დეკრეტული შვებულების შემდეგ

გააზიარე:

 აი, პატარა ოთხი თვის გახდა, დეკრეტული შვებულება დასრულდა და დროა, სამსახურს მიაშუროთ. დედის სამსახურში დაბრუნება ძნელი გადასატანია როგორც თავად დედისთვის, ისე პაწაწინა არსებისთვისაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დედის სხეულის ნაწილი იყო. როგორ მოვიქცეთ, რომ პატარას ეს განშორება გავუადვილოთ?


რაც შეიძლება ნაკლებად ტრავმული


სიცოცხლის პირველ თვეებში დედის გვერდით ყოფნა ბავშვისთვის აუცილებელია, ამიტომ თუ დედა სამსახურს დაუბრუნდა, ის ისეთმა ადამიანმა უნდა შეცვალოს, ვინც ბავშვისთვის განსაკუთრებით ახლობელია. იდეალური შემთხვევაში ეს ბებიაა, მაგრამ მაინც აჯობებს, ბავშვი ერთბაშად კი არ მივაჩეჩოთ ხელში, არამედ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევაჩვიოთ პატარა ახალ მომვლელს. შეჩვევა შვებულების დასრულებამდე ათიოდე დღით ადრე დაიწყეთ. ანდეთ ბებოს ჩვილის დაძინება, კვება, გამოცვლა და დაბანა. სასურველია, ამ დროს თქვენც მის გვერდით იყოთ, რათა ბავშვის თავისებურებები გააცნოთ და, საერთოდ, ყველა წვრილმანი აუხსნათ. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი 3-4 საათით დატოვეთ ბებიასთან. ეს ხანმოკლე განშორება თქვენთვისაც სასარგებლო იქნება და თქვენი პატარაც ნელ-ნელა შეეჩვევა უთქვენოდ ყოფნას.


ძიძის აყვანას აპირებთ?

ეს რჩევები ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ – ძიძასაც ისევე უნდა შეაჩვიოთ პატარა, როგორც ბებიას.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მოზრდილია ბავშვი, მით უფრო მეტად უჭირს დედასთან განშორება. ერთი წლის ბავშვს ახალ მომვლელთან შეჩვევა უფრო მეტად გაუჭირდება, ვიდრე თვეებისას. მას უნდა გაესაუბროთ, აუხსნათ, რომ სულ ცოტა ხნით მიდიხართ, მალე დაბრუნდებით. თუ ბავშვი ხელს არ გიშვებთ და ტირის, ნუ გაუბრაზდებით – დაუყვავეთ, აკოცეთ, დაამშვიდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიაშურეთ სამსახურს.
დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში გასულ დედას კანონი უფლებას აძლევს, რამდენიმე (1 ან 2) საათით ნაკლები იმუშაოს. გაითვალისწინეთ ეს პრიორიტეტი და გამოიყენეთ ის თქვენი შვილის საკეთილდღეოდ. ისარგებლეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით – ხშირად დაურეკეთ პატარას და ესაუბრეთ ტელეფონით. დედის ხმის გაგონება მას უდავოდ გაახარებს.


ღირსეული ძიძა


ძიძის არჩევა ძალზე რთული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ეგებ გაგეცინოთ – სპეციალისტები მას ცხოვრების თანამგზავრის არჩევას ადარებენ. მართლაც, სანამ დარწმუნებული არ იქნებით, რომ თქვენს პატარას სწორედ ის ადამიანი უპოვეთ, ვინც სჭირდება, ნურაფერს გადაწყვეტთ.ძიძის შერჩევის დროს, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ მის წარმოდგენებს ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, უფროსისა და უმცროსის ურთიერთდამოკიდებულებაზე, განათლებას, მოტივაციას, ბავშვებისადმი დამოკიდებულებას, გამოცდილებას, რეკომენდაციებს. შესაძლოა, ადამიანებს სხვადასხვანაირად აეწყოთ ცხოვრება, სხვადასხვა სოციალურ წრეს ეკუთვნოდნენ, მაგრამ საერთო ღირებულებები ჰქონდეთ. სწორედ ეს არის მთავარი. ადამიანთან, რომელიც იზიარებს თქვენი ცხოვრების წესსა და ღირებულებებს, თავს კომფორტულად იგრძნობთ და ურთიერთობაც კგაგიადვილდებათ.
კანდიდატებთან გასაუბრებამდე ჩამოწერეთ ის თვისებები, რომლებიც, თქვენი აზრით, ძიძას მოეთხოვება. სია დაახლოებით ასეთი იქნება:
. ზრდილობა;
. ერუდიცია;
. ბავშვებთან ურთიერთობის სიყვარული;
. ფართო ინტერესთა სფერო;
. ბავშვის განვითარების მეთოდიკის ცოდნა;
. პატარებთან ურთიერთობის გამოცდილება;
. საერთო ღირებულებები;
. სასიამოვნო გარეგნობა;
. ენერგიულობა;
. ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი დამოკიდებულება;
. რთულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
. და, რაც მთავარია, უბრალოდ კარგად უნდა გრძნობდეთ თავს მის გვერდით. გამოსაცდელი ვადა, 2-3 კვირა, ამის გასარკვევად ნამდვილად გეყოფათ.

სანამ ძიძას სამუშაოდ აიყვანდეთ, ჩაუტარეთ სიტუაციური ტესტი. მაგალითად, ჰკითხეთ, როგორ მოიქცევა, თუ ბავშვს უეცრად სიცხემ აუწია ან ხელი გაიკაწრა. პასუხის მიხედვით მიხვდებით, გამოგადგებათ ეს ადამიანი ძიძად თუ არა.
არანაკლებ საყურადღებოა ძიძასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების საკითხი. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული საზღვრების დაცვა აუცილებელია. იყავით ზედმიწევნით თავაზიანი, მაგრამ მომთხოვნი. ნუ მოგერიდებათ თქვენი მოთხოვნების მკაფიოდ ჩამოყალიბება. თუ ძიძის რომელიმე ჩვევა არ მოგწონთ, თავს ნუ შეიკავებთ, დელიკატურად უთხარით ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გაღიზიანება აგრესიაში გადაიზრდება, რაც ყველასთვის უსიამოვნო შედეგს გამოიღებს.


განგაშის ზარები


შესაძლოა თავად ძიძასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გქონდეთ, მაგრამ თქვენი შვილი ამ დროს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდეს. დააკვირდით ბავშვს და უმალვე მოახდინეთ რეგირება, თუ:
. ძიძის თანდასწრებით ბავშვი უფრო გაღიზიანებულია და შფოთავს;
. ამჩნევთ, რომ ბავშვმა შეიძინა თვისებები, რომლებიც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მიუღებელია;
. ბავშვი თქვენდამი აგრესიული გახდა, თქვენთან ყოფნა აღარ სურს.


სამსახურში დაბრუნების შემდეგ


ახლა, როდესაც ბავშვის დამტოვებლის საკითხი ასე თუ ისე მოვაგვარეთ, დროა, სამსახურში დაბრუნების შემდეგ წამოჭრილ სირთულეებსაც მივხედოთ.
ერთ-ერთი სირთულე სამუშაოს მიმართ ინტერესის დაკარგვაა.
ბავშვის დაბადების შემდეგ ქალის ღირებულებები და პრიორიტეტები ხშირად იცვლება. ადრე თუ მთავარი კარიერა იყო, ახლა პირველ ადგილს ბავშვი იკავებს. თუმცა სამსახური თქვენგან ძველებურად ითხოვს მონდომებას და სამუშაოს მიმართ ზერელე დამოკიდებულებას ვერ გაპატიებთ. ასე რომ, სამსახურში დაბრუნებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, ყველა სირთულე გააანალიზეთ და ისე შეუდექით მუშაობას.
ადაპტაციის პრობლემები. ხანგრძლივი დეკრეტული შვებულების დროს დედები სამუშაო რეჟიმს გადაეჩვევიან ხოლმე და არცთუ იშვიათად მასთან ხელახლა შეგუება უჭირთ, ამიტომ შვებულებაში ყოფნისას ეცადეთ, შვილს არ მიეჯაჭვოთ, სამსახურებრივ რეჟიმს ნელ-ნელა ისევ მიეჩვიოთ და მიაჩვიოთ თქვენი პატარაც. გაიღვიძეთ იმ დროს, როცა სამსახურში მიდიოდით, ისაუზმეთ ძველი რეჟიმის მიხედვით და ა.შ. 
საკუთარ ძალებში დაურწმუნებულობა. დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებული მრავალი ქალი აღნიშნავს, რომ საკუთარი თავის რწმენას კარგავს, უჭირს კოლეგებსა და უფროსობასთან ურთიერთობა და ა.შ. ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ, ჯერ კიდევ დეკრეტული შვებულების დასრულებამდე იზრუნეთ პროფესიული ცოდნის გამდიდრებაზე, იკითხეთ პროფესიული ლიტერატურა, ეცადეთ, შინაც გამონახოთ ისეთი საქმე, როგორსაც ადრე სამსახურში აკეთებდით. შესანიშნავი იქნება, თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსაც გაივლით – ეს საკუთარი თავის რწმენასაც შეგმატებთ და თანამშრომლებსა და უფროსებსაც უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის თქვენზე.
დაბოლოს, ყველაფერს ოპტიმისტურად შეხედეთ – დედობა ისეთ ძალას შეგმატებთ, რომ ყველა დაბრკოლებას იოლად გადალახავთ.

გააზიარე: