანიუმისგან დამზადებული საყურეები. გარდა იმისა, რომ უჟანგავი ფოლადი ალერგიული რეაქციას არ იწვევს, ის ოქროსთან შედარებით გლუვია და არ შეიცავს ფორებს, ამიტომ ნაკლებად ეწებება ჭრილობას და მისი სისუფთავის შენარჩუნებაც უფრო ადვილია. სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ვერცხლის საყურეებსაც, ვინაიდან ვერცხლს ძლიერი ანტიბაქტერიული ზემოქმედება ახასიათებს და ხელს უშლის ჭრილობის ინფიცირებას.
ახალგახვრეტილი ყურებისთვის საუკეთესოდ რგოლის ფორმის საყურეებია მიჩნეული, რადგან ჭრილობაში მათი ტრიალი ადვილია, რაც საშუალებას გვაძლევს, კარგად გავწმინდოთ როგორც თვითონ საყურე, ისე ჭრილობაც, თუმცა მცირეწლოვანი და ჩვილი ბავშვებისთვის რგოლები ნამდვილად არ არის საუკეთესო არჩევანი – პატარამ შესაძლოა მოქაჩოს ასეთი საყურე, ტანსაცმელს ან სხვა საგანს წამოსდონ და ყურის ბიბილო დაიზიანოს. მათთვის იდეალურია „წერტილი“ საყურეები, რომლებიც კარგად არის მიმჯდარი ყურის ბიბილოზე და უკანა მხრიდანაც მჭიდროდ იხურება სამაგრით. ასეთ საყურეების მოძრობა ან მათი საშუალებით ყურების დაზიანება ბავშვებს არ შეუძლიათ.
თოფი თუ ნემსი?
მიუხედავად იმისა რომ დღესდღეობით ძალიან პოპულარულია ყურის ე.წ. თოფით გახვრეტა, ეს არცთუ ისეთი უსაფრთხოა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. აი, რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სპეციალისტები თოფის გამოყენებას არ გვირჩევენ:
* შეუძლებელია ყურის სახვრეტი თოფის სრულყოფილი სტერილიზაცია. გამოყენებისას მასზე ხვდება სისხლის ან ლიმფის წვეთები, ამიტომ გამოყენების შემდეგ სპირტით ან სხვა სადეზინფექციო ხსნარით მისი გაწმენდა საკმარისი არ არის.
* ყურს თოფით უმთავრესად სილამაზის სალონებში ხვრეტენ. სალონებში მომუშავე ადამიანებს, წესისამებრ, ამ ხელსაწყოს გამოყენების ორკვირიანი კურსი აქვთ გავლილი, ეს დრო კი ნამდვილად არ არის საკმარისი ტექნიკის, ინფექციის კონტროლის სტანდარტებისა და პროცედურის შემდგომი მოვლის პრინციპების სრულყოფილი ათვისებისთვის.
* თოფი გაცილებით ტრავმატულია. თოფისთვის განკუთვნილი საყურეები უმეტესად საკმაოდ ბლაგვია და როდესაც ასეთი საყურე პნევმატურად შედის ქსოვილში, ეს უკანასკნელი, პირდაპირი მნიშვნელობით, იგლიჯება.
* საყურის ნახვრეტში მოთავსების შემდეგ თოფს საყურის უკანა სამაგრი ისე მჭიდროდ მიაქვს ყურის უკანა ზედაპირთან, რომ ტრავმის ალბათობა უფრო მეტად იზრდება.
* თოფისთვის განკუთვნილი საყურეები უმეტესად დამზადებულია დაბალი ხარისხის ლითონისგან, რაც ზრდის ალერგიული რეაქციისა და ჭრილობის ინფიცირების რისკს.
უფრო ტრადიციულ მეთოდს – ნემსით ყურის გახვრეტას, რა გასაკვირიც უნდა იყოს, გაცილებით ნაკლები უკუჩვენება და გართულების დაბალი რისკი ახლავს თან, ოღონდ არ გეგონოთ, ბებიის ნაქონ მახათზე და სახლში საკუთარი ხელით ჩატარებულ პროცედურაზე იყოს საუბარი. არსებობს სპეციალური ნემსები, რომლებიც ყურებისა და სხეულის სხვა ნაწილების გასახვრეტადაა განკუთვნილი და არსებობენ პირსინგის ლიცენზირებული სპეციალისტებიც, რომლებიც ამ პროცედურას ატარებენ.
* დავიწყოთ იმით, რომ შესაძლებელია ნემსით ყურის გასახვრეტად საჭირო თითოეული ხელსაწყოს სრულყოფილი სტერილიზაცია ავტოკლავით, მათ შორის – თვითონ საყურეებისაც.
* ეს ნემსები ერთჯერადი ხმარებისთვისაა განკუთვნილი და იმის შანსი, რომ ჭრილობაში სხვა ადამიანის სხეულის სითხე მოხვდეს, პრაქტიკულად არ არსებობს.
* პირსინგის სპეციალისტები სილამაზის სალონების ჩვეულებრივი მუშაკებზე გაცილებით ხანგრძლივ ტრენინგს გადიან და სრულყოფილად ითვისებენ როგორც თავად პროცედურის, ისე ინფექციის კონტროლისა და სტერილიზაციის ტექნიკას.
* ნემსით გახვრეტა ნაკლებად მტკივნეულია, ვინაიდან ნემსის წვერი გაცილებით მახვილი და ბასრია და უფრო ადვილად შედის ქსოვილში, ვიდრე თოფის საყურეები. პროცედურაც საკმაოდ სწრაფად ტარდება.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყურის ნემსით გახვრეტა უფრო ძვირია, ვიდრე თოფით. ამასთან, არცთუ ადვილია ლიცენზირებული ტატუს სალონის პოვნა, სადაც ამ პროცედურას ჩაატარებენ.
შემდგომი მოვლა
ყურის ბიბილოზე არსებული ნახვრეტის მორჩენას დაახლოებით 6-8 კვირა სჭირდება, ხრტილის ნახვრეტის მოშუშება კი შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე გაგრძელდეს. ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია, ნახვრეტი და მის გარშემო არსებული არე დღეში ერთხელ მაინც გაიწმინდოს სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით. შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარით გაწმენდაც. გაწმენდის წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. მაქსიმალურად ეცადეთ, ბავშვმა ხელი არ შეახოს ახალგახვრეტილ ყურებს, რათა ჭრილობის უნებლიე დაბინძურება თავიდან აიცილოთ.
ელენე ზურაბიშვილი