წამლის მიღების წესები

გააზიარე:

წამალი წამლად რომ დარჩეს

გვერდიდან დანახული

გავრცელებული ჩივილების მართვა

წამლების საშიში კომბინაციები

 

წამალი წამლად რომ დარჩეს

ძნელი წარმოსადგენია სამყარო წამლების გარეშე. ეს “ჯადოსნური” ნივთიერებები რომ არა, ცხოვრება გაცილებით ტკივილიანი და ხანმოკლე იქნებოდა, მათი წყალობით კი სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა უფრო და უფრო იმატებს. წამლები ამცირებს ტკივილს, ებრძვის ინფექციას, აკონტროლებს და არეგულირებს წნევას, სისხლში შაქრის დონეს... მაგრამ ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა პარაცელსუსი, ყველა წამალი შხამია და ყველა შხამი – წამალიო. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ასწლეულები გავიდა, შეგონებას აქტუალობა არ დაუკარგავს, პირიქით, სამკურნალო საშუალებათა არნახული მომრავლების ფონზე მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

დიახ, წამალი შესაძლოა საწამლავად გვექცეს, თუ არასწორ დროს, არასწორი დოზით, არასწორი ხანგრძლივობით გამოვიყენებთ, არასწორად შევინახავთ ან არასათანადო საკვებთან ერთად მივიღებთ.

 

ერთი მათგანიც რომ გაწყდეს

რას გულისხმობს წამლის სწორი გამოყენება? მრავალ ასპექტს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსსაც კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

რას ვაკეთებთ მას შემდეგ, რაც ექიმი წამალს გამოგვიწერს? – უპირველეს ყოვლისა, აფთიაქში მივდივართ და გამოწერილ პრეპარატს ვყიდულობთ, შემდეგ, შინ დაბრუნებული, ვხსნით კოლოფს, ვიღებთ წამლის საჭირო ულუფას (ვყლაპავთ ტაბლეტს, ვიკეთებთ ინექციას, ვიზელთ მალამოს და ა.შ.), დანარჩენს ვინახავთ, განსაზღვრული ხნის შემდეგ მეორე ულუფას ვიღებთ და ასე ვაგრძელებთ მკურნალობის კურსის დასრულებამდე.

შეცდომა ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოგვივიდეს. ხშირად ჯაჭვის ერთი რგოლის გაწყვეტაც საკმარისია, რომ წამალმა ვერავითარი სარგებლობა ვეღარ მოგვიტანოს, პირიქით – გვავნოს კიდეც.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ წამლის შეძენისას

უპირველეს ყოვლისა, აფთიაქი აუცილებლად სერტიფიცირებული უნდა იყოს. სახელდახელოდ გახსნილ “აფთიაქებში” წამლის შეძენას არ გირჩევთ – იქ შესაძლოა არ იყოს დაცული მედიკამენტის შენახვის პირობები, ტემპერატურის, ტენიანობისა და განათების რეჟიმის დარღვევა კი წამლის ეფექტურობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

აფთიაქში უკვე მომზადებული უნდა მიხვიდეთ – კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან, რათა ზუსტად იცოდეთ, რომელი წამალი გჭირდებათ და რისთვის.

თავის ყოველ წამოტკივებაზე ექიმთან, რა თქმა უნდა, არავინ გარბის. ეს არც არის საჭირო – სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები (მათ შერჩევაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ). მაგრამ ყურადღებას ნურც ამ “უწყინარ” წამლებთან მოადუნებთ – სიფრთხილის ზომების დაუცველობა მათ საშიშ ნივთიერებებად აქცევს. ამის შესახებ ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ.

შეიძინეთ წამალი? წინ გაქვთ მთავარი: როდის და როგორ უნდა მიიღოთ ის. ამის გასარკვევად თვალი გადავავლოთ ფარმაკოლოგიის საწყისებს.

 

წამლის გზა

ფარმაკოკინეტიკა – ასე ეწოდება ფარმაკოლოგიის ნაწილს, რომელიც ორგანიზმში წამლის მოძრაობას შეისწავლის. წამლის გზა ოთხი მონაკვეთისგან შედგება. მათი სახელებია შეწოვა, განაწილება, მეტაბოლიზმი და გამოყოფა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს წამლის შეწოვა (რაც, თავის მხრივ, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული). შეწოვილი წამალი სისხლში ხვდება. სისხლს ის მიაქვს საჭირო ადგილამდე, სადაც წამალი თავის მთავარ სამუშაოს ასრულებს. შემდეგ – ისევ სისხლის საშუალებით – ღვიძლში გადადის. ეს უკანასკნელი ორგანიზმის წამალგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც მედიკამენტს იოლად გამოსაყოფ ნივთიერებებად შლის. დაშლილი ნივთიერებები თირკმელში იგზავნება და შარდთან ერთად გამოიყოფა.

არსებობს გამოყოფის სხვა გზებიც, მაგრამ წამლის ელიმინაცია უმეტესად სწორედ საშარდე სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით ხდება.

 

შეწოვა

ყველამ ვიცით, რომ არსებობს ორგანიზმში წამლის შეყვანის რამდენიმე გზა: ზოგი დასალევია, ზოგი – კუნთში ან ვენაში გასაკეთებელი, ზოგი – წასასმელი, ზოგი – საინჰალაციო, ზოგიც – ენის ქვეშ დასადები.

რა მნიშვნელობა აქვს შეყვანის გზას? ძალიან დიდი. მასზე დიდწილადაა დამოკიდებული წამლის ეფექტურობა, მოქმედების სისწრაფე და გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე.

მოქმედების მიხედვით წამლებს ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების საშუალებებად ყოფენ. სიტყვა “ადგილობრივი” აღნიშნავს ეფექტს, რომელიც მედიკამენტის შეყვანის ან შეწოვის ადგილას ვითარდება. სისხლში გადასვლის შემდეგ კი წამალი ზოგად, სისტემურ მოქმედებას ახდენს. ზოგიერთი სამკურნალო საშუალებისთვის ადგილობრივი მოქმედებაა ძირითადი. მათი მთავარი ღირსება ის არის, რომ წამალი მხოლოდ კონკრეტულ უბანზე მოქმედებს, რაც თითქმის (!) გამორიცხავს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი მოქმედება შედარებითი ცნებაა – განსაზღვრული ოდენობის წამალი ყოველთვის შეიწოვება სისხლში, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, მედიკამენტების თუნდაც ადგილობრივი უკონტროლო გამოყენება სისტემური გვერდითი ეფექტების მიზეზად კი იქცეს.

არსებობს წამლები, რომლებიც ადგილობრივადაც მოქმედებს და სისტემურადაც. ამ დროს ხშირად სწორედ ადგილობრივი მოქმედება არასასურველი – გამონაყარი, სიწთლე და სხვა.

ყველაზე სწრაფი ეფექტი ვენაში შეყვანილ წამალს აქვს. თითქმის იმავე სისწრაფით მოქმედებს ენის ქვეშ დადებული მედიკამენტი. შემდეგ მოდის კუნთში შეყვანა, ბოლოს კი – მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლით.

 

ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ?

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი წამალი ჭამამდე ინიშნება, ზოგი კი – ჭამის შემდეგ. ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აი, რატომ: გარემო, რომელშიც ხვდება მედიკამენტი, წამლის შეწოვაზე ახდენს გავლენას. ეს გარემო კი იმის მიხედვით იცვლება, სავსეა თუ არა კუჭი, მჟავაა მისი შიგთავსი თუ ტუტე. წამლის მოქმედება დამოკიდებულია კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზეც. როდესაც საჭმლის მონელება დარღვეულია, დაქვეითებულია წამლის შეწოვაც.

 

საკვებთან ერთად თუ მის გარეშე?

ყველა წამლის ანოტაციაში მითითებულია, როგორ უნდა მოხდეს მისი მიღება. მაგალითად, “მიიღეთ საკვებთან ერთად” – ეს ნიშნავს, რომ წამალმა შესაძლოა გააღიზიანოს ცარიელი კუჭი, საკვები კი მის შეწოვას გააძლიერებს. ასეთი წამალი უშუალოდ ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე უნდა გადავყლაპოთ. თუ წარწერა, პირიქით, გვაფრთხილებს, რომ მედიკამენტი ცარიელ კუჭზე უნდა მივიღოთ, მას ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ ვსვამთ.

 

რა დავაყოლოთ

წყალი, მხოლოდ წყალი და აუცილებლად წყალი. ნებისმიერმა სხვა სითხემ: რძემ, მინერალურმა წყალმა, წვენმა, ლიმონათმა – შესაძლოა წამლის მოქმედება შეცვალოს.

არც უწყლოდ წამლის მიღებაა სწორი – წყალი მედიკამენტს ხსნის და შეწოვას აადვილებს.

 

დავიცვათ ბალანსი

თუ გვინდა, წამალმა გვარგოს, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ წამლის დოზა და მიღებათა შორის ინტერვალი. დოზასთან დაკავშირებით ეს პრობლემა ფაქტობრივად არ დგას, რეჟიმს კი ზუსტად იშვიათად იცავენ. არადა მიღებათა შორის ინტერვალის დარღვევა რეალურად დოზის შეცვლის ტოლფასია.

წამალმა რომ იმოქმედოს, საჭიროა, სისხლში მისი განსაზღვრული კონცენტრაცია შეიქმნას. ამ კონცენტრაციას წამალი პირველი მიღებისთანავე იშვიათად აღწევს – მიღებასთან ერთად ხომ განუწყვეტლივ ხდება მისი დაშლა და გამოყოფაც. რამდენიმე მიღების შემდეგ კი სისხლში უკვე იქმნება წამლის სასურველი კონცენტრაცია. მაგრამ მის შესანარჩუნებლად, ბუნებრივია, წამლის კვლავ და კვლავ მიღებაა საჭირო.

სხვადასხვა მედიკამენტი სხვადასხვა სიჩქარით იშლება. მივიღოთ წამალი ისე (იმ დოზითა და ჯერადობით), რომ პლაზმაში მუდმივად შენარჩუნდეს მისი საჭირო კონცენტრაცია – ასეთი გახლავთ მედიკამენტური მკურნალობის მთავარი პრინციპი. უხეშად რომ ვთქვათ, რამდენიც გამოიდევნება, იმდენივე უნდა შეივსოს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ერთი მიღება ჩავაგდეთ, გამოვტოვეთ. პლაზმაში წამლის კონცენტრაცია, რომელიც ერთ დონეზე უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული, დაირღვევა. შესაბამისად, დაირღვევა წამლის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკაც.

პლაზმაში კონცენტრაციის ცვლილება ზოგიერთი მედიკამენტის შემთხვევაში არც ისე საშიშია, მაგრამ ზოგი წამალი ამ მხრივ ძალზე საფრთხილოა: კონცენტრაციის ოდნავი მომატება ტოქსიკურ ეფექტს იწვევს, დაკლება კი – ეფექტის კარგვას.

პლაზმაში წამლის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს სხვა წამალი, საკვები და სასმელიც კი. ამის შესახებ ვრცლად მომდევნო გვერდებიდან შეიტყობთ. ამჯერად კი მთავარი წესი დავიმახსოვროთ: მკურნალობის სქემა ზედმიწევნით უნდა დავიცვათ.

 

კვლავ ზუსტი დოზა

დოზა შესაძლოა ვერ დავიცვათ წამლის გაყოფის დროს. ტაბლეტის გაყოფა მხოლოდ მაშინაა ნებადართული, როცა მას გამყოფი ხაზი აქვს – ეს იმაზე მიუთითებს, რომ გაყოფისა პროპორციულად იცვლება აქტიური ნივთიერების კონცენტრაციაც.

შეცდომაა დოზის გაყოფის მიზნით კაფსულის გახსნა – ასე ზუსტი დოზირება შეუძლებელი იქნება. სხვათა შორის, კაფსულის გახსნა მხოლოდ ამ მიზეზით არ იკრძალება. თუ კაფსულას მხოლოდ მოქმედი ნივთიერების გემოსა და სუნის დაფარვა ეკისრება, ფხვნილის სახით ასეთი წამლის მიღება ნებადართულია, მაგრამ თუ კაფსულა იმისთვისაა, რომ წამალი კუჭის სიმჟავისგან დაიცვას, მისი გახსნით ეფექტს დავკარგავთ.

 

როგორ შევინახოთ

გავარკვიეთ, რატომაა აუცილებელი წამლის მიღება სასურველი დოზით, სათანადო გზით. იმაშიც დავრწმუნდით, რომ მორიგი დოზა განსაზღვრული ინტერვალის შემდეგ უნდა მივიღოთ. ახლა მომდევნო საკითხზე გადავიდეთ: სად და როგორ შევინახოთ ის?

წამლების უმეტესობას “სინათლისა ეშინია”. მზის სხივების ზემოქმედება იწვევს ქიმიურ რეაქციებს, რომლებმაც შესაძლოა ეფექტი დაუკარგოს მედიკამენტს, მეტიც – მოწამვლის მიზეზად იქცეს. ამიტომ წამლები და სხვა სააფთიაქო საშუალებები დახურულ კარადაში უნდა შევინახოთ.

მადიკამენტების უმეტესობა კარგად იწოვს სითხეს და შედეგად ფუჭდება, ამიტომ მკაცრად აკრძალულია წამლების შენახვა, მაგალითად, სააბაზანო ოთახის კარადაში. არც სამზარეულოში შენახვაა რეკომენდებული, განსაკუთრებით – გაზქურის სიახლოვეს, სადაც ტენიანობასთან ერთად გარდა ტემპერატურაც ხშირად იცვლება.

 

იქნებ მაცივარში?

მაცივარში წამლის შენახვა ასევე გავრცელებული პრაქტიკაა. ხშირად თავს იმით ვიმართლებთ, რომ მაცივარში აწყვია წამლები აფთიაქშიც. სინამდვილეში მაცივარში შენახვა წამლების მხოლოდ მცირე ნაწილს სჭირდება და ეს, წესისამებრ, მათ ანოტაციაშივეა მითითებული. ასეთი წამლებია თვალის წვეთები, რექტალური სანთლები, მალამოები, ვაქცინები, ინსულინი... ისინი მაცივარში, მაგრამ საყინულისგან მოშორებით უნდა მოვათავსოთ. მათთვის იდეალურად მიიჩნევა 2-8 გრადუსი ტემპერატურა. ყველა სხვა წამალი კი უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე შევინახოთ, ოღონდ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

 

არის თუ არა წამლის ვარგისობის ვადა ვარგისობის ვადა?

ამ უცნაურ კითხვაზე პასუხი ასეთია: არა. საქმე ის არის, რომ წამალს ვარგისობის ორი ვადა აქვს. პირველი შეფუთვაზეა მითითებული. თუ ეს ვადა ამოწურულია, წამლის მიღება, ცხადია, არ შეიძლება. მაგრამ ეს რიცხვი მიუთითებს წამლის ვარგისობაზე გახსნამდე. გახსნის შემდეგ კი მედიკამენტი გარემოსთან ქიმიურ რეაქციაში შედის და მისი გამოყენების ვადაც იცვლება, ამიტომ რეკომენდებულია, ყველა წამალს დააწეროთ გახსნის თარიღი და ამ რიცხვიდან დაიწყოთ მისი ვარგისობის ათვლა. თვალის, ყურის, ცხვირის წვეთები გახსნის შემდეგ ერთიდან სამ თვემდე გამოგადგებათ, მალამოები – ექვს თვემდე. არ შეიძლება სუსპენზიის შენახვა თვეზე მეტხანს. ყველაზე გამძლე ტაბლეტებია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ბლისტერშია მოთავსებული. ფლაკონსა თუ პოლიეთილენის პარკში ჩაყრილ აბებს კი ვადა მალე ეწურება.

წამალი ყოველთვის ორიგინალური შეფუთვით შეინახეთ.

არ მიიღოთ წამალი, რომელსაც შეეცვალა ფერი, ტექსტურა, სუნი.

კონკრეტული წამლის ვარგისობის შესახებ ინფორმაციას ანოტაციიდან და ფარმაცევტისგან მიიღებთ.

და, რა თქმა უნდა, გახსოვდეთ, რომ წამლები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ.

 

გვერდიდან დანახული

გვერდითი ეფექტი – დარწმუნებული ვარ, ეს ტერმინი ყველასათვის ნაცნობია. ის იმ არასასურველ მოვლენათა ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც წამლის მიღების შედეგად იჩენს თავს. გვერდითი ეფექტი უმეტესად არცთუ შემაწუხებელია და  კურსის დასრულების შემდეგ, მედიკამენტის შეწყვეტის კვალდაკვალ, ქრება, მაგრამ ისეც ხდება, რომ მწვავედ და ძლიერად ვლინდება, ზოგჯერ – მკურნალობიდან წლების შემდეგაც კი.

გვერდითი ეფექტი შესაძლოა ნებისმიერი, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი, წამლის მიღების ფონზე განვითარდეს. მისგან არავინ არის დაზღვეული. მისი აღმოცენება არც იმას ნიშნავს, რომ წამალი უხარისხოა, არც იმას, რომ ექიმმა შეუსაბამო მედიკამენტი დაგინიშნათ.

გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება ზოგჯერ შეუძლებელია. ასეთ დროს მედიცინაში კარგად ნაცნობი “აიწონა-დაიწონას” დრო დგება: რისკი თუ სარგებელი? რამდენად აჭარბებს წამლის თერაპიული ეფექტი შესაძლო ზიანს? გადაწყვეტილებას სწორედ ამის მიხედვით იღებენ.

ზოგჯერ კი გვერდითი ეფექტი თანმხლებ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად, მისი განვითარების ალბათობა საგრძნობლად იზრდება ერთდროულად სამზე მეტი მედიკამენტის მიღებისას. გვერდითი ეფექტების გამოვლენას ხელს უწყობს   ზოგიერთი საკვებიც, მათ შორის – გრეიპფრუტის (და, სავარაუდოდ, სხვა ციტრუსებისაც) წვენი, ალკოჰოლი, კოფეინი.

თუ რომელიმე მედიკამენტს წინათაც იღებდით, მაგრამ გვერდით ეფექტებს არ შეუწუხებიხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასასურველი რეაქცია არც მომავალში გამოვლინდება. გააჩნია, ამჯერად რომელ პრეპარატსა თუ საკვებთან კომბინაციაში მიიღებთ “ნაცად” წამალს, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.

არც ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები უნდა დავივიწყოთ. არ შეიძლება მეზობლების, მეგობრებისა თუ სხვა კეთილისმსურველების რჩევით ექიმის დანიშნულების შეცვლა და საერთოდ – არასპეციალისტთა რეკომენდაციების მიხედვით მოქმედება. წამალმა, რომელიც სხვამ ადვილად აიტანა, თქვენ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. გვერდითი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანის საუკეთესო საშუალება ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებაა.

გვერდითი ეფექტი სხვადასხვანაირად ვლინდება: გამონაყარით, გულისრევით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით, დიარეით, შეკრულობით, გულის რიტმის დარღვევით...

როგორია ტაქტიკა? ეს წამლისმიერი სიმპტომების სიმწვავეზეა დამოკიდებული. უმნიშვნელო ჩივილები, ცხადია, რადიკალურ ჩარევას არ მოითხოვს. როდესაც ისინი უფრო სერიოზულ ხასიათს იღებს, არსებობს სამი გზა: საერთოდ მოიხსნას წამალი, მოიძებნოს მისი ალტერნატივა ან დაინიშნოს კორექტორი – სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ძირითადი წამლის გვერდით ეფექტს დააბალანსებს. საყოველთაო რეცეპტი არ არსებობს. გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება.

გახსოვდეთ, რა უსიამოვნო რეაქციასაც უნდა იწვევდეს წამალი, მის მიღებას აუცილებლად ექიმის ნებართვითა და მეთვალყურეობით უნდა დაანებოთ თავი. ზოგიერთი მედიკამენტის შეწყვეტას თავისი წესები აქვს, რომელთა დაუცველობით მხოლოდ გაზრდით არასასურველი მოვლენების რაოდენობას.

 

წამლის აუტანლობა

არასასურველი რეაქციაა, თუმცა განსხვავებული ტიპისა, წამლისმიერი ალერგიაც. იმუნური სისტემა წამლის მიღებაზე არანორმალურად რეაგირებს.

ალერგიის გამოწვევა ნებისმიერ მედიკამენტს შეუძლია, თუმცა ზოგ პრეპარატზე ის უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ზოგზე კი ძალზე იშვიათია.

რისკი იმატებს, როცა:

* პაციენტს აქვს ალერგია სხვა წამალზეც (ან წამლებზეც);

* აქვს წამლისმიერი ალერგიის ოჯახური ისტორია;

* ხანგრძლივად და დიდი დოზებით იღებს პრეპარატს.

ალბათობას ზრდის ზოგიერთი დაავადებაც, მაგალითად, შიდსი.

ყველაზე ალერგენული მედიკამენტებია:

* ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით – პენიცილინი;

* ანთების საწინააღმდეგო არასტეროდიული საშუალებები, განსაკუთრებით – ასპირინი;

* ქიმიოთერაპიული პრეპარატები;

* აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

ხდება ისეც, რომ წამალი ალერგიისმაგვარ სიმპტომებს იწვევს, მაგრამ ეს არ არის იმუნური სისტემის აქტივობის შედეგი. ამას ფსევდოალერგიულ ჰიპერმგრძნობელობას უწოდებენ. ფსევდოალერგიული რეაქციებს უმეტესად იწვევს:

* ასპირინი;

* რადიოკონტრასტული საშუალებები – საღებავები, რომლებიც ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება რადიოლოგიური გამოკვლევი დროს;

* ოპიოიდები;

* ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები.

ალერგიული რეაქციის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია გამონაყარი, შეშუპება, ქავილი, ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სურდო. არ არის გამორიცხული სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური შოკი.

დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციის ნიშნები, წესისამებრ, წამლის მიღებიდან ერთ საათში მჟღავნდება. იშვიათად საათების და დღეების  შემდეგაც კი იჩენს თავს.

მოგვიანებით ალერგიულ რეაქციებს მიეკუთვნება წამლისმიერი ანემია, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ნეფრიტი.

გახსოვდეთ: ალერგია და დოზადამოკიდებული გვერდითი ეფექტი სხვადასხვა რამაა. ალერგიული რეაქცია არც მედიკამენტის ტოქსიკურ ეფექტში უნდა აგვერიოს – ეს უკანასკნელი მაშინ იჩენს თავს, როდესაც წამალს ჭარბი დოზით ვიღებთ (შესაბამისად, მოსალოდნელია იმ წამლისგანაც, რომელზეც ალერგია არ გაქვთ).

 

ვებრძვით ალერგიას

წამლის შეწყვეტა ალერგიისგან თავის დასახსნელად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ზოგჯერ ესეც კმარა. როცა წამლის შეწყვეტა შეუძლებელი ან უეფექტოა, ინიშნება ანტიალერგიული პრეპარატები. ანტიჰისტამინური საშუალებები იმუნურ სისტემაში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს ბლოკავს და ალერგიას აღკვეთს. უფრო სერიოზული რეაქციების დროს კი კორტიკოსტეროიდებს იყენებენ.

 

 

გავრცელებული ჩივილების მართვა

ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ ბავშვებთან გავრცელებული ჩივილები და მათი მართვის წესები. დავიწყოთ ყველაზე აქტუალურით – მაღალი ტემპერატურით.

აცეტამინოფენი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია. სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა სახელით იყიდება: პარაცეტამოლი, ტაილენოლი, პაკოლი... მაღალი ტემპერატურის დროს უმეტესად სწორედ აცეტამინოფენს ვიყენებთ. ის საკმაოდ გავრცელებული წამალია და მისი დალევისას თითქმის არავინ ფიქრობს შესაძლო გართულებებზე. არადა არასწორი გამოყენების შემთხვევაში ეს “უწყინარი” ნივთიერება შესაძლოა ღვიძლის სერიოზული დაზიანების მიზეზადაც კი იქცეს.

მაშ, როდის და როგორ მივიღოთ აცეტამინოფენი?

 

როდის?

სიცხის დამწევსა და ტკივილგამაყუჩებელს, ბუნებრივია, სიცხისა და ტკივილის დროს ვიღებთ. მაგრამ, მაგალითად, 37 გრადუსზე წამლის დალევა არასწორია (გამონაკლისს შეადგენენ ბავშვები, რომლებსაც ტემპერატურის მომატებისას კრუნჩხვა ემართებათ). ბანალური გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს სიცხის დამწევი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მივიღოთ, რაც ტემპერატურა 38,5 გრადუსს გადააჭარბებს. მაღალი სიცხე ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება, ამიტომ მის დაწევას მხოლოდ მაშინ უნდა ვეცადოთ, თუ ტემპერატურამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომლის ზემოთაც იმატებს ახალი გართულებების განვითარების რისკი.

 

რა დოზით?

დოზა ასაკზეა დამოკიდებული. ბავშვებისთვის რეკომენდებულია აცეტამინოფენის სუსპენზია, რომელსაც დოზატორიანი შპრიციც მოჰყვება. დოზირებისას ასაკსა და წონასთან ერთად ღვიძლის მდგომარეობასაც უნდა მიექცეს ყურადღება – თუ ღვიძლის ფუნქცია დასუსტებულია, ორგანიზმში წამლის ტოქსიკური მეტაბოლიტი დაგროვდება.

აუცილებლად უნდა დაიცვათ მიღებათა შორის ინტერვალი – არანაკლებ 4 საათისა და არა უმეტეს 6-ისა. ამ ინტერვალის დარღვევა და წამლის უკონტროლო მიღება არაერთი ბავშვის ღვიძლის ციროზის მიზეზად ქცეულა.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ტემპერატურამ წამლის მიღებიდან ორ საათში ისევ აიწია? ამ დროს საქმეში მეორე სიცხის დამწევი – იბუპროფენი უნდა ჩავრთოთ, წინა მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ კი – კვლავ აცეტამინოფენი. ამ შემთხვევაში სიცხეც დაიწევს და გართულებებისგანაც დაზღვეული იქნებით.

წამლის ფორმის შეცვლა, მაგალითად, რექტალური სანთლის ან ტაბლეტის მიცემა სუსპენზიის შემდეგ, გამოსავალი არ არის – აქტიური ნივთიერება იგივეა და ტოქსიკური მეტაბოლიტი მაინც დაგროვდება.

გახსოვდეთ: ორ წლამდე ასაკის ბავშვს ნებისმიერი წამალი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მისცეთ.

ზედოზირების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ გაციების საწინააღმდეგო არაერთი კომბინირებული პრეპარატი აცეტამინოფენს შეიცავს. თანაც ასეთ წამალთან ერთად ხშირად აცეტამინოფენის სხვა პრეპარატსაც იღებენ, მაგალითად, გაციების საწინააღმდეგო ჩაისთან ერთად – პარაცეტამოლს.

ზედმიწევნით აკონტროლეთ წამლის შემადგენლობა. გაითვალისწინეთ, რომ გაციების საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება ალფა-ადრენობლოკატორს – ცხვირით სუნთქვის გასაადვილებლად. ალფა-ადრენობლოკატორების მიღება აკრძალულია მათთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს.

იბუპროფენი ასევე ფართოდ გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. მისი სავაჭრო დასახელებაა ნუროფენი, ადვილი, მიგ-400 და სხვა. იბუპროფენის ზედოზირება კუჭისა და ნაწლავების პრობლემებს იწვევს. ის უნდა მიიღოთ 6-8 საათში ერთხელ. გამოყენების სხვა წესები აცეტამინოფენის მსგავსია.

არ დაალევინოთ ბავშვებს ასპირინი, განსაკუთრებით – ვირუსული ინფექციის დროს: შესაძლოა, რეის სინდრომი გამოიწვიოს. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც გულისრევით, ღებინებით, ძლიერი დაღლილობის შეგრძნებით მიმდინარეობს და საბოლოოდ კომამდე მიდის.

ზოგიერთი კომბინირებული პრეპარატი, მათ შორის – ღებინების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ზოგიერთი საშუალება, ასპირინს შეიცავს, ამიტომ წამლის დალევამდე გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ასპირინის სინონიმებად იხმარება სალიცილატი, აცეტილსალიცილატი, აცეტილსალიცილის მჟავა.

 

გაციება

ის, რასაც ხალხში გაციებას ეძახიან, სინამდვილეში ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა. ინფექციას მრავალი ვირუსი იწვევს. სიცხეს, წესისამებრ, თან ახლავს ხველა და სურდო, მაგრამ თუ განსაზღვრული ნიშნულის შემდეგ ტემპერატურის დაწევა აუცილებელია, დანარჩენი სიმპტომების აღსაკვეთად მედიკამენტების მიღება რეკომენდებული არ არის.

როგორ იქცევიან მშობლები? – ბავშვს წამოახველებს თუ არა, მაშინვე ხველის საწინააღმდეგო წამლებისკენ გაურბით ხელი.

პირველი კითხვა, რომელიც ამ დროს უნდა დავსვათ, ასეთია: საჭიროა კი ხველის დათრგუნვა? – ეს ხომ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა! მეორე: დავუშვათ, ხველა დათრგუნვას მოითხოვს, – ამისთვის წამალი აუცილებელია?

ასე რომ, მოდი, ექიმს მივანდოთ იმის გადაწყვეტა, საჭიროა თუ არა ჩარევა, ხოლო თუ საჭიროა – რა ფორმითა და საშუალებით.

საზოგადოდ კი გაციების (ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის) და მისი სიმპტომების მართვა ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო (FDA) ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან გაციებისა და ხველის საწინააღმდეგო წამლების გამოყენებას არ გვირჩევს. FDA ასევე გვაფრთხილებს, არ მივცეთ 12 წლამდე ბავშვებს კოდეინის შემცველი პრეპარატები, რომლებსაც სუნთქვასთან დაკავშირებული საშიში გართულებების გამოწვევა შეუძლია. 12-დან 18 წლამდე იკრძალება კოდეინიანი საშუალებების გამოყენება მათთან, ვისაც ჭარბი წონა, ფილტვების მძიმე დაავადება ან ობსტრუქციული აპნოე აქვს – ყველა ეს ფაქტორი მაღლა სწევს სუნთქვის პრობლემების რისკს.

მაშ, როგორ მოვიქცეთ გაციებისას?

გახსოვდეთ, გაციება თავისთავად გაივლის. პაციენტების უმეტესობა უწამლოდაც ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება. წამალი მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს, გამოჯანმრთელების პროცესს ის არ აჩქარებს. ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: ნებაზე მიშვებული გაციება შვიდ დღეში გაივლის, ნამკურნალები კი ერთ კვირაშიო. დასკვნი თქვენთვის მოგვინდვია. წამლების მაგივრად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას, ხშირად გამოცვალეთ თეთრეული, დღეში რამდენჯერმე გაანიავეთ და დროდადრო სველი წესით დაალაგეთ ოთახი. სურდოსა და ცხვირის გაჭედვის დროს მარილწყალი დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელიც. თუ არ გაქვთ, ოთახში სოდიანი წყლით სავსე ჯამები დადგით. ისიც გახსოვდეთ, რომ თუ ჰაერის დასატენიანებლად სპეციალურ მოწყობილობას იყენებთ, ყოველდღე უნდა წმინდოთ, რომ ბაქტერიებისა და სოკოს გავრცელება აღკვეთოთ. ექიმს მიმართეთ, თუ ბავშვი 3 თვემდე ასაკისაა, უჭირს სუნთქვა, მოთენთილია, ტუჩებზე სილურჯე დაჰკრავს, არ ჭამს, არ სვამს, ძილადაა მივარდნილი, 2 კვირაზე მეტია ახველებს და მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება.

ღებინების, ფაღარათისა თუ ოფლიანობის შედეგად დაკარგული მარაგის შესავსებად რეკომენდებულია სითხის უხვი მიღება, მათ შორის – ელექტროლიტების ხსნარებისაც. შეცდომაა ღებინების დროს (თუ მას შეუპოვარი ხასიათი არ აქვს) ღებინების საწინააღმდეგო წამლების გამოყენება.

 

ის, რაც ყველას უნდა ახსოვდეს

არაფრით არ შეიძლება მწვავე რესპირატორული ინფექციის, მაღალი ტემპერატურისა თუ ნაწლავური აშლილობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე ანტიბიოტიკების გამოყენება. ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც არაერთხელ გვისაუბრია 21-ე საუკუნის უდიდეს გამოწვევაზე – ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, რომლის ჩამოყალიბებასაც დიდწილად სწორად არარაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიას უნდა ვუმადლოდეთ. გახსოვდეთ, ანტიბიოტიკები ძლიერმოქმედი წამლებია და სარგებლობა მხოლოდ მაშინ მოაქვთ, როცა საჭირო დროს, საჭირო დოზითა და ხანგრძლივობით ვიყენებთ. სხვაგვარად არასწორი ქცევით ხელს შევუწყობთ კაცობრიობის ანტიბიოტიკებამდელ ეპოქაში დაბრუნებას – ეპოქაში, როდესაც ადამიანები ფილტვების უბრალო ანთებით იხოცებოდნენ.

 

 

წამლების საშიში კომბინაციები

ორგანიზმი ერთიანი სისტემაა. მისი ყოველი ნაწილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ ორგანოში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება ასე თუ ისე მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ეს ფაქტი საფუძვლად უდევს ყველა სამედიცინო დისციპლინას, დაავადებათა პრევენციის, დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის ყველა მეთოდს. პრობლემა სწორედ მაშინ წარმოიშობა, როცა ერთიან ხედვას უგულებელვყოფთ და ცალკეულ უსიამოვნებებთან იზოლირებულ ბრძოლად ვიწყებთ – ორგანიზმის მთლიანობის, მისი ინდივიდუალური თავისებურებების, ავადმყოფობის თანმხლები ფაქტორების გაუთვალისწინებლად.

პრობლემა, რომელსაც წამალთაშორისი ურთიერთქმედება წარმოშობს, ამ მიდგომის კლასიკური მაგალითია. ერთდროულად დანიშნული წამლები ზოგჯერ საშიშ კომბინაციებს ქმნის და ორგანიზმისთვის სერიოზული ზიანის მიყენება ძალუძს. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, დანიშნულებათა 17-23% პოტენციურად საშიშია. მხოლოდ ამერიკაში წამლების გვერდითი ეფექტებისგან ყოველწლიურად 160 000 ადამიანი კვდება. გარდაცვალების შემთხვევათა მესამედი არასწორი დანიშნულებისა და წამალთა საშიში კომბინაციების შედეგია. იმასაც თუ გავიხსენებთ, რა თანხა იხარჯება გართულებათა სამკურნალოდ, მივხვდებით, რომ პრობლემა მძიმე ტვირთად აწევს როგორც პაციენტს, ისე ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

წამალთაშორის ურთიერთქმედებაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ კეზელი გვესაუბრა.

 

– წამალთაშორისი ურთიერთქმედება გულისხმობს კონკრეტული წამლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ცვლილებას სხვა სამკურნალო საშუალების მიღების ფონზე. რამდენიმე წამლის ერთდროულად გაუმართლებელ გამოყენებას მედიცინაში პოლიპრაგმაზია ეწოდება. როდესაც ერთდროულად სამი წამალი ინიშნება, მაღალია წამალთაშორისი ურთიერთქმედების რისკი, ხუთი მედიკამენტის ერთდროულად დანიშვნისას კი ასეთი ურთიერთქმედება გარდაუვალია. თუმცა გამორიცხული არ არის, არასასურველი ეფექტი ორი წამლის ურთიერთქმედებამაც გამოიწვიოს.

არასასურველი სიმპტომები, რომლებიც წამლების მიღების შემდეგ იჩენს თავს, შესაძლოა სწორედ წამალთაშორისი ურთიერთქმედების შედეგი იყოს, ჩვენ კი ხშირად ახალი დაავადება ან ძირითადი დაავადების გართულება გვგონია. ხშირად წამალთაშორისი ურთიერთქმედების ბრალია “უშედეგო” მკურნალობაც, ვინაიდან ურთიერთქმედების გამო ერთ-ერთი წამლის ეფექტი სრულიად იკარგება.

მკურნალობის რეჟიმის შედგენისას მხოლოდ წამლების ურთიერთქმედება კი არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ წამლის ურთიერთქმედება სასმელთან, საკვებსა და დანამატებთანაც კი. მოგეხსენებათ, მოსახლეობა მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის მიღებას უფრთხის. ეს სავსებით მართებული მიდგომაა. ალკოჰოლი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ნებისმიერი წამლის: ტკივილგამაყუჩებლის, სანარკოზო თუ ანტიეპილეფსიური საშუალების, – ეფექტს, ხოლო ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით – ანტიბიოტიკები, აქვეითებს ალკოჰოლის მიმართ ორგანიზმის ტოლერანტობას და ინტოქსიკაციას უწყობს ხელს. ასე რომ, მართლაც ჯობს, მკურნალობის დროს ალკოჰოლიანი სასმელების მიღებისგან თავი შევიკავოთ.

მინდა, საგანგებოდ შევჩერდე დანამატებზე. მოსახლეობა “ბალახეულს” წამლად ვერ აღიქვამს და უსაფრთხოდ მიიჩნევს. სინამდვილეში ნებისმიერი დანამატი, რომელიც ამა თუ იმ ორგანოზე მოქმედებს, წამალია, ოღონდ გამოუცდელი – კლინიკურ გამოცდაგაუვლელი. კითხვაზე: სვამს თუ არა სხვა წამალს, – პაცინეტი ხშირად გვპასუხობს: არა. ჩავეკითხებით და აღმოჩნდება, რომ ბალახეულ საშუალებას იღებს. ეს საშუალებები, განსაკუთრებით – ფითრის ალკალოიდები, საკმაოდ ძლიერი ქიმიური ნაერთებია და წამალთაშორისი ურთიერთქმედება მათაც ახასიათებთ.

– რატომ და როგორ ურთიერთქმედებს წამლები ერთმანეთთან? ახასიათებს თუ არა წამალთაშორისი ურთიერთქმედება ყველა მედიკამენტს?

– როგორც ვთქვით, წამლებს შეუძლია, გააძლიეროს ან შეასუსტოს ერთმანეთის ეფექტი ან ხელი შეუწყონ არასასურველი სიმპტომების გამოვლენას. განასხვავებენ წამალთაშორისი ურთიერთქმედების ორ ტიპს: ფარმაცევტულს და ფარმაკოლოგიურს. პირველ შემთხვევაში ორი წამალი ერთმანეთთან ქიმიურ რეაქციაში ორგანიზმის გარეთ შედის. სწორედ ფარმაცევტულ წამალთაშორის ურთიერთქმედებას ვუფრთხით, როდესაც ვაფრთხილებთ პაციენტს, არ ამოიღოს ერთი შპრიცით ორი წამალი, არ აურიოს გადასასხმელ სისტემაში ორი პრეპარატი და ა.შ., თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ მათ შორის ქიმიური ურთიერთქმედება არ მოხდება.

რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ წამალთაშორის ურთიერთქმედებას, აქ გამოყოფენ ორ სახესხვაობას: ფარმაკოკინეტიკურს და ფარმაკოდინამიკურს.

 

ურთიერთქმედებანი წამლის გზაზე

– ფარმაკოკინეტიკური წამალთაშორისი ურთიერთქმედება ნიშნავს, რომ ერთი წამალი მეორე წამლის ორგანიზმში მოძრაობის რომელიმე ეტაპზე ახდენს გავლენას. ამის შედეგად რომელიმე მათგანის ეფექტი სუსტდება ან ძლიერდება.

ორგანიზმში ყოფნის პერიოდში წამალი ოთხ ეტაპს გადის – შეწოვას, მოძრაობას, განაწილებას, გამოყოფას. ურთიერთქმედება ოთხივე ეტაპზეა შესაძლებელი.

 

წამლის შეწოვაზე მოქმედი ფაქტორები

– შეწოვის ეტაპზე წამლებს შორის ურთიერთქმედებას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის – უხსნელი ნაერთების წარმოქმნა, კუჭის მჟავიანობის ცვლილება, ნაწლავის მიკროფლორაზე ზემოქმედება, ნაწლავის ლორწოვანის დაზიანება, ნაწლავის მოტორიკის ცვლილება.

წამლის შეწოვის პროცესი დიდწილად კუჭის სიმჟავესა და წამლის იონიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული. კუჭის პH მუდმივად იცვლება მიღებული საკვების რეაქციის მიხედვით. თავად წამლებიც მჟავა და ტუტე ბუნების ქიმიურ ნაერთებად იყოფა. მაგალითად, მჟავა ბუნებისაა ასპირინი, იგივე აცეტილსალიცილის მჟავა. თუ პაციენტი გასტრიტის ან პეპტიკური წყლულის სამკურნალოდ იღებს მჟავიანობის დამაქვეითებელ საშუალებას (მაგალითად, ომეპრაზოლს) და მის ფონზე – ასპირინს, ამ უკანასკნელის შეწოვა აუცილებლად დაქვეითდება, მაშასადამე, ასპირინის ეფექტიც შესუსტდება. პერორალური მორფინი კი, პირიქით, ტუტეა. მის უკეთ შეწოვას სწორედ ტუტე გარემო სჭირდება. ანტაციდებისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმების თანადროული მიღება ფაქტობრივად აბათილებს ამ უკანასკნელთა საძილე ეფექტს. მაშასადამე, როდესაც იონიზაციის ხარისხი იცვლება, იცვლება წამლის შეწოვაც, შესაბამისად, მისი კონცენტრაციაც პლაზმაში და საბოლოოდ – ეფექტიც. იგივე ეხება საკვებსაც. კოკა-კოლა, ხილის წვენები, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები მჟავა რეაქციისაა, რძე და მინერალური წყლების უმეტესობა (მათ შორის – ბორჯომიც) – ტუტე რეაქციისა. ანტაციდები და პეპტიკური წყლულის სამკურნალო საშუალებები (რანიტიდინი, ომეპრაზოლი) მჟავა ბუნების ნებისმიერი წამლის შეწოვას ამცირებს.

წამალთაშორისი ურთიერთქმედების შედეგად შესაძლოა წარმოიქმნას უხსნელი ნაერთები, რაც მორეაგირე წამლების შეწოვას შეაფერხებს. მაგალითად, გააქტიურებული ნახშირი ამცირებს ფაქტობრივად ყველა სამკურნალო საშუალების შეწოვას, ამიტომ ის წამლისმიერი ინტოქსიკაციის მკურნალობის აუცილებელი ნაწილია. ანტაციდებთან ერთად ფთორქინოლონების (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი და სხვა) მიღება ამცირებს ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტურობას, რადგან მაგნიუმთან, ალუმინთან, კალციუმთან უხსნელ ნაერთებს წარმოქმნის. იგივე ეხება საკვებსაც – რძის ნაწარმი ქიმიურ რეაქციაში შედის და წარმოქმნის უხსნელ ნაერთებს, მაგალითად, ტეტრაციკლინთან. მაშასადამე, რძის პროდუქტების ფონზე ტეტრაციკლინის მიღებას აზრი არ აქვს (აუცილებელია, სულ მცირე, ორსაათიანი შუალედის დაცვა) და ა.შ.

წამლების შეწოვა მაშინაც იცვლება, როდესაც ირღვევა ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა. მაგალითად, ანტიბიოტიკების ფონზე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა იკლებს. საქმე ის არის, რომ ესტროგენის შეწოვისთვის ნაწლავური ფლორაა აუცილებელი, ანტიბიოტიკი კი ბაქტერიებს ანადგურებს. შესაბამისად, ესტროგენი ვეღარ შეიწოვება. დიგოქსინს კი, პირიქით, დარღვეული ბიოცენოზის ფონზე უკეთ იწოვს ორგანიზმი, ამიტომ ანტიბიოტიკებთან, განსაკუთრებით კი ერითრომიცინთან ერთად მისი მიღება კატეგორიულად იკრძალება – შესაძლოა, ჭარბად დაგროვდეს და ტოქსიკური ეფექტიც კი გამოიწვიოს.

– გამოდის, მკურნალობისას რაციონიც უნდა ვაკონტროლოთ...

– არ მინდა, მკითხველი შევაშინო, მაგრამ ზოგჯერ ეს მართლაც მნიშვნელოვანია. არსებობს ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც ასეთ სიფრთხილეს არ მოითხოვს. შეწოვის ეტაპზე წამალთაშორისი ურთიერთქმედება გასთვალისწინებელია, უწინარესად, იმ წამლებთან, რომლებსაც ნახევარდაშლის მოკლე პერიოდი აქვს და რომელთა ფარმაკოლოგიური ეფექტიც მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როცა ისინი სწრაფად აღწევენ სისხლში მაქსიმალურ თერაპიულ კონცენტრაციას. ასეთ დროს შეწოვის უმნიშვნელო ცვლილებაც კი შესაძლოა ეფექტის დაქვეთების ან გაქრობის მიზეზად იქცეს. ეს უპირატესად საძილე და არანარკოტიკურ ტკივილგამაყუჩებლებს ეხება. ეს ყველაფერი ექიმმა უნდა გვაცნობოს. თუმცა არსებობს ზოგადი კანონიც, რომელიც შეწოვის პროცესში წამალთაშორის ურთიერთქმედებას გამორიცხავს: ურთიერთქმედება, წესისამებრ, ვითარდება, როცა წამლებს ერთდროულად იღებენ ან ერთის მიღებიდან მეორემდე ორ საათზე ნაკლები დროა გასული. თუ ინტერვალი ოთხ საათს აღემატება, შეწოვის ეტაპზე ურთიერთქმედება ფაქტობრივად გამორიცხულია.

 

ბრძოლა ცილებისთვის

– მომდევნო ეტაპია განაწილება. წამალი ორგანიზმში პლაზმის ცილების მეშვეობით მოგზაურობს, ამ ცილების რაოდენობა კი ჩვენს ორგანიზმში განსაზღვრულია. თუ პაციენტს ისეთი ორი წამალი დავუნიშნეთ, რომლებიც ერთსა და იმავე ცილას იყენებს “სამოგზაუროდ”, ერთი მათგანი გააჯერებს ცილებს და პლაზმაში გაიზრდება მეორის თავისუფალი კონცენტრაცია, ესე იგი მოიმატებს მისი ეფექტიც.

– რომელი წამლების მიმართ გვმართებს სიფრთხილე?

– ამ კუთხითაც არსებობს სახიფათო და შედარებით უსაფრთხო წამლები. თუ მედიკამენტს ინსტრუქციაში უწერია, რომ პლაზმის ცილასთან შეკავშირების უნარი 90%-ზე მაღალი აქვს, მასთან ერთად სრულიად გაუმართლებელი იქნება ისეთი წამლის დანიშვნა, რომელსაც ცილებთან შეკავშირების 75%-ზე დაბალი უნარი ახასიათებს. ამ კუთხით ძალიან საშიში პრეპარატებია, მაგალითად, ვარფარინი, ფენილბუტაზონი, ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი), დიგოქსინი. მათთან ერთად სხვა წამლებს ან არ ვუნიშნავთ, ან ძალიან გულმოდგინეთ ვამოწმებთ პლაზმაში მათ კონცენტრაციას. შეკავშირების 75-95%-იანი უნარი აქვს საგულე გლიკოზიდებს. მათთან ერთად ცილებთან შეკავშირების იმავე უნარის მქონე ნებისმიერი წამლის დანიშვნისას მოსალოდნელია პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის მატება, რაც (უმნიშვნელოც კი) შესაძლოა საშიში არითმიის მიზეზად იქცეს.

 

დამთრგუნველ-გამააქტიურებლები

– განაწილების შემდეგ იწყება წამლის მეტაბოლიზმი ანუ “მშობელი” წამლის გარდაქმნა “შვილებად” – მეტაბოლიტებად. ამ პროცესში ჩართულია ფერმენტები, რომლებიც უხვადაა ღვიძლში. ზოგი წამალი ააქტიურებს მათ, ზოგი კი თრგუნავს, რაც ასევე აძლიერებს ან ასუსტებს მორეაგირე წამლის ეფექტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური წამალთაშორისი ურთიერთქმედება სწორედ განაწილებისა და მეტაბოლიზმის ეტაპებზე ხდება, ვინაიდან ორივე გაჯერებადი პროცესია – ერთ წამალს შეუძლია, გააჯეროს მეორის ტრანსპორტი ან მისი მეტაბოლიზმი. ციმეტიდინი ღვიძლის ფერმენტების კლასიკური ინჰიბიტორია, ფენობარბიტალი კი – კლასიკური ინდუქტორი. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებიც სერიოზულ გავლენას ახდენს ფერმენტებზე. იმდენად სერიოზულს, რომ ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაშიც კი შეუძლია, წამალთაშორისი ურთიერთქმედება გამოიწვიოს.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: ყველა წამალთაშორისი ურთიერთქმედება უნდა ვიცოდეთ? რა თქმა უნდა, არა. მათი რიცხვი ძალიან დიდია და ვერც დავიმახსოვრებთ. ექიმმა უნდა იცოდეს ძლიერი ინდუქტორები და ინჰიბიტორები და მათთან მიმართებით ნებისმიერი სხვა წამლის მოქმედება საცნობარო ლიტერატურაში გადაამოწმოს, რომ შეცდომისგან თავი დაიზღვიოს.

 

ბრძოლა თავისუფლებისთვის

– წამლებს შორის გამოყოფის გზების გამოც მიმდინარეობს ბრძოლა. ისევე როგორც შეწოვის პროცესში, გამოყოფაშიც ჩართულია სატრანსპორტო ცილები. როცა ორი წამალი ამ ცილებისთვის ეპაექრება ერთმანეთს, ერთი მათთგანი მეტხანს ყოვნდება ორგანიზმში. მკურნალობის რეჟიმის შედგენისას ეს თუ არ გავითვალისწინეთ, ერთ მშვენიერ დღეს ორგანიზმში წამლის ტოქსიკური დოზა დაგროვდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ წამალთაშორისი ურთიერთქმედება ყოველთვის უარყოფითი არ არის. პირიქით, შესაძლოა სასიკეთოდაც იქნეს გამოყენებული. ავიღოთ, მაგალითად, პენიცილინი. მოგეხსენებათ, მისი აქტიური წარმოება მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო. ეს ბუნებრივი პენიცილინი იყო. ჯარისკაცებს ძალიან ბევრი წამალი სჭირდებოდათ (ექვს საათში ერთხელ მაინც უნდა გაეკეთებინათ), ამიტომ წარმოება საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა მოთხოვნას. აღმოჩნდა, რომ პრობენეციდი – პოდაგრის სამკურნალო საშუალება – ბუნებრივი პენიცილინის მოქმედებას ახანგრძლივებდა: ზემოქმედებდა გამოყოფის ეტაპზე და ხელს უწყობდა ორგანიზმში მის დაყოვნებას. ეს დიდი აღმოჩენა იყო, რომელმაც ძალზე შეუწყო ხელი ჯარისკაცების მკურნალობას. მაგრამ პრობენეციდი მხოლოდ პენიცლინს კი არ ირჩევს, არამედ ორგანიზმში აყოვნებს ნებისმიერ წამალს, რომელიც პენიცილინის მსგავსად გამოიდევნება, რაც ნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში მან შესაძლოა ზიანიც მიაყენოს პაციენტს.

 

მოქმედების მექანიზმზე ზემოქმედება

– ფარმაკოდინამიკური წამალთაშორისი ურთიერთქმედების დროს ერთი წამალი მეორის მოქმედების მექანიზმში ერთვება და აძლიერებს ან ასუსტებს მას. ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად წამლები შესაძლოა სხვადასხვანაირად მოქმედებდეს. მათი ერთად დანიშვნის შემთხვევაში ეფექტი, რა თქმა უნდა, გაცილებით ძლიერი იქნება. შესაძლოა, მივიღოთ ორი (ან მეტი) წამლის ეფექტების ჯამი – ამას სუმაცია ეწოდება; შესაძლოა, ერთ-ერთი ეფექტი ოდნავ გაძლიერდეს – ამას დამატებით ეფექტს ვუწოდებთ; შესაძლოა, დანიშნული ორი წამლიდან ერთი საერთოდ ვერ ახდენდეს ეფექტს, მაგრამ მეორის სასურველ ეფექტს აძლიერებდეს – ეს პოტენცირებაა. მაგალითად, ციტრამონი ფართოდ გამოყენებული კომბინირებული პრეპარატია, რომელიც პარაცეტამოლის ან ასპირინისა და კოფეინისგან შედგება. კოფეინს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება არ აქვს, მაგრამ ასპირინისა და პარაცეტამოლის ანალგეზიურ და ანტიპირეტულ ეფექტებს აძლიერებს. კიდევ ბევრი კომბინირებული მზა პრეპარატი არსებობს. ისინი სწორედ ფარმაკოდინამიკური წამალთაშორისი დადებითი ურთიერთქმედების გათვალისწინებით არის დამზადებული.

წნევას ყველა ანტიჰიპერტენზიული საშუალება აქვეითებს, მაგრამ სხვადასხვა გზით. ანტიჰიპერტენზიული საშუალებების 11-ზე მეტი ფარმაკოლოგიური ჯგუფია ხელმისაწვდომი, რომლებიც ამ მიზანს სხვადასხვა მექანიზმით აღწევს. ზოგი სისხლძარღვის გლუვ კუნთში კალციუმის შესვლას ბლოკავს, ზოგი სისხლძარღვს უხსნის ადრენერგულ ინერვაციას (რომელიც მის შეკუმშვას იწვევდა). ექიმი მკურნალობის რეჟიმის შედგენისას ხშირად გვინიშნავს ერთი და იმავე ეფექტის, მაგრამ განსხვავებული მოქმედების მქონე წამლებს – ასე გაცილებით უკეთეს შედეგს ვიღებთ. მაგრამ თუ პაციენტმა შემთხვევით, საჭიროების გარეშე დალია წნევის დამწევი ორი პრეპარატი, შესაძლოა, კოლაფსიც კი განუვითარდეს.

წამლის ფარმაკოდინამიკაზე საკვებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, ანტიდეპრესანტების დანიშვნისას კატეგორიულად მოვითხოვთ, ერიდონ შებოლილ ხორცს, თევზს, ლუდს – საზოგადოდ, ფერმენტირებული პროდუქტებს, ვინაიდან შესაძლოა, წამლის მათთან ურთიერთქმედების შედეგად ძლიერი ჰიპერტენზიული კრიზი განვითარდეს.

 

საშიში კომბინაციები

– ზემოთ ბრძანეთ, რომ შესაძლოა, წამლების კომბინირებამ გვერდითი ეფექტების გამოვლენასაც შეუწყოს ხელი..

– თუ პაციენტს დავუნიშნეთ ორი წამალი, რომელთაგან ორივე ნეფროტოქსიკურია, თირკმლის დაზიანების რისკი საგრძნობლად მოიმატებს, მხოლოდ ერთ მათგანს კი შესაძლოა თირკმელზე ასე არ ემოქმედა. მაგალითად, ამინოგლიკოზიდი ოტოტოქსიკურია (მოქმედებს სმენის ორგანოზე) და მასთან ერთად არ შეიძლება მარყუჟოვანი შარდმდენის, მაგალითად, ფუროსემიდის დანიშვნა, რომელიც ასევე ოტოტოქსიკური ეფექტით გამოირჩევა. თუ მხოლოდ ამინოგლიკოზიდის გამოყენების დროს სმენის ორგანოს დაზიანება ასიდან ორმოც შემთხვევაშია მოსალოდნელი, ფუროსემიდთან კომბინაციაში ალბათობა 90%-ს უტოლდება! სტატისტიკური მონაცემებით, გვერდითი ეფექტების თანხვედრისგან მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 160 000 ადამიანი კვდება. ამრიგად, პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ხშირად ახლად თავჩენილი სიმპტომი ახალი დაავადების გამოხატულება გვგონია, სინამდვილეში კი შესაძლოა საქმე გვქონდეს წამლის არასასურველ ეფექტთან, რომელმაც სწორედ ახალ წამალთან ურთიერთქმედების გამო იჩინა თავი. ამიტომ კითხვა: “რამე წამალს ხომ არ იღებთ?” – ისმება არა მკურნალობის, არამედ დიაგნოზის დასმის წინ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ განვასხვაოთ დაავადების ნიშნები წამალთაშორისი ურთიერთქმედების ან მათი არასასურველი ეფექტებისგან.

 

მოჩქარეს მოუგვიანდა

– მაგრამ ხომ შეიძლება, პაციენტს ერთდროულად მართლაც სჭირდებოდეს რამდენიმე წამალი? სად არის გამოსავალი?

– სამწუხაროდ, ექიმებს უყვართ რამდენიმე პრობლემის ერთად მოგვარება. მედიცინაში ეს მიდგომა გაუმართლებელია. საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა – რომელი პრობლემა მოიცდის, რომელი გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს – და პოლიპრაგმაზიამდე საქმე აღარ მივა.

გარდა ამისა, არსებობს ფაქტორები, რომელთა ფონზეც წამალთაშორისი ურთიერთქმედება მეტადაა მოსალოდენელი. უპირველეს ყოვლისა, ასეთია პაციენტის ასაკი – წამლების არასასურველი ეფექტები ყველაზე ხშირად ხანდაზმულებსა და ბავშვებთან გვხვდება, რაც ამ ასაკში ფარმაკოკინეტიკის თავისებურებებით აიხსნება. ბავშვებს შეწოვის, განაწილების, მეტაბოლიზმისა და გამოყოფის პროცესები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ხანდაზმულებს კი შენელებული, ამიტომ მათთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვამრთებს.

რისკი იმატებს თანმხვედრი დაავადების, განსაკუთრებით – ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების, ასევე – ეპილეფსიის, შაქრიანი დიაბეტის, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადების, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის, ტუბერკულოზის, საზოგადოდ, იმ დაავადებების დროს, რომელთა მკურნალობა წამლის ხანგრძლივ მიღებას მოითხოვს.

როდესაც ერთდოულად ბევრი წამალი ინიშნება, წამალთაშორისი ურთიერთქმედების ალბათობა, ცხადია, გაცილებით დიდია. ამასთან, ცნობილია, რომ სხვადასხვა ინდივიდს სამკურნალო საშუალებებზე განსხვავებული ფარმაკოლოგიური პასუხი აქვს, რაც გენეტიკური თავისებურებებით აიხსნება. ამ თავისებურებებს სპონტანურად აღმოცენებული და თაობიდან თაობას გადაცემული გენების მუტაცია უდევს საფუძვლად. ამ ფენომენს გენეტიკური პოლიმორფიზმი ეწოდება. ბუნებირივია, ამ რისკების გათვალისწინებაც საგრძნობლად ამცირებს წამალთაშორისი ურთიერთქმედების რისკს.

კიდევ ერთი: ვფიქრობ, ექიმს აუცილებლად სჭირდება თანაშემწე – კლინიკური ფარმაცევტი, რომელიც სწორი დანიშნულების შედგენაში დაეხმარება, შეახსენებს მას გვერდითი მოვლენებისა და წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესახებ. იმ ქვეყნებში, სადაც კლინიკური ფარმაცევტის ინსტიტუტი არსეობს, პოლიპრაგმაზია გაცილებით იშვიათია. დაბოლოს, ექიმს ძალიან კარგი საცნობარო ლიტერატურა უნდა ჰქონდეს, რათა ყოველი დანიშნულების წინ გადაამოწმოს წამალთაშორისი ურთიერთქმედებისა და არასასურველი მოვლენების ალბათობა.

მოამზადა გვანცა გოგოლაძემ

 

 

 

 

გააზიარე: