ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

გააზიარე:

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ან, თუ უფრო პოპულარულ სახელდებას გამოვიყენებთ, ძვლის ტვინის გადანერგვა ზოგიერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის განკურნების ერთადერთი შანსია. ერთი წელია, რაც ამ პროცედურას საქართველოშიც ატარებენ და, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ის მალე უფრო ფართოდ დაინერგება.

რა არის სისხლის ღეროვანი უჯრედები, როდის მიმართავენ ტრანსპლანტაციას, რა სოციალური მნიშვნელობა აქვს უანგარო დონორობას – ამ და სხვა საკითხებზე კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან არსებული ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მახალდიანი გვესაუბრება:

 

– ვიცით, რომ სისხლი სხვადასხვანაირი უჯრედებისგან შედგება: ერითროციტებისგან, ლეიკოციტებისგან, თრომბოციტებისგან... ყველა ამ უჯრედს ერთი დასაბამი აქვს – სისხლის ღეროვანი უჯრედები. ღეროვანი უჯრედების უმეტესი ნაწილი ძვლის ტვინში მდებარეობს, იქ იყოფა, მრავლდება და ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ეს უჯრედები მომწიფების შემდეგ ძვლის ტვინიდან პერიფერიულ სისხლში გადადის. მათ ღეროვანი უჯრედების მცირე ნაწილიც გადაჰყვება, რომლებსაც პერიფერიული სისხლის ღეროვან უჯრედებს უწოდებენ.

  • როდის არის საჭირო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?

– ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას უმთავრესად სისხლის ონკოლოგიური დაავადებების: ლეიკემიის, ლიმფომის, მიელომის, – სამკურნალოდ მიმართავენ.

ღეროვანი უჯრედების მიღება შესაძლებელია ძვლის ტვინიდან, პერიფერიული სისხლიდან და ჭიპლარის სისხლიდან, თუმცა უკანასკნელ მეთოდს ძალიან იშვიათად იყენებენ.

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უმთავრესად ონკოლოგიაში გამოიყენება, თუმცა არსებობს რამდენიმე არაონკოლოგიური დაავადებაც, რომელთა დროსაც მკურნალობის ეს მეთოდი ეფექტიანია. მაგალითად, კანის იშვიათი ქრონიკული გენეტიკური ავტოიმუნური დაავადება – ბულოზური ეპიდერმოლიზი, მრავლობით სკლეროზი, კრონის დაავადება, სისტემური წითლი მგლურა...

განვასხვავებთ სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის სამ სახესხვაობას:

* ავტოლოგიურს, როდესაც პაციენტს საკუთარი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უტარდება;

* ალოგენურს, როდესაც პაციენტს სხვა ადამიანის ღეროვან უჯრედებს უნერგავენ;

* სინგენურს, როდესაც ღეროვან უჯრედებს იდენტური ტყუპისცალისგან იღებენ.

 

პროცედურა

– ღეროვანი უჯრედების მიღება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლებელია პერიფერიული სისხლიდანაც და ძვლის ტვინიდანაც. რა თქმა უნდა, პერიფერიულ სისხლში ისინი უფრო ნაკლებია, ვიდრე ძვლის ტვინში, მაგრამ არსებობს სპეციალური მედიკამენტები, რომელთა დახმარებითაც ეს უჯრედები ძვლის ტვინიდან პერიფერიულ სისხლში მობილიზდება, აქედან კი მათ ტრანსპლანტაციისთვის ვიღებთ.

საზოგადოდ, ტრანსპლანტაცია საკმაოდ რთული პროცედურაა და მულტიდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს, ამიტომ მისი ჩატარება ბევრ კლინიკას არ შეუძლია.

ტრანსპლანტაციაში შეიძლება გამოიყოს შემდეგი ეტაპები:

* სპეციალური მედიკამენტის ინექცია, რომელიც ღეროვანი უჯრედების მობილიზებას, ძვლის ტვინიდან პერიფერიულ სისხლში გადმოსვლას იწვევს;

* კოლექცია – განსაზღვრული ხნის შემდეგ ვენური სისხლიდან აფერეზის აპარატით, სეპარატორით, ღეროვანი უჯრედების შეგროვება;

* მიღებული უჯრედების დამუშავება შესანახად;

* კრიოპრეზერვაცია – უჯრედების გაყინვა და შესაბამის პირობებში შენახვა;

* პაციენტის მომზადება ტრანსპლანტაციისთვის, რაც გულისხმობს სხივურ ან`და ქიმიურ თერაპიას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად;

* ტრანსპლანტაცია – ღეროვანი უჯრედების ინტრავენური გადასხმა;

* გადანერგილი ღეროვანი უჯრედების გამრავლება.

პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილებისა და თრომბოციტების მომატება წარმატებით განხორციელებულ ტრანსპლანტაციაზე მიუთითებს.

 

საკუთარი თუ სხვისი

  • – როდის ტარდება ავტოლოგიური ტრანსპლანტაცია და როდის – ალოგენური?

– ავტოლოგიური ტრანსპლანტაცია ანუ საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა უმთავრესად მიელომისა და ლიმფომის დროს ტარდება, ხოლო მწვავე ლეიკემიის შემთხვევაში, წესისამებრ, ალოგენური ტრანსპლანტაცია ანუ დონორის ღეროვანი უჯრედების გადანერგვაა საჭირო, რადგან დიდი შანსია, პაციენტის ღეროვანი უჯრედებიც სიმსივნურად იყოს გადაგვარებული.

– რა სირთულეა მოსალოდნელი დონორის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისას?

– ავტოლოგიური ტრანსპლანტაცია ორგანიზმისთვის გაცილებით ადვილი გადასალახია, ვიდრე ალოგენური. ალოგენური ტრანსპლანტაციისთვის აუცილებელია თავსებადობა დონორსა და რეციპიენტს შორის. დონორის შერჩევა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. იდეალური დონორები არიან პაციენტების დედმამიშვილები – ამ შემთხვევაში თავსებადობის ალბათობა ოთხიდან ერთია. რა უცნაურიც უნდა იყოს, მშობელი ნაკლებად გამოდგება დონორობისთვის.

დონორის შესარჩევად აუცილებელია HLA ტიპირება, ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების განსაზღვრა და დონორთან თავსებადობის გამოკვლევა. ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს ხშირად საერთაშორისო ბანკებში ეძებენ, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია მსოფლიოში არსებულ ყველა ღეროვან უჯრედზე, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი ღირს.

ალოგენური ტრანსპლანტაციისთვის პაციენტს სპეციალურად ამზადებენ. პროცედურა საკმაოდ რთულია: ორგანიზმში არსებული სიმსივნური უჯრედები მთლიანად უნდა განადგურდეს. ეს შესაძლებელია რამდენიმე გზით:

* მიელოაბლაციურ რეჟიმში მომზადებისას ტარდება ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია. ხდება მთელი ორგანიზმის დასხივება. ამ შემთხვევაში ყველა სიმსივნური უჯრედი ნადგურდება.

* არამიელოაბლაციური რეჟიმი შედარებით დამზოგველია – ნაკლები ქიმიოთერაპიული მედიკამენტი კეთდება.

* ყველაზე მსუბუქია რედუცირებული რეჟიმი.

რეჟიმის შერჩევისას ითვალისწინებენ, როგორი ხანგრძლივობის ციტოპენიას (უჯრედების შემცირებას) მიიღებენ მის შემდეგ, რამდენად ტოქსიკური იქნება თერაპია და რამდენად გაანადგურებს ის პოტენციურ სიმსივნურ უჯრედებს. რა თქმა უნდა, რაც უფრო ინტენსიურია მოსამზადებელი რეჟიმი, მით უფრო სრულყოფილად ნადგურდება სიმსივნური უჯრედები, მაგრამ სიკვდილის რისკიც იმატებს, რადგან თერაპია უფრო ტოქსიკური და მძიმეა.

  • – ტრანსპლანტაციის შემდეგ რა სირთულეებს ეჯახება პაციენტი?

– როგორც აღვნიშნეთ, პროცედურა ტექნიკურად რთული არ არის, ღეროვანი უჯრედები ორგანიზმში ინტრავენურად შეგვყავს. რთულია პანციტოპენიის პერიოდი, როდესაც სისხლში ძალიან მცირდება უჯრედების შემცველობა. ამ დროს დიდია ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების განვითარების ალბათობა. სიკვდილის მიზეზიც უმთავრესად სწორედ ეს ინფექციებია. გადანერგილი ღეროვანი უჯრედები დაახლოებით ოთხ კვირაში მრავლდება, რაზეც სისხლის უჯრედების მატება მიუთითებს.

 

რისკი

  • – რამდენად სარისკოა პაციენტისთვის ტრანსპლანტაცია?

– რისკი საკმაოდ მაღალია, უმთავრესად –ალოგენური ტრანსპლანტაციის დროს, ამიტომ პროცედურისთვის არჩევენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს, რომლებთანაც, წინასწარ ვიცით, ქიმიოთერაპიულ პროცედურას დიდი შედეგი არ მოჰყვება. რისკის მიხედვით პაციენტების დახარისხება წინასწარ ხდება. დაბალი რისკის ჯგუფში სტანდარტული ქიმიოთერაპია ტარდება, მაღალი რისკის ჯგუფში – ტრანსპლანტაცია. თუ დაბალი რისკის მქონე პაციენტთან ქიმიოთერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო, მერე შეიძლება, ტრანპლანტაციაზეც ვიფიქროთ.

 

დონორობა

– წინათ ღეროვან უჯრედებს უმთავრესად ძვლის ტვინიდან იღებდნენ. ეს პროცედურა გაცილებით რთულია, ვიდრე ვენიდან სისხლის აღება –ანესთეზიას მოითხოვს, ზოგჯერ გართულებას იწვევს... თანამედროვე სამედიცინო აპარატებმა პროცედურა გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ღეროვანი უჯრედების შეგროვება ამბულატორიულ პირობებში, ზედმეტი რისკის გარეშე.

  • – მაშასადამე, დონორი პრობლემებისგან დაზღვეულია...

– დონორისთვის ეს პროცედურა სრულიად უვნებელია. ზოგი აპარატი მრავალფუნქციურია. ჩვენი კლინიკის აფერეზის აპარატს, გარდა ღეროვანისა, სისხლის სხვა ფორმიანი უჯრედების შეგროვებაც შეუძლია, მაგალითად, თრომბოციტებისა, რომლებიც ხშირად სისხლის სიმსივნური დაავადებების მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია. ამ აპარატით უმტკივნეულოდ და გაურთულებლად ვიღებთ ღეროვან უჯრედებს.

ყველა ქვეყანაში აქვთ ძვლის ტვინის საკუთარი ბანკი, სადაც მოსახლეობა ღეროვან უჯრედებს უნაგაროდ აბარებს და საჭიროების შემთხვევაში იყენებს. საქართველოში ასეთი ბანკი ჯერ არ არსებობს, არადა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ხშირად ონკოჰემატოლოგიური დაავადებისგან განკურნების ერთადერთი გზაა.

 

***

მოკლე ისტორია

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ევროპაში პირველად ფრანგმა ონკოლოგმა ჟორჟ მატემ ჩაატარა. ხუთ იუგოსლავიელს, რომლებიც ვინჩას ბირთვულ ინსტიტუტში მომხდარი ავარიის დროს დასხივების შედეგად დაავადდნენ და ძვლის ტვინი გაუნადგურდათ, 1958 წლის ნოემბერში მან სხვა ადმიანების ძვლის ტვინი გადაუნერგა. სამწუხაროდ, არც ერთი პაციენტის სხეულმა არ მიიღო ტრანსპლანტატი. მოგვიანებით ჟორჟ მატე ლეიკემიის დროს ძვლის ტვინის ტანსპლანტაციის პიონერი გახდა. 1963 წელს მან პირველმა განკურნა პაციენტი დასხივებით გამოწვეული ლეიკემიისგან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის გზით.

ძვლის ტვინისგან მიღებული ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია დონალდ თომასმა განავითარა. ის ხელმძღვანელობდა ვაშინგტონში არსებულ ფრედ ჰატჩისონის სახელობის კიბოს კვლევის ცენტრს. უჯრედთა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის განვითარებისთვის მან ნობელის პრემია მიიღო. თავის გუნდთან ერთად სწორედ თომასმა დაამტკიცა, რომ ინტრავენური შეყვანის შემდეგ ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს უნარი შესწევთ, ჩასახლდნენ რეციპიენტის ძვლის ტვინში და სისხლის ახალი უჯრედები წარმოქმნან.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დღეს ათასობით პაციენტს უტარდება და ეს მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: