გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

02.05.2018
"ავერსი" ვიტალი დარასელიას სახელობის თასის სპონსორია...

  1. სამედიცინო თემები >
  2. ბავშვის მოვლა და ფიზიკური განვითარება
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანზე ჯდომას?
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანზე ჯდომას?

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანზე ჯდომას?

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტი თავსატეხი უჩნდებათ მშობლებს. მაგალითად, როგორ მიაჩვიონ პატარა ქოთანზე ჯდომას. ეს მართლაც საპასუხისმგებლო მომენტია: არასწორი მიდგომით შესაძლოა შეკრულობა და ფსიქოლოგიური პრობლემები გამოვიწვიოთ, მაგრამ თუ საკითხს სწორად მივუდგებით, შეიძლება, ქოთანზე ჯდომა ბავშვისთვის სახალისო თავგადასავლად ვაქციოთ.

ნუ აჩქარდებით და ნურც სწრაფი შედეგის მოლოდინი გექნებათ. გახსოვდეთ: წარმატების მთავარი საწინდარი მოთმინებაა.

ბავშვები მგრძნობიარენი არიან, ამიტომ ქოთანზე ჯდომის სწავლება უცხო ხალხის თანდაუსწრებლად, მისთვის ნაცნობ, ოჯახურ, მყუდრო გარემოში დაიწყეთ.

შეარჩიეთ დრო, როდესაც ბავშვი მშვიდადაა, არაფერი აწუხებს და მზადაა სიახლისთვის. ნუ მოინდომებთ ქოთანზე დასმას, მაგალითად, ახალ სახლში გადასვლისთანავე, მშობლების განქორწინების შემდეგ და მსგავს ემოციურად რთულ პერიოდებში.

სწავლის დროს ნუ დაიშურებთ ბავშვისთვის საქებარ სიტყვებს. აუცილებლად შეაქეთ, თუ დროულად შეგატყობინათ მოსაქმების სურვილის შესახებ ან დამოუკიდებლად მოახერხა ქოთნის დანიშნულებისამებრ გამოყენება. გაამხნევეთ და წააქეზეთ, როცა დავალებას თავს ვერ გაართმევს, დაარწმუნეთ, რომ თუ მოინდომებს, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოუვა.

 

როდის დავიწყოთ?

ქოთნის მისაჩვევად ბავშვის ემოციური და ფიზიკური მზადყოფნის თაობაზე მედიკოსებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგს მიაჩნია, რომ 6 თვის ბავშვი უკვე მზადაა ქოთნისთვის, რადგან უკვე აკონტროლებს შარდვისა და დეფეკაციის პროცესს. მაგალითად, შეუძლია, შეიკავოს შარდის გამოყოფა აქტიური თამაშის დროს, როდესაც არ სურს, სასიამოვნო საქმიანობას მოსწყდეს.

ზოგი კი მიიჩნევს, რომ ქოთნის მისაჩვევად საუკეთესო ასაკი 1,5-2 წელია – პერიოდი, როდესაც ბავშვს შეუძლია შარვლის დამოუკიდებლად ჩაწევა-აწევა და მარტივი ინსტრუქციების შესრულება.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას კი განსხვავებული აზრი აქვს. მისი ექსპერტების თქმით, 10-12 თვის ბავშვს ე.წ. ერთი წლის კრიზისის პერიოდი უდგას. ამ დროს ხასიათში სიჯიუტე დომინირებს და ბავშვი უმეტესად მშობლების თხოვნის საპირისპიროდ იქცევა, ამიტომ ეს პერიოდი არცთუ ხელსაყრელია ქოთანზე ჯდომის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის.

მეიოს კლინიკის სპეციალისტების აზრით კი ამ ჩვევის ჩამოყალიბება დამოკიდებულია არა ასაკზე, არამედ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, რომელიც ყველა ბავშვს ინდივიდუალური აქვს, შესაბამისად, ქოთნის მიჩვევის პროცესიც ყველასთვის ინდივიდუალურად მიმდინარეობს.

როგორ მივხვდეთ, მზად არის თუ არა ჩვენი პატარა ქოთანზე დასაჯდომად?

 ფიზიკური მზადყოფნის ნიშნები:

* დღის განმავლობაში ორ საათზე მეტხანს ინარჩუნებს სიმშრალეს ან შუადღის ძილის დროსაც არ ასველებს პამპერსს.

* შეუძლია შარვლის დამოუკიდებლად აწევა-ჩაწევა.

* დამაჯერებლად დადის ან ჯდება.

 

ემოციური მზადყოფნის ნიშნები:

* ამჟღავნებს ინტერესს საცვლებისა და ტუალეტის მიმართ.

* აწუხებს დასვრილი ან სველი საფენი და გამოცვლას ითხოვს.

* ესმის მითითებები და შეუძლია მარტივი სურვილების გამოხატვა.

* ბაძავს უფროსებს.

 

როგორ დავიწყოთ

ბავშვისა და ქოთნის “გაცნობის” მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია. თუ სწორად მოიქცევით, შესაძლოა, ისიც კი მოახერხოთ, რომ პატარა თვითონვე გთხოვდეთ, რაც შეიძლება მალე დასვათ ქოთანზე.

ცნობილია, რომ პატარები მიილტვიან ყველაფრისკენ, რაც ამოუცნობი და აკრძალულია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ქოთნის მიმართ ინტერესი გაუღვივოთ, შევუქმნათ წარმოდგენა, რომ მასზე ჯდომა პრივილეგიაა. გაგაცნობთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც, ვფიქრობ, ძალიან დაგეხმარებათ:

* როდესაც შეატყობთ, რომ თქვენი შვილი მზადაა ქოთანზე დასაჯდომად, მხიარულად მოუყევით, როგორ გიხარიათ, რომ მალე მას ქოთნის შესარჩევად წაიყვანთ, მერე კი მასზე ჯდომას ასწავლით, მაგრამ იმავდროულად აღნიშნეთ, რომ ჯერ პატარაა და ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს, ასე რომ, მოგიწევთ, ეს სახალისო საქმიანობა მომავლისთვის გადადოთ, როცა ბავშვი გაიზრდება და უფრო მაგარი გახდება.

ბავშვების დიდი ნაწილი ცდუნებას ვერ უძლებს და ყოველდღე ახსენებს მშობლებს, რომ უკვე გაიზარდა და ქოთნის შესარჩევად მზადაა.

* რამდენიმე ხნის შემდეგ ახარეთ, რომ ქოთნის შერჩევის დროა (ოღონდ იქამდე ნუ გააჭიანურებთ, რომ პატარას ქოთნისადმი ინტერესი გაუნელდეს). აარჩევინეთ შესაფერისი ზომის ქოთანი, რომ ჯდომისას ორივე ფეხი ძირს ედგას. მიიტანეთ შინ და გამოსაჩენ ადგილას დადეთ. ვარჯიშს ჯერ ნუ დაიწყებთ. აცადეთ ბავშვს, თვითონვე შეეჩვიოს მას.

* ვარჯიშის დაწყების დღე მთლიანად ბავშვისთვის სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ, რათა კარგ გუნებაზე იყოს და ამ დღესთან სასიამოვნო ასოციაცია აკავშირებდეს.

* თავდაპირველად ჩაცმული დასვით ქოთანზე (დღეში ერთხელ, იმდენი ხნით, რამდენსაც თვითონ მოისურვებს), ხოლო როცა მიეჩვევა – უფრო მეტი ხნით და უპამპერსოდ, ხოლო პამპერსი დემონსტრაციულად ჩააგდეთ ქოთანში და აუხსენით ბავშვს, რომ პამპერსზე უარს ამბობთ, რადგან ის პატარებისთვისაა, თქვენი შვილი კი ამიერიდან მხოლოდ ქოთანზე მოისაქმებს, ისე, როგორც დიდი და მაგარი ბავშვები იქცევიან.

* ქოთანზე ჯდომისას მიეცით საყვარელი სათამაშო ან წიგნი, რათა ჯდომის პროცესი გაახანგრძლივოთ და, იმავდროულად, სასიამოვნო გახადოთ პატარასთვის.

* შეიმუშავეთ რუტინა. ამას საკმაო დრო დასჭირდება, ამიტომ აუცილებელია ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირას და შესაძლოა თვესაც კი მიუძღვნის ამ საქმიანობას. ბავშვი დასვით ქოთანზე დღის ძილის შემდეგ, ჭამის შემდეგ, გარეთ გასვლის წინ და შინ დაბრუნებისას, ღამის ძილის წინ.

* ხელების დაბანა ამ რუტინის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, რათა ბავშვმა პატარაობიდანვე გაითავისოს ტუალეტის შემდეგ ხელების დაბანის აუცილებლობა. მოიშველიეთ ფანტაზია და უთხარით პატარას, რომ მის ხელებზე მავნე ბაქტერიები დასახლდნენ, რომელთა მოცილებაც მხოლოდ საპნითა და წყლით შეიძლება. დაბანის შემდეგ ერთად დაემშვიდობეთ ცუდ ბაქტერიებს.

თუ, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, ბავშვი ჭირვეულობს და ჯიუტობს, ძალას ნუ დაატანთ – ამით შესაძლოა გაამძაფროთ მისი აგრესია და კიდევ დიდი ხნით მოგიწიოთ ქოთნის მიჩვევის გადადება. დაიცადეთ, სანამ ბავშვს აგრესია გაუვლის და რამდენიმე კვირის შემდეგ ხელახლა სცადეთ.

დაძალებით შესაძლოა ბავშვს შარდვისა და დეფეკაციის შიში ჩამოუყალიბდეს, შეკავებას მიეჩვიოს და საბოლოოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ.

შეგიძლიათ, შესთავაზოთ ალტერნატივა – უნიტაზზე დასადები დასაჯდომი. ის ბევრ მაღაზიაში იყიდება, სხვადასხვა ზომისა, ფორმისა და მოხატულობისაა და შესაძლოა, თქვენს პატარას სწორედ მან გაუწიოს საჭირო სამსახური.

ქოთნის მიჩვევა თავისთავად არ ნიშნავს პამპერსზე საბოლოოდ უარის თქმას. შესაძლოა, დღის განმავლობაში ბავშვი მხოლოდ ქოთანზე ისაქმებდეს, მაგრამ ძილის დროს შარდვის კონტროლი ვერ შეძლოს. თუ პამპერსის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ, ლეიბს მუშამბა გადააფაროთ. საქმე მოგემატებათ, მაგრამ თქვენი პატარა უფრო ადვილად გადაეჩვევა პამპერსს.

დასასრულ, გირჩევთ, გული არ გაიტეხოთ – პატარების 90%-ს ექვსი წლისთვის უკვე ღამით ჩასველების პრობლემაც მოგვარებული აქვს.

ლიკა ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Print Page Digg Twitter Google როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანზე ჯდომას?




ზემოთ